понедельник, 9 сентября 2013 г.

საკრედიტო დეფოლტური სვოპების რაობისათვის

          
*გამოვიდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, N 8 (164), 2013.  ეს არის სრული ტექსტი.
დღეისათვის, ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის გზების ძიებისას, როდესაც  ევროპისა და აშშ-ს ეკონომიკებში დაწყებულია შესამჩნევი წინსვლა, სულ უფრო მეტი იწერება ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა დერივატივები და სვოპები. ქართულ გამოცემებში მთლად კარგად ვერაა წარმოჩენილი საკრედიტო დერივატივების რაობა. ფაქტების ზედაპირულ  კონსტატაციას მოსდევს ხოლმე შაბლონური მორალისტური  განსჯა და გმობა. საკითხის არსში შთაწვდომა არ ხდება. თუ დასავლეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას მალე შეძლებს, მაშინ დერივატივების კლასები თანდათან საქართველოს საფინანსო ბაზარზეც შემოვა. ეს ბუნებრივი პროცესი იქნება. სულ რაღაც ათი წლის წინათ საკრედიტო დეფოლტური სვოპები თვით ეკონომისტთა ვიწრო წრეებისათვის იყო ცნობილი. ახლა სვოპებზე წერენ ყველგან. წინამდებარე წერილში სპეციალური ტერმინოლოგიის გარეშე შეუძლებლად მეჩვენება დერივატივებზე მსჯელობა, მაგრამ შევეცდები, რომ მკითხველისათვის მაქსიმალურად საყურადღებო და გასაგები გახდეს ამ ნარკვევის შინაარსი.

საკრედიტო დეფოლტური სვოპი (credit default swap, CDS) არის საკრედიტო დერივატივის ყველაზე გავრცელებული სახეობა, დერივატული კონტრაქტის ტიპი (დერივატივი ნიშნავს წარმოებულს და ეს ტერმინი გამოიყენება მათემატიკასა და ლინგვისტიკაშიც). ოპციონი და ფიუჩერსი ასევე არის ფინანსური დერივატივები. ისინი სვოპებზე ადრე არსებობდნენ. საბჭოთა ეკონომიკურ ანალიტიკაშიც ხშირად არის მოხსენიებული ოპციონები და ფიუჩერსები, რასაც ვერ ვიტყვით სვოპებზე. ისინი გაჩნდა  გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იშლებოდა საბჭოთა კავშირი. 90-იანი წლების შუიდან მათი გამოშვება უკვე ტემპით მიმდინარეობდა აშშ-ში.  ბანკმა  J. P. Morgan Chase-მა სვოპი შექმნა მაშინ, როდესაც ის ცდილობდა ნავთობკომპანია Exxon-ის შესაძლო გაკოტრებისაგან თავი დაეზღვია. Exxon-ი ცდილობდა აეღო 3 მლრდ.  დოლარის კრედიტი ამ ბანკიდან. შეიქმნა ბირჟისგარეშე საკრედიტო დეფოლტური სვოპი. ამ ბანკში მომუშავე მათემატიკოსის იდეა იყო სვოპის ემისია.  სვოპების ბაზრის ინიციატორები   J. P. Morgan Chase -სთან ერთად იყვნენ Morgan Stanley, Lehman Brothers-ი, მოგვიანოდ Enron -ი და სხვა მსხვილი ფინანსური მოთამაშეები. ისინი იყვნენ პირველი დერივატული დილერები. დაიწყო სვოპების ინდუსტრიული გამოშვება. ამ ახალ ბაზარზე  აშშ-ს ფედერალური მთავრობა არ ახდენდა ფიუჩერსებისა და სხვა  ბირჟისგარეშე დერივატივების  რეგულაციური ნორმებით შეზღუდვას. ფედერალურმა მთავრობამ წაახალისა სეკურიტიზაცია-რესეკურიტიზაციის პროცესი (securities  ნიშნავს ფასიან ქაღალდებს. სეკურიტიზაცია კი ნიშნავს ფასიანი ქაღალდების ემისიით ფინანსების მოზიდვას). სვოპებს ბანკების გარდა მოიხმარდა ათობით უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, რადგანაც სვოპი თავად წარმოადგენდა სადაზღვევო პროდუქტს.  სვოპური კონტრაქტების ვალდებულებებით იქმნება მულტილატერალური (მრავალმხრივი) კლირინგი. ერთი და იგივე სვოპი მრავალჯერ იყიდება. ეს აკავშირებს ბაზრის სუბიექტებს ერთმანეთთან.  1985 წელს შეიქმნა არასახელმწიფო ორგანიზაცია - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია  ISDA (International Swaps and Derivatives Association). მასში შედიან მსოფლიოს უდიდესი ბანკები. ასოციაცია თავის საიტზე  www.isda.org  მუდმივად აქვეყნებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაცემებს.
2002-7 წლები იყო საკრედიტო ბუმისა და სეკურიტიზაციის უსწრაფესი ზრდის პერიოდი.  2008 წლის სექტემბრის კრიზისს წინ უძღოდა საბანკო ჰიპერაქტივობა და ლიკვიდობის დაუჯერებელი ზრდა. უამრავი საინვესტიციო ბროკერი გაჩნდა სვოპების ბაზარზე.  2007 წლის ბოლოს სვოპების ბაზრის მოცულობამ შეადგინა  62 ტრილიონ დოლარზე მეტი. 2009 წლის ბოლოს სვოპების ბაზრის მოცულობამ შეადგინა 30 ტრილიონ  დოლარზე მეტი. დეპრესიის გამო მოცულობა  2007 წლის მონაცემებთან შედარებით განახევრდა. ეს ციფრები მოყვანილია ISDA-ს საიტის მიხედვით.
ამერიკელი ნობელიანტი ეკონომისტი (1997 წ.) მაირონ სემუელ შოულზი (Myron S. Scholes) დერივატივებისა  და ფინანსური პირამიდების თეორეტიკოსია თავის ნაშრომებში. ნობელის პრემიის ლაურეატობა მას მიენიჭა  დერივატივების ღირებულების განსაზღვრის ახალი მეთოდისათვის. მეორე ეკონომისტი, ვისაც იმავე წელს ამავე მეთოდის შექმნისათვის მიენიჭა ნობელის პრემია, იყო რობერტ კარჰარტ მერტონი (Robert Carhart Merton). ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია ბლექ-შოულზის ოპციონების ფასწარმოქმნის მოდელი (OPM) (Black-Scholes Option Pricing Model). მკითხველს დააინტერესებს ის ფაქტი, რომ სხვა ნობელიანტი ეკონომისტი (2001 წ.), ნეოკეინსიანელი ჯოზეფ სტიგლიცი (Joseph Stiglitz)  შოულზისა და მერტონის სასამართლო პროცესზე იყო ექსპერტ-კონსულტანტი.  2003 წელს შოულზი და მერტონი გარეულნი იყვნენ  ამერიკული ჰეჯ-ფონდის LTCM-ს გარშემო მიმდინარე მოკვლევაში. ამ ჰეჯ-ფონდს ბრალი ედებოდა გადასახადებისაგან თავის არიდებაში.  უნდა ითქვას, რომ სადაც სვოპებით ვაჭრობა მიმდინარეობს, იქ ყოველთვის არიან ჰეჯ-ფონდები.
ახლა ასე დავაყენოთ საკითხი: შეუძლებელია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატობა ეკონომისტს მიენიჭოს ფინანსური სპეკულაციის თეორიის შექმნისათვის. აი აქ უნდა გაირკვეს დერივატივებისა და სახელდობრ სვოპების რაობა. მანამდე კი სათქმელია, რომ მიუხედავად სვოპების მეტად ნეგატიური როლისა          2008-9 წლების დეპრესიაში, ბარაქ ობამამ ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად მიღებული ზომების შემდეგ სვოპების ბაზარი შეინარჩუნა.  ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დერივატივების ბაზრის დიდ მნიშვნელობას მსოფლიო ფინანსებისათვის. მომავალშიც იქნება საბანკო პროდუქტი - კრედიტი + სვოპი. სვოპების ბაზრის რეგულირებისათვის აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ  2010 წლის 21 ივლისს მიიღო დოდ-ფრენკის კანონი (ავტორები - სენატორი კრის დოდი და კონგრესმენი ბარნი ფრანკი). მას ეწოდება უოლ-სტრიტის რეფორმირებისა და მომხმარებელთა დაცვის კანონი (The Wall Street Reform and Consumer Protection Act). ამ კანონმა დააწესა შეზღუდვები დერივატივების ბაზრის ოპერატორებისა და  ჰეჯ-ფონდებისათვის, რადგან ჰეჯინგი ანუ ჰეჯირება (hedge) ნიშნავს ფინანსური რისკის  მენეჯმენტს საკრედიტო დერივატივების მეშვეობით. დოდ-ფრენკის კანონით განხორციელდება ტრეიდერი რობოტების ფედერალური მონიტორინგი.  ეს კანონი მიზნად ისახავს გამოავლინოს ფინანსური სპეკულანტები და საინვესტიციო პირამიდების  ამგებნი. გასაკვირი არაა, რომ  დოდ-ფრენკის კანონის მიღებას მოჰყვა დებატები და მწვავე კრიტიკა თავად ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში. იყო საუბარი ეკონომიკის დეოფშორიზაციაზეც.  მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც არიან ამერიკელი ეკონომისტი ფრედერიკ უილიამ ენგდალი (Engdahl), ფრანგი ისტორიკოსი ემანუელ ტოდი (Todd), ჯოზეფ სტიგლიცი, ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) თავმჯდომარე ბენ შალომ ბერნანკე და მისი წინამორბედი ამ პოსტზე ალან გრინსპენი, საუბრობენ დერივატივების ნეგატიურ როლზე 2008-9 წლების დეპრესიაში, სვოპების ბაზარი მხოლოდ რეგულაციებით  შეიზღუდა და არა აღმოიფხვრა.
ევროპაშიც არიან სვოპების ბაზრის ოპერატორები. მათზე მთელ ევროკავშირში დაწესდა მკაცრი მონიტორინგი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ობლიგაციებზე გამოშვებული სვოპების გამო მოხდა დეფოლტები 2011 წელს. ამავე წლის ნოემბერში ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ გაამკაცრეს სვოპებით ვაჭრობის წესები.  2010 წლის მარტში გავრცელებული ცნობით, ევროპის ცენტრალური ბანკის მაშინდელმა თავმჯდომარემ ჟან-კლოდ ტრიშემ (2003-11) გამოთქვა შეშფოთება სვოპებთან დაკავშირებული სპეკულაციური გარიგებების გამო. ტრიშეს შემცვლელმა ამ პოსტზე მარიო დრაგიმ იტალიის ფინანსთა მინისტრად ყოფნისას (1991-2001) 1990-იან წლებში დიდ ბანკებთან (Goldman Sachs და სხვ.) გააფორმა დერივატული კონტრაქტები (სვოპური და სვოპციონური გარიგებები), რითაც იტალიის მთავრობამ შეალამაზა სტატისტიკა, დაფარა იტალიის ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი და გაიიოლა ევროკავშირში  შესვლა. ამა წლის აპრილში გავრცელებული ცნობით პორტუგალიას უნდა შეეტანა სარჩელი დიდი ბანკების წინააღმდეგ (Deutsche Bank, Goldman Sachs და სხვ.), იმის გამო, რომ მათ არალიკვიდური აქტივები მიჰყიდეს პორტუგალიის სახელმწიფო კომპანიებს, რისგანაც პორტუგალიამ იზარალა 800 მლნ-მდე ევრო. სვოპები დასავლეთ ევროპაში 90-იანი წლებიდანვე გავრცელდა. ბანკი Goldman Sachs მრავალი წლის განმავლობაში იყო უდიდესი ანდერრაიტერი (underwriter – ფასიანი ქაღალდების  ემისიის ზედამხედველი იურიდიული პირი) ევროპაში.  2012 წლის ბოლოდან რუსეთშიც  დაიწყო სვოპების გამოშვება და  3-4 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ რუსული დერივატივების ბაზრის ანალიზი დაიწყოს. 2011 წლის მიწურულს ინდოეთშიც დაიწყო სვოპებით ვაჭრობა. სადაც ძლიერი ეკონომიკაა და ბაზარზე არიან დიდი კომპანიები მრავალმილიონიანი ბრუნვით, იქ არის დერივატივებით ვაჭრობა განვითარებული. ამა წლის 28 ივნისის ცნობით, სარეიტინგო სააგენტო Fich-მა დასწია კვიპროსის რეიტინგი „შეზღუდულ დეფოლტამდე“ (RD). ასეთი რეიტინგის მინიჭება დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების (სუვერენული სახელმწიფო ობლიგაციების) გაცვლასთან. ეს ფაქტები დაგვანახებს, თუ რამდენად დამოკიდებულია მსოფლიო ეკონომიკა დერივატივების ბაზრის მდგომარეობაზე, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ბოლო 10-15 წელიწადში სვოპები და მთლიანად მეორეული საფინანსო ინსტრუმენტები.
საკრედიტო დეფოლტური სვოპების 95 %-ზე მეტი გაყიდვაში გამოაქვს ხუთ მსოფლიო მასშტაბის ბანკს, რომელნიც არიან ძირითადი მარკეტმეიკერები სვოპების გლობალურ ბაზარზე.  ესენია:  J P Morgan Chase, HSBC, Goldman Sachs, Citibank, Bank of America.
სვოპი ჩაფიქრებულ იქნა კრედიტორის  რისკის დაზღვევის საშუალებად, ფინანსური რისკის პრედიქტოლოგიისათვის (წინასწარგანჭვრეტისათვის). აქვე სათქმელია, რომ სვოპი კაპიტალის ვირტუალიზების  ინსტრუმენტიცაა. ის მჭიდროდ დაკავშირებულია ტრეიდერ  რობოტებსა და  ელექტრონულ ბირჟებთან,  ვებ-ბანკებსა და ონლაინ ვაჭრობასთან. დერივატივები, სინთეტიკური ფასიანი ქაღალდები (synthetic securities) იდეალურად მოერგებულია ტრეიდერი რობოტების ბირჟას. ამრიგად,  სვოპი არის დაზღვევა ფასიანი ქაღალდების დეფოლტისაგან. სადაზღვევო პოლისისაგან განსხვავებით სვოპს აქვს დიდი სპეკულაციური პოტენცია. ერთი და იგივე სვოპი შეიძლება მრავალჯერ გაიყიდოს და ის იქცევა ფინანსური სპეკულაციის საშუალებად. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სვოპის სპეკულაციური შემადგენელი იწყებს უპირატესობის მოპოვებას. იქმნება ბუშტები და საინვესტიციო პირამიდები. უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი  პირამიდის შემქმნელი იყო ცნობილი ფინანსისტი უოლ-სტრიტიდან  ბერნი მეიდოფი.  სვოპური დაზღვევა მეტად ახლოს დგას სვოპურ სპეკულაციასთან. ინვესტორსა და საბირჟო სპეკულანტს შორის კი ძალზე მცირე მანძილია. როდესაც სვოპები ჯერ კიდევ სიახლე იყო საფინანსო ბაზარზე,  ცნობილმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა თავისი ფონდის Berkshire Hathaway-ს ინვესტორთა შეკრებაზე  2002  წელს თქვა, რომ ფინანსური დერივატივები იქცა მასობრივი განადგურების ფინანსურ  იარაღად და მათგან მომავალი საფრთხე ახლა ლატენტურ ფაზაშია, მაგრამ პოტენციურად ლეტალურია.  ბაფეტის გარდა ჯორჯ სოროსმაც აღნიშნა, რომ სვოპები საფინანსო ბაზრებს დიდ საფრთხეს უქმნის.
ბაფეტის ნათქვამს მაშინ ყურადღება არ მიექცა და სვოპების ბაზარი უსწრაფესად განვითარდა. მრავალი ათეული დიდი კომპანია იქცა სვოპების ემიტენტად.  ფინანსური დერივატივების კლასიდან სწორედ სვოპები იქცა უმთავრეს ფასიან ქაღალდებად.  2004 წლიდან გაჩნდა ჰიბრიდული ფინანსური ინსტრუმენტი წოდებული ეგზოტიკურ სვოპებად (EDS - equity default swaps).  არსებობს კიდევ ისეთი ფინანსური დერივატივი, როგორიცაა სვოპციონი. ინვესტორთა დასაცავად შემუშავდა აგრეთვე ახალი დერივატივი - საკრედიტო დეფოლტური ინდექსები (credit-default swap indexes).  სვოპებისადმი რწმენა 2002-7 წლებში  გახდა უსაზღვრო, რადგან მათ გაყიდვას მოჰქონდა დიდი მოგება. ამ ბაზარმა სუბსტანდარტული ფინანსების  მრავალმილიარდიანი კაპიტალი შექმნა. სვოპების ბაზარმა გაზრდისას დიდად გაართულა სვოპების რაოდენობისა და ეკონომიკის სეგმენტებზე მათი გავლენის გარკვევის შესაძლებლობა. სვოპების ბუმმა და სეკურიტიზაციამ  ხელი შეუწყო იმას, რომ ბაზარზე შემოვიდა მანამდე გაუყიდავი, ტოქსიკური აქტივები (ძველი იპოთეკური ვალები და ა. შ.). საინვესტიციო ბანკებმა ბრუნვაში შემოიტანეს არალიკვიდური აქტივები. ამან მოახდინა ბუშტების გაბერვის პროვოცირება საფინანსო ბაზარზე, რაც კარგად ცნობილი მოვლენაა.
სვოპი არის მათემატიკური ლოგიკის პროდუქტი საფინანსო ბაზარზე. სიტყვა swap ანუ swop ნიშნავს გაცვლას. ეს ტერმინი ადრეც გამოიყენებოდა საბანკო ოპერაციების სახეობის აღსანიშნავად. სვოპური სავალუტო ოპერაცია ნიშნავს, რომ ვალუტა იყიდება შემდგომ ამავე ოდენობითა და იმავე კურსით მისი გამოსყიდვის პირობით გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც გარიგებაშია დათქმული.  სხვა შინაარსი ადრე სვოპს არ ჰქონია. თანამედროვე დეფოლტური სვოპი (CDS) კი არის დერივატული ფასიანი ქაღალდი, თავისებური დაზღვევა და კრედიტის უზრუნველყოფა (security for credit). სვოპი დღეს არის ჰეჯირების სახეობა, დეფოლტის რისკისაგან თავდაცვის ფინანსური მეთოდი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სვოპი არის სესხის გაცემის გაცხოველების მეთოდი. სვოპი შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც კრედიტორი რეგულარულად გამოისყიდის ვალის ამღები მესამე მხარის საკრედიტო ვალდებულებას, თუ იგი დათქმულ ვადაში არ გაისტუმრებს ამ ვალდებულებას. საკრედიტო დეფოლტური სვოპის რაობა კიდევ ასე შეიძლება განიმარტოს:  სვოპური კონტრაქტით სვოპის გამყიდველი ვალდებულია სვოპის მყიდველს გადაუხადოს თანხა მესამე კონტრაგენტის გაკოტრების შემთხვევაში. მყიდველი კი სამაგიეროდ ვალდებულია ბონუსები უხადოს სვოპის გამყიდველს. უთუოდ სათქმელია, რომ სვოპის მყიდველი ამ ფასიანი ქაღალდის ყიდვით დეფოლტის რისკისაგან მთლად ვერ იზღვევს თავს. მყიდველსა და გამყიდველს შორის რისკების გაცვლა ხდება, რაც არის ფინანსური შიფტინგი (გადაადგილება), როდესაც  პასუხისმგებლობა კონტრაგენტებს (მზღვეველი-დაზღვეული)  შორის ერთი მხრიდან მეორეზე გადადის. ამავე დროს, როგორც ზემოთ ვთქვი, ეს არის ურთიერთდაზღვევა (mutual insurance), ურთიერთხელსაყრელი მოგება. ვალის ამღების დეფოლტის რისკს ცვლის სვოპის გამყიდველის რისკი. თუ სვოპებით ვაჭრობს მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ლიკვიდური ბანკი-ემიტენტი, მაშინ  რისკი პაკეტისათვის long-term credit + CDS (გრძელვადიანი კრედიტი + სვოპი) ბაზრის მცირე ვოლატილობის (ცვალებადობის) ვითარებაში სვოპის მყიდველისათვის მიიჩნევა უმცირეს რისკად. მყიდველი ენდობა ემიტენტის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს (issue of securities) და არ ახდენს კონტრაგენტის რისკის პროგნოზირებას. აი ამან განაპირობა, რომ სვოპების ემისიამ უნაკლოდ იმუშავა. ამას ხედავდნენ ფინანსისტები, სვოპების დილერები და საფონდო ბირჟის ბროკერები. სვოპირებული კრედიტები მასობრივი გახდა. სვოპების ბაზარი იყო პროფიტაბილურიც (მოგების მომტანი) და პროფიტირინგულიც (სპეკულაციური). 158 წლის ისტორიის მქონე  ცნობილი საინვესტიციო ბანკის  Lehman Brothers-ს ბანკროტობის მომენტამდე გამოშვებული ჰქონდა 7 ტრილიონი დოლარის სვოპები. ამ ბანკის დეფოლტის შემდეგ აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ სადაზღვევო კომპანია AIG (American International Group), რომელმაც გამოუშვა 400 მილიარდი დოლარის სვოპები, სასწრაფოდ გადაარჩინა ბანკროტობას.  კომპანიას ჩამოეწერა ვალები. 2008-9 წლების დეპრესია კი მაინც ვერ იქნა თავიდან აცილებული. Lehman Brothers-ი  იყენებდა  რეპოს (repurchase agreement, repo - ფასიანი ქაღალდის გაყიდვა სავალდებულო გამოსყიდვის პირობით წინასწარ შეთანხმებული ფასით. რეპო მრავალგვარია) და საკრედიტო დავალიანებას ამცირებდა, რაც  Lehman-ს მაღალ რეიტინგს უნარჩუნებდა.
სეკურიტიზაციის აჟიოტაჟი შესაძლებელი გახდა საბაზო აქტივებთან კავშირის გაწყვეტის გზით. დერივატივების ლიკვიდობასა და რეალური კაპიტალის ლიკვიდობას შორის აღარ იყო მიმართება. მწარმოებლური ეკონომიკა ბევრად ჩამორჩა საფინანსო ეკონომიკას. ეს იქცა მუდმივ ჩამორჩენად (lag). სვოპური გარიგებების რაოდენობა არ შეესაბამებოდა საწარმოო ძალთა რეალურ შესაძლებლობებს. ამას ემატებოდა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ძალზე დიდი სიმრავლე  (დისპერსია).  ეს  რეცესიის წარმომშობი საბაზრო დისფუნქცია იყო. საინვესტიციო და საფინანსო ინსტრუმენტარიუმმა დიდად გაუსწრო რეალურ, მწარმოებლურ ეკონომიკას და გაჩნდა თავისუფალი კაპიტალის უზარმაზარი მასა. ამან მოახდინა ფინანსური პირამიდების პროვოცირება აშშ-სა და ევროპაში. აი ამ ჩამორჩენას ცნობილმა ამერიკელმა  ინვესტორმა  და საფინანსო ანალიტიკოსმა გარი შილინგმა უწოდა დიდი წყვეტა და ის მორიგი კრიზისის მიზეზად დასახა. შილინგი გავლენიანი ავტორია და ის გამოდის გაზეთ New York Times-ში, ჟურნალ Forbes-ში. დერივატივების ბაზარს მჭიდროდ დაუკავშირდა იპოთეკური ბიზნესი, ხელოვნურად გაცხოველებული სამშენებლო ინდუსტრია და ფასები უძრავ ქონებაზე გაუმართლებლად გაიზარდა. როდესაც ბენ ბერნანკე ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტში  საუბრობდა დეპრესიის მიზეზებზე, მან ამ გარემოებებზე მიუთითა. ბანკები მოქალაქეებს აქეზებდნენ აეღოთ ვალები, სამომხმარებლო კრედიტები  და კრედიტების აღების პროცესი (borrowing) ინტენსიური გახდა. კრიზისის დროს კი გაკოტრდა მილიონობით იპოთეკარის მოვალე.
მკითხველისათვის საყურადღებო იქნება სვოპებთან დაკავშირებული ფინანსური მუტუალიზმის (ურთიერთვალდებულების) არსში ჩახედვა. თუ ბანკმა ან სადაზღვევო კომპანიამ გაყიდა სვოპები, ამავე დროს სხვა ბანკისაგან ან სადაზღვევო კომპანიისგან იყიდა სვოპები. ასერიგად ხდება სვოპის გამყიდველის რისკისა და მოვალის დეფოლტის რისკის დაკავშირება. სვოპის მყიდველისათვის სვოპი დაზღვევა მაშინ არის, როცა ვალის გამო სვოპის მყიდველს აქვს საკრედიტო გრძელვადიანი პოზიცია. სვოპი აქ მიზნად ისახავს ჰეჯირებას - ვალის შესაძლო დეფოლტის გამო ზარალისაგან დაზღვევას. ეს ნიშნავს შემდეგს:  დაზღვევის სახით ნაყიდი სვოპი გულისხმობს, რომ სვოპის მყიდველი შესაძლო დეფოლტის დადგომისას დაფარავს მესამე პირის ვალს (repayment of a loan). თუ სვოპის მყიდველს მოკლევადიანი პოზიცია აქვს, მაშინ სვოპი ნაყიდი ყოფილა სპეკულაციის მიზნით. სპეკულაცია აქ ნიშნავს იმას, რომ სვოპის მყიდველი ვალის დეფოლტს ვარაუდობს და მოელის მოგებას ამ დეფოლტისაგან. აი ეს მომენტი მოიპოვებდა უპირატესობას დერივატივების ბაზარზე და შეიქმნა უამრავი პირამიდა.
რისკების ჰეჯირების ერთ-ერთი მეთოდი არის ვალების სეკურიტიზაცია, როცა ჯერ კიდევ გადაუხდელი ვალების თავდებით იბეჭდება და ბაზარზე გამოიტყორცნება ახალი დერივატივები (ეს შეიძლება იყოს სვოპის სვოპი და ა.შ., რაც არის მესამეული, მეოთხეული დერივატული პროდუქტები). ამ დერივატივების რეალიზება ხდება ახალ ინვესტორთა შორის. ეს ისეთი ვაჭრობაა, როცა ყველაფერი იყიდება ნომინალურ ღირებულებაზე ათჯერ და ასჯერ მეტი საბაზრო ფასდებით. ამ მრავალგზის გაყიდვადი ფასიანი ქაღალდების არსში გარკვევა, ასევე ფინანსურ კლირინგში გარკვევა ყოველთვის იოლი არაა. სვოპების ანალიტიკაში ასეა მიჩნეული: თუ სვოპის სპრედი (ინგლ. spread – განსხვავება ფასიანი ქაღალდის ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის) მაღალია, ეს დეფოლტის შესაძლებლობას ზრდის.
კიდევ სხვაგვარად შეიძლება სვოპის, როგორც საკრედიტო რისკის მენეჯმენტის სახეობის განმარტება. სვოპის მყიდველი რეგულარულად იხდის სვოპური კონტრაქტით დათქმულ თანხას, თუ სესხის ამღები (borrower), იქნება ეს კომპანია თუ სახელმწიფო ორგანიზაცია, გადახდისუუნაროა და განსაზღვრულ ვადას აცილებს გადახდას (failure to pay on time) და აცხადებს დეფოლტს (default of credit), მაშინ სვოპის გამყიდველი იხდის ძირითად კაპიტალსა და ვალის საბაზრო ღირებულებას შორის არსებულ სხვაობას (difference in prices).  კიდევ სხვაგვარად სვოპის რაობა ასე შეიძლება განიმარტოს: ეს არის გარიგება, რომლის მიხედვითაც ამ სვოპის გამომშვები იღებს ვალდებულებას დაფაროს სვოპის მყიდველის მიერ მესამე მხარისათვის გაცემული კრედიტი, იმ შემთხვევაში, თუ დებიტორი (დავალიანების მქონე პირი) ამ კრედიტს ვერ დაფარავს. თუ როგორ ხდება საკრედიტო მოვლენის განსაზღვრა (რესტრუქტურიზაცია, ბანკროტობა, გადახდის დაჩქარება და ა.შ.), მოცემულია სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციის (ISDA) საიტზე  www2.isda.org.
2009 წელს, როდესაც აშშ-ს ფედერალური მთავრობა ყველა სანაციურ (ბანკროტობის თავიდან ასაცილებელ) ზომას მიმართავდა ამერიკული კომპანიების გადასარჩენად, უნდა გატარებულიყო საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმა, რაც არ მოხდა. ბევრ ანალიტიკოსს ეს მეორე რეცესიის დაწყების წინაპირობად მიაჩნია. ამ რეფორმაზე იქნება საუბარი  G 20-ის  სექტემბრისთვის დაგეგმილ სამიტზე.
ამ ნარკვევის ბოლოს რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ფედრეზერვის (FRS) თავმჯდომარის, ბენ ბერნანკეს წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკაზე. ეს კრიტიკა ეხება არა მხოლოდ საფინანსო-საკრედიტო  ბაზარს, არამედ მთლიანად დასავლეთის ეკონომიკას. სულ ახლახანს, ამა წლის 26 მაისის ცნობით, ნობელიანტმა ეკონომისტმა პოლ კრუგმანმა ბერნანკე გააკრიტიკა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო (www.vestifinance.ru/articles/29246 ).  საკითხი ეხება  ფედრეზერვის მიერ აქტივების  (სახელმწიფო ობლიგაციები, იპოთეკური ქაღალდები) შესყიდვის მოცულობის შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთის შეცვლას, რისი მიზანიც არის რეცესიიდან გამოსვლის დაჩქარება. კრუგმანისა და ბერნანკეს პოლემიკა საფინანსო ბაზარს ეხება. ამ მეტად არსებით  საკითხს ასევე კრიტიკულად გამოეხმაურნენ ცნობილი ეკონომისტები ქენეთ როგოფი, ნურიელ რუბინი, მარიო დრაგი  და სხვები.  ბერნანკეს განცხადებები გავლენას ახდენს აშშ-ის, ევროპის, იაპონიის, რუსეთის საფინანსო ბაზრებზე.  საკითხი ეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში არასტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებას კრიზისის ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად. კარგი იქნება, თუ ქართულ სპეციალიზებულ გამოცემებში დაწესდება რუბრიკა, სადაც რეგულარულად  მიმოხილული იქნება ცნობილი უცხოელი ეკონომისტების გამოსვლები საფინანსო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გამო.
ივნისი, 2013 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий