*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (N 4, (160) 2013) შემცირებული სახით და შეცვლილი სათაურით. წინამდებარე ტექსტი სრულია.
დღეისათვის ბევრი ითქმის ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებსა და სარეიტინგო სააგენტოებზე. მსოფლიო ეკონომიკის გაჭიანურებულმა რეცესიამ რეიტინგების თემა მეტად აქტუალურად აქცია დასავლურ მედიაში. განიხილება ცნობილი სარეიტინგო სააგენტოების მიერ ქვეყნებისა და კომპანიებისათვის მინიჭებული რეიტინგები და პროგნოზირებულია ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაცხადებულ რეიტინგებს. წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება სარეიტინგო სააგენტოებსა და მათ გავლენაზე ეკონომიკაში.ამა წლის 22 მარტის ცნობით, www.news.trades-union.ru/economy/news/151166/ , S & P-მა კვიპროსის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი დააქვეითა CCC+ -დან CCC-მდე „ნეგატიური“ პროგნოზით. 26 მარტის ცნობით, Fitch-მა კვიპროსის მთავარი ბანკების რეიტინგი დააქვეითა „ნაგავამდე“ (BB-), რაც დეფოლტის დონეა. 26 მარტისვე ცნობით, S & P-მა ევროზონის ეკონომიკის გაუარესების პროგნოზი დაადასტურა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში რთული ფინანსური სიტუაციაა. 25 მარტის ცნობით, Moody’s-მა დაადასტურა საფრანგეთის საბანკო სისტემის ნეგატიური პროგნოზი ევროპაში მიმდინარე რეცესიის ფონზე. www.rbc.ru -ს 8 მარტის ცნობით, Fitch-მა იტალიის საკრედიტო რეიტინგი დასწია BBB+ -მდე „ნეგატიური“ პროგნოზით. ესპანეთის რეიტინგი კი არის BBB. იმავე წყაროს 23 თებერვლის ცნობით Moody’s-მა ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგი დასწია Aaa-დან Aa1-მდე. კვიპროსის ბანკების კატასტროფის გამო ბევრი იწერება დასავლურ მედიაში (Time, The Financial Times და სხვ.).
დღემდე სამი ამერიკული სარეიტინგო სააგენტოა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე. ესენია: Standard & Poor’s (S & P) (დაარსებულია 1860 წელს), Fitch Rating და Moody’s. ისინი იწოდებიან „დიდ სამეულად“. მათ უკავიათ მონოპოლიური მდგომარეობა და ყოველთვის ცდილობენ არ დაუშვან სხვა სარეიტინგო სააგენტოები ბაზარზე. სამეულს მონოპოლიზებული აქვს რეიტინგირების ბაზრის 90 %, ზოგი მონაცემით კი - 95%. ეს სააგენტოები ამერიკის უდიდესი ბანკების სისტემის ანალიტიკურ სექტორს წარმოადგენენ. ამ კერძო სააგენტოების იმპაქტ-ფაქტორი ამერიკის და საერთოდ მსოფლიო ეკონომიკაში ძალზე დიდია, რომელიც თანდათან შეირყა 2008 წლის დიდი საფინანსო კრახის შემდეგ. დიდი სარეიტინგო გამოკვლევები, რომლებსაც ეს სააგენტოები წარმართავენ, ღირს ათეულობით მილიონი დოლარი. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი რეიტინგირების ბაზარზე არის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის შედგენა. საკრედიტო რეიტინგი ადასტურებს ემიტენტის საკრედიტო უნარს, რომ მას შეუძლია, მაგალითად, პრივილეგირებული აქციების დივიდენდების, ასევე პროცენტების გადახდა და სხვა. ეს სამეული ემიტენტებისაგან, იქნება ეს კომპანია თუ სახელმწიფო, იღებს დიდ საკომისიო თანხას გაწეული რეიტინგირებისათვის, რაც ქმნის მიკერძოებისა და არაობიექტური ანალიზის წინაპირობას. S & P-ს აქვს თავისი წარმომადგენლობა მოსკოვში. Moody’s- ს აქვს საიტი რუსეთისა და СНГ-ს ქვეყნებისათვის: www.moodys.com . ეს სააგენტოები ამა თუ იმ ტრესტის, კომპანიის, ბანკის, მთლიანად ქვეყნის ბექგრაუნდსა (ქვეყნის საერთო ეკონომიკური ფონი) და ტრეიდ- იმიჯს აფასებენ უფრო მათი მონაწილეობით ფინანსურ, პროფიტირინგულ (სპეკულაციურ) ბიზნესში, ვიდრე რეალურ, კრეაციულ (მწარმოებლურ) ეკონომიკაში. მაგალითად, Fitch-ი ევროპისა და რუსეთის, ასევე ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის ეკონომიკების სარეიტინგო შეფასებისას ნაკლებად იღებს მხედველობაში იმას, რომ ფულს აქ მეტი რეალური ძალა აქვს, რადგან ის მიბმულია წარმოებაზე და არა დერივატივებითა და სინთეტური საფინანსო პროდუქტებით ვაჭრობაზე, არა ჰეჯ-ფონდების საფინანსო სპეკულაციებზე. ეს ნიშნავს, რომ ამერიკული სარეიტინგო სააგენტოების მიერ ევროპისა და რუსეთის ეკონომიკების შეფასებისა და რეიტინგის მინიჭებისას ხდება მიკერძოება. რეიტინგები რელევანტური არაა. ამერიკული სააგენტოები თავისი მეთოდის უნივერსალიზებას ახდენენ. ეს წარმოშობს წინააღმდეგობათა წყებას ეკონომიკაში. ამერიკული საზომით ვერ გაიზომება გერმანიის, რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკა. არ გამოდის გლობალური და ტოტალური world dollarization (მსოფლიოს დოლარიზება). ეს კი ასეა, მაგრამ ამ სამი ამერიკული სააგენტოს მონაცემებს მხედველობაში იღებენ მსოფლიოს უდიდესი ბირჟები და ქვეყანათა მთავრობები. დოლარსა და ამერიკულ ბანკინგზეა მორგებული მსოფლიო ეკონომიკა და ეს სისტემა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე იქმნებოდა ამერიკის დამფუძნებელი მამების მიერ. მსოფლიო ეკონომიკა მოქმედებს ამერიკული გლობალური კაპიტალის წესებით, მონდიალისტური საფინანსო ორგანიზაციების დანაწესთა მიხედვით. კაპიტალის ავგურთა არეოპაგი არის მსოფლიო ეკონომიკის უმაღლესი პრეტორი. ამ არეოპაგის მორიგი ვერდიქტი არყევს მსოფლიოს ბაზრებს, ათამაშებს ფასებს. 7-9 კაციანი კომიტეტის ნათქვამს შეუძლია ერთ დღეში გააკოტროს მრავალი კომპანია ან ქვეყანა. სარეიტინგო სააგენტოებში ვერდიქტის გამოტანა ხდება დახურული წესით 7-9 კაციანი სარეიტინგო კომიტეტის მიერ. რეიტინგებზე დაყრდნობამ, მათი მიხედვით ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვამ ხელი შეუწყო 2007-09 წლების რეცესიას დასავლეთის ეკონომიკაში. ამ სამმა სააგენტომ თავისი წილი დაიდო დიდ საფინანსო კრახში. იმ დროს გადადგა სარეიტინგო სააგენტოების ბევრი ხელმძღვანელი. 2011 წელს კი შეიქმნა ალტერნატიული სარეიტინგო სააგენტო Muros Ratings. უმსხვილეს სარეიტინგო სააგენტოებს, ზემოთ დასახელებული სამი სააგენტოს გარდა, მიეკუთვნება A. M. Best. არის კიდევ კანადური დამოუკიდებელი სარეიტინგო სააგენტო DBRS (Dominion Bond Rating Servise). რუსული სარეიტინგო სააგენტოებია, მაგალითად, Интерфакс და РосБизнесКонсалтинг. დამოუკიდებელი სარეიტინგო სააგენტოა Рус-Рейтинг. არის კიდევ სხვა რუსული სააგენტოებიც. სააგენტოები არის საერთაშორისო და სახელმწიფო. რადგან ამერიკული საინვესტიციო ფონდები საფონდო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშენი არიან, ამიტომ საერთაშორისო სააგენტოები რეგისტრირებულნი არიან აშშ-ში. სულ მსოფლიოში არის ასამდე სარეიტინგო სააგენტო.
2012 წლის 27 ივლისს ინტერნეტში გავრცელებული ცნობით, რეიტინგების მინიჭების არასანდოობის გამო S & P-ის შემოწმება დაიწყო აშშ-ს ფედერალურმა ხელისუფლებამ. სარეიტინგო სააგენტოების აუდიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 2011 წლის 8 დეკემბერსაც. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოების შეფასებებში ეჭვი ეპარებათ. 2011 წლის 22 დეკემბრის ცნობით Fitch-მა გააფრთხილა აშშ რეიტინგის დაწევაზე 2013 წლისათვის. ყოველი ასეთი ცნობა იწვევს რყევებს ბირჟებზე. Fitch-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ საჯაროდ ცხადდება - ამა თუ იმ ქვეყანას აღარ აქვს დრაივი (ენერგია, სტიმული) ეკონომიკაში. ეკონომიკის ანალიტიკოსთა ერთ ათეულამდე ჯგუფის განაცხადზეა დამოკიდებული კაპიტალის მსოფლიო ბაზარზე კრიზისების წარმოშობა და ქვეყნების საბიუჯეტო პროცესები. „დიდმა სამეულმა“ არ გააფრთხილა ისეთი კომპანიები, როგორებიც იყვნენ Enron, Lehman Brothers, AIG და სხვები, რომელთა ბანკროტობას მოჰყვა დიდი რეცესია აშშ-ში. ამაზე დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა ამერიკულ მედიაში.
სარეიტინგო სააგენტოები გარეულნი არიან „დათვურ თავდასხმებში“ (bear raids), როდესაც კონკურენტი კომპანიები ერთმანეთის ტრეიდ-იმიჯს განზრახ ნეგატიურად წარმოაჩენენ. სააგენტოებმა შეიძლება შეითავსონ სააუდიტო სააგენტოს, იგივე ლიკვიდატორი კომპანიების ფუნქცია. აუდიტური ანუ ლიკვიდატორი კომპანიები ბანკებთან ფინანსური შეთანხმების შემდეგ თვითნებურად აცხადებენ ბანკიდან ვალის ამღები კომპანიების ბანკროტობას, ვალის პროცენტით ამოღების მიზნით. ლიკვიდატორი კომპანიები არიან ბანკის აგენტები. ლიკვიდატორული ბიზნესი გავრცელებული მაქინატორობაა. ბანკი კომპანიას ლიკვიდატორს უნიშნავს მისი ქონების მიტაცების მიზნით. 2008-9 წლების კრახის დროს ამერიკაში მრავალი კომპანია გაკოტრდა ასეთი მაქინაციის შედეგად. ამ „დიდმა სამეულმა“ წილი დაიდო უძრავი ქონებისა და იპოთეკის ბაზარზე ბუშტის გაბერვაში. იმ ინსტრუმენტებს, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკური კრედიტებით, მონოპოლისტი სააგენტოების მიერ მინიჭებული ჰქონდათ მაღალი რეიტინგები. „დიდი სამეული“ იბრძოდა ბაზარზე ამ ინსტრუმენტების მოპოვებისათვის, რადგან საკომისიო თანხა მათი რეიტინგირებისათვის ორჯერ მეტი იყო, ვიდრე კორპორაციული ობლიგაციების რეიტინგირებისას. ასეთი გზით იქმნებოდა ბუშტი, რომელიც ბოლოს გასკდა.
10-15 წლის წინათ არ ყოფილა, რომ ბანკები იმუქრებოდნენ დეფოლტით, ნეგატიური საკრედიტო რეიტინგით. ახლა კაპიტალი აღარ ემორჩილება ეკონომიკურ რეგულატორებს და ამიტომ მეცნიერულად სარწმუნო არაა ის მონოგრაფიები, სადაც ლაპარაკია კრიზისებსა და მათი დაძლევის გზებზე, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე. კაპიტალი და ფინანსოკრატია სულ უფრო კრიპტოკრატიული ხდება. ფინანსების ანალიზისათვის შექმნილი ანონსირებული და პრემირებული მოდელები არ გამოდგა. რეცესია დასავლეთის ეკონომიკაში გრძელდება. ბევრი ევროპელი და ამერიკელი ანალიტიკოსი ლაპარაკობს რეგულაციური ნორმების გამკაცრებაზე. ამაზე არაერთხელ თქმულა ევროპარლამენტის სხდომებზე. ამაზე ულაპარაკიათ კანცლერ ანგელა მერკელს და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს.
2004-11 წლების ეკონომიკურ ლიტერატურაში ბევრჯერ თქმულა, რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობაზე. თუ ეს ასეა, როგორღა აქვთ მინიჭებული რუსულ კომპანიებს, ბანკებს, საწარმოებს პოზიტიური და სტაბილური რეიტინგები Fitch-ისა და S & P-ის მიერ? ინდოეთზე ითქმის, რომ ის ჩინეთს 7-10 წლით ჩამორჩება, მაგრამ ძნელია იმის თქმა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით განისაზღვრება ჩამორჩენის ეს ინტერვალი. რუსეთის სუვერენული რეიტინგი Fitch-ის მიხედვით (2012 წლის იანვარი) იყო BBB. საპროგნოზო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ დაქვეითდა „სტაბილურამდე“. ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს დაბალი საკრედიტო რეიტინგი Fitch-ის, S & P-ის და Moody’s-ის მიხედვით. საფრანგეთსა და ინგლისს 2012 წლის დასაწყისისათვის ჰქონდათ Aaa რეიტინგები (უმაღლესი რეიტინგი არის სამი დიდი A). 2012 წლის 14 თებერვალს Moody’s-მა რამდენიმე ევროპული ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგები დააქვეითა. ამ სააგენტომ ნეგატიური პროგნოზი მიანიჭა დიდ ბრიტანეთს. S & P-მა დააქვეითა ესპანეთის 15 მთავარი ბანკის რეიტინგი.
2012 წლის 22 ივნისს, ტელეარხ RT-ს ცნობით, Moody’s-მა მსოფლიოს 15 დიდ ბანკს შეუმცირა რეიტინგი. მათ შორის არიან Bank of America, JP morgan, Citigroup, Goldman Sachs. უფრო ადრე, 2011 წლის 16 დეკემბერს РБК-ს ცნობით, Fitch-მა დააქვეითა ექვსი გლობალური ბანკის რეიტინგები. ყოველდღეა ამერიკული სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები არა მხოლოდ თემატურ ტელეარხებზე (Bloomberg TV, РБК), არამედ AL Jazeera-ზე, НТВ-ზე, RT-ზე და ა.შ.). ადრე ეკონომისტთა ვიწრო წრის გარდა არავინ უწყოდა, რომ არსებობდა Fitch, S & P, Moody’s-ი. დღეისათვის კი ყველა ჰედლაინში ისინი ხსენდება.
თავად ამერიკულ მედიაში ბევრი ითქმის იმაზე, რომ სარეიტინგო ანალიტიკური სააგენტოების მიერ გამოცხადებული რეიტინგები არაობიექტური და კონიუნქტურულია. აშშ-ს ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს შექმნას საკუთარი სახელმწიფო სარეიტინგო სააგენტო. ევროპულ მედიაში დაიწერა რეიტინგების საკუთარი შკალის შექმნის შესაძლებლობაზეც. ამის მიზანია ევროპული ეკონომიკების განჯაჭვა დოლარისაგან, რათა მოხდეს მსოფლიო ბაზრის დედოლარიზაცია. ამა წლის 16 იანვარს РБК-ს მიერ გავრცელდა ცნობა, რომ გერმანიამ წამოაყენა წინადადება ევროპაში შეიქმნას საკუთარი სარეიტინგო სააგენტოები. ეს ითქმის იმიტომ, რომ ერთიანი ევროპის ეკონომიკას ამერიკული სარეიტინგო სააგენტოების ვერდიქტები ვნებს. ევროპელი პოლიტიკოსები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ „დიდი სამეულის“ მიერ ევროპის პრობლემური ქვეყნებისათვის (საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია) მინიჭებული რეიტინგები იწვევს კაპიტალის გადენას ამ ქვეყნებიდან. იანვრისავე ცნობით, ევროპარლამენტმა მოითხოვა S & P-ისა Moody’s-ისაგან მეტი გამჭვირვალობა რეიტინგების გამოცხადების დროს. უფრო ადრე ევროპაში ამ სამ ამერიკულ სარეიტინგო სააგენტოს ბრალი დასდეს პროამერიკანიზმში, როდესაც ისინი ევროპული ქვეყნებისა და კომპანიების რეიტინგებს აცხადებდნენ. წესად იქნა შემოღებული, რომ ევროპული საბირჟო ვაჭრობის დროს რეიტინგები აღარ გამოქვეყნდება. ეს არის მიმდინარე წლის 16 იანვრის ევროპარლამენტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. ევროკავშირის მეანაბრეებს, ვინც დაკარგა თანხები „დიდი სამეულის“ მცდარი რეიტინგირების გამო, შეუძლიათ შეიტანონ სარჩელი კომპენსაციის მოთხოვნით. ამ სააგენტოებს რეიტინგირება შეუძლიათ მხოლოდ სამჯერ წელიწადში, წინასწარ დათქმულ ვადაში, როცა ევროპის ბირჟები დახურული იქნება. ქვეყნების რეიტინგების გამოქვეყნებამდე კი ამ სააგენტოებმა უნდა გააფრთხილონ მოცემული ქვეყნების მთავრობები. Fitch-ის ან Moody’s-ის მოულოდნელი რეიტინგები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს და არყევს ევროკავშირის კრიზისულ ეკონომიკას.
ამა წლის 8 თებერვალს გაზეთ Wall Street Journal-ის საიტიდან გავრცელდა ცნობა, რომ ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „დიდი სამეულის“ საქმიანობის გამო. ეს არის პირველი გამოძიება აშშ-ს ისტორიაში, როდესაც სარეიტინგო ანალიტიკური სააგენტო ეჭვმიტანილია ფინანსურ მაქინაციებში. ეს სამი სააგენტო ეჭვმიტანილია იმაში, რომ მათ 2008 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისის წინ იპოთეკურ ობლიგაციებს განზრახ მიანიჭეს უსაფუძვლოდ მაღალი სარეიტინგო შეფასებები. აქვე ისიც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში S & P-ის წინააღმდეგ. ეს სააგენტო ეჭვმიტანილია იპოთეკური ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგების განზრახ ამაღლებაში, რამაც ხელი შეუწყო 2008 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისს. აშშ-ს ფედერალურ მთავრობას მიაჩნია, რომ S & P-მა 5 მილიარდ დოლარზე ნაკლები ჯარიმა არ უნდა გადაიხადოს.
ამერიკის ეკონომიკის რეცესიის შემყურე ჩინეთმა შექმნა საინვესტიციო კორპორაცია CIC (China Investment Corporation). 2011 წლის დეკემბრის მიწურულს შეიქმნა იაპონია-ჩინეთის სავაჭრო კავშირი, სადაც დოლარი არ იქნება გადახდის საშუალება. დოლარის თანდათანობითი განდევნა აზიიდან იქნება ამერიკის საფინანსო კრიზისის გამაღრმავებელი.
ამა წლის 14 თებერვლის ცნობით, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა G-20 -ის წევრებს შესთავაზა განეხილათ შესაძლებლობა, რომ შეიქმნას მარეგულირებელი სამეთვალყურეო კომიტეტი, რომელიც თვალს ადევნებს სარეიტინგო სააგენტოების საქმიანობას. მინისტრის აზრით, ასეთი ანალიზი ბაზრის მონაწილეებს დაეხმარება უკეთესად გაერკვნენ ქვეყნებისათვის და ასევე ქაღალდებისათვის მინიჭებულ რეიტინგში (www.mk.ru/economics/article/2013/02/14/812999-reitingovye-agentstva-nakazhut-za-oshibki.html ).
აქვე სათქმელია, რომ რუსმა ეკონომისტებმა შეიმუშავეს რეიტინგების დათვლის საკუთარი სისტემა, რომელიც ბევრ რამეში განსხვავდება „დიდი სამეულის“ სარეიტინგო მეთოდოლოგიისაგან.
რუსეთმა და ჩინეთმა შექმნეს თავისი სარეიტინგო სააგენტო Universal Credit Rating Group, რომლის შტაბ-ბინა იქნება ჰონკონგში. ეს სააგენტო აღმოცენდა რუსული RusRating-ის (შექმნილია 2001 წელს) და ჩინური Dagong Global Credit-ის გაერთიანების შედეგად. მათ შეუერთდა ამერიკული სააგენტო Egan-Jones Ratings (შექმნილია 1995 წელს).
საკუთარი სარეიტინგო სააგენტოს შექმნის იდეა საქართველოშიც გაჩნდა. 25 მარტს ეს განიხილებოდა ქართულ TV9-ზე. ალტერნატიული სარეიტინგო სააგენტოების შექმნა შეცვლის რეიტინგების მინიჭების იმ მეთოდიკას, რაც აქამდე სამი უდიდესი ამერიკული სარეიტინგო სააგენტოს მიერ იყო დამკვიდრებული. ეს უკვე გარდაუვალია. ეკონომიკის შეფასების წესი შეიცვლება თავად ეკონომიკის ახალი სისტემის აღმოცენებასთან ერთად. არსებული სისტემა ვერ გამოდის რეცესიიდან და კრიზისის ახალ-ახალ გამოვლინებებს ვხედავთ (ამჟამად კვიპროსის საბანკო სისტემა და მთლიანად მისი ეკონომიკა არის დეფოლტის წინარე კრიზისში). სარეიტინგო მეთოდოლოგიით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს Fitch-ის მიერ მომზადებულ 65-გვერდიან დოკუმენტს: www.fitchratings.ru/media/976B0341-EA75-4E44-A345-1C84B359E935/RatingsDefinitions 2012RUS.pdf
ახლა, ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლებელია, რომ დიდმა და მცირე ქვეყნებმა ერთმანეთის წაბაძვით დაიწყონ საკუთარი სარეიტინგო სააგენტოების შექმნა. ეს რეიტინგების ბაზარზე ქაოსს მოიტანს. საკმაოდ დიდი დროა საჭირო, რომ ალტერნატიულმა სააგენტოებმა მოიპოვონ საიმისო ავტორიტეტი, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა მათ მიმართონ სარეიტინგო ანალიტიკის შესადგენად. ჩემი აზრით, „დიდი სამეული“ კიდევ დიდხანს დარჩება წამყვან მოთამაშედ. ძნელი სათქმელია თუ როგორი იქნება კონიუნქტურა რეიტინგების ბაზარზე მას შემდეგ, რაც ამ ბაზარზე საქმიანობას გაშლიან ალტერნატიული ევროპული, რუსული და ჩინური სარეიტინგო სააგენტოები.
ახლანდელი რეცესიის ვითარებაში რეგულაციური ნორმების გამკაცრება სარეიტინგო სააგენტოების მიმართ მართებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ სამ ამერიკულ სააგენტოს აქვს სარეიტინგო კვლევის ხანგრძლივი გამოცდილება. მათ შეფასებებს ყოველთვის ენდობოდნენ კომპანიებიც და სახელმწიფოებიც.
ამა წლის 26 აპრილს ევროსაბჭოს თავ-რემ, ჰერმან ვან რომპეიმ პრაღაში ევროკავშირის პერსპექტივებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველაზე მწვავე ფაზა ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისისა დასრულდა. რომპეიმ თქვა, რომ ევროკავშირი ეძებს რეცესიიდან გამოსვლისა და უმუშევრობის დაძლევის გზებს ( www.nbj.ru/news/arxiv/2013/04/26xerman-van-rompei-samaja-ostraja-faza-ekonomicheskigo-krizisa-v-es-zavershilas/index.html ). ნურიელ რუბინისა და სხვა ცნობილი ანალიტიკოსების მზარდი სკეპტიციზმის მიუხედავად, მაინც რჩება იმედი, რომ მაღალი რანგის ეკონომისტები გამონახავენ გზებს, რათა გაღრმავებული რეცესია მსოფლიო ეკონომიკაში როგორმე შეჩერდეს.
აპრილი, 2013 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий