წერილი პირველი
უამრავი მასალა დაგროვდა უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკასა და ელექტრონულ ქსელში ბოლონიის პროცესზე, საზოგადოდ განათლებაზე. მასალების უმეტესობა დიდად მოიკოჭლებს და მას აქვს დეკლარაციულ-კამპანიური და კონფორმისტულად ოპტიმისტური ხასიათი. ბოლონიის პროცესზე მსჯელობა დაემსგავსა XX საუკუნის 70-80-იანი წლების რიგ დასავლელ ფუტუროლოგთა წარმტაც განსჯას ინფორმაციულ ეპოქასა და ახალ ცნობიერებაზე.
თუ დასავლეთის მოაზროვნენი დიდი ხანია საუბრობენ ადამიანის კრიზისზე, რატომ არის, რომ ბოლონიის პროცესის ინიციატორები ისეთ ტექსტებს ადგენენ, რომ ამ კრიზისზე არას იტყვიან? ადამიანის კრიზისი დაიძლია ბოლონიის პროცესამდე, თუ მას ეს პროცესი დაძლევს?შევეცადოთ ქართულ ენაზე, სხვებზე მიხედვისა და უცხოელ მეცნიერთა დამაინტრიგებელი ციტირების გარეშე, გავარკვიოთ რა არის აღზრდა და განათლება. შევეცადოთ გავარკვიოთ, რად შეჰკედლებია საგანმანათლებლო სარბიელს უამრავი პოლიტიკური მედღეური, ტუტუცი უვიცი, რომელნიც თხზავენ ლიბერალური განათლების ისეთ პროექტებს, როგორიც, მათივე თქმით, აქამდე არსად ყოფილა.
დავიწყოთ მეტად არსებითი შეკითხვით: როგორ შეძლეს ბერძნებმა შეექმნათ ისეთი აღზრდის თეორია, პაიდეია, რომ იგი დღესაც კი უკლებელ ღირებულებას ინარჩუნებს? მხოლოდ ელინურ პედაგოკიკაზე დაყრდნობით შეძლო XIX-XX საუკუნეების სააღმზრდელო აზრმა შეექმნა წარუვალი პრინციპები. ელინური პაიდეია გამოკვეთილად არისტოკრატულია. ეს არის სულისა და შემეცნების არისტოკრატიზმი. რევოლუციურ ეპოქაში, ფრანგ განმანათლებელთა იდეების დამკვიდრებისას ელინური პაიდეია თითქოს უკუგდებული უნდა ყოფილიყო, რადგან რევოლუციურმა ეპოქამ ასპარეზზე გამოიყვანა აჯანყებული პლებეების მასა. უამრავი რამ ითქვა კაცთა თანასწორობასა და ბუნებით სამართალზე, რათა ეგალიტარიზმს ეზეიმა, მაგრამ პლატონისეული არისტოკრატული პაიდეია დღემდე იდეალად დარჩა. ახალი დროის პედაგოგიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიჩნეულმა რუსომ მაინც პლატონის ნაწიგნზე მიუთითა. პლატონური არისტოკრატიზმის დამცველმა ნიცშემ თავისი შემეცნებითი იდეალი ელინობას დაუკავშირა. ამ გერმანელ ელინთან ზარათუშტრა ასე იტყვის:
«ყოველ კაცს რომ აქვს ნება ანბანის სწავლისა, ეს წაახდენს დიდი ხნით არა მხოლოდ ნაწერს, არამედ აზრსაც.
ოდესღაც გონი ღმერთი იყო, შემდეგ იგი კაცად გახდა, ახლა იგი ბრბოდ იქმნება» (Vom Lesen und Schreiben).
ათასწლეულებში გამოტარებული პლატონი არის ჭეშმარიტი კოიროტროფოსი, ახალი თაობის სახელოვანი აღმზრდელი. პლატონთან გადაეჭდო ერთურთს პაიდეია და მითოსი ისე, რომ მათი ცალკეული გააზრება შეუძლებელია. პლატონის მოწინარე პითაგორა და მისი მიმდევრებიც სულის არისტოკრატები იყვნენ.
რამდენი რამ არის გასარკვევი თანამედროვე პედაგოგიკაში, რომელიც მიმართულია გამოყენებითობაზე, მასწავლებელთათვის რეკომენდაციების გაცემაზე და რა სუსტია იგი აღმზრდელობით თეორიაში. მანქანათა ხმაურმა და ადამიანთა დიდი მასების ავანსცენაზე გამოსვლამ დავიწყების მტვერი მიაყარა მითოსს. ისე ჩანს, რომ მითოსი თითქოს აღარსადაა პედაგოგიკაში და ეს დიდად ხელსაყრელია იმ განათლების სისტემისათვის, რომლის ერთადერთი მიზანი არის მოწაფეთათვის ინფორმაციულ-რეცეპტული ცოდნის გაღება. მითოსი მაინც ავლენს თავს ეგალიტარულ პედაგოგიკაში და მსჭვალავს აღმზრდელობით ფილოსოფიას. პედაგოგიკა ფილოსოფიაა, ფილოსოფოსობა კი სამოძღვრო მოღვაწებაა. ის საწყისები და მიზნები, რაიც ბერძნულ-რომაულ პედაგოგიკას ჰქონდა დასახული და რასაც ეწოდებოდა παιδεύειν ἀνϑρώπους, კაცთა აღზრდა, ახლაც დიდი აზრის მქონეა. შორს გავიდა მეცნიერება და მისით იიოლებს საქმეს ლიბერალთა განათლების სისტემა, რომელმაც ამაზრზენად გააუბრალოვა ყველაფერი. ის, რასაც ეწოდება ჰომერული აღზრდა, ὁμηρικὴ παιδεία, და რაც პლატონური პაიდეიის ფუძეა, კვლავ საგონებლო და შესამეცნებელია. ამა დროის მასწავლებელისათვის აქილევსის აღზრდა ისევე საჭირბოროტოა, როგორც იმ მითურ ჟამს, ოდეს ღმერთები მოკვდავთა ქორწილში არმაღანით მოდიოდნენ, ნადიმზე კაცთა შორის ინახობდნენ, ქალღმერთები ხორცსხმულთ მოჰყვებოდნენ ცოლად და ჰეროსებს შობდნენ, ბრძენი კენტავრი ქირონი აქილევსს, იასონს, ნესტორს და სხვა მოყმეებს წვრთნიდა.
ახლანდელი მოძღვარი უნდა მზაობდეს, რომ ყრმა აქილევსის მიმართ გამოავლინოს სამოძღვრო დექსამენია და კეთილად დახვდეს აღსაზრდელს. რა არ მოხდა რევოლუციური ეპოპეის დასაწყისიდან, რამდენი დიდი პოლიტიკური პროექტი შეიქმნა და მისი გულისათვის ზღვა სისხლი დაიღვარა. რამდენი სიცრუე ითქმის ლიბერალიზმის გამართლებისათვის, პედაგოგიკის კაპიტალისტიფიკაციისათვის. ჭეშმარიტი პაიდეია კი ისევ იმ განზრახულობის მქონეა. და მაინც აქილევსი!
პედაგოკიკაში თეორიული განსჯის ვერშემძლენი საკუთარ უღონობასა და გზადაკარგულობას ნიღბავენ უამრავი ახლანდელი ავტორის ციტირებითა და ამით ქმნიან ცოდნიერობის მოჩვენებითობას. როგორ ძალუმობს სიცრუის ქალღმერთი ატე, რარიგ გზას უბნევს და ხიბლავს იგი მოწაფეთ და მათ მასწავლებელთ.
მითური გმირებიდან შემორჩა და გათესლდა ავყია თერსიტე, რომელიც ახლა ლიბერალთა ბანაკს ასდევნებია. თერსიტეს უმსგავსობისათვის ვეღარ მოკლავს აქილევსი. თერსიტე ადამიანის უფლებებს ამოჰფარებია და სახელისუფლო იურისტთა ნაკანონარი თავისი ხელშეუხებლობის საწინდრად უქცევია. იყავი თერსიტე, ოღონდ იყავი ლიბერალი. აი, ეს არის ამ დროის ზნე. ამის იქით ვერ წავიდა ლიბერალური ეთოსი და ვერც წავა. ევროპელი უტოპისტების დროიდან მომდინარე იდეა, რომ ყველასათვის საკმაო მატერიალური სიუხვის შექმნა ზნეობრივი სრულყოფის შესაძლებლობას ყველას მიანიჭებს, არ გამოდგა სწორი. ადამიანი კიდევ უფრო მდაბალი გამოდგა, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. საყოველთაო სიუხვე შექმნილია, მაგრამ სრულყოფაზე სათქმელი არა არის რა. თავად დასავლელი ადამიანია ბრალეული იმაში, რომ მართლაც არნახული სიუხვე მან ზნეობრივი სრულყოფისა და ჰარმონიული განვითარების ბაზისად არ აქცია.
დღეისათვის საზოგადო მითითებად იქცა საუბარი, რომ ადამიანი აღარაა შინაგანი კულტურის მქონე, ის გამარტივდა და გაღარიბდა სულიერად. აქ ერთი რამ არის საკითხავი: როცა ეს ითქმის, იგულისხმება, რომ წინამორბედ ტოტალიტარულ სისტემაში ადამიანი სულიერად გაცილებით მდიდარი იყო. თავისთავად წინამორბედი და ახლანდელი ადამიანების შედარება ხდება და უპირატესობის მქონე გამოდის იმ სისტემის ადამიანი, რომელიც დაიგმო ლიბერალიზმის მიერ. ეს როგორ? თუ ლიბერალიზმი მიჩნეულია ადამიანის თავისუფლებისა და სულობის ჭეშმარიტ გამოხატულებად, მაშინ აღარ უნდა ითქმოდეს, რომ სწორედ ახლა გახდა ადამიანი ასეთი პრიმიტიული. პირიქით უნდა იყოს, რომ ლიბერალურმა პაიდეიამ შექმნას სრულყოფილ კაცთა წყება. როგორ და რის მეოხებით ახერხებდა უწინარესი მონოიდეური და ათეისტური სისტემა ისე აღეზარდა მოქალაქე, რომ იგი გაცილებით მეტი შინაგანი კულტურის მქონე იყო, ვიდრე ახლანდელი ლიბერალი ინდივიდია? რად არ მსჯელობენ ამაზე ფილოსოფოსნი და მხოლოდ იმაზე მითითებას კმარისობენ, რომ ახლანდელი ადამიანი მეტად პრიმიტიული და სულობას მოკლებულია? მაშ რისთვის არის ლიბერალიზმის ამდენი დანაქადნი და დაპირება? ვისთვის არის განკუთვნილი ამდენი რეფორმა? რად უღონოებს ლიბერალთა ღმერთი?
პედაგოგიკას ლიბერალთა ჟამს წესით უნდა გაუადვილდეს თავისი საქმე და პირიქით კი არის. პოსტმოდერნული, ნომინალისტური სულით განმსჭვალული პედაგოგიკა მოკლებულია იმას, რასაც ეწოდება πειϑώ, სამოძღვრო დარწმუნების ნიჭი და დამაჯერებლობა. პლატონისა და სოკრატეს დიდასკალიური პეითო ათასწლეულებს გასწვდა. ლიბერალიზებული და შემდგომ მრავალგზის რეფორმირებული განათლების სისტემის პეითო კი ორ სემესტრსაც ვერ სწვდება. მასწავლებელს უჭირს დაარწმუნოს მოწაფე, რადგან მოწაფე ხედავს გაქანებულ რელატივიზმს ზნეობაში, ჰედონიზმს, ღირებულებათა სრულ დეგრადაციას. მოსწავლე ხედავს,რომ წარემატა ის ინდივიდი, ვინც კონფორმისიტი, მტყუვარი და ყველაფრის ჩამდენია. მოწაფე ხედავს საეკლესიო ქადაგების ამაოებას და ცხოვრებამ დაანახვა მას, რომ მხოლოდ პურით ცხონდა კაცი და არა საღმრთო სიტყვით. ახლანდელი პედაგოგიკა ერიდება ამის განხილვას.
საკითხი ის კი არაა, სული მხოლოდ მამისაგან გამოდის, თუ შეიძლება ძისაგანაც გამოდიოდეს. საკითხი ის კი არაა, რომ ადრონული კოლაიდერის მეოხებით შესაძლებელი გახდება «ღმერთის ნაწილაკის» პოვნა და თეოლოგია იზეიმებს გამარჯვებას ათეიზმზე. საკითხი ეხება ანთროპოდიცეის შესაძლებლობას, ადამიანის არსების სამერმისო გამართლებას აქამდე არსებული ფილოსოფიის ფარგლებში და მისი ცნებითი აპარატით.
ფრანგ განმანათლებელთაგან ადამიანს განუზომელი მორალური ავანსი მიეცა პედაგოგიკაში არისტოკრატიზმის დაჩრდილვის ხარჯზე. ამან ისტორიის გეზი შეცვალა. ყოველი კაცი განმანათლებლებთან მიჩნეულ იქნა სულიერი პოტენციისა და იდეური აღმაფრენის შემძლედ. ფრაივესის პრინციპი (ადამიანის უფლებები), დღეს ასე საცინლად გამხდარი, განმანათლებელთა ამ იდეური გულუხვობით იყო ნასულდგმულები. ჰუმანიტარულ ტექნოლოგიებში გამოხვეული სიყალბის მასშტაბური გაქანების ვითარებაში იწყება ანთროპოპტოზისი, ადამიანის კვდომა, პაიდეისა და კულტურის კატასტროფა.
ლიბერალთა ბანაკმა საბჭოთა ბანაკის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ის აღზრდიდა ჭეშმარიტად თავისუფალ ახალ ადამიანს. დაიწყო საუბარი პოსტინდუსტრიულ ერაზე. ურთიერთობის სიცხოველისა და ნამდვილობის ნიშნად ძალზე ხშირად გამოიყენება ცნება «კომუნიკაბელობა». ურთიერთობები კი არის არა მხოლოდ ფორმალური, არამედ სიყალბითა და ღვარძლით განმსჭვალული. არსად არის სოკრატული ინტერსუბიექტურობა. არასოკრატულია ლიბერალიზებული სწავლის პროცესიც. სტუდიოზუსთა აღზრდა არაა ანამნეზისური, არამედ მიმეზისურია. სოკრატული ანამნეზისი ეს არის გახსენება და ნასწავლის მომხსოვნელობა. ეს არის არსებითი პლატონის პაიდეიაში. მიმეზისი კი მხოლოდ მიბაძვაა.
განათლება, ისევე როგორც მთლიანად პოლიტიკური სისტემა თავისი ხასიათით პოსტმოდერნული და ნომინალისტურია, მაგრამ საკუთარი დამაჯერებლობისათვის იგი ისევ მისგანვე უარყოფილ პლატონური რეალიზმის პრინციპებს იყენებს. პოლიტიკური სისტემა თავისუფლების სახელით ჯერ ყველას არწმუნებს ტოტალური ფრაგმენტაციისა და ატომიზმის აუცილებლობაში, შემდეგ კი კვლავ პლატონური რეალიზმის პრინციპებს უბრუნდება სახელისუფლო რეპრესიების გზით. ის თავისუფლება, რასაც სისტემა ქადაგებდა, სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ის არ ღირდა ამდენ ლაპარაკად.
ასეთივე ორაზროვნებაა ბოლონიის პროცესში, რომელიც მოიტანს კიდევ უფრო მეტ კონფორმიზმს საუნივერსიტეტო გარემოში. უნივერსიტეტი აღარასდროს იქნება იდეური მოჯანყეობის ადგილი. დიდი რელიგიური დისიდენტები აღარ დაიბადებიან დასავლეთის უნივერსიტეტებში. ლექტორი ვერ მოიპოვებს სიმპათიას სტუდენტებში თავისი ნონკონფორმისტობის გამო, რადგან the student body, უმეტესობა სტუდენტებისა არის კონფორმისტი. ყველას და ყველაფერს შეჭამს ურთიერთგაუცხოება და ინდიფერენტულობა. უნივერსიტეტი დასავლეთში ვეღარასდროს წარმოშობს დიდ საერთო იდეას. ეს იქნება ბოლონიის პროცესის შედეგი. მაქსიმალურად ფრაგმნტიზებულ და რელატივიზებულ გარემოში, რაც ხელისუფლებისათვის მეტად ხელსაყრელია, შეუძლებელია ბოლონიის დოკუმენტებში გაცხადებული მიზნების მიღწევა. არსებული გარემო არაიდეურია, ბოლონიის პროცესის მიზნები კი იდეურია, პლატონურია.
როდესაც წინამორბედ განათლების სისტემას აკრიტიკებენ, პოლიტიკურ წყობილებას აბრალებენ იმას, რაც სინამდვილეში კაცთა სიმდაბლიდან არის მომდინარე. თუ მოწაფეთა დიდი ნაწილი სამოსწავლოდ უვარგისია, ეს არაა პოლიტიკური წყობილების ბრალი. მონა ყველა დროში მონა იქნება და ბრიყვი ყველა რეფორმის შემდეგ ისევ ისეთი დარჩება. განა ეს არ დამტკიცდა დღეისათვის? პოლიტიკურ წყობილებათა ცვლის მიუხედავად პედაგოგიური კონსტანტები არ იცვლება. პლატონის დროიდან პედაგოგიკის წინაშე მდგარი სიძნელენი ახლაც დასაძლევია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმაციები მრავალგზის შეიცვალა. კათოლიკური საიმპერიო უნივერსალიზმის კრიტიკისას ბევრი ითქვა ბერნარ კლერვოელის მიერ აბელიარის დევნაზე. აბელიარი წარმოჩენილ იქნა დიდ მოაზროვნედ, რომელიც ობსკურანტებისაგან იდევნებოდა. არადა, ბერნარ კლერვოელი აბელიართან დავაში მართალი იყო. აბელიარი ცუდად მასწავლებლობდა.
ლიბერალებმა, მოთხარეს რა საბჭოთა განათლების სისტემა, დაარწმუნეს მრავალი ადამიანი, რომ ისინი ქმნიან ისტორიაში აქამდე არნახულ განათლების სისტემას. საუწყებო და სახელისუფლებო სიცრუეში ჩაება ათასობით ფუნქციონერი, რეფორმატორი და ექსპერტი. რა გამოვიდა ამისაგან, უკვე ყველა ხედავს. დასავლური განათლების სისტემის ერთადერთობის დასტურად ნობელიანტ მეცნიერთა სიმრავლეზე მითითება სუსტი და პროფანული არგუმენტია.
ბოლონიის პროცესის მაინიცირებელი დეკლარაციები პლატონური სულისკვეთებისაა, ხოლო გარემო, რომელშიც ეს დეკლარაციები უნდა განხორციელდეს, არის რელატიური და ნომინალისტური. მოწაფესთან სააღმზრდელო ურთიერთობაში მასწავლებელი რელატივისტი და ნომინალისტია. ცუდანი არიან ახლანდელი მოძღვარნი და გულძვირნი მოწაფეთა მიმართ. მოძღვარი ვერ მოძღვრობს, ვერ ისწავლება. ის არის სოკრატეს ცუდად მობაძავი, სოკრატეოქსანთიასი. ის არის აკადემიური კლოუნი, თავისუფალ მოაზროვნედ თავის მომჩვენებელი. არავინ ისე არ უწყობს ხელს აღზრდასმოკლებულობის, აპაიდევსიის დამკვიდრებას, როგორც ეს მოძღვარი.
ლიბერალურ სისტემაში დამკვიდრებულია ტოტალური პრეკარიატი (ინგ. precarious-მერყევი, არასაიმედო, დროებითი). პრეკარიატული, non-binding, არავალდებულებითი ურთიერთობები არის ბოლონიის პროცესის საფუძველი. ყველაფერი კონტრაქტით ლიმიტირებულია, დროებითია. მასწავლებელი არის jobber, დროებით დაქირავებული. უნივერსიტეტი მოკლებულია იმ მუდმივობას, რაც გარდასულ დროში იყო. მედია ისე მაუწყებლობს განათლების რეფორმაზე, რომ ამას არ იტყვის.
იურიდიულად განმტკიცდა non-committal, მოვალეობათაგან თავისუფალი პედაგოგიკა. არ არის შეგირდსა და მოძღვარს შორის ისეთი ურთიერთობა, რომ შესაძლებელი იყოს πεδαρτάσεις, პითაგორული შეგონება აღსაზრდელთადმი. საყოველთაო ურთიერთგაუცხოებისა და ზნეობრივი დაცემის ჟამს ვის რა უნდა შეაგონო? ყველაფერი გააკეთა ლიერალიზმმა, რომ ამისათვის მიეღწია და დაერწმუნებინა ადამანი, რომ სწორედ ასე მიიღწევა თავისუფლება. ჯერ მხოლოდ აღზრდაში შეყვანებას, პროპაიდეიას წლები სჭირდება, რათა მოწაფე, alumnus, დარწმუნდეს მოძღვრის სიტყვაში, მისდიოს მას და გულდებით იშეგირდოს.
ლიბერალური რელატივიზმისა და ჰედონიზმის პირობებში შეუძლებელია დაარწმუნო მოწაფე, რომ არსებობს რაიმე მაღალი იდეა, რისი მსახურებაც ჰხამს, რომ ძველად იყვნენ აზრით დიდი კაცები. მაგალითებრ, რას ეტყვის ახლანდელ სტუდიოზუსს ის, რომ სარდალი ეპამინონდი, პითაგორელ ლისიდე ტარენტელის მოწაფე, გიმნასტიკას მისდევდა, ფილოსოფოსობდა და ცდილობდა ეცხოვრა ისე, ვითარც პითაგორა ისწავლებოდა? სტუდიოზუსს პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც არას ეუბნება. პითაგორული მეგობრობა ეს იგივე ღვთისმსახურებაა და რა აზრი აქვს ამაზე ისაუბრო თვით ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებთან? ლიბერალიზმმა მიაღწია ახალგაზრდობის ბურჟუაზიული სულით განმსჭვალვას. სტუდენტთა შორის არაა არც სოლიდარობა, არც რაიმე ინსურგენტული მისწრაფება. საშინელი კონფორმიზმი და ინდიფერენტულობა ყრმობიდანვე. შეიქმნა ერთჯერადი ადამიანების უზარმაზარი მასა, არაფრობის გოდოლის აგურებად დასადები კაცები. ეს არაა მხოლოდ ჰაიდეგერისეული man, არამედ არის nailed man, ლურსმნისმაგვარი კაცი. სრული პლურალიზმის ვითარებაში მოხდა ის, რაც არ ხდებოდა წინამორბედ სისტემებში. ადამიანს არ სურს ფიქრი და თავისუფლების ძიება. ბოლონიისა და ლისაბონის დეკლარაციებს როგორ შეუძლია ამის შველა?
ნეოპლატონიკოსი იამბლიქე თავის წიგნში «პითაგორას ცხოვრება» გადმოგვცემს, რომ ჭაბუკმა პითაგორამ მოინახულა თალეს მილეთელი და თალესმა თქვა — თვით მას არა აქვს არც ბუნებისაგან და არც განსწავლულობისაგან ისეთი ნიჭი, რასაც ის პითაგორაში ხედავს. თალესმა პითაგორას ურჩია გაეცურა მემფისისა და დიოსპოლის ქურუმებთან და მათ სიბრძნეს ზიარებოდა.
დღეს თუ შეიძლება იყოს ისეთი მასწავლებელი, ვინც შეგირდზე ამას იტყვის? ჯერ თალესი სად იპოვება, რომ მას თავისი პითაგორა გამოუჩნდეს? ჰედონიზმისა და რელატიური ზნეობის მქადაგებელი ლიბერალიზმის წიაღში სტუდიოზუსი არის fly-by-night pimp, ქვემეთრევი და არამზადა. სასაცილოა ისიც კი, რომ მას ოდესმე უხსენო პითაგორასა და პლატონის სახელები.
ძველად შეგირდს ასწავლიდნენ დუმილს და დუმილით ფიქრს და არა ლაპარაკს უფლებებზე. ეს არის აღმოსავლური აღზრდის წესი. შეგირდს ასწავლიდნენ მოსმენას და მოსმენილის მოხსომებას, არა წერას. ეს იყო დიდასკალიურ-სოფისტური დეონტოლოგია. დიდასკალოსი მოძღვარია, ხოლო σοφός - ბრძენის შეგირდი, ფილოსოფიას შემდგარი ახალგაზრდა, ეფებოსი. ახლა ჭაბუკი ადრეული ასაკიდანვე ექოლალიას ეჩვევა და მის გარეშე აღარც შეუძლია. არ იყო უწინ მეცნიერება და ტექნიკა, მაგრამ უწყოდნენ ინდოეთში, ჩინეთში, საბერძნეთში რა იყო პედაგოგიური დემიურგია, ოდეს სოფოსთა დასი გარდაიქცოდა სოფონად, სიბრძნეს ზიარებულად და ამ დასიდან გამოიყოფოდა ისეთი, ვინც ჰეგემონად დაიმკვიდრებდა თავს.
ელინური პაიდეიისათვის დამახასიათებელია როგორც დაუწერელი სიტყვა, ასევე წერილობითი სიტყვა. სოფისტები და სოკრატე პირველ წესს მისდევდნენ, პლატონი-ორივეს. სოკრატეს და პლატონის ლოგოსი უქრობელი შუქურაა ათასწლეულებში. პლატონ-სოკრატენი ქვეყნიერების საოცრებაა ბრაჰმანთა იოგინურ პაიდეიასთან ერთად. კარგია ის მასწავლებელი, ვინც ახლანდელ მოწაფეებს ამას შეაგნებინებს და მიდრეკს მათ შეისწავლონ ელინობა უკვე ყრმობის ასაკიდან. როდესაც სოკრატე რიტორებდა, მას მოწაფის როგორც შემმეცნებლის ანამნეზისური უნარი მაღლა ჰქონდა დაყენებული. სოკრატეს გარეშე პლატონი ვერ შეძლებდა დაეწყო ის დიდი საქმე, რასაც პაიდეიის ფილოსოფიური დაფუძნება და აპაიდევსიის შემცირება ჰქვია. ბევრს მოელოდა პლატონი თავის მიმდევართაგან. ამიტომ ეტყვის ალკიბიადე («ნადიმი») თანამოსაუბრეთ, უგულისყურონ მის ნათქვამს. მონები და დანარეჩენი უწიგნურნი ყურებს უნდა იცობდნენ, რადგან ფილოსოფოსთა ბჭობა მათი მოსასმენი არაა.
ერთი პარადოქსია აღმზრდელობით საქმეში: ცოდნიერობის მატებასთან ერთად სიბრიყვეც მატულობს. წესით, სიბრიყვე უნდა იკლებდეს, მაგრამ ასე არ ხდება.
ელინობა, ათენელობა, ʽελληνισμός, არის ის, რაც უკვე უმცროს კლასებში უნდა ისწავლებოდეს. დიდად ჰხამს საამისო მეთოდიკის შემუშავება, რომ 7-დან 14 წლამდე ბავშვი, παῖς, ეზიაროს ელინობის საფუძვლებს. პედაგოგიკას ეფუძნება გულის ევგენიკა, ყოველი ომნი და მშვიდობანი.
ადრეულ ქრისტიანობაში ელინი და ძაღლი სინონიმური ცნებები იყო. კაპადოკიელმა მამებმა, ასევე ავგუსტინემ, იოანე დამასკელმა და სხვებმა დიდად მოიშრომეს ელინობის სატანიზებისათვის. განა დღეს მცირენი არიან, ვინც ასე ფიქრობს? პლატონი იყო ძაღლი? სოკრატე? ისტორიკოსთა მიერ ითქმის, რომ ნეტარი ავგუსტინე ღვთის კაცი იყო. პლატონი ან მისი მოწინარე პითაგორა არ ოყვნენ ღვთის კაცები? პლატონ-სოკრატობა მაინც არის ამ უბედურ ათასწლეულებში. ესეც არ იყოს და რაღა იქნება?
პლატონის დიალოგში «ევტიდემე» კრიტონი სოკრატეს ეკითხება თუ როგორ უნდა მიდრიკოს მან თავისი ვაჟი ფილოსოფიისაკენ. სოკრატე მიუგებს კრიტონს, რომ კაცთა უმრავლესობა უვარგისია ნებისმიერი წამოწყებისათვის და მცირენი არიან გამოსადეგნი (307 a). პლატონმა ასეთი რამ დაწერა ელინობის ზეობისას, ისევე როგორც სოლომონ მეფემ ისრაელის ზეობისას ბევრი დაწერა ბრიყვთა სიბრიყვის გამო. ამა ჟამს რაღა კარგი შეიძლება ითქვას კაცთა ბევრეულზე, რომელსაც ლიბერალიზმის ქურუმნი აქებენ და თაფლაფენ?
ჩემი ამ განსჯის ბოლოს ვიტყვი პლატონის ამბივალენტურ დამოკიდებულებაზე ჰომეროსის მიმართ. პლატონს სურდა ჰომეროსისათვის ოსტრაკიზმი მოეწყო და პაიდეიაში მისი ადგილი აღარ ყოფილიყო. პლატონი ჰომეროსის პოეზიიდან ყრმათა აღსაზრდელად ტოვებს მხოლოდ ღმერთების ჰიმნებსა და ჰეროსთა სამქებროებს («სახელმწიფო», X, 607 a). აქვე (606) პლატონი გაკილვით იტყვის, რომ ჰომეროსმა აღზარდა საბერძნეთი. პლატონი ჰომეროსსა და სხვა პოეტებს შესთხოვს არ განრისხდნენ მისეული ოსტრაკიზმის გამო (II, 387, b). დიალოგში «იონი» პლატონი სოკრატეს პირით ჰომეროსს ხოტბას ასხამს. რაფსოდი იონის პირით პლატონი იტყვის თავის აცრემლებაზე ჰომეროსის კითხვისას (535 c).
მითოსი და პაიდეია თავისი ერთობილობით აჯადოებს და იტაცებს შემმეცნეს. დიალოგ «ფაიდონში» (XXXII) ნათქვამია, რომ ვინც არ მეცადინობდა ფილოსოფიაში, ვერ შევა ღმერთების დასში.
მომავლის პედაგოგიკის მიზანი არის არა თავისუფალი ინდივიდისა და სამოქალაქო საზოგადოების აღზრდა, რადგან ეს უკვე ლიტონი სიტყვებია, არამედ მეომრის აღზრდა, ინდივიდთა კონგლომერატის მახვილით ხალხად გარდასახვა. პედაგოგიკა უნდა იყოს აქილოპედია. ეს არის სამერმისო პედაგოგიური ნოეზისი. გვიანდელი ლიბერალიზმის ზინტლით შესვრილი ადამიანი ომის პედაგოგიკით უნდა განიწმინდოს. ამ ოც წელიწადში რამდენი და როგორ არ ითქვა მშვიდობაზე ლიბერალთა მიერ. მათსავე გამო სოფელს ისევ ესავითა და ყამალეკით მოუბოლოვდა. ლიბერალიზმის ამ ოცმა წელმა ქვეყანას მისცა უჭკუო მმართველთა მთელი თემი.
«სახელმწიფოს» VI, 502-ში პლატონი იტყვის, რომ სანამ ფილოსოფოსნი არ გამეფდებიან და მეფენი ფილოსოფოსობას არ შეუდგებიან ისე, რომ ფილოსოფია დაემთხვევა მეფის ძალაუფლებას, მუდამ იქნება უბედურება სახელმწიფოში. პლატონის ეს ნამსჯელი არის დიდი იდეალი, რომ კეისარი ფილოსოფოსობდეს და არა კლოუნობდეს ლიბერალობაში, ვითარც ახლა წესადაა დარგული.
მხოლოდ პლატონის შემმეცნებელ ახალგაზრდას ძალუძს წინ აღუდგეს ლიბერალიზმის მრავალ საცთურს და მწვედ ისაკლისოს თავის თავში ის, რაც მას ვერ მისცა ვერც სკოლამ, ვერც უნივერსიტეტმა, ვერც მამულ-დედულმა. ახალგაზრდა გადაგვარებული ლიბერალიზმის მიმართ სამართლიანი საყვედურითა და აღშფოთებით, ნემესისით უნდა განიმსჭვალოს.
ისრაელის დიდი ოხრების შემსწრე იერემია წინასწარმეტყველს ასე უთქვამს თავის გოდებაში: «კარგია, კაცი ჭაბუკობაშივე რომ ატარებს ტვირთს. იჯდეს მარტო და დუმდეს, რადგან ღმრთისაგან არის იგი ტვირთღებული» (3,27-28).
Комментариев нет:
Отправить комментарий