*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2003, N 1-2-3). ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით.
წინამდებარე წერილის მიზანია გაარკვიოს რაციონალიზმის ორი უდიდესი წარმომადგენლის ნააზრევის მიმართება ღმერთის პრობლემასთან, რაც ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა ფილოსოფიური თეორიისათვის. 

ქმნიდა რა შემეცნების ფენომენოლოგიურ თეორიას, ჰუსერლი მიზნად ისახავდა, რომ ამ თეორიას რაციონალისტური და მკაცრად მეცნიერული ხასიათი ჰქონოდა. უნივერსულ არსთა შემეცნება ყოველგვარი ირაციონალიზმის გამომრიცხავი უნდა ყოფილიყო. საკითხის ჰუსერლისეულ დაყენებაში მეცნიერება კი არ უპირისპირდება ფილოსოფიას, არამედ ამ უკანასკნელს ანიჭებს ისეთივე მკაცრ გარკვეულობას და ცნებათა სიცხადეს, როგორც ეს თავად მეცნიერებისათვისაა დამახასიათებელი. ჰუსერლი ტრადიციული პოზიტივიზმის კრიტიკით გამოდის და ჭეშმარიტ პოზიტივიზმად ფენომენოლოგიას მიიჩნევს. „იდეების“ I ტომის § 20-ში ის ამბობს: „თუ სიტყვა პოზიტივიზმი“ აღნიშნავს, რომ ყველა მეცნიერება აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი ცრურწმენებისაგან, ეფუძნება „პოზიტიურს“, ე. ი. თვით პირველწყაროდან დანახულს, მაშინ ჭეშმარიტი პოზიტივისტები ჩვენ ვართ“.