აკაკი ბაქრაძეს უდიდესი ავტორიტეტი აქვნდა ეროვნული მოძრაობის დროს. მას 90-იანი წლების ილიას უწოდებდნენ. მისი ლექციებისა და მოხსენებების მოსასმენად ხალხი მოიჩქაროდა და ტევა არ იყო. მის სატელევიზიო გამოსვლებს მთელი საქართველო უსმენდა და შემდეგ ბჭობდნენ ამაზე. ბოლოს ისე საჯაყად დაემართა ბაქრაძეს, რომ მტერიც ვერ უზამდა. ქართველთა გულებში აღმართულ დიდების კვარცხლბეკიდან ბაქრაძე გაიპარა. ცხოვრებამ დასცინა მის მედასავლეთეობას და ჩალად აქცია მისგან თქმული სიტყვა. ქართველებს ხელთ შერჩათ ნაერისკაცალი, კომუნისტების ნასახელარი ერთი მობუტბუტე კაცი, ეროვნული მოძრაობის საბოლოო დასამარების მონაწილე, შევარდნაძის მოდასე გურული. ისე ჩავიდა ის საფლავში ცხოვრებისგან დაძრახული, რომ ერთი არა უთქვამს რა თავისი ძველი სახელის შესაფერი.
გაზ. "ჩვენი მწერლობა", ივლ. 2003. |
ერის შუქურად დასახული კაცი 1992 წლის დამდეგსვე ჭვარტლიანი კვარის შუქსაც ძლივსღა გამოსცემდა. მისი სახელი გააცამტვერა სამოქალაქო ომის პირველივე დღეებმა. ჩაიყლაპა ბაქრაძე 1992 წლის დასაწყისშივე. მან თქვა 1991 წლის შემოდგომაზე, როცა თბილისი ყარდა ქართველთა შლეგობითა და ისტერიით, რომ სამოქალაქო ომი არ დაიწყებოდა. ბაქრაძისგან დარჩა ჯაბა იოსელიანის მეგობარი, დაჭიავებული კაცი, რომლის კალამი სამოქალაქო ომის სისხლშია გასვრილი. მას ერთი არა უთქვამს რა , როცა ზვიადელებს დევნიდნენ, აწამებდნენ, როცა ეროვნული მოძრაობისგან მტვერიღა დარჩა, როცა სამეგრელო აიკლეს, შევარდნაძის მეცადინობით ომები განზრახ წააგეს და ათიათასობით ქართველი გაწყდა. ის გაებუტა ჯაბა იოსელიანს და ელდარ შენგელაიამ შეარიგა. ეს თამაზ ჩხენკელისაგან და თავად ჯაბა იოსელიანისგან ვიცი. რაღაც ხუმრობა იწყინა იოსელიანისაგან და ამიტომ გაებუტა. ბაქრაძე არ იყო ის კაცი, რომ იოსელიანისთვის პირში მიეხალა სათქმელი. შევარდნაძის გამხრწნელმა ბატონობამ წარმოაჩინა, რომ ბაქრაძე იყო ჩვარი, რომელსაც თავი აღარსად გამოეყოფოდა. მახსოვს, ტაბლოიდი, A4 ფორმატის გაზეთუკა გამოუშვა უცხოპლანეტელებზე 1993 წელს. დაჩიავებული ბაქრაძე დაიარებოდა შევარდნაძის მოდასეთა შეხვედრებზე, ირეოდა იმ ლიბერტარიზებულ პარტნომენკლატურასა და მას გადაჭდობილ ანტისაბჭოელ დისიდენტებს შორის, რომელსაც ასე უშეღავათოდ ებრძოდა მართალი სიტყვით საბჭოთა პერიოდში. ის მოესწრო ინტელიგენციის კლასის დეგრადაციას და ზნედაცემულობას. ბაქრაძეს გაუჭირდა საქართველოს მასშტაბით ამაღლებაც კი. სანამ კომუნისტების დალაგებული იყო ქართლი, მანამ ჩანდა ბაქრაძე ქართველ ერისკაცად. ის იყო თბილისელი გურული და ასეთად დარჩა. არაფერმა ისე ნათლად არ გამოაჩინა ეს, როგორც საბჭოთა სისტემის დამთავრებამ. ბაქრაძე იყო რუსთა მიერ ნათამამები, იოლი ცხოვრებით აცეტებულ თბილისელთა სალონის პოლიტიკური მთქმელი, ოთახის მოუბნარი, რომელიც გარეთ არად ვარგოდა. ვაკელების პოლიტიკური მკითხავი და მოლიქნე მარჩიელი იყო ბაქრაძე. ასეთი მარჩიელობა მაშინ ცოტას ეხერხებოდა, დღეს კი მათ ლაშქარს გაზეთები აქვთ აკლებული. ქათმის ჭკუითა და მამულიშვილური ჯამბაზობით ქვეყანას აოცებენ. ბაქრაძეს არ შეეძლო ქართველთა მასის დარაზმვა კი არა, არამედ დიდი პოლიტიკური თავყრილობის გაძღოლაც კი. საბჭოთა დროს ბაქრაძე რომელიმე მწერალთან ან ქურდის მეგობარ თეატრალთან სტუმრად მივიდოდა. იყო ერთი ქირდვა და ქილიკი რუსებზე. ეს თეატრალი თან ქურდულს აწვებოდა და თან ერისკაცობდა. თავისი თავი ყველას ინტელექტუალური ელიტის წევრი და ნამეტურ ჭკვიანი ეგონა. ერთურთს ეჯიბრებოდნენ ლენინზე ან მარქსზე სიმძაღის თქმაში. ამათ თავი ევროპელებად მიაჩნდათ, რომელნიც აზიატმა რუსებმა დაიპყრეს და ჩაგრავდნენ. ამათ ეგონათ, რომ ვინმე საკლისობდა ქართველთ ევროპაში და მათ მისვლას ელოდნენ. ესენი 1991 წლის მიწურულს ყიჟინით მიეგებნენ სამოქალაქო ომის დაწყებას და შევარდნაძის ჩამოსვლას ტაშით შეხვდნენ. რა უყო ყველა ამათგანს ცხოვრებამ. დედის საშო თავზე დაახურა და კაცობა შეუგინა. მათი ვესტერნისტობიდან (მედასავლეთეობა) კი ბეწვიც აღარ დატოვა შეუბღალავი. ბაქრაძე მოესწრო საქართველოს გახრწნას შევარდნაძის მიერ. ასეთი ლაპარაკით ერთობოდნენ აქ წლობით, რომ ქართველმა სტალინმა გაყო გერმანია, დიდმა პოლიტიკოსმა, ქართველმა შევარდნაძემ კი გააერთიანა და თურმე ამ ქართულ ფენომენს მსოფლიო იცნობს. არა, შევარდნაძემ რა გააერთიანა? გაზეთის დონეზე მეტი კი არ იყო და არის ქართველი ინტელიგენცია. ან კიდევ ასეთი ნათქვამი: სატანა გამსახურდიამ მამარდაშვილს გული გაუხეთქა. ბაქრაძე იყო ყოველივე ამის შემსწრე. პლურალიზმის გარემოში ჩაყენებული ბაქრაძე აღმოჩნდა ერთი ჩია კაცი, ისეთი უმწეო და გაცრიატებული ვიეთი, რომ არც დაიჯერებდი ამის სახელოვან კრიტიკოსობას კომუნისტების ზეობის ჟამს. 1992 წლის კატასტროფის შემდეგ, 1993- 98 წლებში ბაქრაძემ ვერაფერი დაწერა გამოსაჩენი და ქვად დასადები. მან არაფერი თქვა იმაზე, რომ ქართველი ინტელიგენციის ასეთმა საარაკო არაკაცობამ გაამართლა ბოლშევიკური რეპრესიები და არარად აქცია ამ რეპრესიების გამო ცრუ ჭირისუფალთა მიერ გაზეთებსა და წიგნებში ატეხილი ვაი-უშველებელი. ბაქრაძემ ხმა ვერ ამოიღო იმაზე, რომ დასავლეთმა მოიტანა ნეოკოლონიალიზმი და ლიბერტარიზმი. არც იცოდა ეს რა იყო. იოტისოდენა არა დარჩა რა ეროვნული მოძრაობიდან უკვე 1992 წლის ბოლოსათვის. ეს გააკეთეს თავად ქართველებმა და მასონებს კი დააბრალეს. სიცრუე იყო ამდენი ბიბლიობა. რუსთა მიერ სახრითა და ხიშტით მოკრებილი ქართველი ნაცია ისევ დაიშალა ტომებად. ომები და დაცემა სხვა ხალხებსაც გადაუტანიათ, მაგრამ ისინი შთებიან ნაციებად. მათ საკუთარი ქვეყანა არ გაუძარცვავთ. ქართველნი კი ერთურთის დამძრახველ და დამჩაგრავ ტომებად ჰგიან. საბჭოთა იდეოლოგიის სიცრუე შეცვალა საქართველოს ისტორიის სიცრუემ, როცა გამოდის უამრავი ნაწერი ქვეყნის ფეოდალურ წარსულზე, მეფეებზე, თავადებსა და მღვდელმთავრებზე. ახლანდელი საკითხების, ისტორიის ფილოსოფიის სარბიელზე კი ვერა რა ითქმის. წარსულის ჩხრეკა და მისი სანაქებოდ გამოჩენა არის დღეისობის სიძნელეთაგან თავდასაძვრენი, ლაჩრობისა და ინდიფერენტიზმის, უცოდნელობის მისაჩქმალი ილეთი. ბაქრაძე ყოველივე ამაზე დუმდა. კი იძლეოდა ინტერვიუებს 1992 წლის შემდეგ, მაგრამ სათქმელი მას არ უთქვამს. ბაქრაძის ქართულით ქართლს კარგი არა ეწია რა. ქართულ სუფრასავითაა მთელი საქართველო. ყველაფერი ნარიოშალია, გამოგონილია. ყველაფერი წყეული და ტაკიმასხრულია.
ბაქრაძის ერთი-ორი საჯარო გამოსვლა მეც მომისმენია და ვერას ვამბობდი ეჭვსა და უკმარობის განცდაზე. შემოგზავნილსა და პროვოკატორს მეტყოდნენ თავმომწონე თბილისელნი. არც წამოდგომასა და შეკითხვას ჰქონდა აზრი. პოლემიკაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. საყოველთაო მონაჩმახმა ევროპულ საქართველოსა და ოდითგანვე მის ევროპისკენ სწრაფვაზე ცნობა მოუწამლა ქართველობას. ამაში კი ნამეტურ ბაქრაძეს მიუძღვის დიდი წვლილი. მკვახე შეძახილი თავად ბაქრაძეს ეკუთვნის და აი რატომ:
„ქართული მწერლობის“ 30-ტომეულის მეხუთე ტომს (გამომც. „ნაკადული“, თბ. 1988), წამძღვარებული აქვს აკაკი ბაქრაძის წინასიტყვაობა (გვ. 5-30). ეს არის ყოვლად აფრაკული მსჯელობა მსოფლიო ისტორიის უცოდნელი ბაქრაძისა. მან იცოდა საქართველოს ისტორია და ეს შეეწია სახელის მოპოვებაში. საქართველოს იქით რა იყო, ბაქრაძე ამაში ვერ გაერკვა ცხოვრების ბოლომდე. აი ეს წინასიტყვაობა რომ არ დაებეჭდათ კომუნისტ ცენზორებს, მერე ამაზე დადგებოდა მიეთმოეთი, რომ აგერ, ბაქრაძეს არ დაუბეჭდეს ეროვნული სულით აღბეჭდილი ტექსტი და მისთანანი. ამ წინასიტყვაობას დამწუხრებული სახეებითა და ოხრვით კითხულობდნენ ქართველნი და ისე არჩევდნენ მას, ვითომც დიდი ნააზრევი ყოფილიყოს. ეროვნული მოძრაობა იწყებოდა იმ 1988- ში და ყოველი ასეთი ნაწერი, რაც ქართველთა თავმოთნეობას აამებდა, რომ ისინი ევროპელები იყვნენ, ხელიდან ხელში გადადიოდა. აი, ასეთი უარსებითესი საკითხის გარჩევაში, როგორიცაა ქვეყნის ხანგრძლივი ორიენტაცია, იყო და არის ამდენი ზერელეობა, მაამებლობა, პატრიოტიზმს ამოფარებულ ჭკუანაკლულთა ბოღმიანობა. იმიტომაც არის ქართლის საქმე შავად. ამათი წიგნების მიხედვით რომ განსაჯო, ყველა ჭკვიანია, მთელი საქართველო კი მუდამ მოღორებულია.
ამ წინასიტყვაობაში ბაქრაძე ამბობს, რომ იოანე მთაწმიდელი ესპანეთს აპირებდა გამგზავრებას. იმპერატორებმა ბასილმა და კონსტანტინემ არ გაუშვესო (გვ. 13). ჯერ ერთი ბაქრაძემ უნდა მიუთითოს რომელ კონსტანტინეზეა ლაპარაკი, რადგან ამ სახელით რამდენიმე ბასილევსი იყო ბიზანტიაში. ასევე უნდა მიუთითოს იოანე მთაწმიდელის ცხოვრების წლები. რა, ეგრე ახსოვთ ქართველებს თავისი ძველანი, რომ მარტოღა ახსენე ვიეთი წინაპართაგანი და უკვე უწყიან ვინ როგორ? ბასილევსის ტახტზე ყოფნის ჟამის გარკვევაზე მეტად კი იოანე მთაწმიდელის ესპანეთს ზიდილია გასარკვევი. პრინციპულ საკითხზე ლაპარაკობს ბაქრაძე და ზუსტი უნდა იყოს საკითხის გადმოცემაში. ვთქვათ , წასულიყო ექვთიმე მთაწმიდელის მამა, ბერი იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი), (მიახლ. 920-1005) ესპანეთს და იქაურებს შეხვედროდა. მერე? რა იყო ესპანეთი და მთელი ევროპა ან X, ან XI-XV საუკუნეებში? ვთქვათ, ესპანეთის ევროპული იმპერიის ზეობისას (XVI-XVII საუკუნეები) ვინმე ქართველი ჩასულიყო იქ და ეთქვა, რომ ის ესპანელთა ნათესავია და კავკასიის იბერიიდან სამხვეწრად მოვიდა. არა, ხომ იარა ევროპაში იმ თარსიან 1700-იან წლებში სულხან-საბა ორბელიანმა და რა ჩიტი დაიჭირა? არვინ უგდო ყური და წამოვიდა გაწბილებული. მაშინ ესპანეთის იმპერია კიდევ მძლავრობდა. ხომ შეიტყვეს ესპანელებმა, რომ კავკასიის იბერიიდან ელჩი დადიოდა ევროპაში და მერე? ბაქრაძე არ აყენებს ამ კითხვებს. სადაა ესპანეთში ქართველთა ნათესავი? ხომ იარეს იქ საბჭოთა კავშირის დროსვე ქართველებმა. წიგნები წერეს შოთა ძიძიგურმა (შოთა ძიძიგური. მოგზაურობა ბასკეთში (1977 წლის ივლისი). თსუ-ს გამომც. 1977), ილია ტაბაღუამ (ილია ტაბაღუა. ბასკები. ლეგენდები და ფაქტები. თბ., „საბჭოთა საქართველო“. 1979) და სხვებმა. XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს და 80-იან წლების შუამდე პრესასა და ტელევიზიაში ერთი ამბავი იყო ესპანეთისა და ბასკეთის გამო. ცკ-ს მდივანი შევარდნაძეც იყო ესპანეთს ჩასული და ამაზეც გამოვიდა დიდტირაჟიანი წიგნი. ეს მოჩვენებითი სიხალისე ბასკებისა და ესპანელების ქართველებთან ნათესაობის გამო 80-იან წლებშივე მიივიწყეს, რადგან არვინ უგდო ყური ქართველებს არც ესპანეთში, არც მის ერთ-ერთ მხარეში- სეპარატისტულ ბასკეთში. ერთურთში ილალვიან მრავალი წელია ესპანელები და ბასკები. ტერორისტულად იბრძვიან ბასკები ათეულობით წელი, უამრავი ესპანელი მოკლეს. კაუდილიო ფრანკომ (1892-1975) დასაჯა ბასკები სეპარატიზმისათვის. ბასკური ტერორიზმი ესპანეთისგან განცალკევებას ისახავს მიზნად. ასეთი დონის ნაციონალიზმია ბასკებში და მას ვერ დაანელებს გლობალიზაცია. შენ რაღა ხარ, ქართველო? დაგცარა დასავლეთიდან მოტანილმა მოსახმარისა და საპამპულოს ნაირობამ და დაკარგე მამული. შენ ბასკსაც ებიძ-ემამიდები და ესპანელსაც? რად არ გინდა შეიგნო, რომ სხვადასხვა ხალხია? იმად, რომ არ წაგერთვას ლაყაფისა და ფამილარობის შესაძლებლობა. შეუძლებელია ბაქრაძეს ეს ყველაფერი არ სცოდნოდა. ის ამაზე არაფერს იტყვის. მისი ეს წინასიტყვაობა ამ წლებში დაიწერა როცა ერთი ამბავი იდგა ესპანეთის იბერიელებთან ნათესაობის გამო. რუსების ჯიბრში დგომით დაწერა ეს საცოდაობა და იდიოტობა ბაქრაძემ. მისმა დათესილმა ღვარძლმა ნაყოფი მალე გამოიღო. ეს ნაყოფი კი ისაა, რომ წიგნიერმა ქართველებმა აიკვიატეს ბიზანტიზმის დამღუპველობა საქართველოსათვის და დაიჯერეს, რომ ბიზანტია ხელს უშლიდა საქართველოს ევროპისკენ სწრაფვაში. პოლიტიკურ ფეტიშად იქცა ქართველთა შორის ეს ევროპა. ახლა ასე დავაყენოთ საკითხი: ესპანეთიდან აქ რად არვინ არასდროს ჩამოვიდა? ხომ უწყოდნენ ესპანეთში, რომ კავკასიის სამხრეთშიც არის იბერია? მსოფლიო იმპერია იყო ესპანეთი XVII-XVII საუკუნეებში, თავზე გადასდიოდა დოვლათი. სადღა არ შედიოდა ესპანური ფლოტი და გამოეგზავნა ესპანეთის სამეფო კარს ქართლის სანახავად ელჩიონი. ვის როდის გახსენებია? თუ ჩამოვიდა, იტალიელი კათოლიკე მისიონერი ჩამოვიდა. შესაძლოა, ესპანელი მისიონერიც იყო აქ მოსული ძველად, მაგრამ ნათესაობისა მას არა უთქვამს რა. მოგვიანოდ გერმანელი და ბრიტანელი ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ არტურ ლაისტი, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. ოლივერ უორდროპზე კიდევ ქვემოთ ვიტყვი. აქ უმოგზაურია დიუმას. დიუმამდე გერმანელი მოგზაური, ექიმი, დიპლომატი და მეცნიერი იაკობ რაინეგსი 1778- 81 წლებში იყო საქართველოში. რანიც იყვნენ ქართველნი, ეგრეც დაწერა ამაზე წიგნი. ერეკლე II-ის კარზე ის შინაკაცად იყო მიჩნეული. რუსთ ხელმწიფის დავალებებს ასრულებდა რაინეგსი. 1843- 46 წლებში კავკასიასა და სპარსეთში იყო გერმანელი მეცნიერი და მოგზაური მორიც ვაგნერი, რომელმაც 1850 წელს წიგნიც გამოსცა. ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე მუდამ ტრიალებდნენ იტალიელი მისიონერები. ესპანელი არასოდეს მოსულა ქართლში. ვინ იყო და არის ევროპელი ქართველოლოგი ? გერმანელები იყვნენ და არიან. ბრიტანელი, ფრანგი და იტალიელი არიან ქართველთა ავანჩავანობის შემსწავლელნი. ქართველოლოგი ესპანელი ან ბასკი სადაა? ესპანელი კათოლიკე მისიონერები ფილიპინებიდან დაწყებული ვიდრე ჩილემდე დუნიას გარს უვლიან ქრისტეს სახარებლად და საქართველოში არვინ ჩამოსულა. მაინც ხომ დადიან ხალხთა მოსამოწაფებლად და რომელიმე ესპანელმა მისიონერმა თქვას, რომ წავალ ქართლად, ჩვენ ოხერ ნათესავებს ვინახულებ. არც ესპანელ ეკლესიის მამებს, არც ესპანელ ისტორიკოსებსა და ფილოსოფოსებს არ აფიქრებდათ კავკასიის იბერიელების საკითხი. ან ვინმე ცნობილი ბასკი თუ ჩამოსულა ქართლში ან სამეგრელოში და ბიძაშვილობა დაუწყია? არ გიგდებენ ყურს არც ესპანელი, არც ბასკი და რას ეტორღიალები, რას ელაციცები, შე მამაცხონებულო. არა, პირში გინდა რომ მოგახალოს - წადი, გადაშენდი შენი იბერიელობითა და შენი ნათესაობით? რატომ არ გინდა ამის დანახვა? რას ითაფლები? სად ვის ეჩურთები? ხან იტალიელთან, ხან ფრანგთან კაიკაცობ და მოყვრობ. დაეყე აქა და შენს დაპროწიალებულ, მომყრალ მამულს თავად მიხედე. შინ არ ვარგიხარ და სად იზიდები? რას ესპანეთობ და რას ევროპელობ?
აკაკი ბაქრაძემ განამტკიცა ქართველთა შორის ილუზია, რომ რუსი ეგრე არ მეგობრობდა ქართველს, როგორც მასთან დასავლელი კაცი იმეგობრებდა. დრომ კი ის დასტურჰყო, რომ ქართველი მარტოა. დასავლელი კაცი არაა მისი მეგობარი და ახლა ქართველს რუსის მეგობრობაც სანატრი გაუხდა. მოიჭამა და სამუდამოდ განქარდა ეს პოლიტიკური ლეგენდა საქართველოს ევროპასთან ნათესაობაზე. დღეს თუ კიდევ ვინმე ამის მტკიცებას ძველებურად ცდილობს, ან იდიოტია, ან ცრუპენტელა. გაატიალა ქართლი ხიმანკალი კაცების ამ რიოშმა ზნეობრივმა რადიკალიზმმა. დაანებე თავი ამ -იაზე დაბოლოებული ესპანური გვარების მეგრულ გვარებთან შედარებას. -იაზე დაბოლოებული გვარები არის იაპონიაში, ინდოეთში, ირანში (საკაია, ლუნია, მაჰდავიზია და მისთანანი) და სხვაგან. ათასობით ქართველია ახლა ესპანეთში და ვის რა ნათესაობა გახსენებია? ქართველმა იქ და საერთოდ ევროპაში ვის რა სიქველით დაამახსოვრა თავი? ვინ იტყვის იქ ქართველებზე, რომ აი, ძველი ევროპელები მოსულან? ესეც სათქმელია, რომ აგერ, გვერდიგვერდ არიან ასობით საუკუნე სპარსელები და ინდოელები. ისე ახლო ნათესავები არიან, რომ მეტი აღარც შეიძლება, ორთავენი ძველი არიული ფესვია, ერთი ენაა სანსკრიტი და ძველი სპარსული, მაგრამ ძველი დროიდანვე ერთურთს სამუდამოდ დაშორდნენ. ესვე ითქმის სპარსელებსა და ავღანეთის არიულ ტომებზე, სპარსელებსა და ალანებზე, მაგრამ არა სპარსელებსა და თაჯიქებზე. ერთი ძირის მოდგმაა გერმანელები და ბრიტანელები, მაგრამ ბევრი მტრობა ყოფილა მათ შორის საუკუნეებში. სომხები ამბობენ, რომ ფრანგებს როგორღაც ენათესავებიან და სომხურის მსგავს ფრანგულ გვარებზე მიუთითებენ (ტრეველიანი და სხვა). ლიონელი სომხების დიასპორა ფეხმტკიცედაა. თავისი პატივდება მოუპოვებიათ და იცნობენ მათ საფრანგეთში. ქართველთა ძლიერი დიასპორა არც ევროპაშია, არც ამერიკაში. თუ ქართველმა იხეირა, ისევ რუსეთში, სხვაგან ვერსად.
ვთქვათ, ევლოთ ბაგრატიონთა მახვეწარებს ევროპაში XVII საუკუნეში, როგორც მათ რუსეთში უვლიათ. აქ რომ მოვიდოდა ევროპელი, ეგრევე კათოლიკურად მონათლვას მოითხოვდა და გეტყოდა: ევროპელი თუ ხარ და ევროპელები კათოლიკენი არიან. იეზუიტთა ორდენიდან მოვიდოდნენ ქართლში და სულ რუსეთის წინააღმდეგ ზაკვა და ლალვა იქნებოდა. ასე იყო პოლონეთში, დასავლეთ უკრაინაში. ან პროტესტანტი მისიონერი მოვიდოდა და ქართველთა ტომების ნაწილი კათოლიკე იქნებოდა , ნაწილი კი პროტესტანტი. არ იზრუნებდა ევროპელი იმაზე, რომ საქართველოს ტომები ნაციად გარდაექმნა. ვთქვათ, ევროპელები აქ მოსულიყვნენ XIX საუკუნეში და გადანათლვას ეგრე აღარ მოითხოვდნენ, რადგან რევოლუციური ეპოქა იყო დაწყებული, მაგრამ კოლონიალისტური რეჟიმი დამყარდებოდა. იმ ევროპელმა ჩინეთისა და ინდოეთის კულტურები არ ითნო. შევიდა და ტყავი გააძრო ჩინელსაც და ინდოელსაც. ევროპელი იმ ქვეყნებში იყო მძარცველი და მჟლეტელი. სულ არა წაგიკითხავს რა კოლონიალიზმის ისტორიიდან? თუ გგონია რომ შენი სვეტიცხოველი და ძველი ხელნაწერები მას გულს აუჩუყებდა და შეგეამხანაგებოდა, ბრიყვი ხარ. ევროპელი კოლონიალისტები არ მოშლიდნენ ბაგრატიონთა მეფობას, მაგრამ სამეფო კარს ყმად დაიყენებდნენ. ისინი დატოვებდნენ იმერეთის ტახტს, კახეთის ტახტს და ქართლის ტახტს. ბრიტანელები უფრორე გაამიზეზებდნენ სამი ტახტის ერთურთისგან განკერძოებას. ამის შემდეგ ქართველს ცალკე თავისი ტომების მოკრება და ნაციად ჩამოყალიბება ექნებოდა სადარდებელი, ცალკე კომპრადორული არისტოკრატიისა და მეფის ტახტის დამხობა საქართველოს მხარეებში, ცალკე კიდევ ეროვნული ანტიკოლონიალისტური მოძრაობის ორგანიზება. ამისი თავი ვინმეს ჰქონდა ქართველთა შორის? რუსებმა ფეოდალიზმის დროში ჩამყაყებულ საქართველოს ისტორიული ნახტომი აქნევინეს. ჯერ ერთი, მათ ძალით გააერთიანეს საქართველოს ტომები, მეორეც ის, რომ მეფის ტახტის გაუქმებით, ქართველს თავიდან ააცილეს ანტიმონარქიზმისა და მეფესთან ხანგრძლივი ბრძოლის აუცილებლობა, რაც იყო ყველა ევროპულ და ევროპეისტულ ქვეყანაში. ეგრე არაა, რომ შენ ევროპეიზმი გინდა და ანტიმონარქიზმი და ათეიზმი კი არ გინდა. ევროპეიზმის ფუძე იყო ორი საუკუნის წინ ათეიზმი და მონარქომაქია. ევროპელები აქ რომ ყოფილიყვნენ, მერე ილია და აკაკი ბაგრატიონთა მოსაყივნელ წიგნებს დასწერდნენ და ტახტის დამხობას ამოიჭრიდნენ გულში ყველა მათი მოდასენი. უამრავი ანტიკლერიკალური წიგნი დაიწერებოდა. ამის გარდა, გაჩნდებოდა რუსული ორიენტაციის ქართველთა დასი, რომელიც საქართველოდან ევროპელთა ფეხის ამოკვეთას დაისახავდა მიზნად. იქნებოდა წვრილი ომები და მუდმივი კონფრონტაცია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. თუ ჟორდანიას დროს ქართლში არ შემოვიდოდა ბოლშევიკი რუსი, ის უთუოდ შემოვიდოდა ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ. ჟორდანიას პოლიტიკას მიუძღვის ბრალი იმაში, რომ აქ წითელი არმია შემოვიდა. ნუ აბოგინებ აქ რუსეთის მომტერე ევროპელ კოლონიალისტთა ჯარებს. ხომ თავზე დაგეცა ეს დამოუკიდებლობა? გაჩერდი და შეიფერე, ნუღა მტრობ რუსეთს, ნუ ბუქნავ სხვის დაკრულზე. ზემოთ ნახსენები ბრიტანელი დიპლომატი და მოგზაური ოლივერ უორდროპი ბოლშევიკთაგან წოდებულ იქნა ინგლისის რეზიდენტად ჟორდანიას მთავრობაში, რასაც მიზეზი ჰქონდა. უორდროპი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებასაც მოესწრო. ბრიტანეთი ლამობდა საქართველოს თავის კოლონიად და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პლაცდარმად ქცევას. ამას რუსი არ მოითმენდა. ჟორდანია რომ არ აჰყოლოდა ბრიტანელების წაქეზებას რუსეთის წინააღმდეგ, არ იქნებოდა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაცია და გაქცევა საქართველოს მთავრობისა. საკაცობრიო დიად იდეალებზე მოლაპარაკე და მაყვირალი გაზეთების გამომცემელი მთავრობა ჯაბანი გამოდგა. არ ვარგოდა პოლიტიკოსად ეს ნოე ჟორდანია. ჟორდანიას მთავრობა იქცა მარიონეტად ბრიტანელების ხელში. ვინ შემოდიოდა ქართლში, ვინ გადიოდა, აღარ გაიგებოდა. იმ ჟამს მაგრად აიმღვრა წყალი. ამდენი ქურდი და მამაძაღლი მეტის მოპარვას ლამობდა. აი ეს იყო ჟორდანიას დრო. გაქანებული ქურდობა იყო. აიღოს მკითხველმა 1918- 20 წლების პრესა მაინც, რათა დაინახოს რა იყო მაშინ. ყველა დაწესებულება მუქთამჭამლებით და არამზადებით გაივსო. მათ დაჭერას ვეღარ აუდიოდა მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო. რისი ნანატრი დამოუკიდებლობა? ეგრე სად იყო, ლიბერალ ისტორიკოსთა დასი რომ ერეკება? ყოველივე ეს არა აქვს გააზრებული არც ბაქრაძეს, არც მის ეპიგონთა ლაშქარს. ტყუილია ეს დაუსრულებელი კრუსუნი რუსთა მიერ ბაგრატიონთა ტახტის მოშლაზე და ქადილი მის აღდგენაზე. ამას იზამდა ცუდი ისტორიკოსი, შევარდნაძის მოდასე გურული, ფეთიანი ლევან სანიკიძე. ისტორიკოსი მამა-შვილი, ლევან და გუბაზ სანიკიძეები იყვნენ შევარდნაძეები ქართულ ისტორიოგრაფიაში. არა, ტახტი გენატრება, მეფე გინდა? წლობით ამაზე უბნობ? ჰოდა, აღადგინე ეს ტახტი, თუ ამისი თავი გაქვს. ახლა ხომ თავისუფალი ხარ და არვინ გიშლის ხელს. რა არის ამდენი წელი ლაპარაკი საქართველოს უგვირგვინო მეფეზე, ერეკლე II-ს ძეთაგანზე ალექსანდრე ბატონიშვილზე ? თავისი ძმებიც არ ედგნენ მას გვერდით. ეს ერთი იბრძოდა თავგამეტებით რუსთა წინააღმდეგ მთელი თავისი ცხოვრება. ერეკლეს ერთი დუჟინი ვაჟებიდან ერთი ალექსანდრე იყო რუსეთის თავგანწირული მტერი, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციისათვის მისი სახელის გამოყენება ახლანდელ მედასავლეთეთა მიერ, მასზე დაშაქრული წიგნების წერა არაა სწორი. რუსების ჯიბრით ლაყბობენ ამდენს მეფის მოყვანაზე ქართველები. ისევ იმ ესპანეთის ბაგრატიონებისკენ იშვერენ თითს. თავადაც არ იციან, რა უნდათ, რა ალაპარაკებთ. სულ ასე როგორ არის? არა, არაა ქართველი ეს ესპანელი ბაგრატიონი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად უბნობს. არაა ამ ბედშავი ქვეყნის ჭირისუფალი ეს ხორხე ბაგრატიონი და მოეშვი მის ხსენებას. აქეთ გამომხედავი არაა ის და მისი ჯალაბობა. ტურისტადაც არ ჩამოდის ქართლში. სხვა რაღა გინდა?
ევროპა იყო და არის დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა და არა მთელი ევროპა. შუა და აღმოსავლეთ ევროპა იყო და არის ევროპის უკანა ეზო.
შემდეგ ბაქრაძე ამ თავის წინასიტყვაობაში წერს: „საქართველო ევროპისაკენ გაპარვას ცდილობდა. ბიზანტია უკეტავდა კარს“ (გვ. 13). აქვე ისიცაა მის მიერ თქმული, რომ გიორგი მთაწმიდელი კათოლიციზმის უკეთესობასაც აღიარებდა იმპერატორ კონსტანტინე X დუკასთან საუბარში.
თუ ეს სადღაც წერია ძველ ხელნაწერებში, ის მაინც არ გამოდგება იმ მიზნისათვის, რასაც ბაქრაძე ისახავს. გიორგი მთაწმიდელი თუ კათოლიციზმის უკეთესობას აღიარებდა თვით ბიზანტიის ბასილევსთან, კონსტანტინე X დუკასთან (1059-67) საუბარში, მაშინ ტყუილია ყოველივე ის, რაც გიორგი მთაწმიდელზე (1009-1065), როგორც რჯულის ბურჯზე თქმულა. ეს ცნობა ან ნარიოშალია, ან რომელიმე ბერმა ბრიყვულად დაწერა. კაცი რომ საეკლესიო მოღვაწე და ბერია, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველივე მისგან ან მასზე თქმული საჭეშმარიტოა და მოსაწოდებლად ღირს. ბაქრაძის ნათქვამით ასე გამოვიდა, რომ ბიზანტიაში სახელშეძენილ ქართველ მამებს - იოანე და გიორგი მთაწმიდელებს გაპარვა სურდათ. ისინი აფერისტებად გამოვიდნენ ბაქრაძის ნახლართ წინასიტყვაობაში. შეუძლებელია იოანესა და გიორგის არ სცოდნოდათ ქრისტიანული იმპერიალიზმის ნომოსი და ბიზანტიური ოიკუმენის იერარქია, რომელიც თვით ქრისტეს ავტორიტეტითაა განმტკიცებული. საქართველო შედიოდა ამ ოიკუმენაში, როგორც ერთ-ერთი ქვეშევრდომი კონსტანტინოპოლისა. ასე იყო უწინ. სუვერენიტეტის პრინციპი არ არსებობდა იმ სახით, როგორც ეს XIX-XX საუკუნეებში იყო. მხოლოდ ბიზანტიაში კი არა, არამედ კათოლიკურ ევროპაშიც ასე იყო. ამის წინააღმდეგ გამოსვლამ შექმნა პროტესტანტული ერესი და ახალი, სეკულარიზმთან შეთანხმებული საიმპერიო იდეა. არა აქვს ეს გააზრებული ბაქრაძეს და მისი აფრაკული ლაპარაკით ისე გამოდის, რომ იოანე და გიორგი მთაწმიდელების დროსაც იგივე პოლიტიკური პრინციპები იყო, რაც ახლაა. თუ იოანე და გიორგი მთაწმიდელები არ ეთანხმებოდნენ ბიზანტიური ოიკუმენის პრინციპს, მაშინ ერესი დაეწყოთ, როგორც ლუთერმა დაიწყო ევროპაში. გარდა ამისა, არც იოანე მთაწმიდელის, არც გიორგი მთამიწდელის დროს ბიზანტია არ განიცდიდა დაქვეითებას. იყო კრიზისი, მაგრამ სადაც რაღაც არის დადგენილი, სადაც რაღაც არის იერარქიზებული და შკალირებული, კრიზისი იქ ყოველთვისაა. პროტესტანტობა ლუთერის დროსვე განიცდიდა კრიზისს. კრიზისი ყოველთვის არ ნიშნავს დაცემას. ამ სიტყვას მეტად უადგილოდ, დაცემისა და უსაშველობის აზრით მოიხმარს ბევრეული. არ იციან ამ ბერძნული სიტყვის სრული სემანტიკა. არ იციან და არც აქვს აზრი, რომ განუმარტო, რადგან სხვისი ქოქვისა და დაცინვის შლეგური ჟინი აწამებთ მუდამ.
იმ ძველ ქართველებს რომ მართლა ნდომოდათ ესპანეთის იბერიაში წასვლა, რამდენჯერმე ჩავიდოდნენ. წამსვლელი წავიდოდა. არა, იდეა როცა გმსჭვალავს, მაშინ რკინის ქალამანს ამოიცვამ და გაითხრები იმ შენ საესავ ესპანეთში. ან გემს გაჰყვები, ან ქარავანს მიეკედლები და ასე ივლი ზღვით ან ხმელეთით. ეგრეღა შორს იყო ეს ესპანეთი? ევროპაში მოსახვედრი გზები მხოლოდ ბიზანტიაზე არ გადიოდა. ეს კი არა და ქართველი არ ვარგოდა მოგზაურად. დიდი საისტორიო მოვლენები მოხდა იმპერიების შექმნით და ქართველს ყური არ გაუბარტყუნებია. ერთი აღწერილობა არაა არც არაბეთის, არც მონღოლთა იმპერიის, არც თემურ-ლენგის იმპერიისა ქართულ ენაზედ. ამხელა იმპერიები იყო საქართველოს გვერდით და ქართველმა ვერსად გადგა ფეხი სახილველად. სანამ იტალიელი მოგზაური მარკო პოლო (1254-1324) აზიას მოიხილავდა და აღწერდა თავის წიგნში, მანამ ქართველს უნდა ევლო აზიაში და ცოდნა ეძებნა. ჩადი, ნახე არაბეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აღწერილობა დატოვე. ყურის ძირში იყო მთელი აღმოსავლეთი. სანამ თავზე არ დაეცემოდა დიდ ომებში გაძლიერებული დამპყრობელი საქართველოს, მანამ არც უწყოდნენ ქართველებმა რა ხდებოდა აზიის უკიდეგანო ველებზე. მერე რაღაც ყურმოკრულს მატიანეში ჩასწერდნენ ბრიყვულად და სულ ეს იყო. მაგალითებრ, ასე დაიწერა რამდენიმე სიტყვა თემურ-ლენგზე „ქართლის ცხოვრებაში“. ეს იმიტომ, რომ არ ყოფილან ქართველი ვაჭრები უცხოეთში, როგორც სხვები იყვნენ, რომ ამბავი მოეტანათ. ძველად ქართლში მოსულან არაბი, სპარსელი, თურქი მოგზაურნი და აღწერილობაც დაუტოვებიათ. ქარავნები შემოდიოდა მაშრიყიდან. ქართველი არსად წასულა მოგზაურად. რატომ და ამას არცღა უნდა კითხვა. ბიზანტიელმა კეისარმა თუ დაუშალა იოანე მთაწმიდელს ესპანეთს წასვლა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზანტია ხელს უშლიდა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში. ბაქრაძეს კი სწორედ ეს უნდა ამტკიცოს ერთ და ისიც საეჭველ ცნობაზე დაყრდნობით. შესაძლოა, სადღაც რაღაც საუბარი იყო და ეს ჩაწერეს ქართველმა ბერებმა, მაგრამ ეს ჩანაწერი თაბაუთს დიდს ვერას შვრება საიმისოდ, რისი მტკიცებაც ბაქრაძეს მოუწადინებია.
საშინლად სუსტი ჩანს ამ წინასიტყვაობაში ბაქრაძე და არ ვარგა ის ისტორიკოსად, რაც ყოველ მის აბზაცში დასტურდება. იგი „ბიზანტინიზმის ერთგულებას“ უწოდებს „ძველ შინაგან სენს“, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა (გვ. 26). აქვე ბაქრაძე იტყვის, რომ ბიზანტიური სენის საშიშროებას ძველად გიორგი მთაწმიდელი და დავით აღმაშენებელი ხედავდნენ, უფრო გვიან- სულხან-საბა ორბელიანი და ახალგაზრდა ანტონ კათალიკოსი, მეცხრამეტე საუკუნეში ნიკო ნიკოლაძე. ან კიდევ ეს: „ევროპისაკენ მიმავალი გზა საქართველოს ისლამმა კი არ გადაუკეტა, არამედ ბიზანტიამ“ (გვ. 29). ვაი ნამსჯელს და ვაი მომსჯელეს.
არაა სწორი ლექსემის „ბიზანტინიზმის ერთგულება“ ნეგატივიზება, რასაც ბაქრაძე იზამს. არაა სწორი, რომ მას ძველი შინაგანი სენი უწოდო. ბაქრაძე წერს ბიზანტიის ჩამოქვეითებაზე. ბიზანტია კი არა, ქრისტიანობა კვდებოდა აღმოსავლეთში. ასევე დაემართა ქრისტიანობას ევროპაში რენესანსის შემდეგ. ამ რელიგიურმა კრიზისმა გამოიწვია პროტესტანტული ერესი და ერესის ერესები მთელ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. ბიზანტია თუ ქვეითდებოდა, რაც ბაქრაძეს უწერია, ამის მიზეზი რა იყო? ბაქრაძე არას ამბობს ამაზე. თუ ისლამური ქვეყნების ჩამორჩენის მიზეზად ისლამი სახელდება, რატომ არ ითქმის ეს ქრისტიანობაზე ბიზანტიაზე საუბრისას?
აკაკი ბაქრაძე არას იტყვის იმაზე, რომ ბიზანტია იყო მაშინდელი ქრისტიანული მსოფლიოს კულტურტრეგერი და ფლაგმანი. ევროპა მონათლულ ბარბაროსთა მხარე იყო. ისტორიიდანაა ცნობილი, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ჩანგალი ეშმაკისეულად იყო მიჩნეული, რადგან ბიზანტიიდან შემოტანილი ეს საციქველი ინახობისას ზოგმა ტუჩში შეირჭო, ზოგმა კიდევ ღრძილში. ტლანქი ხელი ჰქონდათ. ეგრევე ეშმაკს დააბრალეს ჩანგლის გამოგონება და საუკუნეები უჩანგლოდ იყვნენ. რამდენი ასეთი სირეგვნე იყო ევროპაში. კატების სახრჩობელები იყო. ეშმაკთან მებრძოლი ბერები კატებს დასდევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს ღვთივსათნო საქმეში მიეთვლებოდათ. შეშის ნაპობისგან გამოჩორკნილ თოჯინას ვისაც უპოვიდნენ, კოცონზე წვავდნენ, ვითარც მაჩხიბს. განავალს მიჰქონდა ევროპის ქალაქები, აბანო არ იყო ათეულობით საუკუნე. ექიმი ძლივს სადმე იპოვებოდა. მუსლიმთა ელჩიონი როცა სტუმრობდა რომელიმე ევროპული სასახლის კარს, მის ზინტლიანობას ჰკვირობდა. როგორ ეტყობა ბაქრაძეს, რომ არ წაუკითხავს თუნდაც ქართული ბიზანტინისტიკის ტექსტები. ბაქრაძემ დაინახა მოსახმარის სიჭრელე, პოლიტიკური იმპროვიზაცია ევროპისა, წოდებული დემოკრატიად და ამით მოხიბლულმა დაჯღაბნა ეს წინასიტყვაობა.
არის მონოგრაფიები ბიზანტიაზეც, ევროპის რელიგიურ ომებზეც, პროტესტანტობიდან აღმოცენებულ სეკულარულ ქილიაზმზეც. ბაქრაძემ თუ ვერ დაძლია ეს წიგნები, მისი ეპიგონებიც ასევე რად არიან? აიღეთ, პანორამული მზერით შეიმეცნეთ მატიანე ქრისტიანობისა და შემდეგ საგულისხმო აზრი გამოთქვით ქართლის ხანგრძლივ ორიენტაციაზე. აღარ დამთავრდება კუთხე-კუნჭულისა და ორღობის კაცების წამოყვირებები საქართველოს გმირულ ისტორიაზე? რა იყო საქართველო? რა ისტორია ჰქონდა ასეთი, რომ ამდენს ილაყბით? არ გაქვთ დიდ სივრცეში გამჭვრეტი და ჰორიზონტის დამდგენი მზერა. აი ამ სოდომოვან თბილისსა და მის გორაკებს შესქერთ და სულ ესაა. განა დასწერს ვიეთი ისტორიკოსი ბაქრაძის მცირე კრიტიკას მაინც. ბაქრაძის ჟურნალისტური მისტიფიკაცია უკვე დაწყებულია და რა ტყუილები დაიწერება, თქმა აღარ უნდა.
ახლა რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მესიანიზმზე, რომლის გაგებაში ბაქრაძემ თავის ამ წინასიტყვაობაში კვლავ დაადასტურა თავისი უმეცრება. მესიანიზმი ისაა, რომ არსებობს მთელი კორპუსი ტექსტებისა, სადაც საბუთდება, რომ ესა და ეს ქვეყანა არის ღვთის ჭურჭელი. ასე იყო ბიზანტიაში, ასე იყო ევროპის კათოლიკურ იმპერიაში, ბრიტანეთის იმპერიაში, რუსეთის იმპერიაში. ასე არის აშშ-ს იმპერიაში. ეს არის მესიანიზმის ვლენის უნივერსული წესი. საქართველოში ასე არ ყოფილა. იყო ერთადერთი ტექსტი იოანე-ზოსიმესი. მას ეპიგონებიც არ ჰყოლია. არავინ ქართველ ბერთაგან არ აღიპყრო ეს იდეა და არაფერი არ დაწერა ამაზე. იოანე-ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი...“ ეულ ძეგლად დარჩა. სტანდარტული ეგზეგეზაც (საეკლესიო განმარტება) არავინ დაწერა იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ გამო. ქვეყნის საეკლესიო შაბლონებია დაწერილი ძველქართულად, ქართული მესიანიზმის ორიგინალური გააზრება კი ვერვინ შეძლო თვინიერ იოანე-ზოსიმესი. ვერ შეეჭიდნენ ქართველი საეკლესიო მწერლები ამ თემას. ყოვლნი სახელმოპოვებული ქართველი ბერნი მიწყივ ენასა შინა ბუღრობდენ, გარნა ქართული ენის სიდიადე მაინც ვერ იგზნეს. ფრიად მრავალი დაწერეს, გარნა კლებულია ეს ყოველივე, თვითნაბადობა არ უვის. წიგნნი ქართული მესიანისტური სულის აღმაზევებელნი და მამზევებელნი დიდად გვაკლან. ეს დღემდე ასეა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქრისტეს დედის კვართი აქ მსვენარებს და რად ვერ შეიქმნა მესიანისტური სწავლება ამის გამო? სულ ვეძებდი ამის პასუხს XV- XVIII საუკუნეების ქართველ მამათა ნაწერებში და ვერსად ვერრას მივაგენი. ბევრი რამ თარგმნეს ექვთიმე მთაწმიდელმა (ათონელმა) (955-1028) და გიორგი მთაწმიდელმა, მაგრამ მათთან არსადაა ქართული მესიანიზმის ხსენებაც კი. მათ უხამდათ ამაზე განწიგნება. ისინი რომ საქართველოს იმპერიის მესიანისტურ ტვირთზე მოფიქრალნი არ იყვნენ. ფრიად მწარე და დასაძმარები მოსასმენია ეს, მაგრამ ამ ფაქტს ვერ აარიდებ თავს. სადღაც კი უწოდა გიორგი მთაწმიდელმა ქართველებს საღმრთო ერი, მაგრამ ეს ოდენ შაბლონური თქმა იყო. დენიზა სუმბაძემ ახლახანს დაწერა წიგნი: „გიორგი მთაწმიდელის წინასწარმეტყველება ქართველი ერის შესახებ“, 2012. აქ ნაცადია იმ მესიანისტური იდეის განცხოვლება, რაიც ზვიად გამსახურდიასგან მოდიოდა. ესეც საკითხავია: ვინ უნდა იყოს ბურჟუინულ საქართველოში მესიანისტი? ინტელიგენცია მოისპო და ამას ვერ დაფარავს ყოველ კვარტალში გამომავალი ათეულობით წიგნი. ვის შეუძლია იყოს მესიანისტი საჭმოსა და სასეიროზე გასყიდულ ქვეყანაში ?
არც ექვთიმე და არც გიორგი მთაწმიდელები არ ყოფილან ორიგინალური ავტორები და მით უმეტეს ფილოსოფოსები. ისინი უფრო მთარგმნელნი და სხვათა ნაწერების გადმომღებნი იყვნენ, ვიდრე თვითმყოფადი ავტორები. დავითისას მცხოვრებმა არც იოანე პეტრიწმა, არც არსენ იყალთოელმა არ გამოთქვეს აზრი დავით აღმაშენებლის იმპერიის მესიანისტურ დანიშნულებაზე, რაც დიდად საკვირველია. მათ თვალწინ აღშენდა ქართლი და მორჭმულებით განივსო დავითის მახვილით. მეტად საჭირო იდეური დაფუძნება კი დავითის იმპერიისა არავის გამოუთქვამს. დავითისგან შემორჩა „გალობანი სინანულისანი“, მაგრამ ქართველთა მესიანიზმზე აქ არა თქმულა რა. არც რას მისი ვაჟი ამბობს ამაზე, დიდად კი უხამდა. მომდევნო დროის ბაგრატიონებმა ისე დაივიწყეს დავითი, რომ ვითომ არც ყოფილა. თუნდაც ერთ ბაგრატიონ მწერალს არ ჰყავს ნახსენებიც კი დავით აღმაშენებელი. რაღაც ლექსებს წერდნენ და ეგ იყო სულ. ასევე იყვნენ მწერი ქართველი თავადებიც, რომელნიც ოდენ სამიჯნურო ლექსებს თხზავდნენ. არვის გახსენებია დიდი წინაპარი დავითი და ნაქნარნი მისნი. თამარ მეფე თავისი თავის სამების მეოთხე წევრად შერაცხვას ითნევდა და ერთი არა დააწერინა რა მან დიდ პაპაზე აზმანი და ისტორიანი.
ნებისმიერი მესიანიზმი ყოველთვის გულისხმობს იმპერიალიზმს. თუ ქართველი ძველად მესიანისტი იყო, შესაბამისად, ის იმპერიალისტიც იყო. ბაქრაძეს ეს არ უნდა რომ იცოდეს. სადაც მესიანიზმზეა საუბარი, მაშასადამე, იმპერიაზეა საუბარი. მესიანიზმი არის რელიგიური სუვერენობა, არის უმაღლესი სახელმწიფოებრიობის იდეა. მესიანიზმი არ ნიშნავს ორიენტაციას სხვაზე. შენდათავად ხარ ორიენტირი სხვებისთვის. ბაქრაძეს რომ ეს სცოდნოდა, თამარ მეფის თურქულ სასულთნოებზე ბრიყვულ ორიენტაციას ქართველთა მესიანიზმს არ უწოდებდა. და კიდევ ერთი: შუა საუკუნეების საქართველოში რომ ევროპელ რეზიდენტებს მოედგათ ფეხი, ისინი არ ითნევდნენ ქართველთა მესიანიზმს და ამოძირკვავდნენ მას. აგერ, გამსახურდიას მესიანისტურ იდეას, რომელიც იოანე-ზოსიმედან ამოდიოდა, რა უყო დასავლეთმა. ამას ბაქრაძე მოესწრო და კრინტი არსად დაუძრავს მის გამო. ბაქრაძეს რომ მესიანიზმისა რაიმე სცოდნოდა, ის შეჩქვიფდებოდა, ელდა ეცემოდა და თავის ამ წინასიტყვაობას გადახედავდა, ახლებურად დასწერდა. ორიენტაციის მეტად საჭირო საკითხს იგი ახლებურად გაიაზრებდა. მან ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ არა ეყურებოდა რა არც მესიანიზმისა და არც დასავლეთის კოსმოპოლიტიზმისა. მან არ დაინახა ის წინააღმდეგობა, რაც მის ამ ნაწერსა და სინამდვილეს შორის იყო. თუ საქართველო ვერ მივიდა დასავლეთთან, დასავლეთი მოვიდა საქართველოსთან. მოვიდა და დედაც აუტირა. ტიპური ქართველი იყო ბაქრაძე თავისი განსჯით. ის იყო დიდი სივრცის მოშიში, ჰორიზონტის მორიდალი, ბაღ-ბოსტნის სიდიდის ისტორიკოსი. რა დონის ბრიყვი უნდა იყო, რომ დაწერო აი ასეთი წინასიტყვაობა და არ გაასწორო მაშინაც კი, როცა ცხოვრებამ გააცამტვერა შენი ნათქვამი და წლობით ამ გაცამტვერებას გაცქერინა. ბაქრაძე შევარდნაძის მოდასე იყო და ამ წინასიტყვაობის რევიზია ამიტომაც არ მოახდინა. ეს შევარდნაძეს ხვდებოდა პოლიტიკურ დარტყმად. ბაქრაძე კი ასეთი დამრტყმელი არ იყო.
აი რას სწერს ბაქრაძე თავის წინასიტყვაობაში: „მესიანისტური იდეა საქართველოს ბიზანტინიზმისაგან თავდასაღწევად სჭირდებოდა“. მისი თქმით, თავისდაღწევა რომ თავის დროზე მომხდარიყო, არც მონღოლთა და არც მისი მომდევნო შემოსევები იქნებოდა ესოდენ მძიმე შედეგიანი საქართველოსთვის (გვ. 29). რა თავისდაღწევაზეა აქ ლაპარაკი ? რას ნიშნავს ბიზანტინიზმისგან თავისდაღწევა რომ თავის დროზე მომხდარიყო ? რა, მონღოლები რომ აქ მოსულიყვნენ და ბიზანტიზმის მაგივრად დახვედროდათ კათოლიციზმი, ვინმე ჯვაროსანთა ჯარს გამოაგზავნიდა ქართველთა საშველად? აი ესაა მიდებ-მოდება ისტორიოგრაფიაში. მონღოლებს მთელი მილეთის დაპყრობა ჰქონდათ გულში ამოჭრილი. მათ რა იმით, საქართველო ბიზანტინიზმისაგან თავდაღწეული დახვდებოდათ თუ არა? რა, აღარ იქნებოდა ომი და საქართველოს დახარკვა? მერე კიდევ: რა მესიანისტური იდეა ჰქონდა საქართველოს, ვითარც ბაქრაძე იმტკიცება ? თუ ბიზანტია სუსტდება, შენ გაპარვას კი ნუ ცდილობ, რომ სხვას შეეთბუნო, არამედ გვერდში დაუდექი დასუსტებულს, რადგან რჯული გავალებს ამას. ერთნი ხართ ქრისტეში და მისი იმპერიის მოქალაქეებად ითვლებით. ესაა ცივილიზაციური იდენტურობა. თუ გაპარვას ცდილობ და მაშინ ვირთხა ხარ. არ ხარ ქრისტიანი. მაშინ წაიღე იესუს დედის კვართი და ევროპელებს მიეცი. აი ასე გამოდის ბაქრაძის ნამსჯელიდან. მერე კიდევ: რუსეთი რომ დასუსტდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, შენ კი ნუ დასცინი მას, არამედ წინ აღუდექი მის დასუსტებას, რადგან რუსული ოიკუმენა თუ მოიშალა, საქართველოს თათრის დროზე უარესი რამ მოელის. იმიერ და ამიერ კავკასიის არცერთი ხალხი ქართველთა მოკავშირე არ იქნება. ყველა დუშმანის თვალით დაუწყებს ცქერას ქართლს. თუ შენ მაინც ნგრევის ჟინი გაგიჟებს, მაშინ რჯული დააგდე და საჭმელის გამო სხვას მიეკედლე. შემდეგ ეს ლამაზი სიტყვებით შემოსე და იყავი ასე. ნუღა ლაპარაკობ ქართველთა კავკასიურ მისიაზე. ნუღა გიდგას ჩმახი, რომ ჭეშმარიტი რჯული მხოლოდ ქართველს უპყრია. ნურც შენ საეკლესიო ჟურნალებში იქადი კონსტანტინოპოლის დაბრუნებას და საამისო ჟამს ნუ ითვლი, რადგან არ ხარ ქრისტესი, არ გაქვს ქრისტიანული იმპერიალიზმის ყადარი თვალის საწიერი. გიორგი მთაწმიდელი და ბიზანტიაში მოღვაწე ყველა სახელშეძენილი ქართველი ბერი გესახელება და გინდა, კონსტანტინოპოლი კი არ გინდა? ასე ვერ იქნება. კონსტანტინოპოლი არის ყოველი ქრისტიანის სულიერი სამშობლო მაშინაც კი, როცა ეს ქალაქი არ არსებობს. ეს ადრეც ვთქვი. კონსტანტინოპოლის პატრიარქია ყოველი ქრისტიანის სულიერი მოძღვარი. ეგრე ვერ იქნება, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე ლაპარაკით დაფარონ რჯულის ეთნიზაცია, ფილეტიზაცია და საკუთარი იდეის გაყიდვა. ქრისტიანი იმპერიალისტს ნიშნავს, ოიკუმენის მოქალაქეს ნიშნავს.
თამარ მეფემ ორიენტაცია აიღო სამცხე-ჯავახეთის მეზობლად მდებარე თურქულ სასულთნოებზე. მან შემოიღო ათაბაგის სახელო. ეს თურქული სიტყვაა. ათაბაგი მეფის შემდეგ მეორე კაცად აქცია თამარმა. არა, ორიენტაციას რომ იღებ თურქულ სამეფოებზე ბიზანტიელთა ჯიბრით, წადი, ჯერ მოიმოწაფე, ქრისტეს შემოუყენე თურქთა ურდოები და ათაბაგობა მერე იყოს. ამაზე ბაქრაძე ხმას არ იღებს. სამცხისა და მესხეთის მომეზობლე თურქული სამეფოები ნიშნავს იმას, რომ იქით ისლამის მიწაა (დარ ალ-ისლამ), აქეთ დასაპყრობი მიწა. აქ საათაბაგოს შემოღება იყო უგუნურება. ასეთი სახელო უნდა დაწესებულიყო ქართლის მთიანეთში, შიდა ქართლში, მაგრამ არა აქ. დავით აღმაშენებელმა რომ ყივჩაყთა ურდო ჩამოასახლა, მონათლა და სახელმწიფო საქმე მათ ჩააბარა, ეს დიდად სარისკო საქმე იყო და არ ნიშნავს იმას, რომ დავით მეფე ამით ბიზანტინიზმისგან თავდაღწევას ლამობდა. არ ენდო მეფე დავითი ქართველთ და მათ ყივჩაყი დააყენა თავზე გზირად და მსტოვრად. ყივჩაყს დაუმოყვრდა დავითი და გარს სულ ცოლეურები ეხვია. ეხუმრება ვინმე სტეპის თურქული ტომების, ამ ყივჩაყ-პაჭანიკთა ამხელა ურდოს გადმოყვანას კავკასიის ქედის იქიდან და გაქართველებას, როცა დავით მეფეს სულ თურქულ სამეფოებთან ჰქონდა ლალვა? გიორგი V ბრწყინვალემაც (1318-1346) იგივე გაიმეორა მონღოლთა ბატონობის გადავარდნის შემდეგ. ურდო ყივჩაყებისა მანაც ჩამოასახლა ქართლში. რა მოსაზრებით აღასრულა ეს გიორგი V-ემ, არსად წერია „ქართლის ცხოვრებაში“. ბრწყინვალე ეწოდება ამ მეფეს, მაგრამ დიდი ვერაფერი გაუკეთებია თავისი ამ სახელის საფერი. მან არ ბრძანა, რომ ბერებს დაეწერათ ქართული მესიანიზმის ტექსტი. ბიზანტიის მტერი, ქრისტიანობის ამომგდები იყო ყველა თურქული სასულთნო და თამარმა მათზე როგორ აიღო ორიენტაცია? საათაბაგოს შექმნა ქვეყნის განაპირას, ქართლისადმი მტრული სასულთნოების მოსაზღვრედ სირეგვნე იყო და არა ბიზანტინიზმისაგან თავდასაღწევი ქართული მესიანიზმი. ისტორიაში ისიც უცნობია, რის გამო იყო განხეთქილება თამარის რუსი ქმარყოფილის მომხრეებსა და თამარის დასს შორის. თამარის ასული რუსუდანი (1222-45) თურქული სასულთნოდან მოყვანილ უფლისწულზე გათხოვდა. ეს რა მესიანიზმია? აპოსტატა იყო რუსუდანიც და გიორგი ლაშაც (1207-22). ისინი კათოლიკეებს შეეკრნენ ბიზანტიის წინააღმდეგ. ბიზანტიური ოიკუმენის წინააღმდეგ გამოვიდნენ თამარის შვილები. რაც თავს დაეთია მარტოდ დარჩენილ საქართველოს, მატიანიდან ცნობილია. თამარია დამნაშავე იმაში, რომ მისგან ასე აღზევებული და გაძლიერებული ათაბაგები განუდგნენ ტახტს, მესხეთ-ჯავახეთი თურქმა წაიღო და მისი იყო, სანამ რუსმა არ დაუბრუნა საქართველოს. ეს მესხები თურქული წარმოშობის გაქართველებული ტომი იყო, რომელიც შემდეგ ისევ გათურქდა. თემურ -ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ ქართულ- თურქული წარმოშობის მესხები ერთიანად გამუსულმანდნენ და ქართლის მტრებად იქცნენ. რა მესიანიზმია ის, როცა თამარი სამების მეოთხე ჰიპოსტასად შეირაცხა და მისი ძე ქრისტეს სწორად ? ამის გამო რჯულთამებრ საუკუნო წყევლა ეგების. საქართველოს ყველა ეკლესიაში თამარის წყევლა უნდა წარმოითქმოდეს ყოველ წირვაზე. წყეულიმც იყოს უკუნისამდე ეს დედაკაცი და შვილნი მისნი. ბიზანტიას ასე თუ ედავებოდა ქართველთა სამეფო კარი, გამოდის რომ რეგვენნი ყოფილან ძუელი ქართუელნი. მე ვეძებდი და ვერსად ვიპოვე ცნობა იმაზე, იცოდნენ თუ არა ბიზანტიელებმა ქართველთა სამეფო კარის, ამ გაბუდაყებული დედაკაცის ეს არნახული გულზვაობა ქრისტიანობის ისტორიაში? იესუს დედის სწორი კი არა, არამედ სამების მეოთხე წევრი ხარ? შენი შლეგი ნაშიერი კი იესუს სწორად შეირაცხა? ან კათოლიკე მისიონერებმა თუ თქვეს რაღაც ამაზე? თამარმა და მისმა შვილებმა დაღუპეს დავით აღმაშენებლის ფუძეყრილი საქმე ქართველთა იმპერიისა. ლაშა-გიორგის როდესმე გახსენებია ეს მესიანიზმი თუ რუსუდანს? თამარის შვილებზე უარესი მეფეები მერე მოვიდნენ. ქართველი მეფეების ბრალით იყო თემურ -ლენგის რვა ლაშქრობა ქართლში და ამის შემდეგ კიდევ თურქული სასულთნოების დანასისხლად გადაკიდება 1400-იანი წლების დასაწყისში. დღემდე აჩნია ქართლს მაშინდელი წყლულები, დღემდე იმკის ქართლი თემურ-ლენგის გამაჩანაგებელი ლაშქრობების შედეგს. წელში გადატეხა თემურმა ქართველთა მოდგმა. მას კიდევ დიდსულოვნება ჰქონდა, თორემ გააქრობდა ქართლს. ომის ღმერთი და დიდად ყისმათიანი კაცი იყო თემურ-შაჰი. ევროპის მეფენი ძრწოდნენ მისი მორჭმულების წინაშე და ულიქნიდნენ, რომ ევროპაში არ შეჭრილიყო იგი. მისი დროის საქართველოში არც არავისგან არ ყოფილა შეცნობილი თემურ-შაჰის მორჭმულება და სპარაზენობა.
სად რა მესიანიზმი იყო? მკრეხელი დედაკაცი კიდევ წმინდანად შერაცხა ეკლესიამ და დღემდე მის ქებას ვერ რჩება. სათარსავს ახალი სათარსავი ემატება და სულ ასეა მერამდენე საუკუნე. ცალკე უბედურება კიდევ ქართულ ფოლკლორში ატეხილი მელექსეობაა თამარის გამო. საოცარი ისაა, რომ ხალხურ ზეპირსიტყვაობაში ერთი კარგი ლექსი არსადაა დავით აღმაშენებელზე. მარტო ამ თამარს გადაეკიდნენ, რადგან ქართველს დედაკაცი უნდოდა სალექსოდ, სადიაცო ამბავი ეთნებოდა. მერე კიდევ უკვირთ, სულ თარსი რომ არის ქართველთა კარზე დაჩოქილი. რამდენი ტყუილები ითქმის თამარ მეფის გამო ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან. თამარის ყოველი ხსენება უბედურების მომტანია და ეს ვერ შეუგნიათ ქართველთა თაობებს. სულ ერთი და იგივე მეორდება ქართლში. არც ისაა დღემდე დადგენილი, ბაგრატიონები ძირით სომხები იყვნენ თუ ებრაელები. მათი წარმოშობილობაც კი დღემდე საკამათოა ისტორიის მეცნიერებაში. განგებამ გასინჯა ქართლოსიანთა სახლი და ქართველთა მისხი ამ აღზევებით, ამ ტრაპიზონის იმპერიით და მერე გამჩენი აუტირა საუკუნეებში. ასეთი ზეობის ღირსი არ იყო ქართველი. აი ამას ღაღადებს მატიანე ქართლისა. ქართლის ყველა ჭირის სათაური სულ ქართველი იყო. ოსმალო და ყიზილბაში მერე იყვნენ.
ქართველთა მესიანიზმზე რაც დღეს იწერება, არის რიოშობა. აქ, გამსახურდიას ჯიბრით, 1992-99 წლებში დიდი გულმოდგინებით ტალახს შერიეს ქართველებმა იოანე-ზოსიმედან მომდინარე და გამსახურდიას მიერ ახმიანებული მესიანისტური ქართული იდეა. დღეს, როცა ისევ ისე მესიანისტობენ ლიბერალ-კაპიტალისტი ქართველები, ვითომც არაფერი, ეს ნიშნავს, რომ უსინდისობასა და იდიოტობასთან გვაქვს საქმე ერთდროულად. ასეთი რამ ითქმის: „ქართველი ერი ანტიქრისტიანულ გლობალისტურ სივრცეში მაინც ასრულებს თავის სულიერ მისიას“. მსგავსი წამოყვირებები სამი ძახილის ნიშნით ან მრავალწერტილით მთავრდება ხოლმე. არაა საქართველოში შექმნილი მესიანისტური სწავლება და ტყვილად ჩემულობენ ამას ქართველნი. ჯიბრიანი ლაპარაკი, რომ „ გიორგი I აღარ იცვამდა ბიზანტიის იმპერატორისაგან ნაბოძებ სამეფო წითელ წაღებს, რადგან ეს აღიქმებოდა მორჩილებისა და მეხარკეობის ნიშნად“. დააზუსტონ, რა მორჩილებასა და მეხარკეობაში მყოფი იყო მეფე გიორგი (1014-27)? ამას არ ამბობენ. უნდათ წარმოაჩინონ, რომ ბიზანტიას ურმებით გაჰქონდა ქართლიდან ხარკი და დაყათრული ბერძნები უნამუსოდ იარებოდნენ. რა ბიზანტიელი და რა ყიზილბაში, არა? ეს უნდათ თქვან, რომ ეგრე ჩაგრავდა ბიზანტიელი ქართველს, რომ საწყალი ჩაგრული თურქთანღა გარბოდა და თან მესიანისტობას ჩემულობდა. სულ ასეა. დიდი და მცირე ერთურთისაგან ვერ გაურჩევია ქართველს და ოღონდ სხვებზე ძვირი თქვას, ოღონდ სხვები გაქირდოს და ღვარძლი სთესოს თავის წიგნებში. ქართველმა მხოლოდ საქოლავი აუგოს ვინმეს და განა დაფიქრდება, ამას რა მოჰყვება. ისე წერენ, რომ ვითომ დიდ რაღაცას მიმხვდარან და ხვითო უპოვიათ. თაობები მოწამლა ამ ეთნონარცისიზმმა. ბევრ ქართველ ისტორიკოსს ესეც არ აქვს გააზრებული, რის გამო დასაჯა იმპერატორმა ბასილეოს II-ე ბულგაროქტონმა (ბულგართმმუსრველმა) (976-1025) ასე სასტიკად ბულგარელები. ბულგარელნი წლობით კრიჭაში ედგნენ კონსტანტინოპოლს და ბულგარელთა მეფეებს თავად სურდათ კონსტანტინოპოლის ტახტზე ასვლა. ეს არ დაანებეს ბიზანტიის ბასილევსებმა ბულგარეთის მეფეებს და ამ ზვაობის გამო ბულგარეთს მერეც სასტიკად მოხვდა განგების ხელი. ამას არ იტყვიან და რეზონერულ მაკვირიობას ვერ რჩებიან. ეს კარგად ეხერხება ქართველს. ბიზანტიაზე ბევრი აუგია დაწერილი ათეისტური, ანტიმონარქისტული და ანტიკლერიკალური იდეოლოგიის გავლენით. რუსმა საბჭოთა ბიზანტოლოგებმაც წილი დაიდეს ამაში. ადვილია ამ ლიტერატურიდან რაღაც ნეგატივის ამოკითხვა და მასზედ მთელი განზოგადების დამყარება, ბიზანტიის ქოლვა, მაგრამ ეს არაა ისტორიკოსობა. იმპერიის ვარდი უეკლოდ ვერ მოიკრიფება.
მესიანისტური იდეა ამერიკაში გაქცეულმა ბრიტანელმა პურიტანებმა დაუპირისპირეს ბრიტანეთის ტახტის მესიანიზმს XVII-XVIII საუკუნეებში. აი, აქ არის შესაძლებელი მსჯელობა ორ მესიანიზმზე. საქართველოსა და ბიზანტიის შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ასევე იყო თურქული მესიანიზმი არაბული მესიანიზმის წინააღმდეგ, ირანული შიიტური მესიანიზმი თურქული სუნიტური მესიანიზმის წინააღმდეგ. თურქებმა ხალიფატის დროშა არაბთაგან ომით აიღეს ხელში ოტომანთა იმპერიის ექსპანსიისას. რუსული მესიანიზმი ტევტონთა მესიანიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ იდგა XIII და XV საუკუნეებში. რუსეთთან ომში ტევტონთა მესიანიზმი გააცოცხლა ნაციზმმა. ადრეული ქრისტიანობის დროის მესიანიზმი უარყოფდა წარმართული რომის იმპერიულ იდეას თავისი იმპერიული იდეის სასარგებლოდ. როცა მესიანიზმზე ლაპარაკობ, მაშინ ამ ფაქტებიდან ერთი მაინც უნდა მოიხმო, რასაც ბაქრაძე არ აკეთებს.
აკაკი ბაქრაძემ, ვინც სულ ჩხრეკდა საქართველოს უბედურ წარსულს და მის ორიანტაციაზე ცუდად მსჯელობდა, არ იკითხა: ევროპასთან დაახლოებით საქართველო როგორ აიცილებდა ნეოკოლონიალისტურ მოპყრობას? ჟორდანიას დროს როგორ მოექცა ევროპა საქართველოს, ეს ბაქრაძეს ეცოდინებოდა. ამ კითხვების დაყენება გააცამტვერებდა ბაქრაძისეულ ევროპულ ორიენტაციას. ბაქრაძისგან შეიქმნა ერთობ დამტკბარი მოჩვენება და მას გაუჩნდა მრავალი ეპიგონი, რომელნიც საქართველოს ევროპულობაზე ლაპარაკით საშოვარზე გამოსულან. ბაქრაძისა და მისი ეპიგონების დავთარში რომ ბევრი სიმცდარე სწერია, ამას საფუძვლიანი გაბათილება სჭირია. ეს კი ნაკლებადაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. დიდად უჭირდა ბაქრაძეს ისტორიის მოვლენებში გარკვევა. იგი ფაქტების სიმრავლიდან იღებდა ორ-სამ ფაქტს და მათზე დაყრდნობით მცდარად განაზოგადებდა. ასე დაამკვიდრა მან აზრი, რომ ბიზანტიის დროსვე საქართველოში ევროპას ესწორებოდნენ. უნახავს ვინმეს , რომ შეყრილიყვნენ ქართლის მუდმივი ჭირით დაბრძენებული ქართველი მეისტორიენი და ფილოსოფოსნი, რათა ემსჯელათ ქვეყნის ორიენტაციაზე ისე, როგორც ეს ჰხამს? როდესმე ნახულა 90-იანი წლების ბოლოს, როცა ყველაფერი თავისი ნამდვილი სახით წარმოსდგა ქართლოსიანთა წინაშე, რომ აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე და სხვები, ვინც ქვეყნის ბელადებად მიიჩნეოდნენ 90-იანების დასაწყისში, შეყრილიყვნენ და განესაჯათ ამდენი უბედურება? დაიფანტნენ ეს ეროვნული ლიდერები და მათი დასები და გამჩენიც ვერ მოკრებს მათ ვერასოდეს. როდესმე ამ ბელადებს შენანებით უთქვამთ, რომ რა გვეგონა, რას ვამტკიცებდით და რა ცხოვრებამ გვანახა? როდესმე უთქვამთ, რომ არ ვვარგნილვართ ბელადებად და სად კი ვიქაჩებოდით? უმეცარნი ვიყავით და სხვებს კი ვანამუსებდით? რომელიმეს უთქვამს, რომ აგერ ჩვენ, ჩვენგანვე ნაქები დასავლეთისგან სამისხოდ მოღორებულნი და ჭიტლაყამოკრულნი? საბჭოთა სისტემის მოშლამ ქართველი დისიდენტების უღონობა და უმეცრობა გამოაჩინა. თურმე არაფერი სცოდნიათ, არც ფიქრობდნენ ახლის შექმნაზე. ამ მიტინგობითა და გაზეთობით თავის ჭიას ახარებდნენ მთელი ეს 90-იანი წლები.
ევროპა (კულტურის ავანგარდის გაგებით) მაშინ ბიზანტია იყო. რენესანსამდე და კიდევ კარგა ხანი მის შემდეგ ევროპა რა იყო? კონსტანტინოპოლის დაცემის (1453 წლის მაისი) შემდეგ, იტალიაში გადასულმა ასობით კულტურტრეგერმა ბიზანტიელმა შეამზადა რენესანსის დაწყება ევროპაში. რომ არა ისინი, რენესანსი კიდევ დიდხანს ვერ დაიწყებოდა და ევროპელი კაცი ვერ დაინახავდა ანტიკურობის დაბრუნების აუცილებლობას. ბაქრაძემ ეს არ იცოდა.
1453 წლის შემდეგ, არსად ძველ ქართულ მწერლობაში არაა გლოვა წმინდა ქალაქის, კონსტანტინოპოლის დაცემის გამო. ერთი არაფერია თქმული არც საეკლესიო და არც საერო მწერთაგან XV-XVIII საუკუნეებში, რაც დიდად გასაკვირია. განა მხოლოდ ესაა. არსად ძველ ქართულ მწერლობაში არ ისმის ვაება იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლი 1204 წელს ჯვაროსნებმა აიღეს და გაძარცვეს. ევროპის ქალაქები ნაძარცვით გაამშვენეს, რადგან თავად ვერ მხელოვნებლობდნენ. ჯერ კიდევ ბარბაროსები იყვნენ. წმინდა ქალაქი კარგახანს მათ ხელში იყო. ბიზანტიაში სახელმოპოვებული რომელიმე ქართველი მამა წერს ამაზე? 1261 წლის ივლისის დასარულს ბიზანტიელებმა განდევნეს ჯვაროსნები წმინდა ქალაქიდან და არც სიხარულის ხმა ისმის ძველ ქართველთა ნაწერებში ამის გამო. ვითომ არც ყოფილა.
ეთქვა ბარემ ბაქრაძეს, რომ არ გვინდა ეს ბიზანტიური მემკვიდრეობა, მართლმადიდებლობა და კათოლიციზმს ან კალვინიზმს შეუდგეს საქართველო. აი ეს შეფარული აზრი გამოსჭვივის ბაქრაძის ამ წინასიტყვაობიდან. რომც ეცვალა რჯული ქართველობას, განა ისევ ის ტაკიმასხარა და ამ ცხოვრების ბითური არ იქნებოდა? რჯულის შეცვლაზე აზრი გამოითქვა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მის გარემოცვაში, რათა უფრო დაახლოვებოდნენ დასავლეთს. გვიანდელი ბაქრაძე ხომ ხედავდა, რომ ევროპული ორიენტაცია ქვეყანას თავზე გადასდიოდა და რა სიკეთეს ეწია ამით ქართლი? ბაქრაძე მოესწრო იმას, თუ როგორ მოექცა დასავლეთი საქართველოს და დაამკვიდრა ნეოკოლონიალიზმი. მან ვერსად ვერ ამოიღო ამაზე ხმა. ჯერ ერთი, რომ ვერ გაბედა და მეორე ის, რომ მას არ ჰქონდა საამისო ცოდნა და არგუმენტაციას ვერ ქმნიდა. კომუნისტებთან მოდავე ბაქრაძე ბუმბერაზად ჩანდა და საბჭოეთის დაშლამ ის ლანდად და ბლუჩუყუნა ლიბერალად აქცია. პლურალიზმის დამკვიდრებამ ქვეყანას დაანახა, რომ ბაქრაძემ ვერ ივარგა მოაზროვნედ და მისი სახელი პარაზიტირებდა ბოლშევიკურ ცენზურაზე. ეს ცენზურა აჩენდა მას და სახელს სძენდა, რომ ილია ჭავჭავაძეზე რაღაც ადგილები ამოუჭრეს კომუნისტებმა, მას საჯარო ლექციის წაკითხვა დაუშალეს და მისთანანი. ცენზურის მოშლამ შეუვალად დაადასტურა ბაქრაძის უღონობა და ინტელექტუალური სიმწირე. ბაქრაძემ დაინახა ეროვნული მოძრაობის ეფემერულობა, სიკვდილი და მისი განახლების შეუძლებლობა. მან არ დაარისხა განგაშის ზარი, რადგან ამისი თავი არ ჰქონდა. მარქსიზმ-ლენინიზმის კრიტიკოსი ბაქრაძე დამთავრდა საბჭოთა სისტემის დამთავრებასთან ერთად. მან არ განასხვავა საბჭოთა იდეოლოგიის სიცრუე ქართველთა პოლიტიკური და ეთნონარცისული სიცრუისგან, რომელიც ყველა მაოხრებელზე უარესს შვრება ქართლში. მის ნაწერებში ეს არსად ჩანს. 1999 წელს წავიდა ამ ქვეყნიდან და მალევე დაიწყო მისი სახელის მისტიფიცირება. აიღებენ ახლა სადისერტაციო თემად აკაკი ბაქრაძეს. დაიწყება ნაღეჭის კვლავ ღეჭვა და ლაყაფი უნივერსიტეტსა და ლიტერატურის ინსტიტუტში. გაჩნდნენ მისი ეპიგონები, რომელნიც იმოწმებენ მის სახელს და ქმნიან უცდომელი სადმიმავლობის მოჩვენებითობას.
როსტომ ჩხეიძეზე ვილაპარაკებ. ის ეთანხმება ბაქრაძეს იმაში, რაც მან მცდარად თქვა საქართველოს ორიენტაციაზე თავის წინასიტყვაობაში „ქართული მწერლობის“ მეხუთე ტომისათვის. ეს ჩანს როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით გამოცემულ აკაკი ბაქრაძის თხზულებათა პირველი ტომის წინასიტყვაობაში (აკაკი ბაქრაძე. ტ. 1, „მერანი“, „ლომისი“, თბ. 2004).
2004 წლისათვის ჩხეიძეს ეს წინასიტყვაობა სხვაგვარად უნდა დაეწერა და არა ასე. 1990 წელს დაწერილი გეგონება ეს წინასიტყვაობა. ჩხეიძეც ასეთივე შაბლონური ვესტერნისტია (მედასავლეთე). ის რას ფიქრობს, რომ ყველას ბალახი უძოვია და მხოლოდ მას შეუძლია ასეთი მოჩვენებითი წერა? მას თავის წინასიტყვაობაში კრინტი არა აქვს დაძრული იმაზე, რაც მოხდა საქართველოში და როგორ გაააბუჩა ცხოვრებამ აკაკი ბაქრაძე. ვის რაში არგია ჩხეიძის მაამებლობა და მიმჩუმათებლობა? თქვი რაღაც ეროვნული მოძრაობის დასამარებაზე. ეს ხომ პირდაპირ ეხება ბაქრაძის ცხოვრებას? არა, ერისკაცობ და კაიკაცობ ამდენი წელი და თქვი მართალი სიტყვა აკაკი ბაქრაძეზე. ჩხეიძე ისევე გამოაჩინა ცუდ მოაზროვნედ მისმა ნახიმანკლარმა წინასიტყვაობამ აკაკი ბაქრაძეზე, ვითარც თავად ბაქრაძე გამოაჩინა მისმა წინასიტყვაობამ. ჩხეიძის წინასიტყვაობიდან არაფერია მოსახმობი. ის აქ თავს წარმოაჩენს ბაქრაძის მიმდევრად. თუ ეს ასეა, მაშინ მან უნდა გაარჩიოს ქართლის ორიენტაციის საკითხი. ჩხეიძე არც ახსენებს ამას. მაშასადამე, ის ეთანხმება ბაქრაძის სისულელეს, ან დღემდე არა აქვს გაგებული, რაზეა ლაპარაკი. ბაქრაძის ნაწერების გამომცემელ ჩხეიძეს ვკითხავ: არის რაიმე ისეთი აქედან, რომ თარგმნო და უცხოეთში გაიტანო? მედასავლეთე იყო არა ბაქრაძე? მაშ თარგმნე მისი რაღაც და აჩვენე დასავლელებს.
მეორე ეპიგონი ბაქრაძისა არის მერაბ ღაღანიძე, რომელსაც ევროპულ ორიენტაციაზე ბევრი უთქვამს. ღაღანიძემ როსტომ ჩხეიძის სალიტერატურო გაზეთში „ჩვენი მწერლობა“ (11-17 ივლისი, 2003 ), დაბეჭდა მცირე სტატია აკაკი ბაქრაძეზე „დავიწყებული იდეა“. ღაღანიძე ჩხეიძისგან პატივდებული ავტორი და მომხსენებელი იყო ჩხეიძის გამართულ „ომეგას“ ლიტერატურულ სალონში. ეს სტატია არის მთხლეობა და ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა დაიწეროს განაზრება ისტორიოგრაფიულ საკითხზე. ღაღანიძე სუსტია ისტორიაშიც და ლიტერატურაშიც. ადრე ვცდილობდი მისი კრიტიკა დამეწერა ჩხეიძის ამ გაზეთში და არა გამოვიდა რა მისი რედაქტორის მიზეზით. სათქმელი ის იყო, რომ ღაღანიძის განსჯა იყო ზერელე, მეტად კონფორმისტული და მაამებლური. ეგრე არ იყო, ვითარც იგი იმტკიცებოდა.
მერაბ ღაღანიძე დიდ მამულიშვილურ აზრად წარმოაჩენს ბაქრაძის ნათქვამს ბიზანტინიზმის დაძლევაზე. ღაღანიძე კათოლიკეა და ცდილობს ბაქრაძის ნათქვამი კათოლიციზმის ბიზანტინიზმზე უპირატესობად წარმოაჩინოს. ღაღანიძეს უწერია, რომ წმიდა ეფთვიმე მთაწმიდელი ცდილობდა ესპანეთში მოეძებნა ქართველთა ნათესავი. ბაქრაძეს კი იოანე მთაწმიდელი უწერია. ეფთვიმე მასთან არსად ხსენდება. ღაღანიძესთან ლაპარაკია „ეროვნულ ენერგიაზე“., რაც უგაცვეთილესი თქმაა და არას ნიშნავს. რიოშობაა ძველი დროის ქართველ მამათა ხსენებისას ასე თქმა- „წმიდა გიორგი მთაწმიდელი“. მსგავსი ლაპარაკი არ ნიშნავს მერჯულეობასა და ტრადიციულობას.
ღაღანიძე წერს: „ათი საუკუნის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად , ვერც ბიზანტიური წრის გარღვევა და ქრისტიანულ დასავლეთთან მისვლა გახდა შესაძლებელი“. კი მაგრამ, ბიზანტია არ იყო ქრისტიანული? რაა ეს დიქოტომია- ბიზანტია და ქრისტიანული დასავლეთი? რატომ უპირისპირებ? რა ათი საუკუნის განმავლობაში? რას ითვლი და რისთვის? ღაღანიძეს დიდად სჩვევია ასეთი ლაპარაკი. მის ნაწერებს ვიცნობ და ამიტომაც ვამბობ. აქვე ის წერს: „აკაკი ბაქრაძე ქართული ცნობიერებისა და კულტურის ბიზანტიური გავლენისაგან განთავისუფლების წარმატებულ მცდელობას აღმოსავლური კულტურისაკენ მიბრუნებაშიც ხედავს, დავითისა და თამარის სახელმწიფოს ორიენტაციაშიც-აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით, სპარსული ლიტერატურის გათავისებაშიც და რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც სრულიად თავისუფალია ბიზანტინიზმისაგან...“ . ეს საერთოდ გაუგებარია. რას ნიშნავს ქართული ცნობიერების ბიზანტინიზმისაგან განთავისუფლების წარმატებული მცდელობა? ქრისტიანული იმპერია იყო ბიზანტია და რაც ბასილევს კონსტანტინე დიდის (324-37) დროიდან თქმულა ეკლესიის მამათა მიერ ქრისტიანულ ოიკუმენაზე, ქრისტიანთა იმპერიაზე, ეს ხორციელდებოდა ცხოვრებაში. მერე კიდევ, რისთვისაა ქვეყნის მხარეთა ეს ჩამონათვალი? განა ღაღანიძის ეს ლაპარაკი რამეს ნათელჰყოფს ორიენტაციის საკითხისათვის? რატომ ითქმის, რომ ვეფხისტყაოსანი (არ უნდა ამას ბრჭყალებში ჩასმა, როგორც ღაღანიძე წერს, რადგან ეს სახელი განზოგადდა ქართულ ლიტერატურაში უკვე მრავალი საუკუნეა) ბიზანტინიზმისაგან სრულიად თავისუფალია? ბიზანტინიზმისაგან კი არა, ქრისტიანობისაგან თავისუფალია რუსთველის პოემა. აქაც ღაღანიძეს ბიზანტიზმი ქრისტიანობად არ მიაჩნია და ბიზანტიზმი მისთვის არის ისეთივე განსაქიქებელი ცნება, როგორც ბოლშევიზმი. აი ესაა ღაღანიძის ხვაშიადი. აი ეს სისულელე დაბეჭდა რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ თავის გაზეთში. ბარემ ესაც თქვით, რომ ლიბერალიზმისა და დემოკრატიის შორეული წინამორბედი იყო რუსთველი. ბარემ ლიბერალ-კაპიტალისტობა მიაჩემეთ ამ იოანეს, ეფთვიმეს და სხვა ძველ ბერებს. მაინც ხომ სულ აქეთ მიგყავთ მსჯელობა. თქვით, რომ ჯერ სად იყო კარლ პოპერი და მისი ღია საზოგადოების სწავლება, როცა ეფთვიმე ლიბერალიზმისა და თავისუფალი ბაზრის თეორიას აყალიბებდა და ადამიანის უფლებებისათვის იბრძოდა. რა, არ გითქვამთ ასეთები თუ ჭკუა დაგიშლით? ამ ეფთვიმეზე ლაპარაკი არის ლიბერალი ღაღანიძის ცუღლუტობა, როდესაც ის ცდილობს ძველი დროის მამანი გამოაბას ლიბერალ-კაპიტალიზმს. ეს დაძველებული ფანდია, როცა ლიბერალები ეკლესიის მამათა ხსენებით საბაზრო სისტემას უკავშირებენ ბიბლიას. ასე იქმს მერაბ ღაღანიძე და მას კვერს უკრავს როსტომ ჩხეიძე. შეამხანაგებულები იყვნენ ჩხეიძე და ღაღანიძე „ომეგას“ ლიტერატურული სალონის დროს. ერთი ერისკაცობდა, მეორე ლიბერალობდა. ორივენი კი ქვეყანას ატყუებდნენ. ღაღანიძე არაა ის კაცი, რადაც თავს აჩენს საჯარო გამოსვლებში.
მერე კიდევ: დავითის ორიენტაცია სხვა იყო და თამარისა სხვა. ღაღანიძეს არც ეს აქვს გააზრებული. ბაქრაძის კვალად მას რუსთველის პოემა ქართული მესიანიზმის საბუთად მიაჩნია. ესეც დიდად მცდარი აზრია. თუ ამას სწორად მივიჩნევთ, გამოდის, რომ ტყუილია თამარ მეფის მერჯულეობაზე ამდენი ლაპარაკი. მერჯულე მეფე არ ითნევდა ასეთ მესიანიზმს, როგორიც შოთას პოემაა. უკვე ამის განხილვისას იფშვნება ბაქრაძისა და მისი ეპიგონების არგუმენტები. რუსთველის პოემაში არაა არანაირი მესიანიზმი. ძალით გინდათ მიაჩემოთ რუსთველს მესიანისტობა? რუსეთის ჯიბრით არის დაწერილი ღაღანიძის ეს სტატია. აი ესაა თავი და თავი მისი ხლახნვისა და ფართხალისა. ამ სტატიის ბოლოს ღაღანიძე წერს: „უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელ საქართველოში არათუ დაძლეული და გადალახული არაა „ბიზანტინიზმის“ სენი, არამედ ის სახიფათოდ და ავისმომასწავებლად მომძლავრებულა...“. ვაი ღაღანიძის თქმულებს. რატომ არას ამბობს ღაღანიძე იმაზე, რომ დასავლეთის წაქეზებით ქართველი ლიბერალები 1991-98 წლებში მასხრად იგდებდნენ ქართულ მესიანიზმს? ყველაფერში წელმოწყვეტილმა ქართველმა ამაში დიდი გულმოდგინება გამოიჩინა. ღაღანიძე ისე წერს აქ, თითქოს სადმე შემორჩენილა ეს მესიანიზმი. ის არსადაა. ქართველთა მესიანიზმზე წერა დღეისობას არის ფანდი, რომ შექმნა ერთობის მოჩვენებითობა. მესიანიზმით ბილწობს და თავს იქცევს ქართველობა. ამის გამო მას მაგრად მოხვდება.
ჯერ თამარისა და მისი შვილების ბიზანტიასთან ჯიბრმა, თურქულ სასულთნოებზე გეზის აღებამ და დამოყვრებამ დედა აუტირა ქართლს. დღეს რუსეთთან ჯიბრმა მერამდენედ იგივე დამართა მას. დააპროწიალა ამ ცხოვრებამ ქართლი თავისი უჭკუო და ტუტუცი შვილების გამოისობით. რაო, რა ჭკუის ნამეტობა დაგჩნევიათ ამოდენა წიგნისა და ჟურნალ-გაზეთის გამომშვებო დათარსულო ქართლოსიანნო?
გაბედეთ აბა, თუ კაი დედის შვილნი ხართ და რაღაც თქვით ამერიკულ მესიანიზმზე და კიდევ იმაზე, რა უყო საქართველოს მასზე მინდობამ. თქვით იმაზე, თუ როგორ ამოძირკვა ამერიკანიზმმა ქართული მესიანიზმი. საამისოდ არას იტყვის ჩხეიძე თავის ჟურნალში. ის ვესტერნისტიც არის და ნაციონალისტიც მკითხველის მისატყუებლად. არაა სანდო ჩხეიძისგან განსიტყვებული. არაა ქართული სულისა მისი სალიტერატურო ჟურნალი. როსტომ ჩხეიძე რა არის, მე ნუვინ მასწავლის. იგი არის მწერლობაში შეკვეხებული სალიტერატურო შულერი, ღვარძლით სავსე კაცი და სიცრუის ჭური. იმისი ნამცეციც არაა როსტომ ჩხეიძე, რადაც თავს აჩენს. ვითომ ეროვნულ პოზიციაზე დგას და კაიქართველობს, ვითომ ავტორებსა და იდეებს ეძებს. სხვა დროს ცალკე დავწერ მასზე. მოვთხრი როსტომ ჩხეიძეს. გამოვიდეს და წერტილში მაინც შემედავოს. თუნდაც ღაღანიძე შემედავოს ერთ გოჯში მაინც. რაო, რა სამაია გიბიათ ბაქრაძევ, ჩხეიძევ და ღაღანიძევ? რაო თქვენა? აღარაფერი დარჩა ქართული მედასავლეთეობიდან და ამის თქმა ჯიუტად არ სურს ბაქრაძის კვალში მდგარ ათასობით ქართველს. ხომ ყველამ დაინახა როგორ მოექცა დასავლეთი საქართველოს განვლილ 20 წელიწადში და გასაკვირი ისაა, რომ ისევ იგივე მეორდება შიზოთიმიური აკვიატებულობით. არად გაგდებს ეს დასავლეთი და კიდევ იქ ეჩურთები. ვერ ხედავ, რომ ბოლოსკენ წავიდა დასავლეთი. ასევე ვერ ხედავდნენ ოქროს ურდოში ფეშქაშსა და სახელოს ბოძებაზე გაწუწკებული ქართველი დიდებულნი, რომ ურდო, მონღოლთა იმპერია დასასრულისაკენ წავიდა და მასთან მეომარი თემურ-ლენგის იმპერია აღზევდა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თემურ-შაჰი ქართლს დიდ მტრად ექცა.
ბოლოს ერთსღა ვიტყვი: აკაკი ბაქრაძის ქვრივს ქ-ნ ნელი რუსიშვილს 2002 წელს ტელეფონით ორჯერ ვკითხე ბაქრაძის ერთ წერილზე რომელიღაც გაზეთში, რაც ვერ ვიპოვე სამკითხველოს კატალოგში. ის ისე მელაპარაკა, თითქოს შინ მისვლას ვაპირებდი ბაქრაძის ნაწერის ასაწაპნად , რომელსაც ჩემ გვარს მივაწერდი და სადმე გამოვაქვეყნებდი. არაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი. აკაკი ბაქრაძის შვილთან, ლაშა ბაქრაძესთან, როგორც ქართველი ქართველთან, ვერასოდეს ვერაფერზე ისიტყვებ. რა არის იგი? ერთი უნდა შეუყივლო ამას: ვაი შენს პატრონს, რას გამოკერებულხარ ტელეეკრანს? რას თარგავ შვილოსან? 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ბელადის, აკაკი ბაქრაძის ძე სად დგას და რას ლაპარაკობს? ესეც სანიშნოა ქართველთა ეროვნული მოძრაობის სამუდამო დასასრულისათვის.
აგვისტო- ოქტომბერი 2012
2012 წლის 12 ოქტომბერი. ეს წერილი ამ ზაფხულის მიწურულს იმეილით გავუგზავნე ჟურნალ „ცისკარს“. აქამდე, თვეზე მეტი მალოდინეს და მრავალგზისი შეკითხვის შემდეგ, 8 ოქტომბერს უარი მითხრეს მის გამოქვეყნებაზე. მიზეზი არ უთქვამთ. ამ ლოდინისას ტექსტს კიდევ დაემატა ორი გვერდი.
ადრე, კალანდიას რედაქტორობის დროს მივუტანე შეიხის შევარდნის იგავი და უკან გადმომიგდეს. არც წაუკითხავთ. არც უარის მიზეზი უთქვამთ ანდრო ბუაჩიძესა და სხვებს. იმისთვის განახლდა ამ ჟურნალის გამოცემა, რომ აქ ისევ ისინი, შევარდნაძის დროინდელი ბითურები შეყრილიყვნენ? ბებერი ტაკიმასხარა ტარიელ ჭანტურია, უარესი ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვა მისთანა ნამარდები, ასევე მათ კვალში მდგარი მოპოეტო და მომწერლო ბიჭუკელები. იწერინებიან და ილექსინებიან. რა ჭკუის ხალხიც ამ 40-45 წლის წინათ იყვნენ, იგივენი ახლა არიან და მაინც სულ მათ აქვთ ავალა. ყველგან მათი ნაჯახირალი და ნაცოდვილარი იბეჭდება. ჟურნალის რედკოლეგიას უნდა მხოლოდ ჩაპოხილი და თავის გასაარიფები, მხიარულა მასალები. არაფერი ისეთი არ მომხდარა საქართველოში. მხოლოდ იცინონ და იქილიკონ. იკითხოს კაცმა ეს სიმდარე, რითაც სავსეა ჟურნალის ყოველი ნომერი და იყოს ასე. დაიჯეროს მან, რომ ეს ჟურნალი ქართულ სულსა და იდეას აფუძნებს. ორი მთავრობა გამოიცვალა და ამ ჟურნალში მაინც შევარდნაძის დრო დგას. ახლა ახალ მთავრობას შეეთბუნებიან და დაიწყება თავის მოჩვენება, გახიმანდრება და ლიქნობა, გადასხვაფერება და რიოში იდეურობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий