ვიე შეიხი ჰგიებდა იემენს, კაცი სვესვიანი და მორჭმით ტახტოსანი, წიგნთა მცოდნე და ქვეშევრდომთა მზრდელი, მოცნების მძებრთა მწყალობელი. ბედუინები თავის ვაჟთ მასთან აგზავნიდნენ აღსაზრდელად და სამსახურად. ღალიბი იყო სახელად სვემზიანი შეიხი. გული მისი ფრიად წარტაცებულიყო ნადირობით. ჰყავდა მას ნადირებით მონადირე საკვირველი შევარდენი. გაფრენილ ისარს ასწრებდა და რა ნადირ-ფრინველი გაასწრებდა? კაცთა შორის მოიწვართა შეიხის შევარდენი და ღირს-იჩინა მონადირებრივი კისკასობანი. რჯანი მისი დიდად სახელშეძენილ კაცთა შორის. სამკობლად მისა არნ მეყსეულობა და ფრთაელვარება. მისისა მონადირებრივი ბუღრობისაგან მონაბუქარი მთელ დუნიას გასწვდა, აზმად შეიდვა მგოსანთა დასში. შევარდენს შესჭვრეტდნენ მყურენი. გვამით ანდამი იყო, ხოლო ახოვნებით გავაზად გარდასახული მოყმე გეგონებოდა.
შეიხმა ღალიბმა მას სახელად რიჰუ ლ-ჰაკლი დაარქვა, რაიც მოარაბებრ ველის ქარს ნიშნავს. დიდი სახელი გაუვარდა შევარდენს არაბეთში. მოდიოდნენ მეფისწულნი არა მხოლოდ ჰიჯაზიდან, არამედ მაშრიყის შორეული სამეფოებიდან. დიდი ძღვენი შეაძლიეს შეიხ ღალიბს, რომ ეს შევარდენი მათთვის ეფეშქაშებინა. ზოგმა თოვლივით თეთრი არაბული რაშების რემა მოლალა,ზოგმა-დარჩეულ აქლემთა არვე,ზოგმა ომის ჟამს რუმიდან გამოტაცებული ტურფა ბანოვანნი აახლა შეიხს. დოსტად და ასაბიად ჰყავდა შეიხს რიჰუ ლ-ჰაკლი და განა მას რაშთა რემას ან ბანოვანთა მარაქას ანაცვალებდა?
შეიხის მეჯლისებანი ისე არ ჩაივლიდა,რომ რიჰუ ლ-ჰაკლი მისი ტახტის თავზე არ ყოფილიყო დურად მომჯდომელი. ღულამი ვითარც შეიხის თანამეინახეთ მიართმევდა ნუგბარს ლანგრით, ეგრეც შევარდენს ეზრუნვიდა. თავისი ხელისგულიდან აჭმევდა შეიხი ღალიბი რიჰუ ლ-ჰაკლის და მისი შემჭვრეტი ყრმასავით ხარობდა. განა ყუშხანაში ქორ-მიმინოთა შორის ამყოფებდა შეიხი პოხილ შევარდენს, არამედ თავის მოსასვენებელში ჰყავდა მუდამ. ოქროს ზანზალაკებს აბამდა ფეხზე, ძველებურ ბედუინურ სიმღერებს უღიღინებდა, უდაბნოდ მოყარიბეთა შორის ჯაჰილიიის დროიდან რომ შემორჩენილა.
ცნობისმჩენი იყო რიჰუ ლ-ჰაკლი და ბარაქით ტვიფრული არაბული ენის ბევრი სიტყვა ესმოდა. ვითარც კაცს, ისე ემუსაიფებოდა შეიხი თავის შევარდენს. დია ჰკვირობდნენ კაცნი ამას და რიჰუ ლ-ჰაკლის ალაჰისაგან ნაფეშქაშებ ფრთოსნად რაცხდნენ. აშუღებმა ცათა მტილოვანიდან წუთისოფლად მოდენილ ომის ანგელოზს მიადარეს იგი შევარდენი. შეიხმა სპარსეთიდან ფუნჯის ოსტატი მოიხმო, რათა მას ტილოზე გამოესახა ნადირობათა შინა შემრისხებარე რიჰუ ლ-ჰაკლის თაბიათი და გეზელ-ნებანი.
ვისაც არ ეპოვებოდა შევარდნით ნადირობის ლიღარი, მანაც კი, შეიხ ღალიბის მობაძულობით ყუშხანა გამართა, ქორ-შევარდენთა მსინჯველად ბაზიერნი მოიხმო და თავადაც ბაზიერობდა. ებაასებოდა, გეშავდა, უწრუწუნებდა, ცხენ-კაცს აჩვევდა, ველად გაჰყავდა და ბავლს აგდებინებდა. გარნა ვერვინ აღემატა ბაზთა და გავაზთა შორის რიჰუ ლ-ჰაკლის. ეს ერთი აღმართებულიყო გეზელქორთა და ყოვლთა გავაზთა გვარში. იგი ერთი ჩანდა ნიჭებით ესევითარ განპოხებული და სახელმორჭმით გებული კაცთა შორის. მან თავისი კისკასობით მოიმძევლა კაცთა გულები. მუტრიბნი უძნობდნენ და აშუღნი ბეითებს თხზავდნენ მისთვის. მუღამათი იმღერებოდა მოედნებსა და სასახლეებში. იყო მუღნის, თარისა და ქამანჩის ხმობა, ქოსთა და ბობღანთა დგერანი რიჰუ ლ-ჰაკლის სამკობლად. ნივთთა მაარსის სიბრძნესა და მხელოვნებლობას უძნო მრავალმა მეჩანგემ, რა შექმნა მან ესოდენ უდრი, ყოვლითურ უკლი, უებროდ მაქცე, სასახავად მბორგალე გავაზი.
ერთხელაც ისურვა შეიხმა ღალიბმა ნადირ-ფრინველთა სახოცად გასვლა თავის შევარდენთან ერთად. ამალაც ახლდა შეიხს. ქვეშევრდომთაც თან წარიყვანეს თავისი გავაზნი. დუნია რომ დაიცაროს ,არაბთა შორის მაინც დარჩება ქორ-შევარდენთადმი ტრფობა.
შეიხის ნანადირევი ყოველთა უმეტესი იყო. მაგროვნად ინადირა რიჰუ ლ-ჰაკლიმ, თვალნი არისხნა გავაზებრ მხედავნი, მოიალაფა მრავალი ქედანი, კაკაბი და ხოხობი. დიდად ხარობდა და შეჰხაროდა შეიხი თავის შევარდენს, მაგრამ სოფელი რისი სოფელია თუ შვების ჟამს ფინთი არ გამოატყვრინოს. შეიხს თავისი ცხენის ფერხთაგან ხოხობი წამოუფრთხიალდა. შევარდენი მიადევნა მას შეიხმა. შორს გასულმა ხოხობმა გავეშებულ რიჰუ ლ-ჰაკლის მაღნარში შეასწრო. მისძახოდა შეიხი შევარდენს, რომ დაბრუნებულიყო. არ დაეხსნა მას გავაზი და მისდია. ხოხობმა თავის ბედზე რის ვაინაჩრობით ძეძვიანს შეაფარა თავი. გაწბილებული გავაზი იქვე ხეზე შემოჯდა და ყეფა მორთო. ტყიურ შევარდნებს ესმათ მისი ხმა და მოჯარდნენ. მსჯავრი გაუჩაღეს რიჰუ ლ-ჰაკლის უწვრთნელმა თანამოძმეებმა. რად ეყმობაო კაცს ჩვენი მოდგმის ფრთოსანი, რად მიუმხროო მას თავისი თაბიათი და გვარს თავს სჭრისო. ეს სათაკილო არისო ფრიად და თავით უნდა ზღოსო ამისთვის შეიხის შევარდენმა. ლალვითა და ქშენით დასაკორტნად ეღირებოდნენ რიჰუ ლ-ჰაკლის ტყიური თანამოძმენი. შეიმზადებდნენ ბრჭყალთა და პირთ მის საკვდავად, მახვილებრ ლესული ფრთენი შემართეს, გაალმასებულ თვალთ ავად აკვესებდნენ. ჯერ ერთი გავაზისა რაა თვალთა კვესება და მთელი თემისა რა იქნებოდა. ფოთოლნიც კი დადრკნენ მათი მრისხველობით. შორს ისმოდა შევარდენთა თემობის ხმა და მათ სამსჯავროს რიცხვი ემატებოდა. კილვით იკლებდნენ შეიხის შევარდენს. ყოვლიართათვის სანუკავი აზატობის დამგდები და მონობის მეტრფე უწოდეს მას.
თემობის ხმა ერთ მიმხცილ შევარდენსაც მისწვდა. მას აღარც თვალნი უჭრიდა, ფრთენიც განხმელებოდა, გარნა თავის გვარში ჰაქიმის სახელი მოენაგრა. მდოვრედ მოფრინდა წელთა სიმრავლით დაზიდული შევარდენი. გზა უტიეს მას თანამოძმეებმა, შემაღლებული ალაგი მიუჩინეს. მჩუმარებამ დაისადგურა ავ ფრთოსანთა შორის და მეცნავ მოხუცს მიაპყრეს მნუსხველი თვალნი. დიდხანს ჭვრეტდა ჭარმაგი ჰაქიმი რიჰუ ლ-ჰაკლის მწყაზარებასა და სისრულეს. ტყიურ გავაზთა თემშიც ირჩეოდა შეიხის დოსტი და ასაბია თავისი ყავღითა და ჰამოდსახილველობით. თვალთაგან ცეცხლი სცვიოდა, ჭანგებს საომედ შეიმზადებდა, ფრთათ ზეაღმართვით მოიმშვილდავდა, პირს იმჭახებდა. ვაჟი იყო და ვაჟებრ ვაჟობდა. ყოვლნი ხედავდნენ, რომ იგი თავის მოყივნებასა და მოკვდინებას იოლად არავის დაანებებდა.
მაშინ წართქვა ბებერმან ბაზმან ყოველთა მიმართ სიტყვა დიდად გულთამყოფელი. ბევრეული კაცი ვერ იტყოდა იმას, რაიც ბაზთა ჰაქიმმა მოიუბნა. კაცთა ბევრეული ილოცვის, იმარხვის,სამღთო წიგნებს წინ დაიყრის და შიგ იხედება, ყადის თათბირს ეძებს ცათა მტილოვანის გულისათვის, მაგრამ სამზეოს მომყრალად განვვლის, ვერც მოცნებას შეეძინება, ვერც სიტყვას გამოიგებს. ვითარც კირჩხიბსა მართლ სლვა არ ესწავლება და მწყერი ხეზე ჯდომით არ შემეცადინდება, ეგრეც მრავალნი კაცნი თავისი უსვეობისა და უვარდობის გამო უგებ-უცანნი რჩებიან. ამად არის, რომ წიგნთა კითხვით ვერა რა მოცნებას ვერ მოინაგრებენ. წიგნამდე უნდა ჰქონდეს კაცს სამოცნებო ნიჭი. მისი ხვედრი განაჩინებს ამას. ნივთთა მაარსისაგან ესრე ეგო ძველთაგანვე მუნ, სადაც არნ ქცევადობა მოხენეშე სოფლისა და ყროლანი მისნი. ჰე სოფელო, ღრუბელო ღნიოშობისაო, მრავალთა კაცთა დამნელებელო და რჩეულთა მოცნებად აღმმართებელო, გშვენიან ბოროტნი და ცნობას ამღვიძარებენ ფრიად, გარნა ვერ იტყვიან კაცნი ბოროტთა შესხმას. წინაშე ფერხთა რომ დაუყარო მათ ნიშნები, მაინც ვერას იუბნებენ. ხელთ ცისკენ აღაპყრობენ, ცთომილთ აშტერდებიან მსასოოვარი თვალით, რჯულის წიგნთაც იკითხვენ მადლში მისათვლელად და საცოდ, გარნა უგებნი რჩებიან. ოდენ მოცნებასა შინა გებულს ძალუძს ქრთილის ხმიადში თავთუხის პოვნა. იგი ძალიდვებს განეტევოს კაცთა უვარდობას და შთავარდეს სავარდოსა ვარდისასა.
ეჰა, არსთა მხადის სიბრძნით ბრძნობასა, ვითარც მან ველთა და მაღნართა წიაღ, ფრთოსანთა თემშიც განაჩინა გულთამყოფელი სიტყვის მთქმელი და მისი გამგონეც იქ დასახა. აღმოისიტყვა ჰაქიმად წოდებულმა უხუცესმა გავაზმა: “სიჭაბუკისა ჩემი მზე დაჰხდა. ბევრი მინახავს ჩვენს გვარში შემმართებელი და ანდამი, გარნა შეიხის დოსტი და ასაბია ყოველთა უმეტესია, ჩემმა მზემან. ძმანო, რა დანაშავარის გამო ერისხვით მას?ჰკითხავთ, რომ რად ეყმობიო კაცს და ამას ჩვენი მოდგმის სათაკილოდ რაცხთ. წარდევნეთ უგებ-უცანობა. ყოველთა გამჩენმა ჩვენს სამისხოს უხვად დაამადლა პირთა მახვილთამებრ, ფრთათა ისართამებრ და ჭანგთა ჰოროლთამებრ ცემის ნიჭი, ხოლო ცნობით კი ვერაფერი შვილნი ვართ. ყოველთა სულდგმულთა შორის გვამთა ელვისებრ მიმოტანითა და ზარცემით გაგვაქვს თავი. ეს გულსიდგინეთ ძმანო, შევარდენთა თემს რომ ცნობაც იმდენი ჰქონოდა, რამდენიც მას ანდამი და ახოვანება მოეძევება, ყოველ სულდგმულზე აღმატებულნი ვიქნებოდით. ფრინველთა შორის ჩვენ ვართ ყოვლით მეფენი. არწივნი უფრორე დიდროანნი არიან და ამით ჩანან, თორემ ჩვენ ვერ მოგვედრებიან სიმალით. ქორ-მიმინონი და ყოვლნი გავაზნი ჩვენ გვედარებიან, მაგრამ მათთან დავაქრობაში ჯობნა ჩვენ გვრჩება. აგერ, თავდიდი ზარნაშო დასახულა სიბრძნის მენიშნედ კაცთა შორის. კაცთ უქანდაკებიათ ბუნი და მათი სახე სამკაულად გამოუხელავთ. ყორანიც ბრძნობასთან ნაზიარებია კაცთა გადმოცემაში. ასევეა გველიც. ყველა ისინი ჩვენი სიმალისა და გეზელ-ნებათაგან იშიშვიან.
ჩვენს სახელმორჭმულ ძმას ძნობის მაგიერ ბრიყვობას რად მიუპყრობთ? კაცია მისი შესხმით მოხსენალი, თქვენ კი ამუნათებთ მას, რად ემისეო შეიხს. რად ხართ მისი მქიქებარნი და ჰბორგით? რა საძებნიერი გიძებნიათ? რად არა ხართ შემტყვენი?აღეტყინებით შურითა და მის მოშთობას იზრახვით, მწყენელი ფიქრით თავის გამხელებელნო. რისად გულჯარბობთ შეიხის დოსტის მიმართ? ნუ აუგთმთქმელობთ, ნუ შეჰყივლებთ და აბასრებთ, სანამ არ შეიცნობთ. თუ გიყივლიათ და მერმე გიცვნიათ, მოინანებთ მწველად, ძმანო. რად არ არჩევთ, რა არს საძული და რა საყვარი?
ყველა გავაზთა შორის კაცმა შევარდენი უაღრესჰყო და გაამთავნა. იგი აღჩენილა კაცის გულის გასაწყოდ ძმანო და ამას ვერ ხედავთ? თვალს მოჰკრავს შევარდენს კაცი და ომი გაახსენდება. მეომრობას წამოაგონებს შევარდნის ბუღრობის ჭვრეტა კაცს, საომე გზნებას შესდვებს და სისხლს აუჩქროლებს. სიბრძნეში მიწევნილებას ეგრე არ გამოეკიდება კაცი ძმანო, ვითარც მეომრობას. ამად არის, რომ იგი ეგზომ გვითნევს და გვეტრფის. კაციც გეზელია ძმანო, უფრთო,ორფეხა გეზელი. კაცთა შორის ვინც გეზელებრივი ზნენი აჩინა, სახელით შეიმოსა. კაცისგან გამოხელილი ყოველი ნივთი მისი გეზელობის დასტურია.
არ კმა არიან შევარდნისა მეყსეულობანი და მოყმეობანი სახელმორჭმისათვის, კაცის გვერდით თუ არ ჰგიეს იგი. ეს გულსიბეჭდეთ ძმანო. კაცი შეასახელებს და სათნოდ გამოაჩენს მას. დუნიამ შეიტყო ვითარც შეიხი და მისი შევარდენი მქცევლობენ. ვიჰ, კაცისა და შევარდნის ყონაღობასა. შეიხის ტახტზე მომჯდომელია შევარდენი, მის მკლავზე აღმართებულა. კაცთა შორის უმოლხინესად ჰგიეს შეიხის ფრთოვანი დოსტი. მეფის სუფრაზე ინახობს ჩვენი ძმა, ვითარც ჩინებული წვეული, მეფის ხელიდან იღებს ჭამადს. საანჯომანოდ ჩანს შეიხის დოსტის პატივმოსილება. ქვეშევრდომნი მის მაგრიად ნასარჯს ხოტბას შეასხამენ. ამას უწოდებთ თქვენ მონობას? ესაა სათაკილო ყმობა? ჩვენს მოდგმას მიუმზო ძმანო შეიხის შევარდენმა. იგია კაცთა შორის გავაზებრივი ახოვნების მამაგრობელი. მისით განზოგადდა შევარდენთა გვარის სახელი. რაც ჩვენ მეომრული ნიჭნი გვქონან, შეიხის დოსტმა კაცთა შორის დიდებად შედვა.
ენამან ჩიტთამან კაცისათვის განუცადის გზნობაც იცის და მსიტყველობაც. ვაგლახ, რომ ცნობანიჭებული კაცი არაა ჩიტთა ენის მეცნავი. ამიტომაც ძმანო, სხვას არას დაინახავს ჩვენსას კაცი, თვინიერ გავაზებრივი ზნისა და სიმალისა. კაცი მიწყივ იმას ლამობს, რომ მახე დაგვირწყოს, შეპყრობილნი თავის ყაიდაზე შეგვამეცადინოს, თავის ენას გვაზიაროს. დია ეთნება და ეხარება კაცს ჩვენი სამისხო. მას ჩვენს ტყვექმნილ თანამოძმეთა წურთნა მეცნიერებად უქცევია და ამ საღვაწოს დიდი მოთმინებით შეჰყენებია. მოდრეკს იგი გავაზის შეუხდინარ ზნეს და კაცის სიახლოვეს, მის მკლავზე დაყუდებას ასწავლის .თავისიანთა შორის ყიფურად არონინებს მას მომწვრთნელი და მთელი გულით ხარობს. უმეტესს გავაზნი ოდენ ტყიურობის წაგვრით ვეზიარებით. თავისი ნაშიერის განსასწავლად ისე არ დაიკრებს კაცი თმენას, ვითარც ბაზთა მოსაწვრთნელად. ეს ინიშნეთ ძმანო. შვილი თუ არ გამოადგა კაცს სამოსწავლოში, მოაყივნებს და განაძობს მას. შევარდენს კი კაცი უდიდესი მოთმინებით წვრთნის. მისი ეიმედება, მის დოსტობას მოელოდება. საშემეცნებოდ რომ იჩენდეს კაცი ასეთ მოთმინებას, უფრორე ბრძენი და მიწევნილებაში მყოფი იქნებოდა. შევარდნის ჭვრეტა, მისი ყავღა ანიჭებს კაცს იმ მოთმინებას, რაიც მას ყველაზე ნაკლებად აქვს. შევარდნით არის კაცი მთმინარე აღმზრდელი და მაშვრალი მომწვრთნელი. საკვირველ არს ესე, ძმანო.
შევარდნის აღზრდაში სიბრძნისმოყვარე ხდება კაცი. ძმანო ჩემნო, ჩვენი უმეტესია კაცი ცნობით. იგი არაა ელვისებრ მიმომსვლელი და ქარივით მალი, გარნა ნივთთა სახელდება ძალუძს. მის ძეს ჩვენს ნაშიერთაგან განსხვავებით, მოწვრთნითა და სწავლებით შეეძინება ცოდნიერობა. კაცის უმეტესი არსებანიც არიან და ვითარც ტახტოსან კაცთან გებით შესახელდა მისი შევარდენი, ასევე კაცი შესახელდება მასზე უმეტეს არსებასთან მქცეველობით და უაღრესიქმნება.
ჰე ძმანო, რამდენია თქვენს შორის ისეთი, რომ შეიპყრო კაცმა და მოწვრთნა დაუწყო. ვერ შეეპოვნეთ იმას, რაიც მტაცებრივი დაუდგრომლობის მოთრგუნვას მოითხოვდა, ვერ აღიჩინეთ სამოსწავლო თვინიერება. ნადირობის ჟამს გაექეცით კაცთ, რომელნიც დიდად დაშვრნენ თქვენს აღზრდაში და ისევ ტყეს დაუბრუნდით. შეიხის შევარდენი კაცისმიერი აღზრდილობით განითქვა. უხორცო არსებამ რომ კაცი მოსაწვრთნელად შეიპყროს, ხოლო კაცი გაექცეს მას, განა ამით ის თავისუფლებას მოინაგრებს? გამოქცეულს გამოქცევა თავისმა თანამოძმეებმა რომ შეუტყონ, განა ამას ჩაუქობად მიუთვლიან მას?
ჩვენი ცხოვრება სხვა რა არის,თუ არა სისხლში სვრემა, ქორებთან და ყვავ-ყორნებთან ლალვა. ველად დადგრომილი კაცი ჭვრეტს და ჰკვირობს ჩვენს ჭაბუკობას, არა რომელიმე ნადირი ან ფრინველი. რაც ჩვენთვის თავისუფლებაა, ის კაცისთვის ტყიურობაა, ხოლო რაც კაცისთვის თავისუფლებაა, ის მასზე უმეტესი უხორცოსათვის უგებ-უცანობაა. რაი არს თავისუფლება, გინა აზნაურება, დახსნილობა და განჯაჭვულობა?
ბევრეული კაცნი შენატვრიან ფრთოსანთა მიმოდენას და ხატოვნად იტყვიან კიდეც მავან თავისიანზე-ჩიტივით თავისუფალიაო. გავაზნი, ყვავ-ყორნები, მწყერ-კაკაბნი ერთნაირად თავისუფალნი არიან ტყედ და ველად გებით. ვითარც ჩვენი მამა-პაპანი იყვნენ თავისუფალნი, ასევე თავისუფალნი იქნებიან ჩვენი შთამომავალნი, გარნა ტყის ქათმიონისა და ტურა-მელების ლალვაში ვერვინ მოინაგრა ამ თავისუფლებით იმაზე მეტი ნიჭი, ვიდრე გვაქვს. ვერა რაით აღვემატებით ჩვენს მამა- პაპათ. ეს გულსიბეჭდეთ ძმანო და მიწყივ იფიქრეთ სიკვდილად მიხდამდე. ვკვდებით და ჩვენს ლეშთ მღილი ხრავს, ბუმბულს კი ქარი ფანტავს. მტვერს ერევა ჩვენი გავაზებრივი მოყმეობანი. კაცთა შორის გებული შეიხის შევარდენი ის აზნაურია, უაზნაურეს რომ იქმნა. მოკვდება შეიხის დოსტი და კაცივით დაიმარხება. დაეყუდება მის სამარესთან შეიხი და გული ჯავრით შეემრუმება. ჩვენს ძვალთ ტურები მიმოფანტავენ, ბუმბულს კი პირში მიაყრის ქარი ნადირთ და არავინ იქნება ჩვენი მომხსომი. წააწყდება სადმე ამ ბუმბულს იმ კაკბისა და ხოხბის ნაშიერი, ჩვენ რომ მოსამშიერად ვეტევებოდით და ბუდის სარბილობლად წარიტანს. სულ თვალწინ ექნება მას გავაზთა ბუმბული და მაინც არასოდეს გავახსენდებით. თუ არსთა მხადს არ ენანება შევარდნებრივი სისრულის ესევითარი განქარვება, უნდა დავისკვნათ, რომ უმეტესი სისრულისა მან უწყის და მისი შემფლობელნიც სადღაც ჰგიან.
ის, რომ შევარდენნი ცათა შინა თავადობენ, არ ნიშნავს ჩვენი თავისუფლების ერთადერთობას. უღონონი და მცონარენი არიან ბევრეული კაცნი. მათ სიტყვა „თავისუფლება“ ისე ჰგვემს, როგორც უდაბნოდ მარებ ხათრიან ყარიბს მას შეჩენილი იფრითი ან ღული. ის, რაც აღზრდით მოიპოვება, მის წინაშე ნადირ-ფრინველთა თავისუფლება გამოსაჩენი არაა. მრავალი კაცი აღბორგებულა თავისი ხვასტაგითა და დოვლათით, გარნა თავს დათეულ სიავეშიც ვერ შეუცვნია რაი არს თავისუფლება.
ამასაც გამცნობთ მოძმენო, შეიხის შევარდენი რომ გამოექცეს კაცთ და ტყე-ველს მოაშუროს, ამით შევარდენთა თემს რაიმე შეემატება თუ გამოქცეული დაკარგულ აზატობას დაიბრუნებს? მისი აქ მოსვლით ჩვენს სამისხოს არა შეეძინება რა. ქედი მოუხარეთ ჩემო ძმანო შეიხის დოსტს, ოქროთი ფეხმკობილს. დაე დაუბრუნდეს იგი კაცთა თემს. იგი კვლავ იტყვის ჩვენს დიდებას. იფრინე სუნნელო გავაზთა გვარისაო და მოგვინაგრე სახელნი სასახელონი“.
ესე მოუმცნო შევარდენთა მხცოვანმა ჰაქიმმა თავის თემს და უხოტბა მოძმეთა წინაშე რიჰუ ლ-ჰაკლის.
დადუმებულნი იყვნენ მთელი ეს ხანი ტყიური შევარდნები. თავი დაიდრიკა მთელმა მათმა სამისხომ მოხუცი შევარდნის ბჭობიერობაზე. ისე სიბრძნისმოყვარე კაცის მსიტყველობას შეეძლოს უგებ-უცან მოყვასთა მოდრეკა და მათი ბრიყვობის განქარვება, ვითარც ფრთოსანი ჰაქიმის მოუბნარობამ მთელი მისი თემი მოდრიკა და სიბრძნეს შეასაკუთრა.
*******************
ჟამთა გამოხდომის შემდეგ მოკვდა რიჰუ ლ-ჰაკლი. დამარხა შევარდენი შეიხმა ღალიბმა და დარდით იყო შეპყრობილი დიდხანს. ყადი მოვიდა მასთან რიდით, წიგნი მოიყოლა. არ ეგებისო მეფეს ჩიტის გამო ესერიგად მწუხრეულობა. იწყინა შეიხმა, სიტყვა დაუწუნა ყადის და ესე მიუგო, რომ გულის ხვაშიადს წიგნნი ვერ დაუდებენო სამანს.
შეიხის ბადიშიც კი იყო ამ შევარდნის მომხსოვნელი. სახელი რიჰუ ლ-ჰაკლი სამკობელ და სახოტბო სიტყვად იქცა.
ერთი დერვიში იყო. მოიძულა მან რებაი და გებაი სოფლისაი. შეუწყინდა მის მზაკველობას, აღმოთქვა სიტყვა საუდიარო და განეშორა მას. ველთა და მაღნართა შორის დადგრომილიყო დერვიში. რინდობდა, თავის შიგანში მბუდარე სიკვდილს ჭვრეტდა, სიბრძნის მონაგრებისათვის თადარიგობდა. ჩიტთა ენის მეცნავი იყო იგი და მიემოწმა შევარდენთა თემის სამსჯავროს. მან მოიტანა ამბავი შეიხ ღალიბის სამეფოში. განიკვირვა ყოველმა კაცმა ფრთოსანთა ჰაქიმის უბნობა. ალაჰის სიბრძნე განადიდეს და ბრიყვნი დიდად მოაყივნეს. მაშრიყმა შეიტყო ეს ამბავი. მერმე იგავად იქცა.
ეს იგავი ქართლში ფეხშემომცდარმა კონიელმა მოლამ მიამბო რამდენიმე წლის წინათ. ამ გაზაფხულზე ვნახე გავაზის ბოინი, მიმოტევება და თავადობა ცის საქცეველზე. მეც ეს იგავი დავწერე.
2011 წლის აპრილი
ძველქართული და არაბულ-სპარსული სიტყვების განმარტება
-ა-
აზატობა (სპარს.) - თავისუფლება
აზმა - ქება
აზნაურება -თავისუფლება
ანდამი (არაბ.-სპარს) - ტანადობა
არსთა მხადი - ღმერთი
ასაბია - თანამებრძოლი
ახოვნება - სიმამაცე, სიმხნე, გულოვანება
-ბ-
ბაზი - შევარდენი
ბაზიერი - სანადირო ფრინველთა მოხელე
ბარაქა (არაბ.) - მადლი, კურთხევა
-გ-
გავაზი - შევარდენთა და სხვა სანადირო
ფრინველთა საერთო სახელი
განპოხებული - პატივმოსილი
განუცადი - თვალით დაუნახავი, უხილავი
განჯაჭვულობა - თავისუფლება
გებული - მყოფი, არსებული
გეზელი - მტაცებელი
გულჯარბობა - ბოროტის ზრახვა
-დ-
დურად - თვალისათვის საამოდ
დახსნილობა - თავისუფლება
-ე-
ემისე - დაუმეგობრდი (მისება - მისად გახდომა, შეამხანაგება)
-ვ-
ვერ შეეპოვნეთ - ვერ შეეთვისეთ,
ვერ შეეწყვეთ (შეპოვნება - შეთვისება)
-თ-
თაბიათი (არაბ.) - თანშობილი ზნე
თვინიერ - გარდა
-მ-
მომძევლება - დატყვევება
მოხსენალი - მხსენებელი
მქცეველობა - ურთიერთობა
მქცეველობენ - ურთიერთობენ
-ნ-
ნივთთა მაარსისაგან ესრე ეგო - ღმრთისაგან ასე გაჩნდა
-პ-
პოხილი - პატივდებული,გამორჩეული
-ს-
საანჯომანოდ - თვალსაჩინოდ,საქვეყნოდ
საცოდ - ცისთვის, სასუფეველში მისასვლელად
-უ-
უაღრესჰყო - გამოარჩია
უდრი - შეუდარებელი
უვარდობა - უბედობა, უსვეობა
უმოლხინესად - უფრო უკეთ
უძნო - შეამკო, უხოტბა
-ღ-
ღნიოშობა - სიცუდე ,სიავე
-ყ-
ყავღა (სპარს.) - შესახედაობა
ყუშხანა - სანადირო ფრინველთა სამყოფი
-შ-
შემტყვე - გამგები, შემცნობი
შესხმა - ქება, ხოტბა
-ჯ-
ჯაჰილიია - ისლამამდელი დრო არაბეთში
-ჰ-
ჰაქიმი (არაბ.) - ბრძენი
Комментариев нет:
Отправить комментарий