воскресенье, 19 мая 2013 г.

უნივერსიტეტი და ინტელიგენცია

კრიტიკული განსჯა განათლების რეფორმის გარშემო

*ეს არის ციკლი ანტიციპაციური წერილებისა პედაგოგიურ საკითხებზე. მასში კრიტიკულად მიმოხილულია ბოლონიის პროცესი და განათლების რეფორმა. ზუსტად ექვსი წელი შესრულდა ამ ციკლის დაბეჭდვიდან. განათლების რეფორმა სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორადაც მას წარმოაჩენდნენ. სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი. ეკლესიასთან ერთად, სკოლაც და უნივერსიტეტიც იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებად. სხვაგან სად მოხდებოდა ასე? ამის შემდეგ ლაპარაკი უნივერსიტეტის ავტონომიაზე არის იდიოტობა. ახლა, 2013 წლის დამდეგიდანვე ახალი მთავრობის მიერ ის ითქმის, რომ რეფორმები განათლების სისტემაში გაგრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც აქამდე იყო, ისევ ის გაგრძელდება. რა განათლების სისტემაა ასეთი, რომ 9 წელია მასში რეფორმები მიმდინარეობს და კიდევ უნდა გაგრძელდეს? ამ წერილებს გამოქვეყნების დაწყებიდანვე ჰქონდა დიდი რეზონანსი თსუ-ში და მის გარეთ. მათი გამოქვეყნების შემდეგ ფილოსოფიის ინსტიტუტში მიწვევით წავიკითხე მოხსენება ნიცშეს ფილოსოფიაზე. ამ წერილების ნაწილი ჩემს უკითხავად გადაბეჭდა სამეცნიერო-პოპულარულმა ჟურნალმა „ისტორიული მემკვიდრეობა“ (2011 წ. N 6 (19)). ეს ციკლი პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი 7 დღე“, (16-22 თებერვალი, 2-8 მარტი, 9-15 მარტი 2007 წ.). წინამდებარე რედაქტურა იბეჭდება ავტორისეული შესწორებებით და ამოკლებული, ასევე დაკაბადონების დროს ამოვარდნილი ადგილების აღდგენით. ამ ციკლის კრიტიკულ- პედაგოგიურ და შემეცნებით ღირებულებაში მკითხველი პირველივე აბზაციდან დარწმუნდება. ასეთი ფილოსოფიური განაზრება პირველი შემთხვევაა ახლანდელ ქართულ პედაგოგიკაში და პედაგოგიკის თეორიაში. გასახარი იქნება, თუ ამ განაკვალში დგომით სხვებიც გააგრძელებენ შესატყვის რეფლექსიას. შვებით მივიღებ შენიშვნებსა და გამოხმაურებებს.

წერილი პირველი


როგორ შეიძლება ყველაზე პროგრესული ეწოდოს განათლების დასავლურ სისტემას, როდესაც მას არ შეუძლია თვით დასავლური კულტურის მზარდი ნეგატივიზმისა და მომხმარებელი ადამიანის დაძლევა? რატომ აქებენ ასე განათლების სისტემას, რომელიც ამკვიდრებს სწორედ იმ უტილიტარულ ცნობიერებას და ინდივიდუალურ ტოტალიტარიზმს, რაც აფიქრებს ჩვენი დროის დასავლელ მოაზროვნეებს? რატომ და რაზე დაყრდნობით მიაჩნიათ საქართველოში ბოლონიის პროცესი უმაღლეს და საბოლოო მიღწევად აღზრდისა და სწავლა-განათლების დარგში?
შეუძლებელია, რომ ცივილიზაცია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე თავი წარმოაჩინა როგორც კომპრადორული ელიტების მფარველმა ნეოკოლონიალისტმა, საბაზრო ექსტრემისტმა, ამორალური პოლიტიკის პოსტმოდერნული ფილოსოფიით შემნიღბველმა, ქმნიდეს ყველაზე ჰუმანურ განათლების სისტემას. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ პირველ რიგში ეს დასავლურ სინამდვილეს და თანამედროვედასავლელ ადამიანს უნდა დაეტყოს. ჩვენ არ ვიცით თუ როგორ ახერხებს თვით დასავლეთში განათლების ეს სისტემა იმ ახალი ადამიანის შექმნას, რომელმაც უნდა აღმოფხვრას დასავლური ცივილიზაციის მანკიერებანი. არაფერი ითქმის თვით ევროპაში ბოლონიის პროცესისა და განათლების გლობალიზაციის გარშემო მიმდინარე პოლემიკის შესახებ. ვინ მისცა ქართველ რეფორმატორებს საიმისო კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რომ ისინი უარყოფენ აქამდე არსებულ განათლების ყველა სისტემას და მიუთითებენ ბოლონიის პროცესის ერთადერთობაზე? გამოდის, რომ ქართველი რეფორმატორები ევროპელებზე მეტად ევროპელები არიან. ან კიდევ ისაა, რომ იწყება კიდევ ერთი საუწყებო ბლეფი სკოლასა და უნივერსიტეტში.
შეუძლებელია ისე იყოს, როგორც ხელისუფლება ირწმუნება, რომ საქართველოში ახლახანს დამკვიდრებული განათლების ეს მოდელი აძლევს ქართველ ახალგაზრდას ყველაზე მოწინავე ცოდნას და თან მისი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას უწყობს ხელს ისე, როგორც არავინ და არაფერი აქამდე. ეს სიცრუეა. გამოდის, რომ იქ, ევროპაში იმაზე ფიქრობდნენ, რომ ბოლონიის პროცესში ქართველთა ნაციონალური შეგნების პრინციპი ჩადებულიყო. სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ სწორედ ბოლონიის პროცესს ელოდა ქართველი კაცი და ახლა გამოავლენს იმ ინტელექტუალურ და სულიერ შესაძლებლობებს, რასაც განათლების დრომოჭმული პრუსიულ-რუსული სისტემის პირობებში ვერ ავლენდა.
ბოლონიის პროცესი არის ბოლონიის დეკლარაციის ხორცშესხმა. ბოლონიის უნივერსიტეტი უძველესია ევროპაში. იგი დაარსებულია 1088 წელს. ბოლონიაში მიიღეს ორი დოკუმენტი. ერთია: „უნივერსიტეტების საყოველთაო ქარტია“ (მიღებულ იქნა 1988 წლის 18 სექტემბერს ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავთან დაკავშირებით) და მეორეა: ევროპის ქვეყნების განათლების მინისტრთა ერთობლივი განცხადება „ევროპის უმაღლესი განათლების ზონა“ (მიღებულ იქნა 1997 წლის 19 ივნისს). ბოლონიის დეკლარაციის ხელმოწერიდან მერვე წელი დაიწყო და მას სულ უფრო მეტი ქვეყანა უერთდება. რუსეთი მას 2003 წლის სექტემბერში შეუერთდა. ბოლონიის დოკუმენტებში შორეული გამოძახილივით გაისმის იტალიური რენესანსის დროიდან მომდინარე აღმაფრენა და დარწმუნებულობა ადამიანის სიდიადეში. თავად ბოლონიის უნივერსიტეტი და მთლიანად იტალიური პედაგოგიური სისტემა რენესანსული დროისაგან განსხვავებით, არ არის მსოფლიო ლიდერი განათლების სფეროში.
XXI საუკუნე იუნესკომ განათლების საუკუნედ გამოაცხადა. იუნესკოს მასალები განათლების შესახებ ფორმალიზებული და ბიუროკრატიზებულია. ამ მასალების გაცნობისას რაღაც ამაღლებულს ელოდები და მათში არაფერია გარდა დიაგრამებისა, სტატისტიკური ცხრილებისა და შაბლონური ფრაზებისა დემოკრატიაზე. ის, რაც გლობალური განათლების სფეროში ხდება, ვერ შეიმეცნება იუნესკოს ბიულეტენებითა და წლიური მოხსენებებით. აქ არსადაა ლაპარაკი დიდი საგანმანათლებლო პაიდეიისა და ადამიანის კრიზისზე.
იტალიურ-ფლამანდიური რენესანსის დამსახურება ისაა, რომ მან არნახულად აამაღლა კლასიკური (ბერძნულ-რომაული) დანატოვარის შესწავლის მნიშვნელობა. კლასიკური ევროპული განათლება არის ხანგრძლივი, რუტინული პედაგოგიური პროცესი, რომელიც ადამიანის არისტოკრატად აღზრდას უწყობს ხელს. მოწაფე სკოლის მერხიდან დგას სულიერი აღზრდის გზაზე. ურთიერთობა მოწაფესა და მოძღვარს შორის იყო მკაცრად სუბორდინაციული, რომელიც გამორიცხავდა იმპროვიზაციასა და ფამილარობას, რითაც თავს იწონებს თანამედროვე პედაგოგიკა.
კლასიკური განათლება იწყება კლასიკური გიმნაზიიდან კლასიკური ენების (ბერძნული, ლათინური) შესწავლით. მათი შესწავლა აღმზრდელობითი მესიანიზმის რანგში იყო აყვანილი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებამ წარმოშვა მასობრივი, ტექნიკური განხრის პროფესიები. წერა-კითხვის მასობრივი გავრცელება ძირითად მიზნად ისახავს ტექნიკური პერსონალის მომზადებას. იწყება კლასიკური განათლებისა და მისი მიზნის პროფანირება. სწავლების პროცესიდან განიდევნა კლასიკური ენები და კლასიკური გიმნაზია იცვლება მასობრივი სკოლით. მასობრივი სკოლა მიზნად ისახავს მოწაფის აღჭურვას გამოყენებითი ხასიათის ცოდნით. მასობრივი განათლების ეს ერთადერთი მიზანი დამკვიდრდა უმაღლეს სკოლებშიც.
თანამედროვე განათლების სისტემა ამზადებს ფუნქციონერ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია და არა ცოდნა, თუმცა, გარდასულ დროთა პედაგოგიური აზრის გავლენით კვლავ ცოდნის ცნება გამოიყენება. არც მასობრივი სკოლა, არც მასობრივი უნივერსიტეტი მიზნად არ ისახავენ ადამიანის არისტოკრატად აღზრდას. აღზრდა, პაიდეია და კულტურა სოციალური მენეჯმენტით იცვლება. განათლების სისტემა სხვა არა არის რა, თუ არა ტოტალური სამომხმარებლო სისტემის ნაწილი. განათლება შორს დგას განმანათლებლობის იმ კონცეპტებისაგან, რაც XVIII საუკუნის საფრანგეთში იქნა ჩამოყალიბებული და რაშიც დიდად საჩინოა კვალი როგორც პროტესტანტული პედაგოგიკისა, ასევე მასთან მოპაექრე იეზუიტური პედაგოგიკისა. წარმოვიდგინოთ, რომ დიდროს, რუსოს, ჰოლბახს, კონდორსეს ენახათ თანამედროვე მასობრივი სკოლა და მასობრივი უნივერსიტეტი. ისინი დაინახავდნენ უწყვეტ პროფანაციას. პოსტმოდერნიზმის ყოვლისმომცველი ფილოსოფია სკოლას და მთლიანად განათლების სფეროს ისევე უქვემდებარებს ფრაგმენტაციასა და კოლაჟირებას, როგორც სხვა სოციალურ ინსტიტუტებს.
ამერიკელი სოციოლოგი პიტირიმ სოროკინი (1889-1968) აღნიშნავს თანამედროვე სკოლის მორალურ უძლურებაზე. ნაშრომში „ძალაუფლება და ზნეობა“ (1959) სოროკინი მიუთითებს, რომ თანამედროვე მთავრობების შემოქმედებითი პოტენციალი არასაკმარისია პლანეტის წინაშე მდგარ პრობლემათა გადასაჭრელად. ინტელექტუალური და ზნეობრივი კვალიფიკაცია პოლიტიკოსებისა, ამბობს სოროკინი, არ შეესაბამება დროის მიერ წამოყენებულ ამოცანათა გრანდიოზულობას.
ჩვენ გვატყუებენ, რომ დასავლურმა ჰუმანიტარისტიკამ სულ ახლახანს ახალი ცოდნა მოიპოვა დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად. ნახევარი საუკუნის წინანდელი ცნებებით ხდება მანიპულირება. დასავლურ პედაგოგიკას არაფერი კარდინალურად ახალი არ შეუქმნია. დასავლეთში შეიქმნა კონტრტრანსცენდენტალური კულტურა და სოციუმი. ერთგანზომილებიანი ადამიანიდან ერთჯერად ადამიანზე გადასვლა მოხდა. პატარა ფუნქციონერების ლეგიონი მოქცეულია კორექტული როტაციის პროცესში. ფუნქციონერთა როტაციამ მოიცვა განათლების სფეროც. ეფექტურობა და ოპტიმალურობა (ეს ორი ცნება უხშირესად წარმოითქმის), რაზეც ყველა შემთხვევაში მიუთითებენ, არ გულისხმობს ზნეობრიობას. ის რაც ოპტიმალურად და ეფექტურად არის ორგანიზებული, მოკლებულია ზნეობრიობას. ჩვენ კი ყოველთვის საპირისპიროს გვიმტკიცებენ. ეს არის ადამიანის მანქანურობის შენიღბვა ჰუმანიტარული ცნებებისა და ტერმინების კორიანტელით. ასევე პოლიტკორექტულობა, რისი დაცვის აუცილებლობაზეც მიუთითებენ ხოლმე ლიბერალები, არ ნიშნავს მოყვასისადმი მიმტევებლობას და ქრისტიანულ სიყვარულს. პოლიტკორექტულობა პოსტმოდერნისტული რელატივიზმის გამოვლინებაა და სხვა არაფერი.
ამ კონტრტრანსცენდენტალურ სოციუმში სულ უფრო იზრდება ასოციალურ და სოციოპათიურ ადამიანთა რიცხვი. კატასტროფულად ეცემა პასუხისმგებლობის განცდა ყველგან. საზოგადოების ყველა კლასი ერთნაირად დაავადებულია ინდივიდუალიზმით. განათლების სისტემის რეფორმირება შეუძლებელია იყოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზაციის მაჩვენებელი, რადგან მთლიანად სოციალური და პოლიტიკური პარადიგმა არის რადიკალურად საბაზრო, სოციალ-დარვინისტული, მაშასადამე, დეჰუმანიზებული.
საქართველოში მაშინალურად, განწირულთა აკვიატებულობით იმეორებენ კვლავ და კვლავ დასავლეთის ძველისძველ, უბანალურეს არგუმენტს, რომ საზოგადოებრივი მექანიზმების რეორგანიზაცია და პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმაცია მოიტანს არნახულ შედეგებს და ზნეობრივი პრობლემატიკაც თავისთავად გადაწყვეტილი იქნება. ასეთი დაჟინებით ამ არგუმენტზე მითითება გვიჩვენებს, თუ რაოდენ დაკნინებულია ადამიანი საქართველოში და მექანიცისტური დებულებები სოციალური კულტის რანგშია აყვანილი. ადამიანის ფსიქოლოგიითა და ფიზიოლოგიით მანიპულირება და ამის რელიგიასთან დაკავშირება საკვირველ სახეს იძენს. ანტირელიგიურ რეპრესიებზე გაცილებით უარესი უარესი და ვერაგულია ის, რაც ახლა ხდება.
განათლების ნონკოგნიტივისტური ხასიათი ვლინდება იმაში, რომ ინფორმაციული ზრდა არ იწვევს გონით ზრდას. ამ აზრით, ყველა დროის უდიდესი პედაგოგოსი სოკრატე რადიკალურად ანტიინფორმაციულ სწავლებას წარმოადგენს. განათლების კრიზისი იმიტომ კი არ დგას, რომ საბჭოთა ათეიზმი და მარქსისტულ-ლენინური დოგმები ხელს გვიშლიდა დასავლეთში აპრობირებული მეთოდების ათვისებაში. კრიზისის საკითხი გაცილებით სიღმისეულია. განათლების მიღწევები აღზრდის ხარჯზეა მოპოვებული.
არის ასეთი პარადოქსი თანამედროვე პროფანირებულ პედაგოგიკაში: პოსტმოდერნისტული ფილოსოფიის გავლენით ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ენიჭებათ პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათაგან განსხვავებით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბუნებისმეტყველება ავიწროებდა და ხშირად მთლიანად უარყოფდა ადამიანის პრობლემატიკას. დღეს კი მიუთითებენ ადამიანზე, მაგრამ განათლებაში უმთავრეს საკითხად რჩება ვიწროსპეციალური მიმართულებები. ადამიანურ საჭიროებაზე მითითებით მართლაც ფანტასტიკურად განვითარდა, მაგალითად, დიზაინი, როგორც მეცნიერება და როგორც გამოყენებითი დარგი. დიზაინი ჩვენი დროის მაგიაა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პრიორიტეტი და ადამიანის ფაქტორის წინ წამოწევა არ არის ფუნდამენტური ხასიათისა. ეს ერთგვარი პოსტმოდერნული თამაშობაა. ადამიანზე ლაპარაკი გართობითი მნიშვნელობის მქონეა. ადამიანზე მიუთითებენ ყველგან, მაგრამ ის არსადაა. აქ გასახსენებია მიშელ ფუკოს აზრი ადამიანის სიკვდილზე. ფუკოს თქმით, ადამიანის სიკვდილი მოსდევს ნიცშესეულ ღმერთის სიკვდილს. შევეცადოთ ამის გააზრება პედაგოგიკის კრიზისის კონტექსტში და აღმოვაჩენთ შემაძრწუნებელ არტეფაქტებს. სულ რელიგიაზე ლაპარაკობენ, მაგრამ არსადაა ღმერთი. ლიბერალური სამყარო განღვთიურებულია. უღმერთობა არ ქცეულა პოსტსაბჭოთა ფილოსოფიური დისკურსის პრობლემად. ეს ფილოსოფია ფალსიფიკატორობას მისდევს და ამკვიდრებს აზრს ლიბერალური ბაზრისა და ღმრთის წყალობის ერთიანობაზე.
სადღეისოდ სოციოჰუმანიტარული დარგების ჰიპერტროფირება ხდება ზუსტ მეცნიერებათა ხარჯზე. ამდენი პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი, თეოლოგი, კულტუროლოგი, ჯენდერული მკვლევარი ასეთ პატარა ქვეყანაში არანორმალურობის მაჩვენებელია. გასაკვირია, როდესაც ჯენდერულ კვლევაზე იწერება 600-გვერდიანი წიგნები. ამ დარგებში შექმნილი გამოკვლევების უდიდესი ნაწილი მოკლებულია ისეთ მეთოდოლოგიურ ბაზისს, რომელიც მკვლევარს ფართო ფილოსოფიური განზოგადების შესაძლებლობას მისცემდა. უფრო დიდი მიზეზი კი არის დაუფარავი კონფორმიზმი. სწორედ ეს ლიბერალი კონფორმისტები გამოჰყავთ ტელევიზიითა და პრესით. ამკვიდრებენ გარემოს, როდესაც ნონკონფორმისტული აზრის მიჩუმათება, არაფრად ჩაგდება ერთადერთი შესაძლებლობაა.
ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი აღარ არის იდეალური და გონითი. განმსაზღვრელი არის სენსიტიური და ფიზიოლოგიური. მიწიერი ცხოვრებისა და აწმყოს, მიმდინარე პოლიტიკური მომენტის რადიკალური აბსოლუტიზაცია მიმდინარეობს. ადამიანის სხეული სოციოკულტურული შანტაჟის წყაროც არის და საბოლოო მიზანიც. ამიტომ პოლიტიკური სომატოლოგია რელიგიური ტექსტის მნიშვნელობას იძენს. გონითთან და იდეალურთან შესატყვისობაში მყოფი ეთიკური პრინციპები ასკეტური და უცვლელია. ეს პრინციპები ყოველთვის ინდივიდსა და ადამიანის უფლებებზე მაღლა მდგომია. პოსტმოდერნის ფილოსოფია კი ამას გადაჭრით უარყოფს. შუა საუკუნეების ევროპაში ან ვედურ ინდოეთში არსებობდა ადამიანის მთლიანობითი, სრული ტიპი. დღეისათვის ეს მიუწვდომელია. თანამედროვეობას არ შეუძლია ადამიანის იდეური ცენტრაციის მიღწევა. იდეურად ცენტრირებული ადამიანი არის ის ტრანსცენდენტალური სუბიექტი, რომელიც უშორეს მიზანსა და ბოლოვად ვითარებებზე არის მიმართული. უკვე ასეთი ადამიანის არსებობა უარყოფს ყოველივე იმას, რითაც ლიბერალურ დასავლეთს თავი მოაქვს. ასეთი ადამიანი ქმნის მეტაფიზიკური შინაარსის შემცველ პაიდეიას, საკრალურ პედაგოგიკას. მოძღვარი მოწაფეს მოთმინებას და სიძნელეს აჩვევს. ასეთი ადამიანის გვერდით მომხმარებელი ინდივიდი თავისი პოლიტკორექტულობითა და ადამიანის უფლებებით არსახსენებელი და არგამოსაჩენია. ეს ინდივიდი ნაუცბათევად განსწავლული, ყრმობის ასაკიდან შეღავათებსა და გაქცევას ნაჩვევი, ცდილობს პოლიტიკურ ელიტაში მოხვედრას. მას თანამედროვეობის უმწვავესი პრობლემების გააზრებაც კი არ შეუძლია და თავს კი აჩვენებს, რომ მათ გადასაჭრელად იბრძვის. ეს ინდივიდი თავად არის დიდი პრობლემა. როდესაც ხალხის უდიდესი ნაწილი ასეთი ინდივიდებისაგან შედგება და ეს იდეალად არის დასახული, მაშინ ხალხი ეთნიკური ნაგავია.
დასავლური განათლების სისტემაში მოწაფეთა სელექციის გამო პიტირიმ სოროკინი ამბობს, რომ თუ მოწაფე საშუალო მორალურ დონეზე ქვემოთ არ დგას, მას შეუძლია ტესტის წარმატებით ჩაბარება იმ პირობით, რომ ინტელექტუალური სტანდარტის თანახმად, იგი უნარიან მოწაფედ ითვლება. პოლიტიკური ელიტები, სოროკინის მიხედვით, ფორმირდება სწორედ ასეთი ადამიანებით. ისინი ინტელექტუალური უნარის მიუხედავად, მორალურად სუსტნი არიან. სოროკინი აღნიშნავს, რომ ისინი ხარბნი, მექრთამენი, დემაგოგები და გარყვნილნი არიან.
ჩვენი დროის საზოგადოებაში მოზარდი ყველგან სიცრუეს ხედავს. უფროსკლასელი უკვე დასრულებული ნიჰილისტია. მრავალგზის ადაპტირებული ოფიციალური პედაგოგიკა და ასევე ადაპტირებული (გაიოლებული) სწავლების პროცესი ახდენენ იმის ნორმატიზებას, რისი აღმოფხვრაც არის საჭირო. მოზარდები კარგავენ მოსმენის ჩვევას. აუდიცია მათ განუვითარებელი აქვთ. პედოლოგია და მოზარდთა ფსიქოლოგია დეკლარაციული მსჯელობებითაა სავსე. ადაპტირებულ სწავლების პროცესში ერთ დონეზეა ჰოლისტური და დიფერენცირებული მიმართებანი.
არისტოტელე „პოლიტიკის“ მეორე ნაწილში (წიგნი VII) ამბობს: „...ყოველი ხელოვნება თუ აღზრდა მიზნად ისახავს შეავსოს ის ნაკლი, რაც ბუნებრივად დაჰყვა ადამიანს“. ახლანდელი განათლება როგორც ბიზნესი და სწავლების პროცესი როგორც თოქ-შოუ, ასეთ მიზანს არ ისახავს. ადაპტაცია პედაგოგიკისა გულისხმობს , რომ სკოლა უფრო ჰუმანური უნდა გახდეს პოსტმოდერნული აზრით და მოწაფეს სწავლების პროცესში უნდა ჰქონდეს fun (თავშესაქცევი). უკვე გაკვეთილზე ან ლექციაზე დასწრება არის for fun (გასართობად). ამას ხელს უწყობს ჰოლივუდის მხატვრული ფილმები ამერიკული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ცხოვრებაზე, თინეიჯერული სერიალები, მოზარდთა ტელეარხის, Nickelodeon-ის პროდუქცია.
პედაგოგი ამ დროს არის ერთგვარი მასხარა, აკადემიური a good joker, რომელმაც მოწაფეთა კონტინგენტს სიცილ-სიცილში უნდა შეაპაროს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა. კარგი ლექტორი ის არის, ვინც შლის განსხვავებას პედაგოგოსსა და სტუდიოზუსს (მოწაფე) შორის, ვისაც შეუძლია სწავლების პროცესი წარმტაც თოქ-შოუდ გადააქციოს და პედაგოგია ეიპინგად გარდასახოს (ape- ინგლ. მაიმუნი).
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ჭეშმარიტად ინტელექტუალური შრომა ფიზიკურ შრომაზე მძიმეა. ბევრს დღემდე პირიქით მიაჩნია. პოსტმოდერნიზმის პარადიგმა ორიენტირებულია მოსეირე, მოთამაშე ადამიანზე, რომელიც არ არის და ვერ იქნება შემმეცნებელი ადამიანი.
ინფორმაციის მასივი მატულობს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ზუსტ მეცნიერებებში. თავის შექცევაში გაზრდილ სტუდენტს მასალის ანალიზი და ინტერპრეტირება კი არა, არამედ მისი შინაარსობრივი შეთვისებაც არ შეუძლია. მაგალითად, სამაგისტრო ნაშრომები ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ასპირანტთა რეფერატები ცალკეულ მოაზროვნეთა შესახებ, ასევე სადიპლომო ნამუშევრები ღიმილის მომგვრელია. პრიმიტიულობა, პლაგიატურობა, ფორმალისტური მიდგომა არჩეული თემისადმი - აი ასე შეიძლება დახასიათდეს ეს ჩამონათვალი. სტუდენტს არ შეუძლია თეორიამდე ამაღლება. მასთან საგანგებოდ ამის მისაღწევად არავის უმუშავია ლექტორთაგან. თავად სტუდენტსაც არა აქვს თეორიამდე ამაღლების მისწრაფება. მას მასალა უნდა აუხსნა ფაქტოლოგიისა და ვიწრო განსჯის, მარტივი სილოგიზმების დონეზე. ამას ჩემი სალექტორო გამოცდილებით ვამბობ. სტუდენტისათვის ათვისება იოლდება, როდესაც მასალას ეძლევა ტექნიკურ-გამოყენებითი სახე. ეს სურს სტუდენტს. ის, როგორც დიპლომირებული კურსდამთავრებული, სადღაც ოფისში უნდა დაჯდეს და დაიწყოს კონკრეტულით ოპერირება იმის ნიშნად, რომ მან მთლიანად საგანი იცის. რას შეიძლება ეს შევადაროთ? ყველას გვინახავს ტელეჟურნალისტი, რომელიც ამზადებს სიუჟეტს იმ საგანზე, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ კომპეტენციას, არამედ სუბიექტურ დამოკიდებულებასაც (ნუ აგვერევა ეს მიკერძოებულობაში). ჟურნალისტს არც კომპეტენცია აქვს და მისი დამოკიდებულება საგნისადმი არის პოსტმოდერნული მოთამაშე ადამიანის დამოკიდებულება. არაკომპეტენტურობის დასაფარად ჟურნალისტი უცხოური ჰედლაინებიდან «скачивает» ტექსტსაც და სასიუჟეტო მასალასაც. ეს ერთ-ერთი ჟურნალისტური ფანდია. ასეთი პლაგიატი დასაშვები და მიღებულია მედიაში. ჟურნალისტს არა აქვს მისწრაფება რაიმე შეისწავლოს. მას თავიც კი მოაქვს ასეთი ცრუ თავისუფლებით. თეზისი ჟურნალისტის მიუკერძოებლობის შესახებ გადაქცეულია პროფესიულ ალიბიდ ჟურნალისტური არაკომპეტენტურობისა და ზერელეობისათვის. ასევე ემართება მუდმივად შეღავათებისა და გაიოლების მაძიებელ სტუდენტთა კონტინგენტსაც, რომლის პრეტენზიულობა მედიას ახალგაზრდობის თავისუფლებისმოყვარე სულის გამოვლენად უსაღებია.
უნივერსიტეტის სასწავლო კურსებიდან ხდება თეორიული მეცნიერებების განდევნა, რა თქმა უნდა, გამოუყენებლობის მომიზეზებით. განათლების ფრაგმენტაციასა და უტილიტარიზაციას სასწავლო პროცესის მონიტორინგები ვერ შველის. არაფერი განსაკუთრებული არაა აუდიტორული საათების საკრედიტო საათებით შეცვლაში. გამოყენებითობა არის აბსოლუტური კრიტერიუმი. ამის მიხედვით არის შედგენილი როგორც სავალდებულო საგნების (compulsory subjects), ასევე არჩევითი, ფაკულტატური საგნების (free-elective, optional subjects) ნუსხები.
ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგადი უნარების ტესტები (intelligence tests), ასევე მიდრეკილებების გამოსავლენი ტესტები (aptitude tests) და მათი მრავალი ვარიაციები მოწაფეზე მხოლოდ მცირე წარმოდგენას გვიქმნის. ეს ტესტები და ინტელექტის კოეფიციენტები (IQ) სოკრატული მეთოდითაც რომ შეადგინონ, მაინც ვერ იძლევა იმ უეჭველ შედეგს, რადგანაც განათლების პრაგმატულ-ინსტრუმენტული სულისკვეთება აზრს უკარგავს მოწაფის მოაზროვნედ ჩამოყალიბებას. კონვეიერულ-ფუნქციონალისტურ სოციუმში მოწაფის ადამიანურ მოწოდებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს. ლიბერალ-დემოკრატიზმს არ სჭირდება განსაკუთრებული ადამიანები. ნიველირება, რასაც ამხელდნენ ანტისაბჭოელი დისიდენტები, არ იყო მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ნაკლოვანება. ნიველირების უფრო მზაკვრული ფორმები ლიბერალიზმმა შექმნა. იმ დისიდენტებს კი არ აქვთ არც ცოდნა და არც გაბედულება, რომ ამაზე იმსჯელონ. ყველა დისიდენტი დღეს ეტალონური კონფორმისტი და პოსტმოდერნული სოციუმის მოლაყბე ჭანჭიკი არის.
ჩვენ ვხედავთ ზოგადი უნარებისა და მიდრეკილებების ტესტების არარელევანტურობას (შეუსაბამობას) და არაკონგრუენტულობას (მიმართების არქონას). ეს ტესტები არ შეესაბამება სოციოპოლიტიკურ სიტუაციასა და კულტურულ გარემოს. ეს ტესტები პიროვნების უნიკალობის გამოვლენასა და დამკვიდრებას უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ ლიბერალურ სისტემას სჭირდება ფუნქციონერები და მხოლოდ ფუნქციონერები. ლიბერალური ინდივიდუალიზაცია არ ნიშნავს პიროვნული უნიკალობისა და გენიალური გაქანების მქონე ადამიანის მხარდაჭერას. სიტემის იდეოლოგია კი სწორედ საპირისპიროს გვიმტკიცებს ათწლეულის მანძილზე. მკვიდრდება ამერიკული სოციალური კულტურა, რომლის თანახმად ადამიანები იყოფიან ვინერებად (გამარჯვებულნი, წარმატებულნი, ადაპტირებულნი) და ლუზერებად (წაგებულნი, წარუმატებელნი, არაადაპტირებულნი). როდესაც საზოგადოების უახლოესი წარსული მხოლოდ რასობრივ დაკნინებულობასა და ეთნიკურ თვითკომპრომეტაციაზე მეტყველებს, მაშინ ამერიკული სოციალური კულტურის გადმოღებას ენიჭება გამამართლებელი მისია. გამაოგნებლად შემარცხვენელი წარსული და არგამოსაჩენი წინაპრები ვინერ-ლუზერების კლასიფიკაციამ დავიწყებას უნდა მისცეს. ადაპტირებული ვინერი რეფერენტული (მისაბაძი და სანაქებო) სოციალური ფიგურაა, გავლენის აგენტია (agent of influence), პოლიტიკური შუამავალია, რომელიც აწმყოს აბსოლუტიზაციას ახდენს ყველა საშუალებით, რათა მოსპოს ადამიანთა შორის შემორჩენილი უმცირესი ზნეობრივი მიმართებები. ვინერი დემოკრატიის მასწავლებელია, რეფორმატორი და ცივილიზებული ბიზნესმენია. რა თქმა უნდა, ვინერი ქრისტიანიც არის. ის მოძღვრავს ქვეყანას მაღალი ტრიბუნიდან. ეს კი ასეა, მაგრამ ვერანაირი ფრომოუშინგი(წახალისება) ვერ მალავს იმას, რომ ასეთი ადაპტაცია ნიშნავს საკუთარ თავში სინდისის მოშთობას, უსამართლობისა და ძალთაქმედების დამკვიდრებას.
საქართველოში ფული არის ყოველივეს საწყისი და ბოლო. 15-წლიანი ეროვნული დაცემა, რელიგიის პროფანაცია, არნახული ღალატიანობა, უაზრო სისხლი საჭირო იყო იმისთვის, რომ დაკანონებულიყო სოციალ-დარვინიზმისა და აბსოლუტური ინდივიდუალიზმის ქართული ვერსია, რომ მედიაკრატიას დაეწყო კარიერიზმის, კომფორტის და სექსის ისეალად დასახვა. ასეთ ვითარებაში გამოდიან რეფორმატორები და ამბობენ, რომ საქართველოში წარმატებით განხორციელებული განათლების რეფორმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის მისაბაძი ნიმუში უნდა იყოს.
უნივერსიტეტი და ინტელიგენცია
კრიტიკული განსჯა განათლების რეფორმის გარშემო
წერილი მეორე
უნივერსიტეტი აღარაა ფილოსოფიური გონების წმინდა სამყოფელი, უნივერსიტეტის მასწავლებელი კი მხოლოდ ქირისკაცია და არა გონების ქურუმი. პილოტირებული სახელმძღვანელოებითა და იმპროვიზებული სასწავლო პროგრამებით იგი ასწავლის იმას, რაც მოსახმარი და გასართობია. ცოდნის გადაცემა არის სერვისის სახეობა და არა გონების ასპარეზზე მოღვაწეობა. განათლების კონსიუმერიზაცია და კომერციალიზაცია ხდება. უნივერსიტეტი გახდა ბაზრის ნაწილი, ერთ-ერთი საბაზრო პროდუქტი და განათლების მიღება არის სოციალური მარკეტინგის გარკვეული სახეობა. ეს პროცესი დასავლეთში XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის ამერიკანიზებასთან ერთად დაიწყო. დროთა განმავლობაში მან სულ უფრო ნეგატიური სახე შეიძინა. საქართველოში კი ისევ ისე პათეტიკურად ლაპარაკობენ დედა უნივერსიტეტზე, ცოდნის ტაძარზე. არ სურთ დაინახონ ის, რაც არის. სულიერებად ის მიიჩნევა, როდესაც რექტორებს მღვდლები ხატებს ჩუქნიან. სინამდვილეში ეს უნივერსიტეტის სულის კაპიტულაცია იყო ეკლესიის წინაშე. ამას ანტისაბჭოელმა დისიდენტებმაც დიდად შეუწყვეს ხელი. არავინ იფიქროს, რომ მარქსისტული პრობლემატიკა, შრომისა და კაპიტალის დიალექტიკა გარდასული ამბავია და უნივერსიტეტში ხატების კუთხეებისა და სალოცავი ოთახების გახსნამ და იქ პროფესორების თვალთმაქცურმა სიარულმა ეს დიალექტიკა გააუქმა. განათლების რეფორმამ კაპიტალის ყმად აქცია ინტელიგენცია. საზოგადოების წიგნიერი ფენის დაყმევების უფრო მზაკვრული გეგმის მოფიქრება შეუძლებელი იყო. რეფორმირების დროს უმთავრესი ხდება დასავლურ რეკომენდაციებთან შესაბამისობა. მიმდინარეობს საშუალო და უმაღლესი სკოლების მიმიკრია იმ აზრით, რომ უნივერსიტეტი და სკოლა თავს აჩვენებენ რენესანსისა და განმანათლებლობის ეპოქათა პედაგოგიური ტრადიციების გამგრძელებლებად.
მათ შორის, ვინც დასავლეთში საქართველოს განათლების სისტემისათვის რეფორმირების გეგმებსა და რეკომენდაციებს ადგენს, ერთი არ იქნება ისეთი, ვისაც ეცოდინება რა ქვეყანაა საქართველო, რა გააჩნდა და რა შერჩა მას განათლების სფეროში საბჭოთა დროიდან. გარეგნული ტრანსპარენტულობისა (გამჭვირვალობის) და დემოკრატიულობის საფარველით მკვიდრდება ბიუროკრატიული კონსპირაციულობა, რაც ისევ და ისევ კომპრადორული ელიტისათვის არის ხელსაყრელი. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია საგულდაგულოდ იჩქმალება. გაუსაძლისი მორალური გარემოა უნივერსიტეტში. ყველა ერთმანეთს ატყუებს და ემალება. უნივერსიტეტი ისევ ისე დარჩა პრეზიდენტის აპარატისა და მისი პარტიის ნაწილად. უნივერსიტეტი პარტიული ნიშნით და პარტიის მითითებით მუშაობს. ვითომ შევარდნაძის პარტიის დაგმობა მოხდა, მაგრამ საკონკურსო კომისიის წევრთაგან ბევრი ყოფილი „მოქკავშირელი“ იყო. საკონკურსო ვაკანსიები მათ მოიპოვეს. კონკურსების დროს პოლიტიკურ და პარტიულ წარსულს ყურადღება არ მიექცა. უნივერსიტეტი გაივსო ახალი პროტეჟეებით, მავან მოხელეთა საყვარლებითა და მათი შვილებით. უნდა ნახო ამათი კუნტრუში და მედიდურობა. მათ ეძახიან ტელევიზიაში. შემორჩენილნი არიან შევარდნაძის ცოლის დაქალები და მათი მეგობრები. ესენი უნივერსიტეტს სიკვდილამდე არ დაეხსნებიან. 2006 წლის 17 მაისს ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში. როგორც არის ხოლმე, ერთი ამბავი დადგა ტელევიზიაში. ახლახანს ჩატარდა თსუ-ს რექტორის არჩევნები. ყველამ იცის, რომ ეს ფიქციაა. ვინ რას აგარჩევინებს? ყველაფერი დადგინდა პრეზიდენტის სურვილისამებრ.
უნივერსიტეტში შექმნილია გროტესკულად უაზრო სიტუაცია. გაარაფრებულია ყველაფერი. ამ სიტუაციის ფსევდოჰუმანიზებას ისახავს მიზნად ფუნქციონერი ქალების მოძალება. ხშირად ხდება, რომ ფაკულტეტის დეკანი ან რომელიმე პრორექტორი ხმებს დაყრის, ვითომ ტოვებს თანამდებობას. სინამდვილეში ის არსად მიდის. სხვები კიდევ ჯერ არ მოსულან თანამდებობაზე და საკუთარი თავის გარშემო ქმნიან ცრუ ინტრიგის, დრამატიზმის, იდუმალების საბურველს. მოდულებზე (კათედრებზე) დამკვიდრებულია ვოლუნტარიზმი, იატაკქვეშელთათვის დამახასიათებელი რეჟიმი. არის ერთი მითქმა-მოთქმა, მალვა-ფარვა, საიდუმლო სატელეფონო შეტყობინებები. ჭეშმარიტად ქართული სტიქიაა. ყოველივე ამის დამაგვირგვინებელია რელიგიური არტისტობა: მარხვისათვის სამზადისი, სახსნილომდე დარჩენილი დღეების თვლა, საეკლესიო კალენდრების გაკვრა კაბინეტებში. ადამიანებს არ სურთ დაინახონ კონტრასტული განსხვავება საკუთარ ცხოვრებასა და ბიბლიურ ნორმებს შორის. მათთვის რელიგიური არტისტობაა მიმზიდველი და არა რელიგიურობა. კერძო უნივერსიტეტები ერთურთის წამხედურობით ცდილობენ პატრიარქს თუ არა, რომელიმე ეპისკოპოსს მაინც აკურთხებინონ თავისი შენობები.
განათლების რეფორმა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იფარება ქართველთა თაობების განუწყვეტელი მარცხიანობა კონიუნქტურულ-რეპრესიული ექსპერიმენტალიზმით. ეს რეფორმა არის მორიგი ამერიკული ექსპერიმენტი, რომელიც სანატრელსა და მიუწვდომელს გახდის იმ დონესაც, რომელზეც საქართველოს განათლების სისტემა იდგა 1987-90 წლებში. ვერც ერთი ქართული უნივერსიტეტი ვერ მოხვდება უნივერსიტეტების საერთაშორისო შანხაის რეიტინგში. გაზეთ The Times-ის 2007 წლის სარეიტინგო დანართში უმაღლეს სასწავლებლებზე (THES – The Times Higher Education Supplement), მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსიტეტის ლისტინგში პირველ ადგილზეა ჰარვარდის უნივერსიტეტი, მეორეზე - კემბრიჯის უნივერსიტეტი, მესამეზე - ოქსფორდის უნივერსიტეტი, მეოთხეზე - იელის უნივერსიტეტი. ზედა ათეულში შედიან ლონდონის საიმპერიო კოლეჯი (Imperial College London), რომელიც ახლახანს გამოეყო ლონდონის უნივერსიტეტს და გასაკვირი ისაა, რომ ის მაშინვე ზედა ათეულში მოხვდა. ეს კოლეჯი შედის ასევე „რასელის ჯგუფში“ (Russell Group) (ბრიტანეთის 20 საუკეთესო უნივერსიტეტი), რომელიც ამერიკული „სუროს ლიგის“ (Ivy League) ბრიტანული შესატყვისია. მეექვსე ადგილზეა პრინსტონის უნივერსიტეტი. ქვედა ადგილებზე არიან ევროპისა და აზიის უნივერსიტეტები. ამ რეიტინგში ყოველთვის თვალში საცემია ანგლოსაქსური ქვეყნების უნივერსიტეტების უპირატესობა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რეიტინგი მიუკერძოებელი არ არის. ვერც ამ რეიტინგში ვერასოდეს ვერ მოხვდება რომელიმე ქართული უნივერსიტეტი.
საქართველოში თვით ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარა განათლების რეფორმის პირველ ფრომოუტერად. ეს რეფორმა გელათის და იყალთოს აკადემიებს დაუკავშირდა. არავინ იცის რა იყო ეს აკადემიები და იყო კი როდესმე? ისე ლაპარაკობენ, რომ ქართველებს კავკასიის იმპერიის აღდგენისათვის თავი აქვთ გადადებული. საყოველთაო გულგრილობის ვითარებაში ფსევდოიმპერიულობა და მოჩვენებითი ექსპრესიულობა სავალდებულო გამხდარა პოლიტიკური ელიტისა და მედიაკრატიისათვის. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი: 2006 წლის ზაფხულში უნივერსიტეტის ეზოში ტარდებოდა საპროტესტო მიტინგები რექტორის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიციურმა პარტიებმა მიტინგებს მხარი დაუჭირეს. მომიტინგე პროფესორ-მასწავლებელთაგან ბევრ მათგანს რექტორი სათითაოდ მოურიგდა. ათი პროტესტანტიდან რომ ორი შტრაიკბრეხერია, ეს ნორმალურია, მაგრამ ათი პროტესტანტიდან რომ რვა შტრაიკბრეხერია, ყველაფერს აზრი ეკარგება. ვისი რა არის დასაჯერებელი?
რამდენს ლაპარაკობდა ინტელიგენცია 1992-5 წლებში უნივერსიტეტის ავტონომიაზე, სწავლების სისტემის გარდაქმნაზე და ყველაფერი ისევ ისე რჩებოდა. უფრო ადრე, 1989-91 წლებში უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნა ეროვნული მოძრაობის ბელადთა მიერ თეატრალურ-დეკლარაციული სიტყვის გარდა არაფერი იყო. ინტელიგენციამ უნივერსიტეტი შეურყვნელად ვერ შეინახა. უნივერსიტეტი ყველანაირად წაიბილწა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ელიტურ ინტელიგენციას. თსუ-ს რექტორის, როინ მეტრეველის დახლად და კონტორად იყო ნაქცევი ქვეყნის პირველი სასწავლებელი. 13 წელი იყო ის რექტორი და უსახელოდ, მალვით წავიდა. როგორი მასალები ქვეყნდებოდა საუნივერსიტეტო კორუფციაზე პრესაში რამდენიმე წელი და ვითომც არაფერი. ხელისუფლება მოურიგდა რექტორს და მას უთხრეს,- დადე კაბინეტის გასაღები, ამდენი და ამდენი თანხა პრეზიდენტის ფონდში ჩარიცხე და წადი ისე, რომ ხმა არ ამოიღო. ასეც მოხდა.
უნივერსიტეტის ტრადიციაზე რომ ილაპარაკო, ყველაზე ნაკლები 50 წელი მაინც უნდა გავიდეს. ეს ტრადიცია ჯერ უნდა დამკვიდრდეს და მას გამგრძელებლები უნდა ჰყავდეს. უნივერისეტის გამღლეტი ტრადიციის დამცველად არ უნდა წარმოჩინდეს, როგორც ეს საქართველოში ხდება. თსუ 1918 წლის დასაწყისში დაარსდა და ისტორიკოსები XX საუკუნის 20-იანი წლების უნივერსიტეტის ტრადიციაზე ლაპარაკობენ ხოლმე. ეს გადამეტებაა. დაარსდა უნივერსიტეტი და ნოე ჟორდანიას მთავრობამ იქ მაშინვე რიარია დააყენა. უნივერსიტეტის ისტორიის ეს პერიოდი დღემდე ბნელით მოცულია. რა სახელებით არის წარმოდგენილი ახლადდაარსებული უნივერსიტეტი? ლუკა ციხისთავი, გიორგი პერაშკოვი (ხაჭაპურიძე), თედო ღლონტი, ივანე ვაშაყმაძე, კარლო ორაგველიძე, მალაქია ტოროშელიძე და სხვები. უნივერსიტეტში მათ ბოღმისა და სიგიჟის მთები დადგეს. თსუ-ს რექტორები ერთიმეორის მიყოლებით დახვრიტეს ბოლშევიკებმა. 90-იანი წლების დისიდენტებმა და ისტორიკოსებმა ბევრი ილაპარაკეს დახვრეტილებსა და რეპრესირებულებზე. ზემოთ ჩამოთვლილნი კი არასოდეს უხსენებიათ. მხოლოდ ეგ არ იყო, რომ ივანე ჯავახიშვილი დადიოდა სალექციოდ უნივერსიტეტში. თავიდანვე არაკაცით გაიტენა ეს სასწავლებელი.
მენშევიკი, ფედერალისტი და ესერი გურულების ჯგუფებს მოსისხლე მტრად მოეკიდა ბოლშევიკი გურულების ჯგუფი. გადავხედოთ 1924-39 წლების პრესას. რა ულევი ბოღმა და შეშლილი ურთიერთსიძულვილია აქ. ერთ ივანე ჯავახიშვილზე, ერთ პავლე ინგოროყვაზე ათეულობით პარტიული ნაბიჭვარი მოდიოდა. როგორ არ გესლავდნენ ჯავახიშვილსა და ინგოროყვას. ცოფისა და ბოღმის ლოგიკა, რასაც პერაშკოვები ქმნიდნენ, დღეს ისევ გამოიყენება ათობით გაზეთის მიერ. მაშინ წითელი პროფესურა ყრიდა ცოფებს. 90-იანი წლების დამდეგიდან უნივერსიტეტის პროფესურამ იგივე ლოგიკა დისიდენტებთან და ჟურნალისტებთან ერთად გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართა. ტოროშელიძეები, ვაშაყმაძეები და პერაშკოვები არ დაელევა არასოდეს საქართველოს. მათი საბოგინო იყო და იქნება ეს ქვეყანა. დისიდენტები ამტკიცებდნენ, რომ არაკაცთა დასი შექმნა „სატანურმა მარქსიზმ-ლენინიზმმა“, მაგრამ არაკაცები მრავლად იყვნენ ცარისტულ საქართველოში, რომელთაც 1905-7 წლების რევოლუციური მოძრაობის ჩახშობაში ლომის წილი დაიდეს. არაკაცები მრავლად იყვნენ ერეკლე II-ისა და ვახტანგ VI-ის დროინდელ საქართველოში. ამ ორი მეფის სინდისზეა საქართველოს საშინელი მარცხი. დღესაც ახალი ყაიდის ვაშაყმაძეებითა და პერაშკოვებით გაივსო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყანა.
იმდენად ბინძური და საზარელია 1924-39 წლების წარსული, რომ ის დღემდე განზრახ მიჩუმათებულია. ამ პერიოდზე არ შეიქმნა ჭეშმარიტად ობიექტური, არაკონიუნქტურული ისტორიოგრაფიული გამოკვლევა. იშვიათი არაა საქართველოს დათარსულ წარსულში დროის ისეთი მონაკვეთი, რომელშიც კონცენტრირებულია ქართველი კაცის დაცემა.
ქართველი ინტელიგენცია ფსევდოევროპეიდია. იგი არ არის არცერთი ევროპეისტული ღირებულების დამცველი. ქვეყნის პრეზიდენტმა უნივერსიტეტში გამოსვლებისას (2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერი) ინტელიგენცია ცუდად მოიხსენია. პრეზიდენტი მკვახედ ესაუბრა მას. სიტყვა ვერვინ შეუბრუნა. გამსახურდია უნივერსიტეტის პროფესურას მარქსიზმ-ლენინიზმის გამო საყვედურობდა. ის ისე გალანძღეს, ლამის ცოცხლად ჩადეს მიწაში. მას ხმები დაუყარეს, ცილი დასწამეს. სააკაშვილმა ინტელიგენციას შეაყვედრა, რომ ის შევარდნაძეს ტაშით ხვდებოდა და პროფესორები ერთმანეთის უჩუმრად დაფათურობდნენ ღირსების ორდენის მისაღებად. ინტელიგენცია ბოლოს ისევ იმათი დასაცინი გახდა, ვინც თავადაა დასაცინი. ისევ ის „მოქალაქეთა კავშირელები“ აყვედრიან ინტელიგენციას იმას, რომ ის გამსახურდიას სიკვდილს და შევარდნაძის ზეობას ყიჟინით ხვდებოდა.
სოციოგენეზი თანამედროვე ინტელიგენციისა ანომალიურია. ძნელია მარქსიზმ-ლენინიზმის დებულებასთან შეკამათება, რომ ინტელიგენცია არაა დამოუკიდებელი კლასი, რომ ინტელიგენცია არაა სოციალურად მზიდი კონსტრუქცია და არა აქვს ისეთი პასუხისმგებლობა, როგორიც მუშათა კლასს. ინტელიგენციამ მხოლოდ დამანგრეველი და გამხრწნელი მისია შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში 1989 წლიდან დღემდე. მან მიიჩნია, რომ საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ უფრო გაილაღებდა. კომპრადორულმა ქართულმა ბურჟუაზიამ კი ის მონის მდგომარეობამდე მიიყვანა. ინტელიგენციის მორალურ-ემოციური მრავალწლიანი განსჯა ქარის მოტანილი გამოდგა. ერთი ხელის თითებიც კი ბევრია, რომ საქართველოში სახელგაუტეხელი ინტელიგენტები დაითვალოს. თუ შექმნა რელიგიას გამოკიდებულმა პოსტსაბჭოთა ინტელიგენციამ რაიმე მიმართულება ჰუმანიტარულ მეცნიერებაში? თუ არის რამდენიმე წიგნიერი კაცი მაინც რომელიმე დასავლური ან აღმოსავლური სწავლების მიმდევარი? ახალგაზრდობის გაძღოლა ვინ შეძლო?
2005 წლის ზაფხულში უნივერსიტეტის ეზოში პროფესორ-მასწავლებლებმა მოაწყვეს მიტინგი და განაცხადეს, რომ ისინი გამაფრთხილებელ აქციას აწყობდნენ. ვის აფრთხილებ და რა შეგიძლია? რატომ ამბობდნენ ისინი, რომ სტუდენტობა სწორედ მათ დაუჭერდა მხარს? ბევრ პროფესორს დიდი რაღაც ეგონა, რომ შევარდნაძის მომხრე იყო. მზაკვრულად წავიდა შევარდნაძე და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინა. მას სულაც არ აღელვებს თუ რას იქმიან მისი მხარდამჭერნი უნივერსიტეტში. ბითურად და აფრაკად დარჩნენ ეს ამოდენა პროფესორები. აღმოჩნდა, რომ პოლიტტექნოლოგიის პროცესში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია თავის გამოდებას შევარდნაძის მხადასაჭერად. ვისი ტიკი-ტომარა ხარ, რა გალაპარაკებს? ესენი საათობით ისხდნენ ტელესტუდიაში და შევარდნაძის დიდ პოლიტიკოსობას ირწმუნებოდნენ.
ჩვენ ვცხოვრობთ მიზანთროპულ, არასოლიდარულ, ისტერიულ, ეთნონარცისულ საზოგადოებაში. არ არსებობს არანაირი კონსენსუსი ადამიანებს შორის. ცხადია, საზოგადოება მას პირობითად ეწოდება. ასე „პირველყოფილი საზოგადოების“ ცნებაც არსებობს. ეპიტაფია მთელი თაობისათვის, რომელიც ამდენი წელია სინდისის, ისტორიის, თავისუფლებისა და ღმერთის სახელით ყვირის, არის დიდი ნიკელის ნული, რომელიც მისი საფლავის ქვაზე უნდა დამაგრდეს.
ინტელიგენციის ანომალურმა სოციოგენეზმა პოსტსაბჭოთა დროში, დაგვანახა თუ რაოდენ კნინია და მოჩვენებითი ქართული ნაციონალური შეგნება, რაოდენ გაყალბებულია ნაციონალიზმის იდეა საქართველოში, რაოდენ პროფანირებული და აბუჩად აგდებულია სიტყვა „ქართველი“. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებმა მთელი სისრულით დაგვანახა, რომ ქართველი ერი (ნაცია) როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვენ დავდექით ქართული კულტურის უძლურებისა და არტისტული ნულოვანების წინაშე.
****************
მასობრივი განათლების პარადიგმას ფილოსოფიურ საფუძვლად უძევს რადიკალური კონსუმერიზმი. ერთია ამ ვითარების კონსტატაცია და სხვაა კიდევ მისი ყოველმხრივი გააზრება. მასობრივ სასწავლებელში ადამიანები არა მხოლოდ შესასწავლ საგნებს, არამედ ერთმანეთსაც პრაგმატული თვალსაზრისით უყურებენ. პრაგმატულობა შეზავებული ურთიერთფამილარობასთან, პლებეურ ფრივოლურობასა და მხიარულებასთან, არის ამა დროის საშუალო და უმაღლესი სკოლის უპირველესი მორალური მახასიათებელი. სამომხმარებლო საფუძველზე დაყენებული სწავლების პრინციპი არის life adjustment education (ცხოვრებასთან შეგუებული განათლება). მოწაფე სწავლობს იმას, რომ «надо соответствовать». ის სკოლის მერხიდანვე კონფორმიზმს ეზიარება.
ადამიანი უარს ამბობს ბოროტების ჭვრეტასა და მის შემეცნებაზე. მას საკუთარი ახალგაზრდობა და პარადიზული სოციალური გარემო, რომელსაც მედიაკრატია შოუბიზნესთან ერთად ყოველდღიურად განამტკიცებს, იმის მყარ გარანტიად მიაჩნია, რომ წუთისოფლის ზაკვანი მას არ დალახვრავს. რა ბრიყვნი გამოჩნდებოდნენ ახალგაზრდა პლატონი, პლოტინი და ბასილიდ სირიელი, მასობრივი სასწავლებლის მოწაფეთა მასაში რომ გარეულიყვნენ. თანამედროვე ჰუმანიტარისტიკა მოწაფეთა მასას ყოველთვის შეღავათს აძლევს და მათ სულიერ სისუსტეს, შემეცნებითი გვემისაგან თავის არიდებას ამართლებს. თავისუფლება კი არა, არამედ თავისუფლების ილუზია არის ღირებული. ეს არის თანამედროვე მანიპულაციურ-ტექნოლოგიური ჰუმანიტარისტიკის გულისგული. ამიტომ მოჩანს ამერიკული სოციალური მენეჯმენტი უძლეველად, ჭეშმარიტ, სინდისთან თანხვდომილ მოძღვრებად და ეს მოძღვრება შეცდომით ადამიანის სულის საუკეთესო მისწრაფებებს უკავშირდება.
დასავლურმა ჰუმანიტარისტიკამ წამოაყენა პოსტინდუსტრიული, ინფორმაციული საზოგადოების იდეა. ამაზე ზღვა მასალა შეიქმნა. ინფორმაციული საზოგადოება უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევა, რაც, ჩემი აზრით, გადამეტებული ნათქვამია. ინფორმაციული, პოსტინდუსტრიული საზოგადოების აქსიომად იქცა მსჯელობა, რომ საწარმოებზე მეტი მნიშვნელობა უნივერსიტეტებს აქვთ. აქედან მომდინარეობს მსჯელობა „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ შესახებ. ეს მრავალ სოციოლოგიურ თუ პოლიტოლოგიურ კრებულსა თუ მონოგრაფიაში არის კონსტატირებული. ჩნდება ილუზია, რომ უნივერსიტეტების როლის ასე წინ წამოწევას მოსდევს პედაგოგიური მეცნიერების გაქანება, ადამიანთმცოდნეობის ზესვლა. ვიმეორებ, რომ ასე არ არის. რა ცნებებიც გამოიყენებოდა XX ს-ის 60-70 -იანი წლების დასავლურ განათლების სისტემაში, იგივე ცნებები გამოიყენება დღეს აქ და გვარწმუნებენ, რომ ეს დასავლური ჰუმანიზმის უახლესი მიღწევაა. XX ს-ის 60-იანი წლების დამდეგიდან (უმაღლესი სკოლის ინტენსიური ამერიკანიზაცია დასავლეთ ევროპაში ამ დროიდან იწყება) დასავლურ ჰუმანიტარისტიკაში გაჩნდა ცნება „ადამიანური კაპიტალი“, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ჩადებულია მოსწავლეში, სამერმისოდ დიდ მოგებას მოიტანს. „ადამიანურ კაპიტალზე“ ლაპარაკობს დღეს საქართველოს პოლიტიკური ელიტის ყველა წარმომადგენელი.
ამავე პერიოდში (60-იანი წლები) შეიქმნა კონცეფცია Adult education (უწყვეტი განათლება). ამ კონცეფციას მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიაც განიხილავდა და მთლიანობაში მას დადებითად აფასებდა. ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ახალი ცოდნის (ინფორმაციის) მოპოვებას. ეს ლამაზი ნათქვამი უფროა. ადამიანი ამას რომ ცდილობდეს, მას უნდა გააჩნდეს იდეური სწრაფვა, როგორც დასახეს ფრანგმა განმანათლებლებმა. ამის გარდა ასეთ იდეურ სწრაფვას ტრანსცენდენტალური ხასიათი უნდა ჰქონდეს. ამ სწრაფვას უნდა ამჩნევდეს და აფასებდეს საზოგადოება და მისი დაწესებულებები. საკმაო თავისუფალი დროის მქონე ადამიანი ცდილობს გართობას და არა ცოდნის მოპოვებას. დასავლურ ფუტუროლოგიაში (70-80 -იანი წლები) ისიც ითქმოდა, რომ ტექნიკის განვითარების გზით ადამიანი სულ უფრო მეტ თავისუფალ დროს მოიპოვებს და ეს დრო აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას და პიროვნულ სრულყოფას მოხმარდებოდა. იდეა მშვენიერია,მაგრამ დასავლური მასობრივი კულტურა სამომხმარებლო პარაზიტიზმისა და ჰედონიზმის დამამკვიდრებელია. ეს აუქმებს უწყვეტი განათლების (adult education) კონცეფციას. თავისუფალ დროს ადამიანი სულაც არ გამოიყენებს იმისთვის, რომ წაიკითხოს, მაგალითად, სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა გენური ინჟინერიის ან კოსმოსური ტექნიკის მიღწევებზე და შემდეგ ამაზე ვინმესთან ისაუბროს. ეს რომ ასეა, დასტურდება იმ ფაქტით, რომ ამერიკელ მოსწავლეთა და სტუდენტთა ზოგადი განათლების დონე ეცემა, რაზეც წერენ თავად ამერიკული გამოცემები.
ისეთი მასობრივი პროფესია დასავლეთში, როგორიც იყო კომპიუტერული პროგრამისტი, არაპრესტიჟული ხდება და ამ პროფესიამ გადაინაცვლა ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში. ასე ემართება სხვა იმ პროფესიებსაც, რომელნიც უწინ დასავლეთის სამეცნიერო პრეროგატივას წარმოადგენდა (ბიოინჟინერია, სარაკეტო მშენებლობა, მიკროჩიპების წარმოება და სხვა).
უწყვეტი განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძველ აღმოსავლეთში კონფუციანური სწავლება ადამიანს მიზნად უსახავდა მუდმივ სრულყოფას. შემეცნების მიზანი ეს იყო. სრულყოფილი ადამიანის სწავლება არის ელინურ ფილოსოფიაში, სუფიურ ორდენებში. Adult education, ჩემი აზრით, არის აღმოსავლური უწყვეტი შემეცნების იდეის ადაპტირებული ვერსია ინფორმაციულ-ტექნოლოგიური დასავლეთისათვის. კონფუციანური შემეცნება სრულყოფისათვის სულ სხვა რამ არის, ვიდრე უწყვეტი განათლების დასავლური იდეა. ეს უკანასკნელი მეტი ინფორმაციულობისა და ინფორმირებულობისაკენ სწრაფვას გულისხმობს. კონფუციანელი შემმეცნებელი მეტაფიზიკოსია, რასაც ვერ ვიტყვით უწყვეტი განათლების დასავლური კონცეფციის მიმდევარ ადამიანზე, მაგალითად, კომპანიის მენეჯერებზე. ამის გაფიქრებაც კი სასაცილოა.
დასავლური განათლების ახლანდელი სისტემა ეყრდნობა ლიბერალ-დემოკრატიის ერთ-ერთ პოსტულატს, რომ ადამიანის აღზრდა კი არაა საჭირო, არამედ მისი ინფორმირება უნდა მოხდეს. განათლების ეს სისტემა მოწაფეებს აძლევს ზღვა ინფორმაციას. მოწაფე გზააბნეული დადის ინფორმაციის ამ მასივში. ის ყოველთვის ცდილობს ამოირჩიოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოითხოვს ძალის დაძაბვას. ადამიანი არასოდეს მოინდომებს ინფორმაციის მომხმარებლის მდგომარეობიდან გამოსვლას და არ დაიწყებს თეორიის ძიებას, ადამიანის არსებასა და ცხოვრების საზრისზე ფიქრს. ადამიანი სამიდღემჩიოდ მომხმარებლად დარჩენას შეეცდება. მისი ცხოვრება არის ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, კულტურული პრეტენზიულობა, ინდიფერენტული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. პოლიტიკური სისტემა იურიდიულად განამტკიცებს ადამიანის ასეთ მდგომარეობას. არასწორია ის მსჯელობაც, რომ მოწაფეს უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს დამოუკიდებელი მუშაობისათვის. ამ მსჯელობის გავლენით ლექციებზე დასწრებას აღარ ექცევა ყურადღება და დასწრება აღარაა სავალდებულო. იგულისხმება, რომ სტუდენტი დამოუკიდებლად მუშაობს, ბიბლიოთეკებში დადის. მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ სტუდენტი არ მუშაობს. საგნები, რომელნიც დიდ გარჯას მოითხოვენ (heavy-reading subjects), სტუდენტს შეუსწავლელი რჩება. სწავლების პროცესი აღარაა ინტერსუბიექტური იმ აზრით, რომ მოწაფესა და მასწავლებელს შორის ნამდვილი პედაგოგიური ურთიერთობა წყდება. მასწავლებელი არ ცდილობს გამოავლინოს მოწაფის შესაძლებლობები, არ ცდილობს პერსონალურად იმუშაკოს იმ მოწაფესთან, ვინც მართლა განსხვავდება სხვებისაგან. მასწავლებელს არ აინტერესებს მოწაფე, როგორც ადამიანი. ლექტორი სემესტრის ბოლოს იბარებს გამოცდას და ამით მთავრდება ყველაფერი. ასეთ ვითარებას უფრო განამტკიცებს e-science (ელექტრონული მეცნიერება), რომელიც ცდილობს შეცვალოს ტრადიციული წიგნის მეცნიერება. მაგრამ წიგნის მეცნიერებას ელექტრონული მეცნიერება ბევრს ვერაფერს აკლებს. ინტერნეტ-საიტებით სტუდენტი ვერ იღებს საფუძვლიან ცოდნას. პედაგოგისა და მოწაფის ურთიერთობა მაინც აუცილებელია. სტუდენტს კი ეს ემძიმება. ის ეჩვევა გარე-გარე სიარულს და საგნის გაიმასქნებას. ლექტორი ხშირად ფორმალურად არსებობს სწავლის პროცესში.
განათლება, რომელიც ორიენტირებულია ინფორმაციის მიწოდებაზე, ვერ აღზრდის ადამიანს მოაზროვნედ. ასეთი განათლება ფორმალურია. ინფორმაციის მიწოდებაზე მიმართული განათლების პრინციპი ჰგავს ჟურნალისტური მიუკერძოებლობის დეკლარაციულ პრინციპს. ჟურნალისტიკაშიც ითქმის, რომ მედიის მოვალეობაა ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისათვის და კომენტარი თავად მაყურებელმა უნდა გააკეთოს. ეს შეუძლებელია და ამას გვიჩვენებს მედიის მუშაობის ყოველი დღე.
ინფორმაციული სასწავლო მეთოდიკა ცდილობს, რომ შემეცნებითი ძალისხმევის ეკონომიის გზით, გონებრივი რუდუნების მინიმიზაციის გზით ადამიანს მისცეს სპეციალური ცოდნა, ინსტრუმენტულ-გამოყენებითი, რეცეპტურულ-ტექნოლოგიური ინფორმაცია. პედაგოგიური კალკულაციის მეთოდების შექმნაში ამერიკელები განსაკუთრებით წინ წავიდნენ. ეს ფართოდ რეკლამირებული პილოტირებული სახელმძღვანელოები არის საქონელი, რომელიც გამოირჩევა კომერციული ეფექტიანობთ. სისტემა ჰპირდება ყველას, რომ ანგარებისა და აბსოლუტური ინდივიდუალიზმის ვითარებაში შექმნის სულიერებით აღსავსე, თავისუფლად მოაზროვნე, არისტოკრატულ ადამიანს. ეს შეუძლებელია. პედაგოგიკა მეტაფიზიკისაგან შორს მდგარია და უარყოფს საგანმანათლებლო ანთროპოდიცეას. პედაგოგი მხოლოდ ინფორმაციის ჟონგლიორია. განათლება მოკლებულია ტრანსცენდენტალურ ორიენტირს და მიმართულია კონსიუმერული ისტერიის და ნარცისულობის გამწვავებაზე. ძველი დროის პედაგოგიკა ორიენტირებულია მარადიულობაზე. პედაგოგოსი ფილოსოფოსი იყო. ახლანდელი პედაგოგიკა კი ორიენტირებულია გამორჩენასა და ფუნქციების დასწავლაზე. ეს პედაგოგიკა აწმყოს ექსტრემიზებას ეწევა და ოქლოსურ (მასობრივ) ადამიანს ასწავლის იმას, რომ მან მოიძიოს უმოკლესი და ინტელექტუალურად უეკონომიურესი გზა სამომხმარებლო ბედნიერებისაკენ (ფული და სექსი). იქმნება ანტიტრანსცენდენტური ადამიანის ის ტიპი, რომელიც დასავლური ცივილიზაციის წყევლად ქცეულა. ისტორია ტელეარქივი ხდება და წარსული, წინაპართა განვლილი გზა მხოლოდ მათ არაფრობაზე მეტყველებს.
მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დევალვაცია მის მასოვიზაციასა და კომერციალიზაციასთან ერთად. უმაღლეს სასწავლებელში შესვლა აღარ არის გარანტია სოციალური ლიფტინგისა. დაკარგულია უშუალო კორელაცია განათლებასა და წარმატებულ კარიერას შორის. უმაღლესი განათლების მიღება არ ნიშნავს დიდ ჰუმანისტურ ტრადიციასთან ზიარებას. ბოლონიის პროცესის მიზანი - ახალი, ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბება, დასაწყისშივე ნეიტრალიზებულია ლიბერალიზმის იდეოლოგიად გადაქცეული პოსტმოდერნით. ვითარდება მეთოდიკა, სასწავლო პროცესისა და შესასწავლი მასალის მიწვდის საშუალებანი, მაგრამ განათლების მიზანი აღარ არსებობს. პედაგოგიკის ისეთი თეორეტიკოსები, როგორებიც იყვნენ იოჰან ჰენრიხ პესტალოცი (1746-1827), იან ამოს კომენსკი (1592-1670), ჯონ დიუი (1859-1952), არიან ფილოსოფოსები. პესტალოცი, რომელსაც არ ჰქონდა ფილოსოფიური განათლება, მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო სრულყოფილი აღზრდის მეთოდების შექმნაზე. აღზრდის მიზანს პესტალოცი ხედავდა აღსაზრდელის ჭეშმარიტ ადამიანურობამდე მიყვანაში. ჩვენს დროში სასაცილოა ისეთი აღმაფრენა და იდეით შემსჭვალვა, როგორიც გააჩნდათ ლორენცო ვალას, პიკო დელა მირანდოლას, თომაზო კამპანელას. XX საუკუნის მეორე ნახევრის თვალსაჩინო ჰუმანისტი, რომის კლუბის დამაარსებელი აურელიო პეჩეი პირდაპირი მემკვიდრეა იტალიელი ჰუმანისტებისა. ასეთი ტოპ-მენეჯერი, როგორიც პეჩეი იყო, თანამედროვე დასავლეთში მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით შეიძლება არსებობდეს. დღეისთვის ეს სიტყვები „ჰუმანურობა“, „ჭეშმარიტი ადამიანურობა“ გაყალბებული და არსგამოცლილია. ამ სიტყვებს ხშირად წარმოთქვამენ ყველა რანგის ტრიბუნიდან. ადამიანურობის ნებისმიერი გამოვლინება დასავლურ კულტურაში მხოლოდ ანგარების მიზნით ხდება და მხოლოდ მანიპულაციური შინაარსის მქონეა. ასე იქმნება დასავლური კულტურული პროდუქცია.
უმაღლეს სკოლაში სჭარბობს ტექნოლოგიური მიდგომა განათლების შინაარსისადმი. უმაღლესი განათლების ტექნიზაცია და პროფესიონალიზაცია საბოლოოდ აღმოფხვრის ჰუმანურობის იდეას განათლებიდან. გლობალიზაცია რადიკალურად ცვლის უნივერსიტეტისა და მთლიანად მეცნიერების სოციუმს. ბოლონიის პროცესი იტალიური რენესანსის დიადი იდეების, მაღალი ჰუმანიზმის რენესანსი კი არაა, არამედ არის განათლების გლობალური უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის ისეთი წესი, როდესაც უტილიტარიზმი, ფუნქციურობა და პროფესიონალიზაცია ხდება პედაგოგიური საქმიანობის ერთადერთი შესაძლებელი შინაარსი. ნებისმიერი ადამიანი განიხილება მხოლოდ როგორც მოვალეობათა შემსრულებელი, სოციალური ფუნქციონერი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვალონ სხვა ასეთივე ფუნქციონერით.
უნივერსიტეტის წინაშე გლობალიზაციამ ასეთი პრობლემა დააყენა: ახალი დროის ევროპაში ნაციების გაჩენასთან ერთად ინტენსიურად ფუძნდება უნივერსიტეტები. მონარქიების წინააღმდეგ ჩამოყალიბებულმა რევოლუციურ-რაზნოჩინულმა პანევროპულმა ოპოზიციამ ამას დიდად შეუწყო ხელი. უნივერსიტეტი აცხოველებდა ნაციონალიზმს და პირიქით. ნაციონალიზმი ყოველთვის გარკვეულ მიმართებაში იყო ანტიმონარქიზმთან. უნივერსიტეტის დაარსება საბჭოთა კავშირში ხელს უწყობდა ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპის რეალიზებას, მაგალითად, კავკასიის ჩრდილოეთში, შორეულ ციმბირში. ახლა უნივერსიტეტისათვის ნაციონალიზმის დაცვის ამოცანა უმნიშვნელო გახდა, რადგან განათლების უნიფიცირებულ, ამერიკანიზებულ სისტემასთან მიერთება აუფასურებს ეთნონაციონალიზმს მცირე და საშუალო ქვეყნებში. გავიხსენოთ, რომ რენესანსი წინ უსწრებს ლუთერულ-კალვინისტურ რეფორმაციას. ბოლონიის დოკუმენტებში ასახულია არა ნაციონალური უნივერსიტეტების, არამედ რენესანსული კოსმოპოლიტიზმის პრინციპები. ისიც უნდა ითქვას, თუ როგორი სუსტია პანევროპული შეგნება თვით ევროპაში, როცა 1988 წელს გამოქვეყნებულმა ბოლონიის დეკლარაციამ მხოლოდ 1997 წელს ჰპოვა საერთოევროპული მხარდაჭერა.
საკუთარი უნივერსიტეტის დაარსება ახალი დროის ევროპაში (1789 წლის რევოლუციის შემდეგ) ნაციონალიზმის დამაგვირგვინებელ მოვლენად გაიგებოდა. ამაში ფრანგული განმანათლებლობის იდეებს მიუძღვის დიდი წვლილი. უნივერსიტეტი წინ უსწრებს ევროპული ნაციის შექმნას და ნაციონალიზმის წარმოშობას, მაგრამ უნივერსიტეტების ქსელი ევროპაში ჩნდება სწორედ ნაციონალიზმის გაცხოველების შემდეგ.
არამანუსკრიპტული, დამახსოვრებითი სოკრატული შემეცნება შუა საუკუნეების ევროპულ უნივერსიტეტში შეცვალა ინტელექტზე მიმართულმა ტექსტუალურმა შემეცნებამ. შუა საუკუნეებში იყო ნომადური (მოხეტიალე) სტუდენტი, რომელიც, როგორც ევროპელი (ერთიანი კათოლიკური იმპერიის ქვეშევრდომი), გადადიოდა ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში, მეორიდან - მესამეში. ლათინური ენა ყველასი იყო განათლების სარბიელზე. შუა საუკუნეების ევროპულმა უნივერსიტეტმა არ იცის ნაციონალიზმი. ის უნივერსიტეტი უნივერსული და იმპერიული იყო. უნივერსიტეტის სულისკვეთება სუპრანაციონალური უნდა იყოს. უნივერსიტეტის ამ შესანიშნავი მახასიათებლის გაცხოველებას ცდილობს როგორც ბოლონიის პროცესი, ასევე გლობალიზაციაც. ამიტომ განათლების გლობალური უნიფიკაცია და სტანდარტიზაცია ორსახოვანი მოვლენაა. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ბოლონიის პროცესს ხელს უწყობს გლობალიზაცია და რომ არა გლობალიზაცია, ბოლონიის პროცესი კიდევ დიდხანს ქაღალდზე დარჩებოდა. ბოლონიის დოკუმენტების ხორცშესხმა იწყება გლობალიზაციის გაქანებასთან ერთად. და კიდევ: ბოლონიის პროცესი მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის მოვლენად დარჩება. მას არ შეუერთდება ჩინეთის, ისლამური ქვეყნების, ინდოეთის უნივერსიტეტები.
უნივესიტეტი ხდება გლობალური მარკეტიზაციის ნაწილი. განმანათლებელს ცვლის პროფესიულ-რეცეპტურული ცოდნის მომწოდებელი პროვაიდერი. იგი განათლების ბაზარზე გვაწვდის სასწავლო პროგრამებს, აპრობირებულ მეთოდებს და პილოტირებულ სახელმძღვანელოებს. მათ არა აქვთ ნაციონალური ნიშანი. იწყება საგანმანათლებლო ბიზნესი საუნივერსიტეტო და სასკოლო ბაზარზე. პროვაიდერი გვთავაზობს მრავალფეროვან შესასწავლ ასორტიმენტს. უმაღლესი განათლება ემსგავსება ონლაინურ ვაჭრობას სახელმწიფო საზღვრების გარეშე.
უნივერსიტეტის მუშაკი თავისუფლად კი არ ჰყიდის თავის პროდუქტს კონკურენტულ ბაზარზე, რისი დეკლარირებაც საქართველოში XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ინტენსიურად იწყება, არამედ ეს მუშაკი არის მანიპულაციისა და ექსპლუატაციის ობიექტი. მეცნიერი ჰყიდის თავის ცოდნას და პედაგოგიურ გამოცდილებას და, შესაბამისად, ხდება ამ ცოდნის გაუცხოება (Entfremdung). ეს მარქსისტული ცნებაა და ის ისევე აქტუალურია დღეს, როგორც გასული საუკუნის დამდეგს იყო. ლექტორი ჰყიდის საკუთარ თავს და ის იქცა უსახო სუბიექტად ანონიმურ, მაშინერიულ სისტემაში. უნივერსიტეტი ოფიციალურად არის შპს, კომერციული ორგანიზაცია. უნივერსიტეტი მოდულია (მოდულები ახლა კათედრებს ჰქვია) ისევე, როგორც პოლიციის განყოფილებას ეწოდება მოდული. ეს ცუდის მენიშნეა. არცერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, კერძო თუ საბიუჯეტო, არასოდეს იქნება აკადემიური ოპოზიციონიზმის წარმომშობი და შემნახველი. ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ფარულად გაურიგდა ხელისუფლებას ბოლონიის პროცესის საქართველოში დაწყებამდე კარგა ხნით ადრე. ყველა უნივერსიტეტში ხელისუფლების შლეიფებია. ყველგან დეპუტატების ცოლები, შვილები, ცოლისძმები და ა.შ. ჩამსხდარან. ისინი არიან ლექტორებიც და ადმინისტრატორებიც. შარაგზის ყაჩაღად რომ იქცეს ქვეყნის მთავრობა, არცერთ უნივერსიტეტში ამაზე ხმას არ ამოიღებენ. ყველაფერი გასაიდუმლოებული, მოყუჩებული და გაიმასქნებულია საქართველოს უნივერსიტეტებში. ყველგან ილანდებიან შეშინებული, ჯამაგირის გამო აკანკალებული ადამიანები. ვინ უნდა აღიზარდოს ამ უნივერსიტეტებში მონებისა და აფერისტების გარდა? კაპიტალი იპყრობს უნივერსიტეტს და იქ მბჟუტავ მოჯანყეობრივ, ნონკონფორმისტულ სულს აშთობს. დასრულდა ინტელიგენციის ატომიზაცია და ინდივიდუალიზაცია. გათითოებული და გაუცხოებული ინდივიდები ვერ შექმნიან ვერანაირ ჭეშმარიტ პროტესტაციას.
ახალგაზრდობა და მეცნიერება
კრიტიკული განსჯა განათლების რეფორმის გარშემო
წერილი მესამე
პროფესორ-მასწავლებლები სამწლიანი რეკრუტები არიან და მათ რეკრუტირებას ახდენს უნივერსიტეტი, წოდებული დამქირავებლად. 6 სემესტრის შემდეგ კონკურსი ვაკანსიების დასაკავებლად ისევ უნდა ჩატარდეს. ასეთი კამპანიური განახლება უნივერსიტეტს არ ესაჭიროება. შეუძლებელია ისეთი ტემპით ვითარდებოდეს მეცნიერება, შესაბამისად, სასწავლო პროცესის ისეთი ინტენსიფიკაცია მიმდინარეობდეს, რომ 6 სემესტრის მომცველი ყოველი სამი აკადემიური წლის გასრულების შემდეგ აუცილებელი ხდებოდეს სასწავლო პროგრამებისა და ლექტორთა კონტინგენტის შეცვლა. შეიძლება იმაზეც ვიმსჯელოთ, რომ ეს არის სავალდებულო ფორმალობა, როდესაც ლობერალიზმის პოსტმოდერნული იდეოლოგიისათვის მუდმივი ცვლილებები და სიახლეები თვითმიზანი ხდება და ეს ეს სიახლეები ხშირად ახალი სახელით შემოსილი ფუნდამენტური ხასიათის ძველი მიღწევებია. იქმნება აკადემიური დაიჯესტის მაგვარი რამ, რომლის შემჩნევა და და სწორად შეფასება არა მხოლოდ სისტემურ მუშაობას უჩვევ სტუდენტ ახალგაზრდობას , არამედ ლექტორებსაც უჭირთ. მოსწავლე ახალგაზრდობას ამ კვაზისიახლეებს ექსკლუზიურად წარუდგენენ ხოლმე. ახალგაზრდობა ბავშვობის ასაკიდან პოლიტიკური PR-პროცესების და რეკლამის გარემოში იზრდება და მას მიაჩნია, რომ მართლაც უეჭველ სიახლეს სთავაზობენ.
უნივერსიტეტი უნდა იყოს მარადიულობის მენიშნე, პლატონური იდეალიზმის განმასახიერებელი და არა ტელეპროდუქციასავით ჭყეტელა და ცვალებადი. უნივერსიტეტში ყოველთვის უნდა იყოს ნონკონფორმიზმის გამოვლენის შესაძლებლობა. პოსტმოდერნისათვის დამახასიათებელი უკიდურესად სკეპტიკური, პირონისტული სული შემოიჭრა უნივერსიტეტში. ცვლილებების და სიახლეების აუცილებლობის მომიზეზებით ყველაფრის გაუქმება და გაქიაქებაა შესაძლებელი. სწორედ ეს ხდება დღეს უნივერსიტეტში. რეფორმატორები კი გვარწმუნებენ, რომ განათლების რეფორმამ დვრიტა მოიკიდა და მცირე ხანში ინტელექტუალების არნახული ბუმი დაიწყება. ეს საუნივერსიტეტო პირონიზმი არ ჰბადებს ნონკონფორმიზმს. ის, პირიქით, კონფორმიზმს ემსახურება.
ვთქვათ, პროფესორმა ლიმიტირებული დროის (6სემესტრი) განმავლობაში საუკეთესოდ იმუშავა, თავი არ დაზოგა სტუდენტთა გასანათლებლად, მაგრამ მომდევნო კონკურსში რაღაც ვითარებათა, მაგალითად, ინტრიგის გამო ვაკანსია ვერ მიიღო. ის უნდა წავიდეს და არავის არ აფიქრებს თუ სად წავა ეს პროფესორი. პედაგოგიურ პროცესზე მეტად ცუდად მოქმედებს ეს მუდმივი უნდობლობა, ფარული თუ აშკარა ჩასაფრება და ადმინისტრაციული თვალთვალი. სამეცნიერო ღონისძიებები (სემინარები, კონფერენციები და სხვ.) ფორმალიზმითაა განმსჭვალული. მოდულებსა და ქვემოდულებზე ფაციფუცი იწყება. ძალზე ხშირია მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები. უფრო გავრცელდა სამეცნიერო მეწვრილმანეობა და წვრილთემიანობა. ფაქტოლოგიით გატაცემამ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მეტად ნეგატიური სახე მიიღო. უნივერსიტეტს მიაწყდნენ შევარდნაძის გადავარდნილი ხელისუფლების წარმომადგენელნი, რომელთაც ახლა დაიწყეს მეცნიერობა და ლექტორობა. ცუდად მომზადებული მაგისტრანტები ცუდ ნაშრომებს წერენ. ერთმანეთის ჯიბრითა და წაბაძვით ლექტორები ცდილობენ საკუთარი მონოგრაფიები პატრიარქს აკურთხებინონ.
ირონის იწვევს ეს ხალისიანი და რიხიანი მოხსენებები ირგვლივ გამეფებული სკეპტიციზმისა და საყოველთაო გულგრილობის გარემოში. ეს ცრუ ექსტაზისი და ენთუზიაზმი გულისამრევია. ასევე აღსანიშნავია მოსაჩვენებელი თანამდებობრივი ტრაგიზმი და თრთოლა, რათა დაანახონ, რომ წელში წყდებიან დაკისრებული ტვირთის სიმძიმით და სული კბილით უჭირავთ. რა არის ეს? რა ხდება უნივერსიტეტში?
ამდენი ლაპარაკი სამეცნიერო გაცვლა-გამოცვლაზე სიცრუეა. საუწყებო გეგმითი სამუშაო, რომელზეც დამოკიდებულია მეცნიერის ჯამაგირი, არაა სამეცნიერო გაცვლა-გამოცვლა. არა ადამიანები, არამედ დაწესებულებები ურთიერთობენ. მედიის შექმნილი პროდუქცია, ეს ომახიანი ნატყუარი სისტემას ემსახურება და არა თავისუფალი აზრის დამკვიდრებას. სამეცნიერო მესიანიზმი დიდი ხანია მოკვდა და ასევე მკვდარია მეცნიერული ეთოსი. საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლამ საერთოდ მოსპო მეცნიერული ეთოსი. სადაა იდეური მეცნიერი, რომ მან ვინმეს თავისი ნააზრევი გაუზიაროს და გაუცვალოს? სადაა იდეის მაძიებელი ინტელიგენცია? ხატოვნად რომ ვთქვათ, არც ჟან კალვინია ვინმე და არც არავინ მასთან მოკამათე მიგელ სერვეტია. არიან მხოლოდ აკადემიური მოლაყბეები, თავგადაკლული კარიერისტები და მეცნიერების ტაკიმასხარები. რისი გაცვლა-გამოცვლა? რა აქვთ გასაცვლელი და სხვისთვის გასაზიარებელი?
ლექტორი დაქირავებულ და უცხო ადამიანად, დროებით მოსულად გრძნობს თავს. ლექტორთა შორის სოლიდარობისა და კოლეგიალობის ადგილს იკავებს ფორმალობა და პოლიტკორექტულობა. უნივერსიტეტი გახდა ბანალური შპს პოლიტიკურ საქმოსანთათვის. შეუძლებელია, რომ ლექტორს უნივერსიტეტის მიმართ შერჩეს ეთიკურ-ემოციური დამოკიდებულება. ის აქ მხოლოდ ჯამაგირისათვის მოდის. უადგილოა ამ დროს უნივერსიტეტის სახელოვან ტრადიციებზე ლაპარაკი. დავაკვირდეთ რა ხდება: პროფესორს სავაკანსიო ხუთი წელიც არ აღირსეს. ის არის სამწლიანი კონტრაქტორი (კონტრაქტანტი). ამდენი ტესტირების, ატესტაციის, ადმინისტრაციული სელექციის მიუხედავად, ლექტორის კომპეტენციაში მაინც ეჭვი ეპარებათ. თვით ლექტორი პერსონალურად არის შემაეჭვებელი ფიგურა უნივერსიტეტში. ახლა დამკვიდრებული გარემოება გაცილებით მზაკვრული რამ არის და მასთან შედარებით ბოლშევიკური შეეჭვება ლექტორის იდეოლოგიურ კეთილსაიმედოობაში უბრალო ამბად მოჩანს. ლექტორს მუდმივი ბიუროკრატიული პრესინგის ქვეშაც ამყოფებენ. კონკურსში გასვლის შემთხვევაში ლექტორს ჯერ უწყალობებენ პროფესორის წოდებას და თუ მან მომდევნო კონკურსში ვაკანსია ვერ მოიპოვა, ისე გამოდის, რომ მას ართმევენ პროფესორის წოდებას. კონკურსში ვერგასული ლექტორის პროფესორობა ფიქციური ხდება. ახლახანს დაიწყო თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ატესტაცია საშტატო ერთეულების შემცირების მიზნით. უნდა ვიფიქროთ, რომ მცირე ხანში ატესტაცია კვლავ გაიმართება, რაც წინა ატესტაციის შედეგების გაუქმებას ნიშნავს. ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საშუალო სკოლის მასწავლებელთა, იურისტთა, სამინისტროების სპეციალისტთა ატესტაციები ტარდებოდა. მაშინდელი ატესტაციის შედეგები ახლანდელმა რეფორმამ გააუქმა. ახლა კვლავ იწყება ატესტაციები.
ახალგაზრდობა ხედავს ლექტორის ასეთ დამდაბლებულ, მერყევ და პრეკარიატულ (არასაიმედო) მდგომარეობას. მას არა აქვს ლექტორის მიმართ მოწიწების განცდა. ახალგაზრდობაც ისეთივე უკიდურესი სკეპტიკოსია, როგორც მთელი საზოგადოება. ეს ცუდად მოქმედებს ლექციებზე დასწრების მაჩვენებელზე. ახალგაზრდას არ სურს ლექტორთან სალექციო ურთიერთობა და იგი ცდილობს როგორღაც გააცოდვილოს გამოცდაზე ჩასაბარებელი მინიმუმი ამა თუ იმ საგანში. წერილობითი გამოცდების დამკვიდრება იმას გულისხმობს, რომ ლექტორს არ ენდობიან. სიტყვიერი გამოცდის აღმოფხვრა და მთლად წერილობითზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ პედაგოგიური ტრასტინგი (ნდობა) თავად უნივერსიტეტმა გააბათილა და ლექტორი ამითაც დაამდაბლა. ლექტორსა და სტუდენტს შორის არაა პედაგოგიური ინტერსუბიექტივიზმი. არა სიტყვით, არამედ ნაწერით ისინჯება სტუდენტი. სიმართლე კი ისაა, რო არ სიტყვის მთქმელად ვარგა სტუდენტი და არც მისი საგამოცდო ნაწერია სადმე გამოსაჩენი, რადგან ის სტუდიოზუსთა კონტინგენტის ევრისტიკულ უუნარობასა და უვიცობას ადასტურებს. ვისაც აქვს თუნდაც მინიმალური სალექტორო გამოცდილება, შეუძლებელია ის არ დამეთანხმოს ამაში. სიცრუეა ამდენი მაგისტრანტისა და დოქტორანტის პრეზენტაციები, კონფერენციები და „მაღალ დონეზე შესრულებული ნაშრომები, რომელთაც მოწონება დაიმსახურეს“, როგორც ამის თქმა შაბლონად დამკვიდრდა უნივერსიტეტში.
პროფესორ-მასწავლებელთა ყოველი მომდევნო კონკურსი წინა კონკურსის შედეგების იგნორირებაა. აქედანაც ჩანს, თუ როგორი რელატიურია და არასარწმუნო საკონკურსო კომისიის დასკვნები. ისეც სათქმელია, რომ კონკურსებს მიეცემა მოჩვენებითი ხასიათი და ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები იქნებიან გამარჯვებულნი მანამ, სანამ ეს ხელისუფლება და მისი პარტია არის ქვეყანაში. ეს კონკურსები გადაიქცევა მიმიკრიად, რომ საქართველოს განათლების სისტემა დამკვიდრდა ბოლონიის პროცესში. უნივერსიტეტი, როგორც საბიუჯეტო სასწავლებელი, ემსგავსება კერძო უმაღლეს სასწავლებელს, რომელშიც არა ჰყავთ შტატიანი პროფესორები და მხოლოდ გარკვეული დროით დაქირავებულნი მუშაობენ.
მომდევნო კონკურსისათვის ლექტორის მიერ ისევ უნდა შეითხზას იმპროვიზებული სილაბუსები და კულუმ-კულუვიტები თითქოს ექსკლუზიური შინაარსით. სილაბუსების შედგენის წესი, ასევე სტუდენტის აკადემიური მოსწრების შეფასების წესი, განათლების რეფორმის დაწყებიდან (2005 წლის გაზაფხული) სულ იცვლება. 2005 წლის სექტემბერ-ოქტომბრისათვის სილაბუსში ლექტორს აზრი უნდა გამოეთქვა სასწავლო კურსის ძირითადი სახელმძღვანელოს დადებითი ან უარყოფითი მხარეების შესახებ. 2006 წლის დასაწყისისათვის ეს მოთხოვნა გაუქმდა განათლების სამინისტროს მიერ. ამ დროის სილაბუსის შედგენის წესიდან ამოღებულია ისეთი გრაფები, როგორიცაა ლექტორის ჰობი, ლექტორის სამეცნიერო ინტერესები, სამსახურით დაკმაყოფილებულობა. არის შემთხვევები, როდესაც სილაბუსებს ლექტორები ადგენენ როგორც ძველი, ასევე ახალი წესის მიხედვით. არავინ კითხულობს მათ რიგიანად და არც არავის აინტერესებს ლექტორის პედაგოგოსური შესაძლებლობის გამორკვევა.
ლექტორი ცდილობს მიიპყროს საკონკურსო კომისიის ყურადღება და სასწავლო პროგრამებს (ჰუმანიტარულ დარგებში) საგაზეთო ლიდების მსგავსად ასათაურებს. ეს არის საუნივერსიტეტო ბაზარზე გამოტანილი ამა თუ იმ ლექტორის პედაგოგიური ლეიბლები და ბრენდები. ხშირად წავაწყდებით უცხოური საიტებიდან მოპარულ, პლაგიატურ და კომპილაციურ სასწავლო პროგრამებს.
განსაკუთრებით ერთ დამღუპველ ვითარებაზე მინდა მივაპყრო მკითხველის ყურადღება. ეს არის ლექტორის უტილიტარული დამოკიდებულება რომელიმე ცნობილი მოაზროვნისადმი. ლექტორი არ არის, მაგალითად, მიშელ ფუკოს ან ჟაკ დერიდას მკვლევარი და მითუმეტეს მიმდევარი. სილაბუსს კი ეს ლექტორი ისე ადგენს, რომ თავი მოაჩვენოს ამ მოაზროვნეებით გატაცებულობითა და ფილოსოფიური ანგაჟირებულობით. როგორია, არ გაინტერესებდეს, ოდნავაც არ იყო შემსჭვალული კირკეგორით ან ნიცშეთი და სილაბუსი ისე შეადგინო, თითქოს საგანგებოდ სწავლობ და ასწავლი კირკეგორს ან ნიცშეს. მომავალი კონკურსისათვის ლექტორის მიერ ასეთივე წესით დაიწერება ახალი სილაბუსი სხვა მოაზროვნეებზე. ეს ფილოსოფიური პედაგოგიკის კატასტროფაა. ლექტორი არც ფუკოს და არც ნიცშეს მიმდევარია. ის ატყუებს სტუდენტებს და თავს აჩვენებს, რომ მათ ფუკოს და ნიცშეს ასწავლის. ლექტორი სტუდენტებს ტყუილს ასწავლის. სტუდენტი კიდევ უფრო მეტად იმსჭვალება სკეპტიციზმით. ის სულ უფრო მეტად ხდება ფილოსოფიური ნარცისი და ცხვირაბზუებული ინტელექტუალი, აი ისეთი, პოლიტიკაში რომ გადადიან და ტელეეთერში საათობით ლაპარაკობენ დემოკრატიაზე. ლექტორი ხომ უნივერსიტეტში არის კომედიანტი და მასთან განსწავლული სტუდენტი კი საქვეყნო კომედიანტი და ოინბაზია.
მოვიყვან ასეთი წესით ნასწავლი სტუდენტის ტიპურ მსჯელობას: „ნიცშე უკვე მოძველებულია. ის უკვე გავიარეთ. ჰაიდეგერიც მოძველდა. ჩვენ უფრო თანამედროვე ფილოსოფია გვინდა“. რა აზრი აქვს, რომ ჰკითხო ამ სტუდენტს: როდის დააძველე შენ ნიცშე? ჰაიდეგერი როდის გაიარე? სტუდენტს მიაჩნია, რომ ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში მას შეუძლია გაიაროს (ე.ი. ამოწუროს) კირკეგორი, ნიცშე, ფუკო და სხვები. მისთვის ამით მთავრდება ამ მოაზროვნეთა მნიშვნელობა. რას ეძებს ეს სტუდენტი? რა არის მისთვის „უფრო თანამედროვე“ ფილოსოფია? ფუკოს, ნიცშეს და სხვებს იმიტომ არ უმოღვაწიათ, რომ ქართული ყაიდით გასანიორწყლებელნი გამხდარიყვნენ და მათი სახელები უნივერსიტეტში მოსულ, შევარდნაძის გადავარდნილი ხელისუფლების ნაშთებს ენაზე დაეკერებინათ. ლექტორი საკუთარ თავს ფუკოს და ჰაიდეგერის მარაქაში რევს იმ დროის განმავლობაში, სანამ ის ლექციებს ამ მოაზროვნეებზე კითხულობს. სამერმისოდ კი ლექტორი სხვა რომელიმე ფილოსოფოსს შეეპოტინება. ანგლოსაქსურ ნეორეალიზმსა და ამერიკულ ენის ფილოსოფიას ბევრი მიეტანა პოლიტიკური კონიუნქტურის, გრანტების მიღების და ამერიკაში მოხვედრის გამო. გადავარდება ამერიკელთა ჰეგემონია და ისინიც მყისვე მიატოვებენ ანგლოსაქსურ ფილოსოფიას. 1991-2 წლებიდან დემონსტრაციულად უგულებელყოფილია რუსული ფილოსოფია. ის ამოღებული იყო საკანდიდატო მინიმუმის პროგრამიდან მრავალი წლის მანძილზე. დისკრიმინაციული და რასისტული დამოკიდებულება რუსული ფილოსოფიისადმი დღემდე გრძელდება.
ლექტორი, რომელსაც მისი საგაზეთო პუბლიკაციებითა და სატელევიზიო გამოსვლებით ვიცნობთ, როგორც უკიდურეს სკეპტიკოსს და კულტურულ მქირდავს, როგორც თანმიმდევრულ პირონისტს, ასწავლის კანტის, ჰეგელის, ნიცშეს და ჰაიდეგერის მოძღვრებებს. ეს დაუშვებელია, რადგან სკეპტიკოსი და პირონისტი შეუძლებელია ასწავლიდეს კანტს, ჰეგელს, ნიცშეს, ჰაიდეგერს და პლატონური რეალიზმის წარმომადგენელ, წარმავლობაში მარადიულობის დამამკვიდრებელ ფილოსოფოსთა მოძღვრებებს. განსაკუთრებით დაუშვებელია ის, რომ ასეთმა ლექტორმა სტუდენტებს უკითხოს ლექციები ნიცშეზე. ნიცშე რომ ასწავლო, ამის მორალური უფლება უნდა მოიპოვო. უნდა სცნობდე ნიცშეს მიერ დასახული იმპერატივების აბსოლუტურობას. ლექტორი ტელეჟურნალისტს ემსგავსება, რომელიც ცდილობს გვიჩვენოს დამაინტრიგებელი, თვალწარმტაცი სიუჟეტები და დიდხანს არცერთ საგანზე არ ჩერდება. სოკრატე თავისი ირონიით გააცამტვერებდა ამ ლექტორის პედაგოგობას. ასეთ ლექტორთან ნასწავლი სტუდენტები რომ გამოვკითხოთ 2-3 სემესტრის შემდეგ, დავინახავთ, რომ მათ ფუკო, დერიდა და სხვა მოაზროვნენი ცუდად უსწავლიათ. სტუდენტისათვის ფილოსოფიური მიმდინარეობები არის თავისებური სტატისტიკა, რომ იყო პლატონი და მისი მოძღვრება, შემდეგ იყვნენ, მაგალითად, კანტი, ჰეგელი, ნიცშე და ა.შ. და ამით დამთავრდა ყველაფერი. ფილოსოფიაში მოსული ახალგაზრდა სტუდენტობის დროიდანვე უნდა ცდილობდეს დაძაბულ იდეურ ძიებას და რომელიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობაში თავისი ადგილის პოვნას. ლექტორი სწავლების დროს სტუდენტის პედაგოგიურ ინსპირირებას უნდა ახდენდეს.
საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა რომ ნახოს ფილოსოფიის ფაკულტეტის სალექციო ცხრილი, გაიკვირვებს შესასწავლი საგნების დასახელებას. ცხრილის შემხედვარე იფიქრებს, რომ ფილოსოფიური ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. რაღა პლატონის აკადემია და რაღა აქ წაკითხული ლექციები. დიდი და პატარა ჩაბმულია ჰუმანიტარისტიკის ფალსიფიკაციისა და პროფანაციის საქმეში. სტუდენტებს ფილოსოფიის ისტორიას, როგორც ერთიან უწყვეტ ტექსტს, აღარ ასწავლიან. ერთ ეპოქასაც კი, მაგალითად, ანტიკურ ფილოსოფიას ან ადრეულ ქრისტიანობას არ ასწავლიან მთლიანობაში. ამის ეგზისტენციური საჭიროება პოსტმოდერნის იდეოლოგიამ გააუქმა. ხდება მხოლოდ ცალკეულ მოაზროვნეთა ფრაგმენტულ-იმპროვიზაციული შესწავლა. განხილულ ვითარებაში ყველაზე არსებითი კი ის არის, რომ ლექტორი არ მუშაობს იმ იშვიათ სტუდენტთან, რომელსაც აქვს ფილოსოფიური ნიშატი. ლექტორი ვერ შეძლებს ასეთი სტუდენტის ფილოსოფოსად აღზრდას სილაბუსით გათვალისწინებულ ფარგლებში. აქ სხვა სახის ურთიერთობა არის საჭირო. ლექტორი ინდიფერენტულია გამორჩეული სტუდენტის მიმართ და ასეთი სტუდენტიც იძულებულია კმაყოფილდებოდეს უგულოდ ნათქვამი საქებარი სიტყვით. სტუდენტს ეს სიტყვა მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან მის ირგვლივ არავინ და არაფერია ისეთი, რასთან მიმთხვევაც სტუდენტს მისცემდა შედარების შესაძლებლობას, რაც მას დაანახებდა, რომ ეს ლექტორისეული შეფასება უმნიშვნელოა. ლექტორს არ სურს თავი დაიტვირთოს გამორჩეულ სტუდენტთან სოკრატული მუშაობით. ის მას მაღალ შეფასებას დაუწერს გამოცდაზე და ამით დამთავრდება მისი სტუდენტთან ურთიერთობა. დღევანდელ ფილოსოფიურ პედაგოგიკაში აღარ ხდება ისე, რომ სოკრატეს მოწაფედ პლატონი ჰყავდეს და პლატონს კიდევ არისტოტელე. ეს ერთხელ მოხდა.
****************
სამეცნიერო აქტიურობის განმსაზღვრელი ევროპული რეიტინგული სისტემა და აკადემიური ინდექსი საქართველოში ვერ დამკვიდრდება. არ არსებობს დარგობრივი ავტორიტეტული ჯგუფები, რომელნიც მიუკერძოებლად შეაფასებდნენ ნაშრომებისა და პუბლიკაციების მეცნიერულ ღირსებას. ევროპაში სამეცნიერო ნაშრომის რეიტინგი განისაზღვრება სამეცნიერო მიმოქცევაში ციტირების სიხშირით. აქ ასე არ ხდება. ერთი მიზეზია პროტექციონიზმი, გამოწვეული მრავალი ნაშრომის სიმდარით. მეორე მიზეზია ერთმანეთის იგნორირება, ბოროტი დუმილი იქ, სადაც ხმის ამოღება და აზრის გამოთქმაა საჭირო.
რეფერირებულ სამეცნიერო ჟურნალებში მასალის გამოქვეყნებისათვის სამეცნიერო ცენზის მქონე მკვლევარს, ისევე როგორც მაგისტრანტს, ჰონორარს კი არ აძლევენ, არამედ ფიქსირებულ თანხას ახდევინებენ (ერთი გვერდი - 4-5 ლ. და მეტი). სამეცნიერო ჟურნალების უმრავლესობა მუდამ სულს ღაფავს და არსებობს ბიუჯეტიდან ნაწყალობევი თეთრებით და ავტორთა მიერ მასალის გამოქვეყნებისათვის გადახდილი თანხით. ბიუჯეტმა რომ დააფინანსოს, მაგალითად, გამოკვლევები ონტოლოგიაში, ყველანი აქეთ მოაწყდებიან, ყველა ონტოლოგისტი გახდება. დაიწერება უამრავი მდარე მასალა ონტოლოგიაში. დაიწყება სატელეფონო ზარები, ნათესავების ფარულად მიყვანა, ქალების ტირილი, სახვეწარით შინ მიხდომა და სხვა მისთანები. არასოდეს იქნება, რომ ადამიანმა პოლიტიკური კონიუნქტურისადმი კუთვნილების , პროტექციის, ფულის გარეშე აქ რაიმეს მიაღწიოს. ლიბერალიზმის უდავოდ საუკეთესო იდეა არის, რომ სამართლიანი შრომის საზღაური უნდა იყოს სამართლიანი ჯამაგირი. საქართველოში ეს შეუძლებელია. კაპიტალიზმის ეთიკის (საუკეთესო გაგებით) დამკვიდრება მოითხოვს ქართული ზნის მოთოკვას და გარდასახვას. სულაც არ არის ისე, რომ რაღაც მოდელის დამკვიდრება და მისი იურიდიული გაფორმება ავტომატურად შეცვლის ადამიანურ გარემოს და მრუდ ეთნიკურ ზნეს ქვეყანაში. არაა საქართველოში ის, რასაც ჰქვია recognition (ნამუშევრის აღიარება). ელინური აგონისტური პრინციპი არასოდეს იქნება საქართველოში. სოციალური აგონიზმი გულისხმობს იმას, რომ ღვაწლის გამწევი კაცის დანახვა შეუძლიათ საზოგადოებაში. აგონიზმი მხოლოდ ის არაა, რომ მავანი სახელის მოსახვეჭად იბრძვის და მისი თიმოსი სხვათა თიმოსზე მეტია. აგონიზმი ნიშნავს იმას, რომ სხვები მზად არიან აღიარონ შემოღვაწებულის შრომა და ნიჭი. აგონიზმი სოციალური ინტერსუბიექტურობის ფორმაა, რომლის დასამკვიდრებლად სულაც არაა აუცილებელი ლიბერალ-კაპიტალიზმის არსებობა. მან აგონიზმს კონკურენცია დაარქვა და თიმოსი მთლიანად გადაიყვანა საბაზრო ასპარეზზე. აგონიზმი არ ყოფილა და არ იქნება ქართველებში. ქართველებს უმიზეზოდ სძულთ ერთურთი და ყოველთვის ერთურთის ამოწყვეტას ლამობენ. ქართველები ვერ იტანენ რაღაცით გამორჩეულ, სხვებზე აღმატებულ თავისიანს. ეს გარემოება უფრო გააცხოველა ქართულმა კაპიტალიზმმა. ამას თან ერთვის ტომობრივი სიძულვილი თვით უნივერსიტეტებში. უმაღლეს სასწავლებლებში დაბუდებული სახელისუფლო ხროვები ეწევიან იმათ იგნორირებას, ვინ არაა მათი ხროვის წევრი. რეკოგნიცია არ იქნება კიდევ იმის გამო, რომ უნივერსიტეტი პოსტსაბჭოთა საქართველოში იყო და იქნება პარტიული დაწესებულება და ხელისუფლების ფილიალი. რას არ მოიგონებენ, რას არ იტყვიან და ეს წესი არ შეიცვლება არასოდეს საქართველოში. ქართული უნივერსიტეტის დგომა 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გვერდით იყო მოჩვენებითი. უნივერსიტეტმა დამარხა ეროვნული მოძრაობა. აი ამ ინტელიგენციის შემხედვარეს რისი იმედი შეიძლება გქონდეს? განა მხოლოდ ისაა, რომ კონფორმიზმია უნივერსიტეტში, არამედ რეპრესიული სერვილიზმია. ადამიანი ვალდებულია იყოს სერვილისტი და გამუდმებით ილაპარაკოს სიახლეებზე, რეფორმის შედეგებზე.
ინტელექტუალური შრომა საქართველოში გამოხატული სოციალური დისკრიმინაციის სახეობაა. წარმატებულ, ადაპტირებულ ადამიანს (ვინერს) ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერებისაგან შორს უჭირავს თავი და მეცნიერ-მუშაკს დამცინავად უცქერს. დასავლური მასკულტურის გართობაზე ორიენტაციამ მეცნიერების სოციალური თვითდისკრედიტაცია მოახდინა. არაა სარწმუნო რეფორმატორთა მსჯელობა, რომ განათლების რეფორმა აღმოფხვრის მეცნიერთა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას.
რატომ წავა ახალგაზრდა მეცნიერებაში, როდესაც მას შეუძლია ხმის ჩამწერ სტუდიაში ან ტელევიზიაში ტექნიკურ მუშაკად ყოფნით გამოიმუშავოს მეცნიერზე 3-5-ჯერ მეტი თანხა? ტელეჟურნალისტის ხელფასი მეცნიერის ხელფასს რამდენჯერმე აღემატება. ჰოლივუდის მსახიობი ფილმში გადაღებისას, ესტრადის მომღერალი საკონცერტო ტურნეში ან ალბომის გაყიდვისას იღებენ ათეულმილიონობით დოლარს. თვალსაჩინო ფიზიკის თეორეტიკოსი, ბიოლოგოსი, სოციალური მოაზროვნე მრავალწლიანი შრომისათვის იღებს ნობელის პრემიას - 1,5 მლნ. დოლარს. რომელიმე დიდი კომპანიის ტოპ-მენეჯერი ადმინისტრირებაში იღებს გაცილებით მეტ თანხას. ჯოან როულინგმა „ჰარი პოტერის“ და დენ ბრაუნმა „და ვინჩის კოდის“ შექმნაში მრავალმილიონიანი სამწერლო ჰონორარები მიიღეს. საქართველოში საბანკო წრეების ეგიდით ეწყობა ლიტერატურული კონკურსები და გამარჯვებულ მწერალს აჯილდოებენ ათასი ლარით. ეს თანხა ბანკირისათვის ჯიბის ფულია. ისე წარმოაჩენენ, რომ ქართული საბანკო კაპიტალი ეროვნულ სულსა და ეროვნულ მწერლობაზე ზრუნავს და დიდსულოვნად მეცენირებს. ნომინანტ მწერლებს წითელ ფიანდაზს უშლიან. დგას ერთი სიცილი და ლაყაფი. ტელევიზიაც იქ არის მისული. რა მუსიკის თანხლება, რა ტკარცალი და ხალისიანობა. მწერალი ფიანდაზზე მოარულ კულტურულ თვალთმაქცად იქცევა და მას ევალება კრინტი არ დაძრას კომპრადორიზმის გაქანებაზე.
ინტელიგენციის უფროს თაობას ახალგაზრდობის თვალში ავტორიტეტი დაკარგული აქვს. უფროსმა თაობამ XX საუკუნე უსახელოდ დაასრულა და მომდევნო საუკუნეც მან ასევე დაიწყო. ახალგაზრდა ვერ ხედავს უფროსი თაობის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებს, რომელნიც შევარდნაძის ხელისუფლებასთან ურთიერთობით არ არიან სახელგატეხილნი. ისინი შევარდნაძისაგან ჯინჯილებს იღებდნენ იმ ერთგულებისათვის, რომელიც საშვილიშვილო ცოდვით იყო განმტკიცებული. ბოლოს კი შევარდნაძე მათ გაეპარა. მცირედნი, ვინც თავი უმწიკვლოდ შეინახა ამ დიდ ავკაცობაში, დღეს დადუმებულნი და ხელჩაქნეულნი არიან.
ძველი დროის კულტურა გამოირჩეოდა იმით, რომ ასაკოვან კაცს და ასაკოვნებას პატივს მიაგებდნენ. ეს მეტყველებდა ადამიანისადმი ნდობის მაღალ ხარისხზე. იგულისხმებოდა, რომ მხცოვანმა კაცმა თავისი წლები სიძვასა და თავის შექცევას კი არა, არამედ თვითშემეცნებისა და სრულყოფის გზაზე სვლას შეალია. კაცის ასაკოვნებას საკრალური აზრი ენიჭებოდა. წელთა სიმრავლე სულიერი საუნჯის დაუფლებას გულისხმობდა. ჟამმოთეული კაცი სიკვდილის მაშუქი და მეუწყე იყო მისთვის, ვინც შემეცნების გზის დასაწყისში იდგა. მხცოვანი ჯეილს იმას ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი მამრის ცხოვრება და საფიქრალი სიკვდილთან მიგებებისათვის სამზადისი იყო. ეს იყო მაშინდელი პედაგოგიკის ბოლოვადი საკითხი.
ჩვენი დროის ასაკოვან კაცზე ძნელია იმის გაფიქრება, რომ მან თავისი წლები ისეთ იდეას შეალია, რაც კაცის სიცოცხლეზე მეტია. ახლა ისე ბერდებიან, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არაფერი უგზნიათ, არაფერი უცვნიათ. ისინი კიდევ სხვებისაგან მოითხოვენ მოწიწებას. ეს გარდასულ დროთა გავლენით ხდება. სიბერით მოსილი კაცი დღეს ვერაფერ გულშიჩამწვდომს ვერ იუბნებს ახალგაზრდებისათვის. ჭეშმარიტად იტყვის წინაშე ღვთისაგან გვემული იიობისა ჭაბუკი ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რომ „დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს“ (იობ., 32: 9).
ძველად კულტურა იმდენად განათლებასთან არ იყო დაკავშირებული, რამდენადაც აღზრდასთან. ძველმა დრომ არ იცოდა სახელებითა და ცნებებით მანიპულირება. დღეს კი ეს მთელი მეცნიერებაა. თანამედროვე კულტურა სრულიად მოწყვეტილია აღზრდას. კი ეწოდება მას კულტურა, მაგრამ ის ყველგან დეკულტურაციას უწყობს ხელს. მოზარდს წარსულში უფრო აღზრდა ეძლეოდა, ვიდრე განათლება. დამოკიდებულება უფროსებსა და უმცროსებს შორის იყო ასიმეტრიული და სუბორდინაციული. წარსულის ადამიანისათვის უცნობია ისეთი სულიერი კრიზისები, როგორითაც ხასიათდება XIX-XX საუკუნეების ადამიანი. ამაზე მეტყველებს შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის მხატვრული ლიტერატურა. თუ ძველი დროის ადამიანი (გნოსტიკოსი, ნეოპლატონისტი, ალბიგოელი, ინკვიზიციისაგან დევნილი ერეტიკოსი XVI-XVII საუკუნეებში) დიდი სულიერი სატკივარით იგვემებოდა, მას ამის სიტყვაკაზმულად გადმოცემა არ შეეძლო. იგი აზრს ან ენიგმატურად, ან მეტად უბრალოდ გადმოსცემდა.
კიდევ ერთი პარადოქსი დღევანდელობისა ის არის, რომ მწყობრად ჩამოყალიბებულმა, ახალი, რევოლუციური დროის რაციონალიზმმა კი არ მიაძინა ირაციონალური ძალები, არამედ უფრო ამღვიძარა და აცხოველა. მთელი XX საუკუნე ამის დასტურია. არავინ სხვა ისეთი დაჟინებითა და თანმიმდევრულობით არ ცდილობდა ირაციონალური საწყისის განდევნას ისტორიიდან და ადამიანის აწმყოდან, როგორც დასავლური ცივილიზაცია.
კულტურა არა მხოლოდ აღზრდას, არამედ განათლებასაც მოსწყდა და ის დაუკავშირდა ინფორმაციას ისე, რომ კულტურა თავის მთლიანობაში ინფორმაციიდან არის გამომავალი. ახლა კულტურა არის ინფორმაციის მასივი ჰუმანიტარისტიკაში, არის სულ უფრო მზარდი ემპირიული მასალა. ეს ინფორმაცია ახალგაზრდას ვერ უჩვენებს ცხოვრებისეულ გეზს, ვერ უსახავს მას მიზანს. საუნივერსიტეტო განათლების მასობრიობა ნიშნავს იმას, რომ აღზრდას მოკლებული ახალგაზრდა კი არ აჰყავთ უნივერსიტეტის დონემდე, არამედ უნივერსიტეტი დაჰყავთ მორალურად მეტად სუსტი ახალგაზრდობის დონემდე. ჩანდალას სულის მქონე, რესენტიმენტულ მოწაფეთა მასას ტექნიკური ხასიათის ტესტირების შემდეგ შეუძლია გახდეს უნივერსიტეტის სტუდენტი. ინფორმაციული კულტურის მიერ ახალგაზრდული თიმოსისათვის იქმნება ყალბი შინაარსის მქონე კულტურფორმები. კულტურის თინეიჯერიზაცია, რასაც დღეს ყველგან ვხედავთ, არის უბედურება. თინეიჯერული ვეგეტატივიზმისა და მოზრდილთა ინფანტილური (ბავშვური) ინტერსუბიექტივიზმის კულტივირება მიშელ ფუკოსეული აზრის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ადამიანი მოკვდა. ასეთმა კულტივირებამ უნდა დაფაროს მზარდი თაობათაშორისი გაუცხოება, უნდა დაფაროს ის, რომ ახალგაზრდობას არა აქვს მიზანი. ახალგაზრდობამ თავისი ახალგაზრდობა ალიბიდ აქცია. ყველგან ცეკვა-სიმღერის ხმა ისმის. ჩაივლის წლები და ქვეყანას ხელთ შერჩება მასკულტურით დაავადებული პრეტენზიული შიზოიდი, ღვარძლით სავსე ინდივიდი. პანევროპული რევოლუციონიზმის დროს ახალგაზრდათა ანტიკლერიკალური შემართება საუკუნოვან მონარქიებს არყევდა. XIX საუკუნეში ახალგაზრდა სამეცნიერო მესიანიზმისათვის იბრძოდა. ივან ტურგენევის ლიტერატურულ პერსონაჟს, რაზნოჩინეც ევგენი ბაზაროვს ურყევად სწამს, რომ მეცნიერება სამყაროს გაასხივოსნებს. ასევე სწამდა ახალგაზრდობას ევროპასა და რუსეთში.
საქართველოში იყო 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა,რომელშიც ახალგაზრდობა მასობრივად მონაწილეობდა. რელიგიაზე განუწყვეტელი მითითებების მიუხედავად, ამ მოძრაობამ ვერ შექმნა ერთი თაობის სამყოფი მიზანიც კი. აქვე უნდა ითქვას, რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც სტუდენტობა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. სორბონის უნივესიტეტი რჩება რევოლუციური, მოჯანყე სულის სამყოფელად. სულ ახლახანს სტუდენტური ბარიკადები კვლავ აღიმართა პარიზში და სტუდენტობამ თავისი მოთხოვნების შესრულებას მიაღწია. საფრანგეთის, იტალიის და სხვა ევროპული ქვეყნების სტუდენტობა ჩართულია ანტიგლობალისტურ მოძრაობაში. ამ მოვლენების ანალიზს ქართველი პოლიტოლოგები უფრთხიან და მათთვის გაცილებით ადვილია საქართველოს თავისმომჭრელი პარლამენტის ყოველდღიური მაიმუნობის საგაზეთო და სატელევიზიო კომენტირება. საქართველოში 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დამარცხების შემდეგ სტუდენტობა აპოლიტიკურ მასად იქცა და დღემდე ასეა. ქართული ახალგაზრდული ანტიგლობალისტური მოძრაობის ხსენებაც კი არსად არის. სტუდენტებს შორის არაა არც კორპორაციულობა, არც სოლიდარობა. ყველა თავისთვისაა. ქართველი ახალგაზრდები მიისწრაფიან დასავლური კაპიტალის მიერ დაფუძნებულ ადგილობრივ ორგანიზაციებში. დამოუკიდებლად კი მათ არაფრის შექმნა არ შეუძლიათ. თაობა, რომელიც ჩვენზე 15-17 წლით უმცროსია, გადის გულგრილობის, ღვარძლიანობის, პოლიტიკური ეთნონარცისიზმის იმავე გზას, რა გზამაც 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში მონაწილე ახალგაზრდობა დიდ დამარცხებამდე მიიყვანა. რა დიდია გაუცხოება ჩვენსა და მათ შორის.
სოციალური დროის აჩქარება იწვევს იმას, რომ ახლანდელი ახალგაზრდა თავისი 10 წლის წინანდელი თანატოლისგანაც კი განსხვავდება. მასობრივი ინფორმაციული კულტურა, ტელემედია და შოუბიზნესი სწრაფად ცვლის მოზარდთა და ახალგაზრდათა მოტივაციურ-კონსიუმერულ თვალსაწიერს. ტელემედია ახალგაზრდას ბავშვობიდანვე ფსიქოლოგიურად მეტად უარყოფით, სტრესულ გარემოში ამყოფებს. ნეომექანიცისტური საზოგადოება ვერ აძლევს ბავშვსა და მოზარდს იმას, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ადამიანი ბავშვობიდანვე ექცევა ისეთ გარემოში, რომელიც ფარული თუ აშკარა პრესინგისა და მანიპულაციის გზით მთლიანად განსაზღვრავს ადამიანის სოციალურ ქცევას. მოზარდი და ახალგაზრდა ტრავმირებულნი არიან გულგრილობით, ყოვლისმომცველი მოჩვენებითობით. მათ რჩებათ ერთადერთი შესაძლებლობა - შემგუებლობა. მოზარდს აქვს მრავალფეროვანი გარდერობი, მრავალმხრივი გართობის შესაძლებლობა, მაგრამ ის მოკლებულია ადამიანურ ყურადღებას, ისეთ აღმზრდელობით ურთიერთობას, რომელიც მოზარდში გამოავლენს და განავითარებს გონით პოტენციას. ამას ვერ შველის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაზე მითითება. იმის მტკიცება, რომ მარტოღა ვინმე მივიდეს ეკლესიაში და იქ მას მყისვე უფლის მადლი მიეგებება, არის თვალთმაქცობა. ასეთი მტკიცება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლო საგანმანათლებლო მოდერნის ნაანდერძევისა და საერო პედაგოგიკის საუკეთესო იდეების დაცვა. სისტემა, რომლის შექმნასაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის (1789 წ.) დროიდან უამრავი მსხვერპლი, გონების ძალთა უკიდურესი დაძაბვა დასჭირდა, ერთ დღეს შეიძლება გაცამტვერდეს, რადგან აღარსად იქნებიან ზნეობრივი მისწრაფების მქონე იდეური, საკუთარი თავის მსხვერპლად მიმტანი ადამიანები. უფროსი თაობის მიერ ახალგაზრდობისათვის აღარ ხდება ყოველივე იმის კოლექტიური ტრანსლაცია, რაზეც ეფუძნება სოციალური ცხოვრება. საზოგადოება, რომელიც თავად არის აღსაზრდელი, ვერ აღზრდის ბავშვებს. ახლანდელი პედაგოგიკა ისეთია, რომ მოწაფის ყურადღებას ის მიმართავს გარშემომყოფ ადამიანებზე, სოციალურ მოვლენებზე და არა თავის თავზე. ამის გამო აზრი დაჰკარგვია სოკრატულ პრინციპს - შეიცან თავი შენი. პედაგოგიკის ექსტროვერტულობას (გარემიმართულობას) მიუძღვის წვლილი იმაში, რომ პოლიტიკური მამხილებლობა აზროვნების შემცვლელად გამოდის. ადამიანს არ შესწევს ძალა სიმარტოვისა, შინაგანი ხმის მიყურადებისა და მასთან მდუმარე საუბრისა. მას არ შესწევს ძალა სცნოს თავის ცხოვრებაზე აღმატებული რამ. მისი ეკლესიაში სიარული არაფერს ცვლის.
შუა საუკუნეებში არ არსებობდა ახალგაზრდობის პრობლემა, მამათა და შვილთა ბრძოლა. ეს პრობლემა პანევროპული რევოლუციონიზმის ეპოქიდან ჩნდება. ტურგენევის ევგენი ბაზაროვი უპირისპირდება არისტოკრატთა უფროს თაობას და ამხელს მას იმაში, რომ ამ თაობას არასწორად უცხოვრია. ასეც იყო ევროპისა და რუსეთის სინამდვილეში. ჩვენ რომ, მაგალითად, ბერნარ კლერვოელთან (XII ს.) ან თომა აკვინელთან (XIII ს.) გვესაუბრა ახალგაზრდობის პრობლემაზე, ისინი ამას ვერ გაიგებდნენ.
საწარმოო საშუალებათა და შრომის იარაღების სრულყოფა და შეცვლა ძველ დროში ძალზე ნელა, მრავალი თაობის ცხოვრების მანძილზე ხდებოდა. ტექნიკურმა რევოლუციამ, სამეცნიერო მიღწევებმა ეს პროცესი ძირეულად შეცვალა. ახლა საწარმოო საშუალებათა და შრომის იარღების სრულყოფა და შეცვლა წინ უსწრებს თაობათა ცვლას. ერთი თაობის ცხოვრების მანძილზე შრომის იარაღმა შეიძლება განიცადოს მრავალი ცვლილება. ეკონომიკას სჭირდება სპეციალისტები და განათლების სისტემას სპეციალისტების მომზადება ევალება. პოლიტიკური ინსტიტუტებიც კი განიხილება როგორც საწარმოო საშუალება, რომლისგანაც შველას და შვებას მოელიან. ეს კი ამ ინსტიტუტებს სულ უფრო ნაკლებად ძალუძთ.
განათლების სისტემა კი ცდილობს მეცნიერების მოთხოვნებს მიესადაგოს, მაგრამ მას აღარ შეუძლია ახალგაზრდობის მეცნიერებით დაინფიცირება. საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებების არნახულმა განვითარებამ (პლაზმური ტელევიზორი, მესამე თაობის მობილური ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვ.) ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასევე ვერ შეძლო მეცნიერებაში ახალგაზრდობის მოსვლის ინიცირება. უამრავი ფანტასტიკური ფილმი იქმნება დროის მანქანებზე, პარალელურ სამყაროში გადასვლაზე, დემატერიალიზაციის მოწყობილობებზე, პლაზმურ და ულტრაბგერით იარაღზე. სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარება ასევე არ იწვევს მეცნიერებისაკენ სწრაფვის ზრდას თინეიჯერთა და ახალგაზრდათა შორის. 25-30 წლის წინათ კი ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ჰერბერტ უელსი, სტანისლავ ლემი, არტურ კლარკი და სხვები, მეცნიერების მახარებლებად მიიჩნეოდნენ ახალგაზრდობაში. ახლა კი ასე აღარ ხდება. ახალგაზრდა მომხმარებელი მეცნიერებისაგან მხოლოდ ახალ გასართობს მოელის. XX ს-ის 70-80-იან წლებში დასავლეთში ბევრი ითქვა თავად მეცნიერთა მეცნიერებისადმი დამოკიდებულების შეცვლის, მეცნიერული ეთოსის დამკვიდრების აუცილებლობაზე. ყველაფერი კი ისევ ისე დარჩა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს გარიდებული ახალგაზრდობა ცდილობს იმოღვაწეოს ინტელექტუალური პროდუქტიულობის ახალ დარგებში (ჯენდერული კვლევები, პრაქტიკული პოლიტოლოგია, სოციალური ანალიტიკა). ამ დარგებში სამეცნიერო დონე დიდად სახარბიელო არ არის. სინამდვილისაგან გაქცევის ხერხია ისეთი ახალგაზრდული პროფესიების მასობრიობა, როგორიცაა ტელეოპერატორი, სასპორტო ჟურნალისტი, ჰოლივუდის ისტორიკოსი, გრაფიკოს-ანიმატორი, კლიპმეიკერი და სხვა. ან კიდევ, ახალგაზრდას ურჩევნია პარტიულ და საპარლამენტო ბიზნესში გადავიდეს, ვიდრე მეცნიერებაში დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდას სამეცნიერო ცენზი პოლიტიკური კარიერისათვის სჭირდება.
პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში შრომა იგნორირებულია და ყველგან გართობის კულტივირება მიმდინარეობს. თითქმის მთელი ახალგაზრდობა სკოლის მერხიდან პირდაპირ უმაღლეს სასწავლებლებში მიდის. ახალგაზრდა შრომას თაკილობს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიისა და იაპონიისაგან განსხვავებით, სადაც შრომით შექმნეს თანამედროვეობის ეკონომიკური სასწაული, პატარა და ღატაკ პოსტსაბჭოთა საქართველოში თვით დასავლური ორგანიზაციების მხრიდან ხელი ეწყობა სამოქალაქო დემობილიზაციას, ჰედონიზმს და ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციას. საქართველო არის მასობრივი უსაქმურობისა და უქნარობის ქვეყანა. ბევრს ლაპარაკობენ მრეწველობის აღორძინებაზე, მაგრამ პროფესიულ-ტექნიკური განათლება მოშლილია და ქრება მასობრივი მუშური პროფესიები. ტექნიკურ უნივერსიტეტში მთელი რიგი ფაკულტეტები მრავალი წელი სტუდენტთა კონტინგენტის გარეშეა დარჩენილი. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი საქართველოში განახევრდა. რამდენიმე თვის წინათ ხელისუფლებამ დაიწყო პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების კამპანია. მალევე მიჩუმდნენ, რადგან ნამდვილი პროფესიული გადამზადება შეუძლებელი გახდა. არ არის საწარმოები, სადაც დასაქმება იქნება შესაძლებელი. არ არის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების განახლებული ბაზა, სადაც შეიძლება ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული სამრეწველო სიახლეების შესწავლა. არ არსებობს საიმისო მოტივაცია, რომ ახალგაზრდობამ ტექნიკური პროფესიები აითვისოს და საწარმოებში მუშაობა დაიწყოს. დღევანდელი სოციალური გარემო კიდევ უფრო განამტკიცებს ქართველი ახალგაზრდის აგდებულ დამოკიდებულებას შრომისადმი. მას ურჩევნია ივაჭროს.
გადამზადებაზე კი არა, პროფესიულ მომზადებაზე უნდა საუბრობდნენ. არაფერი ითქმის მათზე, ვინც კოლეჯებად გადაკეთებული ტექნიკუმები დაამთავრა. პროფესიულ-ტექნიკური მომზადების საკითხი ხანგრძლივად იგნორირებულია ხელისუფლებისა და მედიის მიერ. მუშაკაცი მივიწყებულია. მუშაზე შური იძიეს საქართველოს კომპრადორულმა ბურჟუაზიამ, მღვდელმა და ანტისაბჭოელმა დისიდენტმა. მედიაკრატია გატაცებით გვიამბობს პოლიტიკოსებზე, პოლიციელებზე, მღვდლებზე, მსახიობებზე, წინასწარმეტყველ დედაკაცებზე. ჟურნალისტი მოხალისე დეტექტივად და პროკურორად გადაიქცა. ყველაფერი გასართობად კეთდება. ასე არ იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიასა და იაპონიაში. საქართველოში კი ასეა და სხვაგვარად შეუძლებელია რომ იყოს. მუშათა კლასის საკითხი გაქრა პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოებრივი აზროვნებიდან. მუშათა შრომით შექმნილი სახალხო დოვლათი კომპრადორულმა ელიტამ მიიტაცა და საშვილიშვილოდ დაიკანონა. ამოწყვეტისათვის განწირულ ხალხს კი ეკლესიები მიაჩეჩეს. მუშის შრომა აჭმევდა პურს ქვეყანას და მღვდლის არტისტობამ კი ქვეყანას სიღატაკე და უბედურება დაათია თავზე. საქართველოში, ომისშემდგომი გერმანიისა და იაპონიისაგან განსხვავებით, არასოდეს იქნება ისე, რომ კვალიფიცირებული მუშა თავის საწარმოში დროთა განმავლობაში დაწინაურდეს, იყოს საწარმოს აქციების მფლობელი და საწარმოს მოგებაში წილი ჰქონდეს. ასეთი კაპიტალიზმი საქართველოში არასოდეს იქნება.
ეროვნული მოძრაობის დროიდან ლაპარაკობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და არაფერი ითქმის იმაზე, თუ როგორ, სად და ვის მიერ უნდა მომზადდეს ტექნიკური პერსონალი ახალი ტექნოლოგიების მუშაობის უზრუნველყოფისათვის. ახალი ტექნოლოგიები არ არის მაკარონის, თხილის, ხილის წვენების, მზესუმზირის ზეთის დამამზადებელი, ძაფის სართავი უახლესი დანადგარები, როგორც ამას ტელემედია უმტკიცებს ქვეყანას. დასავლეთისათვის ეს მეორეხარისხოვანია. უახლესი ტექნოლოგიები სულ სხვა რამ არის. უპირველესად ეს ეხება მძიმე ინდუსტრიას, მანქანათმშენებლობას, მეცნიერებატევად დარგებს (კოსმოსური, საავიაციო და სარაკეტო მრეწველობა, საკომუნიკაციო საშუალებებისა და გამომთვლელი მანქანების მომდევნო თაობის წარმოება, ბიოქიმია, გენური ინჟინერია, ატომური ენერგეტიკა და სხვა). დასავლეთი ყოველივე ამას თვალის ჩინივით უფრთხილდება. უზარმაზარი ასიგნებანი არის გამოყოფილი ამ დარგების განვითარებისათვის ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, იაპონიაში, ისრაელში, აშშ-ში. ამ დროს შენ გამოდიხარ და მაკარონი, ლიმონათი, ზეთი და ძაფის დართვა გიხარია. კომპიუტერთან მომუშავე ახალგაზრდათა რიცხვის ზრდა დიდ მიღწევად მიგაჩნია. სანატრელია ის დონე, რაც ფიზიკაში იყო მიღწეული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის (გარდ. 1989 წ.) დროს. ინსტიტუტს ჰყავდა ძლიერი ფიზიკოსები. ქვეყანას ჰქონდა თვალსაჩინო მიღწევები მათემატიკასა და მათემატიკის სწავლებაში. დღეისათვის კატასტროფულად დაეცა ფიზიკისა და მათემატიკის დონე საქართველოში. ექსპერიმენტული ფიზიკის ბაზა ფიზიკის ინსტიტუტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე თსუ-ში მრავალი წელია მოშლილია. მეცნიერების კულტი, რითაც საბჭოთა წყობილება ხასიათდებოდა, საქართველოში მოისპო და მისი ადგილი დაიჭირა შოუბიზნესის ქრონიკებმა, ასევე მასობრივმა რელიგიურმა თვალთმაქცობამ. ისმის დაშაქრული ლაპარაკი, რომ „შესანიშნავი თაობა გვყავს“, „ბრწყინვალე ახალგაზრდობა მოვიდა, რომელმაც შეიგნო ეკლესიისაკენ შემობრუნების აუცილებლობა“. აქ ერთი რამ არის სათქმელი: ახალგაზრდები დადიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვას, მარხულობენ. როდესაც ისინი ეკლესიიდან გამოდიან, ხედავენ იმის სრულ უარყოფას, რაც მოძღვრის მიერ ამბიონიდან ითქმის. ახალგაზრდების გარშემო არავინაა, რომ გამოჰკითხოს მათ რას ფიქრობენ ისინი ამაზე. არავინაა ისეთი, ვინც ახალგაზრდებს ასწავლის სკეპტიციზმისა და რესენტიმენტული სულის დაძლევას, ვინც შეაცნობინებს მათ მეცნიერების უდიდეს მნიშვნელობას და შეეწევა მათ რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხების სწორად დაყენებაში. ახალგაზრდა მთელი თავისი ახალგაზრდობისა და ცხოვრების მანძილზე მოკლებულია იმას, რასაც სოკრატული συμφιλοσοφεĩν (ერთობლივი ფილოსოფოსობა) ეწოდება. ეს იმის მიუხედავად, რომ არის პლურალიზმი. თუ ახალგაზრდას გააჩნია ფილოსოფიური ნიშატი, გარშემომყოფთა გულგრილობის გამო ეს ნიშატი ეშრიტება. იგი ეგუება და ეჩვევა ორსახოვნებას და თავის თავს ატყუებს. აჯანყება და საკუთარ სულიერ ნაღვაწზე ფილოსოფოსთა საფერად უწყება მას არ ძალუძს. ამიტომ ის ღობე-ყორეს ედება და ხან პოეტობს, ხან ოპოზიციურ პარტიას ეტმასნება, ხან სატანის მამხილებელი მრევლის ხმას უერთდება.
ეროვნული მოძრაობის დროიდან ძალზე ხშირად აღუნიშნავთ, რომ ახალგაზრდობა გრძნობდა საბჭოთა წყობილების სიცრუეს და უსიტყვოდ ეწინააღმდეგებოდა მას, ვინაიდან აზრის გამოთქმის უფლება არავის ჰქონდა. კი მაგრამ, დღეს რაღას გრძნობს ახალგაზრდობა და რისი მთქმელია, თუ ის გრძნობს ახლანდელი პოლიტიკური სინამდვილის სიცრუეს? ბოლშევიკების მიერ აზრის აკრძალვა ფასს სდებდა რეგვენი კაცის სიტყვასაც კი, ხოლო პლურალიზმმა ჭეშმარიტი ფილოსოფიური სიტყვაც კი გააქიაქა. ეს როგორ აქვს ახალგაზრდობას გააზრებული?
პედაგოგიკაში პუბლიცისტური ჟინიანობის შემოჭრა დიდად ვნებს საქმეს. პუბლიცისტიკის გავლენით ითქმის, რომ საბჭოთა ათეისტურმა პედაგოგიკამ მოახდინა ბავშვთა და მოზარდთა სულების დამახინჯება. ის კი აღარ ითქმის, რომ ოქტომბრის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე მონარქისტული პედაგოგიკა სკოლებში ასწავლიდა სავალდებულო საგანს - საღვთო სჯულს, მაგრამ სულიერი კრიზისი ამით ვერ დაიძლია და ახალგაზრდობის პრობლემაც მწვავედ იდგა XIX საუკუნეში. აი, აქ უნდა გამოვიდეს პედაგოგიკის თეორეტიკოსი, რომელიც საქართველოს დღეს არ ჰყავს, და თქვას, რომ პრობლემის ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯა და მისი პუბლიცისტური აბსოლუტიზება ერთობ არასწორი და არამეცნიერულია.
პედაგოგიკის ისტორიაში ასე იყო, რომ სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის გაქანებასთან ერთად სასკოლო სისტემის პრობლემა სულ უფრო მწვავდებოდა. პედაგოგიურ თეორიათა შექმნაში იყო მრავალი ცდომილება და გაუგებრობა. გავიხსენოთ რამდენი უმართებულო რამ იწერებოდა კლასიკური გიმნაზიისა და კლასიკური აღზრდა-განათლების წინააღმდეგ რევოლუციონიზმის ეპოქაში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწავლების უნაკლო მოდელი არ არსებობს, რომ საუკეთესო სასკოლო სისტემის შექმნა ძალზე ძნელია. ძნელია შესასწავლი დისციპლინების ისეთი განრიგის შედგენა, რომელიც სწავლების პროცესში უხარვეზო იქნება. ამ ხარვეზებით სპეკულირება კი პედაგოგიურ აზროვნებად გასაღებულა. იმაზეც მიუთითებდნენ, რომ სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოსო მოზარდის მსოფლმხედველობა. სავალალო ფაქტი კი ის არის, რომ არა მხოლოდ სკოლადამთავრებულებს, არამედ უმაღლესდამთავრებულთა უმრავლესობასაც კი არა აქვს მყარი შეხედულება რაიმე საკითხის გარშემო და მით უმეტეს მათ არა აქვთ მსოფლმხედველობა. ეს ჩანს ხოლმე უკვე მათი მსჯელობის დასაწყისიდან. იძულებული ხარ, რომ ჩუმად იყო, რადგან მაინც ვერაფერს შეაგნებინებ.
ჩვენი დროის კულტურული ტიპი არაფრით მეტი არ არის წარსულის კულტურულ ტიპზე. კონიუნქტურულ პედაგოგიკაში მათი შედარება მიზნად ისახავს ახლანდელი კულტურული ტიპის უპირატესობის წარმოჩენას. პოსტსაბჭოთა პერიოდში დაარსდა ლიცეუმები, კლასიკური გიმნაზიები, კეთილშობილ ქალთა სასწავლებლები. ამ სასწავლებლებმა მოამზადეს ატესტირებულთა რამდენიმე გამოშვება. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ისინი უკეთესნი არიან, ვიდრე ერთი საუკუნის წინათ ატესტირებულნი, თუ არ ჩავთვლით ინფორმირებულობას და იმპროვიზაციას.
აღზრდის პრობლემის ძირეული რეორიენტაციის მცდელობა, გამოხატული რელიგიური საგნების შემოტანით შესასწავლ დისციპლინათა ნუსხაში, ჩემი აზრით, ვერ მოიტანს იმ პედაგოგიურ შედეგს, რის შესახებაც ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ რელიგიის სწავლება ეჭვქვეშ არ აყენებს პოსტმოდერნული იდეოლოგიის ღირებულებებს, არ ეხება იმ რელატივიზმს ზნეობაში, რომელიც დაამკვიდრა ლიბერალიზმმა. რელიგიური საგნები უკვე კარგა ხანია ისწავლება, მაგრამ პოსტსაბჭოთა სკოლისა და უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კონტინგენტი ზნეობრივად უძლური და სულიერად ხეიბარია. პოსტსაბჭოთა დროის რელიგია რჯულის სიწმინდეთა აღდგენისაკენ მოგვიწოდებს და ამავე დროს ყოველთვის მხარს უჭერს სახელისუფლო უსამართლობას, კომპრადორულ ელიტას.
XIX-XX საუკუნეების გასაყარზე მოღვაწე ნეოკანტიანელი პაულ ნატორპი (1854-1924) აღზრდა-განათლების საკუთარ პლატონიკურ სისტემაში რელიგიას გარკვეულ ადგილს აკუთვნებდა. ნატორპი ახლანდელთაგან განსხვავებით, არ აყენებს რელიგიის აბსოლუტიზების მოთხოვნას პედაგოგიურ პროცესში. ნატორპს, როგორც კანტიანელს, შეუძლებელია არ ეცნო რევოლუციონიზმისა და მეცნიერების მიერ დასმულ საკითხთა მართებულობა. ნატორპი, როგორც ფილოსოფოსი, არ ცდილობდა რელიგიაზე მითითებით გაეიოლებინა საქმე და ეთქვა, რომ სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება მოწაფეს უთუოდ ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზრდიდა და მას სანაქებო სულიერებით აღავსებდა. კონიუნქტურულ პედაგოგიკაში კი ისე მიუთითებენ რელიგიაზე, თითქოს ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში ისეთი არაფერი მომხდარიყოს. ეს პროვინციალიზმია მეცნიერებაში, რაშიც ქართველები ყოველთვის უბადლონი იყვნენ. პედაგოგიკაში რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობის პრობლემაზე მსჯელობა ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს ფილოსოფიურ აზრზე მიხედვით და არა პავლე მოციქულის თვალთმაქცური ხსენებით. რელიგია იმისთვის კი არაა, რომ ადამიანი გაექცეს აზროვნების ტვირთს, არამედ იმისთვის, რომ მან თავისი თავი შეამზადოს ამ ტვირთის მისაღებად. აზროვნებას არ ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტების ლამაზად გაფორმებული საიტები მწარე ღიმილს მოჰგვრის იმას, ვინც უწყის აღზრდა-განათლების მდგომარეობა საქართველოში.
დასავლეთში ერთდროულად არსებობს საზოგადოების ფუნდამენტალიზებისა და თანმიმდევრული სეკულარიზმის დაცვის მცდელობანი. მაგალითად, საფრანგეთის ხელისუფლება ებრძვის განათლების ფუნდამენტალიზაციის უმცირეს გამოვლინებებსაც კი და მიმდინარეობს პოლემიკა იმაზე, შეეძლოთ თუ არა საფრანგეთის მუსულმან ქალებს სასწავლებელში ტრადიციული თავსაფრით სიარული. განათლების ფუნდამენტალიზაციის მცდელობანი ასევე მომდინარეობს საფრანგეთის კათოლიკური და როიალისტური წრეებიდან. ისიც გასახსენებია, რომ ამერიკის სკოლებში აკრძალულია რაიმე ფორმით რელიგიური კუთვნილების გამოხატვა. ამერიკელი პროტესტანტი ფუნდამენტალისტები ცდილობენ სკოლაზე გავლენა მოახდინონ. ასეთი საკითხების განხილვისას პუბლიცისტური გაცხარება და წამდაუწუმ სახარებაზე მითითება მეცნიერისათვის მიუტევებელია.
ახლანდელი განათლების პარადოქსი ისაა, რომ კი ძალზე გაიზარდა ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს ცოდნა არ ახდენს გავლენას ადამიანის ზნეობრივ შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე. ამრიგად, ეს ცოდნა პირობითად იწოდება ცოდნად. ადამიანს აქვს უამრავი ინფორმაცია, მაგრამ არა აქვს შეხედულება რაიმე საგნის შესახებ. ასეთი ადამიანი რომ გამოდის და კატეგორიულად მსჯელობს ღმერთზე, ეს მეტად სასაცილოა. უარესი კიდევ ის არის, რომ მღვდელი ამას იწონებს და სულიერების გამოვლინებად წარმოაჩენს. ეს არ არის სულიერება. ქრისტეს სახელით ათეიზმის გმობა არ ნიშნავს რჯულიერებას. ისეც ხდება ხოლმე, რომ პედაგოგს არა აქვს რელიგიური რწმენა და მოწაფეებს კი ღმერთსა და მართლმადიდებლობის ერთადერთობაზე ესაუბრება.
მრავალ კითხვაზე მეცნიერებას პასუხის გაცემა მართლაც არ შეუძლია. მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ღმერთის სასარგებლოდ. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორედ რელიგიას შეუძლია. რელიგიას ეს კითხვები არც დაუსვამს. ფილოსოფიური პედაგოგიკისათვის ამის დავიწყება არ შეიძლება.
კულტურის ჰაბიტუსი დღეს ისეთია, რომ იგი გვავალდებულებს შევურიგდეთ ადამიანის დამდაბლებას და ეს ერთადერთ ბუნებრივ შესაძლებლობად მივიჩნიოთ. ამის გამოა, რომ რელიგიური აპელაციებით გართულ პოსტსაბჭოთა პედაგოგიკაში არ დაისმის ჭეშმარიტად ფილოსოფიური საკითხები. პედაგოგიური მეცნიერების წინაშე მდგარი ის დიდი პლატონური ამოცანა, რაც პაულ ნატორპმა გამოკვეთა, დღეს გაუქმებული და მივიწყებულია. აღარაფერი ვუწყით პედაგოგიური არისტოლოგიაზე.
რატომ მოხდა, რომ თანამედროვე განათლებას მსხვერპლად შეეწირა ადამიანის სულის კეთილშობილება და სიმამაცე? სხვაგვარად თუ შეიძლებოდა ყოფილიყო? რატომ ხდება პედაგოგიკა სულ უფრო ქალური?
ძველი დროის არისტოკრატს არ ჰქონდა ცოდნა, მაგრამ მას ხალხში მოწიწება ჰქონდა მოპოვებული, რადგან იგი სულიერი თვისებებით ნიჭებული იყო. ასეთი თვისებები მდაბიოთა მასას არ გააჩნდა. ახლანდელ ინტელიგენტს, არისტოკრატიისაგან განსხვავებით, გააჩნია ცოდნა, რომლითაც იგი ოპერირებს და მანიპულირებს, მაგრამ ინტელიგენტს არ გააჩნია სულიერი თვისებები და ის მდაბიოთა მსგავსია. ამის დაფარვა დემოკრატიაზე ლაპარაკით შეუძლებელია.
25 საუკუნეზე მეტი გვაშორებს სოკრატესა და პლატონს. პლატონის შემდეგ, კინიკოსების შემდეგ პედაგოგიკამ მხოლოდ მცირედ წაიწია წინ და ეს წინწაწევა მანქანის მეოხებით მოხდა. მეცნიერება გიგანტური ნაბიჯებით წავიდა წინ ბოლო ოთხ საუკუნეში, მაგრამ სოკრატესა და პლატონის მიერ აღძრული საკითხები ისევ ისე მოგვიწოდებს იმ საფიქრალისაკენ, რომლისგან თავის არიდება და გაქცევა თანამედროვე განათლებამ ასე ხეირიანად გვასწავლა. არაფერი ისე არაა დაკავშირებული მერმისთან, როგორც პედაგოგიკა. არაფერი სხვა არ სტოვებს ისეთ წარუშლელ კვალს ისტორიაში, როგორც დიდასკალოსური (სამოძღვრო) ნაღვაწი. სანამ ალექსანდრე მაკედონელი მახვილით კვალს გაავლებდა ისტორიაში, მანამ მას პლატონის ნამოწაფარი არისტოტელე ზრდიდა. ის ცოდნა, რაც პლატონს ჰქონდა, მაინც უმეტესია იმ ცოდნაზე, რაც თანამედროვე ადამიანს აქვს. ინფორმაცია არაა ცოდნა და არა ყოველი ცოდნა არის სიბრძნე. თანამედროვე პედაგოგიკაში არც დაისმის საკითხი - რა არის სიბრძნე? ამ დიდი მოძღვრის, ღმრთეებრივი პლატონის კვალად კვლავ ვიკითხოთ: როგორ არის შესაძლებელი, რომ ცოდნა მაკეთილშობილებელი იყოს და ცოდნა თავად იყოს ეთოსი? როგორ არის შესაძლებელი ისეთი ადამიანის აღზრდა, რომელიც ცოდნიერიც არის და სულის კეთილშობილებაც აქვს? როგორ უნდა დავიწყოთ იდეებზე ორიენტირებული პედაგოგიკის აღორძინება?

Комментариев нет:

Отправить комментарий