”მთის სახოვნება” არის მხატვრულ – ფილოსოფიური შედევრი, რომელშიც მძიმე საკითხები ამეტყველებულია დავიწყებული ქართულით, ძველი, პეტრიწისეული ენით.
ამ მცირე ზომის ნაწარმოებმა ქართულ საფილოსოფიო აზროვნებაში შემოიტანა მისთვის მეტად უცხო და უჩვეულო სულისძვრა და თვალსაწიერი. ამით იგი აგრძელებს “თერიონის ვარდში” დაწყებულ დიდ საქმეს.
იმედია, რომ ორიგინალური ფილოსოფიური აზრის ბეჯითად მაძიებელი და ქართული ენის ჯადოსნობის გულით განმცდელი მკითხველი ამ ნაწარმოებს დაინახავს და მისი ღირსებისამებრ დააფასებს.
****ხენეშება და მძმაცველობა სოფლისა ტაშირსა შინა დადგრომითა და მომზერით ეგრე არა სჩანს, ვითარც მთოვან და კლდოვან ალაგთა ზედა შეყენებით. მოუმცნობს გული მთათა შემჭვრეტს, რომ ბოროტია შესაქმე და ფრიად საძნიადოა მასშიგან იმ მღვთოვანის მონაგრება, რაზეც მრავლად უბნობენ წერილნი რჯულისანი, გარნა ყუშუმად მდგარი თუ ეულად მოყუდვარი მთანივე იტყვიან ამაღლებას და კლდენი – რვალებრ მტკიცის ზეკაცურ შემგრძნობელობას.
მრჩობლედია მთის დიდროანი ნახჩი და სახოვნება. აღგიტაცებს კიდეც და დაგანაღვლებს კიდეც. გზაგეზს გიჩვენებს და იგივე დაგაკარგვინებს მას. შეწყინება მოაქვს მთათა უცვლელობას, თავდგმულობასა და კუშტ მდუმარებას. ჰხამს ზარიანი იყოს მთისა და კაცის გაფიხვნება, მთისათვის კაცის რიტორული ბჭობიერობა, გარნა აღარ გულისყურობს მთისას კაცი. აღარ არის მისთვის მთა ტემენოსი. ერთობ შორეულ ჟამთა მემოწმედ ჰგიეს მთა. იგია მომხსომი მრავალი აღშენებისა და ოხრებისა. უტყვია, გარნა თვისი საჩინო გებით ყოველი გებადისათვის დიდად სანიშნოთა მსიტყველია იგი. სანიაზოა, რომ ეგოს კაცი, ვითარცა მთა და მისებრ ჭირთა მტვირთველი და მომხსოვნელი ჩანდეს.
აჰა, ქარაფთა და წარაფთა ბოლუქად ყომუშობანი. ერთთავად ტატნობისკენ მიმრბინავი, უცვალებლად ზეაღზიდული მიწა და ქვა დია საოცია საჭვრეტად. თავად მთაა ჰიპერიონი. სიმძიმილი, რომლის წესი ქვედაზიდვა და დაბლარად გებაა, ვეება გვამად აღსწრაფლდება ცათა კამაროვანისაკენ და ილამის მას შეესწოროს. ესრესახედ ჰგია მთა ათასწლეულთა წარდენაში. ეს მიწყივობა მთისა ყოვლის აღმსპოლავ
საწუთროსა შინა დიდად განსაკვირია. მიწყივობს სწორედ მიწა, რომელიცა ველობთა და ლილოთა შიგან მტვრად მიმოიქცევა და მცირაკად ამაღლებული მუნთქუესვე ქვედაზიდვას ლამობს. იხილე სიკვდილის კერძო, ვითარ შეგვამულა და შემტკიცულა მთის ვეება ტაძარი, კლდენი ძვლებად და მიწა ხორცად. მისი წიაღიდან გამომჩქეფარე წყარო ღარავს და შაშრავს მთას და მისი გულისას მოიუბნებს ისევ და ისევ. მთავე დაუპყრობს ყურს წყაროს წყალთა უბნობას და მის ეხშთა და ხანდაკთა შიგან მობუდარი უხილავი მგებრნი ამა უბნობის მიმმოწმენი არიან. რა მაღლობზე ზეაუზიდავს მთას მუდამ ქვემსწრაფი, ზენათა მრიდი წყალი და მუნით გადმოუნთქრევია. ამოვანია მთის ფშანის მჩქეფროა. თავის კუშტ და უტყვ სააბყირანობას იტყვის მთა ამ წყაროს ჩქეფით. ყოველი ნაგალი ჟამთა წარხდომის ტვიფარს დაიჩნევს. რაბამ მრავალი უღვაწნია წყალს, რომ დევთა ქარაფთა ნატამალი ესრე მოებურთა. ჭეშმარიტად შეუტყობელი კვრივია მაღალ მთათა ფშანი. ნავანები ღამეული ბეზეკი დააშტერდება მთათა თხემებს და ბაკმით შემოსავს მათ. უცხო რამ ხიბლის მქონეა ღამეული ჟამის მთის წყალი და ეს ხიბლი მას ბარშიც ჩამოჰყოლია. ბნელში იშვის ეს ხიბლი და დასცდის იგი კაცთ. ქვესკნელის წმინდით იმსჭვალება ღამიერად დამდინარი მთის წყალი და ოდენ მის შემტყობარ კაცთ ემალმის. მთა აქორწინებს ღამეულ ჟამს ზენას და ქვენას.
რა ძალოვანებაა მთის გვამში ქვედამზიდავი, გარნა ზეაღმზიდავი ნიშატი უმეტესია. ამად მთის ჟამთა შინა მორჭმით ყუდილი სიზრქის და სრულიად შესაქმის მიწყივობად აღჩენილა. ოდენ ქვესკნელთაგან თუ ამოზევდებოდა ზენაისკენ ესევითარი ბელადობა მთისა. რა ღრმათა წიაღს შთასწვდომია ბოლუქ-ბოლუქად დაყუდებულ მთათა ტინების ძალუმი და რვალებრი ჩინჩლი. ქვესკნელთა უკუნეთს დანდობია მთა ჰიპერიონი უკუნისამდე. ამაზრზენია მთათა საანჯმნო და საუკუნო ანდრეზი. აზმა და იამბიკო შენ, მთაო მაღალო და ღრმაო.
ბირთვული ენერგიის, საკვირველი კომუნიკაციების ჟამსაც კი მთა მთად შთება და იკუშტვის. ძნელად შეჰბედავს მთათ კაცი ტექნოგენოსი, რათა უკუიქცეს დაბლარად მათი ზავთიანობით შეჭირვებული. მთით გაისინჯება კაცი და იგი მოამდოვრებს დაბლართაგან ამოყოლილ მის ყიფობას. კაცთა ბევრეული ზარ-ცემულა მთისაგან. იატაკნა მთის სიკუშტემ მის ყაფარზე შემდგარ კაცთა სალახანური მაქციერობა.
დაბალ ალაგთა წიაღ მანქანათა ზრიალი უფრო მატულობს. ესერა, ვაკობნი რკინიგზებით, ავტობანებით, საწარმოებით დაქსელილა და ნალახი სამოსახლოებით დახუნძლულა. მანქანა ეღონისძია კაცთა მოდგმის დიდად მრავლობას მიწის ზურგზე და რა ამით? მონაა და ხორცსხმული აჩრდილი კაცთა მირიადი. მდაბალნი არიან დაბალთა წიაღ მყოფნი. რამდენი დაიწერა ლიბერალთაგან კაცის თავისუფლებაზე და რა ამით? ღაფლად ჰგიან კაცნი ესრესახედ უმოთნონი და უცანონი. ერთობ მცირედნი არიან, ვინც კაცთადმი მთათა უტყვ ხმობასა და ხადილს შეისმენენ. ვერვინ სცნობს რიტორს, ვინც მთის სახოვნებას თავისი მაღალი სულით შეესწორება და ზეკაცებრივ ზნეს მოინაგრებს. რაოდენი ძალუცს კაცს და რა მცირაკს იქმს იგი სულის სამოღვაწოსათვის. მანქანამ წინაპირველში სხვა რა დაადასტურა, თუ არა კაცის გონებლობისა და ცნობაქმნილობის სიკისკასე. მანქანავე არის კაცის მეუდიარე და დიდად მწუნობარი.
მწუხრეულ ჟამს იღვიძებს მთა ესევითარ თვალნათლივ, რომ ჩუჩუნს იწყებს, ისულთქვნის, ჭმუნავს, ვითარც მრავალათასწლოვანი გებით ნაღალავი ტიტანი. იხილე მოკვდავო ვითარ ეგებება ღამიერის მოდენას მთა. ჭეშმარიტად სარიტორო სულით კურთხეულია ის, ვინც უწყის რა არის დიდად დახანებულ დიდ ქვათა ღამიერ გაღვიძება, მათი ფეთქვა, აღმოფშვინვა და მფშოვნა. ძნელად შეიგებ, მთაზე განფენილი ღამისაა ესე მფშოვნა, თუ ქვათა. წმინდაა მთათა ღამეული სიო და ვერაგულად კაცთა დამცდელია იგი. მავანზე იტყვიან კაცნი ხატოვნად, რომ ქვასავით უგრძნობელიაო იგი. არ უწყიან მათ ქვისა და მისი შენელებული ყოფნობისა. რა არის კაცის დღენი? რისად მიდრეკილა ოხრებისკენ საწუთრო? რაოდენი განსაკვირით გარემოცულა კაცი, რაოდენი უცნაური და საოცი განბნეულა სისხლის მქონე და უსისხლო გებადთა შორის. კაცი კი ნიადაგ უსაწინდროდ და ეულად ჰგიეს. თვის დღეთა ერთგვარობით დიდად შეღონებულა და გული ებავთება. ამის სამალმოდ კი იგი კვლავ მანქანის იმედეულია. მისით იქცევს თავს მუფარახუპოვარი კაცი. სათაბარუკო თვალშესატაცის შემთხზველობით გაჰქცევია კაცი თავისი ხვედრების სიმძიმილს, რასაც სეირით ვერა დაეგვრება რა. მხედველი ჟამისაი და მასშიგან ბავთის მვლენი ძალზე ძვირად იპოვება.
ღამის წყვდიადს მიეახლება მთა შესაქმის ყორუღთათვის საუბნოდ. მაინც ღამისას სასოებს იგი ჰიპერიონი, ვინც მზესთან ყველაზე ახლოს ჰგია. ცის საქანელს შეაშტერა თვალი ღრმოვანთა და ბნელთა მეუწყე მწვერვალმა. კეტამზე დგება მნათობი და ბეჩავად მშთარ დუნიას უშურველად მიჰმადლის ნათელს. მზესთან ახლოსაა მთა, გარნა მას დაუუნჯებია ალაგნი მზისაგან უნაწილონი. თოიჯობისა და მისნობის ნიჭნი სხვას ვის დაუვარგებია ჟამის ავად ლევაში, თუ არა მთას. ღამიერი მისანია იგი და ვაგლახ, რომ მისი ნამისნი ვეღარ აჩქროლებს კაცის გულს. მისხი და მისხი კაცთა ეგრე წარხდება, რომ მთისას არას შეისმენს. ვაკობთა წიაღ ჰგიან და ვერასოდეს მოისაკლისებენ მაღლოვანს. თავისი გვამით ზეაღმსწრაფი კაცი მაღლოვანით შიშრეულია და მისი დიდად მრიდია. საბილწეა მისი სამყო, შენობახშირი და ჭრელით მკული. ელექტრონით განათებული ცოცხალთა სამარეა კაცთა საყუდელი.
დიდად მეცნიერობს ამა ჟამის კაცი, გარნა მისი ცნობის ძალუმობა დაბლობ ალაგთა შინა და დაბლობთათვის ძალუმობაა. მანქანით აიჭრა იგი კაცი თვალშეუწვდენ სიმაღლეზე და არა სულით. სულით სულ უფრო ქვემძრომს ემსგავსება. ამით უცნაურობს ეს ჟამი. მანქანამ ვერ გაიყოლა კაცის სული მაღლოვანთაკენ, ოდენ გვამი მისი არონინა ცათა შინა და ამის შემდეგაც, ცთომილთა სავალისა და დიდი სიმაღლის მხედველმან მიწაზე შემოქცევისას ვერ ისაკლისა სიმაღლის სიღრმე. მაშ რისთვის გაესწრაფება კაცი მანქანით ცათა სივრცეში, თუ სული მისი ისევ ისე უჭმუნველი და შეუტყობელია?
ჩანდალას მოდასეა შესახელებული მეცნიერი თავისი სულით. კი მოიხელოვნებს იგი განსაკვირ მანქანებს, მაგრამ ვინ იტყვის მის ამაღლებას? მუდმივი მუშაკობა ბუნებისმცოდნელობაში ვერ აღამსთობს სულით მეცნიერს. ეს საშინელებაა, რომელიც არ არის გააზრებული. სუსტია მეცნიერი, ეგზომ სუსტი, რომ აღარად სჩანს მისი ცნობისჩენა და ცოდნიერობა. ვაგლახ, რომ კაცთა გვარს სხვა გამოსაჩენი არ ჰყავს მის გარდა.
განა იმად აღარ მემითეობს კაცი, რომ ბუნება მეცნიერულად იმეცნო, ბიოტის უცოდნელი აღარ არის და უმეცრობით ღმერთის შეთხზვას აღარ საჭიროებს. უკანასკნელობის სიიოლისა და მისი ხიბლის გამო აღარ მემითეობს კაცი. მანქანა იმდენ თაბაუთს არ შვრება, რომ მითოსის კლება და მოშრეტა მის ცოდვა-ბრალად დაიდვას. უკანასკნელობა არ საჭიროებს არც ყურის დაპყრობას, არც სიტყვის მიგებასა და გონებლობას, არც მაღლოვანთა ცნობას.
აღარავინ ეგებება ბოროტს მისი საფერი მიგებებით. ასე ხშირად რისად წარმოთქვამენ კაცნი სიტყვას “ღმერთი”? მისად, რომ უდებობით ცნობანი შემცირებიათ. არ სურინ კაცს შესამცნე და სულის ჭირთა მეცოდინმა რაღა უნდა თქვას? მეცნიერების მიღწევები ამართლებს კაცის დამდაბლებას. ბუნების - მჩხრეკელობითი ნიჭის ცხოვლობით მოაქამდე საიმედოდ გამოისყიდება სულთა კნინობა და რიოშობა. განა ეს ბელიარის ბირებითაა? სულთა ასეთი კნინობა რომ ძველ დროში ყოფილყო, უთუოდ მესიანისტური სწავლება აღჩინდებოდა. ამა ჟამს კაცის დამდაბლება აღარაა ტრაგიკული, არამედ სახარელია. ჰე კაცნო, რად არ შეგელმით, რად არ გენასებათ ესევითარი უეტლობა?
მანქანას უტვირთავს უთქმელად და საანჯმნოდ სოტერიოლოგიური მისია და კაცს ეს დღესამომდე ვერ შეუტყვია რიგიანად. მანქანამ გააბუდაყა უკანასკნელი კაცი. კაცის გამო მანქანაა პასუხ-მიმგე. მანქანა დია აღამსუბუქებს კაცის წუთისოფლად გებას. რარიგ უხვად მოიშრომეს დიდად მეაზრე კაცებმა სულთათვის და ვერ იმძღვანიებენ მათ დანატოვარს შთამოებანი. წუთისოფლის ბოლო ისევ ყამალეკია. ომის მოწევნადი ახლოვდება. დიდი და ხანგრძლივი საგრობისათვის სამზადისში უხამს კაცს დგომა, რათა იყოს იგი ბოროტების მშვილდის მომზევი, ვითარსახედ ყარამანი და მომახველი მახო. აღჩინდება ჰომისა შამსი და დიდხანს იდგება ცის შუბზე. განა ყოვლიარი მოკვდავი გაიგონებს ათენას ბუს სრინვას? ვაი უკანასკნელ კაცთა ამაოდმედიდობას. რა სასტიკებას მიჰკერძავს მას კაცთაკენ მომრბინავი მარიხიანი მერმისი, ხვალ რომ ყოველდღიურობად იქცევა. არ მოუსვენა სოფელს ბოროტმან, არც მოუსვენებს.
ჰოი კაცო უდებო, რაოდენ მწუხრეულ გონებლობას ვმეთქვობ და გასხლტომას ნუღა ლამობ. ჟამი მოდის. დანელდა სოფელი ბოროტის ჯარვითა და ტევებით და მაინც დგას რაღაც დიდის მომლოდედ, ვითარიც არ ყოფილა შესაქმის დღეთა გებაში. ილევა ჟამი, უცხოდ დიდი ბოროტშემოსილება მო-რე-სულა და ჯერეთ არ იყოს მისგან აღმწმენდელი. ზაკვითა და სიავით მხედველი მარიხი კაცთა ზედა აღძრულა მტრელად. ცთომილთაც კი შეუგრძნიათ ეს და თითქოს სხვაგვარად რბიან, კიაფი დასძუნწებიათ.
მთანი ნელიად უბნობენ ურთიერთში თავის სამისნოს და აღხოცილა კაცთა მისანი, რომელმანცა ეს უნდა შეიტყოს. ომი კაცთა გულებში დაწყებულია. ფლიდური და ბრბოსეულია ეს ომი, არა მეომრული. მძულვარების უხილველი ზვავები ჩამოშვავებულა კაცთა სამკვიდროს წიაღ. აღარაის მთქმელია სიტყვა “პაიდეია”, არცა “კულტურა”.
განა ეგეთი ძალუმი და აზრთამცნობია ახლანდელი მანქანა, რომ მან ღმერთების განდევნა შეიძლო? ესრესახედ უღონონი არიან ღმერთები, რომ მანქანის ზრინვამ სანიადაგოდ შემოუფრთხო ისინი მიწასა და კაცის საყუდელს? ესრე ენასებათ ღმერთებს კაცის ბუნებისმმეცნებლობა? რომელ რიტორთან იპოვება საამისო სიტყვა? ამა ჟამის მანქანამ აოტა მიწის პირიდან ღმერთები. რაღას იზამდა იგი მანქანა, ცნობაშემოსილი რომ ყოფილყო? თუ მანქანას არ ძალუცს ღმერთების განდევნა, რაღად განმარტავენ ფილოსოფოსნი ჟამის უღმერთობას მანქანის ბრალით? ვითარ შეიგეს მათ ღმერთების წარგება, ოდეს ამას ასე მწვედ მეთქვობენ? ვითარ ისაკლისეს მათ ღმერთები? რომც ისევ ძველ დროთამებრ ყოფილიყვნენ ღმერთები, განა ცუდათა ცუდ ბჭობიერობას ეკურნებოდნენ ისინი? ვითარ ელმით ფილოსოფოსებს უღმერთობა, როიცა ღმერთების გებისა არა უწყიან?
აი ამ მანქანამ, სწავლებულნი კაცნი რომ მის ცოდვას მრავლად იტყვიან, ვითარ განახორციელა თითქმის უხინჯოდ უკანასკნელი კაცის ანთროპოდიცეა? რიოშია მანქანათა გამო ნაბრჭობი, მაგრამ ვინ დაგიდევს ამას. იგი მანქანა რომ კაცთამებრ ცნობისმჩენი და მომეტყველე ყოფილიყო, მიწის თავადად და ახალ ღმერთად დაისახებოდა უკანასკნელ კაცთა თვალში. შესაძლოა ეს აღსრულდეს? შეიძლებს მანქანა თავის მექანოგენეზში ცნობა თვისით ან კაცის მეოხებით ინიჭოს უახლოეს ორმოც წელიწადში?
***
შესაქმის დიდი მეყორუღეა მთის ტყე. ძრწოლის შემდებია ხევხუვთა მაღნარ-უღრანები. მის წიაღ დაჰყოვნის კაცი და მოიგონებს მიდმოგონებით ალებს, ტყის მაქციებს, ჩობანთ და მონადირეთ რომ გადაჰყრიან. კიდევაც ელალვიან უხორცონი კაცთ და კიდევაც ხვაიშნობენ. გასმენილა ძველ დროებში უხორცოთა კაცთადმი მტრელობა ან ხაფიფება და ანდრეზებში წარუხოცელად აღბეჭდილა. დღესამომდე ვერ შეუგია კაცს უხორცოთა ეს უზური და მურაზი. ან რად ელალვიან კაცთ აიარნი და ჰურიანი მაღნართანი და ან რად ხვაიშნობენ მათ? რა აქვის ბედმლაშე და ფაზარდაძვირებულ კაცს ისეთი, რომ ამ უხორცოთათვის კიდევაც სასისხლოა და კიდევაც სასათუთო? რას იცნაურებს კაცი უღრან ტყეთა და მთა-ხვრელთა წიაღ შეთხეული და მუნითგან გამოტევებული? კაცთაგან უვალ, უორანო ალაგთა შინა ჰგიეს უცნაურად უცნაური და საკრძალველი. მზარავ მაზარად მყოვნებია იგი ალაგი. მუნშიგან ჟამისცემაც სხვაა და ნივთთა შენივთულობაც. Gგანა მთის სიღრმეთა ყორუღობა სხვაგვარი იქნება? ეს არის სასწაული, ესრე მწველად რომ ინატვრიან კაცნი და ღმერთების ხვაიშნობას იაჯიან ცათაგან.
გული უგნობდა მაღნარად მარებ ყმაწვილს, რომ მუნვე ჰგიან უხორცონი, ღარტაფებსა და ღრანტეებში დადარნებულნი, ნაპრალოვანთა წიაღ შეავებულნი. კაცისა მლოდენი და მისი მონატრულნი არიან ისინი. მოკვდავის ორანს იგერშებენ და მის ნაბიჯს მცდელად აშტერდებიან. სურთ შეიტყონ, თუა კაცი არზანიგი საკვირველის ხილვისა.
წმინდა მტყუვარია ტყე და იგიც მრჩობლი ნირისაა. მსგავსისაებრ ღმრთეებისა ჰგიეს იგი თავის მრჩობლობაში. უფრთხის კაცს ტყემაღნარი, გარნა რა დაისკვნის, რომ მჭმუნავი და მაძებნიერი მოდენილა მის სანახებში, რა დაიდასტურებს, რომ კაცი უვალ ალაგებს მდუმრიად მიახლებულა, გაეთავისება მას იგი და თავისი აღმოფშვინვით შეუსვრის გულს. შესაქმის ხვითოს, გულდაგულ დამალულს, გამოუჩენს მას კუნძ-კუნძად მდგარი ფოთლოვანი და ვითარც ყრმას, დედებრ მიირქვამს თავის წიაღ. იცია რაი არს ესე, კაცო? ნადირ-ფრინველიც გაეთავისება კაცს და ბალახნიც კი ხმით იტყვიან მისთვის. უცნაურის მლოდეობას შეუტყობს უსიერი ტევრი კაცს და გულმოწყედაც დასცდის მას. ტყეშიგან დაზმი კაცო, ოდეს ჟამი ჰარისა მოაწევს, როიცა ხვიფლოვანი იფასლებს და შრტოთაგან ყვავილნი გამოიძალებიან. მაშინ წარმოსდგები მუნით შიგანაჩქროლებული. ალს გაუალებს და უცხო მუქაფას უბოძებს ტყე კაცის გულს. დიდი ნიჭია ტყის იადგარის დაუნჯება და მოხსომება. ესაა ჩიტის ენის მეუწყეობა.
ტყე ისწავლება ბოროტის ჭვრეტას და მიგებებას. იგი კაცი იჩაუქებს რიტორებაში, ვინცა ამ ბოროტებას სცნობს და შეიცნობს. ფინთია ის, ვინც მთელი მისი სიცოცხლე ბრიყვ-თამამობით ლამობს ბოროტის უკუგდებას და სახიობური ნაქცეურით უარყოფს მის მორჭმულებას.
ცდილობს ჭაბუკობამილეული გაიხსენოს უფროსთაგან ისეთი ვინმე, ვინც მისთვის სარიტორო სიტყვის მთქმელი იყო და მასწავლელის საღვაწოსათვის მცირაკი მაინც გაუღია. ამდენს იტყვიან ტრადიციებსა და თაობათაშორის უწყვეტობაზე და მსგავსი არსად არაფერია. ის, ვინც თავის ყრმობაში უცხოდ ხედავდა ყოველივე ჩენილს, შესაქმის შემზარაობას გულის ჰაისით შეიგებდა, მალავდა ამას თვისთა შორის, მოყვასთამებრ ლიტონობდა და მქისეობდა. თავისი რქა მან მოყვასს უწილადა მისივე გულისათვის, არა ცათა წალკოტისათვის. რაღა იყო მისთვის სამოყვასოს მაია, ეჭვშეუტანელ სათნოყოფად და საბაძავ მოღმრთეობად რომ დასახულა? არა ავი სამუქფო მოურეწავს მას თავისი გარჯილობით და თავად ღმერთს მიუგებს იგი _ ჩემი სარიტორო შურისამებრ მომეგოს.
თავმან თქვენმან, მოყვასნო, წარაგებთ უცანობაში თვისთა დღეთ და ვერ იგუმანებთ, რომ თქვენს შორის მმეცნე სათნოდ მაქციობდა თქვენივე გულისათვის, ჰამოდ მაქციერობდა თქვენდა საშეღავათოდ. მას გვამთაგან სული ამოსვლას ულამს უტყვი შეწუხილობისაგან, თქვენ კი სიცილს დაუპყრიხართ. იგია თქვენი ღმერთი. ვერ გიცვნიათ სახლი მაღორებელი. ვერასოდეს შეიგებთ რაი არს მეცნაობანი ბოროტთანი. ჰოი ნაღველო კაცისაო, ვერა რა საწყაულით აღუწყავო. ბოროტისა მჭვრეტელს გულსა მისსა ესეგვარი მუღაბანი შესვლია, რომ სული ძლივას მოუბრუნებია. რაც მას დღენი უსხან, ერთობილად მიმწუხრია.ბოროტის სიდიადის შემჭვრეტს ზურგის მძივნი მოეშალნეს გვემით. თქვენ კი მოყვასნო, სიცილს არ დააკლდებით. ვარამისა არა უწყით რა და მის განსარინებლად წამლებს იგონებთ. თქვენი ვარამი საჭმოსა და ჭრელ სამოსელზე, თეთრის შოებაზე გაწუწკებული კაცის ვარამია. წამლებით ცდილობთ მის კურნებას? ვაი თქვენდა.
ცათა ქვეშე მყრალობითა და სნებით მომჯდომმა იიობმან მოსთქვა სიტყვანი საწყალნი. იოხრიდა კეცით იგი გვამსა წყლულოვანსა. იიობისა ნაცარსა შინა რევა და წუთხსა შინა ცხროიანი ყოფაები დუნიას დიდად სახსოვნელად დაურჩა. წინაშე სვეუწყალო მოვარამისა რისხვით ჰკვეხდა ღმერთი ჯანღთა და ელვათა ამბავს, ლევიათანის გოროზობას. ლამის სულთაგან დასცალა ღმრთის პირიდან ელვისამებრ ტყორცებულმა ზარიანმა სიტყვამ დიდად ბეჩარა კაცი. იიობ ვარამის მასწავლელია ყოვლიართათვის და სამისხოდ. თქვენი ვარამი რაღაა, მოყვასნო? მცირედ რომ გაგკრათ ფრთა ბედითობის ფრინველმა, ცარვა და ჭკვას გადაცდენა მოგივათ. არარაობის კოშკის მაშენებელნო, ვინ დამდგარა თქვენს ღმერთად?
მიიყრება წლები, განილევა სიყმე-სიჯელენი და სიმარტოვეს ეჩვევა მოცნებას შემდგარი. იქით გაესწრაფება, სადაც დიდნი სამეცნონი დაისახება. დია სანიაზო იყო ჭაბუკისათვის ისეთი მოძღვარი, ვინც მას სარიტორო ტაბლასთან აინახებდა. სერობისას ფიქრთა სიმრუმით ზაფრვას, საუზმედ საზარელ უღმერთობას და სამხრად შესაქმის სიცარიელეს ახმევდა. გამოიცადოს ყოველი შემტყობარი ამა ტაბლასთან ინახობით.
დიდად ჰლამდა ჭაბუკს მოძღვარი, რომელიც მას შურიანი და მეომარი ღმერთისას ეტყოდა. სხვათაგან შეუტყობლად ეძებდა ჭაბუკი მოძღვარს, რომელიც მას ყრმობისასვე სიკვდილს წარუდგენდა, ვითარც შემმეცნეთა დიდ მემწეს. თავად იქცა იგი ჭაბუკი სიკვდილის მესიტყვედ და მის მესაჭურვლედ. სიკვდილს შეეყონაღა იგი და მძულვარების ტაპასი მოიგო. თავად დაიდგა მან ისეთი ტაბლა, ვითარსაც ჭაბუკობისას ინატვრიდა და ამ ტაბლასთან სიკვდილია მუდამ ინახად მჯდომი. ღმერთებს შეეზარებათ ამ ტაბლასთან ინახობა. ერთს ჰკითხავს მყოვარჟამ სიკვდილის ქალღმერთს დამხვედრი: ვითარ განდეგილობენ ღმერთები, რის გამო და რად მალავენ ამას ასე გულდაგულ კაცისგან? პასუხად კი ისევ დუმილი და ჭმუნვა. უთქმელი ზავთი დაიდვა გულზედ ჭაბუკმა და ღმერთების საუდიარო ფიქრი ასასტიკა. კაცის და არა ღმერთების სადიდებელს იტყვის იგი ამ ტაბლასთან: საკვირველ და დიადი ხარ შენ მოკვდავო, მიწის მემწევ და მესიტყვევ. ჰე შენ, ამოდ მაშვრალო მხვნელ-მთესველო და საესავო გლემურძო. მიწით კაცობს კაცი და მიწა კაცით მიწობს. შეიძლო კაცმა თვინიერ ღმერთებისა მიწის ზურგზე ძალმოსილად ყოფნობა. რად ეყმის მოცნების მოყმეს მის სიყმეში ის ნუგეშინი, რაიც უცანთა მირიადისათვის შეუვალი საღვთო საწინდარია?
იგი, ვინც სიჯელეშივე შეიცნო, რომ არ არსებობს არანაირი სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ არსებობს მოკვდავის მისაქედებელი და სატვირთველი, რომ ჰხამს შეიმეცნო შესაძლებლის ზღვარზე და ეს ზღვარი გადასწიო ერთობ შორს. არსებობს ყალანი რიტორული, რომ ცხოვრებაში იპოვო თუნდაც ერთი კაცთგანი, ვისთანაც შეიძლება იუბნო ბოროტზე იმგვარად, რომ ამისთვის ფლიდურად არ მოიმათხოვრო საღმრთო ნუგეშინი და წინდი. ამ ყალანთამებრ გიხამს ტაბლის დადგმა, რომელთან მოახლოება თვით ქვესკნელიერთ შეეზარებათ.
იგი, ვინც სიყმეშივე გულით იგნობდა, რომ ჭეშმარიტება ხშირად გამოგონჯილია და მქისე, ხოლო შესაქმის ნირი კაცის დამანელებელი და ყოვლად მაცდურია. ვინც ურიოშოდ და უზოგველად ეძებდა, ვისაც სულნი ამოსვლას ულამდა, ის იმეთქვებს საგულისყუროს კაცზე და მის სვეუპოვარებაზე.
იგი, ჭაბუკობაწარგებული, ქვესკნელის მცნობია. ვითარც მას თავი მოუმცნია და განუჭვრეტია, ვითარც მას თვისნი სულნი შეუსწავლია, მისებრ იგი ვერვის უცვნია და მას თავისი გულის გასაწყო კაცნი არაოდეს უნახვან. დაუნელებია იგი ბრიყვთა შინა რონინს და მათი მობილწარობით დაღონებულა. ვერვის მიახვდენს იგი და შესამცნეს ვერ გამოუსახავს. მაინც იბრძვის შემმეცნე, რომ მისი მოშრომილნი ეშმაკთ მუშა არ იქმნეს. იმედეულობს იგი, რომ კაცთა შორის კაცს იპოვის, ვის წინაშეც ჯერ არს სამეთქვოთა მოთქმა და მისგან, ცნობაგაღვიძებულისგან ისმენს თავის ყადარ პასუხმიმგეობას.
ჰოი კაცო, განა ღმერთს არ უმძიმს თვისი ღმერთობა? შენ რაღად რიოშობ და მტყუვარებ შენს უცნობელობაში? ჰგონებ, რომ ამით აირიდებ ბოროტის ტევებას? გიფიქრია სად ჰგიეს ღმერთების საძვალე? უხორცოთაგან ვინმე თუ მიდის ამ საძვალესთან დასატირებლად?
ბოროტის ზეობით განვსილა სოფელი და ახლანდელ საშავდღეო ჟამი ბედით მოსწავებათა სიმრავლით აოცებს კაცს. თუ სიკეთის ჩენის შეგებას დიდი ნიჭი სჭირია, უდიდესი ნიჭი კიდევ ბოროტის შეგებას სჭირია. ნუ გეშინინ კაცო, გამოხედ მოცნების ასპარეზსა ზედა და კაეშნის კაბა იმოსე. მიეგებე ბოროტს გულოვანი ცნობისჩენით და ჭვრიტე იგი, რათა შეძინებულ იქნე მიწევნილებაში.
იმთობს მთა და სახოვნებს უცვალებლად. დიდი ბოროტის საფერია მისი მდუმარე ყუდილი. დაიფერთხავს იგი თავის ჭიუხთაგან, ეხშთაგან, დალდეთაგან და კაპანთაგან მომავლის ასწლეულსაც და თავის ჰამოვან მონაბერს კვლავ უხვად უწილადებს ვაკობს. გრძელია და ნელი მთის ფშვინვა. ძვირად სასმენელია მთათა ტინების გულისფეთქვა.ესერა, სიზრქისა და ხმელიერის უსიტყვო უცვლელობა და მიწყივ ზეაღზიდულობა. უმდაბლეს ბალახისა განრთხმულა კბოდეებთან წყალი. მიწაა უპირველესი და იგი აღესწრაფება ცათაკენ. ახლა წყალი ლამობს ცათაკენ აღსწრაფებას, რაიც ბოროტს უფრორე აძალუმებს.
აღარ მოვლენ დიდნი კაცნი სამემწეოდ და აღარას შექმნიან, რომ თაობებმა მისით სული მოითქვან და გზა გაინათონ. რევოლუციის მემითეები აღარასოდეს მოვლენ დასავლეთში. შარაგზის მომეძვედ იქცა რევოლუციის ქალღმერთი თავისივე სამშობლოში. კატასტროფა საშინელი, რომლის იქით უარესი კატასტროფაა. დიდი დასასრულის ხანგრძლივი ჟამის წინაკარი იყო ადამიანის ისტორიაში არნახული მთელი ეს სახელისუფლო და საგაზეთო გულითადობა და სოფლის მოურავობა. მობოლოვებისკენ მიდის დასავლეთის ქრისტიანობა და ასევეა ლიბერალიზმი. როგორ იპოვეს ურთიერთი ორმა სნეულმა და გადაჭდობილნი იარებიან. ორი დიდი მაიმახი შეამხანაგდა და ასე იხანგრძლივებენ დღეებს. რარიგ იღვწიან მათთვის ბაზრის მოციქულნი და მორჭმული მეკერმენი. რამდენი წიგნი დაუწერიათ. მათი განღმრთობილი ბაზარი ბაზარიონად იქცა.
მწუხრს დაუბარებენ მთანი კაცთ და კაცთაგან მცირენი არიან მისი მიმღებნი. უსვეობას ასასტიკებენ კაცნი თავისი სიცილით. მანქანათა ეპოქის მომთრგუნველ უბანალურესობაზე უარესია ეს სიცილი. ღმერთებს უყო ძალა ძალუმ მანქანათა ლეგიონმა, კაცთა სიცილიანობას კი ვერა რა დააკლო. საკუთარ დამდაბლებას სიცილით მიემოწმებიან კაცნი და საშინელებაა ეს განუწყვეტელი ექოლალია. მანქანები მოუღლელად მოიშრომებენ და სრულიად ინდიფერენტულნი არიან ადამიანის არსების რადიკალური ფალსიფიკაციის მიმართ. ცნობისჩენა რომ ჰქონოდათ მანქანებს, საბოლოოდ გაუქმდებოდა ყოველი სარიტორო გონებლობა თქმული პლატონიდან მოაქამდე. თავად ირიტორებდა მანქანა და რას იტყოდა იგი კაცთათვის საფარსაგოს და კაცთა საყაშმიეროს?
შეიძლო ამა ჟამის კაცმა, რომ საკუთარი გვარეობის გაუკეთესების გზას მიადგა საუკუნოვან ხეტიალში. ვითარც ზღვაში უხელსაწყოდ გასული ნაოსანი, ისე დადგრომილა იგი იმ ჰორიზონტის წინაშე, რაც გენურმა ინჟინერიამ გადაშალა მის თვალწინ. ატომის ცეცხლზე უარზანიგესია თავისი მნიშვნელობით ის, რაც გენომიკამ მოიპოვა ამდენი მჩხრეკელობისა და მიკროსკოპული მოგვობის შედეგად. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის. მეტად გაუბედავია პირველი ნაბიჯები და ვერ შეედრება მათ ჩაუქად ნავალს, ვინც ბუნებისმმეცნებლობისათვის მე-18 საუკუნეში მაშვრალობდა. იმ ჟამს მეცნიერი იდეისათვის იბრძოდა, ოდეს თავის ტრაქტატებს წერდა და ხელსაწყოებს მოიხელკეთილებდა. ყოველი ნაბიჯი იყო კაცის დავა ღმერთთან. კაცი თავის ხელითნაქნარსა და მჩხრეკელურ მაქციერობას სამეცნიერო მესიანისტობით ამართლებდა. აწეღა მეცნიერი საუკეთესო ლაბორატორიებითა და უზუსტესი ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. მას იდეისათვის ბრძოლა აღარ უხდება, მაგრამ გაუბედავია იგი და ინკვიზიცია რომ აღდგეს, მთლად წახდება მომეცნიერე კაცი. ის ვერ იქნება ინკვიზიტორთა სიტყვის შემცილე. აღარც დეისტობს იგი მეცნიერი, აღარც თეისტობს. უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისში უნდა ყოფილიყო ტექნიკის ის ძალუმობა, რაიც ახლა ესევითარ სახელოვნად ქმნილა.
ლიტონად იცინიან ნობელიანტი მეცნიერნი და გულთამყოფელს ვერას იტყვიან. აღარ ცილობენ ისინი ღმერთისთვის. ანგლოსაქსების და მთლიანად გერმანელთა მოდგმის უდიდესი მონაღვაწია, რომ ბუნებისმჩხრეკელობაში ასე შეძინებულ იქნა კაცი. მბრუნავიმცა ეტლი მასზედა კეთილად იყოს, ვისი დაუძინებელი ლიღარიც ნივთშექსულობის დაფარულთა ცხადყოფაა. რაოდენ მრავალი მოინაგრეს ნორდული მოდგმის კაცთ. რარიგ ხაფიფად სწავლულობენ და მოიმეცნებენ ამ მოდგმის კაცნი მღამიობთაც და ჯინჭველთაც კი. კრულმცა იყოს იგი, ვინც ამას რჯულზე მითითებით დაუკარგავს მომეცნიერე მოგვებს. ბუნებისმმეცნებლობაში ესევითარი შეძინებულობა ანგლოსაქსებისა გაცილებით დიდი რამ არის, ვიდრე ყველა მათი ნაბრჭობი WASP-ის მესიანიზმსა და მსოფლიოს საბოლოო დაპყრობაზე დასავლელი კაცის მიერ. ამა ჟამს დიდად კლებულია სულით ეს მოდგმა. დასავლეთის ერთადერთი და უკანასკნელი მითოსი არის ბიზნესმენი და მას ადევნებული ჟურნალისტი. მეომართა კასტა და ომის რიტორება ვერ შექმნა იმ მოდგმამ, ვისაც ბედისწერამ მიუბოძა მსოფლიოს ისეთი ჰეგემონობა, ვითარიც არავის ჰქონია დიდ დამპყრობელთაგან ადამიანის ისტორიაში. ლამის ჯაჰანგირად დაისახა ანგლოსაქსთა მთავარი. ომის აკიდებას და შებმას ულამის მთელ დუნიას მაღალი ქერა კაცი და არის იგი მეომეობის მძებრი. მის მიერ ატეხილი ომი კი წარ-ჯოკერ-ობა გამოდგა. სამეომრო რიტორებისა მცირედიც ვერ ითქვა. რით იმედეულობს ეს მოდგმა დუნიის მოალაფებას, თუ არა ტელევიზიის მოანდრეზეთა რიოში სიტყვით და კაცთა მოსყიდვით. არა ასე ეგების ისპაობა და ყომუშობა. მისი ქველანი არა სასახავი მეომენი არიან, არამედ თეთრის მოციქულნი და მსახიობნი, მასხარა პოლიტიკოსნი და თაღლითი ანალიტიკოსნი. ისინი რა სიალფესა და ვაჟობას მოივლენენ?
ო, რა მწვედ მდომეა მაღალი ქერა კაცი ერთასოფლის მონადავლებისა. რა დიდ მაშვრალობას ახმარს იგი ამ მტანჯვ ლიღარს. რა ამით, თუ იგი მსოფლიოს დაიპყრობს? განა შექმნის იგი რაღაც საერთო, დიდ მიზანს? მონურად შესცქერენ მილეთის ხალხები დიდად შოებულ ქერა კაცს. ვითარ შეგრძნებულან ისინი გაცინებული ქერა კაცის ენამკულობით. ეს არ არის ის აივარობა, რომლის მეოხებითაც დუნია WASP-ის ავარად დაიდება. არას იქმონენ მილეთის ხალხები ქერა კაცთან სამეტოქოდ და მაინც ვერ არის მსოფლიოს ბატონი მაღალი ქერა კაცი. ეს იმიტომ, რომ თავად ბედისწერაა აქ თავჩენილი. ვინ აღჩნდება მერმისში მსოფლიოს დამპყრობად? ვინ შექმნის ახალ იმპერიას? მხოლოდ იმპერიაში სწვდება კაცთა ერთობა მთის სიმაღლეს და აღიმაღლებს სულს.
გაიკვირვე კაცო უდებო და მცონარეო ამა ჟამისა. ესოდენ მრავალი მარცხი სულის საღვაწოში, უფერთა უფერი შენაძახი და ასეთი მინაღწევრები ბუნებისმმეცნებლობაში, კერძოობით კი გენურ ინჟინერიაში. მეცნიერობით პორფიროვანი იქმნა კაცი. დიდი ენიგმის კარიბჭესთან დადგა იგი. ტექნოგენური რევოლუციების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაცი-ტექნოსი, მანქანათა მხელოვნებელი არ ესატყვისება მეტად ძალუმ და უსწრაფეს პანტექნეიონს. ნიცშესეული იმპერატივი “დაიძლიოს ადამიანი!” გამოვლინდა მანქანათა მსაჭიროებლობაში. მანქანამ დაუსახა კაცს სხვადყოფნის ის იმპერატივი, რაც კაცმა თითქოს უარყო ჰუმანიზმისა და ლიბერალობის სახელით. დიდად უხამს კაცს ამა ჯურათის აღსრულება და ზარათუსტრას დიდ კითხვაზე _ ვითარ დაიძლიოს ადამიანი?, “Wie wird der Mensch überwunden? “ დიდი პასუხ-მიმგეობა.
თუ საპოლიტიკოდ დიდს ვერას იტყვის კაცი, მაშინ მან ის მაინც გაბედოს, რომ ევგენიკურ სამოღვაწოში მოინაგროს სამისხო რამ. თუ არა და რა აზრი აქვს გენურ ინჟინერიაში ამდენი ემპირიული მასალის დაგროვებას? ნუ იქმნება ხე შემეცნებისა ავრეხად და გამოიძალოს მის შრტოთაგან ნაყოფი სამურაზო. ნუღა ითქმის, რომ ამა საბრძნობს ჯერეთ თავისი ალო არ დასდგომია. მისი ალო ახლო არს. აი, ამის თქმას უნდა ლამობდეს წინაპირველში დღეისობის მგონებელი რიტორი.
აქამდე სტიქსის სახელით დაფიცება ღმერთების საშინელი ფიცი იყო. ახლა კაცმა დაიფიცოს დიდ საქნართა აღსრულებისას უფრო საზარელი რამ, ვიდრე ქვესკნელს მედინი სტიქსია. დაიფიცოს და აღასრულოს. იყოს იგი ბუტადეუსი და არა ოდენ ღმერთებთან მოდავე. ერთი დღე არ გქონდეს კაცო, რომ ამ საგონისით არ იგვემო.
უფრო დიდ ძალას მოინაგრებს კაცი მრავალმეცნებული, ვიდრე ატომბირთვის ცეცხლია. ყოველდღიური სასწაულია ის, რომ სულით ეგზომ დამდაბლებულ კაცს ასე ძალუმად შერჩენია ბუნებისმჩხრეკელობის ნიჭნი. მოჯანყეობითაა ნასულდგმულები ეს ნიჭნი მაშინაც კი, როცა მომეცნიერე კაცი სულაც არ მოჯანყეობს თავის სამჩხრეკელოში და არ დავაქრობს ღმერთთან შესაქმეთა ავობის გამო. საძნელოა ამ სამოჯანყო ფილფოს სიტყვით მოხელთება, გარნა დიდად უხამს კაცს მისთვის მომსიტყველობა. ვითარ არის თავჩენილი კაცის ბუნებისმჩხრეკელურ ნიჭთა შიგან ღმერთი? რატომ ბოლო სამ საუკუნეში გამოვლინდა ძალუმად ეს ნიჭები და რად წარეგო ასობით მოწინარე თაობა ისე, რომ პირუტყვთამებრ მქისე და უცანი იყო?
ეკოლოგიის სახელით ყასიდად მწუხარებს და რიოშად მოღმრთეობს კაცი, რეცა ბუნების მოავანჩავანეა. რად კილავს კაცი ატომის ღონეს და საზოგადოდ მეცნიერებას? რამდენი რამ არის სარიტორო მსიტყველობით გამოსარკვევი. მანქანის ფილოსოფია ჯერ კიდევ სამეთქვოა. ღმერთისთვის უბნობა კაცთ საპოლიტიკო მუშაითობად გაუხდიათ. ტექნიკით ფეხმედგარი ანთროპოს ესქატონი მანქანათა კილვით და ღმერთზე უბნობით ნიღბავს თავისი სიმდაბლის გაქანებას. საცოდაობის აპოთეოზია ამდენი ადამიანის ნებსით მონობა. ჭვრეტ მათ, რათა დაინახო სულ მცირე საღვთო გაჩქამება მაინც მათში და არაფერი. უძლურნი კულტურად წოდებულ ნარიოშალს ამოჰფარებიან. ვითარ შეიძლება კაცი ისე ჰგიებდეს, რომ სული არ ჰქონდეს? და თუ მის სულწაგვრილობას შეიტყობს მისი მჭვრეტელი, განა მუდამ არ უნდა მალოს ეს საღმრთო სათნოების სახელით?
რამდენი მოყვასია ისეთი, რომელთაც ბრაჰმანები ნარადჰამას ეტყვიან. სწორედ მათგანვე მოყივნებულმა მანქანამ გაამართლა მათი სიმდაბლე ისე, როგორც სხვა ვერაფერი გაამართლებდა. რა დიდად სამეთქვოა ეს საგანი და საამისო არა ითქმის რა.
რას უნდა შეიმეცნებდეს ფილოსოფია და სად უხამს მას დგომა? ბოლო ოთხი საუკუნის მანძილზე, დეკარტიდან დღესამომდე ასე მწველად არ დაყენებულა კითხვა – რა არის კაცი? ტექნიკის რევოლუციამ ამ კითხვას კაცისთვის სააუგოდ უპასუხა. მანქანას ევალება იმის კომპენსირება, რომ ზნესათნო და სიბრძნით სრული კაცი ძნელად იპოვება. ეს კომპენსატორული მისწრაფება დასავლურ ცივილიზაციაში სულ უფრო რეპრესიულ ხასიათს იღებს პოლიტიკური სისტემის ძირეული გაუფასურების გამო. ლიბერალ-კაპიტალიზმის იდეურმა დამარცხებამ მხოლოდ გაზარდა მანქანის გამომსყიდველური მისია.
მთა კი მჩუმარედ დასჭვრეტს მოკვდავთა გასაჭირს. მალე მიემოწმებიან მთათა ტინები ცნობაქმნილი მანქანისა და კაცის დიდ, არნახულ დავას. მანქანამ შეახსენა კაცს მაღლოვანება. კაცის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესე ილათიანად უკუგდებული და გაბასრული მაღლოვანება კვლავ იმპერატივად დაისახა მათ წინაშე, ვინც მსოფლიოს დაპყრობის ხვაშიადით ეგზომ შეურვებულა და ვინც პირველობს მანქანათა მოხელოვნებასა და საზოგადოდ ბუნებისმსწავლელობაში. ერთი საჯურათო ნაბიჯი და ათასობით ბიომექანოიდი და კიბერანთროპი შეიქმნება. ეს იქნება მანქანის მეოხებით ხორცსხმული ევგენიკური ადამიანი. კაცს არა აქვს არც საიმისო ცნებები, არც ფილოსოფოსობის წესი, რათა მან გაიაზროს ეს ვითარება. სულის აღზევებით კი არ იქმნება ევგენიკური ადამიანი, რაზეც ფილოსოფია ჯერ კიდევ ვედების დროიდან მსიტყველობდა, არამედ მანქანის გამოისობით. ძველი ფილოსოფია აქ ვეღარას იტყვის.
დეკემბერი, 2009 წელი.
სიტყვათა განმარტებანი-ა-
ავარი – ნაალაფარი, ნაშოვარი
ავრეხი – უნაყოფო ხე
აზმა – ქება
აიარი – უცხო არსება
აივარი – ჭკვიანი, ხერხიანი გმირი
ამოვანი – საამო
ანთროპოს ესქატონი (ბერძ.) – უკანასკნელი კაცი
არზანიგი – ღირსეული, ღირსი
აწეღა – ახლა
-ბ-
ბავთი – ავი ამბავი, ავის მაცნე
ბაზარიონი – ბილწი ალაგი
ბაკმი – მნათობთა ციური შუქი
ბეზეკი – მნათობი
ბელადობა – მეომრობა, რაინდობა
ბოლუქი – გუნდი, რაზმი, ჯარი
ბოლუქ-ბოლუქად – ჯგუფ-ჯგუფად, დას-დასად
ბუტადეუსი (ლათ.) – ის, ვინც ღმერთს დაარტყა, ღმერთის მცემელი
ბჭობიერობა – განსჯა
-გ-
გარნა – მაგრამ
გაფიხვნება – უბნობა, გასაუბრება
გება – დგომა, ყოფნა
გებადი – მოარსებე, გების მქონე
გენასებათ – გეთვალწუნებათ
გლემურძი – დიდად ხელოსანი, ხელგამომავალი კაცი
გონებლობა – ფიქრი, განსჯა
გული ებავთება – გული უწუხდება
გულმოწყედ – მკაცრად
-დ-
დადგრომა – დადგომა, დგომა
დაზმი – დაყოვნდი
დალდე – კლდეში შეზნექილი ალაგი, ნადირთ საწოლი
დაუპყრობს ყურს – მოუსმენს
-ე-
ელმით – სტკივათ
ემალმის – მალამოდ ექცევა
ენასებათ – ეთვალწუნებათ
ენიგმა(ბერძ.) – გამოცანა
ერთთავად – მუდამ
ესერა – აი
ესრესახედ – ასე
ეხში – გამოქვაბული კლდე
-ვ-
ვითარსახედ – როგორც
-ზ-
ზარ-ცემულა – ზარი დასცემია, შეშინებულა
-თ-
თავდგმულობა – დასრულებულობა
თოიჯობა – მოგვობა, ჯადოქრობა
-ი-
იადგარი – სახსოვარი, საჩუქარი
იამბიკო – ხოტბა, ქება
იატაკნა – დაამდაბლა, გაქელა
იოხრიდა – იქავებდა
ისპაობა – ვაჟკაცობა, მეომრობა
იფასლებს – კვირტს გმოიღებს
იქმონენ – აკეთებენ, შვრებიან
-კ-
კაპანი – ქვიანი ადგილი
კბოდე – ზღვის ან მდინარის მიუდგომელი ნაპირი
კეტამი – კლდის წვერი
კვრივი – აღკრძალული საღვთო ალაგი
კუნძ-კუნძად – მრავლად და ხშირად
-ლ-
ლილო – 1. ველი, 2. ალაგ-ალაგ მდნარი თოვლი
ლიღარი – სურვილი, ნდომა
-მ-
მაზარი (არაბ.) – საკრალური ალაგი
მაქციერობა – ქცევა
მაღნარი – უღრანი ტყე მთაში ან ბარში
მგონებელი – მოფიქრალი
მეკერმენი – ფულის მქონებელნი
მეყორუღე – მესაიდუმლე
მთა-ხვრელი – კლდის ნაპრალი, ქვაბი კლდეში
მიწევნილება – ცოდნიერობა
მომახველი – მებრძოლი
მომზევი – მომზიდავი
მოურავობა – ზრუნვა
მოცნება – ცოდნიერობა
მრჩობლი – წყვილი, ორკეცი
მტრელობა – დაუნდობლობა, მტრობა
მუნთქუესვე – მაშინვე
მუფარახუპოვარი – წამლის ვერმპოვნი
მუქაფა – საძღვნო, საბოძებელი
მუღაბანი – დარდი, ვარამი
მფშოვნა – სურნელის გამოცემა
მჩქეფროა – ჩქეფა
მძმაცველობა – მზაკვარება
-ნ-
ნაგალი – წყლის დენისაგან ნაცვეთი კლდე
ნავანები მთვარე – გავსებული მთვარე
ნალახი – უწმინდური
ნარადჰამა (სანსკრ.) – უმდაბლესი, უკანასკნელი კაცი
ნახჩი – მოყვანილობა, სახე
ნივთი – ელემენტი, მატერია, სტიქია
ნივთშექსულება – ელემენტების შეერთება
-ო-
ოდენ – მხოლოდ
ორანი – სამყოფელი, ჭაჭანება
-პ-
პაიდეია (ბერძ.) – ზნეობრივი აღზრდა, განსწავლულობა
პორფიროვანი – სამეფო მოსასხამით შემოსილი
პორფირი – მეფეთა ძოწეული სამოსი, წითელი ფერის
-ჟ-
ჟამი ჰარისა – გაზაფხული
-რ-
რაბამ – როგორ
რეცა – თითქოს, ვითომ
რიტორი – ფილოსოფოსი
როიცა – როცა
-ს-
სააბყირანობა – მორჭმულება და ძალმოსილება
საანჯმნო – ცხადი, თვალნათლივი
საანჯმნოდ – თვალსაჩინოდ, ცხადლივ
სათაბარუკო – საბედნიერო
სამალმოდ – საკურნავად
სანიაზო – დიდად სანატრელი, სასურველი
საოცი – საოცარი
საფარსაგო – სასიკეთო, სახეირო
საძნიადო – ძნელი, მძიმე
სახაფიფო – სასათუთო
საყაშმიერო – სააუგოს თქმა, დაცინვა
სერობა – ვახშამი
სიალფე – ვაჟკაცობა
სიყმე – ახალგაზრდობა
სიყმე-სიჯელენი _ ჭაბუკობის ასაკი
სრინვა – ბუს ხმიანობა
სტიქსი – ქვესკნელის მდინარე ბერძნულ მითოსში
სულთაგან დასცალა – მოკლა
სურინ – სურს, სწადს
სწავლულობენ – სწავლობენ
-ტ-
ტაპასი (სანსკრ.) – იოგინური მეცადინობით აღძრული ნიჭი
ტაშირი – დიდი დაცემული ველი
ტაძარი – გვამი
ტემენოსი (ბერძ.) – საღვთო ყორუღი
ტინი – სალი კლდე
ტყორცებული – გატყორცნილი
-უ-
უდები – დაუდევარი, უქნელი
უეტლობა – უბედობა
უმოთნონი – არმოსაწონნი
უფერი – ურიგო, არასათნო
-ფ-
ფაზარდაძვირებული – საკურნავის ვერმპოვნელი
ფილფო – ღონე, ძალა
ფშანი – მდინარის პატარა შენაკადი, წყარო
-ქ-
ქველანი – გმირები
-ღ-
ღამის ბეზეკი – მთვარე
ღაფლად – უცოდნელად
-ყ-
ყალანი – ხარკი, ვალი
ყაფარი – მთის აღმართი
ყომუშობა – ჯარად დგომა, საგრობა
ყორუღი – დაფარული, საიდუმლო
ყუშუმი – დასი, ჯგუფი, რაზმი
-შ-
შამსი – მზე
შეგელმით – გემტკივნებათ
შეგრძნებულან – მოჯადოებულან
შემცილე – ვინც ცილობს
შენაძახი – ნათქვამი
შესამცნე – შესამცნებელი
შეწყინება – მოწყინება
-ჩ-
ჩინჩლი – ფესვი
-ც-
ცნობა – გონება
-ხ-
ხადილი – მოხმობა, მოწოდება
ხანდაკი – ღრმა ადგილი
ხაფიფება – მოვლა, ზრუნვა
ხაფიფად – სათუთად
ხენეშება – სიავე-ბოროტება
ხვაიშნობენ – მეოხობენ, ეწევიან მათ
ხვიფლოვანი – ზოგადად მწვანოვანი, ამწვანებული ხენი
-ჯ-
ჯაჰანგირი (სპარს.) – მსოფლიოს მეუფე
ჯურათი (არაბ.) – გასაბედავი რამ საქმე
-ჰ-
ჰაისი (არაბ.) – გრძნობა
ჰიპერიონი (ბერძ.) – ზემოთ მიმსწრაფი
ჰომი – ომი
ჰურია – უცხო არსება ქალის სახით
war-joker (ინგლ.) – ომის მასხარა
WASP (ინგლ. აბრევიატ.) – თეთრი ანგლოსაქსი პროტესტანტი
Комментариев нет:
Отправить комментарий