пятница, 27 мая 2011 г.


პორფირეს "თერიონის ვარდი" არის უდიდესი ნაშრომი ქართულ ლიტერატურაში. საქართველოში არ გვაქვს ფილოსოფია. ამ წიგნის შემქმნელმა, რომელსაც მე კარგად ვიცნობ,  მოგვცა ის, რაც გვაკლდა ფილოსოფიაში. საქართველომ მადლობა უნდა უთხრას პორფირეს, რომ მან ასეთი წიგნი შექმნა არა სხვა რომელიმე ენაზე, არამედ ქართულ ენაზე და ის აქცია ქართული კულტურის კუთვნილებად. ეს არის ჭეშმარიტად საპრემიო, დიდი ნაშრომი. ასეთი ფილოსოფია არ დაწერილა მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაში და ამას უთუოდ დაფასება სჭირდება. პორფირე უნიჭიერესი კაცია საქართველოში. "თერიონის ვარდში" პრომეთესა და ნიცშეს სულისკვეთება გამოიხატა პორფირესეული ბრწყინვალე ქართული ენით.
მე როგორც ენათმეცნიერმა, ვიცი, რატომ აირჩია პორფირემ ძველი ქართული ენა მარადიული ბიბლიური თემების ფილოსოფიური განხილვისათვის.  "თერიონის ვარდში" ასე ორიგინალურად გააზრებულ საკითხებს  ყველაზე მეტად შეეფერება სწორედ ის ძველი ენა, რაც პორფირემ აირჩია. ამით მან დააკავშირა ქართული ფილოსოფიური აზრი ელინური ფილოსოფიის სულთან, რაც ასე ძლიერად გამოსჭვივის  "თერიონის ვარდში". ამ ენით უნდა განიხილებოდეს ის ზარდამცემი საფიქრალი, რაც ასე არაჩვეულებრივად გადმოცემულია პორფირეს მიერ.
ყოველ ნამდვილ ფილოსოფოსს უნდა ჰყავდეს თავისი თერიონი და ჰქონდეს  უფსკრულში ჩახედვის გამოცდილება. ამის გარეშე ფილოსოფოსობა არ ეგების. უკვე ამ წიგნის დასაწყისი მოგიტაცებს და მოგნუსხავს. დიდებულად დაწერილია "იუდას ფენომენოლოგია", "ბოლო ჟამის გოლემი" და სხვა თავები. ასეთი რამე არ თქმულა ქრისტიანულ თეოლოგიაში, რომელიც ორი ათასი  წლისაა. ეს არის ფილოსოფიისა და რელიგიის ის დიალოგი, რაც ასე გვაკლია. "თერიონის ვარდში" ერთმანეთს ებმის და ეხმიანება აღმოსავლეთი და დასავლეთი. ქართული ფილოსოფია პორფირეს გაკვალულში უნდა ჩადგეს.
მიხეილ ქურდიანი
მაისი, 2010

Комментариев нет:

Отправить комментарий