воскресенье, 19 мая 2013 г.

UNUS MUNDUS

 კოსმოპოლიტიზმი, ნაცია და იმპერია

 ნაწილი პირველი

  ფილოსოფოსი იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის ხსოვნისათვის

  შესავალი

          გადმოცემის თანახმად, ერთმა ინდოელმა განდეგილმა ალექსანდრე მაკედონელს შეხვედრისას უთხრა, რომ ის სამშობლოს მოწყვეტილი მთელ დედამიწაზე დაეხეტებოდა, თავსაც იტანჯავდა და სხვებსაც ტანჯავდა. სიკვდილის შემდეგ მას მიწის ის ნაჭერი დარჩებოდა, რაც მის სამარეს ეყოფოდა. განდეგილმა გაკილა ალექსანდრეს სწრაფვა მსოფლიოს დასაპყრობად. ეს გადმოცემა ბევრჯერ უხსენებიათ მეგალოთიმიის განქიქებისა და საკუთარი ეთნოცენტრისტული არგუმენტაციის განმტკიცების მიზნით. ბევრზე ბევრი რამ თქმულა უარყოფითი აზრით, ოდეს  დიდი ადამიანების იმპერიულ თიმოსზე უმსჯელიათ. განდეგილობა არ ნიშნავს უეჭველ სიბრძნეს. გადმოცემა არას ამბობს, თუ რა პასუხი მიუგო არისტოტელეს დიდმა შეგირდმა განდეგილს. ალექსანდრეს სიტყვა უნდა დაეწუნებინა განდეგილისათვის და ის არგნით გაეგდო, რადგან ეს არ იყო არც განდეგილი ბრძენისათვის და არც ალექსანდრე მეფისათვის საფერი სიტყვა. პროვიდენციული ნიშანი იყო ესეც, რომ ბიბლიური ბაბილონი, ძველი იმპერიების სახელოვანი ქალაქი ალექსანდრემ თავისი იმპერიის სატახტო ქალაქად აქცია. დღეს ერაყში, ბაბილონის ნანგრევებზე, დგანან ამერიკელი მეომრები, რომელთა მიზანიც მსოფლიო ლიბერალური იმპერიის შექმნაა. უფრო ადრე ბაბილონზე უვლიათ აზიის დამპყრობელ ბრიტანელ იმპერიალისტებს, უფრო ადრე - არაბ იმპერიალისტებს. რას ეტყოდა ეს განდეგილი ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრეების თანამედროვეს, ინდოეთის ბუდისტური იმპერიის შემქმნელს, ყველა დროის უდიდეს იმპერატორს აშოკა მაურიას (ძვ. წ. 273-239 წლები)? თუ ეს განდეგილი ამასვე ეტყოდა იმპერატორ აშოკას, რაც მან ალექსანდრეს უთხრა, რას უპასუხებდა მას აშოკა? იგი იყო უსათნოესი ბუდისტი და მაინც იმპერიალისტი. აშოკას წინაპარი, ინდოეთის მეფე ჩანდრაგუპტა მაურია ებრძოდა ალექსანდრე დიდის ეპიგონ სელევკოს ნიკატორს (მეფობის წლები 312-280). სელევკიდების იმპერია, ასევე მაკედონია და შემდეგ მთელი საბერძნეთი დაიმორჩილა რომმა. ანტიმაკედონელ დემოსთენესა (ძვ. წ. 384-322 წლები) და პრომაკედონელ, იმპერიალისტ ისოკრატეს (ძვ. წ. 436-338 წლები) კამათში ისოკრატე იყო მართალი. ეს დრომ წარმოაჩინა. ელინიზმს აღმოსავლეთში უნდა დაეწყო ექსპანსირება და მაკედონიის მეფე ფილიპე II,  ისოკრატესათვის ბარბაროსი კი არა, როგორც დემოსთენე ამბობდა, არამედ ელინი და ჰერაკლეს შთამომავალი იყო. პლატონი რომ ამ ჟამს ცოცხალი ყოფილიყო, მოიწონებდა ის არისტოტელესეულ და ალექსანდრესეულ მსოფლიოს დაპყრობის იდეას? პლატონი დემოსთენეს მომხრე იქნებოდა, თუ ისოკრატესი? პაიდეია იმპერიულ სულს გულისხმობს. ნებისმიერი ბერძნულ-რომაული წარმოშობის პოლიტიკური და სოციალური ტერმინი იმპერიას გულისხმობს. ისოკრატეს, ალექსანდრე დიდსა და შემდეგ რომაელებს უნდა უმადლოდენ ამას ბერძნული და ლათინური ენები.

მთელი ისტორია ძველი მსოფლიოსი არის იმპეროგენეზი და იმპერიების ბრძოლა. ესვე გრძელდება ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ. ყველა თიმოსზე უძლიერესი და უდიადესი თიმოსი ადამიანში ეს არის მსოფლიო გაერთიანებისათვის, იმპერიის შექმნისათვის  ომი. ეს არის უპირველესი libido gloriandi (დიდებისმოყვარება). კაცის სახელის განდიდება და უკვდავყოფა ყოველ ჟამს ამ თიმოსს უკავშირდება, რომელიც ადამიანს, როგორც ძალაუფლების ჰიერატიზაციის შემძლე პოლიტიკურ არსებას, მისი გაჩენიდან თან სდევს. იმპერიულობა არის ისტორიაში მყოფი ადამიანის primum datum (პირველი მოცემულობა), ინვარიანტული იდეარული პროცესი. ეს არის ისტორიაში გამოვლენილი სასწაული. ნიცშეს ნაშრომში Wille zur Macht (ნება ძალაუფლებისაკენ) ცნება Große Politik (დიდი პოლიტიკა) კურსივით გამოყოფილია (§ 463).  მონარქიზმის, რევოლუციონიზმის, მასონობის, ეკუმენიზმის, გლობალიზაციის იდეებში მიზნად დასახულია მსოფლიო ერთობის შექმნა. ადამიანის ევოლუციაში ბევრი რამ დღემდე ბნელით მოცულია, მაგრამ ეს კია უცხადესი, რომ ყველა რასაში არის  მახსოვრობა და სწრაფვა მსოფლიოს გაერთიანებისაკენ. Unum et idem  (ერთი და იგივე). ერთია კაცი ყველგან.  ერთია მისი საფიქრალი და საღვაწო ყველა დროში.
შეუძლებელია რაიმე ახლის თქმა იქ, სადაც დიდი საისტორიო მოვლენები ბაბილონის ნაშთებივით ძველია თავისი არსით. ამ მოვლენათა ინტერპრეტაციისას ახალია მხოლოდ ის ტერმინოლოგიური აპარატი, რომლის მეშვეობითაც შეისწავლება განმსაზღვრელი ფაქტების ჯაჭვედი. ფორმაციული მეთოდოლოგიით იქნება განხილული საისტორიო არტეფაქტები, თუ ცივილიზაციური მეთოდოლოგიით,    განხილვის რეზულტატი უცვლელია. იმპერიის ფესვი ყოველთვის თავს იჩენს მონათმფლობელობის, ფეოდალიზმის, კაპიტალიზმის, სოციალიზმის, სადღეისო ლიბერალ-კაპიტალიზმის საფეხურებზე. შუამდინარეთის ცივილიზაციიდან ვიდრე დასავლურ ცივილიზაციამდე იგივე βασιλικη ριζα, root of empire (იმპერიული ფესვი) იჩენს თავს.
სამეცნიერო ნარკვევის შემეცნებითი ღირებულება ისაა, რომ მასში გადმოცემული  დასაბუთებული მსჯელობის მიხედვით უნდა წარიმართოს სხვათა შემდგომი მსჯელობანი ამა თუ იმ საკითხზე.    მეცნიერთა საკმაო ნაწილის სისუსტე ისაა, რომ ფაქტების სიმრავლის მიღმა მათ უჭირთ დანახვა ერთისა, მსაზღვრელისა. მათ უჭირთ გენერალიზება და უფრო კონსტატაციისკენ მიიდრიკებიან, ვიდრე ჰოლისტური ანუ ინტეგრალური ინტერპრეტაციისკენ. ამის გამო მრავლად არიან საისტორიო  ვერსიფიკატორები, რომელნიც ფლობენ სამეცნიერო შაბლონებსა და სტანდარტებს, წერენ ტრაფარეტულ წიგნებს, მაგრამ ორიგინალურს ვერას იტყვიან. საკითხის მიჩუმათება და გადასხვაფერებაც ძალზე ხშირი შემთხვევაა.
შევეცდები აქ ვთქვა ის, რაც დიდად აკლია ქართულ საისტორიო აზროვნებას. გლობალური საკითხების მინიატურიზება, მათი დამცრობა ეთნოცენტრისტული სალაყბოს ნიშნულამდე, ვულგარული ადაპტაცია და ეთიკური ფალსიფიკაცია მეტად ფეხმოკიდებულია.  აღარაა საჭირო იმის ციტირება, რაც უკვე დიდი ხანია ცნობილია და რაც არ გამოდგება საკითხის შესამეცნებლად. სადღეისო იდეური და პოლიტიკური დევალვაციის ჟამს რადიკალურად უნდა დაისვას საკითხები: რა არის ისტორიის საზრისი? რა უნდა ვიგულისხმოთ პროგრესის ცნებაში, როდესაც ევროპული განმანათლებლობა დასრულებულია? რამდენად შინაარსობრივია სადღეისოდ სუვერენიტეტისა და დემოკრატიისადმი ისეთივე აპელირება, როგორც ეს ხდებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში? ფუკუიამასეული ისტორიის  დასასრული და ლიბერალური პანკოსმიონი არ განხორციელდა და ვის შეიძლება ეწოდოს ისტორიული ადამიანი, რომელიც ქმნის კაპიტალიზმის იდეურ ალტერნატივას? რა არის ისტორიული,  როგორც ლიბერალ-კაპიტალიზმის კონტრარგუმენტი? რამდენად შესაძლებელია ახალ ფორმაციაზე საუბარი?
მითებსა და რელიგიურ გადმოცემებში ყველგან შემონახულია მახსოვრობა ადამიანთა თავდაპირველ ერთობაზე. ტომთა, ეთნოსთა და ნაციათა შექმნას წინ უსწრებს მსოფლიო ერთობა. მითოლოგიაში ეს ყველგან აღინიშნება ისე, როგორც ისტორიული ფაქტი. ყველა დიდი რელიგიის მიზანი არის მსოფლიო სახელმწიფო, სადაც ხალხები რელიგიური იდეით  გაერთიანდებიან და ერთურთისთვის მოყვასნი  იქნებიან. ამა თუ იმ ხალხის ისტორიაში ოქროს ხანად ითვლება მისი იმპერიულობის საუკუნე. ასე იყო უძველესი დროიდან, როდესაც არსებობდა ასირიის, ეგვიპტის, სპარსეთის იმპერიები. მას შემდეგ გაჩნდა ახალი მსოფლიო რელიგიები, პოლიტიკური მოძღვრებები, მოხდა დიდი რევოლუციები, მსოფლიო ომები, მაგრამ იმპერიის იდეის იმპერატიულობა ადამიანისათვის უცვლელი დარჩა.
იუდაიზმი არის საღვთო რასიზმის რელიგია, მაგრამ აქაც კი, შესაქმის წიგნში  დასაწყისიდანვე ნაამბობია ადამიანთა მსოფლიო გაერთიანებასა და ბაბილონის გოდოლზე. ქამის შვილიშვილი, ქუშის ძე ნიმროდი „იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე“.  „მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის მიწაზე. ამ მიწიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რებოთ-ქალაქი, ქალახი...“ (დაბ. 10: 10-11). შინყარის მიწაზე იყო პირველი მსოფლიო სახელმწიფო, მეფე ნიმროდის იმპერია. ხალხებს „ერთი ენა ჰქონდათ და ერთნაირად მეტყველებდნენ მთელ დედამიწაზე“.  ...შემდეგ თქვეს: „აბა ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. და შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი ქვეყნის ზურგზე“ (11: 2, 4).
წყეულია მიწა ადამის ცოდვის გამო, ამას წარღვნის რისხვაც, წყალნი წყმედულებისანი მიესართა და მაინც იმპერია იქმნება წინაპირველში მიწის პირზე. „გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგე ერთ ყოველთა“ (წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი. ნაკვეთი I, გვ. 89). ქრისტეს მეღვაწლეობით მიწას წყევლა განეშორა და ადამ  კვლავ სასუფეველს მიაგება მაცხოვარმა, მაგრამ პირველი, რაც იქმნება ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, არის ისევ იმპერია. ადრეული ქრისტიანობის დროის მამანი დაშლილი რომის იმპერიის კვლავ შესაკრებად იღვწიან. იმ დაწყევლილ მიწის ზურგზე, რომელზეც ჯერ უფალი ცეცხლის სვეტად არ დამდგარიყო უდაბნოდ მარები, მოსესგან გაძღოლილი ისრაელის დასანახად, პირველად იმპერია შეიქმნა. ხალხებმა თავისი ერთობის ნიშნად გოდოლის აღმართვა განიზრახეს. ბიბლია იწყება ბაბილონის ამბით და მთავრდება ისევ ბაბილონით. მისგამოა ომი, რომლის შემდეგ ღმერთის მსოფლიო იმპერია სამარადისოდ იქნება. აპოკალიფსი არის დიდი დავა ბაბილონის გამო ღმერთსა და ეშმას შორის. ისინი იბრძვიან მთელი მსოფლიოსათვის, კაცთა მოდგმისათვის. აპოკალიფსი იმპერიაზე იტყობინება და არა ხალხების დამოუკიდებლობაზე. ეს საკითხი არ არსებობს ბიბლიურ პრობლემატიკაში. იმპერიის იდეა რეციდივირებს ადამიანის ისტორიაში ისე, როგორც სხვა არაფერი. იმპერიაზე ზრუნვა მოითხოვს მუდმივ ომს. ასე იყო რომაელი, ბიზანტიელი, არაბი, ოსმალო, რუსი, ბრიტანელი. თავად ღმერთი არის მეომარი მაშინაც კი, როდესაც ის იმპერიის შექმნას კი არ ისახავს მიზნად, არამედ აღთქმულ მიწას ყამალეკის, მიდიანის, ფილისტიმელის, არამეელის, მოაბელისგან იცავს.
უკვე დაყენება საკითხისა იმპერიის შესახებ არის დაგმობილი. ის მიიჩნევა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილად. ისტორიკოსები,      ფილოსოფოსები, პოლიტოლოგები თვლიან, რომ ახლანდელ ლიბერალიზებულ გარემოში იმპერიის საკითხი გაუქმდა და მასზე მხოლოდ წარსულ დროშია შესაძლებელი საუბარი. თუ რაიმე ითქმება, ყოველთვის გმობითა და უარყოფით უნდა ითქვას. არსებითი კი ისაა, რომ ამ საკითხზე მომავალ დროში უნდა ითქვას და არა წარსულ დროში.       საკითხი უნდა დაისვას ასე - როგორი იქნება მომავალში მსოფლიო იმპერია და ვინ იბრძოლებს მისი განმტკიცებისათვის? ამ კითხვის გაქიაქება ცივილიზებულ მსოფლიოსა და დემოკრატიაზე მითითებით არის სამეცნიერო არაკეთილსინდისიერება ან პროვინციული უცოდინრობა. პოლიტოლოგიური ფოლკლორის გასაღება შეურიგებელ ეთიკურ ნამსჯელად და მეცნიერულად დასაბუთებულ უაპელაციო მსჯავრად, დამაბრკოლებელია საკითხის გაგების საქმეში. ეს დაუსრულებელი დანამუსება და დამუნათება არის პოზიორობა და  ფალსიფიკაცია. იმპერიის საკითხზე ზღვა ნაწერის უდიდესი ნაწილი შემეცნებით ღირებულებას მოკლებულია. გამუდმებული ნეგაცია,   დეტრაქციული (საკილავი) განსჯა, რომელიც ოც წელზე მეტია გრძელდება, მოჩვენებითი რადიკალიზმი, მყვირალა ვერდიქტები იმის მაჩვენებელია, რომ იმპერიის საკითხი არ გაუქმებულა და ის აწმყოს შემადგენელია. საკითხი მოქცეულია პუბლიცისტური ემფატიზმების ტყვეობაში, რითაც იქმნება მისგან თავდახსნის ილუზია.
არაა სწორი ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული აზრი, რომ ისტორია არ სცნობს კავშირებით კილოს. ისტორიკოსმა ნამყოს გააზრებით უნდა განიხილოს ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ისტორიას არ უნდა წაერთვას ევენტუალური დისკურსის შესაძლებლობა. ერთადერთი საცდური აქ ისაა, რომ ევენტუალური გააზრება არ გადაიქცეს პოლიტიკურ მეზღაპრეობად, მორალისტურ მარჩიელობად,  რითაც დიდად სცოდავს კომპრომეტირებული,  ფაქტებზე ორიენტირებული პოლიტოლოგია.
რაც უტრივიალურეს მოვლენად არის წარმოჩენილი, რაც განზრახ დამახინჯებულია და ყოველთვის დიდი მიკერძოებით ირჩევა, სინამდვილეში უნიკალური რამ არის მაშინაც კი, როდესაც იმყოფება დაცემის სტადიაში. ის, რაც თითქოს საბოლოოდ დაგმობილია, კვლავ და კვლავ მოითხოვს შემმეცნებლისაგან დაფიქრებას, რადგან იგი ადამიანის ბედისწერაა, ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტური თვისებაა. ეს არის იმპერიის იდეა, ნაციისა და იმპერიის კონფრონტაცია და კორელაცია,         ნაციის ამაღლება მსოფლიო უნივერსულ იდეამდე.
ახლანდელი ეთნოცენტრისტი ლიბერალი კრიტიკოსი იმპერიის იდეისა კი მიუთითებს ბაბილონის გოდოლის ამბავზე, როგორც ღმრთისათვის არასათნო ქმედებაზე, მაგრამ გოდოლის მიტოვებას წინ უსწრებდა კაცთა მსოფლიო ერთობა. წყალთრღვნის შემდეგ, ახალი მსოფლიოს დასაბამს, ნიმროდის იმპერია იყო პირველი  დიდი მოვლენა ადამიანის მატიანეში. წარღვნის შემდეგ მიწა ჯერ კიდევ არ გამშრალა, მისი ნაკვალევი მიწაზე ჯერ არ წარხოცილა დროის მიერ, ღვთის დიდი რისხვის დაღი მიწას ისევ აჩნია  და უკვე იმპერია იქმნება, გოდოლი შენდება კაცის მოდგმის მიერ. სემის, ქამის და იაფეტის ჩამომავალნი ერთ ენაზე მომეტყველე ერთი ქალაქის მოქალაქენი არიან, რომლის მეფე არის ნიმროდი ძე ქუშისა, ძე ქამისა, ძე ნოესი. შეიწყალა შერისხული სამყარო ღმერთმა და რაც პირველად აღმოცენდა მიწის პირზე, როგორც საყოველთაო და საშვილიშვილო, იყო იმპერია. იმპერიის ლიბერალი უარმყოფელი ამბობს, რომ ღმრთის ნებით შეწყდა გოდოლის შენება და ეს არის დასტური, რომ იმპერიის შექმნა ღმრთის საწინააღმდეგო საქმეა, რომ ეს არადემოკრატიული და  არაცივილიზებული გზაა. ლიბერალი ამბობს, რომ ყველა იმპერია იშლება. ის მიუთითებს წარსულზე, სადაც მრავლადაა იმპერიების ნაშთები. ამის მიუხედავად  ლიბერალი ეთნოცენტრისტის მსჯელობა   მაინც არაა სწორი. სტრასბურგის ევროპარლამენტის მოდერნისტული არქიტექტურა ნიდერლანდელი პიტერ ბრეიგელის (მიახლ. 1525/1530 – 69) ტილოზე გამოსახულ ბაბილონის გოდოლს ჰგავს.
იყო ნიმროდის იმპერია და ბაბილონის გოდოლი. თორას მძვინვარე ღმერთმა კი არ შეაჩვენა და იავარჰყო ბაბილონის გოდოლი, არამედ ეშმაკობით შეაჩერა მისი შენება. ამგვარად, ღმერთი ტოვებს იმის შესაძლებლობას,  რომ ოდესღაც გოდოლის შენება გაგრძელდება. ნიმროდის გოდოლის ამბავი სულ გმობით განიმარტება ძველი და ახალი ეგზეგეტიკოსების, აპოკალიპტური მწერლებისა და მათ განაკვალში მდგარი ეთნოცენტრისტების მიერ. ნიმროდის გოდოლის ამბავი ღმრთისაგან მსოფლიო სამეფოს იდეის სამუდამო დაგმობა კი არაა, არამედ მისი ისტორიაში განგრძობადობაა. ეს უპირველესი იდეის კონსეკვენტურობაა. ეს უნდა ითქვას კატეგორიულად, რათა დასრულდეს მრავალსაუკუნოვანი მცდარი ეგზეგეზა ნიმროდის გოდოლის გამო. ამ ცდომილების გავლენით ნიმროდის გოდოლის შენების შეჩერება მოიაზრება სოდომ-ქალაქის ცეცხლით მოშრეტის ტოლფასოვან მოვლენად. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მსოფლიო ეკლესიის გოდოლი უნდა აშენდეს და იდგეს საუკუნოდ. ქრისტეს იმპერია უნდა დაარსდეს და მის სათავეში მარადიული მეფე, იესუ იქნება. ავგუსტინე ამას განმარტავდა წარმართული რომის დაცემის შემდეგ თავის ისტორიოსოფიულ ნაშრომში De Civitate Dei (ღვთის ქალაქისათვის) (413-27). ავგუსტინეს თქმით, ელინისტური რომი კაენის ქალაქი იყო, რადგან მისმა დამაარსებელმა რომულუსმა ძმა მოკლა. რომი იყო civitas diaboli (ეშმას ქალაქი). რომულუსის ქალაქი მოციქულ პეტრეს ქალაქად იქცა. აქვე ჰხამს ითქვას, რომ სიტყვა civitas ნაკლებადაა ქალაქის აღმნიშვნელი. Civitas  ნიშნავს უნივერსულ იდეურ ერთობას, დიდ კოსმოპოლიტურ სამეფოს, უფლის თანამეგობრობას, დიდ ჰიერატულ ჰეტაირიას, იმპერიას. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ unitas Romana (რომის ერთობა) არსებობდა როგორც unitas ecclesiae (საეკლესიო ერთობა). Civitas არის  hominum universitas (კაცთა უნივერსუმი, ერთობა), ხოლო civitas-ში შემავალნი ჰგიან ვითარც populus Dei (ღვთის ხალხი). Imperium Romanum (რომის იმპერია) ღვთივსათნოა და იგი ზეციერი სამეფოს მიწიერი მიმსგავსებაა. Imperator Romanus (რომის იმპერატორი) ღვთისაგან კურთხეულია და იგია  უნივერსუმში შემავალი ყოველი ქრისტიანის მეფე და მფარველი. ეკლესიის სწავლება იმპერიულია და ის კოჭს ვერ უგორებს ლიბერალ ეთნოცენტრისტებს. გამოთქმა, რომ „ყოველი ერი ღვთის ქმნილებაა“, არაა იმპერიის იდეის ანტითეზა. ისიც ითქმის, რომ „ეროვნულობის ცნება ეკლესიის სწავლებასთანაა დაკავშირებული“. ამას  ხშირად მღვდლები ამბობენ ხოლმე, რაც დიდი ცდომილება და აპოსტასიაა. თუ ეს სწორი მსჯელობაა, მაშინ აქამდე უნდა შექმნილიყო მართლმადიდებლობის პროტესტანტული ვერსია, რომელიც თავის გენეზისში ისევ იმ იმპერიულ უნივერსალიზმამდე მივიდოდა. ამდენი კი მღვდლებს არ აქვთ ნაფიქრი. ეროვნულობის (ნაციონალიზმის) ცნება რომ ეკლესიის სწავლებასთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაშინ არ იქნებოდა 30-წლიანი რელიგიური ომი პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის. ამ ომის შედეგი კი იყო ნაციის, როგორც ახლებურად გააზრებული  პოლიტიკური ცნების დამკვიდრება ევროპულ პოლიტიკაში. ვესტფალიის ზავის (1648 წ.)  პრინციპები კი თავის გენეზისში ისევ იმპერიამდე ამაღლდა. ამას მოწმობს ევროპის ქვეყნების ისტორია.
ლიბერალიზმით შენიღბული ეთნონარცისიზმი ვერ იქნება იმპერიის კონტრარგუმენტი. ცხოვრებას თავისი ძველი, უცვეთი და უცვლელი, ათასწლეულებში გამოტარებული კანონები აქვს. დემოკრატიაზე წლობით ლაპარაკი ამას ვერ გადაასხვაფერებს. ნებისმიერი დიდი რელიგიის რჯულის წიგნი არის საიმპერიო წიგნი, რომლის მიხედვითაც იქმნება მსოფლიო უნივერსული სახელმწიფო. იმპერიალისტი და მონდიალისტია ბრაჰმანიც, ბუდაც, ქრისტეც და მუჰამედიც. იმპერიის თვალსაჩინო პროპონენტია ავგუსტინე და ყველა დიდი მამა ეკლესიისა. თავად ქრისტეა ახალი იმპერატორი, ღვთიური ნიმროდი. ორმოცდამეათე დღის სასწაული, ოდეს სულიწმინდით ნიჭებულმა მოციქულებმა იწყეს დუნიის ენებზე ქადაგება, არის ერთი მსოფლიოს სიმბოლო. ის არის ბაბილონის გოდოლის ანტიპოდი, ისევე როგორც ქრისტე არის კრულებაში მყოფი ადამის ანტიპოდი, სახარების წყალი - თორას  წყლისა. არის წყმედის წყალი და არის ცხონების წყალი. ისიც უთუოდ სათქმელია, რომ უკვე იუდეველებთან წყლით განბანა განწმენდას გულისხმობს. ქრისტიანებთან წყალკურთხევა არის წარღვნის წყალთა საპირისპირო. თორაში წყალი უფლის წყევლა და წყმედაა, წარღვნის სახით გამოვლენილი რისხვაა. სახარებაში წყალი წყალობაა ახალი ადამიანისთვის, განახლებული ცხოვრების მენიშნეა. ქრისტე არის წყალიც და ცეცხლიც. ევა შერისხულია საუკუნოდ, ხოლო მარიამი უფლის  ცეცხლის წიაღქმნის შემძლე და მესიის მშობია. მიწიერმა ქალმა უშვა სოფელს მსოფლიო ყრმა და სამყაროს მარადიული იმპერატორი, „რათა ყველა ერთი იყოს...რათა ირწმუნოს სოფელმა“ (იოანე, 17, 21).
იმპერიაში მზე სხვაგვარად ამოდის და ჩადის. იმპერიის მზე სხვაგვარად ანათებს. ადამიანის ისტორია ამას შეუვალად ადასტურებს. ეს უნდა იცოდეს მღვდელმა, რომელიც მრევლს უქადაგებს, რომ სამშობლოს მზესა და ცას ვერაფერი შეედრება. ეს უსაზრისო თქმებია. განა ქრისტე არას იტყოდა სამშობლოზე, ეს რომ მისთვის ღირებული ყოფილიყო? ის ამაზე არსად არას იტყვის. თუ მან რაიმე თქვა სამშობლოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ დაქცევა უქადა მას.
მოვიყვან რამდენიმე საგულისხმო ფაქტს ისტორიიდან: ბარბაროსი გერმანელები ქრისტეს დაბადებამდე და მის შემდეგ რომს მტრობდნენ. მათ აიღეს და დააქციეს რომი 410 წელს ქრისტეს აქეთ. შემდეგ გერმანელები თავად შეიმსჭვალნენ იმპერიის იდეით და მისი დამცველები იყვნენ მრავალი საუკუნის მანძილზე. იმპერიის იდეა სულ იყო გერმანელებში. რომის საღვთო იმპერია გერმანელი ერისა დააფუძნა ოტონ I-მა (912-73), რომელიც 936 წლიდან გერმანიის მეფე იყო. ის მიიჩნევა საღვთო რომის იმპერიის (Sacrum Romanum Imperium, Heiliges Römisches Reich)  პირველ იმპერატორად. რომის იმპერიის სათავეებთან დგას კარლოს დიდი (768-814). 1254 წლამდე იმპერიას არ ეწოდებოდა საღვთო და მხოლოდ XV საუკუნის ბოლოს, როდესაც მარტინ ლუთერი  ჯერ კიდევ კათოლიციზმის წიაღში იყო, იმპერიის სახელწოდებას დაემატა „გერმანელთა (ტევტონთა)“. 30-წლიანი რელიგიური ომების შემდეგ კათოლიციზმსა და პროტესტანტობას შორის, რაც ორი იმპერიული იდეის ჭიდილი იყო, დაიდო ვესტფალიის ზავი (1648) და საღვთო რომის იმპერიამ იარსება ნომინალურად. მან ოფიციალურად დაასრულა არსებობა 1806 წელს, როდესაც ნაპოლეონის პანევროპული იმპერია აღზევდა. საღვთო რომის იმპერიის ცნობილი იმპერატორი 1152-90 წლებში იყო ფრიდრიხ ჰოჰენშტაუფენ ბარბაროსა. მეორე გერმანული იმპერია (Deutsches Reich) შეიქმნა ოტო ბისმარკის დროს საფრანგეთის იმპერიასთან ჭიდილში. ბისმარკის იმპერია დაეცა 1918 წელს. შემდეგ იყო ადოლფ ჰიტლერის იმპერია (Das dritte Reich).
კათოლიკეებად დარჩენილ ავსტრიელ გერმანელებს კი თავისი იმპერიული იდეა ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი მტრობდნენ ჩრდილოელ პროტესტანტ გერმანელებს და პრუსიის სამეფოს. 1919 წლის 10 სექტემბრის სენ-ჟერმენის სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა, აღნიშნული იყო, რომ ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ავსტრიის რესპუბლიკა, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, სერბულ-ხორვატულ-სლოვენური სახელმწიფო. კათოლიკური ავსტრო-უნგრული იმპერიის ნაწილებს მიენიჭათ ის სუვერენიტეტი, რომლის პრინციპიც იშვა 30-წლიანი ომისა და ვესტფალიის ზავის შემდეგ. ოღონდ ეს სუვერენიტეტი ამ დროს, 1919 წლისათვის, უკვე მთლიანად სეკულარული და რევოლუციური პოტენციის მქონე იყო. სუვერენიტეტი აღარ ნიშნავდა კათოლიციზმისაგან განდგომას, პროტესტანტიზმის რომელიმე მიმდინარეობის აღმსარებლობასა და  ბიბლიის განმარტებისათვის ვატიკანთან ხანგრძლივ დავას. სუვერენიტეტი უკვე განმანათლებელ მასონთა კოსმოპოლიტურ პროექტივიზმს დაუკავშირდა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოუდგენელი იყო, რომ სუვერენიტეტმინიჭებულ იმპერიის ნაწილებს დავა და შემდეგ ომი აეტეხათ ბიბლიის გაგების გამო. ამიტომაც იყო, რომ 30-წლიანი რელიგიური ომის (1618-48) აქტიურ მონაწილეს- პროტესტანტულ ჩეხეთს, რომელიც იძლია კათოლიკური არმიების მიერ, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ რელიგიური დავა არ განუახლებია.
მოსეს სწავლების ქრისტესეულმა ახსნამ იუდაიზმის ტექსტები დააყენა მსოფლიო რელიგიების გვერდით. იუდაური წიგნები ქრისტიანული იმპერიალიზმის შემადგენელ ნაწილად იქცა. მანამდე იუდაური ტექსტების კორპუსი იყო ეთნიკურ-კონსპიროლოგიური, სეგრეგაციული ბუნებისა. ქრისტეს შემდეგ მიენიჭა ებრაულ ენას ასეთი დიდი სტატუსი.ის განიხილება როგორც ქრისტეს იმპერიის შემამზადებელი ენა.
მცდარია მსჯელობა, რომლის თანახმადაც ებრაელებმა ქრისტე უარყვეს იმ მიზეზით, რომ მათ მსოფლიო ძალაუფლება სურდათ.  ქრისტეს შემდეგ იუდაური მესიანიზმი დაიჩრდილა და ქრისტიან დეტრაქტორთა (მკილველთა) მიერ. იუდეველთა მესიის მოსვლა დღემდე აღიხსნება როგორც სატანის მოსვლა მსოფლიოს გაერთიანებისთვის. იუდეველთა მესიანიზმი შეჩვენდა და სატანიზმად შეირაცხა ეკლესიის მამებისაგან. ისრაელის სამანებზე თავად ღმერთი იუწყება. არაერთხელ არის  თორაში ნათქვამი, რომ დასავლეთის ზღვიდან ეგვიპტის მიწამდეა გადაჭიმული აღთქმული მიწა. ისრაელის საზღვრებზე აუწყებს უფალი მოსეს (რიცხვ. 34, 2-12). თორას ღმერთი არ ეტყვის თავის რჩეულ მოსეს, რომ წავიდეს და მოიმოწაფოს ხალხები. ქანაანში შესვლაზეა ლაპარაკი მოსეს ბანაკში და არა მსოფლიოს დაპყრობაზე, განსხვავებით არაბებისაგან, რომელნიც ასევე უდაბნოდან გამოვიდნენ და თავიდანვე მსოფლიოს დაპყრობა და ხალხთა დამოწაფება დაისახეს მიზნად. მუჰამედის სიტყვამ აქცია უდაბნოს მწყემსი არაბი დუნიის მოძღვრად და მისი ოთხივე იყლიმის ყადიდ. მოსეს თავად მიჰყავდა თემი ქანაანისკენ. უფალი უბნობდა მასთან და ყველას ესმოდა. მოშე რაბენუს მაინც ეურჩებოდნენ. ჰაზრეთ-მუჰამედის ხილვებისა კი მისი სიტყვით ირწმუნეს მუსლიმებმა. არაბთა თემს არ ესმოდა ის, რასაც მუჰამედი აყურადებდა. მას მისი სიტყვისა სწამდა და მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ადრეულმა უმმამ (თემმა) მსოფლიოს დაპყრობა. მუჰამედისათვის გაცხადებული ჭეშმარიტება ყველა ხალხს უნდა ეუწყოს. მუჰამედი დიდსულოვანი იყო ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმართ. ქრისტიანობისთვის კი იუდაიზმიც და ისლამიც სატანისეული იყო. იუდეველს არასოდეს უთქვამს რაიმე მსოფლიოს დაპყრობაზე. მოსეს ბანაკში არავის უთქვამს, თვით იეჰოშუა ბენ ნუნსაც, რომ ქანაანი კი არა უფალო, მთელი მსოფლიო მოგვეცი მახვილით წასაღებად, რადგან მეტად აღარ დადგება ღმერთი ცეცხლის სვეტად მისგან მრავალგზის შერისხულ და გვემულ  თემთან.  „არ სცილდებოდა ხალხს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი“ (გამ.13, 22). ამ დიდი თეოფანიის მიზანი, კაცისა და ღმერთის საომარი ერთობის ზრახვა კი მხოლოდ ქანაანში შესვლა იყო და სხვა არაფერი. აბა არაბთა თემთან დამდგარიყო ღმერთი ხილულად. ერთი კაცის, მუჰამედ წინასწარმეტყველის ხილვებისა ირწმუნა არაბმა და სად გავიდა. მოსეს ბანაკში ღმერთი ყველასთვის ხილული იყო და მაინც ძლივს აკავებდა მოსე თემს, რომ არ გაჰქცეოდა  ის უფალს უდაბნოდან და  ისევ ეგვიპტეს არ მიჰბრუნებოდა. ღმრთისგან მრავალგზის ყვედრებული და სასტიკად დასჯილი იუდეველი, მისი ხილული შემწეობითა და კრულვით ძლივს შევიდა ქანაანში. თვით მოსეც ვერ ეღირსა აღთქმულ მიწაზე შესვლას. მომაკვდავმა მოსემ ჰყვედრა  ისრაელის თემს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ უარეს უმადურობასა და სიმდაბლეს გამოავლენდა უკვე ქანაანში შესული ებრაელობა. რა იქნებოდა და როგორ დაიწერებოდა თორა, მოსე  რომ ქანაანში შესულიყო?
იუდაიზმის მიხედვით, ჭეშმარიტი რჯული მხოლოდ წმინდა თესლმა, თორას  ხალხმა იცის. წინასწარმეტყველთა თანახმად, სხვა ხალხებმა ეს შორეულ მომავალში უნდა შეიტყონ. არა მოსეს ხუთწიგნეულში, არა სოლომონის იგავებში, არა იობის წიგნში, არა ეკლესიასტესთან, არა მეფეთა ქრონიკებში, არამედ წინასწარმეტყველთა წიგნებშია გამოთქმული იუდაისტური უნივერსალიზმისა და მსოფლიურობის იდეა. სხვა ხალხებიც იწამებენ თორას ღმერთს. იმ ეგვიპტეზე, იმ აშურზე, მრავალგზის რომ მუქარა შეუთვლია და შეურისხავს ცაბაოთ უფალს, ასეა ნაუწყები ესაიას მიერ: „ ...დაემონება ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად“ (19, 23). „იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში“ (19, 24). „რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი“(19, 25). „უცხოთა შვილებს...მივიყვან ჩემს წმინდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. ...რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო დაერქმევა“ (56: 6-7).
ყიდო წინასწარმეტყველის შვილიშვილის, ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში ნათქვამია: „მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქ. 8: 22-23).
სოფონია წინასწარმეტყველი კი იტყვის: „ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.
რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“ (სოფონია, 3: 8-9).
თორას დასაწყისშივე კი ასეთი საკვირველი რამ არის ნათქვამი, ოდეს იაკობი თავის ვაჟებს შეკრებს და მათ ხვედრზე უბნობს. კურთხევისას ეტყვის იაკობი თავის ძეს იუდას: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი (შილო) და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ.49, 10). სიტყვა „შილო“ რუსულ ბიბლიაში განმარტებულია როგორც Примиритель (შემარიგებელი). ლათინურად ეს სიტყვა განიმარტება პოლისემანტიკური ზმნის mitto-ს მეშვეობით. აქ მისი მნიშვნელობაა საუკუნო ზავის დადება.
ლათინურად ასეა: non auferetur sceptrum de Iuda et dux de femoribus eius donec veniat qui mittendus est et ipse erit expectatio gentium (Gn. 49, 10).
ესაა იუდაისტური მესიანიზმის სული, რომელიც გაიკილა და უარიყო ეკლესიის მამათა მიერ. მათ ქრისტეს გამომსყიდველური ღვაწლის შემდეგ იუდაისტური მესიის მოლოდინი დანაშაულად მიიჩნიეს და შერისხეს. იუდეველთა მესიანისტური მოლოდინი  ქრისტეს უარყოფაა. ესაიას, ზაქარიასა და სოფონიას ნაუწყები სიტყვით, მთელი მსოფლიო თორას შეუდგებოდა და იერუსალიმი იქნებოდა ყველა ხალხის სულიერი სამშობლო. ქრისტიანული მესიანიზმი ვერ აუქმებს იუდაისტურ მესიანიზმს. ეკლესიის მამები ესაიაზე მიუთითებენ, როგორც ქრისტეს მოსვლის მაუწყებელზე. იუდაიზმის მიხედვით, ცაბაოთ უფლის პანტოკრატორობა მხოლოდ იაკობის სახლში დასტურდებოდა. უფალი ეუბნება მოსეს: „ ...ჩემია მთელი დედამიწა“ (გამოსვლა, 19; 4). ნაცარში მკვნესარე იობს რისხვით ეტყვის უფალი: „სად იყავი, მიწას რომ ვაფუძნებდი? (იობი, 38: 4). ეს სიძნელე იუდაიზმისა, რომ თუ ღმერთი ყოვლისმპყრობელი (პანტოკრატორი) და ყოვლისმხილველია (პანოპტესი),  მაშინ ის უნდა ღმერთობდეს ყამონიანელების, ამორეველების, ხეთელების, ფერიზელების, მიდიანელების, ფილისტიმელების, ყამალეკიანების და სხვა ხალხებისათვის, გადაიჭრა მხოლოდ იუდაიზმის ქრისტესეულ ინტერპრეტაციაში. ამ სიძნელის გააზრების მცდელობაც კი არსადაა თალმუდის კრებულებსა და მისი თანამდევი წიგნების დიდ რაოდენობაში. ეს არაა კაბალისტურ წიგნებში, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კაბალიზმმა დაიწყო პროზელიტობა ყველა ხალხისათვის.
Unilateral  American Imperium  
ქრისტეს შემდეგ დევნილი და შერისხული იუდაური მესიანიზმი კი მაინც არსებობდა მსოფლიოში გაფანტულ ებრაელთა შორის. ეს მესიანიზმი ებრაული სახელმწიფოს შექმნაზე მაღლა მდგომი და მისი მაიგნორირებელი იდეა იყო. სიონიზმი, როგორც პოლიტიკური სწავლება, გაჩნდა უახლეს დროში. იუდაური მესიანიზმი და სიონიზმი იყვნენ და იქნებიან ერთურთის მოწინააღმდეგენი.  ებრაული იმპერიული იდეა არსადაა კონცეპტუალიზებული, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ებრაული დიასპორა გადაჭდობილია ამერიკულ იმპერიალიზმს. თავად ამერიკული საიმპერიო მესიანიზმი ხშირად მიმართავს იუდაიზმის დებულებებს. პროტესტანტი ბრიტანელი ლტოლვილებისათვის ჭეშმარიტ ქრისტიანთა ქანაანი იყო ამერიკა. ცაბაოთ უფლის კი არა, არამედ ქრისტეს ქანაანია ამერიკა. ძის მიერ აღთქმული მიწაა იგი და არა მამისა. ის მსოფლიო იმპერიად უნდა იქცეს და აუწყოს ხალხებს ჭეშმარიტი რჯული. აქ უნდა აშენდეს cittie upon a hill (ქალაქი გორაკზე). ამერიკა უნდა იყოს New Jerusalem (ახალი იერუსალიმი). სიტყვა pilgrim რჯულის გამო განდგომას და   გადახვეწას ნიშნავდა და არა ყარიბობას. ეს იყო იმპერიალისტის პილიგრიმობა. Pilgrim Fathers-ინგლისელი კოლონისტები 1620 წლიდან, ბიბლიაზე მითითებით გმობდნენ კათოლიკურ იმპერიას და ისევ იმპერიის შექმნას იზრახავდნენ. მათ შორის უდავოდ იყო საღვთო შური, რაიც ინგლისურად იწოდება ardour ან zeal. პილიგრიმები იყვნენ men of zeal (ღვთისთვის მოშურნე ადამიანები). ახალი მიწა მათთვის იყო Land of Hope (იმედის ქვეყანა). Land of the Pilgrim’s pride  არის პილიგრიმ მამათა ქანაანი, რომელთათვის მათი რჯული საამაყოა. ეს pride (სიამაყე) ანგლოპროტესტანტებისა გახდა arrogance (ქედმაღლობა). Arrogance of power ბევრჯერ ხსენებულა ამერიკულ სამეცნიერო გამოცემებში და ის ცნობილი გამოთქმაა. 2010 წელს გამოვიდა სტივენ უებერისა და ბრიუს ჯენტლსონის წიგნი „ქედმაღლობის დასასრული“. Steven Weber  and Bruce W Jentleson.  The End of Arrogance: America in the Global Competition of Ideas. Harvard University Press. 2010.
პირველ ბრიტანელ კოლონისტებზე ამერიკაში 2010 წელს გამოიცა ნიკ ბანკერის წიგნი: Nick Bunker. Making Haste from Babylon. The Mayflower Pilgrims and Their World. A New History. Knopf. 2010.
Boston women ეწოდებათ ბოსტონელთა შთამომავლებს, პირველი ბრიტანელი ემიგრანტების შვილებს, რომელნიც ძირძველ, საუკეთესო თაობად მიიჩნევა. „ბოსტონელი ქალების“ ცნებაში იგულისხმება ანგლოსაქსი პროტესტანტი ქალების  chastity (უბიწობა), nobility (კეთილშობილება), goodness (სათნოება). აშშ-ში არსებობს ამ სახელწოდების დასები, რომელნიც ლაპარაკობენ აშშ-ს დამფუძნებელ მამებზე (Founding Fathers) მითითებით. გამოდის წიგნები laudator temporis acti (გარდასული დროის მაქებარი).
ღვთივრჩეულობის ბრიტანული იდეა  დასაბამს იღებს  XIV საუკუნის 80-იანი წლებიდან. 1381 წლის გლეხთა აჯანყებას უოტ ტაილერის მეთაურობით სული შთაბერეს ლუთერამდელი რეფორმაციის წინამორბედთაგანმა, მოძღვარმა ჯონ ბოლმა (Ball) და ლოლარდებმა-ჰოლანდიელმა სახალხო მქადაგებლებმა, რომელნიც პაპისტური უნივერსალიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ლოლარდებთან ბრძოლაში ბრიტანეთის ეკლესიამ 1408 წლიდან აკრძალა უიკლიფის ლათინურიდან ინგლისურ ენაზე არც თუ ისე კარგად ნათარგმნი ბიბლია, რომელიც ლოლარდებმა გაავრცელეს. უილიამ ტინდეილმა, რომელიც 1536 წელს კოცონზე დაწვეს, ინგლისურად თარგმნა სახარება. ბიბლიის თარგმნას ვატიკანი იმპერიული მოსაზრებით ეწინააღმდეგებოდა. ბიბლიის თარგმნა მაშინ ნიშნავდა კათოლიკური ოიკუმენის, იმპერიული ერთობის რღვევას. ევროპის კონტინენტზე მოგვიანოდ იგივე გაიმეორა მარტინ ლუთერმა, რომელმაც საღვთო წერილი გერმანულად გადმოიღო და პანევროპულ პროტესტანტულ მოძრაობას დაუდო დასაბამი.
ბრიტანელთა ზეპურობის, განსაკუთრებულობის იდეა (race discrimination) გადავიდა ამერიკაში და დღემდე ამ ქვეყნის მაორგანიზებელი პოლიტიკური სწავლებაა. ბრიტანელმა უილიამ პერკინსმა ამერიკაში გადახვეწილ პურიტანთა მოძრაობას კვალი დაატყო თავისი ანტიპაპიზმით. ღვთისმეტყველი ჯონ უინტროპი, პასტორი ჯოსაია სტრონგი ბრიტანელ ლტოლვილთა მრევლში ქადაგებდნენ  WASP-თან (თეთრ პროტესტანტ ანგლოსაქსებთან) დადებული ღმერთის აღთქმის იდეას. ჯოსაია სტრონგი (1847-1916) დარვინისტულ თეოლოგიას ქმნიდა და თორაზე მიუთითებდა. სტრონგი პროტესტანტული კოალიციის მეთაური იყო. ის იდეურად ასაბუთებდა ამერიკის სწრაფვას დასავლეთისკენ, წყნარი ოკეანისაკენ. სტრონგი ამერიკული იმპერიალიზმის საეკლესიო მამაა. მასთანაც არის პრედესტინაციონიზმი. მას სწამდა, რომ ქრისტეს სამეფოს ჟამი დადგებოდა. სტრონგის მოღვაწეობაზე წერს უოლტერ ლაფებერი: Walter LaFeber. The New Empire. An Interpretation of American Expansion-1860-1898. Cornell University Press. 1963, pp. 72-80. სტრონგს სწამდა, რომ დასავლეთი გახდებოდა ქრისტიანიზებული მსოფლიო იმპერიის ღერძი. ლაფებერი მიუთითებს ამონარიდებზე ჯოსაია სტრონგის თავის დროზე ცნობილი წიგნიდან „ჩვენი ქვეყანა: მისი შესაძლო მომავალი და ახლანდელი კრიზისი“. Josiah Strong. Our Country: Its Possible Future and Its Present Crisis. N.Y. 1885.
მოგვიანოდ ბრიტანელმა სოციოლოგმა ბენჯამინ კიდმა (Kidd) (1858-1916) დარვინისტული პოსტულატები პოლიტიკაში გადაიტანა. კაპიტალიზმთან გადაჭდობილმა ამ იდეათა ერთობლიობამ შექმნა America’s soul (ამერიკის სული). ეს ცნება შემდეგ ამერიკულ მასკულტურაში გამოიყენებოდა, როგორც სოფთ ფაუერის კომპონენტი, როდესაც ამერიკანიზმი მთელ მსოფლიოში წარმართავდა the battle for soul (ბრძოლას გულის დასაპყრობად). The churching of America (ამერიკის პროტესტანტული ეკლესიების ისტორია) არის მესიანისტური იმპერიალიზმის მატიანე. უფლის მხედრად წოდებული ჯონ უესლი, დიდი მოქადაგე, მეთოდისტური ეკლესიის დამფუძნებელი, მდაბიოთა შორის ყველგან ქადაგებდა უფლის სიტყვას. ბრიტანეთში რომ არ მოხდა ათეისტური რევოლუცია, ეს პროტესტანტი მქადაგებლების დამსახურებაა. საღვთო რასიზმის იდეას იზიარებდა ასევე პროტესტანტებთან მოდავე ანგლიკანური ეკლესიაც.  ბრიტანულ რასიზმს დიდ ყურადღებას უთმობდნენ გერმანელი ნაცისტები ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში მოსვლამდე.  რასისტულ გერმანიას ნიურნბერგში სასამართლო მოუწყვეს თავად რასისტმა ბრიტანელებმა და ამერიკელებმა და უკვე ეს წარმოშობს დუბიტაციურ (შემაეჭვებელი) დისკურსს. მაიკლ ჰარდტი და ანტონიო ნეგრი თავიანთ ნაშრომში“ იმპერია“ (2000) საუბრობენ თანამედროვე რასიზმსა და რასიზმის პოსტმოდერნულ ფორმებზე. Michael Hardt, Antonio Negri. Empire. Harvard University Press. 2000, p. 191.
ამერიკის იმპერიის შექმნა იყო და არის  res divina (საღვთო საქმე)  პოლიტიკური ელიტისათვის. ამავე დროს ეს res divina არის res integra (უპრეცედენტო შემთხვევა). ამ განუმეორებელი იმპერიული სულის გასაგებად შთაგრძნობაა საჭირო. ბრიტანელი პურიტანი ლტოლვილი ამერიკაში იყო ბიბლიური ექსკლუზიურობის გამომხატველი homo novus (ახალი ადამიანი), როგორც რომის იმპერიაში ქრისტიანი იყო ახალი ადამიანი მეკერპეთა შორის. მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ იყვნენ პურიტანები და გადაიხვეწნენ ამერიკაში, ვერას ნათლჰყოფს ამერიკული ექსკლუზიური კუთვნილების პრეტენზიის, იანკების საგანგებო სახარებისეული იდენტურობის გასაგებად. გამოთქმა e pluribus unum იანკების იმპერიულობის კონტექსტში შეიძლება ითარგმნოს როგორც მრავალთაგან ერთი და არა როგორც ერთიანნი მრავალფეროვნებაში, როგორც ეს ითარგმნება. ეს გამოთქმა კალვინისტური ღვთივრჩეულობის იდეას გამოჰკვეთს.  ესპანელი კოლონიზატორი სამხრეთ ამერიკაში არ იყო ახალი ადამიანი. ის ისევ ის ძველი ევროპელი იყო. ბრიტანელი პილიგრიმი პურიტანი იყო ახალი ადამიანი ახალი იმპერიული  მიზნით. პურიტანი ანგლოსაქსი conqueror (დამპყრობელი) განსხვავდებოდა ესპანელი კონკისტადორისაგან. პურიტანთა თემმა აღასრულა ექსოდუსი (გამოსვლა) ევროპის წიაღიდან და ახალ მიწაზე მოვიდა ქრისტიანობის ახალი განმარტებით. კოლონისტი პროტესტანტების იმპერიულ-რასობრივი დედუქცია აისახა მრავალ წიგნში. მაგალითისათვის, ისტორიკოს ბერკოვიჩს დაუწერია ამერიკელი პურიტანების ადრეულ წლებზე, მათ მიგრაციაზე:                                                                                   Sacvan Bercovitch. The American Jeremiad. The University of Wisconsin Press. 1978.  ამ წიგნში ის ამბობს: „საერთოდ, უნდობელმა (სკეპტიკოსმა-გ.გ.) პროტესტანტულმა ევროპამ უარი თქვა ყური დაეგდო ამერიკელი პურიტანების პრეტენზიებისათვის“ (p. 40).
უოლტერ ლაფებერი თავის ზემოთ დასახელებულ წიგნის პირველივე გვერდზე ამბობს, რომ აშშ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმული იმპერია საერთო ეკონომიკითა და ფედერალური პოლიტიკური სისტემით. ლაფებერს მოჰყავს ბრიტანელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მწერლის ედმუნდ ბერკის (Burke) (1729-97) სიტყვები: იმპერია არის ერთობლიობა მრავალი სახელმწიფოსი ერთი მეთაურით, რომელიც შეიძლება იყოს მეფე ან რესპუბლიკის თავმჯდომარე (p.1). ლაფებერს უხვად ჰყავს ნახსენები იმპერიის სათავესთან მდგარი პერსონები (Alfred Thayer Mahan, Brooks Adams, Frederick Jackson Turner და სხვები) და მიუთითებს ისტორიკოსთა შრომებზე, რომელნიც ეხებიან აშშ-ს ექსპანსიას ზღვასა და ხმელეთზე.
ბოლო დროს გამოსული ისტორიოგრაფიული წიგნი ამერიკის იმპეროგენეზზე არის რიჩარდ იმერმენის შრომა: Richard H.  Immerman. Empire for Liberty. A History of American Imperialism from Benjamin Franklin to Paul Wolfowitz. Princeton University Press. 2010.
ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკის მკვლევარი უოლტერ რასელ მიდი (ის საქართველოში იყო ლექციების წასაკითხად 2010 წლის ოქტომბერში) თავის წიგნში „ღმერთი და ოქრო“ წერს, რომ პურიტანთა მოძრაობა ბრიტანეთისა და ამერიკის ისტორიაში იყო კრიტიკული ფაქტორი ანგლო-ამერიკული ლიბერალიზმისა და დემოკრატიის განვითარებისათვის. აქვე მიდი ამბობს, რომ რეფორმაციის თეოლოგია დღეისთვისაც სასიცოცხლო როლს ასრულებს ამერიკულ დემოკრატიაში.  Walter Russel Mead. God and Gold. Britain, America, and the Making of the Modern World. Alfred A. Knopf. N.Y. 2007, p. 368.
ამ წიგნის მე-5 ნაწილის ქვეთავში America in Decline? მიდი ლაპარაკობს ამერიკის იმპერიის დაცემის შესაძლებლობაზე. მოყვანილია ფაქტები გარდასული იმპერიების ისტორიიდან.
მიდის ეს წიგნი კრიზისამდეა გამოცემული და მას ძალზე ეტყობა  bravado და ტრიუმფალიზმი. ამერიკული დემოკრატია, ანგლოსაქსური ლიბერალიზმი მიდს უდიდეს ისტორიულ მიღწევად მიაჩნია. მიდი წერს, რომ ლიბერალური კაპიტალისტური დემოკრატია სხვა პოლიტიკურ სისტემებთან შეჯიბრში ყოველთვის მოგებულია, რადგან იგი ყველაზე მეტად მიესადაგება ადამიანის ბუნებას. საბჭოთა იმპერიის მარცხმა ერთხელ და სამუდამოდ აჩვენა მცდელობათა ამაოება (the futility of trying) წინ აღდგომოდა კაპიტალიზმის სისტემას (p. 336). მიდი აგრძელებს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული კაპიტალიზმი დღეს არის არა მხოლოდ გამოხატულება ამერიკული კულტურისა. ის ღრმად გაფესვებულია დასავლეთის მემკვიდრეობაში და განსაკუთრებით ქრისტიანობაში (p. 337).  აქვე მიდი ამბობს, რომ ანგლო-ამერიკელები ეძებენ უნივერსულ დემოკრატიულ მშვიდობას (p. 339).
მიდს ბევრგან აქვს ასეთი განსჯანი და ის არის იდეური მემკვიდრე XVII-XVIII საუკუნეების ამერიკელი კოლონისტი მესიანისტებისა.
Sinful old world (ცოდვილი ძველი მსოფლიო) იყო ევროპა, რომელიც სოდომს ემსგავსა. ის იყო ეგვიპტე, საიდანაც გაიქცნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. ბრიტანეთის მეფეები ფარაონთა მსგავსნი იყვნენ პილიგრიმთათვის. ეს იყო სახარებაზე დაფუძნებული სიონიზმი. ისრაელის ღმერთი პილიგრიმებთან ისევე იყო მათ თანახმად, როგორც ის იყო მოსეს ბანაკში. ესპანელებმა ვერ შექმნეს იმპერია სამხრეთ ამერიკის კოლონიებში. მათ მიუერთეს ესპანეთს ლათინოამერიკული ქვეყნები. ისინი იანკებისაგან განსხვავებით, იყვნენ კათოლიკური უნივერსალიზმის დამცველები. ბიბლიის ნებისმიერი თანმიმდევრული ინტერპრეტაცია (პროტესტანტული, პაპისტური, მართლმადიდებლური) მესიანისტური და იმპერიულია. თავად ბიბლიაა იმპერიული წიგნი, სახელმძღვანელო მისთვის, ვინც მსოფლიოს დაპყრობას იზრახავს. სამხრეთ ამერიკაში ინდიელების ნაწილი კონკისტადორმა გაწყვიტა,  დარჩენილი ინდიელები იეზუიტმა მისიონერმა მონათლა და ესპანეთის ტახტის ქვეშევრდომებად აქცია. ჩრდილო ამერიკაში კი ინდიელები ახალმოსახლე ბრიტანელებმა სულ გაწყვიტეს და მცირერიცხოვან დარჩენილთ რეზერვაციებში  უკრეს თავი. ამერიკელი კოლონისტებისათვის ინდიელი იყო თორასეული მტერი - ყამალეკი. ინდიელები თითქმის სულ ამოწყვიტეს იანკებმა. 1860-80 წლებში გაჟლიტეს ჩეროკის, სიუს, აპაჩის და სხვა ტომები. ამ გენოციდის დევიზი იყო: „კარგია მხოლოდ მკვდარი ინდიელი“. ჩეროკი და აპაჩი მანქანებს დაარქვეს იანკებმა. სხვა გაამერიკელებულ ევროპელებს ამერიკელი აბორიგენების ჟლეტაში მცირე წილი უძევთ. ესპანელებს ასეთი ომნიციდი არ მოუწყვიათ. მათთვის ინდიელი არ იყო ყამალეკი. კონკისტადორებს არ შეუქმნიათ რეზერვაციები. ისინი შეერივნენ ინდიელებს და ახალ, მეტისურ ნაციებს დაუდეს დასაბამი. ჩრდილო  ამერიკაში იყო რასიზმი, რომელიც იუდაისტური საღვთო რასიზმიდან  იღებს დასაბამს, რომ ისრაელია უფლის მიერ დაცული წმინდა თესლი. ანგლოსაქსური რასიზმის გამოვლინებაა ის, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე დასავლეთის მედია სულ ერთი და იგივე კლიშეების გამოყენებით წერს რუსებზე. გასაკვირია ასეთი ხანგრძლივი სტერეოტიპია რუსებთან მიმართებაში. ჩრდილოგერმანული ტყის ტომები, ანგლები, საქსები და იუტები V საუკუნეში გადავიდნენ ბრიტანეთში. ინგლისელები ადოლფ ჰიტლერთან ომის დროს დასცინოდნენ გერმანელებს როგორც ჰუნების ნაბუშრებს და ამბობდნენ, რომ ღმრთისგან გამორჩეული ნამდვილი  ტევტონები და ვიკინგები, ჭეშმარიტი ნორდული რასა თავად იყვნენ. კონტინენტზე მცხოვრებ გერმანულ ტომებს კი, მათი თქმით, შეერიათ ჰუნების სისხლი. ისინი რასობრივად ჩამორჩენილნი არიან. რასიზმი არ ყოფილა ლათინურ ამერიკაში. მხოლოდ  XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო აშშ-ში დისკრიმინაციული და სეგრეგაციული კანონების გაუქმება,ზანგთა უფლებებისათვის ბრძოლა. ლიბერალიზმი კი იყო, მაგრამ ის იცავდა რასიზმს. ინდიელთა რეზერვაციები დღემდე არსებობს. ცნება uncompromising midwestern  „Americanism”,  შემდეგ რომ ირონიული სემანტიკა შეიძინა ამერიკულ პროზაში, აღნიშნავს იმ დროს, როდესაც იანკები wild west-ის (ველური დასავლეთი) თვალუწვდენ ყამირ მიწებს (virgin lands) ითვისებდნენ XIX საუკუნის დასაწყისში და არას თაკილობდნენ საამისოდ. ეს westward expansion (დასავლეთისაკენ, წყნარი ოკეანისაკენ მიმართული ექსპანსია) კარგადაა შესწავლილი ამერიკულ ისტორიოგრაფიაში. ამერიკანიზმი გლობალურად ახლა ცდილობს ექსპანსიის განხორციელებას. მთელი აღმოსავლეთი იანკებისათვის არის ყამირი, რომელიც დემოკრატიად წოდებული გუთნით უნდა გატყდეს.  იანკებთან ცნებას the last frontier (ბოლო ზღვარი) ჰქონდა სახარებისეული მნიშვნელობა. აქეთ ბიბლიური მიწა (holy land) იყო, იქით წარმართთა მიწა. საზღვრის (frontier) ისტორიაზე კარგადაა შედგენილი კრებული: America’s Frontier Story. Documentary History of Westward Expansion. Edited by Martin Ridge and Ray Allen Billington. Robert E. Krieger Publishing Company. N.Y. 1980.
 ამერიკელი დისიდენტი მწერალი Howard Fast  თავის ისტორიულ რომანში The Last Frontier (1941) წერდა რეზერვაციიდან გაქცეული შაიენების ტომის ინდიელთა ამოწყვეტაზე 1878-79 წლებში.
საზოგადოდ, იმპერიების იდეოლოგიაში საზღვრის იდეის ჰიერატიზება ხდება. წმინდა საზღვრების პრეზიდირება (დაცვა) რომიდან დაწყებული, ყველა იმპერიისათვის დიდი მისია  იყო. თვით ათეისტურ საბჭოთა იმპერიაში ბევრს წერდნენ  о  защите священных советских границ. იმპერიის ტერმინუსი ანუ ლიმესი წმინდაა, რადგან იმპერიაში რაღაც დიდია დასადგურებული. ბიზანტიელ ეკლესიის მამებთან ეს აზრი ჩანს. ამერიკულ სოციუმში ფრონტირის იდეოლოგია მკვიდრობს. ბრიტანეთისა და ესპანეთის იმპერიებთან ომებში იშვა ახალი ამერიკული იმპერიალიზმი. ბრიტანელ მწერალს დევიდ ლოურენსს უთქვამს, რომ ამერიკული კულტურა წინააღმდეგობის კულტურაა. ამერიკელს ახასიათებს სივრცისკენ სწრაფვა, რაც გამოხატულია იმაში, რომ მას იოლად შეუძლია ადგილიდან აყრა და სადმე წასვლა. ეს თვისება ყველა იმპერიული ხალხის ისტორიაში სხვადასხვა ინტენსივობით ვლინდება.
დასავლეთისკენ, წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ მიმსწრაფი საზღვრის ისტორიაზე დაუწერია რეი ბილინგტონს.                                 Ray Allen Billington.America’s Frontier Heritage.University of New Mexico Press, 1974.
საზღვრის გადაწევისას ამერიკელებმა მიიტაცეს ნახევარი მექსიკა. პუერტო-რიკო და პანამა ჩრდილოეთ ამერიკის არაოფიციალური შტატებია. იმპერიალისტურ ამერიკულ ისტორიოგრაფიაში დასმულა კითხვა, რომ თუ პანამა და პუერტო-რიკო მოქცეულია აშშ-ს ორბიტაში, რატომ არაა მეზობლად მდებარე კუბა აშშ-ს გავლენის არეალში? პანამა როგორც პოლიტიკური ერთეული, შექმნილია ამერიკის მიერ პანამის არხის დაპყრობის მიზნით. ამ არხის გაყვანაზე  ბოლო დროს გამოსული ჯული გრინის ისტორიოგრაფიულ ნაშრომში შუქი ეფინება იმას, რომ პანამის არხის გაჭრა ამერიკის იმპეროგენეზის ნაწილი იყო. Julie Greene. The Canal Builders: Making America’s Empire at the Panama  Canal. Penguin Press. 2009.
ინგლისიც აშშ-ს არაოფიციალური შტატია. ეს თავად დასავლეთში თქმულა ბევრჯერ. მონდიალისტი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავისი „დიდი საჭადრაკო დაფის“ (The Grand Chessboard, 1997) მესამე თავში ინგლისს აშშ-ს დანამატს უწოდებს. აქვე გასახსენებია ისიც, რომ ბრიტანელი იმპერიალისტი და ინტეგრატორი სესილ ჯონ როუდსი (Cecil Rhodes) (1853-1902) იზრახავდა ამერიკის მიერთებას ბრიტანეთის იმპერიისათვის. ჩრდილოამერიკული ბრიტანული ანკლავები მეტროპოლიას ებრძოდნენ 1763-1815 წლებში. შვიდი წელი (1776-83)  გრძელდებოდა ომი ჩრდილოამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისათვის. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მყოფი ამერიკელი იმპერიალისტები კი უკვე ბრიტანეთის შეერთებაზე ფიქრობდნენ, რასაც ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის ელიტა. ბრიტანეთი უნდა შესულიყო აშშ-ს შემადგენლობაში როგორც ერთ-ერთი შტატი. Pax  Britannica უნდა შეცვლილიყო გლობალური The Peace of the Anglo-Saxsons (ანგლოსაქსური მსოფლიო წესრიგით). ხშირად გაისმოდა აზრი თეთრი კაცის ტვირთზე (burden), რომელიც ბრიტანელებსა და სრულიად ანგლოსაქსებს  ღმრთისაგან დაედოთ. ბრიტანეთის იმპერიის დაცემაზე ბოლო დროს გამოსული ცნობილი წიგნია:
Piers Brendon. The Decline and Fall of the British Empire, 1781-1997. Knopf, 2009.
ამერიკის  იმპეროგენეზზე ბოლო დროს გამოსული საისტორიო ნაშრომებიდან აღსანიშნავია:
Jay Sexton. The Monroe Doctrine: Empire and Nation in Nineteenth-Century America. Hill and Wang, 2011.
Gordon S. Wood.  Empire of Liberty: A History of the Early Republic, 1789-1815.Oxford University Press, 2009.
John Milton Cooper.  Reconsidering Woodrow Wilson: Progressivism, Internationalism, War, and Peace.Johns Hopkins University Press, 2008.
ჯონ მილტონ კუპერის ამ ნაშრომში ლაპარაკია იმაზე, რომ ვილსონის მიერ შექმნილი იმპერიული ზრდის პლატფორმა შექმნილია ხანგრძლივი დროისთვის და ის არაა გამიზნული მხოლოდ 5-10 წლისათვის. ვილსონის იდეები კვლავ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ახლანდელ პოლიტიკოსთა მიერ. იმპერიული პოლიტიკის კონსეკვენტურობის იდეა გამოთქმული აქვთ რიჩარდ  ნიქსონს და სხვა პრეზიდენტებს.
ესპანელმა კონკისტადორმა  არ უწყოდა ბოლო ზღვარის ცნება. აქვე უთუოდ უნდა ითქვას,რომ სამხრეთის შტატების ამერიკელები არ იყვნენ  იმპერიალისტი ექსპანსიონისტები. ისინი იყვნენ მიწათმოქმედი იზოლაციონისტები. სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს ჩრდილოელმა იმპერიალისტებმა. როგორც ალექსანდრესობისას დემოსთენესა და ისოკრატეს დასებს შორის იყო პოლემიკა  პოლიტიკის გამო, ასევე იყო კონფრონტაცია პლანტატორულ - მონათმფლობელურ სამხრეთსა და ინდუსტრიულ ჩრდილოეთს (North States) შორის. სამხრეთელები, ჩრდილოელებისგან განსხვავებით, არ იყვნენ ექსპანსიონისტები საგარეო პოლიტიკაში. 151 წლის წინანდელმა ოთხწლიანმა ომმა (1861-65) შეიწირა 620 ათასი კაცი. აბრაამ ლინკოლნი იყო ჩრდილოელთა ბელადი. სამხრეთელი კონფედერატები ბრიტანეთის იმედზე იყვნენ ამ ომში, რადგან ბრიტანელები ჩრდილოეთის ცენტრს - ვაშინგტონს მტრობდნენ. ამ თემაზე ბოლო დროს გამოსული წიგნებიდან დავასახელებ New York Times-ის ბესტსელერს, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის ჯეიმს მაკფერსონის ნაშრომს:
James M. McPherson. Tried by War: Abraham Lincoln as comander in chief. Penguin Books. 2008.
ადრეული ამერიკის ექსპანსიონიზმის იდეის ისტორიაზე ბოლო დროს 480-გვერდიანი ნაშრომი გამოაქვეყნა დევიდ ჰენდრიკსონმა:
David C. Hendrickson. Union, Nation, or Empire.The American Debate over International Relations, 1789-1941.University Press of Kansas. 2009.
დღემდე არის მტრობა სამხრეთელებსა და   ფედერალურ ხელისუფლებას შორის. დღეს თვით აშშ-ს ფედერალურ მთავრობაში  გაცხოველდა პოლემიკა ნეოიზოლაციონისტებსა და ნეოკონსერვატორ იმპერიალისტებს შორის, რაც გამოიწვია ერაყის საომარი კამპანიის უშედეგობამ და  ამერიკის ეკონომიკის  დიდმა რეცესიამ, რომელსაც 30-იანი წლების დეპრესიას ადარებენ.
XVIII  საუკუნიდან ახალ მსოფლიოში - ორივე ამერიკაში ერთურთს შეეჯახა ორი იმპერიალიზმი - მონარქიულ -კათოლიკური და რესპუბლიკურ - ანგლოპროტესტანტული. 1898 წლის ბოლოსთვის, ესპანეთისა და აშშ-ს ომში დამარცხებულმა ესპანეთის იმპერიამ  ხელშეკრულების თანახმად იანკებს  გადასცა პუერტო-რიკო, კუბა, ფილიპინების არქიპელაგი, კუნძული გუამი, ჰავაის კუნძულები. ასე დაემხო ესპანეთის კათოლიკური იმპერია ახალ პროტესტანტულ იმპერიასთან ომში. Pax Hispanica დასრულდა. დაიწყო Pax Anglo-Saxon ანუ Pax Americana. ესპანელთა ეს მარცხი, ისევე როგორც მათი ადრინდელი მარცხი ჰოლანდიასთან ომში ვილჰელმ I ორანელის დროს (1533-84), ხშირად გამოიყენებოდა  რასისტი იანკი ისტორიკოსების მიერ როგორც ურყევი დასტური ანგლოსაქსური რასობრივი ექსკლუზიურობისა და ლათინურ - რომაული რასის არასრულფასოვნებისა. ლათინოიბერიულ კათოლიციზმთან სოციალიზმი იდგა ახლოს და ის დღემდე რჩება ლათინოსების პოლიტიკურ მოძღვრებად. ანგლოსაქსურ პროტესტანტიზმთან კაპიტალიზმი იდგა ახლოს. აშშ-ის პროტესტანტული ცენტრები არის კაპიტალიზმისა და მონეტარისტული ეკონომიკის აპოსტოლატი.
XIX საუკუნის ისტორიკოსები ჯონ მოთლი, ედვარდ ფრიმენი, უილიამ სტაბსი, ჰერბერტ ადამსი და სხვები წერდნენ ნაშრომებს WASP-ის რასობრივ აღმატებულებაზე. კელტური, გალური, ლათინური, სლავური წარმოშობის ხალხები მიიჩნეოდნენ დაბალ რასებად, პიგმეებად და დეგენერატებად. პროტესტანტული თეოლოგია, დაშენებული ანგლოსაქსურ რასიზმზე, წყევლიდა ლათინების კათოლიციზმს. ლათინოამერიკულ ქვეყნებში დღესაც გრძელდება პროტესტანტი პასტორების მისიონერიზმი. პოლიტკორექტულობის გამო აღარ ითქმის, რომ იანკი მესიანისტებისათვის რომის პაპი იყო და არის ანტიქრისტე, ვატიკანი კი სატანის ბუნაგია.  ითქვა შეჩვენებათა მთელი წყება, როგორც ეს ქრისტიანობის ისტორიას სჩვევია. ეს რასიზმი დემოკრატიისა და ინვესტიციების აჩემებამ, ცივილიზებულ მსოფლიოზე  ლაპარაკმა სულაც არ გადააშენა. აგერ, ნეგროიდი ობამა არის აშშ-ს პრეზიდენტი, მაგრამ რასიზმი იყო და არის ანგლოსაქსური პოლიტიკური არსენალის ნაწილი და მობილიზაციური, მადისციპლინირებელი იდეა. გერმანელებზე, იტალიელებზე, ესპანელებზე, ფრანგებზე, სლავებზე უთქვამთ რასისტებს, რომ ისინი დეგენერატები და პიგმეები არიან. საქართველოს შემყურე ანგლოსაქსი რეზიდენტები რას იტყვიან ქართველებზე, ამას თქმა უნდა? ქართველებიც ცდილობენ რასისტული ისტორიოგრაფიის შექმნას და ისტორიკოსები საუბრობენ კავკასიური რასის ერთიანობაზე, საერთო გენზე, რჩეულ ჭურჭელზე, მაგრამ ეს  გასაწყვეტად განწირულთა აკადემიურ-ეთნონარცისული თავშექცევაა და სხვა არაფერი.
რასა (race) არის ანგლოსაქსური ჰუმანიტარული დისკურსის ერთ- ერთი ცენტრული ცნება, უცვეთი სტანდარტი. შეეცადნენ მის შეცვლას მაგალითად  „ეთნოსის“ ცნებით, როგორც შეცვალეს negro სიტყვით „აფროამერიკელი“. თუ ახლანდელი ამერიკელი იმპერიალისტები - ნეოკონები აღარ მიმართავენ რასისტულ და დარვინისტულ რიტორიკას, ეს არ ნიშნავს, რომ რასიზმის საკითხი უკუგდებულია ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. ის, რომ ერთია ბრიტანულ - ამერიკული იმპერიალიზმი, კვლავ დადასტურდა ბრიტანული მედიის მასალებში ერაყის მეორე ომის დაწყებამდე და მის შემდეგ, 2003-5 წლებში.
ნეგროიდ პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთი რამის თქმაა აქ აუცილებელი: რასიზმის პარალელურად აშშ-ში გაჩნდა melting pot-ის (გადასადნობი ქვაბის) იდეა, რასაც ემხრობოდა მრავალი ამერიკელი ისტორიკოსი და მწერალი. ამით ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ფილოსოფოსისა და პროზაიკოსის  რედიარდ კიპლინგის, მის კვალში მდგომი ჯეკ ლანდენის, ფრენკ ნორისის და სხვა რომანისტების რასიზმს. XX საუკუნის პირველ ათწლედში ევროპიდან, აზიიდან, მეორე ამერიკიდან დაძრული არაანგლოსაქსი ემიგრანტების ათეულმილიონიანი მასა გადადნობილ უნდა ყოფილიყო ამერიკულ ქვაბში და ჩამოყალიბებულიყო ამერიკელ ნაციად. ეს იდეა ხშირად გაისმოდა XX  საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა იმპერიის დაშლისას ამერიკას მიაწყდა ემიგრანტების ახალი ტალღა რუსეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს აზრი გადასადნობ ქვაბსა და მულტიკულტურალიზმზე ამავე პერიოდში არტიკულირებული იყო ამერიკანიზებულ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში. Melting pot-ის იდეაც იმპერიული და კოსმოპოლიტურია. ის სათავეს იღებს ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობიდან. ამერიკელის ცნება ერთდროულად არის ანგლოსაქსი პროტესტანტი რასისტის და უნივერსული, იმპერიული ადამიანის აღმნიშვნელი. Melting pot-ის იდეის გავლენით ამერიკელი ნიშნავს იდეას და არა ეთნიკურ კუთვნილებას. ეს არის იმპერიათა წესი, როდესაც ეთნონიმი დიდი იდეის აღმნიშვნელი ხდება. ასე იყო ელინის, რომაელის, ბიზანტიელის, მონგოლის, რუსის ცნებები. რუსი (россиянин) დღეისთვის იდეას უფრო ნიშნავს, ვიდრე ეთნიკურ კუთვნილებას. მონგოლთა იმპერიის - ოქროს ურდოს ზეობისას არამონგოლური წარმოშობის ვასალებისათვის მონგოლად წოდება სასახელო იყო. მონგოლობაში იგულისხმებოდა პირმტკიცობა, სამართლიანობა, კეთილშობილება. დავით აღმაშენებლის დროს, კავკასიის ქართულ იმპერიაში შემავალი ხალხები იყვნენ ქართველები. ქართველები იყვნენ ყივჩაყ-პაჭანიკი, ჩერქეზი, ოსი, ვაინახი, სომეხი. სანამ აფხაზი და ოსი ქართველთაგან სამუდამოდ გაიქცეოდნენ, მანამ იდეურად ქართველად უნდა ყოფილიყო მოაზრებული აფხაზიც და ოსიც. საამისო შეგნება დაკარგულია ქართველებში. ისინი აფხაზებსა და ოსებს მათი ეთნონიმების გამო (აფსუა-აბაზგი, ალანი) წლობით დასცინიან. ეს იდიოტობაა. კვლავ ვიტყვი, რომ იმპერიაში ეთნიკური კუთვნილება იდეურ კუთვნილებას ექვემდებარება. ამერიკელია ევროპელი ემიგრანტების შთამომავალი ირლანდიელი, სქოთი, იტალიელი, ფრანგი, გერმანელი და სხვანი. ის, რომ ნატურალიზაციის პროცესში ბევრმა დაკარგა თავისი ირლანდიელობა, გერმანელობა და ა.შ., ეს თავისით ხდება. ადრეული ამერიკის ანგლოსაქსური ბიბლიური ექსტრემიზმის გარეშე ამერიკული იმპერიის შექმნა შეუძლებელი იყო.
Melting pot წარმართობის დროიდანვე ხორციელდებოდა ქართლში ისე, როგორც არსად მსოფლიოში. ვინღა არ მოვიდა ქართლში და გაქართველდა. ქართველთა მოდგმამ განიცადა მრავალგზისი ინდოევროპეიზაცია და მეტისაცია. ამის მიუხედავად, საქართველო დღემდე ტომობრივი შეგნების ქვეყანაა და ტრაიბალიზმი არის მისი კიდევ ერთი უბედურება.
ანგლოსაქსმა პროტესტანტებმა თავისი რადიკალიზმის დასაბუთებისათვის იმდენად ბევრი აიღეს იუდაიზმიდან, რომ შეიქმნა ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე. იანკების რელიგია არის ევანგელიზებული თორა, თანახიზებული ევანგელიზმი მოსეს ღმერთის თაყვანისცემის გარეშე.
სახარებისეულ იმპერიას ეყრება საფუძველი თავისუფალ მასონთა, წმინდა იოანეს მასონთა ლოჟის პოლიტიკოსთა მიერ და ეს ჩანს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის პირველ (1801) და მეორე  საინაუგურაციო (1805)  გამოსვლებში. პრეზიდენტი არის არჩევითი, ლიმიტირებული იმპერატორი. პრეზიდენტურა არის ელექტორული (არჩევითი) ავტოკრატია. ამ სიტყვამ შეცვალა მეფის ცნება. რომაული სამართლის მცოდნე მასონებმა  სიტყვა president შემოიტანეს რევოლუციური მონარქომაქიის ეპოქაში. ის გავრცელდა ყველგან, როგორც იმპერატორის, დესპოტისა და ტირანის (მეფის), კონუნგის, დიქტატორის, რექტორის (მბრძანებელის), კაიზერის შემცვლელი. ისევე როგორც der Führer, duce (დუჩე), caudillo (კაუდილიო), вождь შეცვალა სიტყვა leader-მა, რომელიც ამ სიტყვების სინონიმია და ყველგან უთარგმნელად, მისი სემანტიკის დამალვით მოიხმარება. სიტყვა „პრეზიდენტის“ ხიბლმა აცდუნა მრავალი ხალხი. ის თავისუფლებასა და ზნეობას დაუკავშირდა. უზენაესი მმართველის აღმნიშვნელი სხვა სიტყვებისაგან განსხვავებით, სიტყვა „პრეზიდენტი“ ლამის მთელ ქვეყნიერებაზე უთარგმნელად გავრცელდა. პრეზიდენტის ინაუგურაცია (ინავგურაცია) ძველ რომს უკავშირდება. ავგურები (ქურუმები) მისნობდნენ იმპერატორის ტახტზე ასვლის გამო. ის ანგლოსაქსი თავის თავს მიიჩნევს რომაული იმპერიალიზმის მემკვიდრედ. შენ ბაძავ მას და ტერმინ „ინაუგურაციის“ გადმოღებით მიგაჩნია, რომ რაღაც დიდს ეზიარები. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პატრიარქის მისვლით, ბიბლიაზე დაფიცებით შენეულად წარმოაჩენ იმას, რაც სხვისი იდეა და უცხო იმპერიული ნომოსია. მართლმადიდებლობას პროფანულად უკავშირებ იმას, რაც სხვისი პოლიტიკური ბრძოლის მონაპოვარია. შენი ტრადიცია ბიზანტიზმია და ისიც არ შეგიძლია, რომ ბიზანტიური იმპერიული ტრადიციიდან რაღაც აიღო და მისი ინტერპრეტაცია დააფუძნო. სატყუარა და ფუჭსიტყვაობაა გამოთქმები  „ქართული სახელმწიფოებრიობა“, „სრული დამოუკიდებლობა“ და სხვანი. ეს არის პოლიტიკის უმეცარ ეთნონარცისისტთა ნაჭკუარი.
იმპერიის განზრახვა ჩანს პრეზიდენტ ჯეიმს მონროს ორივე საინაუგურაციო სიტყვაში (1817,1821). პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი საინაუგურაციო სიტყვას (1965) ამთავრებს ამერიკის სარწმუნოებასა და  ღვთის სამსჯავროზე განსჯით. პრეზიდენტი ჯიმი კარტერი თავის საინაუგურაციო სიტყვას (1977) იწყებს მიქა წინასწარმეტყველის ციტირებით.
Inaugural addresses of the Presidents of the United States, from George Washington 1789 to George Bush 1989.Washington, D.C. 1989.
ამერიკელი ისტორიკოსი ელიოტ ქოენი (Cohen) მიუთითებს ფრანგი სოციოლოგის რაიმონ არონის ნათქვამზე, რომ ამერიკა არის იმპერიული რესპუბლიკა. Eliot A. Cohen. History and the Hyperpower. Foreign Affairs  July/August, 2004.Volume 83, Number 4, p.54.
აქვე ქოენი წერს, რომ ამერიკა დღეს არის იმპერია და ის შესადარებია წარსულის იმპერიებთან. ამ იდეამ უშუალობას მიაღწია (gained immediacy), როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები მიაბიჯებდნენ ალექსანდრე მაკედონელის ნაკვალევზე ავღანეთში და ამერიკული ტანკები გრუხუნებდნენ მესოპოტამიის ძველი იმპერიული ჰარტლენდის გავლით. ქოენი განაგრძობს, რომ Pax Americana მიმართებაშია Pax Britannica-სთან და  Pax Romana-ს ექოც ისმის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკა არის მემკვიდრე  იმპერიული დომინირების pattern-სა (ნიმუში). იმპერიის მეტაფორა  იმსახურებს საგანგებო შესწავლას, რადგან იმპერიული ისტორია შეიცავს ანალოგიებსა და პარალელებს, რომელნიც კრიტიკულნი არიან ამერიკის მიმდინარე ძნელი მდგომარეობისადმი  (pp. 49-50).
ამერიკული იმპერიული მესიანიზმის იდეა დაკავშირებულია ესქატოლოგიასთან, საშინელ სამსჯავროსთან (The Last Judgement). ანგლოპროტესტანტები არიან ბოლო ჟამის ქრისტიანები. ამ იდეის ლაიცისტური (საერო) გამოხატულებაა ნეოკონსერვატორთა ბანაკის ცნობილი წარმომადგენლის ნეომონდიალისტ ფრენსის ფუკუიამასეული განაზრება ისტორიის დასასრულზე. XIX-XX საუკუნეების ანგლოსაქსი რასისტი ისტორიკოსების თანახმად, მომავალში რასების ომი იქნება და არა სახელმწიფოებისა. ამ იდეას გარკვეულწილად ესადაგება სემუელ ჰანტინგტონის კონცეფცია ცივილიზაციათა შეჯახებაზე. ჰანტინგტონი მოესწრო Great Recession-ს (დიდი რეცესია) დაწყებას დასავლეთში. თავად ამერიკელები უწოდებენ ასე 2007-09 წლების ეკონომიკურ კრახს.  მანამდე ჰანტინგტონმა იხილა დასავლური კოალიციის დაშლა ერაყის ომში და საომარი კამპანიის  მარცხიანობა. ის გარდაიცვალა 2008 წლის დეკემბერში.
ალეხანდრო კოლასი თავის წიგნში განიხილავს დისკუსიებს იმპერიისა და იმპერიალიზმისათვის, ამერიკის იმპერიის სამერმისო შესაძლებლობებს (pp. 188-91). მოუკიბველად ეწოდება მის წიგნში აშშ-ს იმპერია. Alejandro  Colás.  Empire. Polity Press. 2007.
ამერიკაა ერთადერთი, ვინც დღეს პირდაპირ ლაპარაკობს თავის თავზე, როგორც იმპერიაზე, როგორც ახალ რომზე. ასე არ ამბობენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი. ამერიკის პოლიტიკური დისკურსი იმითაა გასაკვირი, რომ ის ყველას არწმუნებს სუვერენიტეტის უზენაესობაში, ცდილობს დაშალოს პოლიეთნიკური სისტემები თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით და კვლავ ცდილობს შექმნას ასეთივე ამერიკანიზებული სისტემები. ეს არის იმპერიული პრაქსისი. სხვის imperial mentality-ს (იმპერიული შეგნება), განსაკუთრებით რუსეთისას, სულ ამხელს ამერიკა და თავის იმპერიალიზმს კი ყველა გზით იცავს. კატეგორიულად არტიკულირებული იმპერიული იდეოლოგიის წინაშე ვდგავართ. ეს არ დაიმალება ინვესტიციებსა და დემოკრატიულ რეფორმებზე ლაპარაკით, როგორც  ლამობს  მრავალი პოლიტოლოგი და ექსპერტი. მათ მიერ გამოიყენება უპრიმიტიულესი ანალოგიები, ექსპრესიული შედარებები, მდარე ემფატიზმები. პოლიტიკის მეცნიერი გადაიქცა storyteller-ად, საამო ამბების აკადემიურ მთხზველად, ეთნონარცისულ მეზღაპრედ და  მასმედიურ  მასხარად. ეს უკვე წესად ქცეულია და გრძელდება ათეულობით წელი. ამის გამო უამრავი დისერტაცია, მონოგრაფია და კრებული ჩახედვისთანავე გადასაყრელია.
ამერიკისათვის იმპერიად ყოფნა არის უბუნებრივესი მდგომარეობა და ერთადერთი შესაძლებლობა. ესაა ანგლოპროტესტანტული მესიანიზმის მაინსტრიმი და მაცენტრიზებელი აზრი. მხოლოდ ის კი არაა, რომ ამერიკელთა დისკურსი მსოფლიო ჰეგემონობაზე ანგაჟირებულია, არამედ ექსტრემულად მეგალოთიმიური და აპეტენტურია (უკიდურესად მეძიებლურია), იმპერატიულად ვერბალიზებულია ყველა დონის ტრიბუნაზე. ამერიკანიზმი ყველგან ელატიური (სახელობითი ბრუნვა) უნდა იყოს. ამერიკული საიმპერიო პროექტივიზმი მთელ გლობუსს მოიცავს. მთელი პლანეტა არის top of the policy agenda. იანკების ყველაზე დაუძინებელი მტერიც კი უნდა ხედავდეს, რომ მათ მთელი თავისი შესაძლებლობები თავიდანვე მიმართეს ანგლოპროტესტანტული ბაბილონის შენებისკენ და ამ მოღვაწეობაში მათ არამად თუ ალალად, ფასდაუდებლად ბევრი გააკეთეს  ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკისათვის. მათ ამ ჭეშმარიტად ტიტანურ მიღწევას ჩრდილავს ის, რომ ამერიკელთა მიერ არის ინიცირებული მსოფლიო პოლიტიკაში  დამკვიდრებული სოციოპათიური ნორმები. ის, რომ ლიბერალური პოლიტეია გადაიქცა პოლეტეიად (გამყიდველობად). ის, რომ დამკვიდრდა ადემიური დემოკრატია (დემოკრატია ხალხის გარეშე) და დემოკრატიის ცნება არსგამოცლილია. დისჰარმონია კი არა, არამედ ანტაგონიზმი არსებობს კაპიტალსა და დემოკრატიას შორის. ამერიკაში ბევრი იწერება ნეოკონსერვატიულ მელიორიზმზე (პოლიტიკური ინსტიტუტების სრულყოფაზე), მაგრამ ეს უტილიტარიზმსა და ბიჰევიორისტულ კალკულაციას არ სცილდება. HDI (ჰუმანური განვითარების ინდექსი) თვით დასავლეთში დაბალ ნიშნულზეა. ცრუა ეს უამრავი სამეცნიერო ფორუმი, კონფერენცია, სიმპოზიუმი. ეს არის პოსტჰუმანიზმის ჟამი. ანთროპოპტოზისი (ადამიანის კვდომა) მიმდინარეობს. მსოფლიოს დეანთროპოლოგიზება და დეჰუმანიზება გრძელდება. ტექნიკურ განვითარებულობას ჰუმანური განვითარებულობა ერთობ ჩამორჩება. ამაზე მიუთითებს ჯორჯ სოროსი, როდესაც ის მსჯელობს კაპიტალიზმის კრიზისსა და ღია საზოგადოების გაქრობის საშიშროებაზე.                                                                                                           George Soros.  The Crisis of Capitalism [Open Society Endangered] Public Affairs.  New York. 1998.
ნაშრომის დასაწყისშივე ამბობს სოროსი, რომ  „გლობალური ეკონომიკის განვითარებას თან არ ახლავს შესატყვისი განვითარება გლობალური საზოგადოებისა.  ...გლობალური ფინანსური ბაზრები იმყოფებიან სახელმწიფო და საერთაშორისო კონტროლის მიღმა.              ...მე მიმაჩნია, რომ მიმდინარე ვითარება საქმისა არის არაჯანსაღი (unsound) და არამყარი (unsustainable)” (p. xx).
კაპიტალისტური სისტემის კრიტიკა გრძელდება წიგნის მეორე ნაწილიდან. კარლ პოპერზე დაყრდნობით, სოროსი ღია საზოგადოების დეფინიციას აყალიბებს (p. 85) და კითხვას აყენებს „შეუძლია თუ არა მას, მოიპოვოს ფართო აღიარება?“ სოროსის განსჯაში ჩანს მისი ფილოსოფიური განსწავლულობა. ის განიხილავს კანტის მოძღვრებას (pp. 90-92), კაპიტალიზმისა და დემოკრატიის კონფლიქტს (pp. 109-112), საბაზრო და საზოგადოებრივი ღირებულებების კონფლიქტს (pp. 195-200).
საყურადღებოა მისი შემდეგი აზრი: „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კაპიტალისტური სისტემა  გარკვეულწილად ამჟღავნებს იმპერიალისტურ ტენდენციებს. წონასწორობის ძიებისაგან შორს  მდგარი სისტემა შეპყრობილია ექსპანსიით (it is hell-bent on expansion). მას არ ძალუძს დამშვიდდეს იქამდე, სანამ სადმე არსებობს არაინკორპირებული ბაზრები ან რესურსები. ამ მიმართებით სისტემა  მცირედ განსხვავდება ალექსანდრე დიდის ან ჰუნების მეფე ატილასაგან. მისი ეს ექსპანსიონისტური ტენდენცია სავსებით შესაძლოა იქცეს მის დამღუპველად“ (p. 104).
ჯორჯ სოროსის,როგორც შორსმჭვრეტელი ფინანსისტის უნარი ჩანს მის შემდეგ სიტყვებში: „ჩვენს მიერ შეერთებული შტატების საბანკო სისტემის კოლაფსის დაშვება იყო მცდარი პოლიტიკა, რასაც სავარაუდოა აღარ გავიმეორებთ. მიუხედავად ამისა, მე ვხედავ სიტუაციის სამერმისო არასტაბილურობას“ (p. 126). სოროსმა ეს  თქვა 1998 წელს და მაშინ მისი ნათქვამი გადაფარა ლიბერალური მედიის ტრიუმფალისტურმა ექოლალიამ, პოსტსაბჭოთა პროვინციულმა საბაზრო აპოლოგეტიკამ. მსოფლიოს  საფინანსო ბირჟის  დიდ მოთამაშეთა შორის სოროსი გამონაკლისია თავისი წიგნებით, ფილოსოფიური მიდრეკილებით, კრიტიკული დამოკიდებულებით კაპიტალიზმისა და ამერიკული პოლიტიკური სისტემის მიმართ. მისი ნაშრომები უცოდინრობის და ცრუპატრიოტიზმის, პროვინციული ქედმაღლობის გამო არ განიხილება ქართულ სამეცნიერო ასპარეზზე და არსად ისე ბრიყვულად არ გალანძღულა  ჯორჯ სოროსი, როგორც საქართველოში. ილია ჭავჭავაძეზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ან კიდევ სახარებაზე აფერისტული მითითება, თეატრალიზებული მიტინგები და ლექსების კითხვა არ გამოდგება სოროსის საქოლავად. სოროსმა ფინანსური სპეკულაციით რომ დიდი კაპიტალი დააგროვა, ის კი არ იმალება, როგორც მისთანა „დიდი დათვები“ საფონდო ბირჟაზე, არამედ ლექციებს კითხულობს, წიგნებს წერს, სისტემის კრიტიკით გამოდის. მას აქვს კარლ პოპერისაგან შეძენილი მრწამსი ღია საზოგადოებისა, რაც გულისხმობს იმპერიულ ჰომოგენიზაციას. სოროსი ამიტომ ჩანს და ის სულ იკილება ადგილობრივი პატრიოტების მიერ. რატომ არ კილავენ ეს პატრიოტები მაგალითად ბერნარდ მეიდოფს, ალენ სტენფორდს, რომელნიც მათი ფინანსური პირამიდების ბანკროტობამდე სოროსზე გაცილებით დიდი საბირჟო სპეკულანტები იყვნენ? რატომ არ იძებნება და იკილება ასობით ანონიმური მულტიმილიარდერი ინვესტორი? იმიტომ, რომ ისინი არ გამოსულან ფილოსოფიური იდეით. მათ სულ არ აფიქრებდათ ღია საზოგადოების ბედი. ისინი არ წერდნენ წიგნებს. კი მაგრამ, ჯორჯ სოროსის ბრალია ქართული ეროვნული იდეის სამუდამო დასამარება? სულელია ის, ვინც ილია ჭავჭავაძესა და სახარებაზე მითითებით სოროსს გმობს. სოროსის ერთი წიგნი მაინც თუ წაუკითხავს მის მაგინებელ ქართველთა დასს?
ამ წიგნში  სოროსი მსჯელობს კაპიტალიზმის კოლაფსის თავიდან აცილებაზე (pp. 175-94). საგულისხმოა მისი აზრი: „გლობალური კაპიტალისტური სისტემა შეარყია საფინანსო კრიზისების სერიამ და  მოახდინა მისი სრული დეზინტეგრირება. იმ დროს, როდესაც მე დავიწყე  ამ წიგნის წერა, არ მიფიქრია, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. თუმცა მე შესაძლოა ვიყო უმცირესობაში, მაგრამ ვთვლი, რომ  საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ვეწინააღმდეგები  რევოლუციურ ცვლილებებს განუჭვრეტელი შედეგების საფრთხის გამო. უნდა დავიწყოთ იმით, რაც გვაქვს და შევეცადოთ ამ სისტემის გაუმჯობესებას.     ...მინდა მივმართო საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემას, რომელიც უფრო ზუსტად რომ ვთქვა, არ არსებობს (ან- ნაკლოვანია-გ.გ.) (the lack of it)” (p. 227).
სოროსთან არაა ნათქვამი, რომ ღია საზოგადოება პოპერიანული გაგებით შეუძლებელი გახდა და ეს ვეღარ იქნება იდეალი. პლურალისტურ გარემოში მსოფლიოს დეჰუმანიზება უფრო ბრუტალურ სახეს იძენს. სოროსი მსჯელობს რეპრეზენტატიულ (წარმომადგენლობით) დემოკრატიაზე (pp. 200-06). ეს დღეს ცოტას ნიშნავს, რადგან დემოკრატია ფიქცია გახდა. სოროსის ამ წიგნში მოიხმარება კაპიტალიზმის ცნება, რომელიც მრავალი წელი საგანგებოდ  გადამალულია და მივიწყებული ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში.
1992 წლიდან ბევრჯერ ითქვა, რომ დემოკრატია ვითარდება. კი მაგრამ, რა განვითარდა? ჯერ ესაა საკითხავი, რა დადგინდა და შემდეგ მის განვითარებაზე იყოს ლაპარაკი. თუ დემოკრატია დადგინდა, რა ევოლუციონირება განიცადა მან ამ 20 წელში? რატომ დაუკავშირდა ბიზნეს-კომპანიებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს დემოკრატია? კომპანიებში არის ავტორიტარიზმი, ბოსიზმი და კონსპირაციულობა. ამაზე თვალს იბრმავებენ. კაპიტალი დემოკრატიის ანტაგონისტია და პირიქით კი ამტკიცებენ. რას ნიშნავს ამდენი ლაპარაკი the axis of democracy-ზე (დემოკრატიის ღერძი)? ადამიანის ადამიანობა დაუკავშირდა ბაზარს. დემოკრატია და თავისუფლება მიება ბაზარს. თუ ბაზარი არაა, ადამიანი თურმე ვერაა თავისუფალი. ბაზრის მიჩნევა თავისუფლების წანამძღვრად და გარანტად არის ან განზრახ დაშვებული ცდომილება, ან სიბრმავე. ეს რა ფილოსოფიაა? ეს რისი გარანტიაა? ეკონომიკის მონეტარიზაცია არაა დემოკრატიის სინონიმი. 30 წელზე მეტი ამას იმტკიცება დასავლური ჰუმანიტარული მეცნიერება და ეს მისი დიდი დანაშაულია. ეს იდეოლოგიურ შაბლონად და რელიგიურ დოგმად იქცა ანგლოსაქსურ პოლიტეკონომიურ დისკურსში. არსგაცლილი ცნებაა დემოკრატია ნეოლიბერალ პოლიტეკონომისტებთან და სულ მისი სახელით კი იწყება და მთავრდება ნებისმიერი მსჯელობა. ლიბერტარიანული სილოგიზმებისა და დედუქციების დრო უკვე წავიდა.  გაცილებით მცირე დროში, ვიდრე 70-წლიანი საბჭოთა მმართველობა იყო, ბოლოს ზუსტად ისე დაემართა ნეოლიბერალურ მეცნიერებას, როგორც მარქსისტულ-ლენინურ მეცნიერებას. არ აღმოჩნდა ის ერთადერთი და საბოლოო, ისტორიის დამასრულებელი ჭეშმარიტი მოძღვრება. რა და როგორ არ ითქვა საამისოდ, რამდენი აპოლოგეტური წიგნი და encomium-ი (პანეგირიკი) დაიწერა ბაზრის სადიდებლად და ბოლშევიზმის დასაცინად და აგერ ბოლო. მთელი ეს 90-იანი წლები ლიბერალური ტერორიზმი და საბაზრო ევთანაზია იყო. ამის დავიწყება იქნება?  ახლახანს, ამა წლის სექტემბერში ჯორჯ სოროსმა Bloomberg TV-სათვის მიცემულ ინტერვიუში ლონდონიდან ისაუბრა საბაზრო სისტემის კრახზე და ეს შეადარა 20 წლის წინ მიმდინარე საბჭოთა სისტემის რღვევას.
სისულელეა გამოთქმები „დემოკრატიის ტრენინგი“, „დემოკრატიის დრამა“ და მისთანანი. საბაზრო სოციუმი არ ყოფილა და ვერ იქნება finis bonorum (უზენაესი სიკეთე). დასავლეთში დაიწერა ასტრონომიული რაოდენობა წიგნებისა ლიბერალურ სამართალზე მაგრამ საბაზრო საზოგადოება არაა pax justa, pax justorum (სამართლიანი სამყარო, სამართლიანობის სამყარო). სისულელეა ასეთი ნათქვამები: „მოქალაქის ელექტრონული მონაწილეობა ელექტრონული დემოკრატიის (e democracy) განვითარებისათვის“, „ინდივიდის დემოკრატიული აქტივობა“, „ინდივიდუუმის აქტიური სამოქალაქო პოზიცია“, „ყოველდღიურ ცხოვრებაში დემოკრატიული სტრუქტურების დანერგვა“. ვერ შექმნა ლიბერალიზმმა თავისი ფილოსოფია. პოპერისეული ღია საზოგადოება არაა თვითკმარი ფილოსოფიური იდეა. ის არის ბაზრის დერივატი. რასაც მცირე გნოსეოლოგიური მნიშვნელობა აქვს, ის უმაღლეს ჭეშმარიტებად დაისახა, ნაწილი მთელად გასაღდა და ყალბი ფილოსოფიური კონტინუალობით ატყუებენ ყველას. იგონებენ ახალ თეორიებს, მაგალითად, A Theory of Transnational Neopluralism (ტრანსნაციონალური ნეოპლურალიზმის თეორია). ამიტაი ეტციონი ლიბერტარიანიზმის ანტითეზად და ალტერნატივად კომუნიტარიზმს მოიაზრებს, მაგრამ ამის განხორციელება ამ ფორმაციაში შეუძლებელია. ძალზე ხშირადაა, რომ  კრიტიკა არსებითს გვერდს უვლის და არ ხდება touch to the quick (ძირითადის შეხება). გამონაკლისთა შორის უთუოდ უნდა დასახელდეს ამერიკელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი მაიკლ პარენტი იელის უნივერსიტეტიდან. მან თქვა, რომ ამერიკაში ბატონობს ოლიგარქია და პლუტოკრატია. რაც ბევრჯერ იყო ნათქვამი 50-80-იანი წლების საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში და საგულდაგულოდ დაივიწყეს, ისვე თქვა პარენტიმ და დიდი რეცესიის შემდეგ ამას სულ ამბობს თავად ამერიკული მედია. აშშ-ს საფინანსო-საბანკო წრეებისა პოლიტიკური ძალაუფლების ერთობის სიმბოლოა 1934 წელს დაბეჭდილი 100 000 დოლარიანი კუპიურა, რომელზეც 28-ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონია გამოსახული. ახლაც საკმაოდ არიან დასავლეთში ანალიტიკოსები, რომელნიც ამბობენ, რომ კაპიტალიზმის არსებული კრიზისი კაპიტალიზმის ნაკლებობიდან მომდინარეა. ეს ან ცინიზმია, ან იდიოტობა. თავაწყვეტილი კაპიტალიზმი იყო 90-იანი წლების ბოლოდან. ეს იყო ფორსირებული მონეტარისტული ექსტრემიზმი და ინსტიტუციური სოციალ-დარვინიზმი. ეს იყო საბაზრო ფუნდამენტალიზმი. მეტი რაღა უნდა ყოფილიყო? კაპიტალიზმის ნაკლებობა როგორ იყო?  როგორღა ამბობენ ამას?
ვლადიმირ ლენინი ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა, რომ კაპიტალი და ბირჟა ყველაფერია, პარლამენტი და არჩევნები კი მარიონეტების თამაშია. თქვას ახლა ვინმემ, რომ ლენინი ცდებოდა. მონეტარიზმის 30-წლიანი ზეობის დროს ნახულა სადმე  ამერიკელი ფილოსოფოსი, რომელიც რაღაც დიდს იტყოდა? უდიდესი ძლიერება უბოძა პროვიდენციამ ამერიკას და ერთი დიდი ფილოსოფოსი ან ღვთისმეტყველი არ დაბადებულა ამ კოსმოპოლიტურ ქვეყანაში. აქედან ისმის სავალუტო სტრატეგოსების, ტოპ-მენეჯერების, საინვესტიციო ანალიტიკოსების ხმა, მაგრამ არა ფილოსოფოსის ხმა.
მინდა ვკითხო სოროსსა და სხვა კრიტიკოსებს: შესაძლებელია თუ არა აშშ-ს პოლიტიკური ინსტიტუტების გარდაქმნა, ფორმაციული ინსტიტუციური ცვლილებები ამერიკის პოლიტიკურ პირამიდაში? შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის ძალაუფლების აბსოლუტიზება და ცეზარიზმი? ამდენს რომ ლაპარაკობენ აშშ-ზე, როგორც ახალ რომზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ არსებული ორპარტიული პოლიტიკური პირამიდა უცვლელი არაა? რომის რესპუბლიკა განვითარდა ცეზარიზმამდე. აშშ-ში ეს შესაძლებელია, თუ არა? არიან ფინანსური პრეტორიანელები, არის პლუტოკრატია, მაგრამ შეიძლება თუ არა, გაჩნდნენ პოლიტიკური პრეტორიანელები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა მარადიულია? ამერიკული სოციუმი არის ფრაგმენტირებული კონსიუმისტური მატრიცა. ეს მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებშია ასეთი ენთუზიაზმი და იდეური თავდადება. იდეური და ფორმაციული კრიზისის დასაძლევად ამერიკულ ჰიპერკონსიუმერულ სოციუმს  რა შეუძლია?  მონეტარისტულ-ლიბერტარიანული ეკონომიკის ეფექტიანობა რამდენად შესაძლებელია მასში სპეკულაციური კაპიტალის, პირამიდებისა და ბუშტების პრევალირების გარეშე? ტრანსნაციონალური, ნომადური კაპიტალი იქცა უმაღლეს პრეტორად, რომელიც შავს ათეთრებს და თეთრს აშავებს. საუწყებო კასტურობა, ინსტიტუციური ანონიმურობა და ძალთაქმედების გამართლებისათვის არსებული იურისპრუდენცია. აი ესაა საბაზრო ფუნდამენტალისტების მონაგარი. როგორ არის შესაძლებელი ამ სისტემის ჰუმანიზაცია? ახლა არაა 90-იანი წლები, როცა სოფისტურად კამათობდნენ საფრთხეებზე, რომელსაც იმპერიული მენტალობის რუსეთი უქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს (threats to civil liberties). ბევრი მოჩვენებითი ლაპარაკი იყო „წითელ-ყავისფერ საფრთხეზე“, „მცოცავ გადატრიალებაზე“. ეს სათითაოდ უნდა გაუხსენო ყველა იმ ლიბერალს, რომელთაც თავისი კარიერე ამაზე ააგეს და ტელევიზიებში თავს აჩვენებდნენ საბაზრო ენამზეობით. დღეისთვის სულ სხვა საფრთხეებზე უნდა იყოს მსჯელობა. პირველთაგანი არის ადამიანის კვდომა, კულტურის დასასრული. რაზე მიმდინარეობს უკვე კამათი დასავლელ ცივილისტებსა და იურისტებს შორის, რომ ნეკროფილია და კანიბალიზმი არ იყოს ნაჩვენები ტელევიზიით. სხვა ყველაფერი ნებადართულია. საჩვენებლად აკრძალულია მკვდართან კოიტირება და კაცის ხორცის ჭამა.  თავად ამის აკრძალვაზე აღარაა ლაპარაკი, მხოლოდ მის ჩვენებაზე კამათობენ წლობით. აბსტრაჰირებულ თავისუფლებაზე მსჯელობენ ლიბერალი თეორეტიკოსები და იურისტები და ბაზრის თავისუფლებას კი გულისხმობენ. ეს ხრიკი დღეს აღარ ჭრის. საკითხი ასე უნდა იქნეს დაყენებული: Не свобода, а свобода чего? Свобода от чего? ზოგადად თავისუფლებაზე მსჯელობა ვერას არკვევს და არას იძლევა.
განა მარტო ეს კითხვებია. დასავლელ ისტორიკოსებს ვკითხავ:   თუ ისტორია დასრულდა კაპიტალიზმის ტრიუმფით, მაშინ თქვენ საბოლოოდ უნდა დაისკვნათ, რომ კაპიტალიზმი მარადიული წყობილებაა. რატომღა იყო თვით დასავლეთში ხანგრძლივი პოლემიკა კაპიტალიზმის გამო? მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ფორმაციული კრიზისია. ამ კრიზისის გავლენით ითქმის დასავლელ მეცნიერთა მიერ, რომ ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ის, რასაც ჯერ არ დაუსრულებია ისტორია, არაა კაპიტალიზმი, არამედ მისი ანტაგონისტია. რა შეიძლება ეწოდოს ამ ანტაგონისტს? სოციალიზმი ის აღარაა. მაშ რაა?
დემოკრატიის პრომოუშინგის ამერიკული ექსპერიმენტი, როგორც ამას იტყვიან ამერიკელი ნეოკონები, ისევე ჩამოიქცა, როგორც ბერნი მეიდოფის ათეულმილიარდიანი პირამიდა. პრეზიდენტის ინსტიტუტის კრიზისია ამერიკაში, რომელიც გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა დიდი რეცესიის შესაჩერებლად. 2012 წლის 29 აგვისტოს РБК-მ აუწყა, რომ ბარაქ ობამაზე თავდასხმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის დაპატიმრებულია ოთხი ამერიკელი სამხედრო პირი.
უკვე ის, რომ თავად ლიბერალ-კაპიტალისტი იმპერიალისტები               (ჯონ აიკენბერი, რობერტ კეიგანი, დენიელ დუდნი, თავად ფრენსის ფუკუიამა და სხვანი)  მსჯელობენ ფუკუიამასეული ფინალიზმის, ისტორიის დასასრულის სიმცდარეზე, ძალზე ბევრს ნიშნავს.  რობერტ კეიგანი 2009 წელს გამოსულ თავის წიგნში „ისტორიის დაბრუნება და ოცნებათა დასასრული“ წერს ისტორიის ლიბერალური დასასრულის სიმცდარეზე. მის ამ ნაშრომს წამძღვარებული აქვს სენატორ ჯონ მაკკეინის შეფასება და მისგან ნათქვამია: „კეიგანი გვიჩვენებს, რომ „ისტორიის დასასრული“ იყო ილუზია (ნაგულისხმებია ფუკუიამასეული იდეა- გ.გ.). მაკკეინი ამბობს, რომ ეს წიგნი არის მოწოდება გასაღვიძებლად და მისი წაკითხვა უხამთ პოლიტიკოსებს, მეცნიერებს და ყველას, ვისაც სურს ჰქონდეს სახელმძღვანელო XXI საუკუნის გეოპოლიტიკის საშიშ წყლებში სავალად (a guide to the dangerous waters of twenty-first century geopolitics). აქ არის თავი The rise of Russia (pp.12-25), რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც არის რაღაც ნათქვამი. ამას მოსდევს ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის, ირანის საკითხების განხილვა. კეიგანი იტყვის, რომ აშშ არისო „იძულებითი შერიფი“ (p.51). აქვე ცნობილი მუსლიმი ფუნდამენტალისტი საიიდ კუტბი (Sayyid Qutb) დასახელებულია „ალ-ყაიდას” ერთ-ერთ იდეურ მამად (p.82). ამ წიგნის 85-ე გვერდიდან კეიგანი განიხილავს ამერიკის ჰეგემონიის ნაკლოვანებებსა და ღირსებებს (the vices and virtues of American hegemony), აშშ-ს პოზიციებს ახლო აღმოსავლეთსა და დანარჩენ რეგიონებში. კეიგანი ბოლო თავში, რომელიც არის დასკვნა, ამბობს: „ ჩვენი დროის დიდი შეცდომა იყო ლიბერალური ინტერნაციონალური წესრიგისადმი რწმენა, დაფუძნებული იდეათა ტრიუმფსა და ასევე ადამიანის პროგრესის გაშლაზე“. Robert Kagan. The Return of History and the End of Dreams. Vintage Books. A Division of Random House, Inc. N.Y.  2009, p. 102.
ამ ნაშრომს, სადაც ბევრია ნათქვამი ლიბერალურ დემოკრატიაზე,  კეიგანი მსოფლიო დემოკრატიებზე სტანდარტული მსჯელობით ასრულებს. წიგნის სათაური უფრო მეტყველია, ვიდრე მისი შინაარსი. კეიგანი ვერ ძლევს ამერიკულ ჰუმანიტარისტიკაში დამკვიდრებულ შაბლონებს, რაც მის წიგნს ვნებს.
კეიგანი  თავის ერთ ნარკვევში, ჟურნალ Foreign Affairs-ში წერს, რომ მსოფლიო არ გამოიყურება ისე, როგორც მოლოდინი იყო ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ 1989 წელს (p. 25). აქვე ის იტყვის, რომ იდეოლოგიური დავა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის უნდა დასრულებულიყო „ისტორიის დასასრულთან“ ერთად (ibid.) Robert Kagan. The September 12 Paradigm. America, the World, and George W.Bush. FA, September/October 2008, vol. 87, no. 5, pp. 25-39.
კეიგანი აქვე წერს: 1999 წელს ჰანტინგტონი ამ ჟურნალში ამბობდა, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი განიხილავს ამერიკას, როგორც rogue superpower-ს (თაღლითი იმპერია), ჩამციებელსა და აბეზარს (intrusive), როგორც ინტერვენციონისტს, ექსპლუატატორულს, უნილატერალისტს (ცალმხრივი), ჰეგემონისტურს და თვალთმაქცს (hypocritical) (p. 25).  კეიგანი ამბობს, რომ აშშ უნდა ყოფილიყო saviour of last resort (ბოლო ინსტანციის მხსნელი), reluctant sheriff (იძულებითი შერიფი), როგორც რიჩარდ ჰაასმა თქვა (p. 29).
კეიგანზე ერთი რამ კიდევ მინდა ვთქვა: სტენფორდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი დევიდ კენედი განიხილავს         აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ვილსონის დროს, მის შემდეგ და წერს იმპერიებზე: „იმპერიის არქიტექტორებმა გაიგეს რეალისტური სიბრძნე, როგორც ეს რობერტ კეიგანმა დაწერა, „დომინირება არაა იგივე, რაც ომნიპოტენციურობა (ყოვლისშემძლეობა)“ (Predominance is not the same thing as omnipotence). David  M. Kennedy.  What Would Wilson Do?                 The Atlantic   January/February 2010, p. 93.  (www.theatlantic.com)
გუშინ ლიბერალთა ბანაკში ბევრი ფინალისტი იყო. მათი მწყობრი დიდი რეცესიისა და ცნობილი მსხვილი ბანკების ფინანსური კრახის გავლენით თანდათან შეთხელდა. რატომ ასე მალე ამოწურა განუსაზღვრელი ლიმიტი კაპიტალიზმმა თავის ოცწლიან ლიბერტარისტულ გამოვლენაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?  რატომ არ ისმის აქ ჩამოთვლილ მეცნიერთაგან ხმა სისტემის კათარზისზე? რა აზრი აქვს ამდენ აპელაციებს სახარებისადმი, თუ კაპიტალიზმი დეჰუმანიზებული და ყოვლად ბრუტალურია? წუთისოფლის ბოლო ისევ ესავია. ესეც იყო, რომ 1991-95 წლებში დასავლელი პოლიტიკოსები მსოფლიო პოლიტიკის მორალიზებას იპირებოდნენ და საბჭოთა სისტემას კათარზისს ასწავლიდნენ. ამაზე ბევრი დაწერა მაშინდელმა პრესამ. დღეს ამის ხსენება დიდი ხანია აღარაა.
არის ასეთი საკითხები: ეკლესიის სოციალური და პოლიტიკური მოძღვრება, ქრისტიანული პოლიტიკის შესაძლებლობა თანამედროვეობაში, მსოფლიო პოლიტიკის ქრისტიანიზაცია, ქრისტიანები და პოლიტიკა. ამაზე იკითხება მოხსენებები, წიგნები გამოდის, ინტერნაციონალური სემინარები იმართება მრავალი წელია. ეს კარგი, მაგრამ სადაა ქრისტიანული ეთიკა დასავლურ პოლიტიკაში? რას ნიშნავს გამოთქმები „ევროქრისტიანული ცივილიზაცია“, „ქრისტიანული ღირებულებები“? თუ ეს ყოველივე მხოლოდ სიტყვებია, მაშინ ქრისტიანობის დასასრულის მალვა პოლიტიკური მოვალეობის რანგში აუყვანიათ ლიბერალიზმის ავგურებს.   რა შეუძლიათ პროტესტანტიზმსა და კათოლიციზმს, რომ ამ დეჰუმანიზებულ, ბრუტალურ სისტემაზე გავლენა მოახდინონ? აგერ, ქრისტეს სიტყვას დღე და ღამე გაბმით ქადაგებს ათობით ანგლოფონური მისიონერული ტელეარხი. სინდისის თავისუფლება, გამოხატული ქადაგების დიდი შესაძლებლობით, არ ნიშნავს ცხოვრების ქრისტიანიზაციას, როგორც ამას ამტკიცებდნენ 90-იანი წლების დასაწყისში. პროტესტანტები და კათოლიკენი ისე იყენებენ ფრაივესის პრინციპს სამქადაგებლოდ, თითქოს ეს პრინციპი იმთავითვე ბიბლიიდან ამოსული ყოფილიყოს. ანგლოსაქსური პოლიტიკური კულტურის დამსახურებაა ღმერთის თავისუფალი ბაზრის დარაჯად, დახლიდარად და მევახშედ ჰიპოსტაზირება, გამოყენებითი (applied) ღმერთის მოძღვრების შექმნა. ლიბერალური თეოლოგიის ერთადერთი საკითხი უნდა იყოს დემოკრატიულად არჩეული ღმერთი. ამას ვამბობ ირონიის გარეშე. თუ ლიბერალ-კაპიტალიზმის ღმერთი ისევ ისაა, რაც ის იყო მონარქისტი იმპერიალისტისათვის შუა საუკუნეებში, მაშინ გამოდის, რომ მთელი წინამორბედი თეოლოგია ლიბერალიზმის გაჩენამდე არის ცდომილება. ეს კი ასე ვერ იქნება. ცდომილება თავად კაპიტალისტიფიცირებული ღმერთია. ნეოლიბერალიზმისათვის სულ ახლახანს პოსტმოდერნი იყო იდეოლოგია და ამავე დროს ის აპელირებდა ბიბლიური ღმერთისადმი, რომელიც პოსტმოდერნული ნომინალიზმისა და რელატივიზმის საპირისპიროა. ესეც ნეოლიბერალების დიდი ბლეფი იყო. ამაში მონაწილეობდა ებრაელ ინტელექტუალთა დიდი ნაწილი ევროპაშიც და აშშ-შიც. ევროპელი აშქენაზები დიდად გატაცებულნი იყვნენ ჟაკ დერიდას ფილოსოფიით, რომელიც პოსტმოდერნიზმის თვალსაჩინო ავტორი იყო.
გამოვიდეს ახლა ღმერთი და დაადასტუროს თავი, როგორც მოსეობისას. ისმინოს წყმედულმა სოფელმა ღმრთის ხმა, რომ არ დავიწყებია მას კაცი და საბოლოოდ არ უბრუნებია პირი მიწისგან.   დღეს ლამეტრი, ვოლტერი და დიდრო რომ მოსულიყვნენ და ენახათ აი ეს ცხოვრება, ისინი ინანებდნენ თავისი იდეების გამო. ლამეტრი კიდევ რაღაცას იტყოდა მედიცინისა და  ტექნიკის მიღწევებზე და ამით შეეცდებოდა გაემართლებინა დასავლეთი. ყოველი კაცი მისი სოციალური სტატუსის მიუხედავად ინაწილებს პასუხისმგებლობის ტვირთს და არის იმ ცოდვის მონაწილე, რასაც დასავლური ღირებულებები ჰქვია. ყველაა დამნაშავე იმაში, რომ ჰუმანიზმის მედროშედ გამოსული დასავლეთი იქცა დეჰუმანიზაციის მცველად.
კი წერენ, მაგალითად, ღვთისმეტყველნი ჰანს კიუნგი, კარლ რანერი კრიტიკულ განაზრებებს დასავლეთზე. რომანისტმა მიშელ უელბეკმა (Houellebecq) დასავლეთის კულტურის აბსურდულობაზე ბევრი თქვა, მაგრამ დასავლეთს ვერაფერი შეცვლის, თუნდაც ევროპის ყველა დიდ ქალაქში თავისი უელბეკი იყოს. კი დაწერა ჯეკ ლანდენმა რომანი „მარტინ იდენი“, სადაც ის უარყოფს ბურჟუაზიულ მორალს, მაგრამ რა შეიცვალა? რამდენი ასეთი რომანი დაიწერა გასული საუკუნის 40-80-იან წლებში და რა? ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-ში (October 2009, pp. 79-88) არის მისი გამომცემლის, ენდრიუ სალივენის (Sullivan) დიდი წერილი ჯორჯ ბუშისადმი, სადაც ლაპარაკია მუსლიმი ტყვეების წამებაზე, „ალ-ყაიდასთან“ ომზე. ბევრი ასეთი მასალა გამოქვეყნებულა და ეს არ ახდენს გავლენას სისტემაზე.  დასავლეთის კრიტიკოსია ჯულიან ასანჟი. ის არის თანამედროვეობის გმირი, რომელმაც გაარღვია კონფორმიზმის, ინსტიტუციური უსინდისობის კედელი დასავლეთში. WikiLeaks-ის მასალების ბეჭდვა დაიწყო ბრიტანეთში 2010 წლის ნოემბრის ბოლოს ოთხ ლონდონურ გაზეთში. ასანჟის საქმიანობა არის ინტერნეტული დისიდენტური самиздат-ი. ეს ჟურნალისტური გამოძიებაცაა. ბევრს შეეცადნენ სამთავრობო ჰაკერები, რომ გაეტეხათ WikiLeaks-ი, მაგრამ არ გამოუვიდათ. ასანჟი თავადაა პროგრამისტი და დაცვის მაღალი ხარისხით უზრუნველყო თავისი წამოწყება. ათი ჯულიან ასანჟი რომ იყოს, დასავლეთის კათარზისი და  მელიორიზაცია არ მოხდება. ყოველდღე რომ აბუ გრეიბის (Abu Ghraib prison scandal) სკანდალი იყოს, დასავლეთი იგივე დარჩება.  რუსებს მოჯაჰედებთან ომში, ავღანეთში რომ ჰქონოდათ აბუ გრეიბის მსგავსი საპყრობილე გასული საუკუნის 80-იან წლებში, ამაზე დღემდე იქნებოდა ჟურნალისტების რეზონერობა და მაიმუნობა. აბუ გრეიბზე კი მალე მიჩუმდნენ. კაპიტალმა თავისი თავი კრიტიკის მიღმა დააყენა. ისაა ამ ცხოვრების ალფა და ომეგა. ჯულიან ასანჟზე საუბრისას გასახსენებია Washington Post-ის მთავარი რედაქტორის, წიგნების ავტორის, ბობ ვუდვორდის კრიტიციზმი. ამ გაზეთის სტატიების ციკლმა სახელწოდებით  Watergate (უოტერგეიტი), ახალგაზრდა ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნსტაინის ავტორობით,  1972 წელს პრეზიდენტი ნიქსონის იმპიჩმენტი შეამზადა. ეს მასალები სახელით შევიდა ჟურნალისტური გამოძიების ისტორიაში. ბობ ვუდვორდის ნათქვამია: „მინდა, რომ ჟურნალისტური გამოძიების წაკითხვისას მკითხველმა მაგიდას მჯიღი დაჰკრას და შეიგინოს“.
2010 წელს გამოვიდა ბობ ვუდვორდის კიდევ ერთი წიგნი: „ ობამას ომები“. Bob Woodward. Obama’s Wars. Simon & Schuster. 2010.
ეს წიგნიც თავისებური ჟურნალისტური გამოძიებაა, ისევე როგორც ვუდვორდის წინამორბედი წიგნები. აქ დასახელებულია უამრავი პერსონა. ბობ ვუდვორდი არის მსოფლიო კრიტიკული ჟურნალისტიკის დიდი წარმომადგენელი. ასეთი კრიტიციზმი თავად დასავლეთშია ძნელად მისაღები და სხვა ქვეყნებზე რაღა უნდა ითქვას. ჟურნალისტური გამოძიება სრულიად დასავლეთის სისტემას ესაჭიროება და  ჯულიან ასანჟმა ეს დაიწყო.
განსჯა იმაზე, რომ დემოკრატია იყოს რეპრეზენტაციული და პარტიციპატორული, აღარაა საზრისის მქონე. კაპიტალის აბსოლუტიზაციამ დემოკრატია მომაბეზრებელ ფიქციად, სავალდებულო სისულელედ აქცია. ეს ჯერ კიდევ 90-იანი  წლების შუიდან კონტრასტულად გამოიკვეთა. ამაზე თვალს ხუჭავდა ყველა, ოღონდ ყოფილიყო იმის მოჩვენებითობა, რომ ლიბერტარიზმის ხომალდი ერთადერთი ჭეშმარიტი კურსით მიდიოდა და მთელი ქვეყნიერება მონეტარისტების ეზო იყო. დისკურსი დემოკრატიის განვითარებაზე, მის პერსპექტივებზე არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ უსაზრისოა. სამოქალაქო საზოგადოების (civil society) ცნება არის ევფემიზმი. კაპიტალის აბსოლუტიზაციის დროს სოციალური მელიორიზმის შესაძლებლობა სულ უფრო იკლებს. არსებობს სამოქალაქო საზოგადოებად წოდებული სოციალური პორნოსკოპია. ყველგან პოლიტიკური პროსტიტუცია, სიმხდალე და სერვილიზმია. ბევრი ითქმის საშუალო ფენაზე (middle class), როგორც ლიბერალიზმის მცველზე. ეს საშუალო ფენა გაანადგურა ეკონომიკურმა კრიზისმა და სუბსტანდარტულმა კრედიტებმა. საშუალო ფენა ვერ დაიცავს პოლიტიკურ პრინციპებს, როგორც ეს არის დეკლარირებული სოციოლოგიურ წიგნებში. ეს თავად დასავლეთში იქნება ასე და რაღაა სათქმელი სხვა ქვეყნებზე. 90-იან წლებსა და ამ საუკუნის პირველ ხუთწლედში ადვილი იყო ლიბერალიზმის წარმოჩენა ისტორიის დამასრულებელ საბოლოო ჭეშმარიტებად. ამ პერიოდში უამრავი რამ დაიწერა საშუალო კლასზე, როგორც პოლიტიკური სისტემის ბურჯსა და ნეოლიბერალიზმის საიმედო პროპონენტზე.  ამის დასაბუთებას ლიბერალიზმს უიოლებდა სპეკულაციური კაპიტალის დიდი შაბაში და დასავლური ეკონომიკის პონციანად ანუ პონცილენდად გადაქცევა. საშუალო კლასს დასავლეთში არ შეუძლია მორალური ლპობის შეჩერება. ლაპარაკი საშუალო კლასზე არის კაპიტალიზმის ერთ-ერთი good story (ტკბილი ამბავი). სამოქალაქო საზოგადოების იდეალი და მასთან დაკავშირებული საშუალო ფენა არსებულ ლიბერტარიანულ სისტემაში არის მირაჟი. ირონიის მომგვრელია სიმრავლე სოციოლოგიური გამოკვლევებისა საშუალო ფენაზე, მის პოლიტიკურ პრინციპულობასა და სამოქალაქო აქტივობაზე. ამ წიგნებში ბევრია ნათქვამი დემოკრატიის განვითარებაზე. არსად იქნება კიდევ უფრო დესემანტიზებული ცნება, ვიდრე ესაა. დემოკრატია არსადაა და მის განვითარებაზე კია ლაპარაკი. დემოკრატიის განვითარებას ამ საფინანსო კრახამდე ჰქონდა ერთადერთი მნიშვნელობა: მეტი ატომიზება, მეტი მომხმარებლობა. სხვა რა უნდა ყოფილიყო? დემოკრატიის განვითარება თითქოს გულისხმობს მეტ ლიბერალურ იდეურობას, მეტ ცივილურ აქტივიზმსა და სინდისიერებას, ადამიანთა შორის არაფორმალური ურთიერთობის ზრდას, ინტენსიურ ინტერსუბიექტურობასა და სოკრატულობას. ასე კი არაა და არც იქნება. დემოკრატიის განვითარებაზე ლაპარაკით დასავლელმა იმპერიალისტმა მოხმარებაზე დაქიმითებული პოსტსაბჭოთა ქვეყნები 20 წელზე მეტი ატყუა. რამდენმა პოლიტიკურმა ემისარმა იარა. რა არ თქვეს, ფულიც გაიღეს და შედეგი კი არც არაფერია. უაზროა დემოკრატიის წარმოთქმაც კი და მასზე მაინც წერენ მონოგრაფიებს, დისერტაციებს იცავენ. ეს გასაკვირი რამ არის. იტალიელი გერმანელის, ორიგინალური ფაშისტი ისტორიკოსისა და სოციოლოგის, ბენიტო მუსოლინის თანამებრძოლის, რობერტო მიხელსის (1876-1936) ნაკვლევი ოლიგარქიაზე იმდენად ღირებულია, რომ ის დღემდე შეისწავლება დასავლეთის სოციოლოგიის ფაკულტეტებზე. 1911 წელს გამოსცა მიხელსმა თავისი ცნობილი ნაშრომი დემოკრატიის ოლიგარქიზაციაზე. მან დაასაბუთა, რომ დემოკრატია, ლიბერალ-დემოკრატიზმი შეუძლებელია. მიხელსი ლიბერალიზმის კრიტიკოსი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში. საუკუნეზე მეტი შესრულდა და მისი წიგნი სამეცნიერო ღირებულებას ინარჩუნებს. მიხელსის თქმით, ნებისმიერი დემოკრატიის წიაღში უთუოდ უნდა იშვას ოლიგარქია. ეს არის მცირერიცხოვანი ელიტის ბატონობა მასაზე. ოლიგარქია მიხელსთან მხოლოდ პლუტოკრატია კი არაა, არამედ არის მმართველთა კასტა თავისი ცენტრალიზებული ბიუროკრატიითა და ძალაუფლების ვერტიკალით. რობერტო მიხელსი მარქსიზმის კრიტიკულად შემავსებელი იყო თავისი ოლიგარქიის თეორიით. მიხელსის პრობლემატიკის განხილვა, რაც დღეს უაქტუალურესია, ძნელად სადმე იპოვება ქართულ ჰუმანიტარისტიკაში. აქ კარლ პოპერსა და ნიკლას ლუმანს კითხულობენ გახელებით.
რეპრეზენტაციულ დემოკრატიაზე ალან როზენტალმა დაწერა ნაშრომი, სადაც ის ლაპარაკობს დემოკრატიულ პროცესებზე, ლობირების როლზე:
Alan Rosenthal. The Decline of Representative Democracy: Process, Participation, and Power in State Legislatures. CQ Press.1998.
ჯონ როლზმა (Rawls), ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ბევრი დაწერა ლიბერალიზმის ფილოსოფიაზე. მისი წიგნი Political Liberalism და სხვა ნაშრომები ლიბერალიზმის კლასიკად მიიჩნევა. როლზთან კამათობს იორგენ ჰაბერმასი. Jürgen Habermas.  The Inclusion of the Other. Studies in Political Theory. The MIT Press, Cambridge, Massachusetts, 1999.   ეს პოლემიკა ცნობილია სამეცნიერო წრეებში. ლიბერალიზმის გამო კამათობს ეს ორი მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, თორემ განა სხვა რამე არის და დავზარდებოდი მკითხველს ამის ციტირებისათვის. რაც ათასჯერ გასმენილა დემოკრატიის მოდელზე, ისევ იმაზეა ლაპარაკი. ჩემი აზრით, მოიკოჭლებს ეს ყველაფერი, რაც როლზს დაუწერია. ეს არაა მეძიებელი ადამიანის შესაფერი ფილოსოფია. არა, ამ ნააზრევით ფიქრობდნენ ლიბერალები ისტორიის დასრულებას? ეს იყო მათი პასუხი ამა ჟამის გამოცანაზე? ჯონ როლზი არის ბრიტანელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის (1632-1704) გაგრძელება. დემოკრატიის ფილოსოფიზებისთვის ანგლოსაქსურმა პოლიტიკურმა დისკურსმა ძალზე ბევრი გააკეთა. შედეგი კი ვერაა სახარბიელო. სულ სხვაა კარლ შმიტთან ცნებები Volk (ხალხი) და Volkrecht (ხალხის სამართალი, უფლება) და სულ სხვაა  ჯონ როლზის The Law of Peoples as Realistic Utopia, რაზეც ის წერს თავის წიგნში: John Rawls. The Law of peoples With “The idea of public Reason Revisited”. Harvard University Press 1999.
კი არის ცნება the people of America ან the American people (ამერიკელი ხალხი), რაიც ისმის ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯონ ადამსის საინაუგურაციო სიტყვაში (1797 წლის 4 მარტი), პრეზიდენტ ჯეიმს მონროს საინაუგურაციო სიტყვაში (1817 წლის 4 მარტი), მაგრამ მას ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში არა აქვს ის სემანტიკა, რაც მას აქვს ევროპულ და სახელდობრ გერმანულ ფილოსოფიაში. ხალხის ცნება აბუჩად აიგდო და უარყო 90-იან წლებში პოლიტიზებულმა და მონეტარიზებულმა პოსტმოდერნის ფილოსოფიამ. დასავლეთის გავლენით ის წლობით აღარ გამოიყენებოდა პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ლექსიკაში. ამით ცდილობდნენ ხაზი გაესვათ, რომ პოსტსაბჭოთა სოციუმი არის მხოლოდ ინდივიდების კონგლომერატი და ხალხის ცნება საბჭოთა გადმონაშთი იყო.
ვერ ქმნის როლზის ლიბერალიზმის ფილოსოფია ისტორიულ პერსპექტივას თავად ანგლოსაქსებისთვისაც კი. ვერ ქმნის დასაყრდენს კარლ პოპერის მოძღვრება ღია საზოგადოებაზე. ეს ვერ უძლებს ჟამის დანაქროლს. მუდმივი სფინ დოქტორობა (ჰუმანიტარული ტექნოლოგიები) ესაჭიროება ლიბერალიზმის ორივე ფეხით კოჭლ ფილოსოფიას, რომ თავი მოაჩვენოს იმად, რაც ის არ არის და არც არასოდეს იქნება. ჯონ როლზის ფილოსოფია არაა არც მარქსის, არც შმიტის ოპონენცია.  თვით მონარქია, ღმრთისა და წმინდა მამების ავტორიტეტით განმტკიცებული და სამარადისოდ მიჩნეული წყობილება გააცამტვერა ისტორიამ და კაპიტალიზმი როგორღა იქნება მარადიული ფრაივესის პრინციპსა და თავისუფალ ბაზარზე მითითებით?
2009 წლის Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულია დენიელ დუდნისა და ჯონ აიკენბერის წერილი „ავტოკრატიული განახლების მითი“.                  Daniel Deudney  and G. John Ikenberry.  The Myth of the Autocratic Revival. Why Liberal Democracy will Prevaill. FA.January/February, 2009,Volume 88. Number 1, pp.77-93.
დუდნი და აიკენბერი ასე იწყებენ წერილს: „ცივი ომის შემდგომი ლიბერალური ტრიუმფიდან ორი ათწლეულის გასვლისას ამერიკის საგარეო პოლიტიკა იცვლება ძველი ანტილიბერალური ხედვით, რომლის თანახმად, მსოფლიო არ მიემართება უნივერსული ლიბერალური დემოკრატიისა და  „ისტორიის დასასრულისაკენ“ (p.77).
საკითხი იმას ეხება, რომ ლიბერალ-კაპიტალიზმი აღარაა დამაჯერებელი არგუმენტი. მთლიანად დასავლეთია კრიზისოგენური, ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით და არა მხოლოდ მისი ეკონომიკური სისტემაა კრიზისული. ადამიანის სიკვდილი არაა მეტაფორული თქმა. ეს სინამდვილეა. ლიბერალიზმის ტრიუმფი ჰარტლენდის თვალუწვდენელი მიდამოს ათობით ქვეყანაში განაპირობა მთავრობების  გამცემლობამ, ამორალიზმმა, სახელისუფლო ბანდიტიზმმა, მონურმა ქედმოხრამ ამერიკელთა წინაშე. ლიბერალიზმის ტრიუმფალური მარში გრძელდებოდა არა იმიტომ, რომ ადამიანები გახდნენ  ლიბერალურად იდეურნი. ეს რომ ასე ყოფილიყო, ლიბერალიზმი მცირე დროში ასეთი დევალვირებული არ იქნებოდა. ეს ნათქვამი მკითხველმა მიკერძოებად რომ არ მიიჩნიოს, თავად ლიბერალური ბანაკის წარმომადგენელს, სახელისუფლო პროპონენტის, ლონდონური გაზეთის, „თაიმსის“ კომენტატორს ანატოლ კალეტსკის (Kaletsky) მივცემ სიტყვას :    „ამერიკის კაპიტალისტურ ღირებულებებს მიესალმნენ დარცხვენილი დუმილით“ ( greeted whith embarrassed silence).The Times, February 7, 2002,   p.18.
საყოველთაო მოჩვენებითობის, გლობალური პოტიომკინის სოფლის გამო  ამერიკელმა ლიბერალმა იმპერიალისტებმა თვალი დახუჭეს ყველაფერზე. დაე, იცოდნენ ამერიკელებმა, რომ მათ მიერ „სტრატეგიულ პარტნიორებად“ წოდებული ეთნიკური შტალაგები თავისი ფალსიფიკატორი მთავრობებით ამერიკის დაცემის შემთხვევაში უმალ წიხლს ჰკრავენ იანკებს.  Post-Perestroika World (გარდაქმნისშემდგომი მსოფლიო) მწირი ნიადაგი გამოდგა ამერიკული იდეისათვის. თავისი პოლიტიკით ამერიკელებმა დაუკარგეს აზრი სიტყვებს Humanity და  Mankind (კაცობრიობა), რაც ხშირად ისმოდა 80-იან წლებში. განმანათლებლობის საყოველთაობის დროს, სოციალისტური და კაპიტალისტური ბანაკების კონფრონტაციის დროს  ჰქონდა ამ სიტყვას აზრი. პარადოქსი ისაა, რომ მან აზრი დაკარგა სწორედ სრული პლურალიზმის გარემოში. შეცდომაა, როდესაც ითქმის „გლობალური დემოკრატიული სისტემა“. დემოკრატია არაა კაპიტალიზმის იგივური ცნება და არც არასოდეს იქნება. კაპიტალიზმი ვერ უზრუნველჰყოფს დემოკრატიის არსებობას. ის არაა მისი გარანტია.
დიქოტომია - ავტოკრატია - დემოკრატია, როგორც დუდნი და აიკენბერი გაიაზრებენ, დღეს აზრსმოკლებულია. ამას დიდი აზრი ჰქონდა ორი ბანაკის კონფრონტაციის დროს XX საუკუნის 70-90-იან წლებში. ეს უნდა იქნეს მთელი სისრულით გააზრებული და გასახარი იქნება თუ ქართული საისტორიო აზროვნება თავის ნონკონფორმისტულ სიტყვას იტყვის მსოფლიო ასპარეზზე. თუ ამ დიქოტომიას  მაინც მივყვებით, მაშინ უნდა აღორძინდეს ის სასტიკი პოლემიკა, რაც იყო მატერიალიზმსა და იდეალიზმს, ათეიზმსა და თეიზმს, სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის გარდასულ საუკუნეში. მსოფლიოს ახალი იდეა ჰაერივით ესაჭიროება. ამერიკის ტექნოლოგიური მიღწევები, მისი მასკულტურა აღარაა დამარწმუნებელი სხვა ხალხებისათვის, რომ სწორედ ამერიკას აქვს ყველაზე უკეთესი წყობილება. დღეს შეუძლებელი ხდება, რომ ნეოლიბერალიზმსა და ამერიკანიზმს დაუკავშირდეს მატერიალური სიუხვე, მოსახმარის ნაირობა. ეს იყო 90-იან წლებში, რომ სიუხვე სხვადასხვა პროდუქციისა ასოცირებული იყო აშშ-სთან. ამაზე არსებითი ისაა, შეუძლიათ თუ არა ინდოეთს, ჩინეთსა და რუსეთს თავისი სოფთ ფაუერი და კულტურული ინფლუენცია დაამკვიდრონ დასავლეთში? კი ბევრი უთქვამთ ინდუს და ბუდისტ მისიონერებს დასავლეთის სულიერ დაპყრობაზე, მაგრამ ინდუსი, ბუდისტი და კონფუციანელი სოფთ ფაუერის პოლიტიკოსი-თეორეტიკოსი, აღმოსავლელი ჯოზეფ ნაი ჯერ არ ჩანს. არის თუ არა შესაძლებელი გაიხსნას ჩინური ან რუსული რადიო „თავისუფლება“, რომელიც ამერიკელებისათვის დაიწყებს მაუწყებლობას და ბიძგს მისცემს ანტიკაპიტალისტურ დისიდენტურ მოძრაობას ? შესაძლებელია თუ არა, რომ სლავებმა დაიწყონ ისეთივე კონსოლიდირება, როგორც არიან ანგლოსაქსები? იდეურმა რადიაციამ უნდა განმსჭვალოს ყველა დაწესებულება და ყველა კლასი ამერიკაში. ვერანაირი გეიტკიპინგი (ცენზურა) ვერ შეაკავებს ამ რადიაციას.
სანამ საბჭოთა ბანაკი იყო, დასავლეთს უადვილდებოდა იდეოლოგიური პოლემიკა. დღეს დისკურსი ლიბერალიზმზე სხვაგვარი უნდა იყოს. ეს აღარ ძალუძთ დასავლელ მოაზროვნეთ. ეს შობს აკადემიური ფალსიფიკატების კასკადებს, სამეცნიერო იმპროვიზაციას ჰუმანიტარისტიკაში. ისტორიაში არცერთ მოდგმას არ ჰქონია ასეთი ყოვლისმომცველი იმპერიული ძალმოსილება, როგორც ანგლოსაქსებს. მათ ეს შეიძინეს XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან. მათ ვერ შექმნეს იდეა. ისტორიამ საკმაო დრო მისცა მათ საამისოდ. პროვიდენციამ გამოსცადა ისინი არნახული ზეობით. ეს ჟამის ნიშანია. ვერაფერი შექმნეს თვით პროტესტანტმა ღვთისმეტყველებმა. ყველა ისინი დარჩნენ მონეტარიზმისა და ლიბერტარიანელობის აპოლოგეტებად.
Перед судилищем истории будет судиться либерал-капитализм, его маркетизированное христианство, а не социализм. Капитализм будет долго оскалываться и окапываться. Он ещё развяжет большую свору.
დენიელ დუდნი და ჯონ აიკენბერი გრძნობენ სიძნელეს და თავის განაზრებას ასე ამთავრებენ: „ლიბერალურმა ქვეყნებმა არ უნდა მიიჩნიონ, რომ ისტორია დამთავრდა, მაგრამ ყველა მათგანი ჯერ კიდევ შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ისტორია მათ მხარეს იმყოფება“ (p.93).
ამერიკელი ნეოიმპერიალისტი მოაზროვნენი: ჯონ აიკენბერი, ჯოზეფ ნაი, სებასტიან მოლაბი, რიჩარდ პერლი, პოლ ვულფოვიცი, ნიუტ გინგრიჩი, მით რომნი (გინგრიჩი იყო, რომნი კი დღემდე არის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან. ორივენი რუსეთის მოძულენი არიან, აკრიტიკებენ ობამას რეფორმებს (2011 წლის ნოემბერ-დეკემბერი)), სარა ფეილინი (Paline) (ფეილინი ბარაქ ობამას მომთხრელია და არა უბრალოდ მისი კრიტიკოსი), (გინგრიჩს, რომნის და ფეილინს დაუწერიათ პატრიოტული წიგნები) და სხვები, (neoimperial  thinkers), როგორც ისინი იწოდებიან თვით ამერიკულ სამეცნიერო პერიოდიკაში (ჟურნალი Foreign Affairs (www.ForeignAffairs.org) , რომელიც საგარეო პოლიტიკის ყველაზე იმპაქტ-ფაქტორიანი  გამოცემაა, ნეოკონსერვატორების ჟურნალი, ასევე იმპაქტ-ფაქტორიანი იმპერიალიზმის ფლაგმანი National Interest,  ჟურნალები Foreign Polisy, International Affairs, International Security, World Polisy Journal, International Studies Review, The American Interest, Current History და სხვები, ასევე ათეულობით იმპერიალისტური გაზეთი) თანმიმდევრულნი და მიზანსწრაფულნი არიან თავის განსჯაში. ისინი განსაკუთრებულს არას ამბობენ, მაგრამ დასანახი და დასაფასებელია მათი პოლიტიკური პარესიასტობა, პირდაპირობა, ჰიპერპერსისტენტულობა (ზეშეუპოვრობა), მუდმივობა. თანამედროვე ამერიკული იმპეროგენეზი თავის გარშემო იკრებს იაპონური, ინდური, აფრიკული, არაბული, სლავური, სომხური, ბერძნული და განსაკუთრებით ებრაული წარმოშობის ამერიკელებს. ყველანი ფიქრობენ იმპერიულ ქმედებათა ალგორითმზე, რასაც ეძღვნება მრავალი გამოკვლევა და ნარკვევი. ეს არის თანამედროვე დამპყრობლის დიატრიბა მთელ მსოფლიოსთან. თალასოკრატიის დიდი ბრძოლა ყველასთან, რისი მიზანიც არის to conquest all world (მთელი მსოფლიოს დაპყრობა). Ad unum omnes (უკლებლივ ყველა) უნდა გახდეს ლიბერალ-კაპიტალისტი. ამერიკელები არიან  Universal Yankee Nation.   ეს ნიშნავს იმპერიულ ნაციას. ამერიკელები ემსგავსებიან ძველ ხალხებს: რომაელებს, არაბებს, თურქებს, მონგოლებს, რომელნიც დიდი ტომობრივი გაერთიანების შექმნისთანავე იწყებდნენ იმპერიისათვის ბრძოლას. ეს იყო უმთავრესი მათთვის და არა ნაციონალური სუვერენიტეტი. ამერიკელთა იმპეროგენეზი დაიწყო იმ დროს, როდესაც ევროპაში ყალიბდება პროტესტანტიზმთან და შემდეგ   განმანათლებლურ რევოლუციონიზმთან დაკავშირებული იდეა თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის შესახებ.
ამერიკულ კონსერვატიზმზე დაუწერია ბრაიან ფარმერს: Brian Farmer. American Conservatism. History, Theory, and Practice. Cambridge Scholars Press. 2005.  ამ წიგნის მე-15 თავი ეძღვნება ჯორჯ ბუშის კონსერვატიზმის მიმოხილვას (pp. 387-443). მანამდე, მე-13 თავში განხილულია რონალდ რეიგანის კონსერვატიზმი (pp. 307-345).
ფრენსის ფუკუიამა არ ამბობს, რომ „დასავლური იდეის ტრიუმფი“,   „დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაცია, როგორც მმართველობის საბოლოო ფორმა“ ნიშნავს იმპერიას და იმპერიულ ჰომოგენიზაციას. ლიბერალიზმი კი არ გამორიცხავს იმპერიას, როგორც ფუკუიამა წარმოაჩენს, არამედ მოითხოვს და კბილებით იცავს მას. ლიბერალიზმის უნივერსალიზება და მონდიალიზება სწორედ რომ იმპერიის გლობალიზაციის შემამზადებელია. ეს დადასტურდა უახლოეს წარსულში. ამერიკელ ნეოიმპერიალისტ თეორეტიკოსთა (უილიამ კრისტოლი, ჩარლზ კრაუტჰამერი, რობერტ კეიგანი და სხვები) განაზრებებმა გააბათილა ფუკუიამას მტკიცებანი. ფუკუიამას თქმით, ლიბერალური ქვეყანა არამეომრული ხასიათის მქონეა. „ლიბერალური დემოკრატია აგრესიისა და ძალადობის ბუნებრივ ადამიანურ ინსტინქტებს კი არ აკავებს, არამედ ძირფესვიანად უცვლის სახეს თავად ინსტინქტებს და ამდენად, იმპერიალიზმის მოტივაციაც ნოლამდე დაჰყავს“. ფრენსის ფუკუიამა.  ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი. CIPDD, თბილისი, 1999, გვ. 272.
ამ იაპონური წარმოშობის ამერიკელი ლიბერალი ექსპანსიონისტის აზრით, იმპერიალიზმი და ომი დაკავშირებულია არისტოკრატიასთან. აქვე მოვიხმობ იმპერიალიზმის ფუკუიამასეულ განმარტებას: „იმპერიალიზმი - ერთი საზოგადოების ბატონობა მეორეზე ძალის მეშვეობით - პირდაპირ მომდინარეობს არისტოკრატი ბატონის სურვილიდან, სხვებზე აღმატებულად აღიარონ, ანუ, მისი მეგალოთიმიიდან. იგივე თიმოტური ბიძგი, რასაც ბატონი მონის დამორჩილებისაკენ მიჰყავდა, აუცილებლად იწვევს მის სურვილს, მოიპოვოს აღიარება უკვე ყველა ადამიანის მხრიდან და ამიტომ იგი თავის საზოგადოებას სხვა საზოგადოებასთან სისხლიან ბრძოლაში მიუძღვის წინ. ამ პროცესს არა აქვს არანაირი ლოგიკური ბოლო, სანამ ბატონი ან მსოფლიო იმპერიას არ შექმნის, ან არ მოკვდება“ (იქვე, გვ.268).
ეს დიდი ვერაფერი შვილი რაციონალისტური განმარტებაა იმპერიალიზმისა. მისი პროცესი თავიდანვე ლოგიკურია, საზრისის მქონეა. ამას არ ხედავს ფუკუიამა. მისი ამ ბესტსელერის უპირველესი ნაკლი ესაა, რომ ის იმპერიის საკითხს გაუქმებულად სცნობს. ის გვერდს უვლის სამერმისო იმპერიის გააზრების აუცილებლობას. ეს უფრო დიდი ნაკლია ამ ნაშრომისა, ვიდრე ისტორიის დასასრულის არტიკულირება გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის. ფუკუიამასეული ისტორიის დასასრული თეორიულად არის imperium sine fine (იმპერია, რომელსაც ბოლო არ ექნება).
უოლტერ რასელ მიდი თავის ზემოთ დასახელებულ წიგნში            God and Gold, ფუკუიამაზე ამბობს, რომ ფუკუიამას მსოფლიო ბოლოვდება ავგუსტინეს ღვთის ქალაქის საკაცობრიო სეკულარული ვერსიით. ეს მსოფლიო ერთიანი კანონებით ცხოვრობს. ჰანტინგტონის მსოფლიოში კი, ამბობს მიდი, გვაქვს ბაბილონის გოდოლი. ღმერთმა ხალხებს ენები აღურია და ისინი ვერასოდეს აღწევენ შეთანხმებას ერთიან სისტემაზე, რომელიც ჩვენთვის იმთავრებს (pp. 331-2).
ფუკუიამამ 2006 წელს გამოსცა წიგნი ნეოკონების ( რესპუბლიკელი ნეოკონსერვატორი იმპერიალისტების) იდეურ გენეზისზე. Francis Fukuyama.  After the Neocons. America at the Crossroads. Profile Books. 2006. ფუკუიამა დასაწყისშივე ამბობს თავის თავზე, რომ სხვა ნეოკონებისაგან განსხვავებით მე არასოდეს მივდრეკილვარო ერაყის ომის მიზანშეწონილობისკენ (p.VIII). უილიამ კრისტოლსა და რობერტ კეიგანზე ფუკუიამა წერს ამ წიგნის 40-44-ე გვერდებზე. ეს ორი იმპერიის თეორეტიკოსი პრეზიდენტ ბუშის წრეში შედიოდა და იდეურად ასაბუთებდა ერაყის ომის აუცილებლობას. ჯორჯ ბუში ერაყის ომის გამართლების მიზნით მიმართავდა ბიბლიას, საუბრობდა კეთილისა და ბოროტის ბრძოლაზე, turning point-ზე (შემობრუნების წერტილზე). უოლტერ რასელ მიდი ბუშზე ერთგან ამბობს: „ზოგიერთი რეალისტი კრიტიკოსი... ბუშისეული დემოკრატიის გამოკვეთასა და მის ბრძოლაში ტერორიზმთან ხედავენ ალექსანდრ I-ის მისტიკური იდეალიზმის თანამედროვე ორეულს“. The American Interest. Autumn 2005, p. 36.  (რუსეთის იმპერატორი ალექსანდრ I (1777-1825), რომელმაც დაამარცხა ნაპოლეონი და საფუძველი ჩაუყარა საღვთო კავშირს, ბოლშევიკურ ისტორიოგრაფიაში ხშირად გაკილულა მისტიციზმის გამო. დაუზუსტებელი მონაცემებით ის გადადგა ტახტიდან და ინკოგნიტო ბერად აღესრულა შორეული პროვინციის ეკლესიაში. გ.გ.)
ბრაიან ფარმერი თავის ზემოთ ხსენებულ წიგნში წერს, რომ ბუშის მომხრენი მიდრეკილნი არიან განიხილონ ეს კონფლიქტი ბოლო ჟამის, ქრისტესა და ანტიქრისტეს ბრძოლის კონტექსტში. ავტორი აქვე იმოწმებს ჟურნალ Newsweek-ის 1999 წლის გამოკითხვას, რომლის თანახმად ევანგელისტური პროტესტანტების 71 %-ს სწამთ არმაგედონისა, ხოლო ამის მორწმუნეთა 75-80 % მხარს უჭერს ჯორჯ ბუშს  (p. 425). აქვე ბრაიან ფარმერი მიუთითებს,- მუსლიმ დამკვირვებლებს არ გამოჰპარვიათ, რომ ზოგიერთი მთავარი ნეოკონი, მათ შორის პოლ ვულფოვიცი და გამომცემელი უილიამ კრისტოლი იუდაისტები არიან (p. 426).
ნეოკონსერვატიზმის გენეზისი და ებრაელ ინტელექტუალთა საქმიანობა რომ ერთი მთლიანობაა, ამას ადასტურებს ფრენსის ფუკუიამა ზემოთ დასახელებულ წიგნში After  the Neocons. ის  წერს, რომ ებრაელი პოლ ვულფოვიცი, დუგლას ფეითი, და რიჩარდ პერლი და ამტკიცებდნენ, რომ ერაყის პოლიტიკა იმისთვისაა საბოლოო ჯამში შემუშავებული, რომ ახლო აღმოსავლეთი ისრაელისათვის უსაფრთხო გამხდარიყო (p. 12). აქვე ფუკუიამა იტყვის, რომ ნეოკონსერვატიზმი არისო კოდური სიტყვა ებრაელებისათვის (p. 13).  ფუკუიამა განაგრძობს, რომ მიურეი ფრიდმენმა (სქოლიოში მითითებულია ფრიდმენის წიგნი: Murray Friedman.  Jewish Intellectuals and the Shaping of Public Policy. Cambridge University Press. N.Y. 2005) დაწერა დეტალური ისტორია ნეოკონსერვატიული აზრის სპეციფიკურ იუდაურ ძირებზე და, რასაკვირველია, არის მრავალი უზუსტობა, მტრული დამოკიდებულება და ძალზე დამახინჯებული რეცენზია (there are of course a legion of inaccurate , hostile, and highly distorted critiques (pp. 14-15). ამას მოსდევს ებრაელ მოაზროვნეთა მოღვაწეობის ისტორიის გადმოცემა (pp. 15-44).
გასაკვირია ერთი რამ: ისეთი დიდი საიმპერიო მოძრაობა, როგორიც დაიწყეს ნეოკონებმა, უნდა არსებულიყო სამი-ოთხი პრეზიდენტის დროს მაინც და ის კი ბუშის წასვლასთან ერთად დასრულდა. დასახული გრანდიოზული მიზნის აპოდიქტურობიდან გამომდინარე, ასე არ უნდა მომხდარიყო. ასეთი გაქანების მოძრაობა ერთბაშად მოუძლურდა და ეს დასი ნეოკონი იმპერიალისტებისა დაიფანტა ჯერ კიდევ ერაყის ომის მსვლელობის მომდევნო წლებში. გადადგნენ ბუშის გარემოცვის მაღალი რანგის მოხელენი (კოლინ პაუელი და სხვები). გაჭიანურებული და მარცხისაკენ მიმავალი საომარი კამპანიის გამო პასუხისმგებლობას გაექცნენ. დღეს რესპუბლიკელი ნეოკონები ბევრს ამბობენ საწყისებთან დაბრუნებაზე (returning to origins), აღორძინებაზე (revival), რაც გულისხმობს პილიგრიმთა დროის საღვთო შურის გახსენებას. პროტესტანტულ-ფუნდამენტალისტური ორგანიზაციები მხარს უბამენ რესპუბლიკელებს და ფართო პროპაგანდას ეწევიან.
ბუშისა და მისი წრის მანიქეველური გზნება მალე მიინავლა, რაც კარგად ჩანს 2005-07 წლების ამერიკულ პრესაში. ზემოთ ნახსენები ბრიტანელი კომენტატორი ანატოლ კალეტსკი წერდა ამერიკის პარანოიაზე და ასკვნიდა, რომ უდიდესი საფრთხე ამერიკისათვის არის არა ისლამური ფუნდამენტალიზმი, არამედ ამერიკული ქედმაღლობა (the arrogance of American power). The Times. February 7, 2002, p.18.
ამერიკელი მეცნიერი ნოამ ჩომსკი თავის წიგნში „ იმედები და პერსპექტივები“, ასევე ეხება ამერიკის პოლიტიკას, ერაყის ომს, აშშ-ისრაელის მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე. Noam Chomsky.  Hopes and Prospects. Hamish Hamilton an imprint of Penguin Books. 2010. ამ წიგნის გარეკანზე გაზეთ Guardian-ის ნათქვამია გამოტანილი, რომ ესაა დასავლეთში, ყველაზე ცნობილი კრიტიკა ამერიკის იმპერიალიზმისა, ყველაზე ახლოს მდგარი რამ ანგლოფონურ მსოფლიოში ინტელექტუალური სუპერვარსკვლავობისათვის.
ძალზე მცირე დროში ჩაფლავდა ამერიკელ ნეოკონსერვატორთა გეგმები. მთელი მსოფლიოს მედია, ათეულობით ქვეყნის პოლიტელიტა მათ ყმობას იყო შეყენებული. ნეოკონსერვატიზმი დასავლელი კარტეზიანელი კაცის ბოლო დიდი გაბრძოლებაა ისტორიის ტოტალური რაციონალიზებისა და კალკულირებისათვის.
შეადაროს მკითხველმა თავად ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ მათივე პოლიტიკის  კრიტიკას  ქართველი ანალიტიკოსების პირფერული და თაღლითური ნააზრევი, ომახიანი ბჭობა ამერიკაზე და დაინახავს სადამდე დამდაბლებულია აზროვნება საქართველოში, სადამდე ზნედაცემულია ქართველი ლიბერალი. ვინც თავის ნაკლზე თავად ლაპარაკობს, შენ იმას მალავ და ამაში ექსპერტობ?
ფუკუიამას ისტორიის ფილოსოფიამ (the End of History and the Last Man) დიდი პოლემიკა გამიიწვია მსოფლიოს საისტორიო წრეებში. საქართველოში კი წლები ისე გავიდა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩა. 1992 წელს გამოვიდა მისი ბესტსელერი  „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ ამერიკაში. აქ ჩანს ზეგავლენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 1991-94 წლებში ინიცირებული ოპტიმიზმისა, რომ ომების ეპოქა დასრულდა და  საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ახალი ერა დაიწყო. ეს ოპტიმიზმი ჩანს გაეროს 1991-96 წლიურ ანგარიშებში, იუნესკოს  მიერ ამავე დროს გამოცემულ ლიტერატურაში. ითქმოდა, რომ დადგა გლობალური მშვიდობა და მილიტარიზმის ერა საბოლოოდ დასრულდა. ორივე ამ მონდიალისტურმა ორგანიზაციამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარე ევროპული მონდიალისტური უტოპიის საუკეთესო განაზრახის დეკლარირება მოახდინა. მაშინ ამაში ეჭვის შეტანა მკრეხელობა იყო. განა შეიძლება იმის დავიწყება, რა ამბავი ედგათ დისიდენტებს, ისტორიკოსებს, ჟურნალისტებს. ეს იყო მასობრივი ფსიქოზი და ლიბერალური ექოლალია. 1992-2003 წლებში  თავისუფალი ბაზრის სინონიმად დადგენილი დემოკრატია ცხადდებოდა მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებად, ნამდვილ ონტოლოგიად. დემოკრატია სინამდვილეში იყო მონეტარიზმისა და ლიბერტარიზმის შემნიღბავი სიტყვა.  ამ ფსიქოზს აქეზებდა ხელისუფლება. ისტორიკოსი დავიდა გაზეთის დონემდე. მან თვალი აარიდა წარსულიდან მდუმარედ მომზირალ დიდ მოვლენებს. მან აიტაცა ეს ექოლალია. ეს აპოლოგეტობა ისტორიისაგან გაქცევის, აზროვნების გაიოლების, ინტელექტუალური პარაზიტიზმის ილეთი იყო და არა პოლიტიკური რწმენის ნიშანი. ისტორიის მსვლელობამ მალევე დაამტკიცა საპირისპირო. ამერიკელი თავად იუწყება თავის თავზე, რომ ის იმპერიალისტია და ერთი მისი ნათქვამიც კი აბათილებს პოსტსაბჭოთა პერიოდის ზღვა მასალას დემოკრატიაზე, თავისუფალ ბაზარზე, რუსეთის იმპერიულ ზრახვებზე. ერთი ნათქვამი კი არა, მთელი სისტემაა იმპერიული იმპრინტინგისა, ჰეგემონისტური რეალიზმისა, გლობალური იმპერიული აქტივიზმისა, იმპერიული ამბიციისა. ეს გამოთქმები მიმოიქცევა ამერიკულ გამოცემებში. ისიც უთუოდ სათქმელია, რომ  თავისი ხინჯის შესახებ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები ცნობილ სამეცნიერო გამოცემებში. დასაფასებელია ამერიკული გამოცემების აკადემიური თავისუფლება. საქართველოში მცხოვრები მეცნიერისათვის ეს გასაკვირია, რადგან აქ გამეფებულია საუწყებო შეთქმულება, თავისუფლების მოჩვენებითობა, საუნივერსიტეტო სერვილიზმი. ქართველი ანალიტიკოსი   მალავს ამერიკულ კრიტიციზმს და უკვე გვარიანად შეფერთხილი პოლიტიკური კონიუნქტურის  მაქებრად დამდგარია ძველებურად.
ჯოზეფ ნაი (Nye), საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი  ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას შედიოდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატში, მიუთითებს ცნობილი ნეოკონსერვატორის, უნილატერალისტური და მონდიალისტური ჟურნალის, The Weekly Standard-ის რედაქტორის, უილიამ კრისტოლის (Kristol) ნათქვამზე: “If people want to say we are an imperial power, fine”. თუ ხალხს სურს თქვას,რომ ჩვენ იმპერიული სახელმწიფო ვართ, კეთილი, ასე არის.  Joseph S. Nye.  U. S. Power and Strategy after Iraq. Foreign Affairs,  July/ August, 2003.Volume 82, Number 4, p.64.
უილიამ კრისტოლის ამ ნათქვამს ნაიმ კვლავ მოუხმო 2004 წელს გამოცემულ თავის წიგნში: Joseph S. Nye, Jr.  Soft Power: The Means to Success in World Politics. PublicAffairs. 2004, სადაც კვლავ დასაბუთებულია ამერიკის იმპერიულობა. ნაი ჯერ მიუთითებს რობერტ კაპლანის ნათქვამზე, რომ ლაპარაკი ამერიკის იმპერიულობაზე კლიშედ ქცეულა და საკითხი კი ისაა, როგორ უნდა იმოქმედოს ამერიკის იმპერიამ ტაქტიკურ დონეზე  ურჩი მსოფლიოს სამმართველოდ. (the question now is how the American empire should operate on a tactical level to manage an unruly world). რობერტ კაპლანმა ეს თქვა ჟურნ. Rolling Stone-ში (7 August, 2003, p. 38), რაც მითითებულია ნაის მიერ. აქვე ჯოზეფ ნაის მოჰყავს უილიამ კრისტოლის ეს ცნობილი ნათქვამი. ნაი აღნიშნავს, რომ კრისტოლმა ეს თქვა გაზეთ New York Times-ში (May 4, 2003), (p.135). ნაი განაგრძობს, რომ სამი ათწლეულის წინათ მემარცხენე რადიკალები ხშირად მოიხმარდნენ ტერმინ „ამერიკის იმპერიას“ როგორც აბუჩად ამგდებ ეპითეტს. ახლა კი ეს ფრაზა გამოიყენება მემარცხენე და მემარჯვენე ანალიტიკოსთა მიერ, რათა განიმარტოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. აქვე ნაის მოჰყავს ენდრიუ ბასევიჩის ნათქვამი, რომ ჩვენ არ უნდა ვწუხდეთო სიტყვა „იმპერიის“ ნეგატიური კონოტაციის (ემოციურ-სტილისტური შეფერვა-გ.გ) გამო, რადგან ცნება „ამერიკის იმპერია“ რესპექტაბელურია (p.135).
ენდრიუ ბასევიჩი ნეოიზოლაციონისტია პატრიკ ბიუკენენთან ერთად.  ბასევიჩმა 2010 წელს გამოსცა წიგნი: Andrew Bacevich. Washington Rules: America’s Path to Permanent War. Metropolitan Books. 2010.  აქ ბასევიჩი აკრიტიკებს აშშ-ს პერმანენტული ომის დოქტრინას.
უმცროსმა ნაიმ 1991 წელს გამოსცა წიგნი „ლიდერობისათვის დადგენილი: ამერიკული ძლიერების ცვალებადი ბუნება“.                         Joseph S. Nye Jr..  Bound to Lead: The Changing Nature of American Power. New York. Basic Books. 1991. ამ ნაშრომში ნაიმ გაამართლა ამერიკის ჰეგემონია და განმარტა მისი აუცილებლობა მსოფლიოსთვის სოციალისტური ბანაკის დაშლის ვითარებაში.
უილიამ კრისტოლი და რობერტ კეიგანი მიუთითებენ, რომ ამერიკის ჰეგემონია არის ერთადერთი საიმედო დაცვა მსოფლიოს კოლაფსის საშიშროებისაგან. FA, July/August, 1996, p. 23.
დიმიტრი საიმსი (Simes), ნიქსონის ცენტრის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ჟურნალ National Interest-ის გამომცემელთაგანი, რომელიც ისტორიკოსს ახსოვს კატეგორიული ტელეგამოსვლებით ერაყის პირველი ომის დაწყებისას და რომლის გამოსვლები ერაყის მეორე ომის დაწყებისას აღარ იყო ასეთი კატეგორიული, თავის ნარკვევში, რომელსაც ეწოდება „ამერიკის იმპერიული დილემა“ და მის ქვეთავს - „იძულებითი იმპერია“(The Reluctant Empire), მსჯელობს ამერიკის სამომავლო იმპერიულ შესაძლებლობებზე და ამბობს:  „ უნივერსული დემოკრატიული უტოპიის მიდევნა, რაც არ უნდა მიმზიდველი ჩანდეს იგი, ზიანს აყენებს ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს (is damaging vital   U.S. interests)”. Dimitri Simes.  America’s Imperial Dilemma.Foreign Afffairs,2003, November/December. Volume 82.  Number 6, p. 94.
აქვე საიმსი ამბობს, რომ „დემოკრატია განიმარტება როგორც ღვთიური გამოცხადება (divine revelation),  ვაშინგტონი კი არის მისი წინასწარმეტყველი და მსოფლიო მასშტაბით ხორცშემსხმელი“.
ამერიკელთა იმპერიული იდეა არის სიმბიოზი მასონურ-რევოლუციური და კალვინისტური იდეებისა. ამასთანავე ამერიკის დამფუძნებელ მამებს სურდათ რაღაც მიმართება ჰქონოდათ ძველი მსოფლიოს გარდასულ დიდებასთან, სახელდობრ რომის იმპერიასთან.    ამერიკელთა სამთავრობო შენობების არქიტექტურა რომაულია.   რომაული კლასიციზმის მიხედვითაა ნაგები ფედერალური დაწესებულებანი, The White House, The Treasury Department, Federal Reserve Board და სხვა.  არლინგტონის სასაფლაოსაც (Arlington National Cemetery) რომაული გავლენა ეტყობა. ეს არის იმპერიული მონუმენტალიზმი. საკანონმდებლო დაწესებულების ინტერიერიც რომაულ ყაიდაზეა. კედელზე არის წკნელებში ჩასმული ცულების გამოსახულება, როგორსაც ლიქტორები ატარებდნენ რომში. აშშ-ს სახელმწიფო დროშის ტარზე რომაული არწივია.  სახელებიც რომაელთაგანაა აღებული-კაპიტოლიუმი, სენატი და სხვა. ამერიკული ისტორიოგრაფიის მიხედვით, ლათინური ენის კულტი იყო და არის ამერიკულ ელიტაში.
ამერიკის რომთან და დანარჩენი სამყაროს ბარბაროსებთან შედარება შაბლონად ქცეულია ანგლოამერიკულ სამეცნიერო გარემოში. მთავრობის პოზიციის გამომხატველ ბრიტანულ გაზეთ „თაიმსის“ კომენტატორს, ლორდ უილიამ რიიზ-მოგს (Rees-Mogg) ჯორჯ ბუშის ბრძოლა ერაყთან შედარებული აქვს რომაელი იმპერატორის ბარბაროსთა წინააღმდეგ ბრძოლასთან. მას მოჰყავს ისტორიული ფაქტი აქციუმის ბრძოლისა. რიიზ-მოგისთვის ჯორჯ ბუშია ავგუსტუსი და იმპერატორი, რომელმაც იმპერია უნდა დაიცვას სტეპის მომთაბარე პართიელებისაგან. პართიელები, ბარბაროსები არიან ყველანი, ვინც არ იზიარებს ამერიკულ ღირებულებებს. ასეთია რიიზ-მოგის დასკვნა.            The Times. February 18, 2002, p. 22.  რიიზ-მოგმა პართიელებზე მიუთითა, რადგან ისტორიიდან ცნობილია, რომ პართიის დიდი სამეფო (250 წ. ძვ. წ.- 224 წ. ახლით) აღმოსავლეთში რომის იმპერიის მტერი იყო.
ზემოთ ნახსენები ელიოტ ქოენიც ადარებს ამერიკას რომს და ამბობს, რომ აშშ-ს ესაჭიროება განავითაროს თავისი ვერსიები ნაცვლებისა, ლეგატებისა, რეზიდენტებისა და პროკურორებისა.                   FA. July/August, 2004, p.61.
ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, ანგლოცენტრული იმპერიალიზმის თეორეტიკოსი ნაიელ ფერგიუსონი იცავს ამერიკის იმპერიას და ამბობს, რომ მისი დაცემის შემთხვევაში გამეფდება ბნელი საუკუნეები.  Найелл Фергюсон.  Мир без гегемона. Журн. «Свободная мысль-XXI», 2005, N1, стр. 21. მისი სიტყვით, აპოლარული მსოფლიოს პერსპექტივა საშინელია (стр. 28-30). მულტიპოლარულობა არ იქნება უნიპოლარულობის ალტერნატივა (ibid.). ფერგიუსონის წიგნი „ამერიკის იმპერიის საფასური“ დასახელებულია FA-ს 2004 წლის ივლის-აგვისტოს ბესტსელერებში. Niall Ferguson. Colossus: The Price of America’s Empire. Penguin Press. 2004.
ფერგიუსონს ნახსენები ჰყავს ანგლოსაქსურ გარემოში დიდად ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი პოლ კენედი. იმპერიების აღზევებასა და დაცემაზე დაწერილ წიგნში:
Paul Kennedy. The Rise and Fall of the Great Powers: Economic Change and Military Conflict from 1500 to 2000.Vintage Books. A Division of Random House. N.Y.1989. აქ  ავტორი მიმოიხილავს ძველი და ახალი იმპერიების პანორამას. ნაშრომს თან ერთვის იმპერიათა რუკები. აქ განხილულია სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების კონფრონტაცია. ჩინეთის, რუსეთის, აშშ-ს საკითხები.
ფერგიუსონზე  ლაპარაკობს მისი თანამემამულე ერიკ ჰობსბაუმი. ის ამბობს, რომ  საუკეთესო ისტორიკოსი ფერგიუსონი ნეოიმპერიული სკოლის ყველაზე ინტელექტუალური წარმომადგენელია. Eric Hobsbawm. Globalisation, Democracy and Terrorism. ABACUS. 2007, p. 50.  ამ წიგნის მეოთხე თავის დასასრულს (On the End of Empires) (pp. 73-81) ჰობსბაუმი გამოთქვამს შეხედულებას, რომ იმპერიების ეპოქა მომკვდარია და XXI საუკუნის გლობალიზებული მსოფლიოს ორგანიზებისათვის სხვა გზაა გამოსაძებნი (p. 81). ჰობსბაუმი აკრიტიკებს ნეოკონსერვატორებს და თავად ჯორჯ ბუშს (p 166). ის წერს, რომ რიჩარდ პერლი და პოლ ვულფოვიცი რემბოს მსგავსად ლაპარაკობენ საჯარო თუ კერძო საუბრებში და ეს არაა პოლიტიკა (p. 163).   იმპერიების დასასრულზე კი თქვა ჰობსბაუმმა, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ამერიკის იმპერია შესაძლოა ბოლო არ იყოს (p. 165).
FA-ს 2003 წლის შემოდგომის ნომერში ფერგიუსონი აყენებს კითხვას: „რა არის ჰეგემონია? არის თუ არა ის ევფემიზმი სიტყვისთვის „იმპერია“, თუ ის აღწერს იმის როლს, ვინც არის primus inter pares (პირველი თანასწორთა შორის)?“  (p. 155). ამის შემდეგ ფერგიუსონი ჰეგემონიისა და იმპერიის საკითხზე ვრცელ ისტორიულ ექსკურსს წარმოადგენს (pp. 156-61).  მას მოჰყავს უმცროსი ბუშის  დროს  თავდაცვის მინისტრის (2001-06) დონალდ რამსფელდის ნათქვამი                al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში. რამსფელდმა თქვა: We’re not imperialistic. We newer have been (ჩვენ არ ვართ იმპერიალისტურნი და არც არასოდეს ვყოფილვართ). Niall Ferguson. Hegemony or Empire?  FA. September/October 2003, p. 155.
ჰეგემონიზმის საკითხზე წერს ნოამ ჩომსკი თავის წიგნში: Noam Chomsky.  Hegemony or Survival: America’s Quest for Global Dominance. Metropolitan Books. N.Y. 2003.
ნაიელ ფერგიუსონმა FA-ში, (March/April 2010, pp. 18-32) გამოაქვეყნა ნარკვევი იმპერიების ისტორიაზე: „სირთულე და კოლაფსი. იმპერიები ქაოსის (უფსკრულის) პირას“. Niall Ferguson. Complexity and Collapse. Empires on the Edge of Chaos.
ფერგიუსონი ასე იწყებს, რომ არაა უკეთესი ილუსტრაცია დიდი სახელმწიფოების ციკლებისა, ვიდრე თომას კოულის ხუთი ფერწერული ტილო, სახელწოდებით The Course of Empire. (ტილოების რეპროდუქციები თან ერთვის მის ნარკვევს) ეს მხატვარი, ფერგიუსონის თქმით, შესანიშნავად ჩასწვდა იმპერიის აღზევებისა და დაცემის თეორიას თავის პენტაპტიქში. ფერგიუსონს მოჰყავს ჯამბატისტა ვიკოს, ოსვალდ შპენგლერის, არნოლდ ტოინბის, პოლ კენედის ნააზრევი იმპერიების აღზევებასა და დაცემაზე. ავტორი ასევე მიუთითებს ედუარდ გიბონის (Edward Gibbon) დიდად ცნობილ ექვსტომეულზე, რაიც აღწერს რომის იმპერიის დაცემას:  The History of the Decline and Fall of the Roman Empire (1776-88). ფერგიუსონი კითხვას აყენებს: „როგორ გავიაზროთ, როცა კოლაფსი  საუკუნეთა განმავლობაში კი არ დგება, არამედ უეცრად მოდის, ვითარცა მპარავი ღამისა? (comes suddenly, like a thief in the night) (p. 22). ამ ნარკვევში მიმოხილულია გარდასული იმპერიები რომიდან ვიდრე საბჭოთა კავშირამდე. ფერგიუსონი კითხულობს-რა მოელის დღეს შეერთებულ შტატებს? (p. 30). ამ ნარკვევის ქვეთავში Over the edge (უფსკრულის პირას) მოყვანილია ფინანსური მაჩვენებლები და ფერგიუსონს ნათქვამი აქვს, რომ ბიუჯეტის დეფიციტისა და ზედმეტი სამხედრო დაძაბვის კომბინაცია გვავარაუდებინებს, რომ აშშ შესაძლოა იყოს საფრთხეში მყოფი მომდევნო იმპერია.
ანგლოსაქსებს სწამთ, რომ თავად ცივილიზატორები არიან და ყველა სხვა ბარბაროსია, რომ მსოფლიოს ესაჭიროება ლიდერი და ეს ლიდერი უნდა იყოს ამერიკა. მუდმივად მეორდება ეს აზრი ამერიკულ პრესასა და სამეცნიერო პერიოდიკაში. რომ არა ამერიკა, გამეფდება Dark Ages (ბნელეთის ერა), როგორც ევროპული ბარბაროსობა იწოდება მედიევისტიკაში. ნაიელ ფერგიუსონი თავისი ამ განსჯით უარს ეუბნება ყველა დიდ ხალხს - ინდოელებს, ჩინელებს, არაბებს, რუსებს, რომ მათ შეუძლიათ იმპერიის შექმნა და მისი ტვირთის ზიდვა. აი ეს არის გულისგული აზრი ანგლოსაქსური იმპერიალიზმისა. ჰანტინგტონისეული ფრაზა The West and The Rest (დასავლეთი და სხვა დანარჩენები) ასევე ანგლოცენტრისტული სემანტიკის მქონეა და ის მიესადაგება ფერგიუსონის იმპერიულ დისკურსს. ამერიკაში დღეს ბევრი იწერება თემაზე: The Rise of the Rest-ზე (დანარჩენების აღზევება). ეს დანარჩენები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი.
ჟურნალ Foreign Affairs-ის მიერ 2009 წელს დასახელებულ ბესტსელერებში არის ბერნარდ-ჰენრი ლევის წიგნი: Bernard-Henri Lévy.  Left in Dark Times: A Stand Against the New Barbarism. სათაურიდანვე ჩანს რაზე იქნება საუბარი, რა არის ბნელი საუკუნეები და რა არის ახალი ბარბაროსობა.
ჯოზეფ ნაიმ  ჟურნალ „ეკონომისტში“ ამერიკა მიიჩნია ახალ რომად, რომელიც ხვდება ახალ ბარბაროსებს. Joseph Nye:  The new Rome meets new barbarians. The Economist. March, 23rd-29th 2002, pp. 23-25.                        ნაის თანახმად, ამერიკული ძლიერების პარადოქსი XXI საუკუნეში არის ის, რომ რომის დროიდან უდიდეს სახელმწიფოს (იგულისხმება აშშ) არ შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს უნილატერალური გზით გლობალური ინფორმაციული  ერის დადგომისას. ეს აზრი ნაიმ ოდნავ შეცვლილი სახით გაიმეორა 2003 წლის ივლისი/აგვისტოს FA-ში, თავისი ნარკვევის ქვეთავში The Paradox of Primacy (პირველობის პარადოქსი) (p.72).
ბარბაროსთა მიმხრობის პოლიტიკას ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში მისდევდნენ. ამაზე ტრაქტატიც არის დაწერილი. იგივე პოლიტიკას ამკვიდრებდნენ რომაელები, ბიზანტიელები. ბიზანტიელების სოფთ ფაუერი განსაკუთრებული იყო. აი ამ ძველი პოლიტიკური სიბრძნის კონცეპტუალიზება მოახდინა ჯოზეფ ნაიმ.
ფერგიუსონს, ნაის და ანგლოსაქსური იმპერიალიზმის  სხვა თეორეტიკოსებს მინდა ვუთხრა: კაპიტალიზმი არაა მარადიული და მით უმეტეს, მარადიული ვერ იქნება აშშ-ს პოლიტიკური სისტემა. თუ ასე შაბლონიზებულია ამერიკის რომთან შედარება, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკას ესაჭიროება თავისი ცეზარი. ვინ ვინ და ჯორჯ ბუში უნდა ყოფილიყო ასეთი. ის არ უნდა წასულიყო მანამ, სანამ თავადვე არ დაასრულებდა აღმოსავლეთის ომებს. ამერიკული რესპუბლიკანიზმი არაა მარადიული. იმპერიისათვის ბრძოლას დღეს სხვაგვარი ლიდერი ესაჭიროება და არა წინასწარ თუ შუალედურ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატთა მქუხარე გამოსვლები და  განუწყვეტელი სიცილი. თუ აშშ თანამედროვე რომია, მას უნდა ჰყავდეს  თავისი იულიუს კეისარი. საიმპერიო კრიზისის დაძლევა, რაზეც ბევრს წერენ თავად ამერიკელი ავტორები, შეუძლებელია ოთხი წლით არჩეული იმპერატორის ინსტიტუტის მუდმივობით. დიდ საიმპერიო მიზნებს დიდი ადამიანი ესაჭიროება. ამერიკა დიდია, მაგრამ დიდი ადამიანი ჯერ არ შობილა. არსად იმდენს არ ლაპარაკობენ საკუთარ იმპერიულობაზე, როგორც ამერიკაში, მაგრამ დიდი იმპერიალისტები არ გამოჩენილან ასპარეზზე. თუ ეს არაა და რა აზრი აქვს აშშ-ს გამუდმებით რომთან შედარებას? იმპერიის  ვარდის უეკლოდ კრეფა ვის გაუგია? ისტორიული ჟამის მოხელთება დიდი მსხვერპლვითაა შესაძლებელი და არა ამ პოლიტიკური იმპროვიზაციებით, რომ ამერიკელი ელექტორატი მავანს პრეზიდენტად ირჩევს. პრეზიდენტის ინსტიტუტის კრიზისი სულ უფრო გამწვავდება. დემოკრატიაზე ლაპარაკი აღარაფერს ნიშნავს. დემოკრატიის რაღაც ილუზია აქამდე შეინარჩუნა საფინანსო სპეკულაციებით განპირობებულმა ეკონომიკურმა ბუმმა და მასობრივმა კონსიუმერიზზმა. ფინანსურმა კრახმა ეს ილუზია საბოლოოდ გააქრო.
ჯონ აიკენბერი ამერიკის ლიბერალურ იმპერიაზე მსჯელობს თავის  წიგნში „ლიბერალური ლევიათანი“: John Ikenberry. Liberal Leviathan: The Origins, Crisis, and Transformation of the American World Order. Princeton Univercity Press. 2011.  ამ წიგნის მიმოხილვა  დაწერა დევიდ კალეომ: Survival. Vol  53, no 5, October- November 2011, pp. 157-163.
აიკენბერისთან არა არის რა ნათქვამი იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი ამერიკის პოლიტიკური  და იდეური კრიზისის დაძლევა. ბევრი ითქმის ამერიკის ლიბერალური ჰეგემონიის შენარჩუნებაზე, რომელიც დაკავშირებულია იმპერიულობასთან და საამისო გზებიც დაუსახავს აიკენბერის. ისევ ის ძველი კლიშეებია ლიბერალიზმსა და დემოკრატიაზე. გამოყენებითი ხასიათის გამოა ალბათ, რომ სწრაფად ძველდება ბევრი ამერიკული წიგნი. მაგალითად, 2008 წელს გამოვიდა ცნობილი საუბრების კრებული: Zbigniew Brzezinski, Brent Scowcroft. America and the World: Conversations on the Future of American Foreign Policy. Basic Books. 2008.  აქ არის პოლილოგი და საერთაშორისო პოლიტიკაზე, ახლო აღმოსავლეთზე, აშშ-ს პოზიციებზე. საუბრობენ დევიდ იგნატიუსი, ზბიგი და ბრენტი. დაისმის კითხვები იგნატიუსის მიერ და პასუხობს ეს ორი პოლიტიკოსი.
სებასტიან მოლაბი თავის განსჯას ასე იწყებს: „ტერორიზმთან ომი ახდენს ყურადღების კონცენტრირებას ქაოსურ სახელმწიფოებზე, რომელნიც თავშესაფარს აძლევენ  კანონგარეშე მყოფ ნიჰილისტებს (nihilist outlaws) სუდანსა და ავღანეთიდან სიერა -ლეონესა და სომალიმდე. როდესაც წარმოიშობა ასეთი საფრთხეები, დიდ სახელმწიფოებს აქვთ მზა გადაწყვეტილება: იმპერიალიზმი“. S. Mallaby. The Reluctant Imperialist. FA, March/April, 2002, p.2.
იმპერიალიზმის ამერიკელ თეორეტიკოსთა ნააზრევი  ევფემიზებული სახით მედიაშაბლონებად მკვიდრდება და წლობით იღეჭება  საქართველოში. არ მოიხსენიება იმპერიის ცნება. დემოკრატიისა და სტრატეგიული პარტნიორობის, ინვესტიციებისა და ლიბერალური რეფორმების ხშირი ხსენებით იფარება ის, რაც არსებითია. ზესახელმწიფოს იდეას  დასცინოდნენ წლობით 1991-95 წლებში. გადაჭრით ამტკიცებდნენ, რომ ყველა ქვეყანას ერთურთთან ექნებოდა თანასწორი, სამართლებრივი, პარტნიორული ურთიერთობები. სიტყვა держава სასაცილოდ აქციეს. შემდეგ კი ცხოვრებისგან გალახულნი, კაპიტალის სიცივით დამზრალნი ამართლებდნენ ამერიკული ზესახელმწიფოს იდეას. Держава არის power-ის შესატყვისი და ამერიკულ გამოცემებში მუდმივად არსებული ეს სიტყვა გულისხმობს იმპერიას. იმდენად კონფორმისტები არიან პოლიტოლოგები, ექსპერტები, გაზეთების მუდმივი პოლიტიკური მიმომხილველები, რომ ვერ ბედავენ მიუთითონ ამერიკული იმპერიალიზმის თვით ამერიკელ და ევროპელ კრიტიკოსებზე (გერმანელი ფილოსოფოსი იორგენ ჰაბერმასი, ამერიკელი პოლიტიკის თეორეტიკოსი ამიტაი ეტციონი, ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი დევიდ კალეო (Calleo), ამერიკელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი მაიკლ პარენტი, იტალიელი პოლიტიკის მეცნიერი ლუკა ლაურიოლა (Lauriola), ევროპელი ახალი მემარჯვენეების იდეოლოგი ალენ დე ბენუა, ბრიტანელი  ერიკ ჰობსბაუმი და სხვები). ეს კრიტიკოსები ლიბერალები არიან და სულაც არაა ისე, რომ თუ ამერიკას და კაპიტალიზმს აკრიტიკებ, უთუოდ მემარცხენე ხარ და მარქსიზმის რეანიმაციას ესწრაფვი. რუს მეცნიერებზე მითითება კომუნისტური რეციდივი, ძველი აზროვნების ვერდაძლევა, ნოსტალგია და აგენტობაა. უკვე ის, რომ კრიტიკოსი შეიძლება რუსი იყოს, იწვევს  რასისტულ დაცინვას, რაც  ლიბერალიზმის პოლიტიკური შაბლონებით ძლივს იფარება. ძალზე სუსტნი და ტრაფარეტულნი არიან ისინი, ვინც წლობით იმყოფება სამეცნიერო ასპარეზზე და ვისგანაც მიუკერძოებელი სიტყვა არასოდეს ითქმება. ამერიკელ ნეოიმპერიალისტ მოაზროვნეთაგან ვინმემ როდესმე რომ წაიკითხოს ქართველ პოლიტოლოგთა და ექსპერტთა ნაწერები დემოკრატიაზე და  მათი  ანტიმპერიალისტური პუბლიცისტიკა, გულიანად გაეცინება ქართველთა თავგამოდებული პროფანულობისა და პროვინციული ავგურობის გამო. ქართულ პოლიტიკურ ანალიტიკაში წესად იქცა უცხოური გაზეთების არარსებულ სტატიებზე მითითება, ფალსიფიცირებული ან ლაკუნებიანი (ამოკლებული) თარგმანი, საანალიზო დოკუმენტების დამალვა, უცხოელ პოლიტიკოსთა ნათქვამის გადასხვაფერება და მათთვის საკუთარი ნათქვამის მიწერა, არარსებული საქართველოს ლობისტების მოიმედეობა, მთავრობის საამებლად  თავის გაარიფება. ორ ათეულ წელზე მეტია ეს გრძელდება. მარქსიზმისა და ბოლშევიზმის გმობით სამეცნიერო და პოლიტიკური კარიერა შეიქმნა მრავალმა ისტორიკოსმა და ანალიტიკოსმა. ქართველ პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი  ლექტორია. როგორ ასწავლიან სტუდენტებსა და დოქტორანტებს? ან დასამუშავებელ ლიტერატურას როგორ აძლევენ, ან გამოცდებს როგორ იბარებენ? ვითომ არ არსებობს ეს იმპეროგენეზული ანგლოსაქსური სამეცნიერო ლიტერატურა. ანგლოსაქსებს თავისი სამეცნიერო ჟურნალების ანონსებში, ლიდებში აქვთ გამოტანილი ლექსემები „ამერიკის იმპერია“, „იმპერიული უნილატერალიზმი“ და სხვა. შენ რა ზღაპრების გუდას დაათრევ გაზეთის რედაქციიდან ტელესტუდიაში? შენ სად რა  გუდა-ნაბადი დააბერტყე? ნინიას ბაღია თუ რა არის ეს? არა, რომ არ იშოვებოდეს საისტორიო და ანალიტიკური ლიტერატურა, მაშინაც არ შეიძლება მკითხველისა და ქვეყნის ასე მოტყუება. მეცნიერული ეთოსი გავალდებულებს. თუ ნაბეჭდი ლიტერატურის, მისი ქსელური ვერსიების  სრული ხელმისაწვდომობისას შენ მაინც ასე ეტყუები  ქვეყანას, ამით დასტურდება, რომ უსინდისო და რასობრივად იდიოტი  ხარ. ხომ ვერ იტყვი, რომ ამერიკელი სპონსორები ან შენი ხელისუფალნი გაიძულებენ, გიკრძალავენ, ნაწერს გიჩხრეკენ. შენდათავად მონა ხარ და მონა იქნები. მეტი საქმე არა აქვს ამერიკელ გეიტკიპერს (ცენზორს), რომ ნაკალმევი გისინჯოს და გიჩიჩქნოს. პლურალიზმის დროს  ასეთი არაკეთილსინდისიერებაა მეცნიერებაში და ქვეყნის მმართველი რომ ტირანი ყოფილიყო, ჰქონოდა მონოპარტიული იდეოლოგია და პოლიტიკური ცენზურა, ეს პოლიტოლოგები მაშინ რანი იქნებოდნენ? არ არსებობს საქართველოში მეცნიერული ეთოსი და ამას ამერიკელებს ან ქართველთა მთავრობას ნურვინ დააბრალებს. პოლიტიკური მეცნიერება და ჟურნალისტიკა ერთურთის იგივურნი გახდნენ თავისი სიმდარით, ფაქტების ახსნის მანერით. ანალიტიკოსი და გაზეთის რედაქტორი ერთად ატყუებენ ქვეყანას. გაზეთის სიცოცხლით ცოცხლობს  საპოლიტიკო აზრი. ერთი დღის მასხრობისა და ქილიკისთვის ითქმის სიტყვა. სამეცნიერო ტერმინებითა და აკადემიური სტილით შემოსილი ვირთხები ყვირიან ორ ათეულ წელზე მეტი. ისტერიული მორალიზმი არის ის ერთადერთი ხრიკი, რომლითაც იფარება პოლიტიკური მეძაობა და უცოდინრობა. იმტკიცებიან, რომ მხოლოდ რუსეთია იმპერია და დანარჩენი მსოფლიო კი ცივილიზებულია. 1991 წლიდან პოსტიმპერიულმა ქართულმა მედიამ, ისტორიოგრაფიამ და პოლიტოლოგიამ საგანგებოდ დაუმალეს მკითხველს, რომ ამერიკა იყო და არის იმპერია. არც ერთმა მეცნიერებამ ასეთ მცირე დროში არ მოახდინა ასეთი თვითდისკრედიტაცია, როგორც პოლიტოლოგიამ, რომელიც სამთავრობო აპარტამენტების მობეზრებული კახპა გახდა. პოლიტიკური ანალიტიკა საისტორიო მეცნიერებისა და პოლიტიკური ფილოსოფიის ნაწილია და პოლიტოლოგიის დამოუკიდებლობის ძახილით მოხდა მისი პრიმიტივიზება და სერვილიზება. უთვალავი პანეგირისტული წიგნი დაიწერა ქართველ სოციოლოგთა მიერ და ერთხელ არსად დასმულა საკითხი კაპიტალსა და დემოკრატიას შორის კონტრადიქციაზე (წინააღმდეგობა). რამდენს იქადოდნენ ისტორიკოსები 90-იან წლებში და ისტორიის ფილოსოფია, ქართული პოლიტიკის თეორია დღემდე ვერ შეიქმნა საქართველოში. მთელი ეს 90-იანი წლები რატომ ვერვინ გაბედა ქართველ ისტორიკოსთაგან უარეყო ფუკუიამასეული ისტორიის დასასრულის იდეა? იმიტომ, რომ გამზადებულს შეეფარნენ, თავის კანტურსა და ტაშის შემოკვრაში ჯილდოებს მოელოდნენ. ესენი, ეს გაზეთის კინტოები, უნივერსიტეტების შარახვეტიები ბაქიობდნენ და ნონკონფორმიზმს იჩემებდნენ. ესენი დასცინოდნენ მარქსს? ამათთვის მიმზიდველია ისეთი საცოდაობა, როგორიც არის ნაიჯელ ქოთორნის წიგნი დიქტატორებზე. მედიაზირების წესით შექმნილი საისტორიო ნაშრომები საძაგლობაა. ისტორიოგრაფიის მედიაზირება 1991 წლიდანვე დაიწყო. საქართველოში დამკვიდრდა და გაფესვდა ისტორიოგრაფიული ეთნომორფოზი, გადასხვაფერება არგამოსაჩენი წარსულისა, მისი დრამატიზება, ჰეროიზება და მისტიფიცირება. ამ ფალსიფიკატორობისათვის ჯილდოებსა და პრემიებს ანიჭებენ. ეთნომორფოზი ვლინდება ფილეტიზებულ და მონეტარიზებულ რელიგიაში, რასაც ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერდა.
არ ჩანს მეცნიერის ნამსჯელში პოლიტიკური მრწამსი, საკითხით შემსჭვალვა, მეძიებლური ენთუზიაზმი. ერთურთის ხელის შეშლაში, არად ჩაგდებაში გამეცადინებულან. სამეცნიერო ცენზის მქონე ქართველ ისტორიკოსთა საკმაო ნაწილმა, ისტორიის ინსტიტუტის ძველი და ახალი დირექტორების ჩათვლით, ფუკუიამას ცნობილი ბესტსელერი „ისტორიის დასასრული“ სათაურითაც არ იცის. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. საქართველოში ისტორია ისედაც დიდი ხანია დამთავრებულია და უკანასკნელი ადამიანი აქ ფუკუიამას ბესტსელერის გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე ბოგინობდა და ჰყვაოდა. უბრალოდ ამის არტიკულირება არ ხდებოდა იმიტომ, რომ ქართველნი ვერაფერ უჩვეულოს ამაში ვერ ხედავდნენ. უკანასკნელობა ქართველთა  modus  vivendi (ყოფნობის წესი) იყო ყველა დროში. იდიოტობაა ლიბერალიზმის ქართული აპოლოგეტიკა. აღარაა ახლა 1991-2001 წლები. სხვაგვარი განსჯაა საჭირო. ლიბერალიზმი არაა იმპერიების ანტაგონისტი. ამის გიჟურ მტკიცებას უნდა მოეშვან. ო, როგორი უსუსურია და ფეხდაჩორთილი ქართველი თეორიაში, აპოდიქტურ მსჯელობათა ჯაჭვის გამოთქმაში და რა მარდია ის სიმულაციასა და იდეურ ეპიგონობაში!
არაა ჯგუფი, რომელიც მუდმივად თვალს ადევნებს დასავლურ ანალიტიკას და მიაწვდის ამას ქართულ პერიოდულ გამოცემებს. არც მედია-ჰოლდინგების მესვეურნი არიან ამით დაინტერესებულნი. ისინი სულ ატყუებენ მკითხველს და აჩემებული პოლიტოლოგების ნაჯახირალს, ფლიდობისა და უმეცრობის ნაზავს წლობით ანალიტიკად ასაღებენ.
ეს არის დიდი ბლეფი ჰუმანიტარისტიკაში, რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი არ ჰგუობს იმპერიებს და დემოკრატიებს აშენებს. ლიბერალ-კაპიტალიზმი თავადაა იმპერიალიზმი. ამის გარდა ცხოვრებამ რა დაადასტურა?
თვით ზემოთნახსენებ ამერიკულ ჟურნალებში იმპერიის ცნებასთან ერთად გამოიყენება შემდეგი პოლიტიკური ევფემიზმები: „ლიბერალური ინტერნაციონალიზმი“, Century of American Leadership         (ამერიკის ლიდერობის საუკუნე), global dominance (გლობალური დომინანტობა), „ახალი ვილსონიანიზმი“ (პრეზიდენტ თომას ვუდროუ ვილსონის (1913-21) იმპერიალისტური პროგრამის განახლებული ვერსია), „გლობალური უნილატერალიზმი“, „მსოფლიო დემოკრატიის მცველი“,  Promotion Democracy (დემოკრატიის გავრცელება), Superpower (ზესახელმწიფო), Supremacy (უმაღლესი ძალაუფლება), Century of American Leadership (ამერიკის ლიდერობის საუკუნე), U.S. global leadership (აშშ-ს გლობალური ლიდერობა), America’s Grand Strategy in the World, U.S. as a pivotal power (აშშ როგორც ღერძული სახელმწიფო). ეს ევფემიზმები ხშირად ერთ ტექსტშია  Unilateral American Imperium-ის,  American Empire-ს ცნებებთან. ეს ადასტურებს, რომ neoimperial vision and thinking (ნეოიმპერიული ხედვა და განსჯა), როგორც იმპერიალიზმის თეორეტიკოსები თავად იტყვიან, ფეხმტკიცედაა ამერიკულ აკადემიურ გარემოში.
არა მხოლოდ ნეოკონები განიხილავენ ამერიკის იმპერიის და ზოგადად იმპერიის საკითხებს. მაიკლ ჰარდტმა და ანტონიო ნეგრიმ 2000 წელს ამერიკაში გამოსცეს ნეომარქსისტული ნაშრომი „იმპერია“. Michael Hardt, Antonio Negri.  Empire. Harvard University Press, 2000.
ჰარდტი არის დიუკის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი. ნეგრი მსჯავრდებული იყო, როგორც მარქსისტულ- ტერორისტული „წითელი ბრიგადების“ იდეური ხელმძღვანელი. მათ  ამ ბესტსელერად ქცეულ ნაშრომში, მარქსისტული დიალექტიკის გამოყენებით განიხილეს სუვერენიტეტისა და იმპერიის საკითხები. ალეხანდრო კოლასი თავის ნაშრომში „ იმპერია“, ახსენებს ჰარდტსა და ნეგრის და ამბობს, რომ იმპერიის მათეული განმარტება უეჭველად ყველაზე ორიგინალურია. კოლასის თქმით, ჰარდტისა და ნეგრის ეს ნაშრომი ერთურთთან აკავშირებს აზროვნების სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა გლობალიზაცია, პოსტმოდერნიზმი, პოსტკოლონიალიზმი, კაპიტალიზმი და სხვა. Alejandro  Colás. Empire. Polity Press. 2007, p.175. ამ წიგნში კოლასი თავიდანვე განმარტავს იმპერიის სემანტიკას (the meanings of empire) (pp. 5-11). ბოლო, მე-5 თავში კოლასი საუბრობს ამერიკის ლიბერალურ იმპერიაზე.     ჰარდტისა და ნეგრის ეს წიგნი, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, საქართველოში შეუმჩნეველი დარჩა. აქ პოლიტიკის თეორიაზე დისკურსი მხოლოდ პლაგიატური კი არა, არამედ პრიმიტივიზებულია. არ ხდება იმპერიის არსის გააზრება. დამკვიდრდა შიზოფრენიად ქცეული ვერბალური ნეგაცია რუსეთის იმპერიული ამბიციების გამო. სამეცნიერო ცენზის მქონე ისტორიკოსები ასეთნი არიან და ჟურნალისტთა კორპუსი რა იქნება, თქმა აღარ უნდა. ქართველ ისტორიკოსთა შორის დიდი საისტორიო საკითხები, რასაც განიხილავს მსოფლიო საისტორიო მეცნიერება ტაბუირებული ან ტრეტირებულია. ისტორიის ფილოსოფია ვერ იქმნება. ეს აქილევსის ქუსლი კი არაა, როგორც ეს გამოთქმა უადგილოდ გამოიყენება, არამედ საგნის არარსებობაა. აქილევსის ქუსლზე მაშინ შეიძლება რამის თქმა, როცა უკვე აქილევსი ხარ. რა აქილევსია დღევანდელი ქართული ისტორიოგრაფია? ქუსლიღა დარჩა მას მოწყვლადი? სად გამოჩნდა ქართული საისტორიო აზრის აქილევსობა? ამდენი წლის გასვლისას ერთი ფუნდამენტური ნაშრომი არ შექმნილა ისტორიის ფილოსოფიაში და ასობით წიგნი კი დაიწერა საქართველოს ფეოდალურ წარსულზე, განსაკუთრებით კი ბოლშევიკურ რეპრესიებზე. ეს ცრუ მახსოვრობა, ცრუ წუხილია, წიგნით შენიღბული ცრუ სინდისიერებაა. ეს შიზოთიმიაა. ვითომ ყველაფერი გაითვალისწინეს და გამოიგლოვეს, ყველაფერი დათვალეს და საფლავის ქვები დათალეს. ეს ყალბი ისტორიულობაა, რომელიც ფარავს უძლურებასა და უსინდისობას, უგზოობას.
ერაყის მეორე ომის დაწყებიდან (2003 წლის მარტი), რაზეც ქართულ პერიოდიკაში ბევრი დაიწერა, წლების მანძილზე ისიც არ ხსენებულა, რომ ჯორჯ ბუშის იდეოლოგიურ დასს ქმნიდნენ ნეოკონსერვატორები, ნეორეიგანიზმის წარმომადგენლები. ეს ერთი მონოლითური იდეოლოგია იყო, რომელიც რეიგანისა და სეჩერის (Thatcher) დროიდან იღებს სათავეს. არსად არაა ნახსენები რომელიმე ნეოკონთაგანი და მისი ნააზრევი. ვეებაა სამეცნიერო იმპერიული მოძრაობა იყო და არის, რომელმაც წარმოშვა კოლოსური ძალის თალასოკრატიული აფეტა (ბიძგის მიმანიჭებელი), შექმნა ადამიანის ისტორიაში აქამდე არნახული, მრავალი ათეული ქვეყნისაგან შემდგარი ინტერნაციონალური სამხედრო კოალიცია ომის დასაწყებად ერაყსა და ავღანეთში, გაამართლა ერთ ტრილიონ დოლარზე გაცილებით მეტი ხარჯის გაწევა ომში. ათობით უნივერსიტეტი, კვლევითი ცენტრი, პროგნოსტიკული სააგენტო არის ჩართული ამ დიდ იმპერიულ სტრატეგიაში თავისი გამოცემებით, ვებ-საიტებით. ფაკულტეტების დეკანები, სენატორები, კონგრესმენები, მულტიმილიარდერები, გენერლები  იღვწიან ამერიკის იმპერიის სრული გამარჯვებისათვის.  ეს სადმე ასახულა ქართულ სამეცნიერო გარემოში? ქართული პერიოდიკა გაივსო მდარე სტატიებით, კუპიურებიანი (ამოკლებული) ციტატებით,  პოლიტოლოგთა პროფანული ანალიტიკითა და თაღლითური, მაამებელი ინტერვიუებით. დასავლეთში განსწავლულ  პოლიტოლოგთა კიდევ ერთი წყება სულ ახლახანს დაბრუნდა და სად ჩანს მათი განსწავლულობა? მათ ჩამოსვლამდე ისედაც არ აკლდა ქვეყანას პლაგიატობა, მიმიკრია, მეზღაპრეობა და იდიოტიზმი. ამხელა იმპერიალისტური მოძრაობაა შენს გვერდით, თან შენ მისი ვითომ თავგამოდებული მომხრე ხარ და ლიბერალურად იდეირებ. მის ბანაკში მოწაფეობდი, სამეცნიერო ცენზი იქ მოგენიჭა და მაინც არ იცი რა ხდება. ქართული საპოლიტიკო ჟურნალები შემზარავია აკადემიური ფრაზებით შემოსილი სერვილიზმით. არა, მონა როდესაც არის ადამიანი, მას არც ლიბერალიზმი უშველის და არც ღმერთი. ცრუა ქართული ამერიკანისტიკა. ის სერვილური და ფალსიფიკატორულია. ვის მომხრედაც თავს წარმოაჩენს ეს ექსპერტი, მის მიმართ მაინც ისევ ისე გულგრილია. წაიფორხილებს ამერიკული იმპერიალიზმი და ისევ მისგან ნაპატივები ქართველი იქნება მისი პირველი მაგინებელი და გამყიდველი.
1991 წლიდან ბოლო დრომდე გიჟობდნენ ქართველი ისტორიკოსები და პოლიტოლოგები, რომ მესამე მსოფლიო ომი კავკასიის გამო და კავკასიაში დაიწყებოდა. ეს შაბლონად იქცა ქართულ მედიაში, რაც ეთნონარცისიზმის გამოხატულება იყო. ასევეა მარჩიელობა რუსეთის დაშლაზე. ესეც ქართული ანალიტიკური დისკურსის შაბლონია. არაკომპეტენტურობის დამალვის ერთ-ერთი ხერხი არის ნეობოლშევიზმის დაბრუნებაზე წლობით ლაპარაკი და არარსებულ საფრთხეზე ისტერიული მითითება. ბოლშევიზმი არ დაბრუნდება. 2012 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კომპარტიის ლიდერს, პრეზიდენტობის პრეტენდენტს, გენადი ზიუგანოვს რომ გაემარჯვა, ბოლშევიზმი მაინც არ დაბრუნდებოდა. ბოლშევიზმი რომ დაბრუნდეს, ჯერ ახალი მარქსი უნდა იყოს. ახალი ჰეგელიანელობა უნდა გაიშალოს. ეს არ მოხდება. სოციალური თანაგრძნობის ინტერნაციონალური მოძღვრება, როგორიც იყო მარქსიზმი, ევროპულ და ევროპეისტულ კულტურაში აღარ შეიქმნება. ესეც პროვიდენციული ნიშანია.
ამერიკულ სამეცნიერო ასპარეზზე ერთურთის მხარდამჭერი გარემოა. ამერიკელ მეცნიერს ყოველთვის ავალა აქვს. მისი ბამბაც ჩხრიალებს, სხვისი ოქროც აღარ. არის სააზროვნო თავისუფლება, მაგრამ აზრი მაინც სტანდარტული დისკურსის ფარგლებში რჩება. აზრი არაა ფილოსოფიური, არამედ უტილიტარულია და ამით იანკები რომაელებს ემსგავსებიან. ამერიკელები ვერც დიდი ზეობის ჟამს, ვერც აღმოსავლეთში მარცხიანობისას ვერ ქმნიან ფილოსოფიას. ამერიკული სოციალური და პოლიტიკური აზრის სიიოლემაც განაპირობა პოლიტოლოგიის ჰიპერტროფირება, გადაგვარება და ფოლკლორიზება აკადემიურ და   მას- მედიურ დონეებზე. პოლიტოლოგად მიიჩნევა მოუნანიებელი ნაცისტთაგანი, გერმანელი კარლ შმიტი, მაგრამ მისი ნააზრევი ფილოსოფიურია. შმიტი ორიგინალური პოლიტიკური ფილოსოფოსია. ამერიკელი სხვაგვარად წერს. ყოველთვის რელიგიაზე მიუთითებს ამერიკული ელიტა, მაგრამ ერთი დიდი ღვთისმეტყველი არაა ამერიკაში, განსხვავებით გერმანიისაგან. ასეთმა დიდმა აღზევებამ, როგორიც არ იცოდა არც ერთმა გარდასულმა იმპერიამ, ვერ შვა დიდი აზრი და მეტაფიზიკური გაჭრა. ჯერ 250 წლისაც არ არის ამერიკა. მისი დიდების ზენიტი XX საუკუნის 90-იან წლებსა და ამ საუკუნის დასაწყისში დარჩა.
Foreign Affairs-ის 2008 წლის ნომერში გამოქვეყნებულია ინდური წარმოშობის ავტორის, ნეოკონ ფარიდ ზაქარიას ესსე მეტყველი სათაურით „ამერიკული ძლიერების მომავალი. როგორ გადაიტანს ამერიკა დასასრულის დასაწყისს?“  ბრიტანეთის იმპერიის დაცემის ქრონიკებს  ზაქარია ვრცლად მიმოიხილავს. შემდეგ ამბობს, რომ 1991 წლიდან ჩვენ ვცხოვრობდით ამერიკის იმპერიის ქვეშ განუმეორებელ უნიპოლარულ მსოფლიოში. ავტორი განაგრძობს, რომ მსოფლიო მულტიპოლარული გახდა, რადგან ის ყოველთვის უნიპოლარული ვერ იქნებოდა. იწყება პოსტამერიკული მსოფლიო. Fareed Zakaria.  The Future of American Power. How America can survive the Rise of the Rest. FA,  May/June, 2008. Volume 87, Number 3, p.43.
ზაქარიას ესსე ეძღვნება ჟურნალის თემას: არის თუ არა ამერიკა დაქვეითების სტადიაში? (Is America in Decline?), რომელიც გარეკანზეა დიდად გამოტანილი.
FA-ს ამავე ნომერში CFR-ის (Council on Foreign Relations) ბოსი 2003 წლიდან რიჩარდ ჰაასი (Haass) განიხილავს მსოფლიოში არსებულ ვითარებას, რომელიც მისი აზრით არის არაპოლარობის ერა. ჰაასი მსჯელობს თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ამერიკამ დომინანტობა. იგი მიუთითებს ევროპისა და აზიის ძლიერ სახელმწიფოებზე. ჰაასის სიტყვით, ამერიკას აღარ აქვს საგარეო პოლიტიკაში იმის ფუფუნება, რომ თქვას: „ვინც ჩვენთან არ არის,ჩვენი მტერია“. Richard N. Haass.  The Age of Nonpolarity. What Will Follow U.S. Dominance (p.56). ჰაასს მხედველობაში აქვს ერაყის მეორე ომის დაწყებისას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მსოფლიოს ხალხების მიმართ ნათქვამი: You’re either with us or  against us. ეს ბიბლიის ცნობილი ფრაზაა და თვით ქრისტესაგან მომდინარეობს. მასზე ხშირად მიუთითებიათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიის მამებს. ეს მაქსიმა გაისმოდა ევროპისა და რუსეთის რევოლუციების დროს. ლენინმა რომ ეს თქვა, ამის გამო წლობით ლაყბობდნენ და იცინოდნენ პოსტსაბჭოთა დროის ლიბერალები. ადამიანის უფლებებსა და ქრისტიანობაზე მითითებით ისინი განაქიქებდნენ ლენინის ამ ნათქვამს და არ ხედავდნენ, რომ ის სახარებიდან მომდინარეობდა. პრეზიდენტმა ბუშმა რომ მოიხმო ეს სახარებისეული მაქსიმა, მას პოსტსაბჭოთა ლიბერალებმა სიტყვაც ვერ შებედეს. ზბიგნევ ბჟეზინსკი ამ ბიბლიურ გამოთქმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ ამერიკის ნათქვამი მსოფლიოსათვის 250 წლის წინათ მუდარა უფრო იყო, დღეს  ის ასეთია: „თუ შენ არ ხარ ჩვენს გვერდით, მაშასადამე, ჩვენი წინააღმდეგი ხარ“. Zbigniew Brzezinski.  The Dilemma of the last sovereign. The American Interest. Autumn 2005, vol.1, no.1, p.46.
ბჟეზინსკის თქმით, ამერიკის გლობალური როლის ფართო და ამბიციური რედეფინიცია (a wide-ranging and ambitious redefinition of America’s global role) ახალ ისტორიულ რეალიებთან შესაბამისობაში დაეხმარება ამერიკას თავიდან აირიდოს მძიმე პერსპექტივები, რომელნიც განჭვრეტილ იქნა XX საუკუნის მთავარ თეორეტიკოსთა, ოსვალდ შპენგლერის, არნოლდ ტოინბის და სემუელ ჰანტინგტონის გავლენიან ნაშრომებში. ბჟეზინსკის მიხედვით, თითოეული მათგანი წერდა კატაკლიზმური ერის გადაკვეთაზე (at the cusp of cataclysmic era). შპენგლერი წერდა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას, როცა მოხდა იმპერიალისტური გერმანიის კოლაფსი. ტოინბი წერდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაკნინებული ბრიტანეთის იმპერიის დროს. ჰანტინგტონი წერდა საბჭოთა კავშირის დაშლის და ამერიკის მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ გახდომისას (ibid., p.45).
ჯორჯ ბუშის დოქტრინა გაცხადდა 2001-02 წლებში. ახალი საუკუნე ამერიკამ Pax Americana-ს  მთელ გლობუსზე  საბოლოო განმტკიცებისათვის ბრძოლით, ამერიკანიზმის toto caelo (სრული) ამპლიფიკაციისათვის (გაფართოებისათვის) ძალთა უკიდურესი დაძაბვით დაიწყო.  Neo-con movement-მა (ნეოკონთა მოძრაობა) მოიცვა მთელი ამერიკა და მის ორბიტაში მყოფი ათეულობით ქვეყანა. ამერიკის იმპერიის Ultima Thule (უკიდურესი საზღვარი) გლობუსზე აღარსად უნდა აღნიშნულიყო. გამარჯვებულთ ხვდებათ ყველაფერი, winners take all. ასეთი რამ არ ყოფილა იმპერიების ისტორიაში. იმპერიული პროფეტიზმი ასეთი ინტენსივობითა და ექსტენსივობით თვით ამერიკაში ჯორჯ ბუშამდე არ გამოვლენილა. ეს იყო ამერიკის ultima ratio სხვა ქვეყნებთან დავაში, რომელნიც მაინც ჯიუტობდნენ ამდენი ჩიჩინის შემდეგ და აქამდე არ სცნობდნენ, რომ სწორედ ამერიკამ იცის რა არის ჭეშმარიტება, რომ მან მონიშნა აღმოსავლეთისა და მსოფლიოს დემოკრატიზების deadline (საბოლოო ვადა), რათა განახორციელოს ისტორიის ნეოიმპერიულ-კალვინისტური ფინალი.  ამერიკანიზაციის მოწინააღმდეგე სხვა ხალხებს მიესადაგებათ ნათქვამი: Timeo Danaos et dona ferentes (მეშინია დანაელების, მაშინაც კი, როდესაც მათ ძღვენი მოაქვთ). რესპუბლიკელებს ისევ სურთ, რომ ამერიკა იყოს great decider (დიდი გადამწყვეტი, великий решающий). დღეისთვის ნეოკონსერვატორი რესპუბლიკელები  ცდილობენ დაარწმუნონ ამერიკელები, რომ დემოკრატებისა და ობამას ფედერალური რეფორმები ნიშნავს ქვეყნისათვის ძირის გამოთხრას. ისინი ყველგან გამოდიან ბარაქ ობამას რადიკალური კრიტიკით. ისინი ცდილობენ ბუშისეული იმპერიალიზმის განახლებას. ბევრი ითქმის  Pax Sinica-ს შესაძლებლობაზე უახლოეს მომავალში და მუშავდება ჩინეთთან კონფრონტაციის სტრატეგიული სცენარები. ამას უკავშირდება სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში ამერიკული რაკეტების განთავსების გეგმა. ბუშის დროს ნეოკონებმა UN მიიჩნიეს იმ დროის გადმონაშთად (survival), როცა ძალთა ბალანსის პრინციპი განსაზღვრავდა აშშ- საბჭოთა კავშირის ურთიერთობას. ვილსონიანელების მოსვლა აშშ-ს სათავეში და ამდენი ლაპარაკი ნეოვილსონიანელობის აღორძინებაზე თავისთავად გულისხმობს აპრიორულ აგრესიას, აპეტენტურ ექსპანსიას, იმპერიალიზმს. ეს არ განიმარტება, არ ითქმის ქართველ მეცნიერთა მიერ. მათ აუჩემებიათ დემოკრატია და წლები ასე გაჰყავთ.
გასარკვევია, რამდენად მზად იყო ამერიკელთა სოციუმი, ეს მეტისმეტად Consumer Society (მომხმარებლური საზოგადოება) ასეთი დიდი ბრძოლისათვის.ზბიგნევ ბჟეზინსკი, მონდიალისტური ორგანიზაციის- ტრილატერალური (სამმხრივი) კომისიის წარმომადგენელი, თავის ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“, აღნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპაში დამკვიდრდა ესკაპისტური ჰედონიზმი, სულიერი სიცარიელე. შემდეგ ბჟეზინსკი ამბობს, რომ ამერიკისა და ევროპისათვის ძნელი აღმოჩნდა სოციალური ჰედონიზმის მიერ მოტანილი კულტურული შედეგებისა და რელიგიაზე დაფუძნებულ ღირებულებათა დაცემის დაძლევა.  Збигнев Бжезинский. Великая шахматная доска. Москва, «Международные отношения», 1998. стр. 92, 251.
ჯორჯ ბუშის დოქტრინას განიხილავს მაიკლ ჰირში (Hirsh) თავის დიდ სტატიაში Bush and the world. Foreign Affairs, 2002,  September/ October. Volume 81, Number 5. ჰირში საუბრობს ბუშის blunt unilateralism-ზე (p.19). სიტყვა blunt-ს აქვს მრავალი მნიშვნელობა: გაუგებარი, პირდაპირი, უხეში, მკვახე. ჰირში საფუძვლიანად აკრიტიკებს ბუშის პოლიტიკას, ამერიკისა და ევროპის სამოკავშირეო ურთიერთობას ტერორიზმთან ბრძოლის დროს. ჰირში ბოლოს ამბობს, რომ იმპერიას უნდა ახსოვდეს მისი წინამორბედი იმპერიების დაცემის მიზეზი. ეს იყო hubris, ჰიბრისი, ქედმაღლობა და მისით აღძრული მწყინარების ტალღების მოქცევა (a tide of resentment) იმპერიის სუბიექტებსა და მის მტრებს შორის. ჰირშის თანახმად, ამერიკისათვის სიძნელის ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტა მდგომარეობს სახელმწიფოთაშორისი ერთობის მხარდაჭერაში (to bolster the international community), p.43.
ნეოკონსერვატორებზე გამოცემულ წიგნებს შორის დავასახელებ შემდეგს: Stefan Halper and Jonathan Clarke.  America Alone: The                        Neo-Conservatives and the Global Order. Cambridge University Press, 2005.
Ilan Peleg.  The Legacy of George W. Bush’s Foreign Policy: Moving Beyond Neoconservatism. Westview Press, 2009.
ჯოზეფ ნაი თავის სტატიაში „თანხმობასა და უნილატერალიზმს შორის“, Joseph S. Nye. Seven Tests Between Concert and Unilateralism, The National Interest, N66, Winter 2001/02, p.6, ამბობს, რომ ამერიკელები არ არიან თავისუფალნი ჰიბრისისაგან, არ გვაქვს  ყველა პასუხი მსოფლიოს პრობლემებზე.
ამერიკის აროგანტიზმსა და ჰიბრისზე არის პიტერ ბეინარტის წიგნი: Peter Beinart.  The Icarus Syndrome: A History of American Hubris. Harper. 2011.
სადაც მაიკლ ჰირშის მასალაა, იქვეა ცნობილი ნეოკონის ჯონ აიკენბერის (Ikenberry) წერილი America’s Imperial Ambition (ამერიკის იმპერიული ამბიცია). აიკენბერი ლაპარაკობს შეერთებული შტატების ნეოიმპერიულ ხედვაზე (p.44), წარმოშობის სტადიაში მყოფ ნეოიმპერიულ მთავარ სტრატეგიაზე (p.45), მისი სრულყოფის გზებზე (pp.56-60), რათა განხორციელდეს ამერიკის იმპერიული ამბიცია. აიკენბერის ნააზრევს მოსდევს მაიკლ მენდელბაუმის წერილი, სადაც იგივე საკითხებია განხილული. მენდელბაუმმა დაწერა წიგნი „ზომიერი (ყაირათიანი) ზესახელმწიფო: ამერიკის გლობალური ლიდერობა მომჭირნეობის (უფულობის) ერაში“. Michael Mandelbaum. The Frugal Superpower: America’s Global leadership in a Cash-Strapped Era. London and New York, PublicAffairs. 2010.  აქ ავტორი განიხილავს ეკონომიკურ, გარეპოლიტიკურ და სხვა საკითხებს. ამერიკა მომჭირნეობის გზას უნდა დაადგეს. საკმაოდ წერია ამერიკის ურთიერთობაზე რუსეთთან, ჩინეთთან.
რუსეთის საკითხს ბევრი ანალიტიკოსი ეხება თავის წიგნებში. 90-იან წლებში, ელცინის კომპრადორული მმართველობის დროს დასავლურ ანალიტიკაში ბევრი დასაცინი რამ დაიწერა რუსეთზე. ეს მაშინ იყო, რომ დასავლური მედიის მოწოდებულ კლიშეებს წლობით იმეორებდა ასობით გამოშტერებული პოლიტოლოგი. აი მაგალითები: „მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთი ეტაპობრივად მოაქციოს ცივილიზებული ურთიერთობის ჩარჩოებში“, „ცივილიზებულმა დასავლეთმა გადაწყვიტა შეიყვანოს იმპერიული მენტალიტეტის მქონე რუსეთი დიდ შვიდეულში, რადგან მისი კონტროლი უფრო ადვილი იქნება“. არა, ეს მიიჩნეოდა ანალიტიკად? ამ ჭკუის პატრონები გამოაკერეს ტელეეკრანსა და გაზეთს და მერე გადაკარგეს. 1991 წლიდანვე გაჩნდა ლეგენდა, რომ რუსეთი დასავლეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებით ცოცხლობს და რომ არა ეს დახმარება, ის სულს გააცხებდა. ლეგენდა იყო ისიც, რომ დასავლეთი მთელი ძალებით ცდილობდა რუსეთის დემოკრატიზებას. არავის დაავიწყდეს ვინ რა შვილი იყო წყეულ 90-იანებში. ამ საუკუნის პირველი ხუთწლედიდან რუსეთზე სულ სხვაგვარი მსჯელობები ისმის. ჯერ ევროპა და შემდეგ მონეტარიზებული დასავლური ბანაკი სულ ცდილობდა რუსეთის გაგდებას ევროპული პოლიტიკიდან. ეს იყო პოლიტიკა წოდებული to keep Russia out. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ევროპა ძველებურად  ცდილობდა განედევნა რუსეთი დასავლური პოლიტიკიდან. ამ მიზნით მან საჩქაროდ შეიყვანა NATO-ში აღმოსავლეთევროპული და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
დღემდე ამდენს წერენ გაყიდული ლიბერალი ისტორიკოსები და მათი ამხანაგი ჟურნალისტები სტალინის ამორალობაზე და მიუთითებენ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დადებულ თავდაუსხმელობის პაქტზე (1939). იმას კი აღარ იტყვიან, რომ ეს იყო სტალინის პასუხი მიუნხენის შეთანხმების გამო, როცა ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია 1938 წლის სექტემბერში შეითქვნენ რუსეთის წინააღმდეგ. მიუნხენის ამორალობამ საბჭოთა კავშირი გერმანიის პირისპირ მარტო დატოვა. დაქირავებულ და გრანტებით თავმოქონილ ლიბერალ ისტორიკოსს კი სურს წარმოაჩინოს, რომ ზნეობით სავსე ევროპა ორმა ავაზაკმა, ორმა დიქტატორმა ჰიტლერმა და სტალინმა აზარალეს.
სახელი „ევროპა“ და გამოთქმა „ევროქრისტიანული ცივილიზაცია“ უფრო პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენება. ის არაა და არც იქნება ერთიანი. ევროპის სტაბილურობა ამერიკული პროტექტორატის დამსახურებაა. აქამდე ევროპა იყო აშშ-ს ვასალი. რაც დრო გადის, სულ უფრო შეუძლებელი ხდება, რომ ევროპამ შეასრულოს დომინანტური როლი მსოფლიოში. ევროპა არაა ერთიანი ცივილიზაციური კატეგორია. ეს არის ეკონომიკური კონგლომერატი და არა იმპერიული ცენტრი. ევროპის მიღწევებმა XIX-XX საუკუნეებში ხელი შეუწყო უამრავი ტყუილის წარმოშობას. არც ერთ კულტურას თავის თავზე არ უთქვამს ამდენი ტყუილი, რამდენიც ევროპულმა კულტურამ თქვა. უსაზრისო ცნებებია „ევროქრისტიანული ველი“, „ევროატლანტიკური სივრცე“ და სხვა მისთანები.
ევროპელი დასცინოდა რუსებს და როცა დიდი ომი იწყებოდა, რუსეთის ცივილიზაციურ ნათესაობაზე მიუთითებდა და მის მოკავშირეობას ელტვოდა. ასე იყო 1991- 2007 წლებშიც. როცა ევროპას უჭირდა, რუსეთს ეძახდა. დასავლეთის ჩაგონებით იყო, რომ ადგილობრივი მედიაკრატია რუსეთს დაცინვით უფროს ძმას უწოდებდა და ეს გამოთქმა მან ინვექტივად აქცია. ის კი აღარ დაინახა, რომ ახლანდელი გერმანიისათვის აშშ არის სწორედ უფროსი ძმა, რაც გერმანულ მედიაში ხშირად აღნიშნულა. იაპონიისთვისაც უფროსი ძმაა აშშ ნახევარ საუკუნეზე მეტი.
სებასტიან მოლაბი, ავტორი Washington Post-იდან, ამ რეიტინგული გაზეთის სარედაქციო საბჭოს წევრი, თავის განაზრებაში სახელწოდებით „იძულებითი იმპერიალისტი“, Sebastian Mallaby. The Reluctant Imperialist. Foreign Affairs, 2002, March/April,  საუბრობს იძულებით იმპერიალისტობაზე ამერიკისათვის. ამ განაზრების ქვეთავის სათაურია Manifest Destiny? ეს ცნება შეერთებული შტატების დაარსების დღეებიდანვე არის ცნობილი და ნიშნავს ბედის განზრახვის გამოვლენას. ის მიეწერება ამერიკელ გამომცემელს ჯონ ო’სალივენს (1813-95). ისტორიის მიხედვით, მან ეს გამოთქვა აშშ-ს მიერ მექსიკისათვის ტექსასისა და ორეგონის წართმევის შემდეგ. მოლაბის სურს წარმოაჩინოს, რომ ამერიკისათვის მისი იმპერიული ხვედრი პრედესტინაციული და პროვიდენციული მოვლენაა. ბედის მანიფესტია სწორედ ის, რომ ამერიკა იძულებულია ზიდოს იმპერიის ტვირთი. მოლაბი ამბობს, რომ ახალი იმპერიული მომენტი დადგა და ამერიკა თავისი ძალის მეშვეობით მოწოდებულია შეასრულოს ლიდერის როლი (p.6). ამერიკის იმპერიული გზისა და ლიდერობის გარეშე შეუძლებელია გადაიჭრას მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემები (p.7). აღნიშნულია ამ გზის დიდი სიძნელე და სხვა გზის  შეუძლებლობა.მოლაბი ასკვნის,რომ ამერიკას არა აქვს იოლი არჩევანი,როდესაც ის იმყოფება კონფრონტაციაში ხელმოცარულ სახელმწიფოებთან (failed states) (p.7).
ამერიკის ლიდერობის აუცილებლობაზე მოლაბი ასევე  მიუთითებს FA, January/February, 2000.Volume 79, Number 1, pp.2-8.
უმცროსი ჯოზეფ ნაი თავის წიგნში „ამერიკის ძლიერების პარადოქსი“, Joseph S. Nye Jr.. The Paradox of American Power.Why the World’s only Superpower can’t go it alone. Oxford University Press. 2002, განიხილავს soft power-ის შესაძლებლობებს (pp.8-12, 69-74). ეს რბილ ზემოქმედებას ნიშნავს და მასზე ბევრი დაწერილა ამერიკულ სოციოლოგიასა და პოლიტოლოგიაში. ამის განხილვას ჯოზეფ ნაისთან მოსდევს კითხვა- ბალანსი თუ ჰეგემონია? (pp.12-13). ნაი მიმოიხილავს გარდასულ იმპერიათა უპირატესობებს და XXI საუკუნეში მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს-ამერიკის ძირითად რესურსებში ჩამოთვლის ტექნოლოგიურ ლიდერობას, სამხედრო და ეკონომიკურ მდგომარეობას, სოფთ ფაუერ-ს, ტრანსნაციონალური კომუნიკაციების ცენტრად ყოფნას.  ამას მოსდევს თავი „ახალი პრეტენდენტები?“ (p.17), სადაც განხილულია ჩინეთის (მოხმობილია ნეოკონ რობერტ კეიგანის აზრი,რომ შორეულ პერსპექტივაში ჩინეთის მიზანია ამერიკის როგორც მსოფლიო დომინანტის გამოწვევა, მასთან შეჯიბრი. (p.21)), იაპონიის, რუსეთის, ინდოეთის და ევროპის შესაძლებლობები.
შემდეგ თავში „მორალური დაცემა, ლპობა (decay) და კულტურული დაყოფა“ (pp.112-16) ჯოზეფ ნაი წერს ჰედონიზმის პრობლემაზე. წიგნში  ასევე განხილულია განათლების, ტერორიზმის, იარაღის გავრცელების პრობლემები. იარაღისა და დენუკლეარიზაციის პრობლემაზე   ნაის ადრე გამოუქვეყნებია წიგნი:  Joseph Nye.  Nuclear Ethics, The Free Press. New York, 1986. ყველა საკითხი ნაის მიერ განიხილება ამერიკის სამერმისო იმპერიულობასთან მიმართებაში.
ატომური იარაღის პრობლემა ატომის გახლეჩის დღიდან დაუკავშირდა იმპერიას. ატომური ბომბის ფლობა იმპერიალიზმის სინონიმური ცნებაა. ბირთვული იარაღი ადამიანის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ამერიკელი ქიმიკოსი, ორგზის ნობელიანტი (1954 წ.- ქიმიაში, 1962 წ.- ნობელის მშვიდობის პრემია) ლაინუს პოლინგი იყო პაგუოშის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ინიციატივით გაეროში 1958 წელს გაიგზავნა პეტიცია, სადაც ცხრა ათას მეცნიერზე მეტი ხელს აწერდა ატომური იარაღის აკრძალვას. პაგუოშის მოძრაობაში იყო ბევრი ცნობილი მეცნიერი. ამ დონის ადამიანთა ნაღვაწი ისევე იოლად მიეცა დავიწყებას, როგორც გაზეთი. თუ ეს ასეა და ვისი იმედი უნდა გქონდეს? როგორც იმპერიაზე ვერ იტყვის კაცი უარს, ასევე ატომურ ბომბს არ დააგდებს. ის მას გამოიყენებს. წუთისოფლის ბოლო ისევ ყამალეკია. რემილიტარიზაცია მიმდინარეობს მსოფლიოში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. იყო დემილიტარიზაციის რაღაც მომენტები, გარკვეული სახეობის იარაღის უტილიზაცია და მეტი არაფერი. არ წყდება ლაპარაკი WMD-ს (weapons of mass destruction- მასობრივი მოსპობის იარაღი) აკრძალვაზე, მაგრამ ეს მცირე იმედის მომცემია. ახლა დაიწყო კიბერიარაღის შექმნა (კომპიუტერული ვირუსები) მთავრობების დონეზე. ეს ვირუსები კომპლექსური პროგრამებია. ისინი იქმნება სამთავრობო ჰაკერების მიერ. რამდენიმე თვის წინათ კასპერსკის ლაბორატორიის მიერ გამოვლენილი                        ვირუსი ამის მაგალითია. ახლანდელი მილიტარიზმის ვითარებაში, როდესაც აშშ-ს მიერ სარაკეტო სისტემები იდგმება ევროპასა და აზიაში, ისევ ბევრი ითქმის missile gap-ზე (სარაკეტო ჩამორჩენა) და ფორსირებულად იქმნება ახალი თაობის რაკეტები  ჩრდილო კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანში. 2011 წლის მიწურულს მსოფლიო პოლიტიკაში საუბარი იყო  ამერიკული სარაკეტო სისტემის განთავსებაზე ევროპაში.  აშშ უარზეა მისცეს რუსეთს იურიდიული გარანტიები, რომ ეს რაკეტები რუსეთზე არ იქნება დამიზნებული. ყველა სახის შეიარაღებათა რეპროლიფერაცია მიმდინარეობს მსოფლიოში.
განიარაღებასთანაა დაკავშირებული Global Zero-ს (გლობალური ნოლი) ცნება, რაც გულისხმობს ყოველგვარ იარაღზე უარის თქმას. ამაზე ბევრი ითქვა გორბაჩოვისა და რეიგანის დროიდან. იყო NAM                      (Non-Aligned Movement- მიუმხრობლობის მოძრაობა) გასული საუკუნის 70-80 იან წლებში. არის OPCW (Organisation  for the Prohibition of Chemical Weapons- ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისათვის). არის NPT (Treaty  on the Non-Proliferation of Nuclear Weapons- ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება). ამაზეა ლაპარაკი, მაგალითად, ტანია ოგილვი-უაითისა და დევიდ სანტოროს ნარკვევში:                          Tanya Ogilvie-White  and  David Santoro. Disarmament and Non-proliferation: Towards More Realistic Bargains. Survival. Vol.53, no.3. June-July 2011.
ძალზე ბევრი იწერება ბირთვულ არმაგედონზე, ირანის ატომურ პროგრამაზე. 2010 წლის თებერვალში მსოფლიო მედიაში სენსაციად გავრცელდა ცნობა, რომ ირანმა 20%-ით გაამდიდრა ურანი. რა არის აქ გასაკვირი? ახლა ხომ არ არის XX საუკუნის 50-იანი წლები, როცა ბირთვული ტექნოლოგიის დაუფლება სენსაციად გაიგებოდა ორ დაპირისპირებულ ბანაკში. ეს მაშინ იყო ატომური ფიზიკა ნოუ ჰაუ და ჰაი ტექნოლოჯი. ურანის გამდიდრება ხომ ბანალური რამ არის? რის გამოა ეს 20-წლიანი აჟიოტაჟი ირანის ატომური პროგრამის გამო? პაკისტანმა და ინდოეთმა როგორ და როდის შექმნეს ატომური ბომბი? მათ გამო არ ყოფილა ამდენი აჟიოტაჟი მსოფლიო მედიაში. 2011 წლის ნოემბერში და მთელ ამ ბოლო კვარტალში CNN-ზე, РБК-ზე, RT-ზე და სხვა ტელეარხებზე იყო საუბარი ირანის დაბომბვაზე ისრაელის ან დასავლეთის მხრიდან. განიხილება სცენარების შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ირანი დაიწყებს ბირთვული იარაღის წარმოებას. გლობალური კომპიუტერიზაცია და მსოფლიო ტერორიზმი ატომურ საფრთხეს ზრდის. იხილე:  John Mueller.  Atomic Obsession: Nuclear Alarmism from Hiroshima to Al-Qaeda. Oxford University Press, 2009.  ასევე: Michael Quinlan.  Thinking About Nuclear Weapons: Principles, Problems, Prospects. Oxford University Press, 2009.
ნიუტ გინგრიჩმა გამოაქვეყნა წიგნი: Newt Gingrich. To Save America: Stopping Obama’s Secular-Socialist Machine. Regnery Publishing. 2010.
ობამას განსაქიქებელ ამ ბესტსელერში გინგრიჩი ჩამოთვლის საფრთხეებს ამერიკისათვის. მათგან ერთ-ერთია ბირთვული ტერორიზმის საფრთხე. სხვა საფრთხე გინგრიჩის თქმით, არის სამერმისო ხარისხობრივი და რაოდენობრივი დაშორება (gap) ამერიკასა და ჩინეთს შორის.
ამერიკულ ანალიტიკაში განიხილება ალ-ყაიდას მიერ  ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდების საფრთხე. მაგ. Michael Krepon- ის ნარკვევი.  FA. May/June 2009, pp. 2-6. აქვეა ამიტაი ეტციონის წერილი, სადაც ატომური საფრთხის საშიშროების კონტექსტში საუბარია ინტერნაციონალური ორგანიზაციების განახლებაზე, გლობალური უშიშროების ახალი წესით აგებაზე. ეტციონის ამ პროექტივისტულ ტექსტში არის მცდელობა ეთიკის ელემენტების შეტანისა დიდ პოლიტიკაში. Amitai Etzioni. Tomorrow’s Institution Today. The Promise of the Proliferation Security Initiative (pp. 7-11).  ამ თემაზე ეტციონი თავის წიგნებშიც მსჯელობს.
დენუკლეარიზაციის საკითხზე 2011 წელს გამოვიდა ჰაინც გერტნერის წიგნი: Heinz Gärtner.  Obama and the Bomb. The Vision of a World Free of Nuclear Weapons. Peter lang. 2011.
ამერიკულ ანალიტიკაში ატომური საფრთხის გარდა განიხილება ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე და პლანეტის მისგან დაცვის პრობლემა. მაგალითად, Survival. October-November, 2008.
ჯოზეფ ნაი ამერიკის ძლიერების პარადოქსზე ასევე მსჯელობდა  2003 წლის Foreign Affairs-ში. უნიპოლარული მსოფლიო და ამერიკის იმპერია  ნაის თქმით, ერთი და იგივეა. J. Nye. US Power and Strategy after Iraq, FA, July/August, 2003, Volume 82, Number 4, p. 65.
ჩარლზ კრაუტჰამერი მიუთითებს იმპერიის აუცილებლობაზე და თავის დიდ განაზრებას ასე ამთავრებს: To impiously paraphrase Benjamin Franklin: History has given you an empire, if you will keep it.                          Charles Krauthammer. The Unipolar Moment Revisited. The National Interest. N70. Winter, 2002/03, p.17.
კრაუტჰამერმა 2004 წელს გამოსცა ნარკვევი, სადაც მოახდინა ვილსონიანიზმისა და რუზველტიანიზმის სინთეზირება. ნარკვევს ეწოდება „დემოკრატიული რეალიზმი. ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნიპოლარული მსოფლიოსთვის“.Charles Krauthammer. Democratic Realism. An American Foreign Polisy for a Unipolar World. The American Enterprise Institute Press. 2004. ეს არის რესპუბლიკელ კონსერვატორთა ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის „მეწარმეობის ამერიკული ინსტიტუტის“ გამოცემა. ამ ცენტრის საიტია: www.aei.org .
რუსულ სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალებში იმპერიის აუცილებლობაზე არაფერია ნათქვამი. რუსებს რომ დაეწერათ თავის იმპერიაზე  იმის მეოთხედი მაინც, რაც ზემოთ მოხმობილ ამერიკელ ავტორებთან თქმულა, დაიწყებოდა ისტერია. ჯერ ახლა რა ამბავი დგას რუსეთის გამო  და მერე რაღა იქნებოდა?
ეს არის  მიმოხილვა neo-con movement-ის, ამერიკელ ნეოიმპერიალისტთა იდეებისა. ისინი ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ამერიკელთა great society-სათვის (დიადი საზოგადოება) იმპერიის დაცვა რომაელთა დარად არის munus publicum    (საზოგადოებრივი მოვალეობა). ეს იმპერიული munus (ტვირთი, სამსხვერპლო) ამავე დროს არის ძღვენი და წყალობა გაღებული მსოფლიოსათვის. მთელი გლობუსი იანკებისათვის არის imperial terrain (იმპერიული ლოკუსი, საიმპერიო ადგილმდებარეობა). სიტყვა limes რომის იმპერიაში ნიშნავდა საზღვარს, რომელიც ჰყოფდა რომს ბარბაროსთა მიწებისაგან. ამერიკულ იმპერიას კი ასეთი საზღვარი არ აქვს. ამერიკელი არის რომის მემკვიდრე (the inheritor). საზოგადოდ, ადამიანი არის ბაბილონის გოდოლის მემკვიდრე. ეს მემკვიდრეობა სძენს საზრისს ისტორიას. იმპერიული მესიანიზმია ის, როდესაც თავი მიგაჩნია მთელი კაცობრიობის მოძღვრად და ამტკიცებ, რომ სწორედ შენ გაქვს ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება, გაკისრია ხსნის მისია. ეს რწმენა აპრიორულად დასაშვებს ხდის ძალთაქმედებას, ამართლებს მოძღვრების მახვილით დამკვიდრებას. ასე იყო ნეტარი ავგუსტინე, ასე იყვნენ ბერნარ კლერვოელი, ინიგო დე ლოიოლა, ჟან კალვინი და სხვა მრავალი ავტორიტეტული მოღვაწე. ვინც ეწინააღმდეგება ქრისტეს სიტყვას, ის მახვილის კერძად უნდა იქცეს. ჯორჯ ბუშის არგუმენტაციაც ასეთი იყო, როდესაც ის ცდილობდა ერაყის დემოკრატიზაციას.
რუსი მეცნიერი ვლადიმირ დერგაჩევი წერს: „ამერიკული გეოპოლიტიკა გამოვიდა ფაშისტური გერმანიის გეოსტრატეგიის ერთგულ გამგრძელებლად. ამას მოწმობს საბჭოთა კავშირისა და გერმანიის 1939-40 წლების მოლაპარაკებათა საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. ყოველივე ის,რასაც იზრახავდნენ მესამე რაიხის ხელმძღვანელები, პრაქტიკულად განახორციელა ამერიკამ. მან პრაგმატულად შეცვალა სამხედრო ძალისა და „სასიცოცხლო სივრცეების“ ტრადიციული გეოპოლიტიკა  ახალი (ეკონომიკური)  და  „სასიცოცხლო ინტერესების ზონის“ გეოპოლიტიკით. В. А. Дергачев.  Геополитика. Изд. «Юнити», Москва, 2004, ст.192.
საბჭოთა კავშირში გეოპოლიტიკა მოძულებული იყო და მის შემცვლელად გამოდიოდა სამხედრო სტრატეგია და საერთაშორისო სამართლის თეორია. ამერიკელებმა უკვე 1946-49 წლებში გულდასმით შეისწავლეს ჰიტლერთან ახლოს მდგარი მეცნიერის, კარლ ჰაუსჰოფერის გეოპოლიტიკური თეორია მსოფლიოს დაპყრობასა და გერმანელთა იმპერიის შექმნაზე. შერისხული ნაცისტური Politik  ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მალევე გარდაისახა ამერიკულ  Politics-ად  და დემოკრატიაზე ამდენი ლაპარაკის მიუხედავად, ასეა დღემდე, რასაც ჯიუტად არ დაინახავს ლიბერალიზმის აპოლოგეტი. ამერიკული იმპერიალიზმის აღმძრავი გერმანული იმპერიალიზმია. ორივე პანევროპულ ომში აშშ გერმანიის წინააღმდეგ გამოვიდა. მეორე ომის შემდეგ აშშ აღზევდა მსოფლიო იმპერიამდე. მან დაასწრო რუსეთს  გერმანული ატომური ტექნოლოგიის მიტაცება. იანკების იმპერია მესამე რაიხად წოდებულ იმპერიასთან ომში განდიდდა. ამ ომის გარეშე ამერიკა ისევე არ იქნებოდა მსოფლიო იმპერია, როგორც უფრო ადრე რუსეთი არ იქნებოდა ევრაზიული იმპერია თათარ-მონგოლთა ურდოსთან ომის გარეშე. ორი იმპერიის ომში გამარჯვებული უმეტეს იმპერიად იქმნება. თოხთამიშის (?-1406) იმპერიასთან ომმა (1389-95) თემურ-ლენგის (1336-1405) იმპერია განადიდა. თემურ-შაჰმა მოთხარა და გააქრო ოქროს ურდო. ის ჩინგიზ-ყაენის უმეტესი იყო. ჯერ ჩინგიზ-ყაენი რა იყო და მისი უმეტესი რაღა იქნებოდა. აი ამ იმპერიების ჯახიდან ტანჯვასა და სისხლში იშვა მათზე აღმატებული რუსეთის იმპერია. თემურ-შაჰისა და თოხთამიშის ომში თარსიანად მოჰყვა გიორგი V ბრწყინვალის მიერ მონგოლთა წასვლის შემდეგ აღდგენილი საქართველოს იმპერია და იგი სულ განადგურდა ბაგრატ V-ის (1360-93) უგუნურების, მისი შლეგი შვილების გიორგი VII-ისა (1393-1407) და კონსტანტინეს (1407-11) საძაგლური და ყაჩაღური მეფობის გამო. დავით აღმაშენებლის ფუძეყრილი კავკასიის იმპერიიდან აღარაფერი დარჩა. მაშინდელი უბედურების ნაყოფს დღემდე იმკის ქართლი. ამის თქმას გაურბის გადაბრალებაში გამეცადინებული ქართველი ისტორიკოსი, რომელიც გვირგვინოსან წინაპართა უჭკუობისგან წამებულობისა და მამულიშვილობის მატიანეს ქმნის.
იანკების Drang nach Osten (აღმოსავლეთისკენ გაჭრა), ჯორჯ ბუშისეული ამერიკანიზაცია არაბეთისა ვერ განხორციელდა. ათი წელია მიმდინარეობს ომი მუსლიმ უნივერსალისტებსა და ამერიკელ იმპერიალისტებს შორის ერაყსა და ავღანეთში. ბუშის დოქტრინის დუალიზმი სახარებიდან იღებს დასაბამს. ნათელი და ბნელი ებრძვიან ერთურთს, ნეოკონების თქმით. სინათლის იმპერიამ უნდა გაიმარჯვოს მთელ დუნიაზე. ბუშისეული ცნება Axis of Evil (ბოროტების ღერძი) მითორელიგიურია. ეს ნეოლიბერალური აპოკალიპტიკაა. უოლტერ რასელ მიდი განიხილავს ნეოკონების მოძრაობას, ადარებს მას  პავლე ტარსოსელის დროის პროზელიტიზმს და წერს მოციქულზე, რომელსაც წარმართებთან მიაქვს ნეოკონსერვატიული სახარება. Walter Russel Mead. Power, Terror, Peace, and War. America’s Grand Strategy in a World at Risk. Vintage Books, N.Y. 2005, pp. 95-6.
ამერიკული პოლიტიკური ლექსიკის ნაწილია გამოთქმები „სამოთხის პარტია“, „ჯოჯოხეთის პარტია“. ნეოკონთაგან ხშირად ითქმის God is on our side (ღმერთი ჩვენ მხარესაა). არაა დრო, რომ შეუძახო მათ God is not on your side ( ღმერთი არაა თქვენ მხარეს)?
მსოფლიოში არავინ ებრძვის ამერიკელებს ასეთი სისასტიკით, როგორც არაბი ფუნდამენტალისტები და საერთოდ სალაფიტები. ეს არის καιρός του μισησαι (ჟამი სიძულვილისა), ვითარც ეკლესიასტე იტყვის. ისლამური იმპერიალიზმი, Global Salafi Jihad, თავის გარშემო არაბთა გარდა იკრებს ავღანური, თურქული, სლავური, კავკასიური, აფრიკული წარმოშობის მებრძოლებს. და’ვა (მუსლიმური მოწოდება) ქვეყნიერებაზე ისმის. ალ-ხალაფია (სახალიფატო მოძრაობა) გლობალურია. Homo islamicus მიზნად ისახავს მსოფლიო მუსლიმური ერთობის -ხალიფათის შექმნას. მისთვის ამერიკაა ბოროტება და შაითანის სამეფო. ისლამისტების პასიონარული პოტენციალი ძალზე დიდია, მაგრამ არაბეთს კიდევ დიდი შენჯღრევა ესაჭიროება, რომ არაბული ნაციონალიზმი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული პოლიტიკური კულტურის გავლენით ჩამოყალიბდა, ამაღლდეს არაბულ იმპერიალიზმამდე. სალაფიტების მოძრაობის არაბული ინტეგრიზმი ნიშნავს იმპერიალიზმს. ხალიფათის აღდგენაში სალაფიტები ხედავენ სამართლიანობისა და სათნოების იდეალის (აშ-შარია) განხორციელებას. ყურანის ხალხმა უნდა გაუნათოს გზა მსოფლიოს ყველა ხალხს. ისლამური ზნეობის პრინციპთა (აშ- შარ ისლამიია) დაცვა არის მთავრობის მართალყოფნის განმსაზღვრელი მუსლიმთა თვალში.  ალ-ხულაფა არ-რაშიდუნ ანუ ხალიფათ-ე-რაშიდა (ოთხი სათნო ხალიფის მეფობა ჰაზრეთ-მუჰამადიდან ალიმდე) არის ამერიკანიზმის მოძულე მუსლიმის მიზანი და იდეალი. მისი განხორციელების გზა კი საუდის არაბეთზე გადის. ისტორიკოსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ნაიელ ფერგიუსონი  წერს: „ყველამ ვიცით, რომ საუდის არაბეთში რეჟიმის რევოლუციური შეცვლა შეარყევდა მსოფლიოს უფრო მეტად, ვიდრე 1917 წლის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ შეარყია რუსეთი“. Niall  Ferguson.  Sinking Globalization. FA, March/April 2005, Volume 84, Number 2, p. 77.
ომის დაწყებიდან ათი წლის გასვლისას შესაძლებელია დასკვნის  გამოტანა. დამარცხდა უდიდესი იმპერიული აროგანტიზმი არა რომელიმე სახელმწიფოსთან ომში, არამედ იდეასთან ომში. იდეასთან, რომელიც მატერიალიზებულია ველად გაჭრილ მუსლიმ ტერორისტებში, რომელთაც დასავლეთის მედიაკრატიაში ეწოდებათ evil-doers (ის, ვინც ბოროტებას იქმს). ამერიკა იდეურად დამარცხდა, რაც სამხედრო დამარცხებაზე მეტია, იმ გლობალურ ისლამურ მოძრაობასთან ომში, რომელიც არც ერთ ქვეყანასთან არაა დაკავშირებული. გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი იოზეფ იოფე (Josef Joffe) ჟურნალ The American Interest-ში, (Autumn 2005, p.11) (www.the-american-interest.com) იტყვის, რომ ისლამური ტერორიზმი არის როგორც რეალური, ასევე იდეოლოგიური მტერი. აქვე იოფე წერს, რომ რაც არ უნდა იყოს, ამერიკის დიდი ომები იყო არა არჩევანის, არამედ აუცილებლობის ომები. 2005 წელს იოფესგან ასე თქმული არის გამართლება ერაყის ომისა და ამერიკელ ნეოკონსერვატორთა იმპერიალიზმისა.  ჟურნალი „ეკონომისტი“ უკვე 2007 წლის დამდეგს აღნიშნავდა: „ამერიკელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ერაყის ომი ამერიკამ წააგო“, The Economist, January 13th 2007, p. 9. (www.Economist.com)
ისლამის ამერიკანიზაცია ვერ განხორციელდა, მით უმეტეს,რომ ამ რელიგიის სულიერი ცენტრი- მექა უპყრიათ ამერიკელთა საიმედო მოკავშირეებს- ალ-საუდების დინასტიას. დიდი დაფარული აზრია ამ მოვლენაში. თურქეთი ამერიკის მოკავშირეა მრავალი ათეული წელი, მაგრამ ისლამის ამერიკანიზება თურქეთში არ გამოვიდა. ერაყის უდაბნოებსა და ავღანეთის ხრიოკ ხევებში გაილახა ამერიკელი ნეოკონების arrogance of power (იმპერიული ქედმაღლობა). არაბეთის უდაბნოს ქარმა გააცამტვერა და გახვეტა პენტაგონის გენერლების თქმით, ყველა დროის საუკეთესო არმიის დიდება. ყველა დროის უძლიერესი იმპერია თავისი დიდების აპოგეაში აღმოსავლეთის მიწაზე დამარცხდა. 2011 წლის 15 დეკემბერს აშშ-მა ოფიციალურად განაცხადა ერაყში საომარი კამპანიის დასრულებასა და ჯარის გაყვანაზე. ავღანეთიდანაც სურთ ჯარის გაყვანა, რადგან ეს ომი არის to fight a losing battle (მარცხისათვის განწირული ბრძოლის წარმართვა). ბჟეზინსკისეული დიდი საჭადრაკო დაფის მეტაფორას თუ მივყვებით, ეს არის ცუგცვანგი (წასაგები სვლა).  2001 წლის ოქტომბერში დაიწყო ავღანეთში ომი სახელწოდებით Enduring Freedom (უძლეველი თავისუფლება). როგორ ლიქნობდნენ ჯორჯ ბუშის წინაშე აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მთავრობები 2002- 2007 წლებში. ეს ქვეყნები ბუშის იმპერიალისტურ კოალიციაში შეცვივდნენ იმ იმედით, რომ ომი მალე დამთავრდებოდა და ჯილდოს მიიღებდნენ მხარდაჭერისათვის. აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ამ ქვეყნების მთავრობათა ზნე.
ამერიკის მოძულეთაგან ის მტერი ვინ იქნება, ვინც დაიტირებს ამერიკას მისი დაცემის შემდეგ?  იმპერიათა შორის ბედისწერისაგან ასე დიდად წყალობილმა ამერიკულმა იმპერიამ უდაბნოს ქარის დევნაში გახარჯა თავისი ძლიერება. ეს ბედისწერის ნიშანია. არც ერთ იმპერიას არ ჰქონია ადამიანის სტორიაში ასეთი ძლიერება, როგორიც ამერიკას მიენიჭა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ და ილუზიებს გამოკიდებაში გაილია ეს ძლიერება. აღმოსავლეთი იქცა დამარცხების მომტანად დასავლეთის უდიდესი იმპერიისათვის. რაც ამერიკელებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაუვიდათ, ის ვერ გაუვიდათ აღმოსავლურ ქვეყნებში. მათ ეიმედებოდათ, რომ აღმოსავლეთშიც იგივე  ჰუმანიტარულ ტექნოლოგიას გამოიყენებდნენ, შექმნიდნენ რეფერენტულ ჯგუფებსა და გავლენის აგენტებს და წლობით აყეფებდნენ დემოკრატიაზე. აღმოსავლეთი თავს იცავს და შეტევაზეც გადადის. დასავლეთის ოთხასწლიანი დომინაცია მსოფლიო პოლიტიკაში დასასრულს უახლოვდება. ევროპის მერმისი არის პროვინციად ყოფნა მსოფლიო პოლიტიკაში.   
FA-ს 2009 წლის ივლის- აგვისტოს ნომერში არის პოლიტიკის მეცნიერის ფოტინი კრისტიასა და ავღანეთ-პაკისტანის სპეციალისტის მაიკლ სემპლის წერილი ავღანეთის ომზე. Fotini Christia  and Michael Semple.  Flipping the Taliban. How to Win in Afghanistan, pp. 34-35. აქ ნათქვამია, რომ თალიბანის ლიდერმა მოლა მოჰამად ომარმა ირონიულად შესთავაზა, მიეცათ უსაფრთხო გავლის შესაძლებლობა ნატოს ძალებისთვის, რომელთაც გადაწყვიტეს ავღანეთის დატოვება, როგორც მოჯაჰედებმა შესთავაზეს უსაფრთხო გავლა საბჭოთა ჯარებს ორი ათწლეულის წინ   (p. 34).
Foreign Affairs-ის  2007 წლის მარტი-აპრილის ბესტსელერებში სახელდება თომას რიკსის წიგნი ერაყის საომარი კამპანიის ფიასკოზე: Thomas E. Ricks.  Fiasco: The American Military Adventure in Iraq. Penguin Press. 2007.
რობერტ კეიგანი ზემოთ დასახელებულ ესსეში (FA, September/ October 2008. The September 12 Paradigm.) წერს: თუ ვიეტნამის ომმა არ გააჩინა ბზარები აშშ-ს ალიანსში, ერაყის ომმა გააჩინა ეს ბზარები და არა იმიტომ, რომ ლინდონ ჯონსონისა და რიჩარდ ნიქსონის ამერიკა იყო უფრო საყვარელი (more beloved), ვიდრე ბუშის ამერიკა არის (p. 32).
დევიდ კალეო კი იტყვის, რომ ერაყში დიდ უბედურებათა შემდეგ (the great troubles in Iraq) ამერიკელები მიდრეკილნი არიან ისაუბრონ უფრო „უნიპოლარულ მომენტზე“, ვიდრე „უნიპოლარულ ერაზე“. ეს ტრიუმფალური ფორმულირებანი არასოდეს არ უნდა მივიღოთ სერიოზულად. David P. Calleo. Unipolar Illusions. Survival, vol. 49, no. 3, Autumn 2007, p. 73.  აქვე კალეო კითხულობს: ...how long will America’s enthusiasm for hegemony endure? (სადამდე შეიძლება გაგრძელდეს (ან- მოითმენენ-გ.გ) ამერიკის ენთუზიაზმს ჰეგემონიისაკენ?) (p. 75).  კალეო ამბობს, რომ ...liberal imperialism leads to a dead end (ლიბერალური იმპერიალიზმი მიდის ჩიხისკენ) (p. 76).
მოგვიანოდ, ამავე ანალიტიკურ ჟურნალში დევიდ კალეო იტყვის, რომ America’s military is bogged down, its economy is in a shambles, and the legitimacy of its leadership could scarcely be lower (ამერიკის სამხედრო ძლიერება დაქვეითდა, მისი ეკონომიკა არეულ-დარეულია და მისი ლიდერობის ლეგიტიმურობა შეიძლება ახლახანს დაეცეს).  Devid P. Calleo.  The Tyranny of False Vision: America’s Unipolar Fantasy. Survival. Vol. 50. No. 5. October- November 2008, p.71.
დევიდ კალეოს უმაღლეს ანტიციპაციურ (წინასწარჭვრეტითი) უნარზე მეტყველებს მისი ჯერ კიდევ 1982 წელს გამოცემული წიგნი: David P. Calleo.  The Imperious Economy. Harvard University Press. 1982.  (ქედმაღლური ეკონომიკა). ათი წლის შემდეგ მან გამოსცა: The Bankrupting of America: How the Federal Budget is Impowerishing the Nation. William Morrow & Co. 1992.  კალეომ ამ წიგნებში დაასაბუთა ამერიკის იმპერიის დაცემა. ეს იმ  დროს, როცა მთელი მილეთი აკლებული იყო რეიგანომიკისა და ტეტჩერიზმის, ნეოლიბერალიზმის ქებით. კალეოს ანტიციპაცია (წინასწარჭვრეტა) ღირსებისამებრ უნდა დაფასდეს. ჟურნალ Survival-ის ზემოთ დასახელებულ ნომრებში განხილული თემა კალეომ განავრცო თავის მცირე, 190 გვერდამდე წიგნში: David P. Calleo. Follies of Power: America’s Unipolar Fantasy. Cambridge University Press. 2009. (სახელმწიფოს უგუნურება: ამერიკის უნიპოლარული ფანტაზია). კალეომ გააცამტვერა და ქვა ქვაზე არ დატოვა უნიპოლარიზმის კონცეფციიდან. მან აქ  დაასაბუთა  ამერიკის ეკონომიკის გამანადგურებელი კრიტიკა. კალეომ მცდარად მიიჩნია ამერიკულ ელიტაში გამეფებული შეხედულება, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დადგა უნიპოლარული ერა, ამერიკული იმპერიალიზმის აბსოლუტური ბატონობის ჟამი. კალეო ამბობს, რომ ამერიკული ჰარდ ფაუერი და სოფთ ფაუერი განზრახ გაბუქებულია, ამერიკის ეკონომიკის შესაძლებლობანი გაზვიადებულია.
კალეო ხშირად იბეჭდება ამერიკულ ანალიტიკურ ჟურნალებში და რაც არის, იმას წერს. მისთვის უცხოა სხვებისთვის დიდად ჩვეული ეს ტრიუმფული პოლიტიკური მენეჯერიზმი. ჩემი აზრით, ამ ტრიუმფალიზმისა და მანიფესტური ოპტიმიზმის პიკი იყო 2003 წლის მარტიდან (როცა ერაყის ომი დაიწყო) 2006 წლის შემოდგომის ჩათვლით. ამის შემდეგ კრიტიკული ხმები თანდათან მოემატა. ერაყის კამპანიის იდეურმა მარცხმა ბევრს აუხილა თვალი და შეაფიქრა. ისტორია ის არ გამოდგა, რაც მასზე ნეოკონებმა თქვეს. ისტორია არ დასრულებულა ამერიკელების ზეობით და ამის შემდეგ თავად ნეოკონებმა დაიწყეს იმაზე წერა, რომ ფუკუიამასეული ისტორიის დასასრული მცდარი იდეაა.
თავის მშვენივრად დაწერილ ნაშრომში „ისტორიის დასასრული“ ფუკუიამა არსად ლაპარაკობს გეოპოლიტიკაზე. მას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ინტერესები გეოპოლიტიკურ ანტაგონიზმებს გაანეიტრალებენ. ნაშრომის მეოთხე ნაწილის ბოლოში ფუკუიამა მსჯელობს: ლიბერალურ დემოკრატიებს მოუწევთ იმ ფაქტის გათავისება, რომ კომუნისტური სამყაროს მსხვრევის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკაზე.
მხოლოდ აქ ახსენებს ფუკუიამა გეოპოლიტიკას. ის გვერდს უვლის ამ საკითხს. საბჭოთა სისტემის დაშლის მიუხედავად, გეოპოლიტიკის პოსტულატები უდიდეს როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკაში, კონკრეტულად კი ერაყის კრიზისში.
სიბრიყვეა ის, როცა ერთმა ქართველმა პოლიტოლოგმა თქვა: „საბედნიეროდ, გეოპოლიტიკოსთა ნაბოდვარი არ ასრულდა და მსოფლიო სულ უფრო გახსნილი ხდება“.
დიდ პოლიტიკურ გეოგრაფოსებსა და თეორეტიკოსებს იმიტომ არ უღვაწიათ, რომ მათზე საქართველოში ასეთი რამ ითქვას. ვის ამეტებს თავს კონიუნქტურას მობღაუჭებული პროვინციელი უმეცარი?
სტრატეგიული და საბიუჯეტო შეფასების ცენტრის პრეზიდენტი ენდრიუ კრეპინევიჩი უმცროსი, ესსეში „ამერიკის ძლიერების საფუძველთა ეროზია“, Andrew F. Krepinevich, Jr.  The Pentagon’s Wasting  Assets. The Eroding Foundations of American Power. FA. July/August 2009,   pp. 18-33. მსჯელობას პირდაპირ ასე იწყებს, რომ აშშ-ს გლობალური დომინანტობის სამხედრო ბაზისი ეროზიას განიცდის (p.18). კრეპინევიჩი ამბობს, რომ wasting asset (გამაჩანაგებელი აქტივები) გაჩნდა ცივი ომის დასაწყისში. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა 1949 წლის აგვისტოში გამოსცადა პირველი ატომური ბომბი, აშშ-ში გავრცელდა პანიკა და ამერიკის ბირთვული არსენალი გახდა გამაჩანაგებელი აქტივები (p.19). აქ უნდა ითქვას, რომ ბირთვული იარაღის პრობლემის კონტექსტში გლობალური პოლიტიკური საკითხების განხილვა წესადაა ამერიკულ ანალიტიკაში.
ჯეინ მეიერის ბესტსელერში ავღანეთის კამპანიაზეა მოთხრობილი და ნათქვამია: after listening to the CIA’s warning …, the President responded, “All right. You’ve covered your ass now” (CIA-ს გაფრთხილების  მოსმენის შემდეგ პრეზიდენტმა (მხედველობაშია ბუში-გ.გ.) უპასუხა: „კარგი, თქვენ ახლა ტრაკები მიგიფარავთ“). Jane Mayer.  The Dark Side: The Story of How the War on Terror Turned into a War on American Ideals. Anchor Books. N.Y. 2009, p. 23.
ზბიგნევ ბჟეზინსკი FA-ს 2009 წლის შემოდგომის ნომერში წერს, რომ ვაშინგტონის ქედმაღლური უნილატერალიზმისა და მისი დემაგოგიური ისლამოფობიური ლოზუნგების კომბინაციამ ერაყში, დაასუსტა NATO-ს ერთიანობა და გამოიწვია მუსლიმთა აღშფოთების ფოკუსირება აშშ-ისა და საერთოდ დასავლეთის მიმართ. Zbigniew Brzezinski.   An Agenda  for NATO. FA. September/October 2009, p. 12.
არავისთან არ ჰქონიათ ამერიკელებს ასეთი ომი, როგორიც მათ აქვთ სალაფიტებტან. ამერიკელები გასულ საუკუნეში დიდხანს ომობდნენ ვიეტნამში (1964-75), კორეაში (1950-53), მაგრამ ეს იყო ომი ერთ ადგილზე, ერთ ქვეყანაში. სალაფიტებთან ომი კი გლობალურია. ეს არის ომი ფილიპინებიდან თავად აშშ-მდე, კავკასიიდან აფრიკამდე.
ამერიკელთა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა ჩანს იმაში, რომ ისინი ქვეყნებს ედავებიან დემოკრატიის არქონის გამო და ეს ამა თუ იმ ქვეყანაში შეჭრის საბაბი გამხდარა. ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთი არის აბსოლუტური მონარქია და არასოდეს თქმულა ამერიკელთაგან მისი დემოკრატიზების საჭიროებაზე. ლიბერალიზმი არავის არასდროს მოუსაკლისებია საუდის არაბეთში. აქ არ წაუქეზებიათ დისიდენტები, როგორც მათ აქეზებენ ჩინეთში, ირანში, რუსეთში, ბელარუსში. სადღეისოდ. 2012 წლის ზაფხულისათვის დასავლურ მედიაში ბევრზე ბევრი ითქმის სირიაში ოპოზიციის ხელისუფლებასთან ომზე. საუდის არაბეთსა მის მეზობელ საემიროებში  მიმდინარე ოპოზიციურ გამოსვლებზე თითქმის არაფერი ითქმის. ეს იმიტომ, რომ სირია აშშ-ს მოწინააღმდეგე და ირანის მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ალ-საუდია და საემიროები აშშ-ს ძველი მოკავშირეები და ირანის მტრები არიან. მათთვის არ არსებობს ლიბერალიზაციის ის მოთხოვნები, რისი სახელითაც აშშ სხვა ქვეყნებში შფოთს თესავს. ამერიკული პოლიტიკის ტერმინია friendly dictators (მეგობრული დიქტატორები), რაც ნიშნავს თვალის დახუჭვას დიქტატორულ მთავრობაზე, თუ დიქტატორი ამერიკანისტია. არის კიდევ სხვა ტერმინი „აუცილებელი ბოროტება“, რომელიც პირველ ტერმინს უკავშირდება. უცნაურობა, რომლის ახსნაც საძნელოა, ისაა, რომ რესპუბლიკური წყობილების არაბული ქვეყნები (ერაყი, სირია და სხვები) თუ მტრობენ ამერიკას, მონარქიული არაბული ქვეყნები (იორდანია, ალ-საუდია, ქუვეითი, ემირატები) ამერიკელთა ხანგრძლივი მოკავშირენი არიან. დიდი ახლო აღმოსავლეთის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავდა არაბეთის ამერიკანიზაციას, შეიმუშავეს პოლ ვულფოვიცმა, რიჩარდ პერლმა, დონალდ რამსფელდმა, ჰენრი კისინჯერმა და სხვა ნეოკონებმა. ერთი რამ არის აქ სათქმელი: ალ-საუდია და მისი მომეზობლე პატარა სამეფოები დიდი ხანია აშშ-ს მოკავშირენი არიან, მაგრამ ისლამის ამერიკანიზაცია და სეკულარიზაცია არ ხდება. ბევრს ცდილობენ საამისოდ ამერიკელები, მაგრამ ვერ გამოსდით.
ვინც იდეოლოგიის დასრულებას წლობით ირწმუნებოდა, მას ვკითხავ: თუ დასავლეთი ამერიკანიზაციის მოწინააღმდეგე რუსეთში, ბელორუსიაში, ირანში, ვენესუელაში მიმდინარე რაღაც მოვლენებს პროპაგანდისტული მიზნით ნეგატიურად აშუქებს, ეს ნიშნავს, რომ იდეოლოგიაც ისევ არსებობს. სადაც პროპაგანდაა, იქ იდეოლოგიაცაა. და ერთიც: დასავლურ მედიაში ამდენი ლაპარაკი ერაყის, სირიის ირანის remapping-ზე (საზღვრების შეცვლა) კვლავ ადასტურებს გაეროს  წესდების დარღვევას. რომ დასჭირდეს, აშშ ერთ დღეში გადაწყვეტს საუდის არაბეთის დინასტიის ბედს და ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის აუცილებლობაზე ლაპარაკით ქვეყანას გააყრუებს. არა, აქ არ იწყება „არაბული გაზაფხული“?
კარლ შმიტის პარტიზანი არის ტელუროკრატიული ნომოსის დამცველი. ეს საკითხი განხილულია ევროპელ და რუს პოლიტიკის თეორეტიკოსებთან გასული საუკუნის 90-იან წლებში. კარლ შმიტი და იოახიმ შიკელი (Joachim Schickel) საუბრობენ პარტიზანზე: Gespräch über den Partisanen წიგნში:  Carl Schmitt.  Staat, Großraum, Nomos. Arbeiten aus den Jahren 1916- 1969. Duncker & Humboldt. Berlin. 1995, S. 619- 36.
რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ თალიბების და მთლიანად სალაფიტების ძველ და ახალ კავშირებზე CIA-სთან, ამით ვერ იქნება დამცრობილი ის, რომ დასავლეთის ბანაკის რეგულარული ჯარი დამარცხდა პარტიზანულად მებრძოლ გლობალურ მოძრაობასთან. ახლა რომ მოჯაჰედები ყოფილიყვნენ თალიბების მაგივრად დასავლეთთან კონფრონტაციაში, მათზეც ზუსტად ასეთივე ღვარძლით იქნებოდა ნათქვამი, რომ ისინი CIA-ს აგენტები არიან. ამას მიეძღვნებოდა ანალიტიკური ტელეგადაცემები, პოლიტოლოგები კი სამეცნიერო ჟურნალებსა და გაზეთებს მონაჩმახით გაავსებდნენ. მოჯაჰედებს, რომელნიც შემდეგ თალიბებმა გაყარეს, საბჭოთა იმპერიასთან ომში ეხმარებოდნენ ამერიკელები. ისტორიიდან ცნობილია, რომ ირანთან ომის დროს 1980-88 წლებში, სადამ ჰუსეინს ეხმარებოდა CIA და  პროამერიკული ეგვიპტის დაზვერვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუსეინი CIA-ს კრეატურა და ამერიკის აგენტი იყო, როგორც თავის გამოჩენის მოსურნე ბევრ პოლიტოლოგს უთქვამს. სადაც ერთნაირი გახელებით, ერთი ტონით, ერთი და იგივე დეფამაციური ილეთების გამოყენებით  წერენ „ალ-ყაიდაზე“, რუსულ მაფიაზე, ჩინურ ტრიადებზე კომერციული და კარიერული მიზნით, ან გრანტის მიღებისათვის, იქ ანალიტიკა სანდო არაა.
ამერიკელებთან ომში დაიღუპა ბევრი სალაფიტი მეთაური ოსამა ბენ ლადენის ჩათვლით, მაგრამ ომის ინტენსივობამ სულაც არ იკლო, როგორც ამას მოელოდნენ. სენატორი ობამა 2006 წელს თავის წიგნში აღნიშნავდა, რომ მას უწოდებდნენ „ოსამა ობამას“. Barack Obama.  The Audacity of Hope: Thoughts on Reclaining the American Dream. Crown Publishers. NY. 2006, p. 122.
ოსამა ბენ ლადენის სიკვდილზე წერს ნაიჯელ ინკსტერი. Nigel Inkster.  The Death of Osama bin Laden. Survival, June-July 2011, pp.5-11.
იანკების საომარი break-through (გარღვევა) გადაიქცა  break-down-ად (მარცხად). რამდენი ითქმოდა სტრატეგიულ ნახტომზე (strategic surge) ამერიკულ საარმიო ჟურნალებში და არ გამოვიდა. 2006-09 წლების ამერიკული ანალიტიკური ჟურნალების ბევრი ნომერი ეძღვნება ამ  ომის საკითხს. ამერიკული საარმიო ოთხენოვანი ჟურნალი Military Review დიდ ადგილს უთმობს მიმდინარე ომის თემატიკას. ამერიკელი თეორეტიკოსების დისკურსი აღარაა ისეთი, როგორიც ის იყო 2001-05 წლებში. გაქრა მათი სამეცნიერო გამოცემებიდან ეს ჰიბრისი და bravado.  პრეზიდენტ ბუშის  მიერ ავიამზიდზე წარმოთქმული სიტყვებიდან, ანგლოამერიკული ტელეარხების ქედმაღლური ჩოჩქოლიდან აღარაფერი დარჩა. ზბიგნევ ბჟეზინსკი არას ამბობს ნეოკონთა იდეურ და სამხედრო მარცხზე, როდესაც ის  მიმოიხილავს  ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკას FA-ს 2010 წლის ნომერში. Zbignew Brzezinski. Appraising Obama’s  Foreign Polisy. FA, January/February 2010.Volume 89, Number 1, pp.16-30. ბჟეზინსკი ჭეშმარიტი მცოდნეა ამერიკული პოლიტიკისა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. He is a great connoisseur და მისი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია. ის აქ  ამბობს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკამ  „წარმოშვა უფრო მეტი მოლოდინი, ვიდრე სტრატეგიული გარღვევები“ (p.28).
ერაყის მეორე ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო იმედგაცრუებულობის გამოვლენა აშშ-ში  და ბუშის საპრეზიდენტო ვადის მილევისას (2008-9), როდესაც Great Recession (დიდი რეცესია) დაწყებული იყო, უკვე ხშირად ისმოდა, რომ America is in inevitable decline ( ამერიკის გარდაუვალი დაცემა), რომ ამერიკის ეპოქა დასრულდა.  აქ დავასახელებ ავტორებს, რომელნიც ამ საკითხზე წერდნენ:
David S. Mason. The end of the American century. Rowman & Littlefield Publishers. 2008.
Bruce Ackerman. The Decline and Fall of the American Republic. The Belknap Press of Harvard University Press.2010.
Sergio Fabbrini.  America and Its Critics.Virtues and Vices of the Democratic Hyperpower. Polity.2009.
Chalmers Johnson.  Dismantling the Empire: America’s Last Best Hope. Metropolitan Books. 2010.
არა მხოლოდ ამერიკის დაცემაზე გამოდის წიგნები, არამედ ევროპის და მთლიანად დასავლეთის დაცემაზე. მაგალითად:
Richard Youngs.  Europe’s Decline and Fall: The Struggle Against Global Irrelevance. Profile Books.2010.
David Marquand. The End of the West: The Once and Future Europe. Princeton University Press.2011.
პოლიტიკის მეცნიერი პარიზიდან დომინიკ მოიზი წერს ამერიკის გასაჭირზე: Dominique Moïsi.  The Land of Hope Again? An Old Dream for a New America. FA. September/October, 2008. (კვლავ იმედის ქვეყანა? ძველი ოცნება ახალი ამერიკისათვის). აქ ნათქვამია, რომ აშშ მეტად ვერ იქნება ჰიპერსახელმწიფო, მაგრამ ის მსოფლიოში ცენტრულ ადგილს ინარჩუნებს (p. 141).  ფრანგი მეცნიერი ამბობს, რომ ბოლო ორ ათწლეულში აშშ-ს პოზიციები მსოფლიოში ძირეულად შეიცვალა (ibid.).
CFR-ის (Council on Foreign Relations) პრეზიდენტ-ემერიტუსი  ლესლი გელბი ესსეში, რომელიც მისივე წიგნის ჟურნალისთვის ადაპტირებული ვერსიაა, წერს აშშ-ს დაცემაზე. Leslie H. Gelb.  Necessity, Choice, and Common Sense. A Policy for a Bewildering World. FA. May/June 2009, pp. 56-72.  გელბი პირდაპირ იწყებს, რომ აშშ როგორც სახელმწიფო და მსოფლიო ლიდერი ეცემა. გელბი ამას უწოდებს სეისმურ მოვლენას და იტყვის, რომ სიტუაცია მძიმეა, მაგრამ კიდევ შეიძლება მისი გამოსწორება, თუ ამერიკელებს ექნებათ მიზეზების ნათელი ხედვა და სიმამაცე მკურნალობის  საშუალებისთვის (p. 56).  ქვემოთ გელბი წერს, რომ ყოველი დიდი სახელმწიფო ან იმპერია საბოლოო ჯამში შიგნიდან ლპება. აშშ ქვეითდება თავის ლიდერობაში და იმყოფება უბედურებაში (is in trouble) (p. 72).
ბუშის დროს, ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩეინიმ ვაშინგტონში პროისრაელური ლობისტური ორგანიზაციის AIPAC-ის (American Israel Public Affairs Committee) ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას მიუთითა ოსამა ბენ ლადენის სიტყვებზე, რომ ერაყში მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი და ამერიკის დამარცხება ერაყში ნიშნავს მის დამარცხებას მსოფლიოს სხვა რეგიონებში. აქვე ჩეინიმ თქვა, რომ აშშ-ს ჯარის გაყვანა ერაყიდან გამოიწვევს კონფესიურ ომს შიიტებსა და სუნიტებს შორის. Газ. Коммерсантъ, 2007, 14 марта, N 40, ст.10.  უკვე 2007 წელს განიხილებოდა ჯარის გაყვანის საკითხი აშშ-ში, რის წინააღმდეგაც გამოვიდა ჩეინი.
ამერიკელები ერაყის მეორე ომის დაწყებისას ირწმუნებოდნენ, რომ ეს არის ომი, რომელიც სულ მალე დასრულდება დიდი იდეური გამარჯვებით და ბოლოს მოუღებს ყველა ომს. ეს ასე ვერ იქნება. ერაყის ომი არის დასაბამი მომავლის საზარელი ომებისა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში. ამის დანახვას ხელს უშლის მსოფლიოს პოლიტიკური ელიტების მოჩვენებითი ოპტიმიზმი, მსოფლიო                    მას- მედიის ილუზიონისტობა, ბლეფური ვერბალიზება და ექოლალია.
ნობელიანტმა ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა ლინდა ბილმზთან ერთად გამოსცა წიგნი ერაყის ომზე, რომელიც იყო New York Times-ის ბესტსელერი:
Joseph E. Stiglitz  and Linda J. Bilmes. The Three Trillion Dollar War. The True Cost of the Iraq Conflict. W.W. Norton & Company. New York, London. 2008.
ამ წიგნის პირველივე თავიდან ავტორები დაწვრილებით ანგარიშობენ ერაყის ომის ხარჯებს. აქ ნათქვამია, რომ ომი ერაყში განმარტებულ იქნა როგორც clash of civilizations (ცივილიზაციათა შეჯახება) და როგორც ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა ისლამის წინააღმდეგ (p. 144). გარჩეულია ამ ომის ნავთობთან მიმართება (pp. 258-67) და მოხმობილია მრავალი სტატისტიკური მონაცემი.
ამერიკულ ანალიტიკურ ჟურნალებში ხშირად განიხილება მსოფლიო ლიდერობის პრეტენდენტების, ამერიკის კონკურენტების შესაძლებლობანი. არაფერი ითქმის ახალი ფორმაციული იდეის აუცილებლობაზე. სოციალიზმის მარცხის შემდეგ კაპიტალიზმის კრიზისიც გარდაუვალი გახდა. ლიბერალ-კაპიტალიზმი არაა ისტორიის ფინალისტი. მან ვერ დაასრულა ისტორია. ამავე დროს კაპიტალისტური ეკონომოცენტრიზმი იგულისხმება უკანასკნელ ფორმაციულ საფეხურად. ეს არის ნაკლი დასავლური ისტორიოგრაფიული დისკურსისა. არ ითქმის, რომ დემოკრატია დიდი ხანია ფიქციად იქცა და დასავლურ ფილოსოფიას არ შეუძლია საზრისი მიანიჭოს ამ სასაცილოდ ქცეულ ცნებას. ლიბერალიზმის დევალვაცია, სისტემის ეროზია მიმდინარეობს.
ისტორიის ამერიკანიზებული ფინალი ვერ განხორციელდა. არის უფრო დიდი რამ, ვიდრე ერთადერთ და საბოლოო ჭეშმარიტებად მიჩნეული კაპიტალისტიფიცირებული, მარკეტიზებული დემოკრატია. ის ვერ იქნება ისტორიის დამასრულებელი. ისტორია არ დასრულებულა და ის დრამატულად გრძელდება. ისტორიამ შეკვეცა ამერიკული იმპერიის დაო. ზეცის მანდატი არა აქვთ ამერიკელებს. ახლა მაინც უნდა გამოითქვას ისტორიკოსთაგან ისტორიოსოფიული ჭეშმარიტი ალკინოია (მამაცი აზრი).
იოლია იშთა გებით იუბნო ამერიკელ ნეოკონებზე, მიუთითო ეთნიკური სუვერენიტეტის პრინციპზე  და ბრიყვულად დაასკვნა, რომ ყველა იმპერია უნდა დაიშალოს. ისტორია გრძელდება იმისთვის, რომ ახალი დიდი იდეა, ახალი იმპერია იშვას და არა იმისთვის, რომ ეთნონარცისული პროვინციალიზმი შაბლონური მითითებით თვითმყოფადობასა და ნაციონალურ იდენტობაზე ადამიანის ფოსილიზაციას ახდენდეს და დაამკვიდროს ჭაობი. დიდი კატასტროფა და მილიონობით მსხვერპლი, როგორიც მაგალითად იყო მესამე რაიხის დროს, საბჭოთა იმპერიის დროს, მშვენიერი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შემდგომში ჰუმანიტარისტიკას მიაწყდეს ათასობით აკადემიური აფერისტი, მკვდრებით ჟონგლირება დაიწყოს, შექმნას მორალის ილუზია და წლობით იბოგინოს სამეცნიერო ასპარეზზე თავისი წიგნებით. ღვთისმეტყველთ კი ეძლევათ ამოუწურავი ლიმიტი, რათა ამტკიცონ ბოროტების დამარცხება და სიკეთის გამარჯვება. იეზუიტთა ორდენის ბრძოლა პროტესტანტ დისიდენტებთან და ინკვიზიცია რომ ევროპის გუშინდელი დღე ყოფილიყო, ესეც იქნებოდა საბაბი, რომ ჰუმანიტარისტიკაში ათასობით  ფრაზიორი მედროვე მოსულიყო.
დიდი აზრი, დიდი კულტურა სწორედ იმპერიებში შობილა. ყოველმა მოდგმამ, ვინც ისტორიაში საშვილიშვილო კვალი დატოვა, იმპერიალისტი იყო. იმპეროგენეზი არის ადამიანის ისტორია და არა ნაციოგენეზი. ჭეშმარიტი ნაციოგენეზი მიდის ისევ იმპერიამდე, მიუხედავად იმისა, რომ ის აღმოცენდა იმპერიასთან დავაში და არის იმპეროგენეზის საპირისპირო მოვლენა. იმპერიები იშლებოდნენ იმისთვის, რომ უფრო ძლიერ იმპერიებს ჩაჰყროდა საფუძველი. იმპერია ტელეონომიური (მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული) და პროვიდენციულია. ბაბილონის გოდოლის შენება ყველა საუკუნეში გრძელდება და თითოეულმა ხალხმა თავისი ქვა  უნდა დადოს მის კედელზე. გოდოლის შენება მისი მაშენებელი ხალხისათვის არის როგორც იაკობისა და ღმერთის ბრძოლა. ძველისძველი მითი ბაბილონის გოდოლზე  უნდა გაგრძელდეს ტექნიკის ტრიუმფის საუკუნეშიც. თავად ტექნიკაა საყოველთაო მითი, რომელმაც სხვა მითები უნდა აცხოველოს. ტექნიკა არაა ანტიმითი. ის უმითესი მითია, დიადი მითოსია, რომელიც ღმერთის შემეცნების საკითხს უჩვეულო განასერში წარმოაჩენს. ეკოლოგიაზე ლაპარაკი არაა ტექნიკის მითის კონტრარგუმენტი. მითი მორჭმით ავლენს თავს იქ, საიდანაც თითქოს სამუდამოდ განდევნილია.    ტექნიკაა ის სუპრარელიგიური უნივერსული ანთროპოდიცეა, რომელიც ყოველი მოდგმის კაცს სახელით მოსავს. ტექნიკის მითში ვლინდება ბაბილონის გოდოლის შორეული სახება. ეს გაცილებით დიდი რამ არის, ვიდრე გლობალიზაცია. ნიმროდის გოდოლის ჩრდილი ეცემა ამა ჟამის კაცთა სამყოფელს. მიწყივ გოდლოის გოდოლი იმპერიისა. ბოლო ჟამს ანტიქრისტესა და ქრისტეს ერთი საზრუნავი ექნებათ. ეს არის მსოფლიო იმპერიის შექმნა. თავად ღმერთი დადგება ნიმროდად, ხალხთა შემკრებად და გოდოლის მაშენებლად. ეს ჟამი უკვე დაიწყო.
კოსმოპოლიტიზმი  და  ეთნოცენტრიზმი
ფრიდრიხ შილერის (1759-1805) დრამა „დონ კარლოსი“, რომელსაც ავტორი თითქმის ხუთი წელი ქმნიდა (1783-87 წლები), არის საეპოქო მხატვრული ქმნილება, რომელშიც რევოლუციური ცეცხლი აკვესებს. ამ დრამაში ესპანეთის იმპერიის მეფის, ფილიპე II-ის ვაჟის, ტახტის მემკვიდრის, დონ კარლოსის მოძღვარი, მალთეზერის ორდენის რაინდი, მარკიზი როდრიგო დე პოზა ევედრება კარლოსს გახდეს რეფორმატორი მეფე. ეს არის ამ დრამის მესამე მოქმედების მეათე სცენა, უცნობილესი მონაკვეთი, რომელსაც ევროპული პოლიტიკური ძალების მიერ XIX-XX საუკუნეებში საპროგრამო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს ის დროა, როცა ლიტერატურა და თეატრი პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში იდგნენ და  კულტურის მეჩირაღდნენი იყვნენ.  ამ დრამაში გამოკვეთილია მასონ განმანათლებელთა მრწამსი განათლებულ მონარქზე. ამ იდეაში სჭვივის პლატონის სწავლება, რომ ქვეყნის მთავარი ფილოსოფოსი უნდა ყოფილიყო. შილერს გოეთესთან ერთად სწამდა განათლებული მონარქიის იდეისა. უფრო ადრე, დენი დიდრო პეტერბურგში ჩავიდა იმპერატრიცა ეკატერინა II-სთან და არწმუნებდა მას რეფორმების აუცილებლობაში. განმანათლებელნი კოსმოპოლიტებად მოიაზრებდნენ თავს და მთელი მსოფლიოსათვის წერდნენ. მათთვის მსოფლიო იყო ის ოიკუმენა, რომელიც განმანათლებლურ იდეებს უნდა გაებრწყინებინათ. მარკიზ დე პოზას შილერი მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს. მარკიზი შესთხოვს მეფეს დაუშვას აზრის თავისუფლება და გახდეს სახელოვანი მონარქი ქვეშევრდომთათვის. თავად შილერი იდეისათვის წამებული კაცი იყო. ვინღა კითხულობს ახლა „დონ კარლოსს“? რამდენი საეპოქო ნაწარმოები მისცემია დავიწყებას. ნეოლიბერალიზმმა ვერ შექმნა ახალი იდეა პოსტსაბჭოთა პერიოდში და რაც იყო, ისიც გააქიაქა ბაზრის სახელით. განმანათლებლობა თავად დასავლეთმა დაასრულა 90-იან წლებში. კოსმოპოლიტური იდეის კრეაციის უნარი დასავლეთს არ აღმოაჩნდა. მისი ოიკუმენა მხოლოდ მონეტარისტული ბაზარი იყო.
ელინისტური ოიკუმენაა ის, რაც ალექსანდრე მაკედონელმა შექმნა. ბერძნული კულტურის ზენიტი მისი კოსმოპოლიტურობაა.  ქრისტეს მოსვლამდე, ალექსანდრემ თავისი მოძღვრის, არისტოტელეს საწინააღმდეგოდ აღასრულა პრინციპი, რომ დიდი იდეა - ელინობა   ყველასთვის იყო და ყველანი ელინობისთვის იყვნენ. არისტოტელეს  „პოლიტიკის“ მეორე ნაწილის მეშვიდე წიგნში (თავი VI), ნათქვამი აქვს, რომ ბერძნები საუკეთესონი არიან ევროპელებსა და აზიელებს შორის თავისი სახელმწიფო წყობილებით და შეუძლიათ ყველა ხალხის ხელმძღვანელობა, თუ მათ ერთიანი სახელმწიფო ექნებოდათ. ალექსანდრეს ათი წელი კიდევ რომ ეცოცხლა, აზიისა და მსოფლიოს ისტორია სხვაგვარი იქნებოდა. თავისი იმპერიის სატახტო ქალაქად ალექსანდრემ ბაბილონი გამოაცხადა. ამაში არის დიდი აზრი. თორასეული ნიმროდის იმპერია კვლავ განსხეულდა. ალექსანდრე დიდის ოიკუმენა მოგვიანოდ რომაელებთან იყო orbis Romanus. შემდეგ სიტყვა  ოიკუმენე  გადმოდის სახარებისეულ ბერძნულში, გახდა ახალი აღთქმის ცნება (ლუკ. 2, 1; საქმ. 24, 5) და გაიგება როგორც იმპერია, რომის იმპერია. მოციქულთა ეპისტოლეებიც ოიკუმენურ-იმპერიულია. პეტრე, პავლე და სხვა მოციქულნი ქადაგებენ ქრისტეში მდგარ უნივერსულ ადამიანსა და მის ეთიკაზე, ქადაგებენ არა ოიკუმენიდან ხალხების განცალკევებაზე, არამედ ოიკუმენაში ხალხთა ერთობაზე. დაიშალა რომის იმპერია და ქრისტეს სიტყვამ, მისმა ეკლესიამ იმპერია ისევ უნდა აღადგინოს. ეს იქნება ყოველი მწიკვლისაგან განწმენდილი ქრისტიანული რომი. ეკლესიის მოღვაწეობა მისი პირველი დღეებიდანვე იყო იმპერიული. როგორც ღმერთია მთლიანი ერთი, ასევე არის მისი მიწიერი სამეფო. იმპერია ჰოლიზმია, ჰოლისტურობაა. პლატონის დროის ბერძნულში ტო ჰოლონ (მთელი, ერთი) ღმერთის სინონიმია. ასევე დარჩა ამ სიტყვის სემანტიკა ბიზანტიურ ბერძნულში. დაშლილი რომის იმპერიის ხალხები კი არ უნდა მიმოიფანტონ, არამედ კვლავ უნდა ერთობდნენ განახლებულ, მადლმოსილ რომში. ყოველი ავტორიტეტული ეკლესიის მამა მოიაზრება თავის მოქალაქეობაში (მოღვაწეობაში), როგორც ქრისტეს ქალაქის მოქალაქე, როგორც ქრისტეს მოესავი კოსმოპოლიტი. ოღონდ ჰაგიოგრაფიაში აღარ გამოიყენება სიტყვა „კოსმოპოლიტი“ მისი წარმართული წარმოშობილობის გამო. ამ სიტყვის სემანტიკა სხვაგვარად იქნა ვერბალიზებული მამებთან. მათ დაივიწყეს ეს და კიდევ ბევრი სხვა ელინისტური ფილოსოფიიდან მომდინარე სიტყვა.
ოიკუმენასთან, იმპერიასთან და ბასილეიასთან ორგანულად დაკავშირებულია დიდად ჭირნახული სიტყვა „კოსმოპოლიტიზმი“.              კოსმოპოლიტი ნიშნავს მსოფლიო მოქალაქეს. რომაელ სტოიკოსებთან მას დიდი ფილოსოფიური და იმპერიული მნიშვნელობა აქვს.
კოსმოპოლიტური მრწამსი ანტონინუსთა დინასტიის მაშვრალ წარმომადგენელს, ფილოსოფოსსა და მეომარს, ქრისტეს აქეთ მცხოვრებ იმპერატორ მარკუს ავრელიუსს (121-180 წწ.) თავისი თხზულების,  „ფიქრების“ მეოთხე და მეხუთე წიგნებში კარგად აქვს გამოხატული. მარკუს ავრელიუსი იმპერიას მახვილით იცავდა. მის წიგნში ადამიანის სათნო ცხოვრებაზეა მსჯელობა და არა  სეპარატისტულ თვითგამორკვევაზე. ელინისტი და ალექსანდრე დიდის იდეური მემკვიდრე იყო მარკუს ავრელიუსი. ის ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მის ნააზრევსა და იმპერიულ ნაღვაწზე დაეშენა ქრისტიან მამათა სწავლება უნივერსულ ქრისტიანულ სახელმწიფოზე. დიდად ემსგავსებიან მარკუს ავრელიუსს ეკლესიის მამები, რომელნიც იმპერიას იცავენ, მსჯელობენ ქრისტიან ადამიანზე და  არა  თვითგამორკვევაზე. მარკუს ავრელიუსი ამბობს: „მე ჩემი სამშობლო მაქვს და  ჩემი ქალაქი: როგორც ანტონინუსს- რომი, როგორც კაცს-სამყარო“ (წიგნი მეექვსე, 44). პავლე მოციქული კი ფილიპელთა მიმართ   ამბობს: „ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ (3, 20).
რომაულ კოსმოპოლიტურ სტოიციზმში წარმოიშვა Civitas Dei-ს (ღვთის ქალაქი) იდეა, რაც გადაიღო ქრისტიანობამ. სამყარო და ქალაქი სტოიკოს კოსმოპოლიტებთან იგივური ცნებებია. ავგუსტინესთან ამ იდეამ მიიღო დასრულებული სწავლების სახე. ავგუსტინეს ეფუძნება ქრისტიანული უნივერსალიზმისა და იმპერიალიზმის თეოლოგია.  ალექსანდრე დიდის კვალად მარკუს ავრელიუსი რომის იმპერიაში ხედავდა არა რომაელებსა და ბარბაროსებს, არამედ ადამიანებს.  ეს ეკლესიის მამებისთვისაც ასეა. ქრისტიანული ღვთის ქალაქის ქვეშევრდომი ცხონდება, მის გარეთ მყოფი კი წარიწყმიდება. სტოიკური ფილოსოფიური პრინციპი ავგუსტინესთან იქცა თეოლოგიურ ექსტრემუმად. ქრისტეს იმპერიას ჰქონდა სოტერიოლოგიური მიზანი. მთელი იმპერია ტემენოსია (ღმერთის ვლენის ადგილია). იმპერიის ტერმინუსები (საზღვრები) აღნიშნავს ღვთის მადლის მიწაზე გების მასშტაბებს. მის იქით რაც არის, ის ღვთის მადლს მოკლებულია. ქრისტიანს უხამს მისი შემოერთება, ხალხთა სიტყვითა და მახვილით მომოწაფება.
კოსმოპოლიტიზმი ვლინდება იტალიურ ჰუმანიზმსა და რენესანსში, ყველა უტოპიურ სწავლებაში. რენესანსული ხელოვანი უნივერსულია. ახალი კოსმოპოლიტიზმია ფრანგული რევოლუციის იდეები. XIX  საუკუნის  ევროპაში კოსმოპოლიტიზმი ვლინდება პოლიტიკურ მოძღვრებებში. ევროპელი კულტურტრეგერი  პროგრესის სახელით შედიოდა მსოფლიოს უშორეს მხარეებში. იგი რასისტიც იყო და კოსმოპოლიტიც. ევროპაშივე მიიღო კოსმოპოლიტიზმის ცნებამ ნეგატიური განმარტება ნაციონალისტი რევოლუციონერების მხრიდან, როდესაც ნაცია-სახელმწიფოს იდეა მათთვის ორიენტირი იყო. საბჭოთა მარქსიზმში კოსმოპოლიტიზმი მუდამ იგმობოდა როგორც ბურჟუაზიული თეორია, რომელიც ქადაგებდა გულგრილ დამოკიდებულებას სამშობლოსადმი, პატრიოტიზმისა და საკუთარი ხალხისადმი, მისი კულტურისადმი. საბჭოთა მარქსიზმის მიხედვით, კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ნაციონალური სუვერენიტეტისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ხალხთა ბრძოლას და ცდილობს მსოფლიო მთავრობის დამკვიდრებას.   საბჭოთა იდეოლოგია კოსმოპოლიტიზმს უპირისპირებდა ნაციონალურ დამოუკიდებლობის იდეას და  სოციალისტურ ინტერნაციონალიზმს. კოსმოპოლიტიზმის ასეთი შეფასება რომ წაეკითხათ მარკუს ავრელიუსს, ავგუსტინეს, ბასილ კესარიელს, მაქსიმე აღმსარებელს, ბერნარ კლერვოელს, თომა აკვინელს, ან მეფეებს- დავით აღმაშენებელს, მაქსიმილიან ჰაბსბურგს, ნაპოლეონ ბონაპარტეს, ცხადია, აღშფოთდებოდნენ. ეს შეფასება კოსმოპოლიტიზმისა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, მომდინარეობს პროტესტანტული პოლიტიკური თეოლოგიიდან  და ფრანგული განმანათლებლური რევოლუციონიზმიდან. ორივე მათგანი იყო პაპისტური უნივერსალიზმისა და პანევროპული მონარქიულ-კათოლიკური იმპერიის მტერი. პროტესტანტიზმი და შემდეგ განმანათლებლური ლაიციზმი მტრობდა საეკლესიო და სამეფო იმპერიულ უნივერსალიზმს. კოსმოპოლიტიზმის ბოლშევიკურ გმობაში ისმის  მარტინ ლუთერის, ულრიხ ცვინგლის, ჟან კალვინის ხმები და ფრანგ რევოლუციონერთა ყიჟინა. გაცვეთილ და მომაბეზრებელ იდეოლოგიურ შაბლონში ხშირად დიდი აზრი იმალება. ამას მახვილი თვალი ყოველთვის დაინახავს. დიდი შინაარსობრივი განსხვავება კოსმოპოლიტიზმსა და ინტერნაციონალიზმს შორის არ იყო (ინტერნაციონალური და ტრანსნაციონალური ახლოს დგანან ერთმანეთთან თავისი სემანტიკით). ეს იფარებოდა იდეოლოგიური შეფასებების კატეგორიულობით. დასავლელ ლიბერალთა მიერ საბჭოთა ინტერნაციონალიზმის გმობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც კომუნისტთა მიერ ბურჟუაზიული კოსმოპოლიტიზმის გმობა. ამ საკვირველ მოვლენას ახლანდელ ისტორიკოსთაგან და ღვთისმეტყველთაგან არავინ მიაქცია ყურადღება. დასავლეთი უარყოფდა საბჭოთა უნივერსალიზმსა და იმპერიას საბჭოთა ხალხების დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე მითითებით. დასავლეთი ხალხთა თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის პრინციპს კომუნისტური ინტერნაციონალიზმის გმობისთვის იყენებდა. ამ დიდად საგულისხმო ვითარების გააზრებით, როდესაც ორი სისტემა ერთურთს უარყოფს ერთი და იგივე არგუმენტების მოხმობით, დაგვანახებს, რომ იმპერიის იდეა, იმპერია როგორც ისტორიის ინვარიანტული და კონსეკვენტური მოვლენა დგას ორი ბანაკის მტრობაზე მაღლა. დეფინიცირების ვარიაციები ბევრია და ამ სიმრავლის მიღმა დგას ბაბილონის გოდოლის დიდი, იმპერიული ნომოსი. აზიის დეკოლონიზაციის დროს კომუნისტები დასავლეთს მიუთითებდნენ კოლონიური ხალხების დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე.   საბჭოთა კომუნისტები ხელს უწყობდნენ კოლონიალისტური იმპერიების დაშლას. ლიბერალები კი მიუთითებდნენ საბჭოთა ხალხების დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე და ლამობდნენ საბჭოთა იმპერიის დაშლას. როგორც საბჭოთა კავშირში სიხარულით ხვდებოდნენ ევროპული კოლონიალისტური იმპერიების დაშლას, აზია-აფრიკის კოლონიების მიერ სუვერენიტეტის გამოცხადებას,  გაეროში მათ შესვლას, ასევე დასავლეთში სიხარულით ხვდებოდნენ საბჭოთა იმპერიის დაშლას,  საბჭოთა ხალხების ნებისმიერ სეპარატისტულ ექსცესებს, მათ მიერ სუვერენიტეტის გამოცხადებასა და გაეროში შესვლას. ორივე შემთხვევაში სუვერენიტეტი დასტურდებოდა მონდიალისტურ, უნივერსულ და კოსმოპოლიტურ ორგანიზაციაში - UN-ში. ამ არსებით ვითარებას არ მიექცა ყურადღება არც ანტისაბჭოელი დისიდენტების,  არც ახლადნაბარტყები პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მიერ. ის, რაც დიდ ისტორიულ ნოვაციად და დასავლური პოლიტიკის ზნეობრიობად წარმოჩინდა, სახელდობრ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესვლა გაეროში, სინამდვილეში იყო ძველისძველი კოლიზია იმპეროცენტრულ და ეთნოსეპარატისტულ ძალებს შორის. ვერბალურმა კომბინატორიკამ და პოლიტიკურმა კორექტულობამ ეს ვერ დამალა. შენ რომ მიდიოდი,  სხვა უკვე დიდი ხნის მოსული იყო. ამდენი წელი თურმე ბალახი გიძოვია და გეგონა, რომ სამეფო ტაბლას უჯექი. ჩინებული წვეული და ბრძენი მეინახე გეგონა თავი, ბითური კი ყოფილხარ. აი ამას ვეტყვი ანტისაბჭოელ დისიდენტებს და პოლიტოლოგებს, რომელნიც თავისი შეგნებით 90-იან წლებში ჩარჩნენ და ჩამყაყდნენ. ეს ჩანს ყველა მათ ინტერვიუში. მათ ნაწერებზე აღარაფერს ვამბობ. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ კოსმოპოლიტიზმი კვლავ გასაკილავი გახდა ანტისაბჭოთა ნაციონალისტი დისიდენტებისა და ეთნოცენტრისტი შარლატანებისათვის. დასავლური დემოკრატიის იდეა ქრისტიანობასთან ერთად მათ საკუთარი ნაციონალიზმის ურყევ ბურჯად მიიჩნიეს, რაც თავიდანვე უაზრობა იყო. დასავლური დემოკრატია კოსმოპოლიტიზმის ერთ-ერთი სინონიმია.                                                          ის ეთნონაციონალიზმისათვის მცირე ადგილს ტოვებს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს სიონისტების, მასონებისა და მონდიალისტების ბრალით კი არ ხდება, როგორც ეთნისტები ბრიყვულად განმარტავენ, არამედ მსოფლიო ისტორიის ენდოგენური თვისებაა. ანტიმარქსისტმა დისიდენტებმა დაამკვიდრეს აზრი, რომ მარქსიზმი ეროვნებისა და სამშობლოს მტერია, კოსმოპოლიტური მოძღვრებაა. ლიბერალ-დემოკრატია კი  ნაციონალიზმის ინტერესების მაქსიმალურად გამომხატველი მოძღვრებაა. ამის მტკიცება დღემდე გრძელდება სამეცნიერო ტრიბუნიდან. მონდიალისტი და გლობალისტი იყო მარქსი, მაგრამ კაპიტალიზმის თეორეტიკოსებიც ასეთები იყვნენ, რაც არ დაინახა მარქსის მაგინებელთა ჭრელმა დასმა. ნეომონდიალისტია ფრენსის ფუკუიამა და მისი ისტორიის დასასრული ჩამოჰგავს მარქსისეულ ისტორიის დასასრულს. ორივე მათგანი ლაიცისტური ქილიაზმია. თანმიმდევრული ლიბერალიზმი ან ასეთივე სოციალიზმი კოსმოპოლიტურია. ლიბერალი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით არის citizen of the world (მსოფლიოს მოქალაქე). ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოში მელექსია აფერისტების, გაზეთის ბოზების, ცუდი ისტორიკოსების პატრიოტობას არ გასცილებია. დასავლური პოლიტოლოგიისა და ზოგადად ჰუმანიტარისტიკის დიდი ტყუილია, რომ იმპერიალისტური ამბიცია ტოტალიტარულ სისტემებს - ნაციზმსა და ბოლშევიზმს დაუკავშირა, ლიბერალ-კაპიტალიზმი კი მათ პოლიტიკურ ანტიპოდად და  სუვერენიტეტების გარანტად წარმოაჩინა. ამაზე პარაზიტირებდა იდეურად დისიდენტობა 80-90-იან წლებში. პარადოქსი ისაა, რომ სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მანამ ჰანა არენდტის მრავალჯერ გამოცემული წიგნი ტოტალიტარიზმზე (Hannah Arendt.  The Origins of Totalitarianism) ისე აჩენდა, რომ სწორი გეზი ისტორიისა ლიბერალ-კაპიტალიზმს ეჭირა. 90-იან წლებშივე გამოჩნდა არენდტის დისკურსის სრული სიმცდარე. ინერციითა და უცოდინრობითღა იყო, რომ ამ წიგნზე კვლავ მიუთითებდნენ და ახლაც მიუთითებენ. არენდტის ამ წიგნის მოთხრა ძალზე იოლი იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991 წლის აგვისტო) გაცილებით ადრე. ეს საბჭოეთში ვერვინ გააკეთა. შემდეგ დრომ მოთხარა და გააცამტვერა ეს წიგნი, რომელზეც ამდენს მიუთითებდა ანტისაბჭოელი დისიდენტურა. არენდტის წიგნი ანტისაბჭოელი დისიდენტების პოლიტიკური კატეხიზმო იყო. ლიბერალ-კაპიტალიზმიც ტოტალიტარიზმია, ლიბერალიზმიც იმპერიული ამბიციის მქონეა. უაზრობაა ფრაზა „მარქსიზმ-ლენინიზმი ტოტალიტარიზმის ისტორიული ფორმაა“. კი მაგრამ, მარქსიზმამდე რა იყო? ტოტალიტარიზმია მონარქია. რამდენი კაცი აცდუნა ამ ტერმინმა. გადაჰკიდებიან მას და დღემდე აჭახჭახებენ. არასწორია თავად ცნება „ტოტალიტარიზმი“ როგორც ნეგაცია. (იხილე ავტორის ნაშრომი: გოჩა გვასალია. ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები. 2005.  პირველი და მეორე თავები).
1991 წლიდანვე, როდესაც ახალ მსოფლიო წესრიგზე დაიწყო ლაპარაკი ყველა დონის ტრიბუნიდან, მსოფლიოს თავზე ახალი ომის აჩრდილი დაადგა. მაშინ არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მის დამშლელთა ზნეობაზე არას მეტყველებდა. ცრუ ლიბერალ - მესიანისტური გზნებით, ცრუ აღტყინებით წლობით იუბნეს დამდეგ მარადიულ მშვიდობაზე კაპიტალიზმის პროვინციელმა აპოლოგეტებმა, რომ ბოროტების იმპერია და სატანა დამარცხდნენ და ღმერთი მოვიდა საბაზრო სიბრძნითა და ლიბერალიზმით. ეს დიდი მაიმუნობა იყო, რაშიც ქართველებმა დიდად გამოიჩინეს თავი, რათა გაემართლებინათ ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე სამუდამო დასამარება, სამოქალაქო ომი და მამულის გაყიდვა, საკუთარი დეგენერატობის საშვილიშვილო დადასტურება. ეს აღტყინება, ისევე როგორც ათეიზმის შემდეგ ეკლესიასთან დაბრუნებაზე არტისტული ლაპარაკი, იყო ილეთი საკუთარი უვიცობის, რესენტიმენტულობის და პოლიტიკური ნარცისიზმის დასამალად. ყოველი კაცი მისმა ნათქვამმა ამხილა. ყოველი კაცი თავისი სიტყვით სამუდამოდ დასტურდება. პოლიტკორექტულობა ამ წესს ვერ გააბათილებს. პოლიტკორექტულობა დისკრედიტებული სისტემის სავალდებულო ტყუილი და ვერბალური კომბინატორიკაა. ეს ამოსაკვეთი სნეულებაა. პოლიტკორექტულობა იქცა ცენზურად და კონფორმიზმად. პოლიტკორექტულობა უკანასკნელი ადამიანების პოლიტიკური სახარებაა. პოლიტკორექტულობამ მოახდინა სინდისის ელიმინაცია ჰუმანიტარული დისკურსიდან და დაბლა დასწია სააზროვნო ნიშნული. ეს მისი დიდი მიღწევაა.
დიდი ომის აჩრდილი არ მოშორებია მსოფლიოს გასული საუკუნის ბოლო ათწლედსა და ამ საუკუნის პირველ ათწლედში. მშვიდობაზე ამდენი ლაპარაკის მიუხედავად ეს აჩრდილი კი არ განქარდა, არამედ მან ხორცი შეისხა. მთელმა ამ  სამშვიდობო პოლიტიკურმა სინტაქსისმა მახინჯი ნაყოფი გამოიღო. ეს ვითარება ჰგავს პირველი პანევროპული ომის წინა პერიოდს. უკვე  XIX   საუკუნის ბოლო ათწლედში დიდი ომის აჩრდილი ევროპას თავს დაადგა. ფრიდრიხ ნიცშე იყო ის პროფეტული ფილოსოფოსი, ვინც თავისი საუკუნის მიწურულს, ევროპელთა კულტურტრეგერული ენამზეობისა და რაციონალიზმის აპოლოგეტობის მიღმა საზარელი ომის აჩრდილს თვალი ჰკიდა.
კოსმოპოლიტურია და იმპერიული სოციალიზმიცა და კაპიტალიზმიც. დრომ დაუნდობლად წარმოაჩინა დისიდენტების პოლიტიკური დისკურსის მცდარობა. ისინი არც ნაციონალისტებად გამოდგნენ. მათ მოახდინეს რელიგიის ეთნიზაცია და სურდათ ღმერთი თავის მოკავშირედ გამოეყვანათ კოსმოპოლიტიზმის გმობისას. ღმერთი, როგორც კოსმოკრატორი (სამყაროს მეუფე), მათი მოკავშირე ვერ იქნებოდა. ეთნოცენტრისტი დისიდენტი აღმოჩნდა ერთგანზომილებიანი ადამიანი სამგანზომილებიან პოლიტიკურ კოსმოსში. ის აღმოჩნდა საშინელი პროფანი და პოლიტიკის უმეცარი.        იყვნენ პროტესტანტი დისიდენტები ლუთერისა და კალვინის დროიდან. მათ ღრმა კვალი დააჩნიეს ისტორიას. იყვნენ განმანათლებელი მასონი დისიდენტები, რომელთაც უფრო ღრმა კვალი დაატყეს ისტორიას. იყვნენ ანტიკოლონიალისტი დისიდენტები (მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა და სხვები), რომელთაც ეპოქა შექმნეს პოლიტიკური იდეების ისტორიაში. იყვნენ ანტისაბჭოელი დისიდენტები, რომელთაც წაბილწეს ყველაფერი და სირცხვილით შეიმკეს თავი. მათი წარსული მათსავე მაყვედრებლად დადგა. თავად მათმა მოკავშირე დასავლეთმა ისინი ან წიხლით გაყარა, ან პოლიტკორექტულად თავიდან მოიშორა. მუდამ წყევლითა და გინებით სახსენებნი არიან ანტისაბჭოელი დისიდენტები.
აზრით ძლიერი როდესაც ხარ, სიმაღლესა და ჰორიზონტს როდესაც ფლობ, მაშინ ვერ იქნები ეთნოცენტრისტი. საკუთარი სული აგიჯანყდება. აზრის ასპარეზმა, ფილოსოფიამ გამოსცადა მრავალი კაცი და დაიწუნა. მხოლოდ ის ნაციონალიზმია ღირებული, რომელსაც აქვს თავისი საზღვრებიდან გაღწევისა და პოლიეთნიკურ უნივერსალიზმად ქცევის პოტენცია. ხალხთა თვითგამორკვევის, სუვერენიტეტისა და ეთნიკური თვითმყოფადობის პრინციპი არ გამოდგება კოსმოპოლიტიზმისა და საიმპერიო უნივერსალიზმის თვითკმარ არგუმენტად.
განათლების სფეროში, ასევე პოლიტიკურ მენეჯმენტში ხშირად ითქმოდა და ითქმის ფრაზები „ჩვენი პლანეტის ოჯახი“, „ცივილიზებული სამყაროს პლანეტარული ცნობიერება“. ამით სურთ წარმოაჩინონ,რომ  ადამიანმა უკვე მიაღწია პლანეტის მასშტაბს აზროვნებაში და, მაშასადამე, ის პლანეტის მოქალაქეა, ჭეშმარიტი კოსმოპოლიტია. სურთ წარმოაჩინონ,რომ თანამედროვე პაიდეიამ უკვე მიაღწია ამ სანუკავ მიზანს.
ერთურთის პარალელურად მიმდინარეობს მსოფლიოში გლობალური უნიფიკაცია და გლობალური ეთნიკური ფრაგმენტაცია. გაიმარჯვებს გლობალური უნიფიკაცია. საგანმანათლებლო უტოპიზმი (დადებითი აზრით) და მისგან გამოსული მარქსიზმი ეთნიკურ ფრაგმენტაციას და მთელს მის პრეტენზიებს საზრისსა და სტატუსს ანიჭებდა, აყენებდა რა მას სოციალისტური ორიენტაციის გზაზე. დღეისთვის ეს აღარაა და არც იქნება მეტად. სულაც არაა მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევი, თუ გაეროს, ამერიკელ მონდიალისტთაგანვე ხშირად იგნორირებული ამ მონდიალისტური ორგანიზაციის წევრი გახდება ორი თუ სამი ათეული ეთნიკური ერთეული. ეთნიკურ ჰეტეროგენიზაციას მოკლე გზა აქვს. კარლ პოპერისეული ღია საზოგადოების იდეა, რაზეც ანტისაბჭოელი ეთნოცენტრისტი დისიდენტები სულ მიუთითებდნენ, რაზეც ბევრს უბნობს პოპერის მოწაფე სოროსი, გულისხმობს კოსმოპოლიტიზმს.
საბჭოთა ხალხების შერწყმის თეორია, საბჭოთა ადამიანის იდეალი დისიდენტებმა თვითმყოფადობის სახელით სასაცილოდ აიგდეს. ამერიკელ და დასავლეთევროპელ მონდიალისტებს იგივე განზრახვა აქვთ. იმპერიული ჰომოგენიზაციის მიღწევას ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი ცდილობდა. ამერიკელი იმპერიალისტები მსოფლიოს ჰომოგენიზაციის მიღწევას soft power-ის მეშვეობით ცდილობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხალხების თავისებურებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ამერიკანიზმის ძღვენი ყველამ უნდა მიიღოს. კი ამბობს ჯოზეფ ნაი, რომ „ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ გლობალიზაცია არ ახდენს მსოფლიოს კულტურების ჰომოგენიზებას“.  Contrary to conventional wisdom, globalization is not homogenizing   the cultures of the world.  Joseph S. Nye. The Paradox …p. 95, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რაღა საჭიროა ამდენი მსჯელობა ამერიკის იმპერიაზე, მის განმტკიცებაზე?  იმპერია თავისი არსებით ჰომოგენიზაციისა და უნიფიკაციისაკენ მიიდრიკება. ეს იყო და არის  იმპერიათა წესი. გლობალიზაციის დენოტატი არის ბაბილონის გოდოლი. ადამიანის ისტორია არის გლობალიზაციის ისტორია. ამ ტერმინის ხშირი მოხმარება  ნუ აცდუნებს მკითხველს, რომ მას რაღაც ახალთან აქვს საქმე. გლობალიზაცია გულისხმობს იმპერიალიზმს, უნიფიკაციასა და სტანდარტიზაციას, ჰომოგენიზაციას, ტრანსნაციონალურობას უკვე კონსიუმერულ (სამომხმარებლო) დონეზე. საიმპერიო სტანდარტიზაცია ვლინდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. დასავლური სტანდარტული დისკურსი დემოკრატიაზე ხდება ყველასათვის სავალდებულო. გლობალიზებული ყოველთვის გარკვეული ხარისხით ნიშნავს იმპერიალიზებულს, კოსმოპოლიტიზებულს.
კოსმოპოლიტიზმზე ბოლო დროს გამოცემული წიგნებიდან დავასახელებ:
Richard Vernon. Cosmopolitan Regard: Political Membership and Global Justice. Cambridge University Press, 2010.                                                           Richard Beardsworth. Cosmopolitanism and International Relations Theory. Polity, 2011.                                                                                                                Devid Held. Cosmopolitanism: Ideals and Realities. Polity. 2010.
ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი (Stiglitz) თავის წიგნში „გლობალიზაცია და მისი შეუსაბამობანი“,  Globalization and Its  Discontents. Penguin Books. 2002, მიმოიხილავს აზიური ქვეყნების მდგომარეობას, წერს IMF-ის (საერთაშ. სავალუტო ფონდის) საქმიანობაზე და ამბობს: „გლობალიზაციის კრიტიკოსები ბრალს სდებენ დასავლურ ქვეყნებს თვალთმაქცობაში (hypocrisy) და ეს კრიტიკოსები მართალნი არიან (p.6). სტიგლიცის თანახმად, გლობალიზაციის ფენომენი არის ქვეყნებისა და ხალხების უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. სტიგლიცი გლობალიზაციის ავტორიტეტულ მეცნიერად მიიჩნევა დასავლეთში და მისი დეფინიციები დამკვიდრდა სამეცნიერო მიმოქცევაში. მხოლოდ სტიგლიცმა კი არა, არამედ ყველა თანამედროვე ნობელიანტმა ეკონომისტმა რომ აღნიშნოს დასავლეთის თვალთმაქცობაზე, მაინც ისევ ისე დარჩება კაპიტალისტური სისტემა. სტიგლიცს გლობალიზაციაზე სხვა წიგნიც დაუწერია. ესაა: Joseph E. Stiglitz.  Making Globalization Work. W.W. Norton & Company. 2006. აქ გრძელდება იმ თემების განხილვა, რაც არის მის ზემოთ დასახელებულ წიგნში. ორივე წიგნში სჭარბობს ეკონომისტური დისკურსი. სტიგლიცი ამბობს, რომ გლობალური პრობლემების გადაწყვეტისას მოწინავე ქვეყნების ლიდერებთან რიტორიკასა და რეალობას შორის სხვაობაა (p. 24).
დენი როდრიკმა გლობალიზაციაზე გამოსცა წიგნი, რომელშიც ის წერს ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების საჭიროებაზე: Dani Rodrik. The Globalization Paradox: Why Global Markets, States, and Democracy Can’t Coexist. Oxford University Press. 2011.
იან შოლტემ გამოსცა წიგნი გლობალიზაციაზე: Jan Aart Scholte. Globalization. A Critical Introduction. Palgrave Macmillan. 2005. ის დიდ ეკონომიკურ კრიზისამდეა დაწერილი და მას, ისევე როგორც ყველა კრიზისამდელ წიგნს გლობალიზაციაზე ატყვია გადამეტებული ინსტიტუციური ოპტიმიზმი და ტრიუმფალიზმი. ამ ნაშრომში არის ბევრი ფაქტობრივი მასალა სხვადასხვა ინტერნაციონალურ ორგანიზაციებზე. მის მე-7 თავში განხილულია გლობალიზაციისა და ნაციონალიზმის კორელაცია, რასიზმის საკითხი (pp. 249-50). აქ ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულები გამოირჩევა უნივერსული კოსმოპოლიტიზმის მოკრძალებული ზრდით (modest increase), როდესაც ადამიანები თავის იდენტიფიცირებას ახდენენ მთელ კაცობრიობასთან (p. 226).
გლობალიზაციასთან მიმართებული საკითხები განიხილება როჯერ კინგისა და გეივინ კენდელის წიგნში: Roger King  and Gavin Kendall. The State, Democracy and Globalization. Palgrave Macmillan. 2004.   ისინი აქ შოლტესაც ახსენებენ (p. 152) და საუბრობენ კაპიტალიზმის მიღწევებზე და აღნიშნავენ , რომ კონსიუმერული კაპიტალიზმი ეყრდნობა ( is sustained)  გლობალიზაციას. სამომხმარებლო ბრენდების უმეტესობა არის ტრანსმსოფლიოს (transworld) პროდუქტი (ibid.).
სწორს ამბობენ უმცროსი ნაი და რობერტ კეოჰანი (Keohane), როცა გლობალიზაციის მოვლენის განხილვისას ძველი იმპერიების ისტორიაზე მიუთითებენ გლობალიზაციაზე გამოცემული კრებულის შესავალში: Joseph S. Nye Jr., John D. Donahue.  Governance  in Globalizing World. Brookings Institution Press, 2000, pp. 1-44.
პოლიტოლოგთა უდიდესი ნაწილის ცუდი კომპეტენცია კიდევ ერთი რამით დადასტურდა: ათ წელზე მეტი СНГ-ს (დსთ) დაშლაზე ქილიკობდნენ და ვერ განსაზღვრეს, რომ ეს ორგანიზაცია იარსებებდა. СНГ არის ბუნებრივად ჩამოყალიბებული სისტემა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ის გააგრძელებს ევოლუციონირებას. ამ ორგანიზაციის გამო ქართველთა ყვირილი, მორალზე სიტყვების რახარუხი, დასავლური გაზეთებიდან ამ თემაზე პასკვილებისა და კარიკატურების გადმობეჭდვა მათ უმეცრებას წარმოაჩენდა და არა მათ პატრიოტიზმს. ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შემდეგ შეიქმნა Commonwealth (თანამეგობრობა, ფედერაცია), რომელიც 49 სუვერენულ ქვეყანას აერთიანებს. აქედან 17 ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურად ითვლება ინგლისის მეფე. სხვა 16 ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურია მეფის წარმომადგენელი გუბერნატორი ან გენერალ-გუბერნატორი. СНГ-ს ქვეყნებს გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ. არც იცის ბევრმა, რომ ბრიტანეთის თანამეგობრობა არსებობს და ის გაჩნდა დაშლილი ბრიტანეთის იმპერიის ადგილზე.
იდეა მონდიალიზმისა (გლობალიზმისა) ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტზე მაღლა მდგომ გლობალურ ინსტიტუტს შეუძლია დაამყაროს და დაიცვას იდეალური მსოფლიო წესრიგი. ეს იდეა მუდმივად არსებობს მსოფლიო პოლიტიკაში, იმის მიუხედავად, ხდება თუ არა მისი არტიკულირება. 2012 წლის 12 სექტემბრის ცნობით, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ შესთავაზა ევროპის ქვეყნებს შეზღუდონ თავისი სუვერენიტეტი ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის მსოფლიოში. სწორია ბაროზუ ამაში, რადგან გაერთიანებული ევროპა კარგავს თავის გავლენას მსოფლიოში და ამის შესაჩერებლად გამოთქვა ბაროზუმ ეს აზრი.
რიჩარდ ჰაასმა გამოთქვა აზრი, რომ XXI საუკუნეში იქნება ძალაუფლების ცენტრების სიმრავლე. სახელმწიფო-ნაციები კარგავენ თავის მონოპოლიას ძალაუფლებაზე და ის გადადის გლობალური რეგიონული ორგანიზაციების ხელში. ჰაასი როჯერ ალტმანთან ერთად მიუთითებს აშშ-ს დიდ ფინანსურ კრიზისზე და აშშ-ს გავლენის დაკარგვაზე. გლობალურ ლიდერობას ვერვინ შეძლებს და ამიტომ უფრო მეტად უწესრიგო იქნება. (FA  2010 November/December, pp.1-10)
მონდიალიზმს პოლიტიკური ფოლკლორისტიკის ბევრი წარმომადგენელი სატანიზმად მიიჩნევს, რაც სისულელეა. მონდიალისტურია თავად ეკლესია. სიტყვა „ეკლესიის“ ეტიმოლოგია მონდიალიზმს უახლოვდება. ავგუსტინეა დიდი მონდიალისტი და გლობალისტი. ის მიზნად სახავდა ოიკუმენური თეოკრატიის დამკვიდრებას. ის არ ცდუნდა აფრიკის თავისუფლების იდეით რომის დაცემის შემდეგ და ახალი რომის დაფუძნების გამო თავის თანამემამულე აფრიკელ დონატისტებთან მტრობა ჰქონდა.
ყოველ დიდ მოაზროვნეს აფიქრებდა ერთი მსოფლიოს საკითხი.    კი, თვითგამორკვევა, სუვერენიტეტი და მისი ატრიბუტები, მაგრამ იმის გარდა, რომ ყოველმა ეთნოსმა თვითმყოფადობის ნიშნად თავისი ქოთნები გამოფინოს, არის კიდევ რაღაც დიდი. ჰო კაი, ეთნოცენტრისტებისვე თქმით, კოსმოპოლიტი ერთუჯრედიანი უსამშობლო მუტანტია, ტოტალიტარული რეჟიმით დაპროგრამებული ზომბია. თავად რანი არიან თავისი პატრიოტობით? რა შექმნეს მათ გამოსაჩენი განვლილ ოცწლედში? განა ეს პატრიოტები მხარდაჭერას სულ ლიბერალური კოსმოპოლიტიზმისაგან არ მოელიან? განა ეს პატრიოტიზმი თავის თავს სულ კოსმოპოლიტიზმთან მიმართებაში არ ადასტურებს? ამ მიმართების გარეშე ეთნოცენტრული პატრიოტიზმის ფასი რაა? ცამდე მართალია ლექსიკოგრაფი სემუელ ჯონსონი (1709-84), რომელმაც თქვა: Patriotism is the last refuge of a scoundrel (პატრიოტიზმი არის საძაგელი კაცის უკანასკნელი თავშესაფარი).   ეთნონარცისი პატრიოტები თუ რაიმეს ამბობენ, განა სულ კოსმოპოლიტურ დასავლეთზე მიხედვით არ ამბობენ? რაც მათთვის საგინებელია, ამავე დროს ორიენტირია. მეტი გროტესკი რაღა შეიძლება იყოს? ასეთ იდიოტობამდე არიან მისულნი და ვერასოდეს ამჩნევენ ამას. მაგალითისათვის ერთ ფაქტს მოვიყვან: გასული საუკუნის ბოლოს საქართველო გაწევრდა მონდიალისტურ და კოსმოპოლიტურ WTO-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია). მედიაში ერთი ამბავი დაიწყო და ეს საქართველოს ევროპულობის დიდ დადასტურებად მიიჩნიეს. თუ პატრიოტობ და კოსმოპოლიტიზმს გმობ, რაღად გიხარია კოსმოპოლიტურ ორგანიზაციაში გაწევრება?
თუ კოსმოპოლიტური ლიბერალ-კაპიტალიზმი არის ქართველთა ეროვნული სულისკვეთების ყველაზე უკეთ გამომხატველი მოძღვრება, როგორც ამას წლობით ამტკიცებენ, მაშინ რაღაში მდგომარეობს ქართველთა ეთნიკური უნიკალობა და  თვითმყოფადობა?  ვერც  ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა დღემდე ვერ გასცა  პასუხი ამ კითხვაზე.    
კოსმოპოლიტიზმს გულისხმობს ეს Google, Yahoo,Yandex და სხვა საძიებო სისტემები. სერვერებზე კი დაიდება ქართულენოვანი ეთნოცენტრული და დეკორაციული კონტენტი, მაგრამ სად ვინ მოისაკლისებს ამ ჩოხა-ნაბდიან ქართველს? ვის დაჰკარგვია ეს თარსიანი? იდეების ბრძოლა ელექტრონულ ქსელში მისი გაჩენის დღიდან დაიწყო. მთელი ეს ინტერნეტ-მაშინერია კოსმოპოლიტიზმის სასარგებლოდ ლაპარაკობს.  გლობალიზაციაზე ქართულენოვანი ტექსტების უდიდესი ნაწილი არის გადმოქართულება დასავლური გლობალისტიკის სტანდარტებისა და კლიშეებისა. არაფერი საკუთარი, არაფერი ორიგინალური და  ნონკონფორმისტული. მხოლოდ ეპიგონობა და მიჩუმათება, მხოლოდ ფალსიფიკატი გასაღებული თვითმყოფადობად და ყასიდი ლაპარაკი „არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ“, „მამა-პაპანი რას გვეტყვიან“ და მისთანანი.
მედიაზირებული ლიბერალი ინდივიდი დასავლეთმა თავის დიდ მიღწევად მიიჩნია. ამაზე უარესი არის მედიაზირებული ეთნოსი. მასზე დაყრდნობით ცდილობდა დასავლეთი თავისი გეოპოლიტიკურ ზრახვათა ხორცშესხმას. სიმართლითა და ზნეობით მოსილი ლიბერალიზმის დამკვიდრება დასავლეთს არ შეუძლია. ის ქმნის მოჩვენებითობას, რაშიც ჩაბმული ჰყავს ლეგიონი პოლიტიკური მეძავებისა. ბოლოს კი მას ყველაფერი თავზე ემხობა. ფუკუიამა მსჯელობს უკანასკნელ ადამიანზე ნიცშეს დარად. უკანასკნელ ხალხებზე უნდა იყოს მსჯელობა. ეს  ჯერ კიდევ პლატონთან არის. უკანასკნელი მიზიელი ელინებთან ნიშნავდა უსაზიზღრეს ადამიანს მიზიაში მცხოვრები უკანასკნელი ხალხიდან. უკანასკნელობა არ დაიფარება ადამიანის უფლებებზე ლაპარაკით. ამერიკელთა მიერ ყოველმხრივ წახალისებული ეთნონარცისული ბალაგანი დამთავრდა. ლიბერალური ფრაზებით გამშვენებული ტრაიბალური ბურლესკი ამერიკანიზმის კომპრომეტაციად იქცა. ოცი წელი თავს იტყუებდნენ ამერიკელები, რომ მათ მიზიაში შეიძინეს იდეური მომხრეები. მიზიელების ლიბერალური კომილფო ამერიკელთათვის ფულის დატყუების მიზნით, პოლიტიკური კომენსალიზმი, საკუთარი წარსულის თეატრალური ვიკტიმიზაცია  და ამერიკელებისკენ  მათხოვრულად თვალის გაპარება, ეთნიკური პოლისიმეიკერების დასავლეთში სიარული. ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ ეს ყოველივე ლიბერალიზმს დაამკვიდრებდა. მიზიელები მიზიელებად დარჩნენ. ლეგიონია გლახაკი ქვეყნებისა (sorry or supreme states). ესენი არიან ублюдочные страны. მათთვის ნეოლიბერალიზმი იყო წყალწაღებულისათვის ხავსს მოჭიდება. არც იდეურმა ჩაძახილმა, არც ტრანშებმა და გრანტებმა არ უშველა უკანასკნელ ხალხებს. დახედავ რუკას და გულს შემოგეყრება მათი სიმრავლით. თავად ამერიკელები უწოდებენ მათ failed or fragile states   (ჩამოუყალიბებელ ან უღონო სახელმწიფოებს). იმიტატორული დემოკრატიისა და სიმულაციური ლიბერალიზმის ოცწლიანმა ტრიუმფალიზმმა წარმოაჩინა, რომ მრავალი ხალხიდან ცოტანი არიან ისეთნი, ვისაც ძალუძს კულტურის გარემოს შექმნა, ღირებულებათა დადგენა და მათი დაცვა. დანარჩენები არიან политические ублюдки на все времена და იმიტატორები. კულტურა და პაიდეია ერთეული ხალხების ხვედრია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ხალხები არიან იმპერიულნი. ალექსანდრე მაკედონელის დროიდან არ შეცვლილა ეს წესი. მხოლოდ პლატონიზმით, მხოლოდ ფილოსოფიური რეალიზმით შეიძლება იმპერიის შექმნა. რაც კვალის დამჩნევია, ის პლატონური რეალიზმით იქმნება და არა ნომინალისტური პოსტმოდერნით, რომელიც სადღეისოდ დასრულებულია. ნომინალიზმი იმასაც ვერ შეინარჩუნებს, რაც არის. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დასავლეთი 20 წელი მასხრობდა პოსტმოდერნული ნომინალიზმით. პოსტმოდერნი გამარჯვებული ლიბერალ-კაპიტალიზმის პოლიტიკური იდეოლოგია იყო, როდესაც კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარი წაიშალა. პოსტმოდერნი იყო ყოვლად უკანასკნელი ადამიანების მედიაზაციური თავშესაქცევი, მასობრივი joking. მაშინაც კი, როდესაც ასეთ ბედის წყალობას ირგუნებ, ვითარიც დასავლეთმა ირგუნა XX საუკუნის 90-იან წლებში, მაშინაც კი, როდესაც ორი ბანაკის ხანგრძლივ დავაში აბსოლუტური winner-ი (გამარჯვებული) ხარ, გაქვს ადამიანის ისტორიაში აქამდე არნახული ფინანსები, მიწა მაინც მსხვერპლს მოითხოვს  გამარჯვებულთაგან. მსხვერპლვა კი პლატონიზმია და არა პოსტმოდერნული ნომინალიზმი. თავად შესაქმეა ისერიგად შენივთული, რომ ყოველივე მსხვერპლვისა და შეწირვის მენიშნეა ბალახის ამოსვლიდან ბაბილონის გოდოლის შენებამდე. მიწა მიწყივ ზორვას მოითხოვს. რომაელთა მემკვიდრეობას მიჩემებულ იანკებს ეს დავიწყნიათ. რომაელები სულ უზორვიდნენ იმპერიის ბოლო დღეებამდე და რომ არა გაქრისტიანებულ იმპერატორთაგან ძველი ღმერთების მოესავთა დევნა, პაგანიზმი (წარმართობა) დღემდე მოაღწევდა. ხალხთა უმეტესობის ცხოვრება და წარსული უნდა განისაჯოს მხოლოდ ბიოლოგიური, ეთოლოგიური და ბიჰევიორისტული  კატეგორიებით და არა  ანთროპოლოგიური, თეოლოგიური და ფილოსოფიური კატეგორიებით.  ეს საზარელი სინამდვილეა, მაგრამ მას ძვრას ვერ უზამს ეს პოლიტტექნოლოგიური ხიმანკლობანი, ხალხების პოლიტიკური ეიპინგი (მაიმუნობა), ლიბერალური პაროდიები დასავლელი დიპლომატების მონაწილეობით.
ამერიკელთა მოკავშირე ევრაზიის ამერიკანიზების საქმეში იყო არა ხალხების მისწრაფება თავისუფლებისა და რელიგიისაკენ, არამედ ფრაზიორობით შენიღბული ანგარება და კონსიუმერიზმისაკენ სწრაფვა. 1991 წლიდანვე ასე იყო. იმასაც ვერ იტყვი, რომ თავიდან ლიბერალური იდეურობა იყო და შემდეგ იგი დამდაბლდა მომხმარებლობამდე. თავის გულში არავის სწამდა ამერიკის იდეისა. აი ეს უნდა  ეთქვას ამერიკელებს. ანგარების, მოჩემეობისა და ეგოიზმის გამო მიეწება დიდი და მცირე ამერიკას. ასეთია ცხოვრება  in a world of selfish states and selfish peoples, როგორც რობერტ კეიგანი იტყვის. ადგილობრივი ელიტები ხედავდნენ მდიდარ ქვეყანას, რომლისთვისაც შეიძლებოდა ფული დაეცინცლათ სიმულაციური და იმპროვიზებული დემოკრატობით. ახალი ლიბერალური ნომენკლატურა რიგ ქვეყნებში გაკეთდა და გალაღდა ამერიკული ნაქრთამავით. ამას ეწოდებოდა დონორული დახმარებები, ტრანშები, კრედიტები, გრანტები. საჩქაროდ შეკოწიწებულ რეფერენტულ ჯგუფებს მონაწილეობა მიაღებინეს უცხოურ ფიქციურ პროექტებში დემოკრატიის განვითარებისათვის, ატარეს რაღაც კურსებზე, მიაჩეჩეს სერტიფიკატები საკუთარი ხალხის თვალის დასავსებად, გამოუცეს ბროშურები და მონოგრაფიები დემოკრატიაზე. კომპრადორული ელიტების შექმნას ეხარჯებოდა მილიონობით დოლარი. ამერიკელი პოლიტიკური ემისრები რუსების ჯიბრით დღემდე იქექებიან უკანასკნელი ხალხების  ნაგავში რაღაც მომენტების ფალსიფიცირებისა და ლიბერალური ჰეროიზების მიზნით. მიმდინარეობს ეთნიკური ვიკტიმურობის ლეგენდების შეთხზვა, კამპანიური ლიბერალ-პატრიოტიზმი, რითაც იფარება უსამართლობა, სახელისუფლო ბანდიტიზმი. ასე შეიქმნა ანგლოსაქსური პოტიომკინის სოფელი თავისი კრეატურებითა და პროტეჟეებით, ეთნიკური პერფორმერებით, რომელთაც ადგილობრივი დემოკრატი ლიდერები და ლიბერალ-რეფორმატორები ეწოდათ. 20 წელზე მეტია აჩემებული აქვთ „სტრატეგიული პარტნიორობა“ და სურთ დაარწმუნონ ქვეყანა, რომ ეს დიდ რამეს ნიშნავს. სადაც ამერიკა შედის, იქ მაშინვე იწყება ლაპარაკი „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, „განსაკუთრებულ ურთიერთობებზე“. ნოამ ჩომსკი აშშ-ისრაელის ურთიერთობის განხილვისას ამ Special Relationship-ზე წერს წიგნში: Noam Chomsky. The Essential Chomsky. The New Press. 2008. მე-13 თავი: The Origins of the “Special Relationship”, pp. 198-222.  აქვე, 24-ე თავში ჩომსკი განიხილავს ამერიკის Imperial Grand Strategy (pp.373-402).
არ გამოდგება ეს მოხატულ-მოკაზმული სოფელი ამერიკის მხარდამჭერად. ის მხოლოდ ლიბერალიზმის დისკრედიტაციას ახდენს უკვე თავისი არსებობით. სოფთ ფაუერის ოცწლიანი აქტივობის შემდეგ ამერიკელებს უხვი ნაყოფი უნდა მოეწიათ. რა ნაყოფიც მათ მოიწიეს, ამის გასინჯვას დიდი ანალიზი არ ესაჭიროება. ჯოზეფ ნაის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ აღარ აქვს სოფთ ფაუერს ასეთი ხიბლი ხალხების თვალში. ჯოზეფ ნაი არას იტყვის, რომ დღეისთვის ძნელია ვინმე აიყოლო და არწმუნო ამერიკული შოუ ბიზნესის პროდუქციით, რომ სოფთ ფაუერის დანიშნულება თავად აშშ-ში არის დამალოს shadow government-ის (ჩრდილოვანი მთავრობა), პლუტოკრატიის დიდი ზეობა. 2011 წელს გამოვიდა უმცროსი ნაის წიგნი „ძალაუფლების მომავალი“, სადაც ნაიმ შემოიტანა smart power-ის                     (გონიერი ძალა) ცნება. Joseph S. Nye Jr..The Future of Pover. Public Affairs. 2011.
ჯეიმს ფელოუზმა ჟურნალ The Atlantic-ში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი: James Fallows.  How America Can Rise Again. The Atlantic. January/February 10, 2010, pp.38-55.  ფელოუზი წერს: „ ამერიკის ტრაგედია XXI საუკუნის დასაწყისში  ისაა, რომ მსოფლიოდან ტალანტების მიმზიდველი ცხოველმყოფელი და თვითგანახლებადი კულტურა და მმართველობის სისტემა სულ უფრო გამოიყურება როგორც ხუმრობა“ (increasingly looks like a joke) (p. 48).
თავად ჯოზეფ ნაი რუსულენოვან ჟურნალში Internationale Politik (2005. N 1. Январь-февраль) Джозеф С. Най. Мягкая утрата власти. США должны снова больше инвестировать в  Soft Power, стр. 62-4, ამბობს, რომ ერაყში შეჭრის შემდეგ ამერიკული სოფთ ფაუერი გაიცრიცა და აშშ-ს ავტორიტეტი ისლამურ ქვეყნებში დაეცა. ნაი მიუთითებს დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის Global Market Insite-ს გამოკითხვაზე, რომ ყოველი ხუთი ევროპელიდან ერთი მათგანი თავს არიდებს ისეთი პროდუქციის ყიდვას, რაც აშშ-სთანაა დაკავშირებული. ნაი ასკვნის, რომ ბრძოლას კაცთა გულებისათვის ამერიკა ჯერჯერობით აგებს (стр. 63).  აქვე ნაი ლაპარაკობს სოფთ ფაუერის გამოყენებაზე ისლამურ ქვეყნებში.
ჟურნალ Foreign Policy-ს  2007 წლის მაის-ივნისის ნომერში უმცროსი ნაი წერს, რომ ამერიკას ესაჭიროება ჰარდ ფაუერისა და სოფთ ფაუერის კომბინირება smart power-ში (p. 46).  (www.ForeignPolicy.com)
მსოფლიოს ვესტერნიზაცია ძირითადად გამოიხატება ხალხების მიერ გარეგნული ფორმების გადაღებით. კავკასიის აულებშიც, შუა აზიის ყიშლაღებშიც იყიდება ამერიკული გაზირებული სასმელი და თამბაქო. მთიელები ამერიკული ჯინსებით იმოსებიან, ჯიბით დააქვთ ამერიკული დივაისები. იდეური ვესტერნიზება არ მომხდარა. ეს მხოლოდ ახლა გამოჩნდა მთელი კონტრასტულობით. არავინ დაუკავშირა საკუთარი რელიგია ანგარებას,  მევახშეობასა და ბაზარს, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს. არავინ შექმნა ღმერთისაგან ზეციერი მევახშე და ნოქარი, თვინიერ ამერიკელებისა. ნაყოფი ამერიკული სოფთ ფაუერისა არის წვრილი და ჭიანი. The battle for men’s minds (ბრძოლა კაცთა გონების მისამხრობად) ამერიკამ ვერ მოიგო. 1990 წელს, როცა ჯოზეფ ნაიმ შემოიღო სოფთ ფაუერის ცნება თავის ზემოთ ნახსენებ წიგნში Bound to Lead..., მაშინ იყო რწმენა მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიითა და ქრონიკული სასაქონლო დეფიციტით გაბეზრებულ საბჭოთა ადამიანებში, რომ ვესტერნიზაციას თან მოჰყვებოდა ახალი ჰუმანიზმი, რის დეკლარირებას დასავლეთი სულ ახდენდა. უკვე 92-99 წლებში ადამიანები გაწბილდნენ. ნანატრი სასაქონლო სიუხვე კი დამკვიდრდა, მაგრამ იდეური ლიბერალიზმი, რაც გარჩეული აქვს მაქს ვებერს, არ დამკვიდრებულა.  საბჭოთა ადამიანის დიდი პრეტენზიები მთავრობის მიმართ და სოციალიზმის უარყოფა იყო ქრონიკული სამომხმარებლო დეფიციტით შეწუხებული და დასავლური მოსახმარის ნაირობით ცდუნებული, მასკულტურითა და შოუბიზნესით აცეტებული  ადამიანის დასავლეთიდან ჩაგონებული პროტესტი, რომელსაც არ ჰქონია ენდოგენური ძირები. საბჭოთა ადამიანი ეგზოგენური პოლიტიკური პროტესტანტი იყო. ის ზერელედ დისიდირებდა და პოლიტიკური ანეკდოტების მბობა მის იდეურობად საღდებოდა.  მისი წინამძღოლი ანტისაბჭოთა დისიდენტურა ახალი დროის, კაპიტალისტური ჯუნგლების ქარმა ბზესავით გახვეტა. ეს იყო მუდმივი სასაქონლო დეფიციტით გაავებული მომხმარებლის ყვირილი და გაზეთის კლოუნობა. ეს არ იყო პოლიტიკური ბრძოლა. ამის მიუხედავად, ასეთი იდეური სისუსტის ვითარებაშიც კი პოსტსაბჭოთა ადამიანის ამერიკანიზაცია არ მოხდა. ვესტერნიზაცია გამოიხატა მხოლოდ მოსახმარის სიუხვის დამკვიდრებითა და ბანალიზაციით. დასავლეთის იდეური გამარჯვება 90-იან წლებში იყო აბსოლუტური. მიუხედავად ამისა მან ვერ მოუტანა დასავლეთს ის შედეგი- იდეური და კულტურული ტრიუმფი, რასაც ელოდა. აი ესაა საგანგებოდ შესასწავლი მოვლენა. ყოფილი საბჭოთა ადამიანი დღეს დადის არჩევნებზე, პარტიებში ეჩურთება, ტელესტუდიებში ზის სალაყბოდ, საზღვარგარეთ დაიარება. ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ მას თავისუფლება უპოვია, ზნეობა შეუძენია და დიდი პაიდეიის დამწყებია. რაც იყო ადამიანი, იმაზე უარესი გახდა. სულ სხვაა ის, რაც იწერება ჰუმანიტარისტიკაში და სულ სხვაა სინამდვილე.  
რაც არ უნდა ღრმა რელიგიური კრიზისი იყოს რუსეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და არაბეთში, რაზეც ბევრჯერ დაწერილა ორიენტალისტურ ჟურნალებში, მაინც არ მოხდება იდეური ვესტერნიზაცია, გამოხატული მონეტარისტული სოციოპათიით. არ მოხდება კულტურული ანგლოსაქსონიზაცია, რელიგიის კაპიტალისტიფიკაცია. თვით საქართველოშიც კი, რომელიც 1992 წლიდანვე ამერიკანიზმის შინაყმად დადგა, რომლის ხელისუფლება ყველაფერს ღონობს ქვეყნის ამერიკანიზებისათვის, არ მოხდება იდეური ვესტერნიზაცია. ეს იმის მიუხედავად, რომ არსადაა ასეთი კაპიტალისტური პოტიომკინის სოფელი, როგორიც საქართველოშია. არსადაა ასეთი პოლიტიკური სერვილიზმი, კომპრადორული ელიტის უნამუსობა და  სრული უცხოობა საკუთარი ქვეყნისგან, როგორც საქართველოში. ეს იმის მიუხედავად რომ, რომ ყველა კლასი ჰიპერინდივიდუალიზებულია და საქართველო არის აბსოლუტური სოციალ-დარვინიზმისა და ურთიერთუცხოობის ქვეყანა, არაფრობის პანოპტიკუმი, პოლიტიკური ეფემეროიდი, ერთი დღის მხარე, რეფორმატორულ-პროპაგანდისტული dreamcountry (ოცნების ქვეყანა). ქართველები არიან расходный материал для текущих нужд  большой политики. ქართველები არიან проходной народ на шахматной доске мировой политики. როგორც პაიკი ეწირება საჭადრაკო შთანაფიქრს, ეგრეც საქართველო ეწირება ბჟეზინსკისეულ დიდ საჭადრაკო დაფაზე თამაშს, იმას, რასაც თავად ამერიკელი ანალიტიკოსები უწოდებენ Great Game in world politic. საქართველო იყო და არის სახარჯო მასალა მსოფლიო პოლიტიკაში. ვის ახსოვს მისი ტერიტორიული მთლიანობა და საერთოდ ქართველთა მოდგმა ვის როდის მოუსაკლისებია? ძალად ბრმაა პოლიტოლოგთა ხროვა და ასევე ჟურნალისტთა კორპუსი, რათა არ მოეშალოთ ყოველდღიური ლაყბობის შესაძლებლობა.
სადამდე ბრიყვიც არის ქართველი პოლიტოლოგი, ეს ჩანს იქიდან, თუ რა ხშირად და უმართებულოდ იყენებს ის მოვლენათა განხილვისას სიტყვებს: „თამაში“, „სცენარი“, „რეჟისურა“. მას ჰგონია, რომ ყველა მოვლენის სცენარს მავანი წერს. მას არ ესმის თამაშის ცნების მეტაფორული არსი. ენის გამოყენების წესებშიც ვერ ერკვევა კაცი და ნეგაციის ვერბალიზებას კი ეშურება. ის წლობით ირწმუნებოდა, რომ აშშ-ს საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები (special relationship) (თან ეს  ყოველთვის მრავლობით რიცხვში ითქმოდა-ურთიერთობები და არა ურთიერთობა). იმას კი არ დაინახავდა ეს პოლიტოლოგი, რომ აშშ-ში ასვე ამბობდნენ აშშ-პაკისტანის, აშშ-პოლონეთის და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზე. აღმოჩნდა, რომ არავითარი განსაკუთრებულობა აშშ-სა და საქართველოს შორის არაა.  ერთი რამ არის კიდევ სათქმელი: წლობით რომ ხარ გაზეთის რუბრიკაში  და ერთი გვერდი ყოველთვის გეთმობა, რატომ არ გეტყობა ნათქვამზე, რომ შენი ანალიტიკა წინა წლის ანალიტიკასთან შედარებით უფრო მეტია? სულ ერთსა და იგივეს როგორ ამბობ წლობით? მაშ რაღა მეცნიერი ხარ? შენ რა გინდა თქვა, რომ დასავლელი ანალიტიკოსიც შენსავით არის?  ან გაზეთის გამომშვები რად არას საკლისობს და არ იწუნებს შენს ნათქვამს? გამოდის, რომ ისიც ისეთივე თაღლითი და ამერიკელთაგან ნაყიდია იმით, რომ რაღაც ფონდმა (მაგალითად ჯორჯ სოროსის ფონდი), მას საგაზეთო გრანტი მისცა „დემოკრატიული აზრის განვითარებისათვის“. შეყრილხართ ორი აფერისტი და სულ თქვენსას ერეკებით. როცა დღეს ისევ ისე მიუთითებ ბოლშევიკურ რეპრესიებზე, ქილიკობ გეგმურ ეკონომიკაზე და ვერ ბედავ თვით დასავლეთის დასავლელი კრიტიკოსების ხსენებასაც კი, ეს ადასტურებს, რომ მეცნიერებისა და საზოგადოდ ამ ცხოვრების ახვარი ხარ და საჭმელის გულისთვის მოსულხარ. ეს კი ამერიკელებს ვერ დაბრალდება. არაფერი გაქვს სათმელი, რაც საგანს ეხება და მიტომ სულ მიედ-მოედები.
ხელმისაწვდომია ყოველგვარი წყაროები და საქართველოს  შედარება სხვა ქვეყნებთან ყველა მიმართებით შესაძლებელია.
სოფთ ფაუერი როგორც კულტურული ინფლუენცია გაცილებით იმპრინტინგული იყო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში, რომის იმპერიაში, ბიზანტიის იმპერიაში, არაბულ იმპერიაში. ამ იმპერიულმა ნაჭდევებმა დროს გაუძლო. რუსებს არ შეუქმნიათ სოფთ ფაუერის თეორია, მაგრამ რუსული კულტურის ნაჭდევები არ აღხოცილა ხალხებში გაქანებული ანტირუსიზმის დროსაც კი, რის ინიცირებასაც ამერიკელები ახდენდნენ. ამერიკული კულტურის იმპრინტინგულობა დროს ვერ უძლებს. ბრიტანული კულტურის ნაჭდევები უფრო დარჩა ინდოეთში. თვით აშშ-ს მეზობელ ლათინურ ამერიკაში თავისებური რეესპანიზაცია მიმდინარეობს. ამერიკელები პირველობენ ბუნებისმეტყველებაში, ზუსტ მეცნიერებებში, ანდროიდების (ხელოვნური ინტელექტის) შექმნაში, მედიცინის დარგებში. ამ ფაქტორების ერთობლიობას, რაც წარმოაჩენს ამერიკას როგორც hub of science-ს (მეცნიერების ცენტრი), მაინც არ ძალუძს ამერიკული კულტურული იმპრინტინგის ინტენსიფიცირება მსოფლიოში. აი ეს არის პარადოქსი, რისი თქმაც მსურდა ჯოზეფ ნაისათვის. შესაძლოა, ამ მოვლენაში იმალება ჰეგელისეული die List der Vernunft (მსოფლიო გონის ეშმაკობა). ამერიკული სატელევიზიო ბიჰევიორიკა დიდ მიღწევად ჩანდა 1991-2003 წლებში. დღეს ეს ოდიოზური რამ არის.  CNN-ისა და სხვა ამერიკული არხების მაუწყებლობა ირონიულ ღიმილს იწვევს. ამით  როგორ ცდუნდებოდა ხალხი 90-იან წლებში?
ბარაქ ობამას სტრატეგიაში სოფთ ფაუერს თავისი ადგილი უკავია. ეს ჩანს დოკუმენტში: National Security Strategy of the United States. Washington. May. 2010. ამ დოკუმენტმა რესპუბლიკური პარტიის, ნეოკონების კრიტიკა გამოიწვია. მათ მეტი იმპერიულობა სურთ. ისევ ისე რუსეთის მოძულენი არიან ნეოკონები. ისევ ისე მსოფლიოს ამერიკანიზებაზე ფიქრობენ და საამისო გეგმებს სახავენ. ამის გამო კი ნეოკონსერვატორებს ნეოიზოლაციონისტები ეკამათებიან. რესპუბლიკელ კონსერვატორთა ერთ-ერთი ცნობილი think tank (კვლევითი ცენტრი) არის ცნობილი  ფონდი Heritage Foundation („მემკვიდრეობა“) ვაშინგტონიდან. მისი საიტია:  www.heritage.org
ამერიკელებს დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა არსად ჰყავთ იდეური მხარდამჭერები. ამიტომაც იყო, რომ ლიბერალიზმი 1992-93 წლებიდან დისკრედიტაციას განიცდიდა. ამის დამალვა კი ისევ პოლიტიკური იმპროვიზაციითა და სიმულაციით, მას მედიის ისტერიითა და ექოლალიით უწევდათ. ასე გავიდა ოც წელზე მეტი. დღეის გადასახედიდან ღიმილის მომგვრელია ასეთი ფრაზები:                          „ სამამულო განვითარებადი დემოკრატიების კვლევებმა გვიჩვენა...“,  „სტრატეგიული პარტნიორობა დემოკრატიის განვითარებისათვის“,      „თანამოაზრე ინდივიდთა მონაწილეობა დემოკრატიის განვითარების სამოქალაქო ინიციატივებში“ „ინდივიდის სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის“, „როგორ ვაზიაროთ მოზარდები დემოკრატიას“ და მისთანები. ვაი ამების მომგონთ.  წლობით აჩემება, რომ  ევრაზიაში დამკვიდრდა concert of democracies  (დემოკრატიების კონცერტი). ამაზე დაიხარჯა ასეულობით კილომეტრი ქაღალდის რულონი, სათერო დროის ათწლედები, აყეფეს ათასობით უკანასკნელი ადამიანი, პროფანი და ლაქია. ეს იყო  აბუჩად აგდების წლები. ეს იყო აკადემიური ტერორიზმი, როდესაც ადამიანს არწმუნებდნენ იმაში, რაც არ იყო და ვერ იქნებოდა. ეს იყო რეპტილიზმის ეპოქა ჰუმანიტარისტიკაში. დემოკრატიზაციად წოდებული პოლიტიკური გროტესკი მის ინიციატორთა თანახმად, სრულ შესაბამისობაშია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, შუა აზიის ხალხების ეთნიკურ იდენტობასთან. ყველაფრის ფალსიფიცირება მოხდა  ლიბერალთა მიერ. ეს ასე არაა.  ამერიკანიზმს პოსტსაბჭოთა არეალში არ ჰყოლია ორგანიზებული მოწინააღმდეგე ლაჩრობის, ანგარების, ოპორტუნიზმის გამო. ამის მიუხედავად ამერიკანიზმმა ვერ გაძლო ორ ათეულ წელზე მეტი. მისი დისკრედიტაცია მანამდეც მიმდინარეობდა. ინერცია და ძალთაქმედება აძლებინებს აქამდე ამ ორგანიზებულ უსამართლობასა და მიზანთროპიას, ლიბერალურ ბრუტალიზაციას. Более двадцати лет  народы пили  вино вони. Опохмеливаться они будут своеи кровью. Их возвращение в реальный мир будет сопровождаться пинками и подзатыльниками. Никто никуда не пойдёт жаловаться. Гниение либерал-капитализма будет долгим и мучительным. Post - Berlin Wall era-ს მალე მოჰყვა post – American world   და   post – capitalism-იც კარზეა მომდგარი.
იმანუილ კანტიც, ოგიუსტ კონტიც, ჟან ჟაკ რუსოც და სხვებიც წერდნენ  ადამიანთა გლობალურ ერთობაზე. კანტის შემდეგ ევროპულ ფილოსოფიაში სულ იდგა საკითხი ომისა და სამუდამო მშვიდობისა                (der Frieden auf ewige Zeiten). ჯერ კიდევ ავგუსტინე De Civitas  Dei-ს (ღვთის ქალაქისათვის) XIX წიგნში განიხილავს მარადიული მშვიდობის საკითხს. ავგუსტინედან კანტის გავლით მომდინარე Perpetual Peace-ს (მარადიული მშვიდობა) იდეა ხშირად განიხილება ანგლოსაქს მონდიალისტებთან. მონდიალისტური იდეები არის მრავალ ევროპელ და რუს განმანათლებელთან. ედმუნდ ჰუსერლი თავის ისტორიის ფილოსოფიაში (Husserliana, B. VI) სიტყვით „ზენაცია“ აღნიშნავს ზენაციურ გაერთიანებას, ნაციათა თანამეგობრობას. ეს ნიშნავს, რომ ხალხები ერთობენ მსოფლმხედველობის, იდეის საფუძველზე. რაც ავგუსტინემ თქვა V საუკუნის 20-იან წლებში De Civitate Dei-ში (ღვთის ქალაქისათვის) ხალხების იმპერიულ გაერთიანებაზე, იგივე გაიმეორა ჰუსერლმა XX საუკუნის 30-იან წლებში. აღარ იყო აუცილებელი, რომ ჰუსერლს გამოეყენა იმპერიის ცნება. რონალდ რეიგანის დროს ხსენდებოდა ნეოგლობალიზმის იდეა. ესეც იმპერიის იდეის გამოხატულებაა. ერთი მსოფლიოს კურთხეული ჟამის დადგომას იუწყებოდნენ წინასწარმეტყველნი. ყრმა ლომს გაუძღვებოდა წინ, გლახაკი და  ქვრივი აღარსად ივლიდნენ და აღისპობოდა ყოველი ბოროტება. ეს აზრი გამოითქმოდა ქილიასტურ სწავლებებშიც. ამაზე მიუთითებენ  ახლანდელი ამერიკელი პროტესტანტი მისიონერები, ხალხების მოსამოწაფებლად რომ ყარიბობენ მთელ დუნიაზე.
ნიცშეს სურვილი იყო კოსმოპოლიტ არისტოკრატთა დასის შექმნა, რომელიც მსოფლიოს მმართველი იქნებოდა. ნაშრომში Der Wanderer und sein Schatten (მგზავრი და მისი ჩრდილი), § 87-ში, ნიცშე მსჯელობს,რომ თუ გვსურს ჩვენი ესმოდეთ მსოფლიოს ხალხებს, ამისთვის „თითოეულ განათლებულ ევროპელს უნდა შეეძლოს სულ უფრო უკეთ წერა“. ეს მას კურსივით აქვს გამოყოფილი. აქვე ნიცშე საუბრობს იმ შორეული წყობილების მომზადებაზე, როდესაც ევროპელებს ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ მათი დიდი ამოცანა: მთელი მსოფლიოს კულტურის ხელმძღვანელობა და მეთვალყურეობა. ნიცშეს თქმით, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ის ხალხებს მიუთითებს სულ უფრო მზარდი ნაციონალიზმისაკენ და იგი არის თავისუფალ მოაზროვნეთა მტერი.
იმპერიას აქვს თავისი virtutes et peccata (ღირსებანი და ზადიერებანი), მაგრამ ერთი რამ უთუოდ სათქმელია: მართლა დასრულება ისტორიისა და გლობალური ფოსილიზაცია, დამყაყება კაცთა მოდგმისა მაშინ მოხდება, თუ არსად არ იქნება იმპერია, თუ   მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად განხორციელდება ევროპულ დეკლარაციებსა და კონვენციებში გადმოცემული პრინციპები თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტების უზენაესობის შესახებ, თუ ყველგან იქნება nation-states (ნაცია-სახელმწიფოები) და არაფერი იქნება ამის გარდა.  ადამიანის ისტორია არის ნაციისა და იმპერიის  დიალექტიკა და იმპერია ყოველთვის წინ უსწრებს ეთნონაციონალურ სეპარატიზმს. იმპერია არის ისტორიის ბიძგის მიმცემი და საზრისის მიმნიჭებელი.   ეთნონაციონალიზმს იმპერია ასულდგმულებს უკვე თავისი არსებობით და მის გარეშე ეთნონაციონალიზმს არა აქვს არანაირი თვითკმარი ღირებულება. როცა იმპერია იშლება, ისტორიაში ჩნდება დიდი დეზიდერატუმი (როცა რაღაც აკლია) და ყოველთვის ისე ხდება, რომ ამ ნაკლებობას პროვიდენცია აღმოფხვრის. ნაციისა და იმპერიის დიალექტიკის კარგი მაგალითია ამერიკისა და ინგლისის ურთიერთობა. ბრიტანეთი შეეწინააღმდეგა ამერიკის დამოუკიდებლობას და შემდეგ ბრიტანული იმპერია თავად იქცა ამერიკის იმპერიის ნაწილად.
იმპერიული პროთიმია (გზნება) ტელესიურგიულია (მიზნის მქმნელია). ის ქმნის იმპერიული თანაცხოვრების მიზანს მრავალი ხალხისათვის. განა ისტორია სულ ამას არ ისწავლება?  ადამიანი იმდენად არის homo historicus რამდენადაც ის არის  homo imperiosus. ისტორიის შემოქმედია იმპერიალისტი. ეთნონაციონალისტი კი ქმნის ისტორიის იმიტაციას. ის ყოველთვის სიმულანტი და იდეური პარაზიტია. კულტურა და პაიდეია მზის შუქივით ესაჭიროებს აფერენტული (ცენტრისკენული), იმპერიული ლოკუსის დამდგენ მსაზღვრელს. განუწყვეტელმა აპელაციებმა სუვერენიტეტისადმი განადიდა სწორედ იმპერიის იდეა. ასეც  უნდა ყოფილიყო. ეთნიკური სუვერენიტეტი არაა უმაღლესი და აბსოლუტური მდგომარეობა. History ვერ იქნება  story. ეთნიკური good  story ვერ იქნება ისტორია, რასაც წლობით ცდილობენ. ნარცისული ნარატოლოგია არაა ისტორიის ცოდნა.
თუ გაეროს წევრობა, საელჩოები, დამოუკიდებლობის ატრიბუტები წარმოჩინდა ღვთის ჭეშმარიტ მფარველობად და საღვთო მონაპოვრად ქართველ საეროთა და სამღვდელოთა მიერ და ისინი თავისი არგუმენტაციის მეტი დამაჯერებლობისათვის  საბჭოთა იმპერიის დაშლას რაცხდნენ ღვთის ხელის გამოვლენად, სუვერენიტეტზე ლაპარაკისას მიუთითებდნენ ბიბლიაზე, მაშინ რატომ თანდათან დაკნინდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპი მსოფლიო პოლიტიკაში? როგორ გავიგოთ, ეს დაკნინება ღვთისაგან არის თუ არა?   თან უმნიშვნელო გახდა სუვერენიტეტის პრინციპი, რაც ამერიკელი იმპერიალისტების ქმედებებმა დაადასტურა და თან ეს სუვერენიტეტი არის დივერსიული ინსტრუმენტი იმპერიული ქვეყნების პოლემიკაში (კოსოვოს სუვერენიტეტის ცნობა აშშ-ს მიერ. აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის სუვერენიტეტის ცნობა რუსეთის მიერ, რამაც საქართველოს დაშლის დასაწყისი მსოფლიოსთვის საჩინო გახადა).
მიწა ყოველთვის მეომარს და იდეისათვის მსხვერპლვას მოითხოვს. გეა  შობს ურჩხულებსაც და ღმერთებსაც. ტელურული ბუნებისკენ მიდრეკილ ისტორიაში ურჩხულები  სჭარბობდნენ ღმერთებს. იმპერიის არსებობით, იმპერიული დეონტოლოგიითა და ტელესიურგიით მართლდება ჭეშმარიტი და ქველი მამრი. მისი სამშობლო მსოფლიოა, მაშინაც, როცა ის ელინია და  მაშინაც, როცა ის მობაძავ ქრისტესია. წარმართმა იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა, რომლის ქრისტიანობაზე მოქცევას ვერ მიაღწიეს მასთან მისულმა პროზელიტებმა, მომდევნო თაობებს მაგალითად დაუტოვა იმპერიისათვის ბრძოლა. ბაბილონის გოდოლი და ნიმროდის საქმე, მისი გმირყოფა ქვეყანასა ზედა ისევ და ისევ მოუხმობს ამ დიდი იდეის მემკვიდრე ყოველ კაცს. ძველი ქართულით ესრეა: „ხოლო ხუს შვა ნებროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქუეყანასა ზედა. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა“ (წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი. ნაკვეთი I, გვ. 89).
ნიმროდი იყო არა მეთევზური, არამედ მონადირე.
ოქტომბერი, 2011 - სექტემბერი, 2012
მინაწერი: 2006 წელს, ჩემი წიგნის- ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები- წაკითხვისას, რისმაგ გორდეზიანმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუ იმპერიის საკითხზე ცალკე დავწერდი და ამ თემას გავშლიდი. ვერც ერთი საისტორიო ჟურნალი ამ თემით ვერ დავაინტერესე. უცხოური სამეცნიერო პერიოდიკის მიმოხილვა რამდენჯერმე შევთავაზე ქართულ ჟურნალებს, რომელთაც ინტელექტუალიზმის პრეტენზია კი აქვთ, მაგრამ ჯეროვან ნიშნულს ვერ სწვდებიან. რედკოლეგიებში სიტყვა ბანზე ამიგდეს, ან პასუხი არ მაღირსეს. აბრისები იმპერიის საკითხზე დიდხანს შენახული მქონდა. ზურაბ კიკნაძის თხოვნით ამ თემაზე დავწერე ნარკვევი ჟურნალ „კადმოსისათვის“ (2011. N 3). ის აქ გამოქვეყნდა შემცირებული სახით. შემდგომში ტექსტს ბევრი დაემატა და 50-გვერდიანი ნარკვევი 138 გვერდი გახდა.
1996 წლის მარტის ბოლოს ყოველკვირეულ გაზეთში „7 დღე“ იმპერიის საკითხზე გამოვაქვეყნე ორნაწილიანი ტექსტი Weltmacht oder Niedergang. მისი მესამე ნაწილი ვეღარ გამოვიდა რედაქტორის შეცვლის გამო, რომლის შაბლონური ლიბერალობა და ახალი ყაიდის კონფორმიზმი იყო უარის მიზეზი. ეს კაცი დღეს მედიაექსპერტადაა წოდებული.2000 წლის დეკემბერში ამავე საკითხზე დავწერე გაზეთში „მერიდიანი 44“. ეს არის ორნაწილიანი ნარკვევი Unus mundus: ეკუმენისტური მოძრაობის საკითხისათვის. ეს ტექსტები მკითხველმა შეამჩნია. ჩემ საიტზე დავდებ ამ ნაშრომებს და ისინი იყოს როგორც შეყვანება ერთი მსოფლიოს საკითხის განხილვაში.
დიდი სურვილი მქონდა და მაქვს, რომ საქართველოშიც შეიქმნას ფართო თვალსაწიერის მქონე თანამოაზრეთა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც სამეცნიერო ავტორიტეტსა და იმპაქტ-ფაქტორს მოიპოვებს თავისი შრომით, რომელიც ჩამოყალიბდება საკვლევ ცენტრად, როგორც ამერიკაში არის Think Tank-ები.
ამ ნარკვევში შემოვიტანე პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მიჩქმალული ლიტერატურა და უცოდინრობის გამო დავიწყებული თემები. ნარკვევის სამეცნიერო ღირსებას მკითხველი უმალვე შეიგნებს. ეს იყოს ნიმუში, თუ როგორ უნდა იწერებოდეს პოლიტიკური ანალიტიკა და ისტორიის ფილოსოფია. მიმაჩნია, რომ იმპერიის საკითხზე შევქმენი ორიგინალური განაზრება და საკითხი განვიხილე ისე, როგორც ის არვის განუხილავს აქამდე. ეს ისტორიოსოფიული და პოლიტიკური ესსე იყოს ის ხმა, რომელსაც გაიგონებს წიგნიერი ქართველი. ქართულ ისტორიოგრაფიასა და ისტორიის ფილოსოფიას შევძინე ღირებული ნაშრომი და მკაცრმა მკითხველმა განსაჯოს, ასეა თუ არა. შვებით შევხვდები მის გამოხმაურებასა და აზრიან შეფასებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий