თამიმ იყო იიობ, რაიც ღვარძლისაგან უცხოს, სათნოებით განვსილებაში მდგარს, ყოვლით სრულს ნიშნავს. ბერძლ ესეა: καὶ ἦν ὁ ἄνθρωπος ἐκεῖνος ἀληθινός, ἄμεμπτος, δíκαιος, θεοσεβής.
ყოველივეს დამაბოლოვებელ შესაკითხზე მიწყივ მოფიქრალ გონებას თუ შეეძლო მხოლოდ ასეთი ნაწიგნის შექმნა. ვინც დაუზარელი იქნება მის შემეცნებაში, ის მტანჯვი უკმარობის შეგნებით განიმსჭვალება. მეცნიერნი მიიჩნევენ, რომ სოკრატესას დაიწერა იიობის გვემულების ამბავი. სოკრატე რომ ნაცარში მტყებარ დაწყლულებულ იიობს გადაჰყროდა, ეტყოდა მას იმაზე მეტს, ვიდრე მისმა მეგობრებმა უთხრეს? მარქვით საყდრის მამანო და თქვენც, ცუდნო რიტორნო, თუ ძალგიძთ. ვერა, ვაგლახად მშთარნო. ყური დამიპყარით და მე გაუწყებთ.
აჰა, ესმა დიდ ელინს, რიტორების ჭეშმარიტ მამას იიობის გაუგონარი უბედურება და გამოსწია მისკენ. იხილა მან მისი ჭირისუფალნი. მდუმარედ უსმინა სოკრატემ მათ ნაუბარს და იიობის სიტყვისგებას. მომარტვილე კაცის შეწყალება და მისი ჯავრის უკუყრაც მოიხილა მაგალითმა ელინმა. არქვა მან იიობს, რომ მცირე იყო მისი ნათქვამი.
სოკრატე: ჰე, ისრაელის შვილო, თუ ღმერთი კაცის გულს ასერიგად სინჯავს, ეს ნიშნავს, რომ კაცს ძალუცს ღმრთისაგან მოწევნილი ეშმაური საცთურის შემეცნების დვრიტად ქცევა. ის, რასაც შენ ამბობ იიობ, არ არის სათნოებით სრული კაცის სადარი სათქმელი. ერთადერთი შენ ხარ კაცთაგან, ვის წინააღმდეგაც ასე ვერაგულად შეითქვნენ კეთილი და ბოროტი. არც ერთ შენს ჭირისუფალს არ უთქვამს შენს უბედურებაზე, რომ ეს სატანისგან იყო. სამადლობელი ეთქმის თითოეულ მათგანს, რომ არ გამოიჩინეს სულმოკლეობა და შენს გამო ბჭობა არ გადააქციეს ეთიკურ თეატრალობად. შენმა მეგობრებმა შეძლეს ბოროტების ჭვრეტა და მასზე განსჯა ისე, როგორც კაცებს შეჰფერით. რა სავაგლახო უნდა დასწვდეს კაცს, რომ მან იწყოს საფილოსოფოსო გულისსიტყვის აღმოთქმა? ერთადერთი კაცი ხარ, ვისაც ღმრთისაგან ასეთი სავარამო მოატყდა და დიდად მოიგვემა ამის გამო, ბოლოს კი ასე ლიტონად დაასრულა ეს ამბავი. ძლეულო გვემულო, შენ არ იუარე ღვთისაგან სახვასტაგო წყალობის მოღება, ნახირის ყოლაზე მიგდიოდა სული და ეს იკმარისე. შენ სიბრძნე არ ითხოვე ღვთისაგან.
იიობ: ჰე, უცხოელო, თუ უწყი შენ ღმრთის ძლიერება და მისი წყრომის პური თუ გიჭამია? წინაშე უფლისა კაცს უხამს იყოს ვითარცა შრტო იღუნალი. ღვთისგან მოწეული სასიავონი კაცმა უდრტვინველად უნდა დაითმინოს.
სოკრატე: ეს არაა პასუხი იმაზე, რასაც მე გეუბნები იიობ. დავსხდეთ და განვსაჯოთ. შენს სასიავო ყოფაში კაცისა უნდა დაგეცვა, შენ კი ღვთისა დაიცავი. გეტყვი, რომ უსიტყვოდ გისმენდით შენ და შენს მეგობრებს.არსად მიხილავს უმრუდო კაცი ღვთისაგან ეზდენ ოტებული და იავარქმნილი, ვითარცა შენ და მწადდა პირისპირ შეგყროდი, გარნა უწყოდე იიობ, რომ უმრუდო და მართლიერი კაცი არ ნიშნავს ბრძენ კაცს. სათნოებით სრული, ვითარც შენ ჰგიებ, არ ნიშნავს სიბრძნით სრულს. ცოტანი არ ყოფილან სათნონი, მაგრამ რიტორებრ სიტყვის გამოგება არ ძალუცდათ მათ და ასე ჩავიდნენ საფლავებში, ბრძენთა სახელი კი დაიგდეს კაცთა შორის.
იიობ: დიდად მიწევნილი ჩანხარ შენ, უცხოელო. რატომ მაშინ არ იუბნე, როდესაც ელიფაზს, ბილდადსა და ცოფარს ჩემდამი ნუგეშინი დავუწუნე და ნასიტყვი შევურცხვინე? დუმდი შენ, უცხოელო და გულმა მიგნო, რომ აზრს იმარხავდი ისეთს, როგორიც არც მე მსმენია და არც ისრაელს.
სოკრატე: იმასაც გეტყვი იიობ, რომ შენს ვარამზე ისრაელის მრავალი ძე უნდა მოსულიყო. რჯულის მოძღვარნი ინახით უნდა მსხდარიყვნენ შენს გარშემო და მხოლოდ სამნი მოვიდნენ, ივაგლახეს შენთან ერთად და ავლში მსხდართ იდუმეს. სხვა ვინ მოგეახლა, იიობ? ეს სამი მოჭირისუფლე მოგივიდა და თავისი კაცებრივი განსჯით საჯეს შენი სატყებარი. რა თქვეს მათ ისეთი, რომ ასე განრისხდა ღმერთი და აღსავლენი მოითხოვა შენგან მათგამო რისხვის დასანელებლად? შეგებად ვეძალები ამას და ვერ ვწვდები. მათ ეს სანუგეშო მაინც თქვეს და სხვანი სად იყვნენ? შენ რა თქვი იიობ ისეთი, რომ აღიძრა უფლის ქუშვა შენს მომართ? ძლეულო გვემულო, რის გამო შეჰვედრე ღმერთს მიტევება? არა გითქვამს რა მის წინააღმდეგ და მაინც ბრალი დაიდე თავზე. როგორ მოგიტევა უფალმა ის, რა ბრალიც არ მიგიძღვის? ღმერთი კაცს დანაშავარად რად უთვლის იმას, რასაც კაცი მოგონილ ცოდვად იკიდებს თავზე? ვფიქრობ ამაზე იიობ და ვერრას შევიგებ.
იიობ: ყოველნი კაცნი ღვთისას უნდა ვმორჩილებდეთ. ის მოგვაგებს სასიკეთოს და სასიავოს და ისვე წარიღებს ჩვენგან. მისით იცემს სულს ყოველი. კაცი ვითარ შეიძლებს მის შექმნილს ზადი უნახოს? ვერა რას მოიჩივლებს მოკვდავი ღმრთის წინააღმდეგ. ისევ კაცი გამტყუნდება. მტვერია კაცი უფლის წინაშე.
სოკრატე: იიობ, ესრე მზრახეობით კაცი შესამცნეს ვერ მოჩხრეკს. რითი სხვაობს შენი ეს ნათქვამი იმისგან, რაიც შენ ნუგე- შად გითხრეს შენმა მოჭირისუფლე მეგობრებმა? არაფერი შეიქმნება კაცის მიერ, თუ ის მიზნად დაისახავს შენს ნათქვამს მისდიოს. ბრძენიც იტყვის ამას, რომ მორჩილება გვმართებს ღვთის წინაშე, თვალთმაქციც ამასვე იტყვის. განა ბრიყვი ვერ იტყვის იგივეს? მოცნების მძებრს შენი ნასიტყვი ვერას ეტყვის.
ერთ ძველ ამბავს მოგითხრობ, იიობ. სანაღვლოა სასმენად და საფიქრველად. ნილოსის ველზე მცხოვრებმა კაცმა სიბრძნის ძიებას შესწირა თავი. იწიგნა მან თავისი სამეცნავი და ამა წიგნის გამო ბრძენკაცად შეესახელა იგი. ქურუმნი მის სახელს მოწიწებით წარმოთქვამდნენ და მის კეთილმდღევარობას ღმერთებს ავედრებდნენ. თავად კაცი იგი კი დიდად მეეჭვი გახდა ამ წიგნის დაწერის შემდეგ. უარყო მან ეს წიგნი და ძალზე მცირენი იყვნენ ისინი, ვისაც მან ეს გაანდო. მისივე ნაწიგნი მისთვის შემაბრკოლებელ ლოდად იქცა. მისთვის ეს მხოლოდ მცირე დასაწყისი იყო, ბევრეულთათვის კი – დასასრული. ჩვენთან, ელადაშიც გადმოვიდა ამ ეგვიპტელი კაცის ნასიტყვი. მრავლად იყვნენ მისი შესწავლის მოლამენი. ათასი წელი გასრულდა იიობ, რაც ეს წიგნი ღმერთების სწავლად და მათ გზად მიაჩნიათ. ის, რაც მხოლოდ შესაბრალისი დასაწყისი და პირველი მცდელობა იყო, უმრავლეს კაცთათვის ოქროთი დაფერილ უღლად იქცა და ამ უღლიდან თავის დახსნას აღარავინ ცდილა. ეს კი არა, არამედ ის არის უბედურება იიობ, რომ ათასწლეულები მიიყრება და კაცთათვის ეს უღელი ჭეშმარიტებად დარჩება. კაცთადმი სიბრალულის, მათი უძლურების გამო ვერ უარყო საანჯომანოდ ეს წიგნი მისმა შემქმნელმა. მტკიცედ ირწმუნეს მისი და ჭაბუკთა დასები დაჰყვებოდნენ მას საშეგირდოდ, მოძღვრებას ავრცელებდნენ. იუდეველნიც იყვნენ ამ მოძღვრების მიმდევარნი.
ო, იიობ, თქვენ, იუდეველნი იტყვით, რომ ჩვენ რა ხელი გვაქვსო წარმართთა საესავთან, გარნა სამეცნავი ერთია ელინთა და იუდეველთა შორის. განა იუდეველი ისევე არ იწყებს რიტორებასა და შემეცნებას, ვითარცა ელინი? რასაც ელინი ისიბრძნებს, განა ის იუდეველისათვის სირეგვნეა? შემეცნების მძებრი უფრო მაღლა დგება, ვიდრე დავაა ღმერთების სიმრავლის გამო. იმ ეგვიპტელმა კაცმა კი მრავალი შეიცნო, მაგრამ მას შეუძნელდა ეპოვა ისეთი შემმეცნენი, ვისაც თავის ცოდნას გადასცემდა. ბევრეულ კაცთ მხოლოდ ის შეიტყვეს, რაც მან წიგნად გადმოსცა. მცირეთა სვე და საესავი არასოდეს ქცეულა ბევრეულთა ხვედრად.
იიობ: საკვირველია შენი სიტყვა უცხოელო. განა ელიფაზ, ბილდად და ცოფარ მოისიტყვებდნენ ასე? ამას ვერც ჭაბუკი ელიჰუ იუბნებდა. აგერ, ყველანი ჩემსას სტუმრობენ სანადიმოდ. მოდი შენც, სათნო უცხოელო და გვასმინე შენი სიტყვა.
სოკრატე: სათნო და კაცთმოყვარე ხარ, იიობ. ბევრი მაქვს სათქმელი და მცირესღა ვიტყვი. განა ეგვიპტეში მცხოვრებმა იოსებმა იცოდა ის საესავი, რაც იცოდა იორდანეს ნაპირთან მდგარმა მოსემ? როგორ იყო იოსები იუდეველი ეგვიპტეში? რა უწყოდა მან აბრაამის ღმერთისა? ყრმა იყო იოსებ, როცა იგი ეგვიპტელებმა მონად იყიდეს. თუ ეგვიპტის ყველა ღმერთი ცრუ იყო, მაშ რაზე იდგა ესევითარ ცოდნიერი ქვეყანა ამდენი საუკუნე? ჭაბუკი მოსე განა ეგვიპტელთა სიბრძნით არ იყო განსწავლული? განა მან უწყოდა რამე აბრაამის ღმერთისა? იმასაც გკითხავ იიობ, რომ მოსემ რაც იმეცნა სინას მთაზე ღვთისაგან, სადამდე იმეცნა? რა დარჩა მოსეს გულში ეგვიპტელთა სიბრძნისაგან მას შემდეგ, რაც მან აბრაამის ღმერთთან მრავალგზის იუბნა? მარქვი იიობ, რა უწყოდა ჭაბუკმა მოსემ აბრაამის და იაკობის ღმერთისა, როცა ის ეგვიპტის ღმერთების ტაძრებში შედიოდა? ეგვიპტელთა სიბრძნით განსწავლული მოსე თავის სიჭაბუკეში ელინთა მხარეს რომ მოსულიყო, რას გვაუწყებდა ელინთ? თავის სიჭარმაგეში მოსე რომ ელადაში მოსულიყო, რას მოუმცნობდა აქეელებს ღმერთზე?
იიობ: დარდით მევსება გული შენს ნაუბარზე უცხოელო, მაგრამ ეს სხვა დარდია, ვიდრე ის, რაც ვიწვნიე ჩემი უბედურების დღეებში. ღრმადმსიტყველობ უცხოელო რიტორო, გული მესერება შენი შეკითხულით და არ ვიცი პასუხად რა მოგაგო. ეგებ მაშინ მომეგო ამაზე პასუხი, როდესაც მღიერით სნეული ნაცარში ვიჯექი და ვვაებდი, რადგან უბედურება კაცის ცნობას სიტყვასაჩინოების ნიჭს ანიჭებს. ეგებ მაშინ მომეგო შენთვის პასუხი, როდესაც გრიგალიდან ღვთის ხმა მესმოდა. მას შევკითხავდი ამას.
სოკრატე: მეც ამის თქმა მწადს. თვით მან, სამყაროს შემოქმედმა მოიუბნა შენთან, იიობ. შენი სალმობის ყოველი დღე იმის მაუწყებელი უნდა ყოფილიყო, რომ სათნოებით სრული სიბრძნი- თაც სრულიქმნებოდი. შენ კი ეს ვერ შეიძელ. ლაღად ნადიმობ იიობ და შენს ნატამალთან შვებით უბნობ გარდავლილ უბედურებაზე. პურისმტეთაგან არავინ შეგიტყო ლიტონება და სულის უძლურება. არავინ მოგაგება კითხვა შენს მონაყოლზე, ძლეულო მარტვილო. მაჯა როგორ არ დაგიმძიმდა, როდესაც სასმისით ყელს ისველებდი გარდავლილი უბედურების თხრობისას?
სხვა ვინ იყო იიობ, ვის წინააღმდეგაც ზეციერთა მთელი სირა შეითქვა? ღმერთი სატანთან ამქარში შენი გულისნადების სასინჯად აღიძრა. გიხამდა კაცისა დაგეცვა, არა ღმრთისა. ვერ შეი- ძელ და ამას ვჯავრობ. რად არვინ დაფიქრდა ნადიმობისას შენს მონათხრობზე, რად არვინ შეძრწუნდა ისე, რომ შხამად ექცა ლხინი და ტყებით გაიქცა? შენსას კი არა იიობ, არამედ კაცის უძლურებისას ვამბობ. საწუხი მემატება ამის წარმოთქმით. ჩემი დაიმონი მკითხავს, რომ თუ თამიმ ისევე ენუკვის ჭამადსა და ხვასტაგს, როგორც მომნაგრებელი და მრუდი კაცი, მაშინ კაცთა სვიანობისა და უსვეობის გარჩევა აღარ ყოფილა? შენ არა და მაშ ვის ვუთხრა იიობ, რომ თუ სათნოებით სრული კაცის მისაგებელი თვინიერ პურობისა და მეხვასტაგეობისა სხვა არა ყოფილა რა, ესოდენი მარტვილობის შემდეგ, მაშინ როგორღა უნდა დაისვას საკითხი კაცის ხვედრისა და შესამცნეს გამო? რაღაა იგი სათნოება, რომლის დასასრული ისევ ის არის, რაც მისი დასაწყისია? ვინ და როგორ უნდა გამოსახოს იიობ, შენი სვეკლებულობის ასეთი სახარელი დასასრულის შემდეგ კაცის სამეცნავი? შენ ნადიმობ და იშვებ იიობ ნატამალთა და მეგობრელთა შორის, მე კი ჯავრი მემატება და ჩემივე დაიმონი მეკუშტვის.
იიობ: ელინთა ქვეყნიდან მოსულო ბრძენო, შენი სიტყვების შემდეგ რაღაა ჩემთვის ეს ნადიმები? ვაი ჩემდა, რად არვინ შეიგო ეს ჩემიანთაგან, რომ ეუწყათ ჩემთვის, ვირემ შენ მოხვიდოდი, სოკრატე? სადა ხართ ელიფაზ, ბილდად, ცოფარ? შენ რას დადუმებულხარ ელიჰუ? ახლა ისიტყვეთ სოკრატეს წინაშე, თუ შეიძლებთ. ჯობდა მხოლოდ სოკრატე მოსულიყო ჩემს მოჭირისუფლედ და არა თქვენ. მას რომ ჩემთვის ყოველივე ეს ჩემი ნაცარში ტყების ჟამს ეუწყა, რა ვიქნებოდი ახლა? ვაი თქვენდა, შვილნო ჩემნო, პურობისას მამბობინებდით გარდასულ სატყებარს და ის ვერ ისაკლისეთ, რაიც სოკრატემ მომიმცნო. რაღაა ჩემი სათნოება, თუ ეს არ ვუწყოდი დღესამომდე და გულმან ჩემმან ვერ იგზნო? რაღა იყო ჩემს თავს დამტყდარი ყოველი სასიავო, თუ ამისგან მხოლოდ ნადიმობისას წარმოსათქმელი მოსაგონარიღა დარჩა? ჰე, ღმერთო მაღალო, რად დავშთი ესრე ვაგლახად?
მეც შეგკითხავ, სოკრატე. რომ მეჭვრიტა შენი წყლულები, შენი ნაცარში ჯდომა და ტყება, შევძლებდი კია მეთქვა შენთვის საფერი სიტყვა? რომ წაგკიდებოდა ჩემი უსვეობა და შენს ჭირისუფლად მოვსულიყავი, რას მოვიუბნებდით ურთიერთში, დიდო ელინო? რა ნუგეშინის თქმას შევძლებდი შენთვის? შენ რას მიუგებდი უფალს, ჩემებრ კერაამოწყვეტილობასა და სვედამხობილობაში, იმის გარდა, რაც მე მოვისიტყვე მის წინაშე?
ესე მოიუბნეს ურთიერთში ელინმა რიტორმა და ღვთისაგან წყალობილმა იუდეველმა მარტვილმა. მჩხრეკელ ელინთან სიტყვისგების შემდეგ იიობ უკვე სხვაი გახდა. ღმრთის ქადილით იღუნალ იუდეველში რიტორების მოტყინარე სული გააღვიძა დიდმა ელინმა. ვინღა არგია იიობს თავის მოავანჩავანეთა შორის სწორფერ მესიტყვედ და დოსტად? ვინ თქვა ხუცნო, რომ რა საერთო აქვსო ათენსა და იერუსალიმს?
ჰე, საგონებელ საგონისთა მძებრნო, გაგემეთ ჭმუნვის ღვინო და თავი თქვენი სიცილს მოვტაცე. საგზებს არ მოგაკლებთ და მმეცნების ბრძმედში განგწმენდთ, მთელი დუნიის ბრძენთათვის მიწყივ სანუკველ სისრულის ფესვს გაპოვნინებთ. ვერ ძალგიცთ მოცნების მხურვალებას გაუძლოთ? მაშინ განიოტეთ ჩემგან და ენამხიარულ მოყვასთა სირას შეერთეთ. შემეცნების გზამ არ იცის მეოთხედობა და მონახევრეობა, მას მთელი გულით უნდა მისდიო. გულის ცეცხლის ზნეობრივი ხვანჯებით დანელება მოყვასთა ძველისძველი მუხანათობაა, რასაც ისინი სიყვარულის სახელით აღასრულებენ.
თვით მას შევკითხავ, ვინც იიობს გრიგალიდან კუშტად ესიტყვა და დაამუნათა ვარამღებული იგი. როდესმე თუ იყო, ელი, რომ ჭეშმარიტი და ძალუმი აზრი უკიდურესობისაკენ არ მიდრეკილიყოს? ჯერ ჭეშმარიტ აზრს მინამგვანი ძალნაკლული ბჭობა მიიდრიკება უკიდურესობისკენ და ჭეშმარიტი აზრი თუ ასე იზამს, რა- ღა დასაძრახია? ვინ არის ის, ვინც აზრის გაქანებასა და ძალუმობას ოქროს შუალედში ყოფნას ურჩევს? ეს ისევ ის მოყვასია, ვინც არც ცეცხლს გამოსდგომია და არც წყალს.
ყოველმა კაცმა, ვინც შემეცნების ლოდებს თავმიცემით ეჭიდება, თვითონ უნდა გამოსცადოს იიობის სალმობა და თვითონ უნდა ჰკითხოს ღმერთს ის, რაც თავის სატყებარში სათქმელად აღეძრება. სხვის გვემაზე წიგნიდან ამოკითხვა და მასზე ენაკაზმულობა მხოლოდ მძულვარებას აღძრავს მასში, ვისაც საკუთარ სამეცნავში მოყვასთაგან და თავდ ღმრთისაგან განკიდეგანება განუგზნია. წიგნიერი კაცი ხშირად კალამს აღორებს იმის წერაზე, რისი მცირაკად ცოდნიერიც კი არ არის. ბევრეულნი არიან ასეთნი. იიობზე წერა მათ ღმერთის ხოტბად გადაუქცევიათ, საიდანაც საროჭიკოს გამოელიან. ცუდრიტორნო, სასთვლებელის მომსთვლელად კი არა, სხვისი ნასთვლევის მომცვრებელადაც ვერ გამოდგებით. სასუფევლის რიოშად მწუხარე დალალნო, ვისთვის სწერთ სულთა მტილად მყვან წიგნებს, თუ არა უგებ მოყვასთათვის? ჰხამს ნიჩბით მოიფხიკოს ეს წიგნები, ვითარცა გამხმარი წუნწუხი. არას არგებს არც კაცს და არც ღმერთს თქვენი დალალობა. ვაი იმ სასუფეველს, თქვენ რომ შეჰხარით და ვაი მას, ვინც თქვენი დალალობით მუნ შეეყენება.
ყივილით გააღვიძე მმეცნავო შენს შორის თორას კაცი, რათა შთასწვდე იმ დიდად გამაზარ სამეცნავს, რაც იიობის მატიანედ მოაქამდე მოღწეულა. ძრწოლის აღმსთობი არის თამიმი მარტვილის აღტყინება, რომ არა სხვა, არამედ შენი ღმერთი გკლავს შენ, შენი საესავი ქცეულა შენს მსახვრალად და საკუთარი მოკვდინების ჟამს ცდილობ შეიგო შეუგებელი. იტყვის ტყებისა მკრები იიობ: ჰენ იკთელენი ლო აიაჰელ (13:15). იიობის წიგნის ენა არქაული ებრაულია. ეს და სხვა ადგილები იუდაურ-რაბინული ტრადიციის გვერდის ავლით ითარგმნა. 13:15-ის გადმოენება ორგვარია და ეს არ არის მხოლოდ ერთი ადგილი ამ წიგნში. “იგი მე მკლავს, მაგრამ მისივე იმედი მექნება” და მეორენაირად: “იგი მე მკლავს და მისადმი რწმენას დავკარგავ”. როგორ უნდა ვიგულისყუროთ დიდად ურვილი იიობის ეს სულთქმა? რად იკვლება მარ- თლიერი? იიობის წიგნის თარგმანები ფარულად ქრისტიანიზებულია, რათა გაბლაგვდეს გულის ის საბასრავი, რომელსაც იიობის მატიანე აღძრავს. უუბედურესი, გარნა შეუცოდებელი კაცი ცდილობს იდავაქროს უფალთან. ქრისტეს მესავი ვერასოდეს გამოიტყოდა ასეთ საფიქრალს და მით უმეტეს ვერ შეიტანდა მას რჯულის წიგნში. იუდეველმა სოფერმა კი არა მხოლოდ ეს შეძლო, არამედ ისიც, რომ ეკლესიასტეს (კოჰელეთ) დიდად ნაღვლიანი ნააზრევი რჯულის წიგნის ნაწილად აქცია. იიობის ვარამი და ეკლესიასტეს ვარამი ერთმანეთის ანტიპოდებია.
თორასა და წინასწარმეტყველთა წიგნების მესავმა და არა სახარების მესავმა, ძველმა მოღმრთემ და არა ახალმა, ისრაელის შორეული თაობის გენიამ შეძლო გვერდიგვერდ დაეყენებინა იიობის მარტვილება, ეკლესიასტეს სიბრძნე და ფსალმუნები, სადაც ღვთისაგან კურთხეული გვირგვინოსანი ღვთის შორიელობასა და მისგან თავის მიტოვებულობაზე მოთქვამს. ეკლესიასტეს წიგნიდან ეპასუხება ისრაელის მეფე ღმერთს, რომელიც გრიგალიდან ექუშვის იიობს და ყველაფერს ჰყვედრის მას. ეტყვის ელი იიობს, რომ სად იყოო კაცი, როცა ცის თაღები დგინდებოდა, კაცი თუ შეიძლებსო გაზომოს ცათა ვრცელობა. მეფე ეპასუხება ეკლესიასტეს წიგნიდან იიობის მომაყივნებელ ღმერთს, რომ არაფერია ახალი ცისქვეშეთში და ამაოა ყოველივე. არაფერია გასაზომი და საკვირველი შესაქმის წიაღ. ეკლესიასტესაგან განთქმული უარყოფაა ყოველივე იმისა, რაც აბრაამიდან სოლომონამდე თქმულა. ამაოებაა ირგვლივეთი, ამაოებაა ის, რასაც ღმერთი ვარამღებულ იიობს ჰყვედრის და იიობის თავდადრეკილობაც ამაოებაა. მეფე ეკლესიასტეს მიერ გამოთქმული სკეპსისი განსაკუთრებულად მდგარი გამონაკლისია იუდაურ წიგნებში. მისმა სკეპსისმა და მეეჭვობამ არ იცის ნაღვლიანი ღიმილიც კი. ძველმა კაცმა, ქრისტეს მმესველი ახალი კაცების მიერ მიწყივ მოყივნებულმა, ეს შეძლო, რომ დიდი საგონებელნი, შემაშფოთებელი სამსჯელონი გარს მოეჯარა.
ახალმა კაცმა, ნათლულმა მღვთოსანმა დააკნინა საღმრთო მომსიტყველობანი სიყვარულის სახელით. ქრისტიანთამებრ ღმერ- თი სიყვარულია და ამით დაძლეულად ჩაითვალა ის სამსჯელონი, რაიც იიობთან და მეფე ეკლესიასტესთან ასვეტილა. იიობისა და ეკლესიასტეს გნომებს საეკლესიო ეგზეგეტიკაში ქრისტოლოგიისათვის დამხმარე მნიშვნელობა მიენიჭათ. ჯვარცმის მისიასა და მეორედ მოსვლაზე მსჯელობამ მტვერი მიაყარა იიობისა და ეკლესიასტეს საგონებელს. ფილოსოფიით შემსჭვალული მაძიებელი ქრისტიანი სიორენ კირკეგორი შეება ყუცელი მარტვილის ამბავს, მაგრამ ვერ კი აღიპრა იიობის წიგნის სიმძიმე. არსად თქმულა იიობთან და ეკლესიასტესთან, რომ ღმერთი სიყვარულია. იიობი თავის სალმობაში და მეფე ეკლესიასტე თავის ამაოებაში უძლებენ ცთუნებას, რომ არ თქვან: “ღმერთი სიყვარულია”. ნაცარში მოვაგლახეს რომ ეს ეთქვა, რაღა იქნებოდა იიობის წიგნი? ყუცელი მოტყებარის არც ერთი მოჭირისუფლე არ იტყვის სანუგეშოდ, რომ ღმერთი სიყვარულია. არც ღმერთი ეტყვის იიობს ამას. ღმერთი ვერ იქნება სიყვარული. ეს უძლურთა და საკუთარი ხაშმიანი გულით გათანგულთა მიწყივ მამართლებელი ლიტონი სიტყვაა. ეს თეოლოგემა, დასახული საბოლოო ჭეშმარიტებად, არ არის კაცის მოღმრთეობაში უდიდესი მინაღწევარი. ჰოი, შორეულ დროთა ნეტარნო იუდიანნო, რომ გაუძელით ამ საცთურს და არ თქვით, რომ ღმერთი სიყვარულია. მოსეს, იეჰოშუა ბენ ნუნის, იაკობის ღმერთი ვერ იქნება სიყვარული და ახალმა კაცმა ეს არ უნდა მიიჩნიოს ძველი ღმერთის ნაყიშად და ნაკლულებად. ან თორა რა იქნებოდა, ან წინასწარმეტყველთა წიგნები, რომ მათ მოციქულთა წერილთამებრ ეუბნათ ღმრთის სიყვარულზე? რომელ დიდ წინასწარმეტყველს აუწყა ელოჰიმ-ცაბაოთმა, რომ ღმერთი სიყვარულია?
იუდეველთა შორის მრავალგზის პირწბილად შთენილი თორას ღმერთის დრამა არ არის მზადება და სვლა სიყვარულის ღმერთისაკენ, როგორც ეს ახალ კაცთა წიგნებშია განმარტებული. იუდაური ღმერთი და იუდაიზმი არ დასრულებულა სიყვარულის ღმერ- თით. თორას ღმერთისა და იაკობის ძეთა დიდი დრამა წინ არის.
მოციქულთა ეპისტოლეებში დაკნინდა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანიც. ასეთ კნინ და დიდად ენაუხვ ირგვლივეთში იიობებრი საგონისი არ იქნება და ვერც დავით მეფე ივაებებს ღმერ- თის განშორებასა და მისგან კაცის დაგდებაზე. მოციქულნი კრინტს არ ძრავენ იიობისა და ეკლესიასტეს ნასიტყვის სიმწარეზე. გალილეველი რაბის ჯვარზე გვემა ვერ გააუქმებს იიობისა და ეკლესიასტეს წიგნების შესაკითხს, როგორც ამას იზრახავს ქრისტიანული ღვთისმეტყველება. ვისთვისაც ღმერთი სიყვარულია, იგი ვერ იქნება ღამეულ ჟამს ღმერთთან მორკინალი და მისგან კურთხეული ღმერთმებრძოლი. ვისთვისაც ღმერთი სიყვარულია, ის უფრორე მუშაითი იქნება, ვიდრე მუშაკი. სადაც ღმერთი სიყვარულია, იქ ღმერთის მიწყივ კლებაა. სამყაროს გაუღმერთოებისა და ღმერთის სიკვდილის გამო მსჯელობა ქრისტიანობის წიაღ ჰგიეს.
ღმერთის მიჩემება და სამისხოდ დასაკუთრება მოხდა თეოლოგემით, რომ ღმერთი სიყვარულია. ვისი სული აღემაღლა ამის ძახილით და როგორ დაემეტა ამის განუწყვეტლივ მთქმელი მას, ვინც არ იტყვის, რომ ღმერთი სიყვარულია?
ურთიერთის მომტერენი არიან ეკლესიასტეს და იიობის წიგნები. ყოველი გამარჯვება ყამალეკზე, ჭირნახულის უხვება და ნახირმრავლობა, შვილთა სათნოება და მერჯულეობა, სხვანი სვენი და სახარელნი ყოველთვის ღვთის წყალობად გაიგება და ალალად ხარობს იუდეველი, უძნობს და უროკავს ღმერთს. თუ არა მისგან, მაშ ვისგან შეიძლება იყოს ესევითარი წყალობანი? ყოველი უსვეობა ღვთისაგან მოწევნილ რისხვად გაიგება და ალალად, ხმიერი ხმით გლოვობს იუდეველი. თუ არა იგი, სხვა ვინ მოავლენდა ესოდენ ოხრებას იაკობზე? მისით სულდგმულობს და ფშვინავს ისრაელი. ასეთ იდეურ გარემოში ძნელია ეკლესიასტესებრ ისიტყვო, რომ ყოველივე ამაოებაა. ამაოებასა შინა სახარელს ვერ იხარებ გულით და ვერც სატირელს მოიტირებ. ეკლესიასტეს წიგნი სამყაროში ღმერთის გების და მისი ვლენის თავისებური გააზრებაა. პლატონს რომ წაეკითხა ეკლესიასტე, რას გამოიტყოდა? პროტაგორასა და გორგიას რომ სცოდნოდათ ეკლესიასტე, ეს რას შემატებდა მათ სკეპსისს?
ეკლესიასტეს სკეპსისი კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ ყოველივეს ამაოება სატანს არ ედება ბრალად. სოფლის სიდუხჭირის გამო ეკლესიასტებრი სულთქმა და საწუხი თუ ისმის ქრისტიან მამებთან, ისინი ვერ უძლებენ ცთუნებას, რომ სატანს არ მიჰყონ პირი. ვერა რა იქნებოდა ეკლესიასტე, რომ მას ამაოებათა გამო სატანის მძრახველობა დაეწყო. ძველი კაცი ახლისაგან იმითაც გამორჩეული იყო, რომ მას ძალედვა ბოროტების აუღელვებლად ჭვრეტა და აქედან დიდი აზრის შექმნა.
არც იიობ, არც მეფენი - დავით და ეკლესიასტე თავის სავარამოში არ იტყვიან, რომ ადამის მიერ შეცოდების გამო ჰგიეს ესოდენი სასიავო მიწის ზურგზე. ბოროტების განმარტებისას, ადამის ცოდვაზე მითითება და სატანის კილვა ქრისტიან მამებს დიდად ახასიათებთ. სოფელი ბოროტსა ზედა დგას, რადგან ადამმა ეშმაური შეგონებით იცოდვა. ეს მცირაკი განმარტება სამაგალი- თოდ დასახულა ქრისტეს აქეთ საუკუნეთა სრბოლაში. მოტყებარი დავით მეფსალმუნე არსად უყივის სატანს, რომ აი, შენგამო სოფელი ბოროტის წიაღ სუფევს. ეგზომ დიდად მოთქვამს მეფსალმუნე თავის საგალობლებში და სატანისას არას იტყვის.
ქრისტიანული ღვთისმეტყველების უდიდესი ნაკლულება ისაა, რომ სატანის საკითხის მორალიზებით მამანი აუქმებენ ქრისტეს მონაღვაწს. თუ ქრისტემ ჯვარზე ასვლით გამოისყიდა ადამის ცოდვა, მაშინ ბოროტება კვლავ ადამის მცოდველობაზე მითითებით აღარ უნდა განიმარტოს. ადამის გამო შებოროტდა შესაქმე, მაგრამ თუ ქრისტემ ადამი გამოისყიდა, კვლავ მის ცოდვაზე მითითება სირეგვნეა. და თუ მაინც ადამის ცოდვითდაცემაზე მიუთითებენ შესაქმის ბოროტების ახსნისას, ეს განაქარვებს თეოლოგემას, რომ გარნა ქრისტემ, რამეთუ სხვა ვერვინ შეიძლებდა, გამოისყიდა ადამის დაცემა. ამ მესიანებრი ღვაწლის შემდეგ კი შესაქმე ბოროტში შთება კვლავ. ამ საგონებელის დასაძლევად კი ურთიერთმაბათილებელი თეოლოგემები ერთდროულად გამოიყენება, რომ ქრისტემ გამოისყიდა ადამი და სატანს სძლია და მაინც ადამის გამოა, რომ სოფელი ბოროტში მყოფობს.
თავის ურვილებაში იკითხავს იიობ: „სიბრძნე სად მოიპოვება და სად არის შემეცნების ადგილი?” (28:12). ბერძლ და ჰრომინებრ ასეა:
ἡ δὲ σοφία πόθεν εὑρέθη; ποΙîος δὲ τόπος ἐστὶν τη μης;
Sapientia vero ubi invenitur et quis est locus intellegentae.
რა არის იიობისათვის სიბრძნე? რა არის შემეცნება მისთვის, ვინც ნაცარში მჯდომი იტყებს იმ საგონისის გამო, რომელიც არავის განუცდია?
ვინ უწყის, რამდენჯერ შეითქვნენ ელი და სატან კაცის წინააღმდეგ. კაცნი საზაროსა და უცნაურს თუ ვერ შეიგებენ, სატანს აყივნებენ და ფიქრობენ, რომ ამით მაგალით მოღმრთეობას იქმიან. იიობის მატიანის დასაწყისიდანვე შეგვიტყვია, რომ ზეცის სირა შეთქმულა და მიმართულა ერთი უბედური კაცის წინააღმდეგ. ნაცარში მოტყებარ და მოფხანავ იიობთან უხილავად ჰგიეს სატან და აყურადებს იიობის სულთქმას. დიდი შეთქმული მოელის, რას აღმოიტყვის ბეჩავი კაცი.
რომელიმე ღვთისშვილმა თუ თქვა რაიმე იიობის მისხისა და სახვასტაგოს აღდგინების შემდეგ? განა ყველა ანგელოზი იქ არ იყო, როცა ელი სატანს შეეთქვა იიობის გულის სასინჯად? სატანმა რაღა თქვა? დასცინებდა იგი იიობს და დაიწუნებდა მისი ხვედრის ასე მობოლოვებას. იიობ ვერ გამოდგა სამეცნავში და ვერც მისმა მემატიანემ გონი ვერ აგონისა. თამიმ იყო ყუცელი კაცი. ასე იწყება ამბავი. რითი იყო იიობ სასახავად მართლიერი? კეთილი მემროწლეობითა და მეხვასტაგეობით, ალალი მენადიმეობით? აქ რა ისეთი მართლიერება უნდა ყოფილიყო, რომ ცას ასწვდენოდა და ცისიერთ ებრჭოთ მასზე? დიდი მემღვიმენი ისე დაშთებიან, რომ ოდენ სიმარტოვის შემზარაობაში წარემატებიან. არ იუბნებენ მათ გამო ცისიერნი, არავინ მივა მათთან. ეს მემღვიმენი თავის სატყებარს საფლავში ჩაიტანენ და ვერვის გაანდობენ მარტოობის ვარამს.
საუკუნეები მიიწურა და არ დასმულა საზარელი კითხვები იიობის წიგნის გამო. მისხით მისხამდე დამდაბლდა კაცი წყალობილი იიობის სახით და ამაოდ ჩაუარა მას დიდმა სატყებარმა. მაგალითად სახავდნენ თაობებში იიობის მოთმინებას და თავად მის მიმართ კი ყოვლად გულგრილნი იყვნენ რჯულის მამანიც და რიტორნიც.
მე დავიცავ და აღვამაღლებ კაცს და ვიდავებ ღმერთთან იიობის გამო. კაცის სადიდებელს ვიტყვი. შენ კი მოყვასო, შორიახლოს დგომა მაინც შეიძელ. კოცონს დავაგზებ და ერთი ღერი შეშა შენ შეუკეთე მას, მოყვასო.
მე ვიდავებ შენთან, ელი, როგორც არავის უდავია კაცთაგან. შენ შენს ღმერთობას იცავ უბედური იიობის წინაშე, მე კი კაცის კაცებას დავიცავ შენს წინაშე. ჯერ ეგრე რა არის კაცი და ღვთის მსჯავრმა იგი უფრორე კნინად განჰხადა. მივალ, მივუმტკივნებ ღმერთის მჭევრმეთქვობით ჩაგრულ-კოდვილს. იიობისადმი ღმერთის კუშტმა მომსიტყველობამ ჯავრის ალი გამიალა. ღმერთო, შენთან შედავების გამო რომ სალმობა შემდვა და გვემა წამკიდო, კრულმყო და მომაკვდინო, ვინ შეიტყობს ამას მოყვასთაგან? თუ ვინმე შეიტყობს ამას, იტყვის კაცის საშემწეოდ მცირაკს მაინც, თუ დაიმალება თავმდაბლობისა და მორჩილების სახელით?
არ შემოვისარტყლავ წელს, დავდგები და მოგიგებ: კაცი განა შენ არ აკურთხე, ელი, მედგრად რომ გერკინებოდა ბნელში? კაცმა გიყო ბრძოლა და გეამა. სასახელო სახელით სახელჰყავი იგი მისხით მისხამდე. დია ითნიე შენ, რომ კაცსა და მის ქვეყანას ღმერთმებრძოლი ეწოდა. ჰოდა, იიობიც იყოს იისრაელ. არ შეგბმია იგი ღამეულ ჟამს, არა უთქვამს რა მას სამოჯანყო. ავლში მოიჯდომებს, კეცის ნატეხით იქავებს მღიერს და ვალალებს. შენ კი, ელი, მუნით მუქარას შემოუთვლი – ვინ აბნელებსო განგებას უგუნური სიტყვებით? რას ედავებაო ღმერთს შარიანი კაცი? რა თქვა იიობმა უგუნურად? ალალ მეხვასტაგეს ესრე ეკუშტვი და რისხავ, დიდ მცოდველს ვითარღა ჰქონდეს შენი მოწყალების იმედი?
რაღა ისეთი გამოისიტყვეს იიობის ვარამის გამზიარებელმა ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა, რის გამოც შენ ასე განრისხდი მათზე, ელი? რა თქვეს მათ ისეთი, რაც სხვაგან არ არის ნათქვამი მოღმრთე კაცთა, დიდ და მცირე წინასწარმეტყველთა პირით? ამის გამო რად ეგების კაცის შერისხვა, ელი, რომ იგი ვერ შეიძლებს საღმრთო ბჭობას? მოეახლნენ იიობს სამთავენი, შემოიხიეს სამოსელი, თავზე მტვერი დაიყარეს და იტყებდნენ უსიტყვოდ იიობის გვერდით, გლოვობდნენ შვიდი დღე და ღამე იიობის გამო და დიდი საგონებელი გამოთქვეს ისე, როგორც გაიგნეს. ჭაბუკი ელიჰუ რად არ შერისხე, ელი? განა მან არ თქვა _ რაო ზეცას იმით, თუ კაცი სათნოებს? იყაბულე ღმერთო ელიჰუს ნათქვამი? ესე მიუგო ელიჰუმ იიობს, რომ რას შემატებო შენი სიმარ- თლით უფალს ან რას უნდა გამოელოდესო უფალი შენგან. კაცს ეხებაო კაცის უკეთურება და მისი სიმართლე. ესე თქვა ელიჰუმ (35:5-7).
მე მივუგებ ელიჰუს, რომ სწორედ კაცისაგან შეემატება ღმერთს. თუ კაცის კეთილქცეობით ცისიერთ არა შეემატება რა, მაშინ არა საერთო არ ყოფილა მიწასა და ზეცას შორის და საღვთო წიგნებიც ტყუილად დაწერილა. ელიჰუს ნათქვამი როგორ ითნიე, ელი? კაცის მესათნოვეობით ზეცას თუ არა შეემატება რა, ღმერთო, შენი ლევიათანის შამბიანში ცოხნა რას ჰმატებს ან მიწას, ან ზეცას?
ვევნე იიობის წიგნის კითხვით და კაცისათვის სანუგეშო ვერა ვპოვე რა მასში. ეს როგორ ეთნო უფალს, რომ მონანული იიობ მეინახედ იყო კაზმულ პურთან, იშვა და იხარა ნოვაგობითა და მოსმურებით? იიობებრი ურვის გარდავლის შემდეგაც კი მაინც ეს თუ არის კაცის ხვედრი, მაშინ ვაი ჩვენდა, მოკვდავნო. რაღა არის ზეცისკენ თავის აღება და იმ საგონისით მსჭვალვა, რაც კაცს კაცად ჰყოფს?
ელიფაზ თემანელი შეჰკითხავს იიობს: “რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?” (15:9). იიობის შეწყალების მიუხედავად, ელიფაზის შენაკითხი პასუხმიუგებელი დარჩა, ისევე როგორც მრავალი სხვა.
ელიფაზზე, ბილდადზე, ცოფარზე განრისხდა იიობის მტანჯავი ღმერთი და აგერ, ცოლმან იიობისამან უთხრა მოვაგლახარ კაცს: “დაწყევლე ღმერთი და მოკვდი“(2:9). მასზე რად არ ირისხვის ღმერთი? რად არ იქუშვის უფალი დედაკაცის ნასიტყვის გამო? თავის სამ მეგობრელს კი უხვაიშნა იიობმა მსხვერპლვითა და ლოცვით, მაგრამ არა ცოლს. ქალის ასეთი ნათქვამი არად არის ჩაგდებული იიობის წიგნში, მაგრამ მალაქ დავითის ცოლი ხომ შერისხა ელიმ, როცა იგი სარკმლიდან სიცილით უჭვრეტდა როკვითა და ძნობით მომავალ ქმარს? იიობისადმი ხესედის მოღების შემდეგ მისმა ცოლმა თუ ინანა თავისი სიტყვების გამო – დაწყევლე ღმერთი და მოკვდი. ქალმა როგორ განსაჯა იიობის ნატამალისა და საბადისის აღდგინება? დადგა დიაცი, თაფლიანი კვერები ტყიპა ნადიმებისათვის და უსმენდა, როცა იიობ თავს გადახდენილ ამბავს კვლავ და კვლავ მოუთხრობდა თანამეინახეთ? მეგობრებს ჰყვედრის იიობი ვერ კარგად ნათქვამის გამო და ცოლს კი არას ეტყვის. აბა ან ელიფაზს, ან ბილდადს, ან ცოფარს ეთქვა ასე, რომ დაწყევლე იიობ ღმერთი და მოკვდიო. რაც მათ მოისიტყვეს, მის გამო შეირისხნენ სამთავენი და ეს რომ ეთქვა რომელიმეს, რაღას შეაჩერებდა იიობ ხვაიშნობითა და მოაჯეობით ღვთის შურისგებას?
ჰე, შემეცნების მძებრნო, დაგიმძიმდათ წითლოსანის ნათქვამი და ჰგონებთ, რომ სამერმისოდ საგონისს აღგიმცირებთ? არა, უფრორე დაგიმძიმებთ საგონისსა და სადაგავს. კაცთაგან თქვენ იქნებით პირველნი, ვინც ამას შეიტყობს და მასზედ ფიქრი დაუღარავს გულის საკვრელებს. ვირემ სამძიმო აზრის უჩვევნი ხართ, კრულვას დამიწყებთ და ბოლოისად გულში სამადლობელს მეტყვით. ცეცხლსა შიგან სარიტოროდ გამოგკვერავთ. თქვენც წითლით შეიმოსებით და უყთაკენ მიმლტოლვარენი იქნებით.
იიობის მატიანე არაა ტრაგედია, ვითარც ოიდიპოს მეფის ხვედრი. ელინებთან ბედისწერა ღმერთებზე მაღლა მდგომია და ყარიბად შემდგარი გაძევებული ოიდიპოს მეფე ისე ვერ მოიჩივლებს ღმერთებთან თავისი ბედშავი დღეების გამო, ვითარც იიობი. ცრემლს მოჰგვრის კაცს თვალდავსილი ოიდიპოსის მოთქმა, მაგრამ სოფოკლემ მაინც ვერ შეძლო ოიდიპოს თეოპტისტოსის სატყებარის გადმოცემა. აქ მეტი უნდა თქმულიყო, რამეთუ ეს ტრაგედია დაიწერა მითისა და ფილოსოფიის ერთობილობის ქვეყანაში. მოხრავი კაცისა და ღმერთების დიდი დავა უნდა გამართულიყო სოფოკლესთან. ვერც იიობის მატიანის უცნობმა შემთხზველმა შეძლო ბოლომდე გაეძლო იმ საგონისის სიმძიმისათვის, რაც მან იტვირთა იიობის ამბის დასაწყისში. კაცსა და ღმერთს შორის ასეთი საუბრის შემდეგ ყველაფერი მეტისმეტად ბანალურად ბოლოვდება. უკეთესი იქნებოდა იიობის წიგნს დღსამომდე დაუსრულებელი სახით მოეღწია, ვიდრე ის, რომ მას ჰქონოდა ასეთი სამოზღაპრო დასასრული. თავად იიობმა დაივიწყა კაცთათვის არგაგონილი თავისი სალმობა და მხოლოდ იმიტომ მოიხსომებდა ამას, რომ ხადილობისას მოეთხრო პურისმტეთათვის. აღუდგინაო უფალმა იიობს ძმები და დები. მოვიდნენ და ანუგეშებდნენ მას გარდახდილის გამო, მაგრამ ვისი რა ნუგეში შეეწეოდა მენადიმე იიობს და ვინ ეტყოდა მას ღვიძლ ძმათაგან უფრო გზიანს, ვიდრე ელიფაზმა, ცოფარმა და ბილდადმა უთხრეს? შეთქმულ უხილავთაგან შეჭირვებულმა და ნაცარში მჯდომმა თავისი სამი მოჭირისუფლის ნუგეშინი დაიწუნა და ვისაც არ უხილავს მვები და ცხროიანი იიობ და არ მოუსმენია მისი მოთქმა, ის რა ნუგეშს ეტყოდა ღვთისაგან ოტებულს და როგორ ითნევდა ამას იიობ? განა პირს არ დაუყოფდა მათ და მიუგებდა იიობ, რომ ან ჩემი რა შეგისმენიათ და ან გრიგალიდან ჩემდამი მრისხველი ღმრთისა? რას მანუგეშებთ, რაც თავად არ უწყით და რომც გეხილათ, იუწყებდით კია?
რად არ შეჰყვედრა იიობმა აღდგენილ და-ძმებს და ყველა თანამეინახეს, რომ ნარიოშალია მათი ნუგეშისცემა და გულს ურევს მას მათი თხოვნა, რომ გარდახდილი ამბავი მოუთხროს მათ? იიობის წიგნის ბოლოში ამისი თქმა დიდად ჰხამდა. წერილთამებრ შვიდი ვაჟი და სამი ტურფა ასული ჰყავდა იიობს და მისცა მამამ ასულებს წილი. შვილთაშვილებს მოესწრო მეოთხე თაობაში იიობ და ასორმოცი წლისა აღესრულა. გაძღაო იგი სიცოცხლით. არც შვილთაშვილთაგან დააფიქრა ვინმე დიდი პაპის დიდმა ურვამ და ამ ურვის ასეთმა დასასრულმა.
იიობის ნადიმებზე ელიფაზი, ბილდადი, ცოფარი და ელიჰუ ყოველთვის იქნებოდნენ და თუ თქვეს მათ სიტყვა, ესე რომ მოებოლოვა იიობს? ჭაბუკმა ელიჰუმ, ღვთის დიდების ხატიანი სიტყვით გამომგებელმა რად არა თქვა რა? ყველამ ჭამა, სვა და იცინა? იიობის ამბავი დაიწყო ისე, როგორც არსად არაფერი დაწყებულა ადამიანის ისტორიაში და დამთავრდა როგორც მოზღაპრეობა. დიდი დავა მართალ კაცსა და ღმერთს შორის დასრულდა კაცის სრული დაკნინებითა და გაარავებით.
მიწას რომ ვაფუძნებდი, შენ იქ არ ყოფილხარო, – ამტყუნებს ელი იიობს. მრავალს ჩამოთვლის ღმერთი კაცის სამუნათოდ. ლომს შენ უნადირებო მსხვერპლს? საზრდოს ვინ უმზადებსო ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიანო? ესე შეაღონებს ღმერთი მახვრალ იიობს. ვერა რა სიტყვას გამოუგებს იიობი ღმერთს.
ეგრეღა ხარ შენ, ელი, რომ წუხილით ველად რბიხარ და ყორნის ბახალებს საჭმოს უძებნი? ლომის ბოკვრებთან შენ მიგაქვს ლეში? ფარშევანგს შენ მიეცი ზარიფი ბუმბული? ესე აუწყებ მვებ იიობს, რომ ყველგან შენ ხარ და ყოველივე იძრვისი შენით არის, ელი. გარნა თუ კაცი ესე დაისკვნის, რომ ჩიტის კვერცხიც არ დაიდება უშენოდ, ფოთოლი არ შეირხევა და ნამი არ გატყვრება, რომ არა შენ, მაშინ ბუნება ყოფილა ღმერთის ასპარეზი და სამუშაკო. გარდასული დროის მმეცნავმა კაცებმა ამაზე ფიქრს შეალიეს მრავალი დღე. თუ ყოვლიერი შენით არის, ელი, კაცს რაღა რჩება? ეს თეიზმისა და დეიზმის ბრძოლაა და შენზე უკეთ ვინ უწყის, ელი, რომ დეიზმმა გაიმარჯვა. ღმრთის სიდიადეს შესაქმის წიაღ საქმე გამოლევია, რომ ფარშევანგის კუდს ალამაზებს, ყორნისა და ლომის ნაშიერთ ლეშს უძებნის? განა მხოლოდ ეს არის, ელი? სიავით სავსეა შესაქმე და შენმა კუშტმა რიტორებამ იიობის წინააღმდეგ, უფრო დამიმძიმა ეს საგონისი. შეიჭვნა და შეიჩმახა პირი ჩემი. რად ჰყვედრი იიობს, რომ ფურირემს და მის მშობიარობას თუ ადევნებო თვალს? მე მოგაგებ ამაზე სიტყვას, ელი. კაცისა კი არა, ღმერთის თვალია ყოვლისმხედველი. შვლის ნუკრმა რამდენჯერ შემოგბღავლა, როცა იგი ველის ნადირმა დედას წაუღო? კრავს რომ მგელი გლეჯდა, რად არ ისმინე? ღარიბი ძლივს გამოზრდის წიწილს და თავის ბეჩაობაში მას შეჰხარის. მოეტევება ქორი და უმალ წაჰგვრის მას. ისე ვაებს ღარიბი, თითქოს ქვეყანა დაიქცა. ამ წიწილის გარდა სხვა საბადისი მას არ უვის. გუგული თავის ღლაპს უცხო კრუხს აზრდევინებს და შენ რად არ ხედავ, ელი? კეთილად მუშაკობს ფუტკარი და ნექტარით დამძიმებული სკისაკენ გამოსწევს. ობობას ნაქსელავში გაებმება და მოისრება. შენ სადა ხარ, ელი და რად არ იურვი მათზე? ამისას რად არ ეტყვი იიობ მოხრავს? ყორნის დამშეული ღლაპის ყრანტალი გესმის და გამოიჩქარი მისკენ. შვლის ნუკრისა და კრავისა რად არ გესმის? ნადირ-ფრინველთა ნაშიერთ ეზრუნვი და კაცი კი ოხრად გდია მიწის პირზე. ძლიერნი დაუკარგავენ კაცს მის მართლიერებას და სიალალეს, კუთვნილ ლუკმას გამოუწყვეტენ და გაღლეტენ მას. ეს არის ჩემგან შენამზირი, ყოველთა მსრველი სოფელი მომღერალი. შენ სად ხარ ამ დროს, ელი? ვერ პირი დამიყო, ვირემ სიტყვას არ მომაგებ. მე მასმინე სიტყვანი ზენანი ჩემგან შეკითხულის გამო. სიავით განვსილა სოფელი და იტყვი, რომ ჩიტებს ვუძებნიდიო დასაპურებელს? იტყვი, რომ იქ არ ვიყავიო, როცა ალალ კაცს მოშრომილი დაუკარგეს? შენი მიმხადელი ჩაგრული კაცი კვდება შენს მოლოდინში, კაცთა სამართლის იმედი დაჰკარგვია მას. შენ კი ბოკვერსა და ბახალას მოურავობ ისევ, ღმერთო. ეგ რაღა სათქმელი იყო იიობთან? ნაცარში ჯდომით ვალალებს ცხროიანი კაცი, შენ კი ღმერთო, კიდევ ჰყვედრი, რომ სად იყავიო, როცა მიწა გამოვსახე. ბოკვერს საბუნაგეში უმზერ, რათა დაანაყრო და აგერ კაცთა ხომლეული შიმშილით მომყმარა და მომწყდარა. უსამართლობას შემოუდნია ხელში ათასობით მაშვრალი და ბეჩარა კაცი. შენ კი ღმერთო ყორნისას იტყვი მოხრავ იიობთან. აღოღდება უნასი ჭივჭავის ბუდემდე და ბარტყებს დაუჭამს მას. მოთქვამს დედა და შენ არ გაიგონებ, ელი.
აგერ, ყმაწვილი ქალი მშობიარობს და იღუპება. შვილი ობლად შთება. სულ მცირე სჭირდებოდა მშობიარეს და ვერვინ შეუტყო უფრორე უმეცრების, ვიდრე უქონლობის გამო. ობლად მშთარი მცირე ყმა მომყმარია და ხმიადს მონატრულია. დაჰკარგვიხარ ობოლს ღმერთო და ნადირ-ფრინველთა ღლაპებს კი ეურვები. იქედნე დაგესლავს ყრმას და იგი აცრემლებულ დედას ჩააკვდება ხელში. არ მოხვალ და არ აღუდგენ ძეს მოტყებარ ქალს.
ნაყიშად აღუნუსხე იიობს და კაცთა მოდგმას, რომ ღრუბელს, ჯანღსა და ელვას ვერ იყმობო, ვერ გაზომავო სიღრმეს. მოიდუმა იიობმა და ვერა რა თქვა პასუხად. მე მაქვის სათქმელი. გაზომა კაცმა ქვეყნის სიმრგვლე, ცთომილთა მანძილებიც დასაზღვრა. შესაქმის ძირებს იძიებს მეცნიერი. ცათა წიაღ აიჭრა იიობის ნატამალი ფრთამალი მანქანით და მიწაზეც მობრუნდა. კაცის ცად ასვლა ღვთისმეტყველებაში ცოდვად მიიჩნევა. მიწისგან შექსული მიწას უნდა დააკვდეს და მიწას ამოეფაროს. კაცი კი ცად ავიდა და ჰაერის ოკეანის საზღვარსიქით გააღწია. ცეცხლისმფრქვეველი კიდობანი შექმნა საამისოდ და მოაქამდე მისი სრულქმნისათვის მუშაკობს კაცი. ღია კოსმოსში გავიდა იგი და დაზიანებული ხელსაწყო ხელით გამართა. განა ეს ცოტა იყო ელი, რომ არ მიეახლე შენს შექმნილს, საუკუნოდ კრული ადამის ნატამალს? ისე შექმნა კაცმა ვარსკვლავეთში მფრენი კიდობანი, რომ შენი რჩევა არ გაუგონია, თუ რამდენი წყრთა სიგრძე დაეჭირა და რამდენი სიგანე. ნოე კი თავის კიდობანს შენი რჩევით აგებდა. უმზერდი მოფუსფუსეს, შეეჭირვა მას და შენ შეეწიე. სულ მასთან იყავი. ფიცარს შენ რანდავდი, ელი, შენ დურგლობდი და უსტაბაშობდი ნოესთვის. შენი მესავი და მიმხადელი ნოეს კიდობანმა ოდენ წყალთა ზედა იტივტივა და ეგ იყო მხოლოდ. შენი არსებობის უარმყოფელმა და რჯულის დამვიწყებელმა მეცნიერმა რკინის კიდობანი ძალუმად მცემელი ცეცხლით ააცეკვა, ვარსკვლავეთში არონინა, მუნითგან ხმა მოაწვდინა კაცთ და მიწაზე ძლევით შემოიქცა.
იობის ჟამს ყოფილიყო ესეთი ცოდნიერი კაცი და იტყოდნენ მასზე, რომ იყოო იგი ეშმაებრ მოგვი, მჰაზრავი და მანქანიერი. რომელიმე დემონის ნაშიერად დასახავდნენ მას და იქნებოდა რიდი და ძრწოლა მის წინაშე. ახლა ასეთ კაცებს ძაღლად არ აგდებენ ქოს-ქამანჩას აყოლილი მოყვასნი. მოიწყინა მოყვასმა მეცნიერთა მრავალცოდნიერობა და საესავად სახიობა გაიხადა. ესეთი მეცნიერი კაცი რომ შესწრებოდა იიობის ნაცარში გლოვას, რას იტყოდა ის ღმერთზე?
მეცნიერმა მრავალღონემ სხვა კიდობანი ზღვის სიღრმეთა შიგან შთაუტევა და ბოლომდე ჩააღწია მისით ფსკერზე. წინასწარმეტყველი იონა დიდმა თევზმა შთანთქა და მის სტომაქსა შიგან მყოფი კაცი შენ გვედრიდა დახსნას მუნით. შენით შთანთქა, ღმერთო, დიდმა თევზმა ურჩი იონა და შენით უხრწნელი ამოანთხია, გარნა დიდ წყალთა ძირის მჩხრეკელი კაცი ისე ჩავიდა და ამოვიდა, შენ არც გახსენებიხარ, ელი.
მიწის ღრმა ქანები შეისწავლა კაცმა და გეოლოგიური ეპოქების დადგენით მილიონობით წელი დაითვალა შესაქმის ასაკად. წისქვილის დოლაბივით გახვრიტა კაცმა მიწის დაფარული დაბლარები და ისეთი სინჯები ამოიღო, შენს გარდა რომ მოაქამდე არავის უნახავს, ელი. შესაქმის დღეები და შენგან კაცის შექმნა მეცნიერმა თავისი ცოდნიერობით სადავო გახადა. დაიწუნა მან ადამის ამბავი და ზღაპრად მიიჩნია.
მიწის ბურთს შემოუარა კაცმა და მისი სიმრგვლე ესე იმეცნა. ორივე პოლუსზე გავიდა კაცი და თოვლის საცავებში შეაღწია.
მიწის ზურგზე ხომ ჩხრეკს კაცი და არ ისვენებს, ცთომილებს უმზერს და ხელსაწყოებს გზავნის მათკენ. შორეულ ვარსკვლავშობილთ საარაკოდ მოხელოვნებული სამზერით ჭვრეტს და მათ რაობას მათივე გამონაშუქის მიხედვით იძიებს. აქ კაცისგანვე მოგონილი ხელსაწყოა მისი მეოხი და იმედი. ხელსაწყონი რომ მოქმნა მეცნიერმან, შენ როდის მო-ცა-გხადა, ელი? შენი მიმხადელი ყოფილიყო მეცნიერი ხელსაწყოს მოქმნისას და მიხვიდოდი მასთან, ელი? ოდენ ხელსაწყოთა იმედზეა ბუნებისმჩხრეკელი.
გონების ჯაჭვით შებოჭა და იყმო კაცმა ელვა და ელექტრონი. აღარც არის საჭირო, რომ ელვამ მიუგოს კაცს დაძახილზე: “აქა ვარ”. ის სულ კაცის წინაშე არის. იიობის ნატამალმა კაცმა ატომბირთვი გახლიჩა და ელექტრონზე ძალუმი ცეცხლი თავისად იმსახურა. ამით ითამიმა საუკუნოდ შერისხულმა ადამის შთამომავალმა. რად არ შეუქე კაცს ესევითარი ნაქცევი, ელი? მოიხილე ღმერთო რა საჭურველნი შექმნა იგი მჩხრეკელმა. დილის ცვარივით ააორთქლებს შესაქმეს მისი საჭურვლის ცემა. მიწისქვეშეთში ამაჩქარებლებს აგებს კაცი, რათა უხილავი ნაწილაკები ერთმანეთს დააჯახოს და ამით ცხადჰყოს დღესამომდე დაფარული. ვერას ხედავს კაცი ამ ნაწილაკთაგან. კაცი კი არა, ანგელოზიც ვერ დაინახავს ამ ნაწილაკებს. არ უხილავს კაცს არასოდეს ეს ნაწილაკები, მაგრამ ზუსტად უწყის, რომ ასეა. უხილავ უმცირესს გონების გუმანით ხედავს კაცი მრავალმოსწავლე და ღვთის ქალაქის დანახვას კი აღარ ლამობს. რომც საჩინოჰყო სახილველად ამა ქალაქის ბჭენი, ძნელად თუ გაიხედება მისკენ მეცნიერი.
რასაც ხელი არ მოეკიდება, ის ხელჰყო კაცმა და საშინელი საჭურველი აღქმნა. იმეცნო მეცნიერმან ნეიტრონი და ნეიტრინო და განა მოისვენებს? უფრო შორს იზიდება იგი, რადგან ეს არის მისი საომე ალაგი. საკვირველ არს კაცის საშემეცნებო ნიჭნი და შენ არსად გითქვამს, ელი, რომ ვიჰ, კაცსა მრავალმოსწავლესა და ცოდნიერსა. ბევრს იჩემებენ საყდრის მამანი და იტყვიან ხშირად, რომ უფალმა ესრე გვაუწყაო ხილვისას. რად არ აუწყებ ღმერთო მათ, რომ დია გეთნო მრავალღონე კაცის ცოდნითქცეობა. ახლანდელნი მამანი ისე ღაღადჰყოფენ სულთა მტილად ყვანის სწავლებას, რომ თითქოს არა რაი მოეპოვებინოს კაცის მაძიებელ გონებას.
სეტყვის საცავშიც შეაღწია კაცმა. მიწიდან გაისვრის და თავისი საჭურველის ცემით ღრუბელთა შიგან სეტყვას დაადნობს. სხვას გაისვრის კაცი ცაში, განაქარვებს საავდროდ შეყრილ ღრუბლებს და შეცვლის იგი ტაროსს.
ეს საჭურველნი არა ზეგარდმოჩინებით გამოხელა კაცმა, არამედ თვისით. შენ არ გხადოდა და გიყიოდა საშემწეოდ კაცი, ოდეს ძალოვან მანქანათა მექმედ იქმნა იგი, ღმერთო. უტყვი ქირისკაცივით გაიხადა კაცმა მანქანა და მანქანით სხვა მანქანებს მოქმნის.
კაცისგან შენ არის ესევითარი მაღლოვანი, ცაში გახირული სრანი, რომ ბაბილონის გოდოლი რაღა სახსენებელია.
გენომი იმეცნო კაცმა და ჰიბრიდულ არსებებს ქმნის. სხეულის მოკვეთილ ასოთა მიბმა და გამრთელება შეიძლო მეცნიერმა, ორგანოების გადანერგვა ისწავლა, ხელოვნური გული შექმნა.
ლომ-ვეფხვნი და დათვნი გაწვრთნა კაცმა, ბურთზე და რგოლ- ში ახტუნა. კაცმა უმეცნიერა ამ მძვინვარე მხეცთ და გაიგო მათი ზნე, გამოწვრთნა ისინი და შოლტით გამოირეკა წინ. შენ არ გახსენებიხარ ღმერთო მას. კატებივით დასდევენ ლომ-ვეფხვნი კაცს, მათ მასწავლებელს. შოლტითა და არგანით მოწვრთნა ისინი კაცმა. შენს სახელს არ უხსენებდა ნადირთ კაცი, ღმერთო. მავანმა მემღვიმემ ერთი ლომი ძლივს შემოიჩვია თავის სამყოსთან, შენი სახელის ხსენებით. შემეცნიერებულ კაცს ღმერთი არ უხსენებია და ისე ათამაშა ბურთზე ლომ-ვეფხვთა დასი.
ყოველივე ხელ-იწიფა კაცმა, კოსმოსში აღვიდა, ზღვათა შიგან შთაეტევა და წყალთაგან დაფარული იძია. კარში გამოდი ღმერთო და იხილე, ვითარ რა მოიხელოვნა კაცმა. განა კი ვერ ხედავ, გარნა არ შეიტყობ. იხილე მანქანათა მოქმნულობის სისრულე. ისეთი ხელსაწყონი მოიხელკეთილა კაცმა, რაიც ბეჩავ იიობს დიდნი სასწაულნი ეგონებოდა. იხილე კაცი ხელგამომავალი და გარჯით მარჯვე, რომელმან გამოთითნა და მერმე სრულჰყო იარაღნი სამუშაკონი. არ ეგების შენგან ჰაირათის დამალვა, ღმერთო. განა სახარელი არ არის შენთვის კაცი მანქანათა მზმელი და საარაკო ხელთუფალი. ეგზომ ხელოვნად აღქმნა მან გამომთვლელი, დამწერი, მფრენი და საომარი ხელსაწყონი. ყივის დიდი ყივილით მანქანათაგან შოებული კაცი და ვერ ისვენებს. წაართვი კაცს ყოველივე ეს ღმერთო და სასუფევლიდან ადამის კრულვით გამოგდებაზე უარესი უბედურება იქნება მისთვის მანქანათა და ხელსაწყოთა დაკარგვა.
მოვიხილე შემეცნიერებული კაცის მონაღვაწი და რუდუნებული და ვიფიქრე: რად შერისხე ესრე გულმოწყედ კაცთა მამა ნაყოფთა გამო, ელი? არ ეხმია იგი ნაყოფი ადამს და მისი თესლის ნაგრამ-მონაგარიდან ვინ რას მოიხელკეთილებდა და მოიხელოვნებდა? ვინღა მოჩხრეკდა ბუნებას? ადამ რა მჩხრეკელად ვარგოდა მტილთა შორის? თიხისგან გამოსახე შენს მსგავსად კაცი, ღმერთო და მალევე განაძე შენგან კრულვით. რამდენჯერ მოავლინე კაცზე წყევლა და წყმედა, მისი ნატამალი აღხოცე მიწის პირიდან თვინიერ ნოესი და მაინც შეიძლო შენგან სვეწაგვრილმა, რომ შორეული ვარსკვლავი იბადება, იგი კაცი კი სამზერით მოიჩქარის და გულდასმით ჭვრეტს მას. დუმის ღმერთი და მჩუმარებას რაცხს უმჯობესად.
საქნარნი სახელისანი ქნა მომეცნიერე კაცმა. მცირეჟამს მოილოდინე ღმერთო, ჭვრიტე კიდევ რა განსაკვირს მოქმნის იგი კაცი. რაღაა შენი ლევიათანი? წევს შამბიანში, კედარივით კუდს იქნევს და არა რაი უწყის კაცის ნაქნარისა. მაგას დაუყენებ ღმერთო, ჯუფთად და სწორფერად შემეცნიერებულ მოუბნარსა და მანქანათა მექმეს? იყოს კაცი ლევიათანის გამღვიძებელი. ვინც ატომის ცეცხლი დააკვესა და გააღვიძა, მას ლევიათანის გაღვიძება რაღად უჩნს? გამოუშვი ღმერთო კაცისკენ ეგ ურჩხული და იხილე, ვითარ მოჩანგლავს, დაჰკოდავს იგი მას და ბავშვებს მიუგვრის სათამაშოდ. იბადურებს კაცი მრავალღონე და ბადეში გაჭიქნილს მოიხვეჭს ლევიათანს, მოამშვიდებს და გახედნის მას. გუთ ნისათვის თუ არ გამოადგება იგი, კაცი ნახერხმოყრილ ასპარეზზე აჯირითებს მას თავშესაქცევად.
ცა ცობს იმით, რომ ბუნების მმეცნებად მოსწრაფე კაცია მისი მჭვრეტელი, მისით აღტყინების გამომთქმელი, მასზე ჯავრიანად მფიქრველი და მუნ ასვლის დიდად მდოსანი. კაცია იქცევისის ქცევის გამომთვლელი და არა ლევიათანი. მეცნიერი კაცი გაიმზერს ცთომილთა თავანისაკენ და წაიტყვის იგი, რომ მუნშიგან არსად ჰგიესო ღმერთი. ცის მჩუმარების მჭვრეტი იმეეჭვებს დიდად და იმასაც წაიტყვის, რომ თვინიერ ცათა სკნელისა არა იქნება რა ღმერთის სამყო და ვანი, გარნა მე ვერ მიპოვიაო იგი მოაქამდე. კაცმა, ყოვლად ბეჩავმა, ბუნებისმჩხრეკელობაზედ მოხარულმა მოიმეცნიერა შესაქმე. ლევიათანი კი ლელიანს არ გასცილებია. აბა კაცისათვის გენიჭებინა ლევიათანებრი გვამოვნება და ძალოვნება, ღმერთო. ჯერ ეგრე რა ქნა ამ მტვერმა და მერმე რაღას იზამდა? არა გაიმეტე რა მისთვის ღმერთო, როცა მან თავისი გონება აყივლა და აჩაუქა, მისი ძალა დასტურჰყო შენს წინა- შე. ისიც საჩინოქმნა კაცმა, რომ ტყუილად არ განუგემია ადამს შემეცნების ხისაგან. რაც მამას შესარგოდ უხამდა და ვერ კი შეირგო, ის შვილს შეერგო და ძემან ადამისამან ეს მრავალცოდნიერობად გამოუტევა.
არას იმეტებ კაცისთვის ღმერთო. ერთხელ გამოსახე ასეთად ადამი და მიაგდე იგი მიწის ზურგზე საგვემ-სავაებოდ. მიდი ცოდნიერ და მაძებნიერ კაცთან, ელი, ვითარც მოსესთან მიდიოდი, ვითარც გედეონთან მიდიოდი. მიდი მის ნატამალთან, კვლავ ერკინე მას, ვითარცა იაკობს და აკურთხე იგი შენს წინააღმდეგ ჩაუქობის გამო. აკურთხე არა შვილთ-სხმით და მისხთა მრავლობით, არამედ სიბრძნემრავლობითა და ნაუნჯი ცოდნიერობით. მე, წითლოსანი ამას გვედრი შენ, ელი. უფრო ლევიათანი გეთნება შენ, ვიდრე კაცი, საუკუნოდ კრული ადამის ნაშიერი. ამად ვვაებ მე, იიობისაგან შთამოსრული და გამუნათებ შენ, ელი. მაძებნიერობაზედ მოხარული კაცის შებრალება გიხამს, შენ კი არ შეიბრალებ. მრავალი ჟამი წარილტვა მტილთაგან ადამის განთხევის შემდეგ და კვლავ ამის გამო ესრე ქუშვა და ქადილი კაცის მომართ აღარ ეგების. მიწყივ მდურვას რისად მიუთხრობ ბეჩავ კაცს, ელი? არ ეხმია ხისგან ადამს და ვითარღა იქნებოდა კაცის ჟამი და შენი განგება მასში, ღმერთო? არ ეჭამა ადამს შემეცნების ნაყოფი და მისი ნატამალი განა შეძლებდა ესევითარ ცოდნიერობას? ადამის შიშლოება და მტილად გება გეთნებოდა და მისი შვილთაშვილის მრავალმოსწავლეობა რად არ გეთნება, ელი?
ბუნებას გულდასმით ჩხრეკდა კაცი და ამბობდა- არსად არისო ღმერთი და თუ იგი სადმე არის, მეჩვენოსო. განა შენი ძახილითა და მიმხადელობით, განა სინანულითა და თავდადრეკით, არამედ შენი უარყოფით და შენთან ბრძოლით მოიმეცნიერა კაცმა ყოვლიარი, ღმერთო. შენ ადამი განითხიე შენგან, მისმა შვილთაშვილმა კი შენ განგითხია თავისგან, ღმერთო. ეს დიდად მაკვირვებს და საგონებელში მაგდებს. ვისი მამაც შენ ნაყოფთა გამო საუკუნოდ კრულჰყავი, მან ესევითარ მრავლის ცოდინი შეიძლო. არა მღვდელმა, არამედ მღვდლისაგან გამოქცეულმა და მისგან დამალულმა პირნაქცევმა კაცმა შეძლო განსაკვირი ღრმამსიტყველობა და მჩხრეკელობა. სათავის ქვად დადო მან თავისი ნააზრი. მღვდელს უხამდა ესევითარი მუშაკობა და მცირაკიც ვერ შეძლო მან. რად არის ასე? ღვთისმსახურს უხამდა შესაქმის მომეცნიერება და ის ამ საღვაწოს სათოფეზე არ გაეკარა. ღვთის უარმყოფელმა კაცმა კი ამ საღვაწოში ნეფილიმური ნაბიჯებით იარა. მივეჭარბე ამ საფიქრალს და დიდი მეეჭვობა შემედვა.
მცდარად ისწავლებიან მღვდელნი, როდესაც მანქანათა სატანურ წარმოშობილობაზე მიუთითებენ. ისინი იტყვიან, რომ კაცს გონების ყველა მინაღწევარის დაგდება უხამს, რათა ღვთის წალკოტთა წიაღ კვლავ ადამებრ ცხოვრებას შეეყენოს. თუ ეს არის სასახავი ქცეობა და სულთა მტილად მყვანი უმცდარი გზა, მაშინ თავად ღმრთის ხელით მოითხაროს შემეცნების ხე, რა კაცი ყველა თავის მეცნიერულ ღვაწლს გაუშვებს ადამებრ ადამობისათვის. ადამის დაწყევლის შემდეგ, ამდენი ათასწლეულის სისხლით გავლის შემდეგ, რად არ ანიჭებ კაცს უფრო მეტს, ელი? მოიეც მისადმი სასიბრძნო ნიჭნი. ვცოტაობ იმას, რაც ადამს ანიჭე და იმასაც ვცოტაობ, რაც მას ძველი გველისაგან ენიჭა. ვერ კმამეყო შემეცნების ხის ნაყოფი და უმეტესის სურვიელი ვარ. თუ იგი ხეს სხვა რამ ნაყოფი შერჩენია, თავად შენ გაუწოდე კაცს იგი, ელი. რისთვის მსხმოიარებს იგი ხე ამდენი ათასწლეული, თუ მის ნაყოფს არავინ მოისთვლის? ხე იგი მოსთვლილია უკვე ძველი გვე ლისაგან და მოსამცვრევიც თუ არა დარჩა რა მას, ამოძირკვე იგი და სხვა ხე ახარე, ელი.
სასწაული არ არის, ღმერთო, რომ იიობის შთამოებამ ეგზომ დიდად იმეცნიერა. ყოველივე მეცნიერობა კაცმა თავისი ცნობით აღქმნა, გარნა ისევ ისე ვაგლახად არის მიწის პირზე შთენილი და ამას ვერა ძალი ვერ უყო.
შეჰკითხავს იიობ ღმერთს: “რა არის კაცი, ასე რომ განადიდე და მას აპყრობ გულისყურს?” (7:17). მე პასუხ-ვუგებ მვებ იიობს: კი იტყვი ამას, მაგრამ რად არ იმდურვი კაცის ხვედრის გამო ღმერთთან? ამდენი მოტანჯულების ბოლო კვლავ ის როგორ არის, რაც თავში იყო? განა იიობის წარმოთქმულ კითხვებს ნუზლისა და ხორაგის უხვებით გაეცა პასუხი? უფარსაგა უფალმა დიდ მოთმინარს, ნიჭებულჰყო ძემრავლობითა და საბადისით, გარნა სასიბრძნო საუნჯე არ აღირსა მას. მხოლოდ სახვასტაგო ნიჭნი მოილოდინა იიობმა თავდადრეკითა და თმენით. იპრიანა უფალმან, წყალობა მიჰხადა იიობს და მისი სამი მოავანჩავანეც შეიწყნარა, გარნა ამ წყალობით ღმერთმა კაცი თავის კაცებაში უფრო განამტკიცა და აღამაღლა კაცის ირგვლივ შემორტყმული ის გალავანი, რომლის გადალახვაც შემმეცნეს უთუოდ უხამს.
რად ვერ ჰპოვე პოვნიერო და ხვასტაგაქუხებულო იიობ სიბრძნე და შემეცნება, რომელსაც შენდათავად იკითხავდი? განა შენ არ მოთქვამდი სად იპოვებაო სიბრძნე და სად არისო შემეცნების ადგილი? ღმერთმა ნამრავლი საბადისი მიუჩემა იიობს და დაავიწყა ის, რასაც ვაებით კითხულობდა. პუროვნება და სმეულობა დაიდვა იიობმან და მეჰმანთ შეჰხაროდა.
თუ კაცის ხვედრი იიობებრი სალმობის გარდასვლისას ისევ ის დიდმექონობა არის, რაიც ბევრეულთ უტანჯავ-უდაგავადაც ეძლევათ, მაშინ დიდად ბედშავი და უვარდო ყოფილა კაცი და ამას ზესთასოფლის ნიჭებაც ვერ განაქარვებს. იიობის წიგნთამებრ, კაცს ამის გააზრებაც არ ძალუძს. იგი თავს დაიდრეკს პოვნიერობისა და მოჯალაბეობის გამო. ბეჯითად დაივიწყებს კაცი თავის უვარდობას და იმ თალხიან სამეცნავს, რასაც ეს უვარდობა აღმოშობს ყველა დროის კაცთათვის. და თუ ეს ასეა, ჰოი, ჯავრო შეუწონელო, მაშინ უარესად პირმოთნეობს და სცრუობს იიობ მოყალმული რჯულისა და მეკეთილე ღმერთის გულისათვის, ვიდრე ელიფაზ, ბილდად და ცოფარ სცრუიან, რომელთაც მოტყებარი იიობ ამხელს როგოც მქისედ მოუბნარ უფლის მაამებელთ და მეთნავთ. ამუნათებს იიობ ელიფაზსა და ცოფარს, რომ ღვთის გულისათვის ამბობთო სიცრუეს (13:7), გარნა თავადვე იცრუა იიობმა ღვთის გულისათვის, რა მოებოლოვა მას თავისი ურვილება. ყუცელ წყალობილს ან არ შეუგია შესაკითხის შემაძრწუნებლობა, ან სცრუის და თავს აჩვენებს, რომ მას აღარაფერი დარჩა უფალთან საკითხავი. უფსკრულებრი საკითხავი კი მაშინ იწყება, როდესაც უფალმა წყალობა მიჰხადა იიობს შვილთაღდგინებითა და ნამრავლი ნახირით.
იიობის წიგნის დასაწყისი დიდი რიტორების, ახალი ღმერთმებრძოლობის დასაწყისად უნდა იქცეს მხოლოდ იმ შემმეცნეთათვის, ვინც ამ მატიანის ლოდოვან მძიმიერობას ქედს მიუპყრობს. ამა ჟამს ფილოსოფოსი არ უბნობს ბოროტზე და ის ცრუობს შესაქმის ლამაზობისა და სიყვარულის ღმერთის გულისთვის. არად სარგე სიტყვას გამოიტყვის სასუფეველს დაღირებული უღირსალი კაცი. დღეისას კაცნი ისე აღზრდილნი არიან, რომ სამეცნავს ემალვიან და სიძვას ეხარჯვიან. ისინი არ მოიხსომებენ იიობს და მასზე შეთქმულთ. ყუცელი მესათნოვის მატიანე დაიდო კაცის, ღმერთის და სატანის დიდი დავის დიდ დასაწყისად და ასე შთება იგი ოცდახუთი საუკუნე. ადამიანის ისტორიაში არავის დაუყენებია ასე საკითხი, რომ ზეციერთა დასი შეითქვა კაცთმოყვარე კაცის წინააღმდეგ. სატანის ჩაგონებით აუმხედრდა ყოველი ღვთისშვილი კაცს. არა ავსულნი და მაცილნი, არამედ ზეციერნი აღძრა სატანმა კაცზე. თავად უფალი შეეზრახა სატანს ღვთის- შვილთა წინაშე. ესე აღსრულდება საღვთო ჰენდიადისი, რომელიც იიობის მოწევნადში ასეთ მსახვრალ სახეს იღებს. ღმერთი და სატან ერთობილნი არიან. ღმერთი არის სატან და სატან — ღმერთი. ნეფილიმურია ის საგონისი, რაც ამ ჰენდიადისს მოუთქს. ბოროტი უფალი იხილა იიობმა თავის გვემულებაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий