წერილი პირველი
(2001 წლის 4 მაისს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე წაკითხული მოხსენების განვრცობილი რედაქცია, რომელიც ოთხ ნაწილად დაიბეჭდა გაზეთში „ახალი მერიდიანი“ ( 21 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2001 წ., N 19, N 20, N 21, N 22. გაზეთში მუქი შრიფტით გამოყოფილი ადგილები რედაქციისეულია). წინამდებარე ონლაინ ვერსია ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით). ტექსტის კრიტიკულ და ევრისტიკულ ღირსებას მკითხველი მყისვე შეამჩნევს.
განსახილველი საკითხის სირთულე და მრავალმხრივობა თავიდანვე გამორიცხავს მსჯელობის იმპროვიზების ყოველგვარ შესაძლებლობას. იმპროვიზაცია ამ საკითხის გარშემო, რასაც ხშირად ვხედავთ მისი განხილვისას, ყველა შემთხვევაში მეცნიერული უპასუხისმგებლობისა და პიროვნული არაკეთილსინდისიერების დასტურია და არა თავისუფალი აზროვნებისა.
ლათინური სიტყვა ლუსტრაცია მსხვერპლშეწირვის მეოხებით განწმენდას ნიშნავს. შესაბამისად, lustrum აღნიშნავს მოსანანიებელი, გამოსასყიდველი მსხვერპლის შეწირვას, ხოლო lustro აღნიშნავს კურთხევას, განწმენდას მსხვერპლშეწირვის მეოხებით, მონანიებას. გარდა ამისა, სიტყვა lustro იძენს განათების, გაშუქების მნიშვნელობას, აგრეთვე განხილვისა და განსჯის მნიშვნელობას, ხოლო სიტყვა lustrum-ს, რომელიც აღნიშნავს იმ საკულტო, რელიგიურ ქმედებას, რომელიც მარსის ველზე ხუთ წელში ერთხელ აღსრულდებოდა, აქვს ასევე დროის გარკვეული პერიოდის - ხუთწლედის და ასევე ხანგრძლივი პერიოდის მნიშვნელობა.
ლათინური lustratio-ს ბერძნული შესატყვისი არის კათარზისი. სიტყვა კათარმოს ნიშნავს განწმენდას, განსაწმენდელ მსხვერპლს. ამ სიტყვას აქვს მთელი ქვეყნისათვის განსაწმენდი მსხვერპლის მნიშვნელობა. ელევსინის მისტერიებში კათარზისი განდობის პირველ საფეხურად ითვლებოდა. ტა კათარსია ნიშნავს განსაწმენდელ მსხვერპლს. ისიც სათქმელია, რომ ლათინური castus ნიშნავს ზნეობრივად წმინდას, ღვთისმოსავსა და ის ასევე შეესაბამება ბერძნულ კათარზისს. Castimonia ლათინურში რიტუალური სიწმინდისა და ზნეობრივი უზადობის , ასევე მარხვის, თავშეკავების მნიშვნელობის მქონეა. ე.ი. ლუსტრაციის ცნების თავდაპირველი მნიშვნელობა რელიგიური იყო.
ჩვენს დროში ლუსტრაციის ცნება სიტყვათხმარებაში იურიდიულ ტერმინად დამკვიდრდა. ლუსტრაციის პროცედურა ეწოდა ნიურნბერგის პროცესზე ნაციონალ-სოციალისტური ხელისუფლების წარმომადგენელთა გასამართლებას. ისტორიოგრაფიამ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ნიურნბერგის სამსჯავროს სახელდება ლუსტრირების ცნებით სრული შეუსაბამობა იყო.
პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში, 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროიდან სიტყვა „კათარზისს“ ხშირად ახსენებდნენ და აღინიშნებოდა ის, რომ აუცილებელი იყო მონანიება და განწმენდა ბოლშევიკური, ათეისტური წარსულის მანკიერებათაგან. ე.ი. კათარზისში იგულისხმებოდა რელიგიური განწმენდა, რომ ჩვენ ათეიზმის შემდეგ უნდა დავბრუნებოდით ღმერთს. ღმერთთან დაბრუნებაში კი იგულისხმებოდა ეკლესიასთან დაბრუნება. ეს კი მიიჩნეოდა ღმერთთან უეჭველ, ჭეშმარიტ დაბრუნებად. სიტყვა „კათარზისი“ მისი უადგილო და შეუსაბამო გამოყენების გამო მალე გაცვდა უკვე 90-იან წლებშივე და ის ისევე იოლად მიივიწყეს, როგორი სიიოლითა და უპასუხისმგებლობითაც მას ახსენებდნენ. კათარზისზე ლაპარაკისას იგულისხმებოდა ის, რომ მთელი რევოლუციური წარსული არა მხოლოდ რუსეთისა, არამედ ევროპისაც უარიყოფოდა. ე.ი. ღმერთსა და ეკლესიაზე მითითებით უარიყოფოდა ევროპეისტული რევოლუციონიზმი. ევროპეიზმის ისტორია ეს არის რევოლუციონიზმის ისტორია და ევროპული კულტურა ისეთად, როგორადაც მას ვიცნობთ, არის რევოლუციური მოძრაობის მონაპოვარი. კათარზისზე ლაპარაკისას არ იყო გარკვეული ეს უმთავრესი ვითარება და ამიტომ არ გამოკვეთილა ის არჩევანი, რაც ბოლშევიზმის უარყოფით წარმოიშვა. არჩევანი კი ეხება იმას, თუ რას ემხრობა პოსტსაბჭოთა ადამიანი - დღეს ასე იდეალიზებულ მონარქისტულ წარსულს თუ ევროპეიზმს, როგორც რევოლუციონიზმის მონაპოვარს. ისეთ მონაპოვარს, რომელიც არა მხოლოდ ევრაზიის დასავლეთით მცხოვრები ხალხებისათვის არის ღირებული, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხისათვის. კათარზისზე ლაპარაკისას იგულისხმებოდა დაბრუნება მონარქიულ, რევოლუციამდელ წარსულთან, მაგრამ იდეური გაურკვევლობისა და ისტორიული უპასუხისმგებლობის გამო ეს გამოკვეთილად არ ითქმოდა. ამ გაურკვევლობის გამო იყო, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის მოთხოვნები მალევე მიწყდა და თვით კათარზისზე, როგორც მონარქიის აღდგენის გარანტიაზე მსჯელობა მიივიწყეს. დროთა სვლამ წარმოაჩინა, რომ კათარზისზე ლაპარაკი ყალბი იყო. განწმენდისა და მონანიების სურვილი არავის გასჩენია. პოსტსაბჭოთა ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც ისტორიის მსაჯულად გამოსვლის დიდი პრეტენზია ჰქონდა, ვერ შეძლო ეტვირთა ზნეობრივი მოვალეობის სიმძიმე.
კათარზისთან შედარებით, სიტყვა „ლუსტრაციას“ 90-იანი წლების დასაწყისში ნაკლებად ახსენებდნენ განიცადა რა საზოგადოებამ კათარზისთან დაკავშირებული ზნეობრივი მარცხი, ის დღეს მთელი კატეგორიულობით მოითხოვს ლუსტრირების პროცედურის დაწყებას. აქ იგულისხმება, რომ კანონის მიღებით გადაიჭრება ის პრობლემა, რისი გადაჭრაც ვერ შეძლო კათარზისის აუცილებლობაზე მსახიობურმა ლაპარაკმა.
დღეისათვის საკითხი ეხება იმას, რომ ქართულ საზოგადოებას არა აქვს იდეა, არა აქვს სოციალ-პოლიტიკური და ზნეობრივი ორიენტირები. დაუსრულებელი მითითებანი ეკლესიაზე, ისევე როგორც დემოკრატიის მხარდაჭერა, ვერ ქმნის იდეას. საქართველოს არა აქვს ისტორიული ჰორიზონტი და ის როგორც ქვეყანა, ისტორიის გარეთ მყოფია. საკითხი ეხება არა იმას, რომ საქართველო ყოველთვის განაპირა ქვეყანა იყო წარსულის იმპერიებში, არამედ იმას, რომ მას არ შეუძლია მოიძიოს ისეთი ისეა, რომლის განხორციელებისათვის ბრძოლა საზოგადოების ყველა წევრისათვის ზნეობრივი ვალდებულება იქნებოდა. როგორი უნდა იყოს სოციალ-პოლიტიკური მოწყობა საზოგადოებისა, როცა ადამიანი ზნეობრივი კომპრომისის გარეშე შეძლებს თავის შესაძლებლობათა რეალიზებას? როცა ადამიანი არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული ამ ცნების ნეგატიური გაგებით? აი ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომლის გადაწყვეტისათვის უნდა იღვწოდეს თითოეული განათლებული ადამიანი საქართველოში. და სწორედ ამ პრობლემის მცდარი გააზრების გამო ხდება, რომ საკითხი კათარზისისა და ლუსტრაციის შესახებ არასწორად დაისმის მთელი მისი კატეგორიულობის მიუხედავად. რატომ ვერ გვაძლევს დემოკრატია და ეკლესია, რომელთა დამკვიდრების აუცილებლობაზე ხშირად მიუთითებენ, ისეთ წყობას, რომ ადამიანს ზნეობრივი კანონის დაცვით შეეძლოს ცხოვრება? აქ, შესაბამისად საკითხი დგება ახლანდელი ევროპეიზმისა და რელიგიის გამო.
დემოკრატია არ არის ის გარანტი, რომელიც ქართველთა საზოგადოებაში castimonia-ს განამტკიცებს. როდესაც ლაპარაკია ლუსტრაციის კანონის მიღებაზე, იგულისხმება ის, რომ მიღწეულ იქნება სოციალური ინსტიტუტების ტრანსპარენტულობა. დემოკრატია მიიჩნევა ისეთ წყობად, რომელიც განამტკიცებს გამჭვირვალობას, საჯარისობას. შესაბამისად, გამჭვირვალობას იცავს ზნეობრივი, განწმენდილი ადამიანი, კათარი. ამგვარად, ტრანსპარენტულობა უშუალოდ უკავშირდება ლუსტრაციას, საზოგადოებაში არსებულ castimonia-ს. თვით სიტყვა „დემოკრატია“ ასევე ანტიკური დროიდან მოდის. განსხვავება რევოლუციურ, ეგალიტარულ დემოკრატიასა და ანტიკურ დემოკრატიას შორის ისაა, რომ დღევანდელი ეგალიტარიზმი ეფუძნება ღია საზოგადოების, ე.ი. ტრანსპარენტული საზოგადოების იდეას. მაგრამ საზოგადოების ღიაობა გულისხმობს არა castimonia-ს, არამედ ბაზრის ღიაობას, საბაზრო ურთიერთობების ღიაობას. ეს კი ჩვენი დროის დემოკრატიის იდეას ძირშივე აყალბებს. საბაზრო ღიაობა თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფიაში გაიგივებულია ზნეობრივ სიწმინდესთან. თვით საკითხის დასმა იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი სოციალური ღიაობა უნდა ნიშნავდეს საბაზრო ღიაობას, არის მიუტევებელი ცდომილება. დემოკრატიული ინსტიტუტების ტრანსპარენტულობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში ზნეობრივი კანონი არსებობს. ღია საზოგადოების (open society) ღიაობა არის საბაზრო მოედნის ღიაობა, სადაც შეუძლებელია არსებობდეს ზნეობრივი კანონი. დემოკრატიის თეორეტიკოსები კი სწორედ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. Open society რომ სრულიად მოკლებულია ზნეობრივ კანონს, ამის დასტურია შემდეგი გარემოება: რელიგიის სრული თავისუფლება, რომელიც დამკვიდრდა საბჭოთა იდეოლოგიის უარყოფის შემდეგ, ოდნავაც ვერ უწყობს ხელს ზნეობრივი კანონის დამკვიდრებას. ნებისმიერი რელიგიური იდეა პლურალისტური ღია საზოგადოების მიერ განიხილება როგორც საბაზრო ღიაობის შემადგენელი ნაწილი, როგორც ბაზრის დანამატი. ამიტომ ეს იდეა ასრულებს მხოლოდ open society-ს გამამართლებელ და მის ერთადერთ ზნეობრივ საზოგადოებად წარმომჩენ როლს. აქედან ეყრება საფუძველი ადამიანის გაყალბებას, რელიგიის ისეთ პროფანაციას, როგორიც არ იცოდა აქამდე ადამიანის მოდგმის ისტორიამ. ფრაივესი, რომელიც მიიჩნევა დემოკრატიის უდიდეს მონაპოვრად, სინადვილეში ადამიანის გაყალბების სადარაჯოზე მდგომი მყარი იდეოლოგიური პოსტულატია. როდესაც ქართულ საზოგადოებაში ასე გადაჭრით მოითხოვენ ლუსტრირებას, ეს ზნეობრივი სიწმინდის მაჩვენებელი კი არა არის, არამედ სრული ზნეობრივი მარცხის მაჩვენებელია. დემოკრატიისა და პლურალიზმის მიუხედავად, სრულიად მიუღწეველია სოციალური ინსტიტუტების ტრანსპარენტულობა. ფრაივესი, როგორც ღია საზოგადოების პრინციპი არის იმგვარი ინდივიდუალიზმის გამამართლებელი, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს პიროვნულობასთან, სუბიექტურობასთან და ზნეობასთან.
კანონი, იქნება ეს კანონი ლუსტრაციის შესახებ თუ სხვა რამ, ვერ უზრუნველყოფს ზნეობრივი კანონის შესრულებასა და დაცვას, რომელიც მუდამ დაუწერელია და ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას. ადამიანის გაყალბება, რაც მიმდინარეობს ღია საზოგადოებაში, განაპირობებს იმას, რომ ყველა მსჯელობა სამართლებრივ საზოგადოებაზე არის ფუჭი. თვით ცნებები „სამართლებრივი საზოგადოება“, „სამართლებრივი სახელმწიფო“ გამოხატავს ეგალიტარული დემოკრატიის იმგვარ გულისხმობას, რომ ის, რაც არსებობდა ეგალიტარიზმამდე, არასამართლებრივი, შესაბამისად, არაგამჭვირვალე, დახურული და უზნეო იყო. ე. ი. ამ ცნებების ძირითად ორიენტირად ქცევა დემოკრატიის თეორიაში ნიშნავს, რომ დღევანდელი ლიბერალ-დემოკრატიზმი ისტორიის მსაჯულად გამოსულა და „სამართლებრივი საზოგადოების“ კრიტერიუმით განსჯის ყოველივე იმას, რაც იყო ლიბერალიზმამდე. აქვე უნდა აღინიშნოს ცნების „ტოტალიტარიზმი“ სრული შეუსაბამობა, მისი შეფასების კრიტერიუმად ქცევის სრული უსაფუძვლობა.
ანტიკური დემოკრატია ეგალიტარიზმისაგან სრულიად განსხვავებული მოვლენაა. არასწორია ის აზრი, რომ ეგალიტარულ დემოკრატიას, დღევანდელ ლიბერალ-დემოკრატიზმს, ასევე სოციალ-დემოკრატიზმს თავისი შორეული საწყისები ანტიკურ დემოკრატიაში აქვს.
ბერძნული პოლისის ღიაობა მისი დემოკრატიულობის მიუხედავად, საბაზრო ღიაობა კი არ არის, რომელიც ადამიანს ეკონომიკურ ცხოველად განიხილავს, არამედ იდეოკრატიაა, სადაც ადამიანი განიხილება იდეის მცველად, იდეურ არსებად, რომელიც ღმერთებთან მიმართებაში იძენს თავისი ცხოვრებისა და საქმიანობის საზრისს.
ბერძნული საზოგადოების ღიაობა არის აგორა. აგორა სახალხო შეკრებასა და მოედანს აღნიშნავს. აგორაზე შეკრებილნი ქმნიდნენ და ახორციელებდნენ პოლიტიკურ არჩევანს. სიტყვის წარმოთქმა აგორაზე - აგორას, აგორეიეინ, იყო თავისუფლების იმგვარი გამოხატულება, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა დღევანდელ პლურალიზმთან. აგორას ლათინური შესატყვისი არის forum. ამ ორ სიტყვას გარდა სახალხო შეკრების ადგილის მნიშვნელობისა ჰქონდა ბაზრის მოედნის, სავაჭრო ადგილის მნიშვნელობა. დღევანდელი ღია საზოგადოება საჯაროობასა და ტრანსპარენტულობაში გულისხმობს არა სახალხო შეკრების ადგილს, სადაც აზრი საქვეყნოდ იქმნება, ქვეყნდება და საქვეყნო მნიშვნელობა აქვს, არამედ ბაზრის მოედანს, სავაჭრო ადგილს, რომელიც აგორას, როგორც სიტყვის წარმოთქმისა და აზრის საქვეყნო დაბადების ადგილს არ გულისხმობს. ბაზრის მოედანს არ სჭირდება აზრი და თუ ანტიკურ საზოგადოებაში აგორასა და ფორუმის უპირველესი მნიშვნელობა სწორედ აზრის საქვეყნოდ დაბადება იყო და არა ბაზრის მოედანზე ვაჭრობა, ჩვენი დროის დემოკრატიულ, ღია საზოგადოებაში საჯაროობა უკავშირდება უპირველესად საბაზრო ურთიერთობებსა და საბაზრო ეკონომიკას. მიუტევებელი ცდომილება ისაა, რომ ეს უკანასკნელი აზრის თავისუფლების უპირველეს გარანტად არის მიჩნეული და ჩვენ ვერ ვამჩნევთ შემდეგ შეუსაბამობას: მარქსიზმის უარყოფა იმის გამო, რომ მასში ეკონომიკური ურთიერთობები და მატერიალური წარმოება მიჩნეულია საზოგადოების განვითარების უმთავრეს ფაქტორად და ამგვარად უგულებელიყოფა სულიერება და რელიგია, და ლიბერალ- დემოკრატიზმის თავგამოდებული მხარდაჭერა, რომელიც ასევე ეკონომიკური ფაქტორების პრიმატს იცავს, არის დიდი ნონსენსი. ლიბერალ-დემოკრატიზმისა და სოციალ-დემოკრატიზმის სიახლოვეს ეკონომოცენტრიზმი განაპირობებს. ორივე მოძღვრება ეგალიტარიზმისა და დიდი ფრანგული რევოლუციის პირმშოა.
ლიბერალ-დემოკრატიზმის იდეოლოგია, ღია საზოგადოების გამჭვირვალობა აღიარებს ინდივიდუალიზმისა და ნომინალიზმის პრიმატს საზოგადოსა და უნივერსულობის საპირისპიროდ. ინდივიდი, ინდივიდუუმი არის ლათინური სიტყვა და აღნიშნავს განუყოფელს. როდესაც ვამბობთ „ინდივიდი“, „ინდივიდუალური“, ვგულისხმობთ პიროვნებას და პიროვნულს. ლათინურში პიროვნებისა და პიროვნულის გამომხატველი სიტყვა არის ასევე პერსონა და პერსონალური, ასევე სიტყვა სუბიექტი და სუბიექტური. ბერძნულში კი არ არის პიროვნების გამომხატველი სიტყვა. ლათინური ინდივიდუუმი არის ბერძნული ატომოსის თარგმანი. ატომოს ნიშნავს განუყოფელს, მაგრამ მას არა აქვს პიროვნების მნიშვნელობა, როგორც ეს ლათინურშია. ე.ი. პიროვნების ცნება მოგვიანებით გაჩნდა თვით ანტიკურ სამყაროში. რომაულ საზოგადოებაში იციან რა არის პერსონა და სუბიექტი. უფრო ადრეულმა ბერძნულმა საზოგადოებამ ეს არ იცოდა. ბერძენი აგორაზე და აგორით ცხოვრობდა. მისი ცხოვრება იყო მითებით განმსჭვალული საზოგადოებრივი, საქვეყნო ცხოვრება. ეს არ ნიშნავს, რომ ბერძნები განუვითარებელნი იყვნენ და არა უწყოდნენ რა პიროვნულის შესახებ. პირიქით, ბერძნებმა და წარმართობამ დაგვიტოვეს ჩვენ ის საგანძური, რომლის ჭვრეტისას კვლავ და კვლავ გამოვთქვამთ აღტაცებასა და გაკვირვებას. ბერძნებს არ ჰქონდათ ინდივიდუალური მსოფლჭვრეტა, მაგრამ ის, რაც მათ შექმნეს, ინარჩუნებს დაურღვეველ მნიშვნელობას და მათი მოაზროვნენი დღემდე მასწავლებლებად რჩებიან.
აგორით ცხოვრება არის შინაგანად სუფთა ადამიანის ცხოვრების წესი. აგორაზე სიტყვის წარმოთქმა მხოლოდ კათარს შეუძლია. აგორის ღიაობა საპირისპიროა სამართლებრივი, ღია საზოგადოების ღიაობისა. ბერძენთათვის ზნეობრივია ის, რაც აგორაზე გამოდის, აგორაზე მყოფია და აგორაზე წარმოთქვამს სიტყვას. აზრის საქვეყნო დაბადება არის ამ აზრის ზნეობრივი სიწმინდის დასტური.
ლუსტრაცია, აგორა, ფრაივესი
წერილი მეორე
აგორაზე აზრის განხილვა გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება მისი განხილვის და გააზრების შემძლედ მიიჩნევა, რომ საზოგადოებას შეუძლია მართლად განსაჯოს. აგორაზე აზრის გამოთქმა ფილოსოფოსობაა, დიალოგია. იგი არა ის დიალოგია, რომელზეც ლაპარაკობს დღევანდელი დემოკრატია. ეს არის ღმერთთა და მოკვდავთა დიალოგი. ადამიანი ღმერთების ნათქვამს აყურადებს და მათგან ამბის მაუწყებელს მოელის. აგორაზე კაცთა ნაუბარს ღმერთები ისმენენ. ლოგოსი იყო აგორაზე. ეს არ უნდა გავიგოთ როგორც მისტიკა, არ უნდა გავიგოთ როგორც ეკლესიასთან მისვლა, როგორც ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე დადგომა, ისე , როგორც ამას ქრისტიანული ტრადიცია ასწავლის. ეს ტრადიცია გამორიცხავს როგორც აგორას, ასევე დღევანდელ დემოკრატიას. იგი სცნობს მხოლოდ მონარქიას. ქრისტიანული მოლოდინი მესიის მოლოდინია, ელინთა მოლოდინი კი უპიროვნო ლოგოსის მოლოდინია. ფილოსოფიური გონი მათთან არ ითრგუნება რელიგიის სახელით. ქრისტიანული ტრადიცია კი ჯერ უარყოფდა ფილოსოფიურ გონს, ხოლო შემდეგ მის მორჩილ მსახურად ქცევას ცდილობდა. ამან გამოიწვია უდიდესი პოლემიკა ფილოსოფიასა და რელიგიას შორის. ეს პოლემიკა გაგრძელდა ორი ათასწლეულის განმავლობაში. ფილოსოფიამ დაიბრუნა თავისი უფლებები, მაგრამ არ მომხდარა ფილოსოფიისა და რელიგიის თავდაპირველი ერთიანობის აღდგენა. ფილოსოფია ვერ იქცა უნივერსულ მეცნიერებად. ეკლესიას სადღეისოდ არ შეუძლია აგორის განხორციელება, თუმცა ის დემოკრატიასა და პლურალიზმს უჭერს მხარს. ეკლესიას არც ფილოსოფიის უფლებათა მართლზომიერების ცნობა შეუძლია და არც უკან, მონარქიისაკენ დაბრუნება. ეს არის კრიზისული თანამედროვეობის უდიდესი პრობლემა, რომლის გარშემოც ტრიალებს ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებანი. ამ პრობლემის გადაწყვეტა უშუალოდ უკავშირდება კითხვას: როგორი უნდა იყოს მომავალი და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ საიმისოდ, რომ მომავალი არ იყოს საზარელი და შევინარჩუნოთ ევროპეიზმისა და მთლიანად ცივილიზაციის მონაპოვრები?
აგორა მხოლოდ ფილოსოფიური გონის მეშვეობით ხორციელდება. დღეს საკითხი კი გამოაქვთ საჯარო განხილვისათვის და ყოველთვის ხმამაღლა ითქმის, რომ საზოგადოება მისი განხილვის შემძლეა, მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ ის არ არის მისი განხილვის შემძლე. საზოგადოება ზნეობრივად ხეიბარია და თანამედროვეობის დიდი ტექნიკური განვითარება მის ხეიბრობას ვერ კურნავს. ადამიანი უუნაროა საიმისოდ, რომ რაღაცა აზრი საქვეყნოდ გამოთქვას. თუ სადმე აზრი გამოითქმის, ის ვერ აღწევს სხვა ადამიანთა ცნობიერებამდე და შეუძლებელი ხდება, რომ მისი განხილვა იქცეს დიალოგად, ინტერსუბიექტურ პროცესად. რასაც აზრის გამოთქმად და მის განხილვად მიიჩნევენ, არის უწყვეტი რესენტიმენტული პროცესი და მორალიზება. ელინური აზროვნებით ჩვენი აღტაცება კი ნიშნავს იმას, რომ გულის სიღრმეში განვიცდით ბერძენთა ჩვენზე აღმატებულებას. რევოლუციურმა ეგალიტარიზმმა ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში მოიტანა უდიდესი განვითარება, დააჩქარა ისტორიის სვლა, მაგრამ ჩვენ ქედს ვიხრით ძველი ადამიანის წინაშე, ხოლო ეგალიტარისტ რევოლუციონერს კი მუდამ ვგმობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ რევოლუციის შთამომავალნი და მისი იდეების მემკვიდრენი ვართ. ჩვენ რევოლუციით ვართ დავალებულნი და ვცდილობთ ამ ვალის სიმძიმეს გავექცეთ ეკლესიის სახელით რევოლუციის გმობით. ეკლესიაზე მითითება კი ვერ გვაძლევს სულის სიმშვიდეს. ღმერთი ვერ აალაპარაკა ჩვენს მიერ ეკლესიის სახელით რევოლუციის გმობამ. ამის მიმართ გულგრილი დარჩა ის ღმერთი, რომელსაც ასე თვალთმაქცურად ვეძახდით. ნიჰილიზმი დავანებულა ჩვენს სულში, რომელიც გვზარავს. ღვთისმოსაობითა და სიტყვამრავლობით ვლამობთ მისგან თავის დაფარვას. ჯერ არ დაგვიწყია იმის გააზრება, როგორ შეიძლებოდა, რომ უკვდავი ღმერთი მომკვდარიყო. ხშირად ვიმეორებთ „გვწამს ღმერთი“, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით როგორ დავიწყოთ აზროვნება და რა შევიმეცნოთ იდეათა სიმრავლისა და პლურალიზმის გარემოში. ჩვენი იმედი ხსნისა და ცხონებისა რწმენითი მოლოდინი კი არაა, არამედ ნიჰილიზმია. ნიჰილიზმის გამო ვერ ვხედავთ იმას, რომ რელიგია, რომლისგანაც შვებას ველით, მთლიანად პროფანირებულია. აზრი ჩამკვდარია მასში და ეს რელიგია ამართლებს ადამიანის იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც ის არის. ასე იქმნება უსაზრისობის გარსი ჩვენს გარშემო, რომლის გარღვევა არ შეგვიძლია. ადამიანი თავისუფალია იმ აზრით, რომ იგი ნებისმიერ შეხედულებას შეუზღუდავად გამოთქვამს, მაგრამ აზრი ვერ იბადება. ადამიანმა ვერ შეძლო მეტაფიზიკოსად ყოფნა და მან ეკლესიას შეაფარა თავი. ჩვენ კი ეს რწმენის გამარჯვებად გავასაღეთ.
კანონთა სიმრავლემ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში ვერ შექმნა მოქალაქე და აგორა. ანტიკური მოქალაქის კონსტიტუირებას ფილოსოფიური გონი ახდენდა და არა განუწყვეტელი აპელირება ცივილიზებული მსოფლიოსა და სამართლებრივი საზოგადოების იდეისადმი. ბერძნებთან კანონთა შემქმნელი ბრძენად იყო მიჩნეული. კანონთა შექმნა ფილოსოფოსობა იყო და მათ ფილოსოფოსი ქმნიდა. ბერძნული პოლისი ფილოსოფიური გონით იყო განმსჭვალული. ჰერაკლიტეს, პარმენიდეს, სოკრატესა და პლატონის ნააზრევზე აღიზარდნენ ბერძნები. მათთვის საცნაური იყო მაიევტიკის ხელოვნება. აგორაზე ვლინდება ეს ხელოვნება. ფილოსოფია არაა რელიგიის მსახური, არამედ ისინი ერთიანობაში არიან. მაიევტიკის მიზანი არის ზოგადის, საერთოს დადგენა. ფილოსოფიური დიალოგი ცდილობს მოიძიოს ისეთი საერთო, რომელიც უეჭველია, სარწმუნოა. პლურალიზმმა და ეგალიტარულმა სიტყვის თავისუფლების პრინციპმა დააფუძნა დებულება, რომ „ჭეშმარიტება კამათში იბადება“, მაგრამ ეს კამათი მაიევტიკისა და მისი მიზნის უარმყოფელია. აქ უკვე აღარაა დიალოგი და რესენტიმენტული ადამიანისათვის კამათი ჭეშმარიტების მოძიებას არ ისახავს მიზნად. ეს სოფისტური კამათია და რესენტიმენტული საზოგადოების პლურალიზმი სკეპტიკური და რელატივისტურია. პლურალიზმმა გააყალბა დიალოგი, როგორც ფილოსოფიური კითხვა-პასუხი. ლიბერალი იდეოლოგი ამბობს, რომ „ჭეშმარიტება კამათში იბადება“. ეს გულისხმობს, რომ ყოველი მეათე ლიბერალი ინდივიდი თუ არა, ყოველი მეასე, ან თუნდაც ყოველი მეათასე მაინც სოკრატეს სწორფერი, ან მობაძავი იქნება და შეძლებს ფილოსოფიურ დავას. ფილოსოფიურ აღზრდას მოკლებულმა რესენტიმენტულმა ადამიანმა არ იცის მაიევტიკის ხელოვნება, დიალოგის წარმართვა. ყველას გვახსოვს, რა ხშირად გამოიყენებოდა სიტყვა „დიალოგი“ 90-იანი წლების დამდეგის პოლიტიკურ ლექსიკაში. დიალოგი ვერ დაიწყო. საზოგადოება არა ფილოსოფიური გონით, არამედ რესენტიმენტითაა განმსჭვალული. დიალოგი თავიდანვე მონოლოგად და შემდგომ სიყალბედ იქცა. მონოლოგის მიზანია დემოკრატიის ერთადერთობისა და ჭეშმარიტების მტკიცება. ამის მისაღწევად საკამათოდ იქცევა ხოლმე ყველაფერი. ეს კამათი ზოგადს, საერთოს უსასრულოდ ანაწევრებს. მაგალითად, კანონშემოქმედება ქცეულია იურიდიულ სოფისტიკად. ახალმიღებულ კანონებში შეაქვთ მრავალგვარი შესწორება. შემდეგ ამ შესწორებათა შესწორება იწყება და ა.შ.
შეუძლებელია ფრაივესის პრინციპის დაცვა იყოს ადამიანის ჭეშმარიტი ყოფიერების და სოციალურ იდეალთა განხორციელების ერთადერთი საფუძველი. გაუგებრობათა წყებას ბადებს ის, როცა ეკლესია ფრაივესის პრინციპს იცავს და თავისი სწავლებიდან გამომდინარედ მიიჩნევს. რელიგია უნივერსულია და საერთოს, ზოგადის პრიმატს აღიარებს, ხოლო ფრაივესის პრინციპი კი ნომინალისტურია და ერთეულის პრიმატს აღიარებს.
ამ მონოლოგმა დემოკრატია და ფრაივესი სინონიმურ ცნებებად აქცია, მაგრამ ეს შეუძლებელია იყოს სინონიმია. ელინური დემოკრატია არსებობს ადამიანის უფლებათა გარეშე. ის არ საჭიროებს ამ უფლებებს. ამ ვითარებას ყურადღების მიღმა ტოვებენ ხოლმე. ახლანდელ პოლიტიკურ ფილოსოფიაში მიჩნეულია, რომ დემოკრატია შეუძლებელია არსებობდეს ადამიანის უფლებების გარეშე და ფრაივესის პრინციპი იგივე დემოკრატიაა. მაგრამ ფრაივესი სხვაა და დემოკრატია სხვა და სულაც არაა განვითარებისა და წინსვლის მაჩვენებელი ის, რომ ეს ორი ცნება შეერთდა და ერთმანეთისაგან გამოჰყავთ. ამით ჩვენ ფილოსოფიურ გონს ვკლავთ. გაცილებით დაბლა ვდგავართ, ვიდრე განმანათლებელთა ფილოსოფია იყო, ვიდრე ქრისტიანული ფილოსოფია იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სოკრატესა და პლატონზე. ყველგან დაცემასა და ერთეულთა სიმრავლეს ვხედავთ. ერთეულთა ერთობლიობას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ და ცდომილებათა ტყვეებად ვშთებით.
პოსტსაბჭოთა საზოგადოება ქმნის მითს ბიზნესსა და ბიზნესმენზე. ბიზნესის ფილოსოფია პლურალისტური სკეპტიციზმისა და ნომინალიზმის შემადგენელი ნაწილია. სიტყვა „ბიზნესი“ საკრალური მნიშვნელობის მქონე სიტყვად იქცა. ბიზნესი დემოკრატიისა და ფრაივესის სინონიმურობაშია ნაგულისხმევი. ბიზნესი ძალზე ფართო ცნებად მოიაზრება და ის შეიძლება მიუყენო ნებისმიერ ვითარებას. პოლიტიკა იდეური მოღვაწეობა კი არ არის, არამედ ბიზნესის სახეობაა. თვით დემოკრატია არის ბიზნესი. ეს იწვევს პოლიტიკის გადაგვარებას, მის წვრილმან საქმოსნობად გადაქცევას. ადამიანი უსამართლო და მატყუარაა და ეს ბიზნესია. ე.ი. გამართლებულია ის, რომ ადამიანი ასეთია. ეს არის საბიზნესო ცივილიზაცია, რომელიც ყოველგვარი იდეურობის მგმობელია.
ქართული საზოგადოებრივი აზროვნების წყლული არის ის, რომ დასავლეთიდან გადმოღებული ცნებები და პრინციპები საყოველთაო ვერბალური ოპერირების საგანი ხდება. ენა ყალბდება და ამ გაყალბებაში ვგულისხმობ არა გრამატიკულ ფორმათა არასწორ გამოყენებას, სინტაქსური წყობის შეუსაბამობას, არამედ იმას, რომ ენა არ ასახავს სინამდვილეს. ჩვენ რეგულარულად ვიყენებთ იმ ცნებებს, რომელთაც შინაგანად ვერ ვძლევთ, არ შეგვიძლია მათი შეთვისება. შეუძლებელია ქართული სინამდვილის დასავლური საზოგადოებათმცოდნეობის ცნებებითა და ტერმინებით აღწერა, მაგრამ ყოველთვის ამას ვცდილობთ. ხშირად გამოიყენებოდა სიტყვები „კონსენსუსი“, „კონსოლიდაცია“. ისინი მოიხმარეს და მიივიწყეს, რადგან ვერ გაიაზრეს, ვერ აქციეს პრინციპად და სახელმძღვანელო დებულებად.
ფილოსოფიურ აღზრდას მოკლებულ ადამიანს უჭირს ენის ყალბ კონსტრუქციათა შორის შეამჩნიოს აზრი, ის, რაც გულისყურს, დამახსოვრებას და შემდგომ ფიქრს მოითხოვს. ამიტომ ადამიანი აპათიური ხდება და ისედაც მწირი სააზროვნო შესაძლებლობანი ხმარდება იოლი ფორმების მოძიებას, სიმულაციების გამოგონებას. არა მხოლოდ ენასა და სინამდვილეს შორის იკარგება მიმართება, არამედ სიტყვასა და აზრს შორისაც. მაღალი ზნეობის ცნებებზე მუდმივი მითითება სრულებით არ არის არც ზნეობრიობის და არც აზროვნების დასტური, არამედ პირიქითაა.
იოლი ფორმების ძიება და რედუქციონიზმი კლიშეებად ამკვიდრებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა „სოციალური აფეთქება“, „ფარული ძალები“, „დესტაბილიზაციის მცდელობა“ და ა.შ. სისტემური უსაზრისობა, უბრალოდ რომ ვთქვათ - უაზრობა ათაყვანებს მხილებითა და ქილიკით ილაჯგაწყვეტილ საზოგადოებას. მან არ იცის, რა აკეთოს. მიუთითებენ ხოლმე, რომ ხალხი იბრძოდა, მაგრამ სად და რაში ჩანს ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის დადებითი შედეგი?
ქართულ ლიბერალ-დემოკრატიზმში არაა დამოუკიდებელი, შინაგანი სწრაფვის ძალით ნაშობი აზრი. ასევე იყო XX ასწლეულის დასაწყისის ქართულ სოციალ-დემოკრატიაში, როგორც მენშევიზმში, ასევე ბოლშევიზმში. არის მხოლოდ იმიტირება, გადმოღება და გამეორება იმისა, რაც თქვეს მარქსმა, ენგელსმა, პლეხანოვმა, ლენინმა და სხვებმა.
პოსტსაბჭოთა ქართულ ლიბერალ-დემოკრატიზმში თეორიული აზრი სუსტია როგორც ყრმა და ასპარეზზე ყოველი მისი გამოსვლა მარცხით მთავრდება. დამარცხდა 90-იანი წლების ქართული ანტისაბჭოთა დისიდენტურა, დამარცხდნენ დემოკრატებიც. ეს არის დაქვეითებისა და დაცემის უწყვეტი ხაზი. მაშინაც კი, როცა განგაშის დრო დგება, კვლავ ამ ყალბი ენით იწყებენ ხოლმე ოპერირებას. ექსტრემალური ვითარებები, საზღვრითი სიტუაციებიც კი ვერ ახერხებენ უსაზრისობის გარსის გარღვევას. ისევ ის ფრაზები, ცრუ შეშფოთება, ყასიდი წუხილი დემოკრატიის ბედზე, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ეს არის რეგლამენტირებული იდიოტიზმი.
რელიგიურ საკითხებზე ყურადღების მიპყრობა არის კომპენსირების მცდელობა, რომ რაღაცა მყარი და შეუბილწავი გაგაჩნია, რომელსაც ევალება საერთოს, გამაერთიანებლის როლი შეასრულოს საზოგადოებაში. საკუთარი ქრისტესმოყვარების წარმოჩენა აზროვნებისაგან გაქცევაა. ეკლესია გვათავისუფლებს აზროვნების ტვირთის სიმძიმისაგან და ამიტომ აფარებს მას თავს დამარცხებული და შერცხვენილი ადამიანი. ამ ვითარების რწმენის გამარჯვებად წარმოჩენა კი კიდევ ერთი უაზრობაა. ითქმის ხოლმე, რომ ეშმაკის გზა უარვყავით და ტაძრის გზაზე დავდექით. ასეთი ლაპარაკი სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი განიწმინდა და ამაღლდა.
იოლ ფორმებს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ აზრის სიმძიმეს, რომელსაც ასე მოკლებულია საზოგადოება. სიტყვასთან აზრი უნდა იყოს და ეს ჩვევა ენის დესტრუქციული გამოყენებისა, უნდა უარიყოს. საამისოდ სულაც არაა საჭირო ახალი ვერბალური კონსტრუქციების შექმნა, მათით გატაცება. ენა უნდა ენოვანებდეს და ადამიანი უნდა აღიზარდოს საიმისოდ, რომ გონითი საქმიანობა შესძლოს.
როგორც ქართული სოციალ-დემოკრატია, ასევე დღევანდელი ლიბერალ-დემოკრატია ენის დესრტუქციული გამოყენების მეშვეობით ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ განვითარების ის გზა, რის გავლასაც ევროპამ ასწლეულები მოანდომა, აქ რამდენიმე წელიწადში იქნება გავლილი. თვით დასავლური პლურალიზმი არის დაინტერესებული იმით, რომ ეს შეხედულება მყარად დამკვიდრდეს. დღევანდელ პოლიტიკურ ლექსიკაში უხშირესად გამოიყენება სიტყვა „დონე“, რომ „მაღალ დონეზე ჩატარდა“, „განვითარების დონით არ ჩამორჩება“, „შესაბამის დონეზე დგას“ და ა.შ. საზოგადოებას სჯერა, რომ ვერბალური ოპერირების საყოველთაო ხელმისაწვდომობით ჩვენ უსწრაფესად შევძლებთ გავიაროთ ის გზა, რაც ჩვენს წინამორბედთ უნდა გაევლოთ და ჩვენთვის რაღაც დაეტოვათ, როგორც ამოსავალი. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვეჯიბრებით ფრაზიორობაში, მიგვაჩნია, რომ განვითარების გზაზე ვდგავართ და დროის გასვლის შემდეგ, უკან მოხედვისას ვხედავთ მხოლოდ სიცარიელეს, სიბინძურეს.
ჩვენ ვერ ვითვისებთ ევროპეიზმის თეორიისა და პრაქტიკის მიღწევებს და როცა ეს უუნარობა უკვე ძალზე მკაფიოდ ვლინდება, ამას ვამართლებთ ეროვნული ხასიათითა და ქართული თავისებურებით. ვერ მოირგო ქართულმა საზოგადოებამ ვერც ერთი იდეა, პრინციპი და მოძღვრება. უარყოფის დემონი ღრღნის მას და მუდამ იმის სურვილი კლავს, რომ საკამათოდ აქციოს უკვე მყარად დადგენილი, მიუთითებს რა ამ დროს, რომ უკეთესს შექმნის.
მენშევიკები ცდილობდნენდაეძლიათ ქვეყნის დიდი ისტორიული ჩამორჩენილობა მარქსიზმის პრინციპების დამკვიდრებით, რომელნიც ქართულ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ასევე დღეს დემოკრატები ცდილობენ ქვეყნის გარდაქმნას და ყველგან მარცხდებიან. ისინი კატეგორიულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბნელი წარსული დემოკრატიის ძალით ნათელ მომავლად იქცევა. მარცხი იწვევს იმედგაცრუებას და უარიყოფა ყოველივე პოზიტიური, რაც დემოკრატიას გააჩნია. ეს გაურკვეველს ხდის იმას, თუ რა გზაზე უნდა იდგეს საზოგადოება. ამ გაურკვევლობას ვერ სძლევს რელიგიური ტრადიციონალიზმი და ფუნდამენტალიზმი. ისინი განსახილველი საკითხის სიძნელეს ამარტივებენ ევროპეიზმის სრული უარყოფით და მიუთითებენ მონარქიაზე, როგორც საქართველოსათვის მისაღებ ერთადერთ ჭეშმარიტ წყობაზე. ეს ფუნდამენტალიზმი ფილოსოფიური გონის უარმყოფელიცაა.
იურიდიულად გაგებული ლუსტრაცია უკავშირდება რაღაცის საქვეყნოდ ქცევას გამოაშკარავებისა და მხილების გზით, მაგრამ ის, რაც ამგვარად ქვეყნდება, არაა ზნეობრივი, არაა სუფთა. მხილების საშუალებით საქვეყნოდ ქცეული მუდამ ბინძურია და მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს. ბოლშევიზმის მხილება ეკლესიის სახელით სიბინძურეა. რესენტიმენტული სული მსჭვალავს რელიგიას. საზოგადოებას მიაჩნია, რომ რაღაცის მხილებით ზნეობას იძენს, რომ მხილების ძალით ზნეობრივი ხდება. მხილებაზე შორს საზოგადოება არასოდეს მიდის. მავანთა ლუსტრირება მათი სიბინძურის მხილებაა და არა განწმენდა. ბინძურნი ბინძურთ ამხელენ და ამას ზნეობისათვის ბრძოლად ასაღებენ. სამართლებრივი საზოგადოება არის უზნეო ადამიანის დაშინება სანქცირებული რეპრესიებით. კანონებისადმი დაუსრულებელი აპელირება არის არა ზნეობისათვის ბრძოლის მაჩვენებელი, არამედ ამ ბრძოლაში დამარცხების მაჩვენებელი. ადამიანი უზნეო დარჩა. უდიდესი სოციალური ძვრები მოხდა ევროპეიზმის განვითარების მანძილზე, მაგრამ ზნეობის პრობლემა ვერ გადაწყდა.
ლუსტრაცია, აგორა, ფრაივესი
წერილი მესამე
სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ღია საზოგადოების იურიდიული, მაგრამ არა მორალური ლეგიტიმაცია, არ არის ის ევნომია, რომელიც კანონთა კეთილგონიერების ძალით ადამიანის ადამიანად ყოფნას უწყობს ხელს. ნიცშე უდავოდ მართალია, როცა ეგალიტარიზმის დამცველებს მიმალულ შხამიან ობობებს ადარებს. საკითხი აქ იმას კი არ ეხება, რომ ნიცშე უარყოფს რევოლუციონიზმს და მონარქიის დამცველად გამოდის, შესაბამისად, ქრისტიანობასადა და ეკლესიის დოქტრინას უჭერს მხარს, არამედ იმას, რომ ნიცშე ეგალიტარიზმში ადამიანის გაყალბების იმ საფრთხეს ხედავს, რისი მომსწრენიც დღეს ჩვენ ვართ. ეგალიტარისტული მორალი კი გამოდის სათნოებისა და სიკეთის სახელით, მაგრამ ეს ნიცშეს მიხედვით, არის რესენტიმენტული სწრაფვის გამოხატულება. არა მხოლოდ ეგალიტარიზმში, არამედ ქრისტიანობაშიც ნიცშე ხედავს რესენტიმენტულ, ეგალიტარისტულ მორალს, როცა მდაბალს სძულს მაღალი, სრულყოფილი და მის მოსპობას ლამობს.
ღია საზოგადოების და ლიბერალ-დემოკრატიზმის აპელირება სამართლებრივი ურთიერთობების იდეისადმი არის არა ზნეობისაგან მომდინარე, არამედ არის მდაბალთა მორალის ლეგიტიმაციის, ლეგალიზების და ნორმალიზების ისეთი გზა, როგორიც არ იცოდა არცერთმა ისტორიულმა ეპოქამ. თვით ლიბერალიზმი, როგორც საკაცობრიო მნიშვნელობის ევროპეიზმი, დღეს არნახულ გაყალბებას განიცდის. მას აღარა აქვს ის საყოველთაო პოზიტიური მნიშვნელობა, რაც მას XIX ასწლეულში ჰქონდა. ევროპეიზმის სადღეისო ტენდენცია ნიშნავს იმას, რომ ლიბერალიზმი კარგავს საყოველთაო მნიშვნელობას, უარს ამბობს იყოს ევროპეიზმის მისიონერი.
პოლიტიკურ ფილოსოფიაში გამოთქმული აზრი, რომ ლიბერალ-დემოკრატიზმს თავისი დებულებები გამოჰყავს ქრისტეს სწავლებიდან, არასწორია. დემოკრატია და ეგალიტარიზმი არაა ის, რასაც ქრისტე ასწავლიდა და არც ის თანასწორობა „არა არს ურიაება, არცა წარმართება, არამედ ყველანი ერთნი ხართ ქრისტეს მიერ“, რომელიც მაცხოვარმა იქადაგა, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ეგალიტარულ დემოკრატიას ქადაგებდა.
ბერძნულმა დემოკრატიამ არ იცის იმგვარი თანასწორობა, რომელიც ღმერთს ებრძვის და მას უარყოფს. რევოლუციური ეგალიტარიზმი, რასაც საფუძველი დაუდეს ფრანგმა განმანათლებლებმა, უდიდეს ისტორიულ როლს ასრულებდა და სადღეისოდ ვხედავთ მხოლოდ ნეგატიურ გამოვლინებებს. ნეგატიური ხასიათი თავიდანვე ჰქონდა ეგალიტარიზმს და მისი სრულად გამოვლენისა და იდეური დეგენერაციისათვის დიდი დრო იყო საჭირო. ასევე რენესანსი, რომელიც არის ეკლესიის მიერ სანქცირებული ანტიკური კულტურის აღორძინება, თავის თავში შეიცავდა ნეგატიურ პოტენციას. რენესანსული ჰუმანიზმი ინდივიდუალიზმისა და ნომინალიზმის, ერთეულის პრიმატის იდეას ზრდიდა თავის თავში. ამის სრულად გამოვლენისათვის დროში სვლა იყო საჭირო. რენესანსული ჰუმანიზმი, რომელმაც თავის დროზე უდიდესი საქმე გააკეთა და დაუკავშირდა ანტიკურ აზროვნებას, გადაგვარდა თანამედროვე ჰუმანიზმად, რომელიც აზროვნების მტერია. რენესანსულმა ჰუმანიზმმა შეამზადა ეგალიტარიზმის ისტორიულ ასპარეზზე გამოსვლის პირობები, მაგრამ ფრანგული სიტყვა „ეგალიტარიზმი“ არ არის ბერძნული იზომოირიის შესატყვისი. იზომოირია თანასწორობას აღნიშნავს, მაგრამ არა ისეთ თანასწორობას, როგორსაც ეგალიტარიზმი გულისხმობს. ეგალიტარიზმი დემითოლოგიზებულია. იზომოირია და იზონომია, რომელიც ასევე თანასწორობას აღნიშნავს, იდეოკრატიული ცნებებია. ეგალიტარიზმი რესენტიმენტულია. ის გახდა ევროპის ისტორიული სვლის განმსაზღვრელი. უზნეობა ანტიკურ დროებაში საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ რესენტიმენტი როგორც იდეა, როგორც მოძღვრება, არ ყოფილა. ახალ დროში, ფრანგული რევოლუციის დროიდან დაიწყო ის, რომ რესენტიმენტი იქცა რაციონალურ მოძღვრებად, მეცნიერულად დაფუძნებულ სოციალ-პოლიტიკურ და ზნეობრივ შეხედულებათა სისტემად, რომელმაც ჭეშმარიტების ფლობაზე განაცხადა პრეტენზია. XIX ასწლეულის მეორე ნახევრის და XX ასწლეულის დასაწყისის ლიბერალ-დემოკრატიზმს მრავალი მანკიერება გააჩნდა. ბოლშევიზმი, ისევე როგორც ნაციონალ-სოციალიზმი ცდილობდნენ დაეძლიათ ლიბერალიზმისა და სოციალიზმის მანკიერებანი. ბოლშევიზმი ფრანგული რევოლუციონიზმის მსგავსად, რადიკალური ათეისტი და ექსტრემისტული მეთოდების მომხრე იყო. ნაციონალ-სოციალიზმი არ იყო რადიკალური ათეისტი და ის ჰეროიზმი, რაც ფაშისტურ იდეოლოგიას ახასიათებს, არის მცდელობა იმისა, რომ დაიძლიოს ევროპული ლიბერალიზმისა და სოციალიზმის მანკიერებანი, რაც ეგალიტარიზმმა წარმოშვა. აქ ხშირად აღინიშნება ხოლმე, რომ ეს ჰეროიზმი ნაციონალ-სოციალიზმს აღებული ჰქონდა ნიცშეს მოძღვრებიდან და მან ეს მოძღვრება გააყალბა. ამგვარი მსჯელობის უსაფუძვლობა კი ის არის, რომ ვერ დაასახელებენ თუნდაც ერთ მოაზროვნეს, რომელსაც XX ასწლეულის 20-30-იან წლებში ნიცშეს ფილოსოფია ჭეშმარიტად ესმოდა. სხვა არის ის, რომ მისი ნააზრევით აღტაცებულნი იყვნენ, მაგრამ აღტაცება და მის მიმდევრად თავის გამოცხადება არ ნიშნავს, იმას რომ გესმის მისი ნააზრევი. ვინ იყო ევროპაში ისეთი, რომ მას ეთქვა - ნიცშეს ფილოსოფია ნაცისტებმა გააყალბეს ? შეფასება, რომ ნიცშეს ფილოსოფია გააყალბეს, გულისხმობს იმას, რომ მასში არის რაღაც ჭეშმარიტი. ეს რომ თქვა, უნდა გესმოდეს მისი მოძღვრება, რათა შეგეძლოს თქმა, რომ ესა და ეს დებულება ნაცისტებმა გააყალბეს და სინამდვილეში კი ასე და ასე იყო ნიცშესთან. ნიცშეს მოწაფეები არ ჰყოლია. მისი ნააზრევის ფილოსოფიური შესწავლა ევროპაში ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება, რაც ვიწრო ფილოსოფიური წრისათვის არის ცნობილი. რახან ერთხელ დამკვიდრდა აზრი, რომ ნაცისტებმა გააყალბეს ნიცშეს რიგი დებულებანი, ამის გადახედვას აღარ ცდილობენ. ნიცშეს მოძღვრება ჭეშმარიტად დღესაც არ ესმით პოსტსაბჭოთა გარემოში. სწორედ მისი უმეცარნი ამტკიცებენ ყველაზე მეტად, რომ ნაცისტებმა ნიცშე გააყალბეს. თუ ჩვენ არ ვიცით რა იყო ნიცშეს ნააზრევში ჭეშმარიტი, ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ის გააყალბეს. რა გააყალბეს ? აბა ვკითხოთ მათ: კი მაგრამ, იმის გარდა, რაც ნაცისტებმა გააყალბეს, რა არის ჭეშმარიტი ნიცშეს ნააზრევში ? სრული ნონსენსია ნიცშეზე აღრენითა და დაცინვით ლაპარაკი და ამავე დროს ნაცისტების მიერ მის გაყალბებაზე მითითება. არ ვიცით რა არის ჭეშმარიტი ნიცშეს მოძღვრებაში და არც ის ვიცით რომელი პუნქტიდან იწყება მისი გაყალბება ნაცისტების მიერ. ამის დასტური ისაა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის უახლეს გამოკვლევებში ნიცშე იმგვარ ათეისტად მიიჩნევა, როგორც ბოლშევიკები ან ფრანგი განმანათლებლები იყვნენ. ნიცშეს ათეიზმი კიდევ სხვაა. ამას ვერ ვხედავთ, რადგან არ გვსურს დაფიქრება მის სიტყვებზე „ღმერთი მოკვდა“. ეს სიტყვები იმის საფუძვლად მიგვაჩნია, რომ კატეგორიულად და ტრაფარეტულად ვამტკიცოთ ნიცშეს ათეისტობა. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ვგმობთ ადამიანს, რომელმაც ღმერთის სიკვდილი აუწყა. ჩვენი მტკიცება ნიცშეს ათეისტობაზე ამგვარად სხვა არა არის რა, თუ არა რეზონერობა და მდარე მორალიზმი. ამ გმობაში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ თავად ღვთისმოსავნი და ზნეობრივნი ვართ და სწორედ ეს არის რესენტიმენტული სწრაფვის გამოვლენა, რომელიც ღმერთისა და ზნეობის სახელით იფარავს თავს. განა თეისტს არ შეუძლია თქვას, რომ ღმერთი მოკვდა ? განა ამ საზარელი სიტყვების წარმოთქმა კაცს ათეისტად გახდის ? რამდენ რამეზე არ გვიფიქრია და გვგონია, რომ ბოლოში გავსულვართ. ის, რომ ჩვენ არ გვიფიქრია ნიცშეს ნააზრევზე, ამის უდავო დასტური შემდეგია: ღმერთისადმი აპელირება მიგვაჩნია აზროვნების დამასრულებელ პუნქტად. სინამდვილეში ეს გონებრივი სიზარმაცისა და ზედაპირულობის გამოხატულებაა. რაოდენი იმუშაკეს აზრით დიდმა კაცებმა, გეზი მონიშნეს და გზაც გაკვალეს. ჩვენ კი ისევ ისე ვართ უგზონი.
ჩვენ არ გვესმის, რომ დიდი ათეიზმი ევროპასა და რუსეთში მომდინარეობს რელიგიურ რწმენაში დიდი იმედგაცრუებისაგან. ადამიანი, რომელიც ღმერთისაგან მოელოდა სამყაროში არსებული ბოროტების აღმოფხვრას, ღმერთის მგმობელად იქცა. რევოლუციურ ღმერთმებრძოლობას თავის მეცნიერულ და ფილოსოფიურ საფუძვლად უძევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ათეიზმი. იგი ცდილობს ღმერთთან მიმართების გარეშე დაადგინოს ღირებულებები და ზნეობრივი საკითხი ადამიანის შესაძლებლობის საზღვრებში გადაჭრას.
ცუდი ისაა, რომ ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, მარქსიზმის უარყოფა პუბლიცისტური რეზონერობის დონეს არ გასცილებია. ბოლშევიკური წარსულის გმობაში შემწეობას გამოელიან ეკლესიისა და ღმერთისაგან და დემოკრატია მიაჩნიათ იმ წყობად, რომელიც საბოლოო ჭეშმარიტების გამომხატველია.
როდესაც ბოლშევიზმმა და ლიბერალ-დემოკრატიზმმა ნაციონალ-სოციალიზმი განსაჯეს, ეს იყო გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულის განკითხვა და უკვე ეს ფაქტი საკამათოდ ხდის იმ დებულებას, რომ ნიურნბერგის პროცესი მიუკერძოებელი სამსჯავრო იყო, რომ ეს პროცესი პროგრესული კაცობრიობის მორალური გამარჯვება იყო. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ისტორიოგრაფიამ ჯერ კიდევ არ იცის ბევრი რამ ნიურნბერგის პროცესზე, ისევე როგორც არ იცის ბევრი რამ ნაცისტურ მოძრაობასა და მის იდეებზე. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნაციზმის განმსჯელ მხარეებს მასზე გამარჯვება აძლევდა იმის რწმენას, რომ მათი იდეოლოგიები სწორი იყო. ე. ი. ნაციზმის დამარცხება როგორც ბოლშევიზმს, ასევე ლიბერალ-დემოკრატიზმს უსახავდა გარკვეულ იდეოლოგიურ, ისტორიულ პერსპექტივას. ჩვენ რომ ასეთი კატეგორიულობით მოვითხოვთ ბოლშევიზმის განსჯას, რა გამარჯვება მოვიპოვეთ ? ვინ სად იომა ? სად და როდის გამოვავლინეთ პოლიტიკური ნება და რა საკითხში დავიცავით ზნეობრივი კანონი ?
უარვყავით რა მარქსიზმი, ჩვენ ცარიელ ადგილზე დავრჩით და შევეცადეთ ამ ადგილის შევსებას საეკლესიო დოქტრინით, რაც მიუტევებელი ცდომილება და ანაქრონიზმი იყო. ღმერთზე მითითება რწმენისა და სულიერების დასტური კი არა, არამედ ვითარებაში ვერგარკვევის დასტურია. იქ, სადაც საკითხიც ჯეროვნად არ იყო დაყენებული, ღმერთზე მითითებით გამოტანილი იქნა უაპელაციო მსჯავრი.
როდესაც ჩვენ მარქსიზმი ყალბ იდეოლოგიად მივიჩნიეთ და ეკლესიის დოქტრინა იდეალად დავსახეთ, არ მოვისურვეთ დანახვა, რომ მთლიანად ევროპეიზმი, როგორც რევოლუციონიზმის პირმშო, იშვა სწორედ რელიგიასთან უდიდეს დაპირისპირებაში. რელიგიამ როგორც იდეოლოგიამ ვერც ევროპაში, ვერც რუსეთში ვერ შეძლო თავისი სოციალური იდეალის განხორციელება და სწორედ ამან გამოიწვია საბუნებისმეტყველო ათეიზმის, სოციალიზმისა და ბოლშევიზმის წარმოშობა. რატომ ვერ შეძლო რელიგიურმა იდეოლოგიამ თავისი იდეალების განხორციელება და რატომ, რის საფუძველზე მიგვაჩნია ჩვენ, რომ მარქსიზმისა და ათეიზმის გმობის ძალით, სწორედ ჩვენ შევძლებთ რელიგიური იდეალების განხორციელებას დემოკრატიული ეგალიტარიზმისა და საბაზრო ლიბერალიზმის გარემოში ? აი ეს კითხვა უნდა იქცეს ჩვენთვის ამოსავალ დებულებად, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ ის, რაც მოხდა და რაც ამჟამად არის.
როგორ არის ღმერთი სამყაროში ? რატომ არის ამდენი ბოროტება და ეკლესია კი მადლის მოფენას ირწმუნება ? როგორი არის ის სამყარო, რომელშიც ღმერთი მკვდარია ? არის თუ არა ეს მეტი ბოროტების მშობი ? რა არის მესიანიზმი და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმ სამყაროში, რომელშიც ღმერთი მოკვდა ?
შუა საუკუნეებში ბერძნული აგორის თავისებური განმახორციელებელი იყო არისტოკრატი, რომელმაც ღირსება მამაცობისა და მახვილის ძალით შეიძინა. არისტოკრატი არის ის, ვინც თავისი თავი დაძლია, ისე, როგორც ამას შემდგომ ნიცშე ასწავლიდა. არისტოკრატი მუდამ თვალწინაა და საჯაროდ მსჯელობს. არისტოკრატისათვის საქვეყნოდ ყოფნა ის ქურაა, რომელშიც ის სულს აწრთობს და კეთილშობილებას იძენს. კეთილშობილება ის იდეაა, რომელსაც დასცინა რესენტიმენტულმა ეგალიტარიზმმა და ის დავიწყებულ იქნა ფილოსოფიაში. ის აღარაა შემეცნების საგანი. ის აღარაა იდეალი. კეთილშობილება იყო ყველა დროის ფილოსოფიის ცენტრული იდეა. მდაბიოსაგან განსხვავებით, არისტოკრატისათვის საქვეყნოდ ყოფნა არაა სამძიმო. მდაბიორი ზნითა და სულით ბინძურია და ის იმალება. ის მდაბალი ადამიანია და მას არ შეუძლია თავის დაძლევა. მდაბიორობა ონტოლოგიური კატეგორიაა და არა მხოლოდ სოციალური. აი ეს დამალა რესენტიმენტულმა ეგალიტარიზმმა და მასზე დაშენებულმა ყველა ჰუმანიტარულმა მეცნიერებამ. არისტოკრატი, როგორც ადამიანი შინაგანი სიბინძურის გარეშე, საჯაროდ გამოდის, ქმნის ღირებულებებს და ამ ღირებულებების საჯარო დამცველად გვევლინება. ამგვარად, არისტოკრატი არის კათარი და მისი ცხოვრება კათარზისის უწყვეტი პროცესია. აგორა არისტოკრატისათვის აზრისა და ღირებულების საქვეყნოდ შექმნის ადგილია, ხოლო მდაბალი ადამიანისათვის რესენტიმენტული შურისგების გამოვლენის ადგილი. არისტოკრატი სახელებს არქმევს საგნებს, წესს ადგენს. მას ახსოვს წარსული. მდაბალი ადამიანი კი ანონიმურია, უსახელო შურისგების დამტარებელია. არისტოკრატი კი სწორედ იმიტომ, რომ ის კეთილშობილი, მაღალი ადამიანია, გადაგვარებისა და მარცხისათვის არის განწირული. რესენტიმენტული სწრაფვა მდაბალი ადამიანებისა ამარცხებს არისტოკრატს და ნიცშე უდავოდ სწორია, როცა ამას განიხილავს. ამ გადაგვარებისა და მარცხის მიუხედავად კი იდეალად ისევ არისტოკრატი და მისი კეთილშობილება რჩება. ამ კონტექსტში ვიტყვი, რომ რევოლუციონიზმის ეპოქამ ეს წესი ადამიანის ყოფნობისა ვერ შეცვალა. ის უძველეს მითებშია ფესვგადგმული.
ჩემი ამ მსჯელობის გაგებით და შემდეგ ისტორიის ხელახლა წაკითხვით ბევრი რამ, მათ შორის თავად რევოლუციონიზმის ეპოქა, სხვაგვარად წარმოჩინდება შემმეცნებლის წინაშე და ის გაოცდება. ისტორიის წაკითხვას თავისებური ნიჭებულება ესაჭიროება, რაიც ბევრ ისტორიკოსსაც კი არ აქვს.
ჩვენი მიზანი და ცხოვრებისეული ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ინდივიდუალიზმიდან, ატომიზებული საზოგადოებიდან დავუბრუნდეთ ისევ ზოგადს, საერთოს, რაც არის აგორაზე სიტყვის საქვეყნო დაბადება. ეს ნიშნავს საკუთარ თავთან ბრძოლას, რათა დაიძლიოს ადამიანი. ახალი აგორას დაბადება არა მშვიდობის , არამედ ომის ფილოსოფიაა. სიტყვას ისევ უნდა მიენიჭოს ის ძალა, რაც მას უწინ ჰქონდა.
ჩვენს ფიქრსა და ძიებაში შემწედ ისტორია გვევლინება. ეს არ ნიშნავს, რომ მზერას წარსულს მივაპყრობთ. მონარქიისა თუ ეკლესიის იდეალიზება არაა პასუხი იმაზე, რასაც დრო გვეკითხება. ბერძნული სიტყვა ისტორია რაღაცის შეტყობასა და შემეცნებას ნიშნავს, გამოკითხვისა და გამოკითხვის მეშვეობით განსწავლას ნიშნავს. წარსული ჩვენთვის უნდა იყოს ისეთი ისტორემა, რომლის შეტყობა და შემეცნება გვაფიქრებს ისტორიის საზრისზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий