პორფირეს სავსებით არაორდინალური წიგნი უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს ქართულ მეცნიერულ ესსეისტიკაში, რადგან მას არამცთუ ჩვენში, არამედ დასავლურ აზროვნებაშიც ანალოგი არ მოეპოვება. ავტორი საკმაოდ ზუსტად მიგვანიშნებს "შესავალ სიტყვაში", თუ რას ისახავს მიზნად: "მიწისას მოიუბნებს ეს წიგნი და არა ცისას. მიწიერთა შვებად შთენილიყოს იგი". პორფირე მიმართავს განსჯისათვის უპირატესად ბიბლიურ მოტივებსა და თემატიკას. მისთვის არსებითია ის ენა, რომლითაც სათქმელი უნდა გადმოიცეს. მან აირჩია "უცნობელი ძველი ღმერთების ენა". ესაა არქაიზებული ქართული, ფაქტობრივად, თავისუფლად და თავისებურად რეანიმირებული ძველი ქართული, რითაც პორფირე იოანე ზოსიმეს პათოსს ეხმიანება. ავტორის მიერ შემოთავაზებული ენა მართლაც კარგად შეესაბამება იმას, რისი თქმაც მას სურს და როგორც სურს. დაწყებული წიგნის სათაურით დამთავრებული ცალკეულ თავთა სახელწოდებებით და მათში განსასჯელად შემოთავაზებული თემებით ავტორი მეტწილად ფილოსოფიასა და თეოლოგიაში რამდენადმე ჩახედულ მკითხველს სთავაზობს ვარიაციებს ბიბლიურ და ზოგადსაკაცობრიო თემებზე. წიგნის დამასრულებელი თავი "სატანაელის ენქირიდიონი" წარმოადგენს კაცობრიობის თანამედროვე ყოფითა თუ მენტალიტეტით შეშფოთებული პორფირეს გულწრფელ მოწოდებას მოყვასთადმი. მასში ერთგვარად შეფასებულია კაცობრიობის მიერ განვლილი მთელი გზა და იმ საფრთხის მასშტაბებიც, რომელიც "ადამის შთამოებისათვის" "ბოლო ჟამის დადგომა ბოლო სინჯვა იქნება". პორფირეს წიგნი, რომლის აქღმა და გააზრება არ არის იოლი საქმე, სერიოზულ ყურადღებასა და მსჯელობას იმსახურებს უპირველეს ყოვლისა ფილოსოფოსთა წრეში, რადგან ავტორი საქმის ღრმა ცოდნით განიხილავს მთელი კაცობრიობის უმთავრეს საფიქრალს.
რისმაგ გორდეზიანი
Комментариев нет:
Отправить комментарий